ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
განხეთქილების იუანი
#4(124), 2010
კონფლიქტი

უკვე რამდენიმე წელიწადია, განსაკუთრებული წარმატების გარეშე ამერიკა ჩინეთზე სხვადასხვა გზებით ზეწოლას ახდენს იუანის კურსის გამო და ეროვნული ვალუტის რევალვაციისაკენ მოუწოდებს. პერიოდულად მიმქრალი კონფლიქტი ამჟამად ახალი ძალით გაჩაღდა, რომელიც მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ნამდვილ სავაჭრო ომში შეიძლება გადაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუკი ჩინეთს "სავალუტო მანიპულატორად" აღიარებენ, ამერიკა ჩინური საქონელის წინააღმდეგ დამაბრკოლებელ ბაჟს შემოიღებს. ასეთმა ძლიერმა ზეწოლამ შესაძლებელია მოსალოდნელთან შედარებით საწინააღმდეგო ეფექტი გამოიწვიოს.

ორი პრეტენზია

ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რატომ აღიზიანებს ამერიკას იაფი იუანი? მსოფლიოს მრავალი ავტორიტეტული ეკონომისტის აზრით, ამერიკაში დაწყებული იპოთეკური კრიზისი, (რომელიც შემდგომში გლობალურ ფინანსურ კრიზისში გადაიზარდა) ნაწილობრივ ჩინური ვალუტის ხელოვნურად შემცირებულმა კურსმა გამოიწვია. ამ თეორიის სახელწოდებაა "ანაბრების გლობალურად ჭარბი დაგროვება" ("Global savings glut"), რომელიც ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის წიაღში ჯერ კიდევ მისი წინა მეთაურის, ალან გრინსპენის ხელმძღვანელობის დროს დაიბადა.

ეს ტერმინი კი თავდაპირველად ამერიკის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ბენ ბერნაკემ გამოიყენა. აღნიშნული თეორია დღევანდელ ფინანსურ კრიზისს  მსოფლიო ეკონომიკაში არსებული დისპროპორციებით ხსნის, რომელიც ჩინელების მიერ არის პროვოცირებული. ბენ ბერნაკეს ვერსიის მიხედვით, 2000 წლიდან მოყოლებული ამერიკის ფასიან ქაღალდებზე ძალიან მაღალი მოთხოვნა გამოწვეული იყო მსოფლიოს მასშტაბით ჭარბი ფინანსური დანაზოგების გამო. ასეთი რამ უპირველეს ყოვლისა, იმ ქვეყნებში ხდება, რომელთა ცენტრალური ბანკები ეროვნული ვალუტის კურსს ხელოვნურად ამცირებენ.

ამ მხრივ კი ჩინეთს პირველი ადგილი უკავია. ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო 20 წლის მანძილზე იაფმა სამუშაო ძალამ და წარმოების საექსპორტო ორიენტაციამ გამოიწვია. ამ ქვეყანამ საგარეო ვაჭრობაში უზარმაზარი პროფიციტი წლიდან წლამდე დააგროვა. თავდაპირველად, ათეულობით, ხოლო 2000-იანი წლების მეორე ნახევარში ასობით მილიარდი დოლარი. იუანისათვის გამყარების საშუალება რომ მიეცათ, პროფიციტი ჯერ შემცირდებოდა, ხოლო შემდეგ კი საერთოდ გაქრებოდა. ჩინეთი კი ჭარბი რაოდენობით დოლარების დაგროვებას ვერ შეძლებდა.
 
იმის გამო, რომ იუანის კურსი არ მყარდება, გაჩნდა უზარმაზარი პრობლემა, რასაც "ჭარბი დოლარების" არსებობა ჰქვია. ასეთი ასტრონომიული თანხების "ამუშავება" კი მხოლოდ ამერიკის სახაზინო ვალდებულებების (Treasuries) შესყიდვის გზით შეიძლება. ამ გზით ჩინელები ამერიკის უზარმაზარ საგარეო სავაჭრო დეფიციტს აფინანსებენ. ასეთი მასშტაბური მოთხოვნის გამო, ამერიკის გრძელვადიანმა სახაზინო ვალდებულებების შემოსავლიანობამ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების გაზრდაზე რეაგირება 2005 წლიდან თითქმის შეწყვიტა და ძალიან დაბალ დონეზე რჩებოდა.

გაკვირვებულმა გრინსპენმა ჯერ კიდევ 2005 წელს ხანგრძლივვადიანი სახაზინო ვალდებულებების ამგვარ რეაქციას "გამოცანა" (conundrum) უწოდა, რომელიც ბენ ბერნაკესთან ერთად "გამოიცნო" კიდეც. მათ დამნაშავეებად "სავალუტო მანიპულატორები" გამოაცხადეს, რომლებმაც ჭარბი დოლარები დააგროვეს და დაბალრისკიან აქტივებს (Treasuries) დიდი მასშტაბებით შეიძენდნენ. "წვრილმანად" ითვლებოდა მათ მიერ ნახევრადსახელმწიფო ამერიკული იპოთეკური სააგენტოების (Fაannie Mae, Freddie Mac) ფასიანი ქაღალდების შეძენა.

შემოსავლიანობის შემცირებამ, დაბალრისკიან ინსტრუმენტებზე მოთხოვნის გაზრდამ, მაღალრისკიან აქტივებზე მოთხოვნაც გაზარდა. ასე გაჩნდა იპოთეკური კრიზისის ჩინური კვალი. ალან გრინსპენის წიგნში "The Age of Turbulence" ("რყევების ეპოქა") სწორედ ეს არგუმენტაციები არის დასაბუთებული. ამერიკელთა მეორე პრეტენზია, რომელიც ჩინელების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ის არის, რომ ზედმეტად იაფმა იუანმა ამერიკული საქონელი ჩინურთან შედარებით, თვით ამერიკის შიდა ბაზარზეც კი არაკონკურენტუნარიანი გახადა. წარწერას "Made in China" პრაქტიკულად უკვე ყველაფერზე ამოიკითხავთ. იაფი იუანის მეშვეობით, ჩინელები სამუშაო ადგილებს ამერიკაშიც კი "იპარავენ". ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, პოლ კრუგმანმა დანაკარგი დაახლოებით 1,4 მილიონ სამუშაო ადგილად შეაფასა.

უკანასკნელი გაფრთხილება

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ამერიკა იძულების წესით ჩინეთს იუანის რევალვირება მოეხდინა, ეკრანიზაციას ნამდვილად იმსახურებს. ამოქმედდა დარწმუნებისა და დამუქრების მეთოდები. ჯერ კიდევ 2003 წელს, იმ დროს ამერიკის ფინანსთა მინისტრი, ჯონ სნოუ პეკინში სპეციალურად იმისათვის ჩავიდა, რომ ჩინელი "ამხანაგები" ეროვნული ვალუტის კურსის მომატების აუცილებლობაში დაერწმუნებინა. მას ძალიან თავაზიანად მოუსმინეს და საამისოდ არაფერი გააკეთეს!

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მხოლოდ 2005 წლის ივლისში, ჩინეთმა ეროვნული ვალუტის დოლართან მკაცრი მიბმა გააუქმა. ამ მომენტიდან გლობალური კრიზისის უმწვავესი ფაზის დაწყებამდე (2008 წლის შემოდგომა) იუანმა დაახლოებით 18%-ით გაძვირება "მოახერხა". მიუხედავად ჩინელების მხრიდან გადადგმული ასეთი შემხვედრი ნაბიჯისა, ამერიკელები რევალვაციის ტემპებით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ. ისინი თვლიდნენ, რომ იუანის კურსი ჩინელებს მინიმუმ 30%-ით უნდა გაეზარდათ.

ამერიკელებმა "მათრახის პოლიტიკა" აამოქმედეს: ვაშინგტონმა პეკინის წინააღმდეგ, მცირე სავაჭრო ომების ინიცირება დაიწყო. 2007 წლის აგვისტოში ამერიკულმა კომპანიამ Mattel ჩინეთში დამზადებული 20 მილიონი სათამაშო "საფრთხის შემცველი საღებავის" გამო დაიწუნა. მანამდე ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ (Food and Drug Administration) ჩინეთიდან ექსპორტირებულ საქონელს პრეტენზიები არაერთხელ წაუყენა. ეჭვქვეშ დადგა თაფლის, ხორბლის, ზღვის პროდუქტების ხარისხი. ამის პარალელურად, ამერიკის კონგრესმა დაშინების კიდევ ერთი იარაღი მოამზადეს.

ეს იყო კანონპროექტი, რომელიც ჩინეთიდან ექსპორტირებულ საქონელზე 27%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებდა. ამერიკელების მხრიდან ამგვარი გამოხდომები ჩინელებმა მშვიდად მიიღეს. 2007 წლის მეორე ნახევარში ჩინეთის პროდუქტების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მეთაურს "ყოველი შემთხვევისათვის" მისმა ჩინელმა "ფხიზელმა ამხანაგებმა" სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და დახვრიტეს. სხვა, უფრო არსებითი დათმობებისათვის ჩინეთს წინ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.

2008 წლის შემოდგომაზე ბანკ Lehman Brothers-ის კოლაფსის გამო გარკვეული დროით გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა. საკუთარ ექსპორტზე მოთხოვნის შემცირების საფრთხის წარმოქმნის გამო, ჩინეთმა ისედაც სიმბოლური რევალვაცია მთლიანად შეწყვიტა. 2008 წლის ბოლოს 2009 წლის დასაწყისში ამერიკელებმა ჩინელებთან "საქმის გასარჩევად" ვეღარ მოიცალეს და ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის "ხანძარი" დროებით ჩაქრა.
2010 წლის დასაწყისიდან ამერიკამ კვლავ გადაწყვიტა "სავალუტო მანიპულატორებს" ომი გამოუცხადოს.

ამჟამად ამერიკა "მონდომებით" ცდილობს ჩინეთის ყველაზე მტკივნეულ ადგილებს შეეხოს! მიმდინარე წლის თებერვალში, ამერიკამ გამოაქვეყნა გეგმა, რომლის მიხედვითაც ტაივანს 6,4 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მიჰყიდის. მოგვიანებით, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტიბეტელი ბუდისტების ლიდერს, დალაი ლამას დემონსტრაციულად შეხვდა. ამერიკის პირველმა პირმა განაცხადა, რომ "ტიბეტის უნიკალურ რელიგიურ, კულტურულ, ლინგვისტურ იდენტურობასა და ტიბეტელთა უფლებების დაცვას ჩინეთში მხარს უჭერს". ამერიკის მხრიდან ასეთმა პოლიტიკურმა დემარშმა პეკინის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად თვლის, თანაც "ტიბეტურ სეპარატიზმსაც" ძალიან უფრთხის.

ამერიკასა და ჩინეთს შორის ხელმეორედ გაჩაღებულ პოლიტიკური შეფერილობის ეკონომიკურ ომში ინტერნეტ-საძიებო კომპანია Google ჩაერთო. მის ხელმძღვანელებში სამოქალაქო გრძნობებმა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვების მიუღებლობამ ერთბაშად გაიღვიძა. მიმდინარე წლის 22 მარტიდან კომპანიამ Google საძიებო მოთხოვნები ჩინეთიდან ჰონ-კონგში განთავსებულ სერვისებზე გადაიტანა, რითაც ჩინელი მომხმარებლებისათვის ცენზურა შეწყდა. ეს კომპანია ჩინეთის ბაზარზე რამდენიმე წლის წინ შევიდა, მაგრამ ამჟამად დასახელებული მიზეზებისათვის მაშინ ყურადღება არ მიუქცევია.

მიმდინარე წლის მარტის შუაგულიდან, ამერიკის ადმინისტრაციამ პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები კიდევ ერთხელ აამოქმედა. თეთრი სახლის დემოკრატიული ადმინისტრაციის არაოფიციალურმა რუპორმა პოლ კრუგმანმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ჩინეთი "სავალუტო მანიპულატორად" აუცილებლად უნდა გამოეცხადებინათ. მისივე აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი პეკინი იუანის არსებით რევალვაციაზე უარს იტყოდა, ჩინურ საქონელზე მათი ღირებულების 25%-ის ოდენობით ბაჟი დაეწესებინათ! იმავდროულად, ამერიკის ფინანსთა მინისტრს ერთდროულად 130 კონგრესმენმა მიმართა მოთხოვნით, ამერიკის ეკონომიკა "ზედმეტად იაფი იუანისაგან დაეცვათ". ისინი თვლიან, რომ მათი მამული საფრთხეშია!

ზეწოლის სახიფათო დონე

დასრულდება თუ არა წარმატებით ამერიკის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ ყველა ფრონტის მიმართულებით დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევა? არის თუ არა შეუძლებელი ნამდვილი სავაჭრო ომის თავიდან აცილება? მსოფლიოში ეს შეკითხვები დღეს ძალიან აქტუალურია. 2009 წლის ბოლოს, პეკინმა ბოლო დროს მოდური სტრეს-ტესტი ჩაატარა, რომელსაც უნდა გაერკვია, რამდენად შეინარჩუნებდა სიმყარეს საექსპორტო სექტორი იუანის დოლართან მიმართებაში 5%-ით რევალვაციის შემთხვევაში. როგორც ჩანს, ჩინური მხარე დათმობაზე წავიდოდა, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვნად, როგორც ამას ამერიკელები მოითხოვენ.

2010 წლის თებერვალში, ჰონ-კონგის კონსალტინგურმა კომპანიამ Quam-მა სპეციალური დარგობრივი ანალიზი: "China: Winners and Losers from an RMB Revaluation" მოამზადა, რომელშიც გამოთქმულია სავარაუდო შედეგები ჩინური და უცხოური კომპანიებისათვის იუანის რევალვაციის შემთხვევაში. მაგალითისათვის, რევალვაციის შედეგად მოგებულთა შორის სახელდებიან ინდონეზიის, ვიეტნამის, ბანგლადეშის ის კომპანიები, სადაც ჩინური კომპანიები საკუთარ წარმოებას უფრო იაფი სამუშაო ძალის ძიებისას გადაიტანდნენ.

კონსალტინგური კომპანია Quam-ის გამოთვლების მიხედვით, რევალვაცია ნედლეულის მწარმოებლებისთვის ხელსაყრელი ვერ იქნება. ისინი ორიენტირებულნი ჩინურ სამომხმარებლო სექტორზე არიან, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიულ სექტორთან შედარებით უფრო მასშტაბურია. ამ მხრივ სურსათისა და სასუქების მწარმოებლები წაგებულნი ნამდვილად არ დარჩებიან. ყველაზე ძლიერ მოგებულნი იუანის რევალვაციისაგან ჩინელი ექსპორტიორები დარჩებიან, უფრო ნაკლებად ისეთი მსხვილი ამერიკული რიტეილერები, როგორებიც მაგალითად, Wal-Mart და Costco არიან.

2009 წელს ამერიკაში 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური საქონელი შევიდა, რაც მთელი იმპორტის 20%-ია. ეს საქონელი ძირითად იმ რიტეილერებისათვის არის განკუთვნილი, რომლებიც მასობრივ მომხმარებელზე არიან ორიენტირებულნი. მათთვის ჩინურ იმპორტზე ფასების გაზრდა ხელსაყრელი ნამდვილად ვერ იქნება. ამერიკის მხრიდან ჩინეთზე ზეწოლა ბოლო თვეებში უკვე აშკარად გამოჩნდა, რასაც მოსალოდნელის საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ექსპერტები თვლიან, რომ ორ ქვეყანას შორის გამწვავებული ურთიერთობის გამო ჩინეთმა შესაძლებელია რევალვაციის ვადები გაახანგრძლივოს.

ამის მიზეზის ახსნა ძალიან მარტივად შეიძლება: ჩინეთის მთავრობა არ მოისურვებს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ პეკინი ვაშინგტონის მითითებებს ემორჩილება. იმ შემთხვევაში, თუკი ჩინელები რევალვაციის ჩატარებას არ მოისურვებენ, რას მოიმოქმედებენ ამერიკელები? შემოიღებენ თუ არა ჩინურ საქონელზე 25%-იან ბაჟს? პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ზედმეტი არ იქნება იმის გახსენება, რომ დიდი დეპრესიის სიმძიმე და ხანგრძლივობა სავაჭრო ომების ვადებსაც უკავშირდებოდა.

ამაზე მრავალი მკვლევარი ადრეც მიუთითებდა. მათ შორის იყვნენ ამერიკელი ეკონომისტები ჩარლზ კინდლბერგერი და ჯონ გელბრეიტი. ამერიკაში, ჯერ კიდევ 1929 წლის შემოდგომის საბირჟო კრახამდე ფართოდ განიხილეს მიღებული სმუტ-ჰოულის ცნობილი აქტი (Smoot-Hawley Tariff Act), რომლის მიღების შემდეგაც ამერიკაში იმპორტირებულ საქონელზე (სულ 20 000 დასახელება!) საბაჟო გადასახადი გაზარდეს. ეს გადაწყვეტილება ერთი შეხედვით კეთილშობილური იყო და ამერიკელი მწარმოებლის დაცვას ითვალისწინებდა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, რომ სხვა ქვეყნებიც იგივეს გაიმეორებდნენ და ამერიკულ საქონელზე საბაჟო გადასახადს გაზრდიდნენ. იმ პერიოდში ამ აქტის გაუქმების პეტიციას ხელი 1028 ეკონომისტმა მოაწერა და ეს დოკუმენტი ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს ჰერბერტ ჰუვერს გაუგზავნეს.

საპასუხო ტალღა "შთამბეჭდავი" აღმოჩნდა. ამერიკულ საქონელზე საბაჟო გადასახადი ერთბაშად ცხრა ქვეყანამ გაზარდა: კანადამ, ესპანეთმა, შვეიცარიამ, იტალიამ, კუბამ, მექსიკამ, საფრანგეთმა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ  ამერიკას საპასუხო ეკონომიკური დარტყმა მიაყენეს. გასაკვირი აღარ იყო ის, რომ ამგვარი დამანგრეველი ექსპერიმენტების შედეგად, მსოფლიო ვაჭრობა 1929-1933 წლების პერიოდში მძიმე ნოკაუტში აღმოჩნდა და ვაჭრობის მოცულობა 66%-ით შემცირდა.

გაბედავენ თუ არა მსგავსი ექსპერიმენტების დღეს ჩატარებას ამერიკელები? ალბათ არა! ამერიკელთა მხრიდან იმპორტზე საბაჟო გადასახადების გაზრდას შეიძლება ჩინეთის მხრიდან ამერიკული სახაზინო ვალდებულებებისაგან "გათავისუფლება" მოჰყვეს, რისი შედეგებიც მსოფლიო საფინანსო სისტემისათვის ისე შემოტრიალდეს, რომლის წინასწარმეტყველებაც ძნელად თუ შეიძლება. იმ ნავის შერყევა მაშინ, როცა იგი გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში დაცურავს, უკიდურესად საშიშია.

ყველასთვის ამ მეტად სახიფათო სიტუაციიდან გამოსვლა ჩინურ-ამერიკული კონფლიქტის გრადუსის შემცირების გზით თუ შეიძლება. რამდენიმე თვის შემდეგ, ჩინეთი სავარაუდოდ, საკუთარი ვალუტის მცირე მოცულობით (5 10%-ით) რევალვაციას მოახდენდა, რომელიც შემდგომში, თანდათან გაგრძელდებოდა. სწორედ ასეთი ვარიანტის განხორციელება ჩინეთის მთავრობას შესაძლებლობას მისცემდა "დაჩაგრულად" არ ეგრძნო თავი და საკუთარი სახე შეენარჩუნებინა.

ამერიკის მხრიდან კონფლიქტის განეიტრალების სურვილად შეიძლება ჩაითვალოს ამ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამერიკის ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ტიმოტი გეიტნერმა გადაწყვიტა რამდენიმე თვით გადადოს იმ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც ვაშინგტონის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მონეტარულ პოლიტიკასა და მსოფლიო ეკონომიკის სადღეისო მდგომარეობას შეეხება.

კონგრესის წინაშე გამოსვლა მიმდინარე წლის 15 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ გეიტნერის თქმით, უახლოეს თვეებში, უმაღლესი დონის შეხვედრები უნდა გაიმართოს, რომლის შედეგადაც გლობალური ეკონომიკა უფრო დაბალანსებული და ძლიერი გახდება. ასეთ შეხვედრად მან უპირველესად, "დიდი ოცეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მეთაურთა სამიტი მიიჩნია.

ამის გარდა, მიმდინარე წლის მაის-ივნისში უნდა გაიმართოს სხდომები ჩინეთთან სტრატეგიული და ეკონომიკური დიალოგის საკითხებზე. გეიტნერმა განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის მონეტარულ პოლიტიკას დაუთმო. მისი აზრით, სავალუტო მიბმა ფულად ბაზარზე უფრო მეტ დიდ ინტერვენციებს მოითხოვს, ხოლო იუანის უცვლელი კურსი სხვა განვითარებული ქვეყნების ეროვნული ვალუტების კურსის მომატებას აფერხებს. მინისტრის აზრით, "ბაზარზე უფრო ორიენტირებული გაცვლითი კურსის შემოღება ჩინეთის მხრიდან, იქნებოდა ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკის წონასწორობის შესანარჩუნებლად".

ამერიკელი ეკონომისტები დარწმუნებულნი არიან, რომ 2008 წლის მეორე ნახევრიდან შენარჩუნებული ჩინური ვალუტის კურსი (რომელიც 1 დოლარზე დაახლოებით 6,8 იუანს შეადგენს) 40%-ით ხელოვნურად არის შემცირებული. ამის შედეგია ის, რომ ჩინური საქონელი ამერიკაში უფრო იაფად იყიდება, ვიდრე ამერიკული ჩინეთში. კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მოუწოდა ჩინეთის ქმედებები როგორც "სავალუტო მანიპულაციები" ოფიციალურად აღიაროს და შესაბამისი ზომები მიიღოს. ჩინეთის მთავრობამ კი მანამდე ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ თუკი მათ ამერიკელები მანიპულაციებში ბრალს დასდებენ და სავაჭრო ომის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებენ, პირველები თავადვე დაზარალდებიან!

ვეფხია სამსონიძე