ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#4(124), 2010
რუსეთის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა

როგორც "ლენტა.რუ" იუწყება, რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 30 აპრილი-7 მაისის პერიოდში, რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 4 მლრდ აშშ დოლარით, 457.7 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
რეზერვების შემცირების მიზეზებს რუსეთის ცენტრალური ბანკი არ აკონკრეტებს. მანამდე, ერთი კვირით ადრე კი, რეზერვები 6 მლრდ აშშ დოლარით გაიზარა და 460 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მაშინ ზრდა ძირითადად ევროობლიგაციების განთავსების შემდეგად მიღებული სახსრებით იყო გამოწვეული.

რუსეთის რეზერვებმა მაქსიმალურ დონეს 2008 წლის აგვისტოში მიაღწია და 600 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ კი, რეზერვების დიდი ნაწილი ცენტრალურმა ბანკმა რუბლის მცურავ დევალვაციაზე მიმართა. 2009 წლის შუა პერიოდში კი, რეზერვებმა ზრდა კვლავ დაიწყო და აგვისტოში 400 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში კი, 440 მლრდ აშშ დოლარს.

რუსეთის რეზერვები აშშ დოლარისგან, ევროსგან, ფუნტისა და სხვა ვალუტებისგან შედგება. გარდა ამისა, რეზერვებშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური ნასესხობის უფლება, მონეტარული ოქრო და სხვა აქტივები.

იანუკოვიჩი „ნაფტოგაზისა“ და „გაზპრომის“ გაერთიანებას გამორიცხავს

იანუკოვიჩის თქმით, უკრაინის „ნაფტოგაზისა“ და „გაზპრომის“ გაერთიანებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდებოდა, თუ ეს გაერთიანება „50/50“ მოხდებოდა და უკრაინა „გაზპრომის“ ქონების ნახევრის კონტროლს მოიპოვებდა.

„ჩვენ გვესმის, რომ შეთანხმება 50/50 შეუძლებელია, რადგან „გაზპრომი“ ამას არასოდეს დათანხმდება. ეს ერთგვარი ხუმრობაა. სხვა დანარჩენ პირობებში „ნაფტოგაზისა“ და „გაზპრომის“ გაერთიანება უბრალოდ არარეალურია. თუ საუბარია გაზსადენის სისტემის მოდერნიზაციაზე, ეს რეალურია, თუმცა აქაც გათვლებია საჭირო. ჩვენ გვაქვს შეთავაზებები, რომლის თანახმად ეტაპობრივად მოხდება მოდერნიზაცია და ვთვლით, რომ აღნიშნული პროექტის მონაწილეები შეიძლება ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი და უკრაინა გახდნენ“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს სოჭში უკრაინულ-რუსელი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინულ მხარეს „ნაფტოგაზისა“ და „გაზპრომის“ გაერთიანება შესთავაზა.

Fannie Mae კვლავ დახმარებას ითხოვს

ამერიკულმა იპოთეკურმა სააგენტომ Fannie Mae-მ ამერიკის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით ფინანსური დახმარების მიზნით დამატებით 8,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე. მანამდე ამ იპოთეკურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ 2010 წლის პირველი კვარტალი 11,5 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ნაჩვენები შედეგი ამ მიმართულებით "ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებად" ითვლება. გასული წლის მეოთხე კვარტალში ამ ორგანიზაციამ 16,3 მილიარდ დოლარიანი ზარალით დაასრულა.

ამ კომპანიამ ამერიკის ხელისუფლებას ფინანსური დახმარების მისაღებად მიმდინარე წლის დაწყებიდან უკვე მეორედ მიმართა. თებერვალში Fannie Mae-მ 15,3 მილიარდი დოლარის დახმარება მოითხოვა. ამერიკის ადმინისტრაცია ამ თხოვნას თუ გაითვალისწინებს, სახელმწიფოს მიერ ამ სააგენტოსათვის გამოყოფილი თანხა 61,3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

მეორე იპოთეკურმა ორგანიზაციამ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი 8 მილიარდიანი ზარალით დაასრულა. გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდი Fannie Mae-მ უფრო მეტი, 10,4 მილიარდი იზარალა. სააგენტოს ხელმძღვანელობამ ამჟამად, ქვეყნის ხელისუფლებისაგან ფინანსური დახმარების სახით დამატებით 10,6 მილიარდი დოლარი მოითხოვა. Fannie Mae ქვეყნის სხვა უმსხვილეს იპოთეკურ სააგენტოსთან Freddie Mac-თან ერთად, ამერიკის საცხოვრებელი ფართის მთლიანი ბაზრის 40%-ს აკონტროლებს.

ორივე სააგენტო ფაქტობრივად ამერიკის მთავრობის მმართველობაში 2008 წლის სექტემბერში გადავიდა. ამ მომენტამდე ორივე იპოთეკური სააგენტო იმ კომპანიებად ითვლებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს (GSE). ამერიკის მთავრობამ მათი ნაციონალიზაცია იმიტომ გადაწყვიტა, რომ ამ ორგანიზაციების გაკოტრება ფინანსური კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევდა.

კრიზისიდან გამოსვლისა და ამერიკის საფინანსო სისტემის რეფორმის მიზნით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ამ ორი საფინანსო ინსტიტუტის აქტივები "ცუდ" და "კარგ" აქტივებად დაიყოს. მაღალლიკვიდური აქტივები იპოთეკურ სააგენტოებს დარჩებათ, ხოლო "ცუდი" თავს სპეციალურად შექმნილ ფედერალურ კორპორაციაში მოიყრის.

ამერიკაში კიდევ ერთი ფინანსური პირამიდა აღმოაჩინეს

ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების (SEC) კომისიამ და აგრეთვე ნიუ-ჯერსის შტატის უზენაესმა სასამართლომ მაიამის შტატის მკვიდრი, ბიზნესმენი ნევინ შაპირო ფინანსური პირამიდის შექმნაში დაადანაშაულეს. SEC-ის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინვესტორთა დანაკარგი 900 მილიონ დოლარად შეფასდა. კომპანია Capitol Investment-ის მეთაურმა ინვესტორები "ექსტრაორდინარულად მაღალი შემოსავლის" მიღების პერსპექტივით მოიზიდა.

ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის განცხადებით, ნევინ შაპირო 60 ინვესტორს მოგების სახით შეტანილი კაპიტალის წლიური 26%-ის მიღებას დაჰპირდა. შაპირომ ფინანსური პირამიდა საბაყლო საქონელის საბითუმო კომპანიის სახით შექმნა. ბიზნესმენი იაფ საქონელს ერთ რეგიონში შეიძენდა, რომელსაც გაცილებით მაღალ ფასებში სხვაგან ჰყიდდა. მაგრამ შემდეგ, 2004 წლიდან კომპანია Capitol Investments ზარალიანი გახდა. 2005 წლიდან შაპირომ კანონიერი საინვესტიციო საქმიანობა პრაქტიკულად შეწყვიტა. მისი კომპანია 2009 წლამდე "პონცის სქემის" მიხედვით მუშაობდა, როცა ძველი კლიენტების საინვესტიციო პროცენტები ახალი მეანაბრეების მოზიდვის გზით ხდებოდა. ამ წლების განმავლობაში თაღლითმა ბიზნესმენმა უკანონოდ 35 მილიონი დოლარი მიითვისა.

მსოფლიო ბანკებმა კრედიტების გაცემა შეამცირეს

2009 წლის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით, კრედიტების გაცემის მოცულობა 1,9 ტრილიონი დოლარით, 30 045 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ამ ინფორმაციას საერთაშორისო გამოთვლების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეიცავს. გასული წლის მეოთხე კვარტალში, ბანკებმა კრედიტების გაცემა 385 მილიარდი დოლარით შეამცირეს.

მთლიანობაში, მსოფლიოს მასშტაბით 2008 წლის სექტემბერში დაწყებული ფინანსური კრიზისის შედეგად გაცემული კრედიტების მოცულობა 3,8 ტრილიონი დოლარით, ანუ კრედიტების საერთო მოცულობის 11%-ით შემცირდა. ბოლო 30 წლის მანძილზე, მსოფლიოს მასშტაბით გაცემული კრედიტების მოცულობა მხოლოდ იზრდებოდა. გლობალური საკრედიტო კრიზისი იყო პირველი ეპიზოდი, როცა კრედიტების გაცემის მოცულობა მკვეთრად შემცირდა.

საბანკო აქტივების მოცულობის შემცირება ზედიზედ ბოლო ხუთი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2009 წლის სექტემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო საბანკო სისტემის საკრედიტო კრიზისის შედეგად მიყენებული ზარალი 3,4 ტრილიონ დოლარად შეაფასა. მსოფლიოს მასშტაბით, ბანკების ბალანსზე სადღეისოდ ტრილიონნახევარი დოლარის ღირებულების "ტოქსიკური" აქტივებია.

საბერძნეთის ფასიანმა ქაღალდებმა ინვესტორთა დაინტერესება გამოიწვია

მიმდინარე წლის აპრილში დეფოლტის საფრთხის წინაშე მდგარმა საბერძნეთმა საფონდო ბირჟაზე გასაყიდად 1,56 მილიარდი ევროს ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები გამოიტანა. წინადადებამ მიწოდებას 6-7-ჯერ გადააჭარბა. ბერძნული ობლიგაციები ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამოა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ საბერძნეთი ობლიგაციების გამოშვებით 1,2 მილიარდ ევროს მოიზიდავდა.

ამ ქვეყნის სახელმწიფო ვალების მართვის სააგენტომ (Public Debt Management Agency, PDMA) 6 და 12-თვიანი ვადით გამოშვებული ობლიგაციებიდან თითოეულიდან 780 მილიონი ევროს მოზიდვა მოახერხა. 6 თვის ვადით გამოშვებულმა სახელმწიფო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთმა 4,55%, ხოლო 12 თვის ვადით გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთმა 4,85% შეადგინა.

შედარებისათვის, მიმდინარე წლის იანვარში ამ ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთმა შესაბამისად 1,38 და 2,2 პროცენტი შეადგინა. სახელმწიფო ვალებით "დამძიმებული" საბერძნეთი ევროკავშირიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ეს ორგანიზაციები საბერძნეთისათვის საერთო ჯამში დახმარების სახით 45 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამ ფინანსურ დახმარებაში ევროსაბჭოს წილად 30 მილიარდი მოდის. მიმდინარე წელს საბერძნეთის მთავრობამ 50 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის რეფინანსირება უნდა მოახდინოს, მათ შორის მაისში - 20 მილიარდი.