ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
მორიგი ცვლილებები "ეროვნული ბანკის შესახებ" ახალ კანონში
#4(124), 2010
რამ განაპირობა კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროება

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში ჩვენს ქვეყანას სამჯერ მოუწია ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიღება. აქედან პირველი მიღებულია გამსახურდიას ხელისუფლების დროს, 1991 წლის 2 აგვისტოს და ერქვა საქართველოს კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", რომელიც 1995 წლის 13 ივნისს შეიცვალა საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", ეს კანონი კი, თავის მხრივ, შეიცვალა 2009 წლის 24 სექტემბერს იმავე სახელწოდების საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ".

ახალ კანონში უკვე ორჯერ შევიდა ცვლილებები და დამატებები. ბოლო ცვლილებებისა და დამატებების ავტორმა და ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ თავისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში მიმდინარე წლის 5 მარტს, პარასკევს შეიტანა. მომდევნო სამუშაო დღეს, 9 მარტს ბალავაძის ინიციატივა პარლამენტის ბიურომაც, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმაც და პლენარულმა სხდომამაც განიხილა პირველი მოსმენით. საკომიტეტო თუ პლენარული განხილვებისას შენიშვნები არ გამოთქმულა. 23 მარტს პლენარულმა სხდომამ დოკუმენტი მესამე მოსმენით მიიღო და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

რამ განაპირობა კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროება? ავტორის მტკიცებით, ეს განპირობებულია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის განმტკიცების, ფულად-საკრედიტო ოპერაციების და ბანკნოტებისა და მონეტების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობების რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების დახვეწის საჭიროებით, ლარის ბანკნოტებზე ეროვნული ბანკის საავტორო უფლებების დადგენის აუცილებლობით.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ მიხეილ თოქმაზიშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში სებ-ის ორგანულ კანონში ცვლილებები განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მთელი რიგი ტერმინები დაზუსტდა; დაზუსტდა ზოგიერთი ის გარემოება, რომელიც სებ-ის დამოუკიდებლობას ეხება და ამით ორგანული კანონის კიდევ უფრო სრულყოფა მოხდა.

ვისი საკუთრებაა ეროვნული ბანკის ქონება

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება შეეხო პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, სადაც ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს საკუთარებად იყო გამოცხადებული. თოქმაზიშვილის აზრით, "საქართველო" საკმაოდ ფართო, ყოვლისმომცველი ტერმინია და ბუნებრივია, აქ აუცილებელად უნდა დაზუსტებულიყო, თუ რა იგულისხმებოდა მასში. ის ჩანაწერი ბევრ გაუგებრობას იწვევდა და ამის გამო ამოიღეს ფრაზა, რომ ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს საკუთარებაა. ახლა ვისია – კანონში აღარ ჩაწერილა, მაგრამ რაკი საკუთრება გულისხმობს მმართველობას, განმგებლობას, ფლობას და რამდენადაც ეროვნული ბანკი მართავს ამ საკუთრებას და განაგებს, შესაბამისად, ეროვნული ბანკის, როგორც მმართველი და როგორც განმგებელი სუბიექტის საკუთრებაა.

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსა და "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერს ნოდარ ჯავახიშვილს კი მიაჩნია, რომ ძველი ჩანაწერის ამოღების არანაირი საჭიროება არ არსებობდა, თუმცა არც მისი ამოღებით წარმოქმნილა რამე საშიშროება. მასში გარკვევით იყო ნათქვამი და სწორიც იყო, რომ ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს საკუთარებაა. ამ ჩანაწერის ამოღება სულაც არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ქონება რომელიმე სხვა სახელმწიფოს საკუთრება გახდება! ცხადია, მაინც საქართველოს საკუთრებად დარჩება, მაგრამ კანონში ეს ჩანაწერი უნდა იყოს.

ბალავაძე კი ამ ცვლილებას სებ-ისათვის დამოუკიდებლობის მეტი ხარისხის მინიჭებით ხსნის. "ეროვნული ბანკის საკუთრება არ არის სახელმწიფოს საკუთრება და არც თავად ეროვნული ბანკია სახელმწიფოს შემადგენელი. სებ-ის დამფუძნებელი არის პარლამენტი და ეს არის მნიშვნელოვანი. განსაზღვრებაც ეს იყო, მიდგომაც ეს არის. ჩვენ გვინდა სებ-ის, როგორც ინსტიტუტის, დამოუკიდებლობის ხარისხი იყოს რაც შეიძლება დიდი. ყველა იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები აქვს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამოუკიდებლობა გამოკვეთილია და მისი დამოუკიდებლობა არის ისეთივე, როგორც მაგალითად კონტროლის პალატის თავმჯდომარისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს პოლიტიკურ ნომენკლატურაზე მორგებული. სებ-ი ინსტიტუციონალურად ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, მაგრამ მისი პრეზიდენტის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხიც დაცული რომ იყოს, ამისი გარანტიები არის ჩადებული როგორც კონსტიტუციაში, ისე ორგანულ კანონში. თვითონ ისიც, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კანონი და არის ორგანული კანონი, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობაზეა საუბარი", - აცხადებს ვახტანგ ბალავაძე.

რას ნიშნავს ეროვნული ბანკის ეკონომიკური დამოუკიდებლობა

ახალი რედაქციით, კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტი ასე ჩამოყალიბდა: "ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებზე. საქართველოს სახელმწიფო პასუხს არ აგებს ეროვნული ბანკის ვალდებულებებზე, გარდა ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა". ეს რედაქცია მისი წინამორბედისგან იმით განსხვავდება, რომ სიტყვა "სახელმწიფომ" ჩაანაცვლა "მთავრობა". რა შეიცვალა ამით?

მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, მოხდა დაზუსტება. სებ-ი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და თუ ადრე ეწერა, რომ ის პასუხს არ აგებს საქართველოს მთავრობის ვალდებულებებზე, ახლა "მთავრობის" ნაცვლად ჩაიწერა "სახელმწიფო". ეროვნული ბანკი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურული ელემენტი; მას აქვს საკუთარი ვალდებულებები და ამ ვალდებულებების ფარგლებში ის პასუხს აგებს ყველაფერზე, რასაც აკეთებს. ცხადია, სახელმწიფო ვალდებულება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ის ვალდებულება, რომელსაც სებ-ი იღებს სახელმწიფოს წინაშე. სებ-ი თავისი ფუნქციების ფარგლებში მოქმედებს. ეს არის მონეტარული პოლიტიკა; ეს არის პოლიტიკა, რომელიც ინფლაციის შეზღუდვისკენ არის მიმართული; ეს არის საბანკო ზედამხედველობისკენ მიმართული პოლიტიკა. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი სახელმწიფო ვალდებულებები, რომელიც დავუშვათ იგივე მთავრობას აქვს ან სხვა სტრუქტურულ რგოლებს აქვთ და არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს სებ-ი პასუხისმგებელია იმ მოქმედებებზე, რომლებსაც სახელმწიფოს სხვა სტრუქტურული ელემენტები ახორციელებენ.

თუმცა, მიხეილ თოქმაზიშვილი იქვე დასძენს: "და მაინც, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ კანონში მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვალდებულებების გამიჯვნა (როგორც ძველ რედაქციაში ეწერა) გაცილებით უფრო კონკრეტული იყო, ვიდრე ამჟამინდელი ჩანაწერი. თუ არადა, ჯობდა ჩაწერილიყო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს ვალდებულებებზე. საერთოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს ვალდებულებებზე. მათ ბევრი საკითხის ერთობლივად გადაწყვეტა უწევთ. ეს საკითხები ხშირად ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ზოგჯერ პასუხისმგებლობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, ალბათ, ძნელი იქნება კრიტერიუმის შემუშავება იმისა, ვთქვათ, რამდენად შეიძლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს დაეკისროს, მაგალითად, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლების დაცვა და ამ პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი ინსტიტუტები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე ერთად აღებული პასუხისმგებელია სახელმწიფოს ვალდებულებებზე".

ნოდარ ჯავახიშვილისთვის, ისევე როგორც წინა, ამ ცვლილების, ე.ი. "მთავრობის" ნაცვლად "სახელმწიფოს" ჩაწერის არსიც გაუგებარია, რადგან მისი თქმით, სახელმწიფო თვითონ არის ეროვნული ბანკი. სახელმწიფო მოიცავს ეროვნულ ბანკსაც, ანუ ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ურთიერთობას სახელმწიფოსთან, როცა თვითონაც არის სახელმწიფო! და საერთოდ, ფინანსური ვალდებულებები, რაზეც აქ არის ლაპარაკი (სხვა ვალდებულებებზე არ არის აქ ლაპარაკი) ეროვნულ ბანკს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან. ამიტომ ეწერა მთავრობა. სახელმწიფო უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მთავრობა. უბრალოდ, ის მოიცავს ეროვნულ ბანკსაც და რას ჰქვია, სებ-ი პასუხს არ აგებს სახელმწიფოსთან, რომლის შემადგენელი ელემენტიც არის თვითონ?! ეს იურიდიულად გაუმართავია, არ არის სწორი. უბრალოდ, ვიღაცას მოუნდა, რომ თავისი ცვლილება შეეტანა, რათა თქვას, ჩემი ცვლილება შევიტანეო. თუმცა ეს ცვლილება არაფერს წყვეტს, არაა რამე საფრთხის შემცველი.

კრედიტის უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალს ეროვნული ბანკის საბჭო დაამტკიცებს

სებ-ის კანონის 31-ე მუხლი (ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები) ძველი რედაქციით თუ ორპუნქტიანი იყო, ახალ რედაქციაში პირველი შეიცვალა 2 ახალი პუნქტით, მეორემ კი მესამეზე გადაინაცვლა და ამ მუხლის ახალი რედაქცია ასე ჩამოყალიბდა:

"1. ეროვნულ ბანკს შეუძლია გასცეს კრედიტები კომერციულ ბანკებზე და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე, რომლებსაც ანგარიში აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში, მის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი უზრუნველყოფით.

2. კრედიტის უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით".

მიხეილ თოქმაზიშვილის განმარტებით, 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ეხება იმას, თუ როგორ უნდა განახორციელოს სებ-მა სესხის გაცემა კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე. წინა რედაქციით კანონში ჩამოთვლილი იყო პირობები, რომლის საფუძველზეც სებ-ს შეეძლო გაეცა ეს სესხები. ახალი რედაქციით კი ეს პირობები ამოღებულია და პასუხისმგებლობა მთლიანად ეროვნული ბანკის საბჭოს აქვს დაკისრებული. ბუნებრივია, ამით საბჭოს უფლებამოსილება გაიზარდა და მისი მიდგომა ბანკების მიმართ სესხის გაცემაში გაცილებით უფრო ინდივიდუალური გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა წარმოშობილიყო ისეთი გარემოება, რომელიც არ თავსდებოდა კანონის ძველ რედაქციაში ჩამოთვლილ პირობებში. საქმე ისაა, რომ სესხის გაცემა ხდება ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეცესია არის ან როდესაც ბანკებს საკრიზისო მდგომარეობა აქვთ. შესაძლოა ბანკს სესხის უზრუნველყოფის ძლიერი გარანტია არ ჰქონდეს, მაგრამ მისი გადარჩენა აუცილებელი გახდეს, იმიტომ რომ მასზე მიბმულები არიან სხვა ბანკები, მთელი საზოგადოება და მთელი ეკონომიკა. კანონში ამ ცვლილების შეტანა სწორედ ამის გამო გახდა აუცილებელი. რამდენადაც ახლა მთელი პასუხისმგებლობა უკვე საბჭოზე გადადის, საბჭომ უნდა განსაზღვროს, თუ რა რისკებთან ექნება საქმე, რამდენად შესაძლებელია სესხის გაცემა და რითი შეიძლება მერე ამ სესხის უკან დაბრუნება. რა შეიძლება იყოს ასეთი უზრუნველყოფა, გარდა იმ ჩამონათვალისა, რომელიც იმ მუხლში იდო? თუნდაც, დავუშვათ, ბანკის უძრავი ქონება, ან მისი პარტნიორი ბანკის გარანტიები, რომელიც კანონის წინა რედაქციაში შეტანილი არ იყო. შესაძლოა კომერციულ ბანკს ასეთი ბევრი სხვა ბერკეტიც აღმოაჩნდეს, რაც არ იდო იმ ჩამონათვალში, რომელიც წინა რედაქციაში იყო გაკეთებული. ასე რომ, სესხის გაცემა მოხდება არა მხოლოდ იმ ჩამონათვალის მიხედვით, არამედ აგრეთვე იმ აუცილებელი საჭიროების მიხედვით და იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ექნება კომერციულ ბანკს იმ მომენტისთვის, როცა მას დაუდგება აუცილებლობა, რომ ისესხოს ფული სებ-ისგან. ანუ ყველაფერი ეს ინდივიდუალურ შეფასებაზე დადის.

მოგეხსენებათ, ზოგჯერ საზოგადოებაში ეჭვი გამოითქმის, რომ ხელისუფლება ამა თუ იმ ბანკს ლობირებს და სხვას ჩაგრავს. ამ შემთხვევაში უფრო მეტი ეჭვის საფუძველი ხომ არ ჩნდება? თოქმაზიშვილის თქმით, ამიტომ არის დაკისრებული მთელი ეს პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის საბჭოზე. საბჭო არ არის ხელისუფლება; საბჭო არ არის მთავრობა. ის არის მმართველი რგოლი, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე. სესხების გაცემას (გარდა აუქციონზე გატანილი რეფინანსირების სესხებისა) ყოველთვის საბჭო წყვეტს და ეს რადიკალურ-ექსტრემალური ვითარებით არის გამოწვეული. ამას კანონი ავალდებულებს საბჭოს. ყოფილა შემთხვევა, რომ საბჭო ექსტრემალურად შეკრებილა და სესხის გაცემის საკითხი გადაუწყვეტია, მაგრამ ის, რომ ასეთი რამ საბჭოს გარეშე გაკეთებულიყო, არასდროს მომხდარა. ლობირებას რაც შეეხება, საბჭო არ არის დაინტერესებული, რომ ვინმეს ლობირება გაუწიოს. ის მოქმედებს ერთადერთი მიზნით, რომ ბანკები იყვნენ ჯანსაღი. ბანკი არ არის საწარმო; ბანკი არ არის ფირმა. ის არის ორგანიზაცია, რომელზედაც მიბმულია სხვა დანარჩენი ეკონომიკა. და თუ დღემდე ბანკები გადარჩნენ და არ მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ საბჭოცა და სებ-ის ხელმძღვანელობაც ამ საკითხს ობიექტურად უდგებოდნენ და წყვეტდნენ ისე, როგორც საჭირო იყო ქვეყნის კეთილდღეობისათვის. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში საბანკო კრიზისი არასდროს ყოფილა. იყო სავალუტო კრიზისი, მაგრამ არა საბანკო. საბანკო სისტემა მყარია და თოქმაზიშვილის ღრმა რწმენით, კიდევაც იქნება მყარი.

თოქმაზიშვილის ინფორმაციით, კრედიტის უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივები უკვე დამტკიცებულია ნორმატიული აქტით საბჭოს მიერ მას შემდეგ, რაც კანონის ახალი რედაქცია იქნა მიღებული და მას ახალი მუხლებიც დაემატა. კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული აქტივების შესახებ მოთხოვნები რომ კვლავ კანონში ყოფილიყო ჩადებული, მაშინ მისი შეცვლა ან დამატება გართულდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ახლად წარმოშობილი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინება. ამას ბანკის ხელმძღვანელობა, როგორ ზემოთ აღვნიშნე, ოპერატიულად განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

საბჭოსთვის ამ უფლების გადაცემით რამდენად შესრულდება ამავე კანონის 68-ე მუხლის (ადმინისტრირების ნორმები) მოთხოვნები თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის შესახებ? ხომ არ შეიქმნება საბჭოს მხრიდან მიკერძოებული მიდგომის პრეცედენტები? როგორც ბალავაძე აცხადებს, საბჭოსათვის ამ უფლებამოსილების გადაცემა სებ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგი იყოს მოქნილი; ანუ ეროვნული ბანკი არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც აწარმოებს ფინანსურ საქმიანობას, მას აქვს უფლებები, გასცეს კრედიტები და ასე შემდეგ; შესაბამისად, მოქნილობისთვის უფრო უკეთესია, რომ ეს საბჭოს დადგენილებით კეთდება. საბჭოს დადგენილებები არ არის დახურული აქტები, ეს დოკუმენტაცია ღიაა და აქ გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს. აქ არსებობს ის პრობლემა, რომ განსხვავებულ შემთხვევაში არის განსხვავებული პირობები; როცა ჩვენ კანონით ვუდგენდით კრედიტის უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალს, ჩამონათვალი ძალიან მწირი იყო და სებ-ს ზოგ შემთხვევაში უფლება ჰქონდა, რომ კრედიტის გაცემის დროს გარკვეული დამატებითი პირობები მოეთხოვა.

საერთოდ კი ბალავაძეს ასეთი მიდგომა აქვს, რომ კანონში ვერასდროს ვერ იქნება ყველაფერი გაწერილი, რადგან თუ გაიწერება, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა ფუნქციონირებდეს. კანონი არის ჩარჩო, რაც შენ გაძლევს რაღაც უფლებამოსილებებს და რითაც განსაზღვრავ შენს ქმედებებს. ცოცხალ ორგანიზმს (ამ შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტს) უნდა ჰქონდეს უფლება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოქნილი იყოს. მას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ განსაზღვროს კრედიტის უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალი, იმიტომ რომ ის არის სესხის გამცემი. კერძო ბანკს თუ აქვს იმის უფლება, რომ იმ ჩამოთვლილი პირობების გარდა, კერძო შემთხვევებში დამატებითი პირობები წამოაყენოს, იგივე უფლება რატომ არ უნდა ჰქონდეს ეროვნულ ბანკს, რომელიც ასევე არის ფინანსური ინსტიტუტი?!

ნოდარ ჯავახიშვილი კი თოქმაზიშვილისა და ბალავაძის შეხედულებებს არ იზიარებს. როგორც იგი იხსენებს, თავის დროზე კანონშემოქმედებაში მონაწილეებს მიჩნდათ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ეროვნულმა ბანკმა რომ თავისი რაღაც პირობები არ დაადგინოს, ჯობია ეს იყოს კანონში. "ახლა ამათ სებ-ის საბჭოს მისცეს ეს უფლებები. ეს საბჭო კი, არსებობს თუ არა საქართველოში, მე მგონი, საქართველოს მოსახლეობამ არაფერი იცის; იმიტომ რომ ამ ხალხს (სებ-ის საბჭოს) ხმა არც მაშინ ამოუღია, როცა ეროვნული ბანკი დაანგრიეს და არც მაშინ, როცა პირიქით, ეროვნულ ბანკს გაუგებრად ფართო უფლებები მისცეს. და ახლა ამ, ჩვენთვის უცნობ და არ ვიცი, არსებულ თუ საერთოდ არარსებულ ორგანოს რატომ უნდა მივცეთ ის უფლება, რაც კანონში ეწერა?! უნდათ გააფართოონ ის ჩამონათვალი? გააფართოონ! რას უშლიდა ხელს, რომ კანონში იყო განსაზღვრული?! უფრო მაღალი ლეგიტიმაციის დონით იყო ეს განსაზღვრული. კანონში წელიწადში რამდენჯერმე შეაქვთ ცვლილება და თუ რამე ახალი გაუჩნდათ, ჩაამატონ! მაშ, თავის ნებაზე აკეთონ?! ეს ნიშნავს, რომ იმისთანა რაღაცის გაკეთება უნდათ, რომელსაც კანონში ვერ წერენ, თორემ თუ სურთ, კვირაში ორჯერ ცვლიან კანონს", - აცხადებს ჯავახიშვილი, რომლისთვისაც ამ ცვლილებით სებ-ის საბჭოს უფლებების გაზრდა მიუღებელია.

რას ნიშნავს "რეალიზებული ფული"

შეიცვალა სებ-ის კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის ძველი რედაქცია ასეთი გახლდათ: ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც მიმოქცევიდან არ არის ამოღებული, წარმოადგენს ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულებას ნომინალური ღირებულებით. ახალ რედაქციაში კი უკვე ლაპარაკია ორი სახის ფულზე, მიმოქცევაში გაშვებულ ფულსა და რეალიზებულ ფულზე. კერძოდ, ეს პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: "ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის ბანკნოტები და მონეტები წარმოადგენს ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულებას ნომინალური ღირებულებით, გარდა მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტებისა". მაგრამ რას ნიშნავს "რეალიზებული ფული"? რა განსხვავებაა მიმოქცევაში გაშვებულ ფულსა და რეალიზებულ ფულს შორის? ამ კითხვაზე თავად ცვლილებებისა და დამატებების ავტორისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: - "აქ საუბარია იმაზე, რომ დაემატა "რეალიზაცია". ერთი არის, რაც ბრუნავს და მეორეა, რაც იყო ჩადებული ეკონომიკაში და იქიდან მობრუნებული". ბალავაძე ამ ტერმინის ზუსტი განმარტების მოცემას შეგვპირდა, თუმცა, ჩვენი მრავალგზის შეხსენების მიუხედავად, ეს დაპირება დაპირებადვე დარჩა.

თოქმაზიშვილის განმარტებით, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილება, ეს არის რედაქციული დაზუსტება და ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია იმ ბანკნოტებსა და მონეტებზე, რომლებსაც ის ბრუნვაში უშვებს და რომლის რეალიზაციაც ხდება ეკონომიკაში. გარდა ამისა, არსებობს ისეთი ბანკნოტები და მონეტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ამოიღებს მიმოქცევიდან და ანადგურებს, ეს ეხება გაცვეთილ ბანკნოტებს. თუ წინა რედაქციით ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს სებ-ს გაშვებული მონეტები და ბანკნოტები ბრუნვიდან უნდა ამოეღო და ამაზე იყო თითქოს აქცენტირებული ეს მუხლი, ახლანდელი რედაქციით ეს დაზუსტდა და მკითხველისათვის გაცილებით უფრო გასაგები და ნათელი გახდა მისი შინაარსი. რა განსხვავებაა მიმოქცევაში გაშვებულ ფულსა და რეალიზებულ ფულს შორის? გაშვებული ნიშნავს, რომ ჯერ ეკონომიკაში არ გადასულა ეს ფული - გაშვება და რეალიზება ეს ერთიანი პროცესი არის. სებ-ი უშვებს თავის ბანკნოტებსა და მონეტებს, რაც მერე კომერციული ბანკების მეშვეობით მიდის ეკონომიკაში; ის ბრუნავს და შემდეგ უკან ბრუნდება ეროვნულ ბანკში. ბუნებრივია, გაცვეთილი ბანკნოტებისა და დაზიანებული მონეტების ამოღება ხდება სებ-ის მიერ, მაგრამ ჯანსაღი ერთეულები ისევ ბრუნდება მიმოქცევაში. მან შეიძლება რამდენიმე ბრუნვა შეასრულოს, განსხვავებით ზოგიერთ ქვეყანაში არსებული წესებისა, სადაც ფულის ბანკნოტები, რომლებიც ბრუნდება ცენტრალურ ბანკში, მიუხედავად მისი დაზიანების ხარისხისა და "სიცოცხლისუნარიანობისა", იგი მაინც უპირობოდ უნდა განადგურდეს და მის ნაცვლად ახალი ფულის ბანკნოტები გამოდის.

"ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით" იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს ბანკნოტი თუ მონეტა რანაირი დაზიანებულიც არ უნდა დაუბრუნდეს (ოღონდ უნდა ეტყობოდეს, რომ ეს არის ფულის ნიშანი და არა სხვა რამ), ეროვნული ბანკი ვალდებულია მის მფლობელს შესაბამისი ნომინალით აუნაზღაუროს. 

ვფიქრობთ, კანონში ეს ახალი ჩანაწერი მთლად ნათელი მაინც არ არის, მით უმეტეს, რომ ბევრისთვის უცნობია ტერმინი "რეალიზებული ფული". ასეთთა აზრით, ამ შემთხვევაში იგულისხმება გაყიდვა. მოგეხსენებათ, სებ-ის ფულის მუზეუმში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული პროდუქცია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. აქ იყიდება ოქროს საინვესტიციო მონეტებიც, სამახსოვრო მონეტებიც, ლარის ბანკნოტებიცა და მონეტებიც. მაგალითად, 2008 წელს გამოშვებული ათლარიანი 11 ლარი ღირს, ოღონდ სავსებით უხმარია და მყიდველისთვის ნუმიზმატიკური დატვირთვა აქვს. სხვათა შორის, 1999 წლის ერთლარიანი ბანკნოტი 100 ლარი ღირს, ერთთეთრიანი მონეტა კი 3 თეთრად იყიდება. რაც შეეხება ოქროს საინვესტიციო მონეტებს, 1000, 300, 100, 50, 25 და 10 ლარის ნომინალის მონეტების გასაყიდ ფასს საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ყოველდღიურად ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციის მიერ დადგენილი ფასების მიხედვით. მაგალითად, 30 აპრილს 10 ლარის ნომინალის (3,1 გრ) მონეტის გასაყიდი ფასი 240 ლარი იყო.

ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე საავტორო უფლებების მფლობელია სებ-ი

სებ-ის კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტიც ახლებურად ჩამოყალიბდა და სტილისტური ცვლილების გარდა, მას დაემატა ფრაზა: "ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე საავტორო უფლებების მფლობელია საქართველოს ეროვნული ბანკი“. რატომ გახდა საჭირო ამ ფრაზის დამატება?

როგორც მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, ეს უკვე ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ეხება. საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკი არის ხოლმე შემკვეთი და განსაზღვრავს მოთხოვნებს, თუ დიზაინერმა როგორი ფულის ნიშანი უნდა დაამზადოს. იმისათვის, რომ არ წარმოიშვას გაუგებრობა დიზაინის ავტორებსა და ეროვნულ ბანკს შორის, ამიტომ კანონი განსაზღვრავს იმას, რომ რადგანაც შემკვეთი და მისი მფლობელი არის ეროვნული ბანკი, ამიტომ ბანკნოტებსა და მონეტებზე საავტორო უფლებაც ეროვნულ ბანკს უნდა ეკუთვნოდეს. ვერ გეტყვით, ყოფილა თუ არა ამ დიზაინების სხვაგან გამოყენების პრეცედენტი, მაგრამ იმისათვის რომ არ მოხდეს და თავიდან იყოს ეს აცილებული, ამიტომ საავტორო უფლებაც საკანონმდებლო წესით იქნა მითითებული. არსებობს საავტორო უფლებების დაცვის სხვა კანონები, მაგრამ ფულის ბანკნოტები და მონეტები არის ინტელექტუალური საკუთრების მცირე სეგმენტი და ის ამ კანონშია ასახული. საერთოდ კი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრება დაცული იყოს და მისი რეგულირება ხდებოდეს. თუმცა რეალურად ჩვენთან ბევრი რამის საავტორო უფლებები ირღვევა, ამის პრეცედენტები არსებობს და ეს არ შეიძლება არსებობდეს იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ფულის ბანკნოტებსა და მონეტებს ეხება.

თავის მხრივ ნოდარ ჯავახიშვილი დასძენს, რომ საქართველოს ატრიბუტიკის გამოყენება არსად შეიძლება, ამას კანონი კრძალავს. მაგრამ ამ კანონის არსებობის მიუხედავად და თავის დროზე ჯავახიშვილის დიდი ბრძოლის მიუხედავად, მან ედუარდ შევარდნაძეს მაინც ვერ გადაარქმევინა "საქართველოს ბანკისთვის" სახელი. "საქართველო" არ უნდა ერქვას კომერციულ ბანკს. საქართველოს ბანკი არის ეროვნული ბანკი.

ნუმიზმატიკური ფასეულობების დამზადებისა და რეალიზაციის წესს საბჭო აღარ დაადგენს

35-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ აქამდე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობების დამზადებისა და რეალიზაციის წესს ადგენდა ეროვნული ბანკის საბჭო, ამიერიდან ნუმიზმატიკური ფასეულობების დამზადებისა და რეალიზაციის წესის დადგენა ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქცია აღარ არის. რით აიხსნება ეს ცვლილება?

მიხეილ თოქმაზიშვილის განმარტებით, ნუმიზმატიკური ფასეულობები არის მონეტების ძალიან ვიწრო სეგმენტი და მისი გამოშვება-რეალიზაცია არავითარ ზეგავლენას არ ახდენს იმ ძირითად პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ინფლაციის შემცირებისაკენ, მონეტარული პოლიტიკის განვითარებისაკენ. მისი აზრით, ამიტომაც, უბრალოდ, ეროვნული ბანკის საბჭო გათავისუფლდა იმ ფუნქციისაგან, რომელიც არ ეხება ინფლაციას და მონეტარულ პოლიტიკას. ნუმიზმატიკური ფასეულობების გამოშვებას მაინც უპირატესად კომერციული დატვირთვა აქვს, ეროვნული ბანკისათვის ეს არის დამატებითი შემოსავლის წყარო.

მეორე მხრივ, ნუმიზმატიკურ ფასეულობას კიდევ მხატვრული ღირებულება აქვს და როგორც მხატვრულ ღირებულებას, თავისი შემფასებლები ჰყავს. ხოლო მთლიანობაში კი, რამდენადაც ნუმიზმატიკური ფასეულობები არის მექანიზმი, რომლითაც სებ-ი დამატებით შემოსავლებს მოიპოვებს და საქართველოს პოპულარიზაციას ახდენს, ამიტომ იგი ბანკის მენეჯმენტის დამოუკიდებელი საქმიანობის სფეროს უნდა მიეკუთვნებოდეს.

ნუმიზმატიკის ნიშნებს არა აქვს ის დატვირთვა, რასაც ფული ჰქვია. მართალია ის იყიდება, მას ღირებულება აქვს, მაგრამ ეს არ არის ის ნიშანი, რომელიც ყოველდღიურ მიმოქცევაშია და ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. მისი ფუნქცია მაინც განსხვავებულია; მისი ფუნქცია არის რაღაცა კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების წინ წამოწევა, ან საქართველოს გაცნობა უცხოელებისათვის, რაღაცა ეროვნულის (ვთქვათ, ქართული ცეკვების, სიმღერების, სპორტის, გამოჩენილი ადამიანების) პოპულარიზაცია; ამიტომ აქ მას ვერ გავათანაბრებთ ფულის ნიშნებთან და სწორედ ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ მისი წარმოება დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს სებ-ის მენეჯმენტმა.

ნუმიზმატიკასთან დაკავშირებით თოქმაზიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ საერთოდ, ამ პროდუქციის გამოშვება ნაწილობრივ მიმართულია იქითკენ, რომ მათი ბრუნვაში გაშვებით ამოღებული იქნეს ნაღდი ფული ანტიინფლაციური მიზნით. მაგრამ თვითონ სებ-ის საქმიანობაში კონკრეტულად ამ საქმიანობას ძალიან მცირე სეგმენტი უკავია, რამეთუ ინფლაციურ განვითარებაზე ის მნიშვნელოვან ზემოქმედებას ვერ ახდენს; ანუ ნუმიზმატიკური ფასეულობები ჭარბი ფულის ამოღების ერთ-ერთი სუსტი, უმნიშვნელო ინსტრუმენტია, ამიტომ მასზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება თოქმაზიშვილს საჭიროდ არ მიაჩნია.

ვახტანგ ბალავაძე კი აცხადებს, რომ ნუმიზმატიკური ფასეულობების დამზადებისა და რეალიზაციის წესის დადგენა არის უფრო სამუშაო პროცესი, ვიდრე კოლეგიალურად გადასაწყვეტი საქმე. სებ-ის საბჭო კოლეგიალური ორგანოა. საბჭოს ფუნქციები უფრო დიდია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს კონკრეტული საკითხი. ამიტომ სწორი არ იქნება, რომ საბჭო ამისთვის შეიკრიბოს და მარტო ამ საკითხზე იმსჯელოს.

"მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ"

ორგანული კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რითაც ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებებს კიდევ ერთი დაემატა და ამიერიდან ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა ან რეალიზაცია. მაგრამ სად და როგორ უნდა დაამზადოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდები? მას თავისი საწარმო ექნება? ამ დამატების ავტორის განმარტებით, აქ იგულისხმება, რომ ოქროს მარაგის ფლობის შემთხვევაში სებ-ი დაამზადებინებს ზოდებს და არა ის, რომ თვითონ სებ-ს ექნება შესაბამისი საწარმო.

თოქმაზიშვილის თქმით კი, მართალია საქართველოს დღეს არ გააჩნია ოქროს ზოდები, მაგრამ მომავალი ოპტიმისტურია. საქმე ისაა, რომ ოქროს ფასი ყოველ წელს იზრდება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფასეულობა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის სტაბილურობის გარანტიას იძლევა. რაც შეეხება იმას, ვინ და როგორ დაამზადებს ამ ზოდებს, ეს უკვე ჩვენი ოცნების სფეროა. თოქმაზიშვილს აბსოლუტურად შესაძლებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ სებ-მა ოქრო შეისყიდოს და ოქროს ზოდები დაამზადოს; ამისათვის სრულებით არ არის საჭირო, ეროვნულ ბანკს თვითონ ჰქონდეს საწარმო (და არც უნდა ჰქონდეს). შეიძლება შეკვეთა მისცეს სხვა, შესაბამის დაწესებულებას და იმან დაუმზადოს ოქროს ზოდები. აქ სიტყვა "დამზადება" არ ნიშნავს "წარმოებას"; დამზადება არ ნიშნავს, რომ ფაბრიკა და ქარხანა მუშაობდეს, რომელიც იქნება სებ-ის განკარგულებაში. ალბათ, რომელიღაც ეტაპზე მივაღწევთ იმას, რომ რეზერვებში ოქროც გვექნება.

მოგეხსენებათ, ოქროს საინვესტიციო მონეტების დასამზადებლად ეროვნულმა ბანკმა ოქროს ის რამდენიმე ზოდი გამოიყენა, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მისგან დარჩა. სებ-ის ადრეულ კანონში ეწერა, რომ მისი საერთაშორისო რეზერვები შედგება ოქროსაგან და უცხოური ვალუტისგან. საერთაშორისო რეზერვებს ერქვა ოქროსა და ვალუტის რეზერვი, ანუ საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ზოდებიც შედიოდა; ახლა ეროვნულ ბანკს ოქროს ზოდები აღარ გააჩნია; ის, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ერგო, ოქროს საინვესტიციო მონეტების გამოსაშვებად დაიხარჯა. ამჟამად საერთაშორისო რეზერვები ეროვნულ ბანკს აქვს დოლარსა (70%) და ევროში (30%). შესაძლოა, ეროვნული ბანკის კანონში ამ ახალი ცვლილების მეშვეობით ის ძველი ჩანაწერიც აღდგეს. საერთოდ, ოქროს ზოდების შეძენისა და რეალიზაციის უფლება ყველა ბანკს აქვს. ისე, უმჯობესი იყო, რომ სებ-ის კანონში ეს ცვლილება შესულიყო უფრო ადრე, თუნდაც ორიოდე წლის წინათ, როცა მსოფლიო ბაზარზე ოქრო ორჯერ უფრო იაფი იყო. სანამ გაძვირდებოდა, მანამ უნდა გვეყიდა.

დალი ჩიკვაიძე