ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ჩინეთი: ლოკომოტივი თუ ველოსიპედი?
#7 (127), 2010
პერსპექტივები

ჩინეთის შიდა საერთო პროდუქტის ზრდის ძალიან მაღალი ტემპები მისი განვითარების არამდგრადობას აძლიერებს. შეშფოთებას იწვევს მომავალში ამ ქვეყნის "გადახურებული" ეკონომიკის "გაგრილების" პროცესი. სწორედ ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდა განაპირობებდა მსოფლიოს მასშტაბით კრიზისის შემდგომ ეკონომიკის შენელებულ აღდგენას.

ამ ქვეყნის წინსვლას მეტაფორულად ლოკომოტივის სწრაფ სვლას ადარებენ, რადგანაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები მართლაც, რომ შთამბეჭდავია. დიდმა რეცესიამაც კი ნაკლები გავლენა მოახდინა ამ ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტის ზრდის ტემპებზე.
 
რამდენად მდგრადია ეს ზრდა მომავალში? არის თუ არა ეს ქვეყანა გარე კონიუნქტურაზე დამოკიდებული? შეუძლია თუ არა ჩინეთის ეკონომიკამ საკრედიტო "საპნის ბუშტებს" რაიმე დაუპირისპიროს, მის გავლენას გაუძლოს? რამდენად იქნება დაცული ბალანსი შიდა ბაზრის მოთხოვნასა და საექსპორტო ორიენტაციას შორის?  – ეს შეკითხვები ექსპერტებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ.

საზაფხულო "გაგრილება"

ხანგრძლივვადიან პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს ანალიტიკოსები საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებენ. ამ ქვეყანას ყველა შანსი აქვს თავისი მეზობლების – ტაივანისა და სამხრეთ კორეის მიერ განვლილი გზა გაიმეოროს: ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების გათვალისწინებით განვითარებულ ქვეყნად გადაიქცეს. მიუხედავად ამისა, ჩინეთის მოკლევადიანი პერსპექტივები არც თუ ისე წარმტაცია.
 
ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შენელებაზე ბოლო სტატისტიკური მონაცემებიც  მეტყველებს. 2010 წლის მეორე კვარტალში შიდა საერთო პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი წლიური გადაანგარიშებით, 10,3%-მდე  შემცირდა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11,9%-ს გაუტოლდა. ამ მაჩვენებელზე უფრო მეტად შენელდა სამრეწველო წარმოების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც მაისში 16,5% დან ივნისში 13,7%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შენელება ზედიზედ 4 თვეა გრძელდება. ჰონკონგის კონსალტინგური კომპანია GaveKal-ის ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ზრდის ტემპები კიდევ უფრო შემცირდება: 2010 წლის მეორე ნახევარში შიდა საერთო პროდუქტის ზრდა წლიური გადაანგარიშებით 9,5%-მდე, ხოლო 2011 წელს 8 9% ის ფარგლებში შემცირდება.

ეს ოპტიმისტური სცენარია და აქტუალური მხოლოდ ჩინური პროდუქციის იმპორტიორ ქვეყნებში საგარეო ეკონომიკური სტაბილურობის პირობებში იქნება. ამის გარდა, ჩინეთის ხელისუფლებამ განსაკუთრებული გართულებების გარეშე ქვეყნის უძრავი ქონების გადახურებული ბაზრის "გაგრილება" უნდა შეძლოს. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, ჩინურმა ლოკომოტივმა წინსვლა შესაძლებელია კიდევ უფრო შეანელოს.

ერთი შეხედვით ისე მოჩანს, რომ ჩინური ლოკომოტივის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ექსპორტზე ორიენტირებული მრეწველობა წარმატებით მუშაობს. ექსპორტის მაჩვენებელმა 2010 წლის მეორე კვარტალში წლიური გადაანგარიშებით, 41%-ით მოიმატა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი პირველ კვარტალში 29% ს გაუტოლდა.

ჰონკონგის კიდევ ერთი კონსალტინგური კომპანიის Dragonomics-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკულად, ეს ზრდა შემთხვევითმა და მოკლევადიანმა ფაქტორებმა განაპირობეს. ჯერ ერთი, მნიშვნელოვანია დაბალი ბაზის ეფექტი: 2009 წლის დასაწყისში მსოფლიო რეცესიის პიკი დაფიქსირდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ექსპორტიორებმა საწყობში არსებული მარაგების "დაბინავება" 2010 წლის 15 ივლისამდე მოასწრეს, როცა დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების ვადა იწურებოდა.

400-ზე მეტი დასახელების პროდუქციის მწარმოებლებმა კარგად გამოიყენეს ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ერთჯერადი შეღავათი და თავიანთი პროდუქციის გაყიდვა დაჩქარებული ტემპებით გადაწყვიტეს. ამგვარად, ფოლადის ექსპორტმა ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის ივნისში ექვსი თვის მაჩვენებლის ერთი მეოთხედი შეადგინა.

მესამე ფაქტორი ამერიკელი და ევროპელი რიტეილერებისაგან მომდინარეობს: მათ იუანის შესაძლებელი რევალვაციის შიში გაუჩნდათ და მკვეთრად გაზარდეს ჩინური ფართო მოხმარების პროდუქციის შესყიდვის მოცულობა.
 
ყველა ეს ფაქტორი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შესაძლებელია უმნიშვნელო გახდეს. დადებითი შედეგი იქნება ის, თუკი ჩინეთი 2010 წლის დასასრულისათვის ექსპორტის ნულოვან დინამიკას დააფიქსირებს.

ჩინური ლოკომოტივის სიჩქარის შენელებაზე მის მიერ გამოყენებული რესურსების მოცულობაც მეტყველებს. მოკრძალებული აღმოჩნდა იმპორტის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, რომელიც წლიური გადაანგარიშებით მხოლოდ 36% ით გაიზარდა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი 2010 წლის პირველ კვარტალში 65%-ს გაუტოლდა. ზრდის ტემპების შენელება ყველაზე მეტად ივნისზე მოდის.

ასე მაგალითად: რკინის მადნის იმპორტი მაისის თვისათვის 9%-ით, სპილენძისა და ალუმინის იმპორტი 20%-ზე მეტით შემცირდა, რაც ავსტრალიელი და ბრაზილიელი მიმწოდებლების შეშფოთებას იწვევს. შარშან ჩინეთზე რკინის მადნის მსოფლიო ექსპორტის 70% მოდიოდა.

ჩინეთის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება ბოლო დრომდე ნახშირბადისა და წყალბადის ბაზარზედაც იგრძნობოდა. პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში ნავთობზე რეცესიული შემცირების ფონზე, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა: 2008 წლის მაჩვენებლებით, ჩინეთი დღეში 7,8 მილიონ ბარელს გამოიყენებდა, მაშინ როცა 2010 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 8,7 მილიონ ბარელამდე დღეში გაიზარდა, რაც უპრეცედენტოა. ამ მოთხოვნილების ნახევარი იმპორტული მიწოდებით იფარება. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რატომ გაიზარდა ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა?

ამ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნილება არც ისე სწრაფად იზრდებოდა. მაგალითად, ბენზინის გამოყენება ხუთ წელიწადში "მხოლოდ" 32%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კერძო ავტოპარკი ბოლო პერიოდში გაიზარდა (ავტომობილებს ჩინელები როგორც სტატუსის მქონე სიმბოლოს შეიძენენ), გადაადგილების ყოველდღიურ საშუალებად მაინც ველოსიპედს ამჯობინებენ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთში ნავთობის გამოყენების რეალური დონე მხოლოდ 7,9 მილიონი ბარელია დღეში. განსხვავება კი სახელმწიფო სტრატეგიული მარაგებისათვის განკუთვნილ ადგილებში ან ნავთობგადამამუშავებლებთან გროვდება.

ნავთობპროდუქტების დაბალი ფასების გამო, ჩინეთის მთავრობამ სტრატეგიული მარაგების შევსება გადაწყვიტა. უდიდეს კომპანიებს Petrochina და Sinopec სუბსიდიების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ ნავთობის გადამუშავების რენტაბელურობის გარანტიები მისცა.

ამ მომენტისათვის, სტრატეგიული მარაგები შევსებულია, უახლოეს მომავალში კი სუბსიდირებაც შესაძლებელია დასრულდეს. GaveKal-ის ანალიტიკოსთა პროგნოზების მიხედვით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი ჩინეთის მხრიდან მოთხოვნილების შემცირების ფონზე შესაძლებელია 60 დოლარამდე დაეცეს.
 
უძრავი ქონების "საპნის ბუშტები" ჩინურად

იმპორტის მოცულობისა და სამრეწველო ლითონებზე ფასების შემცირების ფონზე (მაშინ როცა ნავთობთან დაკავშირებული პროგნოზები დათვურ სამსახურს უწევენ ეკონომიკის განვითარებას), გასაკვირი არ უნდა იყოს ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული დაძაბული სიტუაციაც.

2008 წლის ბოლოს, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობამ ეკონომიკისათვის კრედიტების გამოყოფა ერთბაშად გაზარდა. ეკონომიკის მასტიმულირებელმა ზომებმა 2009 წელს ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტის 20%, ხოლო 2010 წელს - 10% შეადგინა.

ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ამ გარემოებამ საცხოვრებელი ფართის ბაზრის "გადახურება" გამოიწვია – სახელმწიფო ბანკებიდან გაცემულმა იაფმა ლიკვიდურობამ გზა იპოთეკურ კრედიტებში და დეველოპმენტში იპოვა.

ჩინეთის ხელისუფლებას უძრავ ქონებაზე არაკონტროლირებადი ფასების ზრდის დაფიქსირების შიში გაუჩნდა, რის გამოც ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში "საპნის ბუშტიდან" ჰაერის ფრთხილად გამოშვებას შეეცადა. ამის გამო, მეორე სახლის შესაძენად 10%-ით (40-დან 50%-მდე) გაიზარდა იპოთეკის პირველადი შენატანის მოცულობა, ხოლო პეკინის მსგავს დიდ ქალაქებში მეორე საცხოვრებელი სახლის შეძენაზე ქალაქის საზღვრებში შეზღუდვებიც კი დაწესდა. გარდა ამისა, სახელმწიფო ბანკებმა კრედიტების გაცემის მოცულობა საგრძნობლად შეამცირეს. მიმდინარე წლის ივნისში ამ მაჩვენებელმა 603 მილიარდი იუანი (88 მილიარდი დოლარი) შეადგინა, რაც 2009 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 60,6%-ით ნაკლებია.

მაშინ კრედიტების მოცულობამ ამ მიმართულებით ფანტასტიკურ დონეს, 1,53 ტრილიონ იუანს მიაღწია. 2008 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი "მხოლოდ" 332 მილიარდ იუანს გაუტოლდა. ხელისუფლება აგრეთვე შეეცადა საბანკო ბალანსებს მიღმა არსებული "ჩრდილოვანი" იპოთეკური კრედიტების გაცემა შეეწყვიტა.

შედეგიც მალევე გამოჩნდა: მეგაპოლისებში უძრავი ქონების გაყიდვები უკვე მიმდინარე წლის ივნისში შემცირდა. ჩინეთის 70 უდიდეს ქალაქში უძრავი ქონების ღირებულება 0,1%-ით შემცირდა, რაც 2009 წლის თებერვლის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი შეშფოთების საბაბს ნამდვილად არ იძლევა. 2010 წლის მეორე ნახევრის პერსპექტივები ანალიტიკოსებისათვის სასიხარულო მაინც არ არის.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში მშენებლობის მოცულობები წლიური გადაანგარიშებით 32%-ით გაიზარდა. 2010 წლის დარჩენილ თვეებში ნავარაუდებია მშენებლობის მოცულობები წლიური გადაანგარიშებით 25%-ით შემცირდეს. ამის შედეგად შესაძლებელია შემცირდეს სამშენებლო წარმოება და ნედლეულის იმპორტი, რაც გასაკვირი სულაც არ იქნება.

ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომისტების გამოთვლებით, ამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში 64,5 მილიონი ბინა და სახლი ცარიელია. ისინი ძირითადად კრედიტებით იქნა შეძენილი იმ იმედით, რომ უძრავი ქონების ღირებულება უახლოეს მომავალში გაიზრდებოდა.

ჩინური ველოსიპედი

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდა ამ ქვეყნისათვის უზარმაზარი მიღწევაა. თუმცა, ამ მოვლენამ პრობლემებიც შექმნა. ზრდის მაღალი ტემპები თავისი ბუნებით არამდგრადია და საკრედიტო "საპნის ბუშტებისათვის" ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ჩინეთის ეკონომიკისათვის, სხვა განვითარებული ეკონომიკებისაგან განსხვავებით, მკვეთრი ცვლილებებია დამახასიათებელი. ზრდა მოულოდნელი შემცირებით შეიძლება შეიცვალოს და პირიქით.

ძლიერი ლოკომოტივის მოძრაობის მაგიერ, სადღეისოდ ჩინური ეკონომიკის ზრდა უფრო მეტად ველოსიპედს მოგვაგონებს. იგი მყარად გადადგილდება, თუკი სწრაფი სიჩქარით მიიწევს წინ. სიჩქარის შენელებამ ეს ველოსიპედი შესაძლებელია ამოტრიალოს კიდეც. მსოფლიო საფინანსო კრიზისის დაწყების მომენტიდან ჩინეთის ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებას უწყობდა ხელს, ამჯერად იძულებულია მუხრუჭები ნაჩქარევად გამოიყენოს, იმისათვის, რომ მორიგი იპოთეკური კრიზისის ორმოში ჩავარდნა თავიდან აიცილოს. ასეთი მკვეთრი ჩარევა ეკონომიკაში ძალიან სახიფათოა!

ვეფხია სამსონიძე