ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
#4(124), 2010
საკონსტიტუციო პროექტით მთავრობას და პარლამენტს უფლება ეზრდება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილისა და კომისიის მდივან თენგიზ შარმანაშვილის საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაწუნება პარლამენტის ან მთავრობის დათხოვნის საფუძველი აღარ იქნება. როგორც თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტს თავისუფლად შეეძლება გამოხატოს მისი აზრი.

კანონპროექტის თანახმად, თუ პარლამენტმა ვერ მოახერხა წარდგენილი ბიუჯეტის მიღება სამი თვის განმავლობაში, მაშინ სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაიფარება.

"მშვიდობის ხიდის" მშენებლობა 12 მლნ 500 ათასი ლარი დაჯდა

თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ "მშვიდობის ხიდის" მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სულ 12,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მათივე ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა მაისის ბოლომდე დასრულდება და ის ოფიციალურად სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის 30 მაისის არჩვენებამდე გაიხსნება.

ხიდის მშენებლობა 2009 წლის ნოემბერში დაიწყო. „მშვიდობის ხიდი” არქიტექტორ მიქელე დე ლუკის პროექტის მიხედვით, იტალიური კომპანია "პერმა სტელიზას" მიერ იგება. ხიდი ერთამანეთთან რიყისა და სიონის მიმდებარე ტერიტორიას დააკავშირებს. უჩვეულო ნაგებობა ღამე 50 000 თანამედროვე ნათურით განათდება. მშენებლობაზე 150 ადამიანია დასაქმებული.

ცნობისთვის, რიყეზე ასევე გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ავლაბრის გვირაბს 498 მეტრით ბარათაშვილის ხიდამდე დააგრძელებს. მისი საშუალებით მთავარი საავტომობილო გზის განტვირთვა იგეგმება და რიყის ტერიტორია მთლიანად საფეხმავლო გახდება, რაც საშუალებას იძლევა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკი, კაფე-ბარები და ამფითეატრი მოეწყოს.

ბათუმი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა მაისში დაიწყება

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ბათუმში თბილისიდან ჩასვლას 3 საათზე ნაკლები დრო დასჭირდება. ამასთან, მისი თქმით, ზაფხულში დაიწყება ჩოლოქიდან ბათუმზე შემოვლითი გზის მშენებლობა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ კი, ხალხისა და ტვირთის გადაადგილება გაიზრდება, რაც თავის მხრივ დასაქმების გაზრდასაც შეუწყობს ხელს. ბათუმმა სწორად უნდა გამოყენოს თურქეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან ახლოს მდებარეობა და იგი გაცილებით სწრაფად განვითარდება, მაგალითად, როგორც დუბაი.

„მთავარი არამარტო შენებაა, არამედ მთავარია რასაც ავაშენებთ, იმით ხეირი მივიღოთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსთავში გზების რეაბილიტაციისთვის 12 მლნ ლარი დაიხარჯება

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, რუსთავში ბოლო ორი წელია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეჩერებულა, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია, საბოლოო ჯამში კი ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 12 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

"მალე რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა აღარ იარსებებს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ეკონომიკა 2008 წლის დასაწყისის ზრდის ტემპს უბრუნდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, 2010 წლის აპრილში ეკონომიკის ზრდა ისეთივე ტემპით გაგრძელდა, როგორც ამავე წლის პირველ კვარტალში.

ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე აპრილის რამდენიმე ეკონომიკური მაჩვენებელი შეაჯამა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა იმდენად მაღალია, რომ შესაბამისი ეკონომიკური მაჩვენებლების შედარებას 2009 წლის მონაცემებთან, როცა ქვეყნის ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა, უკვე აზრი არ აქვს. ამიტომაც ამიერიდან ყველა ეკონომიკური პარამეტრის 2008 წლის პირველ კვარტალთან შედარება მოხდება, რადგან ეს პერიოდი "ეკონომიკური ბუმით იყო გამორჩეული".

ნიკა გილაურის ინფორმაციით, აპრილში უძრავი ქონების რეგისტრაციის მაჩვენებელი 2009 წელთან შედარებით 43, ხოლო 2008 წელთან შედარებით 5 პროცენტით გაიზარდა. ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელიც 2009 წელთან შედარებით 30 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 2008 წლის მონაცემებს გაუტოლდა. ასევე გაზრდილია საბანკო სექტორის პორტფელი, დეპოზიტების მოცულობა, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხებისა და საკრედიტო ბარათების რაოდენობა.

"საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და 2007 წლის ბოლოსა და 2008 წლის დასაწყისში აღებულ ტემპს უბრუნდება", - დასძინა ბოლოს ნიკა გილაურმა.

საქართველოს საგარეო ვალი 6 236 204 000 ლარია

საქართველოს საგარეო ვალი, მიმდინარე წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 6.236.204.000 ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალი 4.378.079.000 ლარია, ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ - 962.967.000 ლარი.

აღნიშნული პერიოდისთვის საქართველოს მიერ სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ოდენობა 8.258.000 ლარს შეადგენს, ხოლო ევრობონდების ვალი - 868.900.000 ლარს.

ზურაბ გვასალია: ლარის კურსი მკვეთრ ცვლილებას არ განიცდის

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ დროებით, მოკლევადიან პერიოდში გაუფასურდა. ამასთან, იგი ვალუტის კურსის ცვლილებას მკვეთრ ცვლილებად არ მიიჩნევს. როგორც გვასალიამ განაცხადა, მოკლევადიან პერიოდში ვალუტის „მცურავი” კურსი მოქმედებს და მის ხელოვნურ მატებას არავინ ცდილობს.
„მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსი სტაბილური ვერ იქნება. ეროვნული ბანკი მოკლევადიან პერიოდში კურსის ფორმირებაში არ ერევა და ამისათვის სავალუტო რეზერვებს არ ხარჯავს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. ამ პროცესს ვალუტის მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს. მთავარია, რომ ლარის კურის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური იქნება, რისი გარანტიც თავად ეროვნული ბანკია", - აღნიშნა ზურაბ გვასალიამ.

მისივე თქმით, ფასების რეგულირებისა და ვალუტის კურსის სტაბილიზაციის მოვალეობა ეროვნულ ბანკს მაშინ დაეკისრება, თუკი ლარის კურსი გრძელვადიან პერიოდში გაუფასურდება.

ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის ცვლილება სამოხმარებლო ფასებზე გავლენას არ მოახდენს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ეროვნული ვალუტის კურსი სერიოზულ რყევას უკვე გრძელვადიან პერიოდში განიცდის.

მაისის დასაწყისში მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 1,7940 ლარის ეკვივალენტია.