ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#7 (127), 2010
ამერიკული საინვესტიციო ფონდი კაპიტალს ჩინეთში დააბანდებს

ამერიკულ საინვესტიციო ფონდში - Capital Group შემავალმა კომპანიამ Capital Research and Management ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის (Agricultural Bank of China, AgBank) კუთვნილი 1,63 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები შეიძინა. სულ Capital Research and Management-მა ჩინური AgBank-ის 3,93 მილიარდი აქცია შეიძინა, რაც ამ ბანკის მიერ ჰონკონგში გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების 12,79% ს შეადგენს. მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, AgBank საკუთარი ფასიანი ქაღალდები გასაყიდად ჰონკონგისა და შანხაის ბირჟებზე გამოიტანა.

ჰონკონგის ბირჟაზე ამ საფინანსო ინსტიტუტმა გასაყიდად საკუთარი კაპიტალის 8% (H კლასის 25,24 მილიარდი აქცია) გამოიტანა. შანხაის ბირჟაზე ეს მაჩვენებელი 7%-ს გაუტოლდა, რაც A კლასის 22,2 მილიარდ აქციას უდრის. საერთო ჯამში AgBank საკუთარი აქციების გაყიდვების შედეგად 19,23 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც უახლოეს მომავალში, 22 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. Agricultural Bank of China-ს ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს. იგი ქვეყნის უდიდესი ბანკების ხუთეულში შედის. AgBank-ს ქვეყნის მასშტაბით 23 ათასი განყოფილება აქვს, რომელიც 320 მილიონ ადამიანს ემსახურება.
 
ევროზონაში ყალბი ფული შემცირდა, ბრიტანეთში გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბრუნვიდან ამოღებული ყალბი ევრობანკნოტების რაოდენობამ 387 ათასი ცალი შეადგინა, რაც 2009 წლის მეორე ნახევართან შედარებით, 13%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) იტყობინება. გასული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ევროს 413 ათასი ყალბი კუპიურა აღმოაჩინეს, რაც ამ წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 8%-ით მეტია. სულ 2009 წელს ბრუნვიდან შესაბამისმა ორგანოებმა 860 ათასი ყალბი კუპიურა ამოიღეს.

ECB-ის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გამყალბებელთათვის ყველაზე პოპულარული 20 და 50 ევროს კუპიურები აღმოჩნდა, რაც შესაბამისად მთლიანი გაყალბებული ბანკნოტების 41,5 და 42,5 პროცენტია. ყველაზე ნაკლებად 5 და 500 ევროს ღირებულების კუპიურებს აყალბებენ. ამ ნომინალის კუპიურების რაოდენობა გაყალბებული ფულის საერთო რაოდენობის 0,5%-ია. საერთო ჯამში, ECB-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამჟამად ყალბი ევროების პროცენტული რაოდენობა არც ისე მაღალია. 2010 წლის პირველ ნახევარში სულ ბრუნვაში 13,2 მილიარდი ევრობანკნოტი იყო გაშვებული.

ამ მხრივ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში. ერთი ფუნტის ღირებულების ყოველ 36 მონეტაზე ერთი ყალბი მონეტა მოდის. ეს ამ ნომინალის ღირებულების მონეტის ბრუნვაში გაშვების მომენტიდან (1983 წლიდან) ყველაზე მაღალი დონეა. ამის შესახებ გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" აღნიშნავს. ერთი წლის წინ გაყალბებული ყოველი მეორმოცე მონეტა იყო, 2002 წელს ყოველი მეასე. ამ გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ხაზინამ შესაძლებელია 1 ფუნტის ღირებულების მონეტა თავიდან გამოუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მონეტა მოსახლეობის მხრიდან ნდობას დაკარგავს.

მსგავსი ზომები 2004 წელს სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ მიიღო, სადაც ტაქსისტები და გამყიდველები 5 რანდის ნომინალის მონეტის მიღებაზე უარს აცხადებდნენ. იმ მომენტისათვის, გაყალბებულად ითვლებოდა ამ ფულის საერთო რაოდენობის 2%. დიდ ბრიტანეთში კი, ამ მომენტისათვის 1 ფუნტის ღირებულების საერთო რაოდენობის 2,8% გაყალბებულად ითვლება. ბრიტანეთის ხაზინის მონაცემების მიხედვით, 2007 წელს ერთი ფუნტის ღირებულების 30 მილიონი ცალი მონეტა გაყალბებული იყო.

გამოქვეყნდა ევროპული ბანკების სტრეს-ტესტები

საბანკო ზედამხედველობის ევროპულმა კომიტეტმა (Committee of European Bank Supervisors, CEBS), მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ბანკების სტრეს-ტესტები გამოაქვეყნა. დასახელებულმა კომიტეტმა 91 ბანკი შეამოწმა, რაც მთლიანი ევროპული საბანკო სექტორის დაახლოებით 65%-ს შეადგენს. ბანკების მიერ სტრეს-ტესტების წარმატებით ჩაბარება იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, კონკრეტული ბანკის აქციათა ღირებულება შეფარდებული აქტივების მოცულობის რეზერვებთან (კაპიტალის საკმარისობის მაჩვენებელი) იქნება არანაკლებ 6%-ისა.

CEBS-ის მიერ ჩატარებული სტრეს-ტესტები შემოწმებული ევროპული ბანკებიდან შვიდმა ვერ ჩააბარა. მათ შორის არიან გერმანული Hypo Real Estate, ბერძნული ATE Bank და ხუთი რეგიონალური ესპანური შემნახველი დაწესებულება. ამ საფინანსო ორგანიზაციებისათვის ჩატარებული სტრეს-ტესტების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა: გერმანიის, ესპანეთისა და საბერძნეთის ხელისუფლება მათი ფინანსური საიმედოობის გასამყარებლად ყველაფერს აკეთებენ. სულ გერმანიაში - 14, ესპანეთში - 27, საბერძნეთში - 6 საფინანსო-საკრედიტო დაწესებულება შემოწმდა. ასეთივე შემოწმება 2009 წელსაც ჩატარდა, როცა ევროზონაში შემავალი 22 ბანკიდან სტრეს-ტესტები ყველა საფინანსო ორგანიზაციამ წარმატებით ჩააბარა.      

ბარაკ ობამა საფინანსო რეფორმის მომხრეა

ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ხელი მოაწერა კანონპროექტს "ამერიკის საფინანსო სისტემის რეფორმის შესახებ". მანამდე ეს კანონპროექტი ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მოიწონა. დემოკრატების მიერ განსახილველად შეტანილი კანონპროექტი იმ კომპლექსურ ზომებს მოიცავს, რომლებიც ამერიკის ეკონომიკას 2008 წლის საფინანსო კრიზისის განმეორების საფრთხეს თავიდან ააცილებს. ეს ეკონომიკური კრიზისი 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური იყო.

უკვე ძალაში შესული კანონი "ამერიკის საფინანსო სისტემის რეფორმის შესახებ", გულისხმობს კრედიტების გაცემაზე და სხვა საფინანსო ოპერაციებზე კონტროლის გამკაცრებას. იგივე კანონი ბანკებს საკუთარი კაპიტალით საბაზრო საფინანსო ოპერაციების ჩატარებას უკრძალავს. მასში გათვალისწინებულია გაკოტრებული საფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდაციის სქემა.

შეიქმნება სააგენტო, რომელიც საფინანსო ბაზრებზე მაქინაციებს შეებრძოლება. რესპუბლიკელები ქვეყნის საფინანსო სისტემის რეფორმირების აუცილებლობას აღიარებენ, მაგრამ ამ კანონს მასში გათვალისწინებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებენ. მათი აზრით, აღნიშნული შეზღუდვები ამერიკის ეკონომიკის ზრდის წინაღობა შეიძლება აღმოჩნდეს. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა ზეწოლის შედეგად გაუქმდა  მუხლი, რომელიც საბანკო საქმიანობაზე გადასახადის დაწესებას გულისხმობდა.

ნიგერიაში ბროკერები თაღლითობაში ამხილეს

ნიგერიის საფინანსო რეგულატორების გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის 260 ორგანიზაციისა და მოქალაქის საქმეს (რომლებიც ადგილობრივ საფონდო ბაზარზე საქმიანობდნენ), სპეციალური ტრიბუნალი განიხილავს. ნიგერიის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ხელმძღვანელი არუნმა ოტე მოითხოვს, რომ თაღლითობაში ეჭვმიტანილმა ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა არაკანონიერი საფინანსო ოპერაციების შედეგად მიღებული მოგება უკან უნდა დააბრუნონ და შესაბამისი ჯარიმაც გადაიხადონ.

რამდენიმე თვის განმავლობაში, ნიგერიის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ასობით მოქალაქის ფინანსური დარღვევების შესახებ საჭირო ინფორმაციას აგროვებდა. მათ "შავ სიაში" შევიდნენ საბირჟო ბროკერები, ბუღალტრები, იურისტები და სხვა პირები. მათ მიერ დარღვევების ფართო სპექტრი ფასიან აქციებთან დაკავშირებულ მანიპულაციებსა და თაღლითობას მოიცავს. მიმდინარე წელს, ნიგერიაში საბანკო კრიზისი დაიწყო, რამაც ადგილობრივ საფონდო ბაზარზე მრავალრიცხოვანი დარღვევები გამოავლინა.

გამოძიების შედეგად შესაბამისმა უწყებებმა დაადგინეს, რომ მთავარი პრობლემა ამ მიმართულებით, ბროკერების საქმიანობის არასაკმარისი კონტროლი და რეგულირებაა. ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის კონფიდენციალურ ანგარიშში (რომელიც BBC-ის განკარგულებაში აღმოჩნდა), მითითებულია, რომ ნიგერიის საფონდო ბირჟებზე კვალიფიცირებული მეთვალყურეობისა და კონტროლის დეფიციტი აშკარად შესამჩნევია, ხოლო ბროკერთა 65-70% ტექნიკურად გაკოტრებულნი არიან.