ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირის დეკლარაციები ინტერნეტში განთავსდა
#7 (127), 2010
რა ქონების მფლობელია საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრი
 

საქართველოს პარლამენტის წევრები იმ თანამდებობის პირთა წრეს მიეკუთვნებიან, რომელსაც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს და ვისთვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ბიუროში წარდგენა. ეს კანონი 1997 წლის ოქტომბერშია მიღებული, აღნიშნული ბიუროც ამ კანონის საფუძველზე შეიქმნა და 1998 წლიდან არსებობს, თუმცა მრავალჯერადი საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ იცვლებოდა დეკლარანტთა წრეც, დეკლარაციის ფორმებიც, მათი წარდგენის ვადებიც და თავად ბიუროც. თავიდან მას თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის ბიურო ერქვა.

ეს სტრუქტურა იყო საქართველოს კონტროლის პალატასთან არსებული, მაგრამ ანგარიშვალდებული საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. 2004 წლის 1 ივლისს ბიურო საჯარო სამართლის პირად გარდაიქმნა, სახელწოდება იგივე დარჩა და იმ დროიდან მოყოლებული 2009 წლის 31 ივლისის ჩათვლით მის საქმიანობაზე კონტროლს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებდა. 2009 წლის 12 ივნისს კი ცვლილებები შევიდა კანონში "საჯარო სამსახურის შესახებ", შესაბამისი ცვლილებები და დამატება შევიდა ასევე კანონში "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ", რის საფუძველზეც თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო საჯარო სამსახურის ბიუროსთან გაერთიანდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო 2009 წლის 1 აგვისტოდან ლიკვიდირებულია, მისი უფლებამონაცვლეა საჯარო სამსახურის ბიურო.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ბიურო კოორდინაციას უწევს საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას; რომ საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად მონაწილეობს საჯარო სამსახურის სფეროში რეფორმის განხორციელებაში, აანალიზებს საჯარო სამსახურში არსებულ სისტემას და უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, საჯაროობასა და დროულად ჩაბარებაზე ზედამხედველობას.

2010 წლის 1 თებერვლიდან კი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემა ამოქმედდა და დეკლარაციების წარდგენა მხოლოდ ელექტრონულად ხდება. ამ სისტემის ადმინისტრირებას საჯარო სამსახურის ბიურო უზრუნველყოფს.

დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ თანამდებობის პირებისათვის დეკლარაციის შევსების პროცედურა გაამარტივა. დეკლარანტები ბიუროს ვებ-გვერდზე (www.declaration.ge ან www.csb.gov.ge) შედიან, დეკლარაციას სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უნიკალური კოდის მეშვეობით ონლაინ-რეჟიმში ავსებენ და აგზავნიან. მათ აღარ უწევთ დეკლარაციის ფურცლების ამობეჭდვა, საჯარო სამსახურის ბიუროში სტუმრობა, შევსებული დეკლარაციის მიტანა და ა.შ.

2004 წლამდე პიროვნება ჯერ ინიშნებოდა თანამდებობაზე და მერე ხდებოდა ვალდებული, რომ დანიშვნიდან 1 თვის განმავლობაში დეკლარაცია უნდა შეევსო. ასევე, იგი ვალდებული იყო დეკლარაცია შეევსო თანამდებობის დატოვებიდან 1 თვის განმავლობაში. ყოველწლიური სადეკლარაციო პერიოდი 1 აპრილიდან 30 აპრილამდე გახლდათ. 2004 წლის 13 თებერვალს კანონში შევიდა ცვლილებები და დამატებები, რის შემდეგაც პირი არ შეიძლებოდა თანამდებობაზე დანიშნულიყო, თუ იგი თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში ქონებრივ დეკლარაციას არ წარადგენდა და მის დამნიშნავ ხელმძღვანელს დეკლარაციის ასლი არ გადაეგზავნებოდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი უკვე ავსებდა არა 1 თვის ვადაში, არამედ მომავალ სადეკლარაციო პერიოდში, ანუ აპრილის თვეში.

2008 წლის 2 ოქტომბრის ცვლილებების თანახმად კი თანამდებობის პირი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ვალდებულია ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების თარიღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები. სწორედ ამ საკონონმდებლო ცვლილების გამო შარშანდელ დეკლარაციებში ბევრ დეკლარანტს უძრავი თუ მოძრავი ქონების ამსახველი გრაფები ცარიელი ჰქონდა, აქაოდა, წინა დეკლარაციის შევსების მერე ჩვენს ქონებაში არაფერი შეცვლილაო.

ნებისმიერი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირის დეკლარაცია საჯაროა და ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მისთვის საინტერესო დეკლარანტის დეკლარაციის როგორც გაცნობა, ისე ასლის მიღება, ოღონდ საამისოდ მიმდინარე წლის 1 თებერვლამდე, ანუ სანამ დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემა ამოქმედდებოდა, მას გარკვეული ბიუროკრატიული მოთხოვნები უნდა შეესრულებინა. 1 თებერვლიდან კი საკმარისია ბიუროს ვებ-გვერდზე შევიდეს და მისთვის საჭირო დეკლარაცია თავადვე მოძებნოს. ცხადია, მისთვის საინტერესო დეკლარანტის დეკლარაციის ასლის მიღება ბიუროშიც შეუძლია, ოღონდ ამისათვის კანონით გათვალისწინებული მოსაკრებელი უნდა გადაიხდოს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 2 ოქტომბრის ცვლილებამდე თანამდებობის პირი ორი სახის დეკლარაციას (ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას და საფინანსო დეკლარაციას) ავსებდა; ამ ცვლილების შემდეგ, 2008 წლის ნოემბრიდან კი ავსებს მხოლოდ ერთს - ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას. დეკლარაციის ახალი ფორმა 12 ფურცლისგან შედგება, მისი მე-12 ფურცელი საიდუმლო გრაფას წარმოადგენს, ანუ საჯარო არაა. 2008 წლის ნოემბრიდან საჯარო ინფორმაციას აღარ წარმოადგენდა ასევე დეკლარანტის პირადობის მოწმობის ნომერი, სამსახურის მისამართი და ტელეფონი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილი და ბინის ტელეფონი, რაც პირველ ფურცელზეა განთავსებული; ასე რომ, დაინტერესებული პირი დეკლარაციის ასლს პირველი და ბოლო ფურცლების გარეშე იღებდა. ეს შეზღუდვა პირველ გვერდზე ნაწილობრივ მოიხსნა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ 2009 წლის 4 დეკემბერს მიღებული ცვლილებებისა შედეგად, კერძოდ, საჯაროა ინფორმაცია დეკლარანტის სამსახურის მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ, ხოლო პირადი ნომრის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, მისამართის და ტელეფონის ნომრის შესახებ კვლავაც არაა საჯარო.

შეგახსენებთ, რომ 1998 წლიდან მოყოლებული მთელი 10 წლის განმავლობაში, პირველ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

ვფიქრობთ, ამ ცვლილებას გარკვეული გამართლება აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ყველა სხვა ცვლილებაზე, თუნდაც იმაზე, რომ დეკლარაციაში აღარაა მითითებული დეკლარანტის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონების (მაგალითად, საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, მსუბუქი ავტომობილის, ავეჯის, ფერწერული ტილოს და ა.შ.) ღირებულება, რაც ადრე ეწერა ხოლმე და მეტ-ნაკლებად შესაძლებელს ხდიდა საზოგადოების მხრიდან თვალის მიდევნებას ამა თუ იმ დეკლარანტის ქონებრივი მდგომარეობის ცვლილებებზე. ისედაც დეკლარანტის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციაზეა დამოკიდებული, რამდენად სრულად და სწორად ჩაწერს დეკლარაციაში იმ მონაცემებს, რასაც მას კანონი ავალდებულებს. მართალია, დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა იწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სისხლის სამართლის კოდექსით, მაგრამ რეალურად არ გვსმენია იმის თაობაზე, რომ დეკლარაციაში თუნდაც სოლიდური ღირებულების ქონების ჩაუწერლობის გამო ვინმეს მიმართ რამე სანქცია დაეკისრებინოთ. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს დეკლარაციის წარუდგენლობის ან დაგვიანებით წარდგენის გამო, ასეთი ფაქტები გასულ წლებში ხდებოდა, წელს კი ჯერჯერობით არ ყოფილა.  

2009 წლის 4 დეკემბრის ცვლილებებით, ახალდანიშნულ და თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთათვის დეკლარაციის შევსების ვადა 1 თვიდან გაიზარდა 2 თვემდე. ამასთან საჯარო სამსახურის ბიუროს მოეხსნა შევსებული ქონებრივი დეკლარაციის დამოწმებული ასლის გადაცემის ვალდებულება თანამდებობაზე გამამწესებელი ორგანოსათვის.

შეგახსენებთ, რომ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე, ხოლო შემოსავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა კალენდარული წლის მდგომარეობით.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით წელს დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება 2700-მდე მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირს აქვს, 26 ივლისის მდგომარეობით კი უკვე ჩაბარებული ჰქონდა 2101-ს, საიდანაც 310 ყოფილი თანამდებობის პირია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 12-გვერდიანი დეკლარაციიდან საჯარო არაა ბოლო და ნაწილობრივ პირველი გვერდები. თუმცა, როგორც წესი, შევსებულ დეკლარაციებში შიდა რამდენიმე გვერდი მონაცემებს არ შეიცავს ხოლმე. უფრო ხშირად ასეთია გვერდი დეკლარანტის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ, ასევე გვერდი სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და გვერდი სადეკლარაციო პერიოდში 500 ლარზე უფრო ძვირად ღირებული საჩუქრის მიღების შესახებ.

ჩვენ დავინტერესდით პარლამენტის რამდენიმე წევრის ქონებრივი დეკლარაციით. ვნახოთ, რა მონაცემები შეიტანეს თავიანთ წლევანდელ დეკლარაციებში შემდეგმა პარლამენტარებმა: დავით ბეჟუაშვილმა, არჩილ გეგენავამ, გიორგი გოგუაძემ, ლევან ვეფხვაძემ, გიორგი თარგამაძემ, ფრიდონ თოდუამ და რუსუდან კერვალიშვილმა.   

დავით ბეჟუაშვილი

თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ბეჟუაშვილმა დეკლარაცია 2010 წლის 6 მაისს წარადგინა. მისი 11 გვერდიანი დეკლარაციიდან 3 გვერდი ინფორმაციას არ შეიცავს.

ბეჟუაშვილი 1969 წლის 19 იანვარს თეთრიწყაროს რაიონის დაბა მანგლისში დაიბადა. დეკლარანტის ოჯახი ოთხსულიანია და დეპუტატთან ერთად ცხოვრობენ მისი მეუღლე თეა ჭეიშვილი და მათი ორი შვილი (8 წლის ირაკლი და 5 წლის ნიკა).

დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა 70 კვ.მ. ფართის ბინა ქალაქ კიევში, 180 კვ.მ. ფართის ბინა ქალაქ მოსკოვში და 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საგურამოში. თეა ჭეიშვილის საკუთრებაა მსუბუქი ავტომანქანა Land Rover 2004.

დავით ბეჟუაშვილს მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე აქვს: "აბნ-ამრო ბანკში" 1000 ევრო, "ბანკ ოფ.საიპრუსში" 2000 ევრო, "ბარკლაის ბანკში" ორ მიმდინარე ანგარიშზე თითოეულზე 2000-2000 ევრო, "ამს. ტრეიდ. ბანკში" 5 000 ევრო, "ვითიბი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 2 530 ლარი და "ტაოპრივატ ბანკში" დეპოზიტზე 2 654 768 ევრო. ამ უკანასკნელი დეპოზიტიდან 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დეკლარანტის შემოსავალმა 371 667,75 ევრო შეადგინა.

ბანკებში განთავსებული სახსრების გარდა, 2010 წლის 1 მაისის მდგომარეობით დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაში არსებული ნაღდი თანხა იყო 210 000 აშშ დოლარი და 100 000 ევრო, თეა ჭეიშვილის საკუთრებაში 5 000 აშშ დოლარი და თითოეული შვილის საკუთრებაში 50 000-50 000 ლარი.

დავით ბეჟუაშვილი, როგორც პარტნიორი, მონაწილეობს ორი ფირმის საქმიანობაში, რომელთაგან ერთი, CHEMEXIM INTERNATIONAL LTD, დარეგისტრირებულია 1994 წლის 20 ოქტომბერს, მარშალის კუნძულების დედაქალაქ მაჯუროში მდებარეობს და მეორე, KEMBLE TRADING LTD, ლიმასოლში მდებარეობს და დარეგისტრირებულია კვიპროსში, ნიქოზიაში.

2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პარლამენტის წევრის თანამდებობაზე დავით ბეჟუაშვილის მიღებულმა შემოსავალმა 46 601,23 ლარი შეადგინა. 

დავით ბეჟუაშვილის ქონება ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს, ამიტომ თვალი მის წინა წლების დეკლარაციებსაც გადავავლეთ. 1999 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, იმ დროს დეკლარანტის საკუთრებაში იყო 30 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი სახლით მანგლისში, 55 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი თბილისში, 180 000 დოლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა მოსკოვში, 25 000 დოლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა კიევში, 47 000 დოლარად ღირებული ა/მანქანა - 1996 წლის (SAAB 900), 15 000 დოლარად ღირებული საძინებელი გარნიტური, 12 000 დოლარად ღირებული სასადილო გარნიტური, 8 000 დოლარად ღირებული სამზარეულო გარნიტური, 27 000 დოლარად ღირებული რბილი ავეჯი, 4 000 დოლარად ღირებული ტელევიზორი, 12 000 დოლარად ღირებული კაბინეტის ავეჯი. ეს ქონება დავით ბეჟუაშვილის 2000 და 2001 წლების დეკლარაციებშიც წერია.

2002 წელს დეკლარანტის საკუთრებაში არსებული მანგლისში მიწის ნაკვეთის (სახლით) ღირებულება იყო 30 000 ლარი, თბილისში საცხოვრებელი სახლისა 55 000 ლარი, კიევში საცხოვრებელი ბინისა 50 000 ლარი, მოსკოვში საცხოვრებელი ბინისა 360 000 ლარი, ა/მანქანისა 1996 წლის (SAAB 900) 60 000 ლარი, ტელევიზორისა 5 000 ლარი, ა/მანქანისა Lend Rover 2000 წლისა 70 000 ლარი. 2005 წელს ამას ემატება 25 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი საგურამოში.

2007 წლიდან დეპუტატის დეკლარაციებში აღარ ჩანს საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც ყველა წინა დეკლარაციაში შედიოდა და მესაკუთრეს (დეკლარანტს) მის ღირებულებად 55 000 ლარი ჰქონდა ჩაწერილი. 2007 წლის დეკლარაციის თანახმად მანგლისში დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთი სახლით ღირდა 30 000 ლარი, საცხოვრებელი ბინა კიევში 50 000 დოლარი, საცხოვრებელი ბინა მოსკოვში 500 000 დოლარი, ა/მანქანა 1996 წლის (SAAB 900) 10 000 დოლარი, თეა ჭეიშვილის კუთვნილი მიწა საგურამოში 25 000 დოლარი, მისივე Land Rover 2000 წლისა 15 000 დოლარი და 2004 წლის გამოშვების "ნისანი" 25 000 დოლარი. იგივე ქონება 2008 წლის დეკლარაციაშიც წერია.

არჩილ გეგენავა

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გეგენავამ დეკლარაცია 2010 წლის 6 მაისს შეავსო. მისი 11-გვერდიანი დეკლარაციიდან 3 გვერდი ინფორმაციას არ შეიცავს.
 
არჩილ გეგენავა 1975 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. მისი ოჯახი 5-სულიანია: თავად არჩილ გეგენავა, მისი მეუღლე სოფიო სხვედიანი და მათი სამი შვილი (ლიზი, ნიკოლოზი და ანასტასია).

გეგენავას საკუთრებას წარმოადგენს ბაგების სატყეო მეურნეობაში 4740 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 976 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი. სოფიო სხვედიანის საკუთრებაა თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე 92 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (რომლის ღირებულებად 2008 წლის დეკლარაციაში 325 000 ლარი ეწერა) და მსუბუქი ავტომანქანა თოყოტა LAND-CRUISER 200.

დეპუტატი სს "სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - M/GROUP"-ის 15 000 აქციის (აქციის ნომინალი 1 ლარი) მესაკუთრეა. მასვე მიმდინარე ანგარიშზე "HSBC ბანკი საქართველო" აქვს 110 000 აშშ დოლარი, "საქართველოს ბანკში" ანაბრებზე 496,50 ლარი, 39 467,85 აშშ დოლარი და 2 204,34 ლარი, საბარათეზე 4 675,09 ლარი; დეპუტატის მეუღლეს კი "საქართველოს ბანკში" საბარათე ანგარიშებზე აქვს 31 949,58 აშშ დოლარი და 780,17 ლარი.

არჩილ გეგენავა სამეწარმეო საქმიანობას 1997 წლიდან ეწევა და არის რამდენიმე ფირმის პარტნიორი თუ აქციონერი, თუმცა წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არც ერთი მათგანიდან სახელფასო შემოსავალი არ ჰქონია.

არჩილ გეგენავას მიერ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიღებულმა შემოსავალმა წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 56 676 ლარი შეადგინა. იმავე პერიოდში მან შემოსავალი მიიღო სს "თელიანი ველის" წილის გაყიდვით 1 753 232 ლარი, "მერსედესის" მარკის მანქანის გაყიდვით 40 000 ლარი, "ლექსუსის" მარკის მანქანის გაყიდვით 50 000 ლარი, შპს "კოლორიტის" წილის გაყიდვით 400 000 ლარი, შპს "ს&ს" დივიდენდი 48 982 ლარი, საბანკო ანგარიშებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 46 835 ლარი და პარლამენტიდან 56 676 ლარი. ხოლო გასავალს რაც შეეხება, არჩილ გეგენავას მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ანგარიშზე 56 676 ლარი ჩაურიცხავს და დაშენების პროექტზე გასავალი 34 679 ლარი ჰქონია.

გიორგი გოგუაძე

ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გოგუაძემ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2010 წლის 29 ივნისს შეავსო. მისი 11 გვერდიანი დეკლარაციიდან 6 გვერდი ინფორმაციას არ შეიცავს.

დეკლარანტი 1973 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. მისი ოჯახი ოთხსულიანია: თავად დეპუტატი, მეუღლე ნატო გურგენიძე და მათი ქალ-ვაჟი, ნანა და ვახტანგი.

ნატო გურგენიძის საკუთრებაა 1022 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე და 1500 კვ.მ. აგარაკი სოფელ ტაბახმელაში. 2008 წლის დეკლარაციის მიხედვით, ეს ბინა 150 000 ლარი, ხოლო აგარაკი ტაბახმელაში 200 000 ლარი ღირდა.

მაშინ თავად დეპუტატი სს "სახალხო ბანკის" 908 000 ცალი აქციის მფლობელი (აქციის ნომინალი კი 0,01 ლარი) იყო. ამავე ბანკში გოგუაძის მიერ სალარე ანგარიშზე შენატანი 618 388 ლარს შეადგენდა. აქვე მან, როგორც გენერალურმა დირექტორმა, 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ხელფასი 919 800 ლარი და პრემია 429 520 ლარი მიიღო.

2010 წლის 23 მარტს ნატო გურგენიძის კუთვნილ ბინაში ფალიაშვილის ქუჩაზე დაფუძნდა შპს "გუდაური 2010", რომლის საქმიანობაშიც დეპუტატი მონაწილეობს როგორც პარტნიორი.

გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გოგუაძემ პარლამენტარის თანამდებობაზე 46 401,23 ლარი შემოსავალი მიიღო.

გიორგი თარგამაძე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა გიორგი თარგამაძემ დეკლარაცია 2010 წლის 7 მაისს შეავსო.
 
დეკლარაციის 11 გვერდიდან 5 გვერდი ინფორმაციას არ შეიცავს. დანარჩენი 6 გვერდიდან კი ვგებულობთ, რომ დეპუტატი 1973 წლის 22 ნოემბერს თბილისში დაიბადა. ოჯახში მასთან ერთად ცხოვრობენ მეუღლე თათია თოფურია, 2 შვილი (თეკლა და მაკინე) და დედა ჟანა ვაჩეიშვილი.

გიორგი თარგამაძის საკუთრებას წარმოადგენს დედაქალაქში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე 50 კვ.მ. ფართობის ბინა, წყნეთში 400 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 1027 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე ბათუმში 70 კვ.მ. ბინა. თათია თოფურიას საკუთრებაა თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე 300 კვ.მ. ბინა. დეკლარანტს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა "ჰიუნდაი სანტაფე", მის მეუღლეს კი "ფოლკსვაგენ პასატი". ამ ქონების ფასების შესახებ თარგამაძის ორი წლის წინანდელ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2008-ში გიორგი თარგამაძის ბინა ყაზბეგის გამზირზე ღირდა 50 000 ლარი, სახლი წყნეთში 150 000 ლარი, ბინა ბათუმში 100 000 ლარი, თათია თოფურიას ბინა ჭონქაძის ქუჩაზე 200 600 ლარი, ავტომანქანა "ჰიუნდაი სანტაფე" 36 000 ლარი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარანტს "სტანდარტ ბანკში" სახელფასო ანგარიშზე ჰქონია 1 500 ლარი, "საქართველოს ბანკში" საკრედიტოზე 1 000 ლარი, "თიბისი ბანკში" საკრედიტოზე 1 000 აშშ დოლარი და "სტანდარტ ბანკში" საკრედიტოზე 10 000 დოლარი. გარდა ამისა, დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახით დეპუტატს 5 000 აშშ დოლარი, მის მეუღლეს კი 10 000 აშშ დოლარი ჰქონიათ.

2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გიორგი თარგამაძის შემოსავალმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თანამდებობაზე 56 816,23 ლარი შეადგინა.

ლევან ვეფხვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ დეკლარაცია 2010 წლის 7 მაისს წარადგინა. მისი დეკლარაციის 11 გვერდიდან 4 ინფორმაციას არ შეიცავს. ვიცე-სპიკერი 1974 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. იგი დაოჯახებულია. მას და მის მეუღლეს ნათია ჩიქოვანს ჰყავთ ქალ-ვაჟი, მარიამი და ვახტანგი.

ვიცე-სპიკერის საკუთრებას წარმოადგენს არსებული 163 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე და 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხაშურში, ვეფხვაძეების უბანში. შარშანდელ დეკლარაციაში ეს ბინა ნახსენები არ ყოფილა, თუმცა ეწერა 20 კვ.მ. ფართის ავტოფარეხი, რომელიც თბილისში იმავე მისამართზეა, სადაც ბინა და რომელიც შარშანდელ დეკლარაციაში აღნიშნული ჰქონდა როგორც მის საკუთრებაში არსებული. ახალ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია ვიცე-სპიკერის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა, 1997 წელს გამოშვებული "ოპელ ვექტრა", რომელიც წინა წლის დეკლარაციაში არ ეწერა.

2010 წლის დეკლარაციის შევსებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერს "საქართველოს ბანკში" სახელფასო ბარათის ანგარიშზე 3 500 ლარი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს სახელფასო ბარათის ანგარიშზე - "თიბისი ბანკში" 1 000 ლარი. რაც შეეხება ნაღდ ფულს, ლევან ვეფხვაძეს 6 000 ლარი და 2 600 დოლარი ჰქონდა.

სადეკლარაციო პერიოდში ვეფხვაძის მიერ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მიღებულმა შემოსავალმა 65 676 ლარი შეადგინა. დროის იგივე მონაკვეთში 21 141 ლარი მიიღო მისმა მეუღლემ, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

ლევან ვეფხვაძეს 2009 წლის 9 დეკემბერს "საქართველოს ბანკიდან" აუღია 5 100 ლარის ერთწლიანი სესხი, რის გამოც სადეკლარაციო პერიოდში გასავალმა 450 ლარი შეადგინა.

ფრიდონ თოდუა

წლევანდელი დეკლარაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ფრიდონ თოდუამ 2010 წლის 8 მაისს შეავსო. მისი 11-გვერდიანი დეკლარაციიდან 3 გვერდი ინფორმაციას არ შეიცავს.

დეპუტატი 1944 წლის 9 იანვარს, ზუგდიდში დაიბადა. ცხოვრობს მეუღლესთან, თინათინ შენგელაიასთან ერთად.

ფრიდონ თოდუას საკუთრებაშია თბილისში, დიღმის საწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 440 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. თინათინ შენგელაიას საკუთრებას წარმოადგენს მოსკოვში ბინა, ფართით 120 კვ.მ. შარშანდელ დეკლარაციაში არც ერთი ამ სამი ობიექტიდან ნახსენები არაა.

ვიცე-სპიკერს მსუბუქი ავტომანქანა, "Mercedes SLK 500" ჰყავს. წლევანდელი დეკლარაციის შევსებისას თოდუას მიმდინარე ანგარიშზე ედო `საქართველოს ბანკში~ 5 483 ლარი, "ქართუში" 3 143 ლარი და "ბანკ რესპუბლიკაში" 1 500 აშშ დოლარი. ნაღდი ფულის სახით კი ვიცე სპიკერს 12 000 ლარი და მის ცოლს 2 000 ლარი ჰქონდათ.

შარშანდელ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თოდუა არის თბილისში, თევდორე მღვდლის ქ.#13-ში მდებარე შპს კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის დამფუძნებელი და 100%-ის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც სადეკლარაციო პერიოდში შემოსავალმა 210 000 ლარი შეადგინა. წლევანდელ დეკლარაციაში კი ნათქვამია, რომ თინათინ შენგელაიამ, როგორც პარტნიორმა, ამ კლინიკაში საქმიანობით სადეკლარაციო პერიოდში 22 202 ლარი მიიღო. მას კლინიკა 2008 წლის 27 ივნისიდან 4 წლის ვადით მინდობილობით აქვს გადაცემული.

2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე ფრიდონ თოდუამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 65 796 ლარი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 37 706 ლარი და თსსუ რეზიდენტურის პროგრამის მოდულების კოორდინატორის თანამდებობაზე 3 923 ლარი მიიღო. ფრიდონ თოდუას დაბეგვრითა და სხვა ხარჯებით გასავალმა 5 000 ლარი შეადგინა.

რუსუდან კერვალიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა,  ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რუსუდან კერვალიშვილმა წლევანდელი დეკლარაცია 7 მაისს შეავსო. მისი 11 გვერდიანი დეკლარაციიდან მხოლოდ ერთი გვერდი არ შეიცავს ინფორმაციას.

დეკლარაციის თანახმად, დეკლარანტი 1955 წლის 25 ივლისს ონში დაიბადა. ოჯახში იგი დედასთან, ლამარა ჭიპაშვილთან ერთად ცხოვრობს.

ვიცე-სპიკერის საკუთრებას წარმოადგენს 250 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა თბილისში ზ. ბოცვაძის ქუჩაზე, 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, 120 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 372 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ბათუმში მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში; დედას, ლამარა ჭიპაშვილს ეკუთვნის 1000 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 20000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის არმაზის დასახლებაში, 80 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 2300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ონის რაიონის სოფელ სორში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, კერვალიშვილის საკუთრებაა: 2 მსუბუქი ავტომანქანა (NISSAN ALTIMA, 2008 წ. და AUDI A6, 2009 წ.), 2 ცალი სასადილო გარნიტური, 50 ცალი ფერწერული ტილო, 6 ცალი საძინებელი გარნიტური, 2 ცალი მისაღები ოთახის გარნიტური, 4 ცალი ლარნაკი, 2 ცალი გულსაკიდი და ერთი ცალი ოქროს ჯვარი. ლამარა ჭიპაშვილს ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4, 2006 წლის გამოშვება.

რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაშია აგრეთვე სს "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" 2 000 ცალი აქცია; აქციის ნომინალური ღირებულება 5 ლარია.
დეკლარაციის შევსების მომენტში არც ვიცე-სპიკერს და არც დედამისს საბანკო ანგარიშებზე თანხა არ გააჩნდათ, თუმცა ნაღდი ფულის სახით პირველს 600 000 აშშ დოლარი და მეორეს 500 000 აშშ დოლარი ჰქონდა.

კერვალიშვილი არის "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებელ/პარტნიორი და კიდევ 9 სხვა ფირმის პარტნიორი თუ აქციონერი, თუმცა სადეკლარაციო პერიოდში მათი საქმიანობით არანაირი შემოსავალი არ მიუღია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კი ამავე პერიოდში მან 65 836,23 ლარი მიიღო.

დეკლარანტს 13 სასესხო ხელშეკრულება აქვს დადებული. აქედან 6 ზეპირი ხელშეკრულებაა, კერძოდ, 400 000 აშშ დოლარი მიიღო ხელშეკრულებით, რომლის მოქმედების ვადაა 28/12/2007-28/12/2010; 100 500 აშშ დოლარი - 09/12/2007- 09/12/2010, 70 000 აშშ დოლარი - 25/06/2007-25/06/2010; 30 000 აშშ დოლარი - 10/04/2008-10/04/2011; 45 000 აშშ დოლარი - 06/12/2007-06/12/2010; 90 000 აშშ დოლარი - 12/08/2009-12/08/2010; ამ ხელშეკრულებების მიხედვით კერვალიშვილს სადეკლარაციო პერიოდში გასავალი არ ჰქონია. ამავე პერიოდში ასევე არ ჰქონია გასავალი "თიბისი ბანკიდან" საკრედიტო ბარათით აღებულ ორ სესხზე, რომელთაგან თითოეულის მოცულობაა 10 000-10 000 აშშ დოლარი, ხოლო მოქმედების ვადები 21/06/2008-21/06/2012 და 01/06/2006-01/06/2010 და "ბანკ რესპუბლიკადან" აღებულ 5 800 ევრო რესტრუქტურიზებულ სამომხმარებლო სესხზე, რომლის მოქმედების ვადაა 03/12/2009-26/11/2010. ვიცე-სპიკერს სადეკლარაციო პერიოდში 4 466,29 აშშ დოლარი გასავალი ჰქონია "თიბისი ბანკიდან" აღებული 17 300 აშშ დოლარის სესხის გამო, რომლის მოქმედების ვადა იყო 03/07/2006-10/07/2009; 28 522,99 აშშ დოლარი გასავალი - "თიბისი ბანკიდან" აღებული 92 960 აშშ დოლარის სესხის გამო, რომლის მოქმედების ვადაა 09/03/2007-10/03/2010; 33 375,56 აშშ დოლარი გასავალი - "თიბისი ბანკიდან" აღებული 53 950 აშშ დოლარის სესხის გამო, რომლის მოქმედების ვადაა 06/02/2008-10/02/2010; 7 184,51 აშშ დოლარი გასავალი - "საქართველოს ბანკიდან" აღებული 16 674 აშშ დოლარის სესხის გამო, რომლის მოქმედების ვადაა 19/03/2008-21/03/2011.

იმავე პერიოდში კერვალიშვილმა სატელევიზიო პროექტში "ვის უნდა 20 000" მოიგო 4 000 ლარი, რომელიც საქველმოქმედო მიზნით გასცა.

2008 წლის დეკლარაციის თანახმად, ბინა ბოცვაძის ქუჩაზე ღირდა 720 000 ლარი, სახლი და ნაკვეთი ბათუმში 700 000 ლარი, სახლი და ნაკვეთი არმაზში 7 200 000, მიწა ურეკში 155 000 ლარი, სახლი და მიწა სორში 30 000 ლარი, რუსუდანის "აუდი" 116 500 ლარი, "ნისანი" 26 000 ლარი, "ტოიოტა" 29 000 ლარი, 2 ცალი გულსაკიდი 47 000 ლარი, ოქროს ჯვარი 23 000 ლარი, 23 ფერწერული ტილო 2 000 000 ლარი და 27 ფერწერული ტილო 1 700 000 ლარი, 4 ლარნაკი 120 000 ლარი, სასადილო გარნიტურებიდან ერთი 35 000 ლარი და მეორე 65 000 ლარი, 6 საძინებელი 190 000 ლარი, მისაღები ოთახის 2 გარნიტური 55 000 ლარი.

დალი ჩიკვაიძე