ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესი და პირობები
#7 (127), 2010
ამჯერად, სარედაქციო ფოსტაში მრავალი შეკითხვაა შემოსული შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხების დეტალურად განმარტებასთან დაკავშირებით. თითქოს ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე კანონი სულ რამდენიმე თვეა შევიდა ძალაში. შეკითხვის ავტორები გვთხოვენ დეტალურად განვუმარტოთ, ვინ შეიძლება იყოს მშვილებელი და შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი; დედობილი/მამობილი; რას ნიშნავს მინდობით აღზრდა და რამდენი წლის ასაკამდე პირები ექვემდებარებიან მას; რომელი ორგანოები ახორციელებენ შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის პროცედურებს; როგორია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში; გვთხოვენ, მივუთითოთ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლები...

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, დღეს საქართველოში 1500-ზე მეტი აღრიცხვაზე აყვანილი ოჯახი ელოდება ბავშვის შვილად აყვანას. ეს ოფიციალური მონაცემებით, თორემ რეალურად, შვილების მსურველთა რიცხვი გაცილებით მეტია. ამიტომ თუ წინამდებარე წერილი მათ ოდნავ მაინც გაუადვილებთ იმ პროცედურების გავლას, რომლებიც ამ მეტად კეთილშობილური მისიის შესრულებასთან არის დაკავშირებული, ჩვენი ჟურნალის რედაქცია და უშუალოდ რუბრიკის წამყვანი ამ საქმეში ერთგვარ მონაწილეობას გამართლებულად ჩათვლის.

კანონი "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 18 დეკემბერს მიიღო და 2010 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში. გარდა აღნიშნული კანონისა, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, გაეროს კონვენცია "ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ"; ჰააგის კონვენცია "ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ"; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.

იმისათვის, რომ სწორად გავერკვეთ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონში, ქვემოთ გთავაზობთ, თუ რა მნიშვნელობით არის მასში გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი:

- გადაუდებელი მინდობით აღზრდა, ეს არის მინდობით აღზრდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რა დროსაც არ ხდება მინდობით აღსაზრდელისა და მიმღები ოჯახის თავსებადობის შეფასება;

- გასაშვილებელი ბავშვი - 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში;

- გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი (შემდგომში რეესტრი) - სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას;

- დედობილი/მამობილი - მიმღები ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცემა ბავშვი;

- მიტოვებული ბავშვი - 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად აღიარებულია მიტოვებულად;

- მიმღები ოჯახი - დედობილის ან მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი;

- მინდობით აღზრდა - სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის მოვლა და აღზრდა;

- მინდობით აღსაზრდელი - სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი;

- მინისტრი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

- ნაპოვნი ბავშვი - 18 წლამდე პირი, რომლის აღმოჩენის მომენტში და ამ მომენტიდან 6 კვირის ვადაში ვერ დადგინდა მისი ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მის მიტოვებულ ბავშვად აღიარებამდე;

- ობოლი ბავშვი - რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი;

- პრევენცია - ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვა და მისი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულად ცნობისათვის თავის არიდება;

- რეინტეგრაცია - სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება;

- სააგენტო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული - მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე;
 
- სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

- სოციალური მუშაკი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;

- შვილად აყვანა - კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის.

კითხვა: თუ შეიძლება განგვიმარტოთ, ვინ შეიძლება იყოს მშვილებელი?

პასუხი: კანონის თანახმად, მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედითუნარიანი პირი, გარდა შემდეგი პირებისა: რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობები გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება; რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დაავადებათა მიხედვით) არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება; რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შვილად აყვანას ექვემდებარება რეესტრში აღრიცხული 18 წლამდე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. ასეთი სტატუსი კი იმ ბავშვებს ენიჭებათ, რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; არის ობოლი ან აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად; რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება; რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით და შესაბამისი ფორმის შევსებით.

კითხვა: ვისი გადაწყვეტილებით ენიჭება პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი?

პასუხი: პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, რის შესახებაც გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები აღირიცხება რეესტრში.

შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუ მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის.

შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ.
სრულწლოვანი ბავშვის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლისა და შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივადაც არის გამართლებული.

მეუღლეებს შეუძლიათ ბავშვი ერთად იშვილონ; ასევე, ერთ-ერთ მეუღლეს შეუძლია იშვილოს თავისი ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი ან მეუღლის შვილი. მსგავს შემთხვევებში ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას.

კითხვა: შეიძლება თუ არა დაქორწინებული პირის შვილად აყვანა?

პასუხი: შეიძლება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მისი მეუღლის თანხმობა.

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო, რომლის გარდა ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის წინასწარი საქმიანობა (გარიგება) კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებს, კანონიერ წარმომადგენელს ან ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის, ან ასეთი საქმიანობისათვის (გარიგებისათვის) ხელის შეწყობა შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის მიზნით. ამასთანავე, დაშვებულია შვილად აყვანის დროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო გაშვილების დროს - მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი სხვა შესაბამისი აკრედიტირებული იურიდიული პირის მიერ მომსახურების გაწევა.


კითხვა: გთხოვთ კონკრეტულად აგვიხსნათ, რა უფლებამოსილებები გააჩნია სააგენტოს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში?

პასუხი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტო კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას, უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებში ბავშვთა უფლებების დაცვას; აწარმოებს რეესტრს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზებასა და დამუშავებას; დროულად ახდენს დედობილი/მამობილის ფინანსურ უზრუნველყოფას მინდობით აღსაზრდელად ბავშვის გადაცემის შემთხვევაში; ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში მოქმედი კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სააგენტოა უფლებამოსილი, განახორციელოს საერთაშორისო გაშვილება; მასვე აკისრია ვალდებულება, 18 წელს მიღწეულ პირს მიაწოდოს ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე, ინფორმაცია მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, თუ ეს უკანასკნელი ამას მოითხოვს.

18 წლამდე პირი მინდობით აღზრდას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

- მისი დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისათვის საზიანოა და მეურვე/მზრუნველი ამის თაობაზე მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;

- მშობლის (მშობლების) უფლება, გადაწყვიტოს (გადაწყვიტონ), ვისთან იცხოვროს ბავშვმა, შეზღუდულია და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ: მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეეზღუდათ მშობლის უფლებები და მოვალეობები და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ.

სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია ნაპოვნი ბავშვის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს. სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, ბავშვი ტარდება რეესტრში და აღრიცხვიდან მოიხსნება მხოლოდ გაშვილების, გარდაცვალების, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის ან სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში.

კითხვა: გთხოვთ, დეტალურად განგვიმარტოთ, ვის უნდა მიმართოს ოჯახმა ან კონკრეტულმა პირმა, რომელსაც ბავშვის შვილად აყვანა სურს, ამ საკითხზე და რა საბუთები უნდა წარადგინოს?

პასუხი: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც სურს ბავშვის შვილად აყვანა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს წარუდგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რომელიც იწყებს მშვილებელი ოჯახის (პირის) შეფასებას.

მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის თანხმობისას, მშვილებელი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი; ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი; ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნასამართლობის შესახებ.

აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ზემოაღნიშნულ განაცხადსა და დოკუმენტებს, ასევე მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებულ კვლევას ოჯახის თაობაზე, წარუდგენს უშუალოდ სააგენტოს და არა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, ბავშვის შეთავაზებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, მშვილებელი ოჯახი/პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის შესახებ. აღნიშნული ვადის გადაცილება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ კანონით დაუშვებელია იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომელსაც 10 წელი შეუსრულდა, მისი თანხმობის გარეშე. ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სხდომაზე ბავშვის მოსმენის შედეგად.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მშობელს (მშობლებს), მშვილებელსა და 10 წელს მიღწეულ შვილად ასაყვანს უფლება აქვთ უარი განაცხადონ თავიანთ თანხმობაზე "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მშვილებლის თხოვნით ნაშვილებს მიეკუთვნება მშვილებლის გვარი. მშვილებლის თხოვნით შვილად აყვანილს შეიძლება სახელიც შეეცვალოს, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია, რომ 10 წელს მიღწეული ბავშვისთვის სახელის გამოცვლა შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით. ნაშვილებისათვის გვარის მიკუთვნების ან სახელის გამოცვლის შესახებ აღნიშნული უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მშვილებლები, მათი თხოვნით, დაბადების ჩაწერის წიგნში შეიძლება ჩაიწერონ ნაშვილების მშობლებად, რაც ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა იყოს დაფიქსირებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1263-ე მუხლის თანახმად (ცვლილება შეტანილია ჯერ კიდევ 2008 წლის 1 მაისიდან) შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება მშვილებლის თანხმობის გარეშე აკრძალულია, სანამ შვილად აყვანილს არ შეუსრულდება 18 წელი, ხოლო ამ ასაკის მიღწევის შემდეგ შეიძლება მხოლოდ შვილად აყვანილის თანხმობით. ასევე აკრძალულია შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება ბიოლოგიური მშობლის (გამშვილებლის) შესახებ, ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) თანხმობის გარეშე.

პირი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე გაამჟღავნებს შვილად აყვანის ფაქტს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

კითხვა: უკეთ რომ იყოს დაცული შვილად აყვანის საიდუმლოება, შეიძლება თუ არა შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი?

პასუხი: დიახ, შეიძლება; მხოლოდ თუ ბავშვს უკვე შესრულებული აქვს 10 წელი, აუცილებელი იქნება მის თანხმობა.

შვილად აყვანასთან დაკავშირებით კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს: აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა; დაუშვებელია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა ან შეთავაზება; შვილად აყვანა არ შეიძლება პირობით, ვადის მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები; დაუშვებელია და-ძმის, დების ან ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს.
 
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილეობს, თავისი სურვილისამებრ, როგორც საქართველოს მოქალაქე ან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი ან მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან მამობილს. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება გამოიყენება აგრეთვე შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს "შვილად აყვანის შესახებ და ნდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობები.

კითხვა: გთხოვთ ზუსტად აგვიხსნათ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება და ვრცელდება თუ არა შვილად აყვანის უპირატესი უფლება იმ ნათესავებზე, რომლებიც მუდმივად საზღვარგარეთ ცხოვრობენ? რომელი ორგანოა კომპეტენტური აღნიშნული საკითხის მოგვარებაში და რომელი სახელმწიფო ორგანო უნდა იყოს ინფორმირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ?

პასუხი: საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მის შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ.

შვილად აყვანის უპირატესი უფლება ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეზედაც, თუ იგი არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილებისთვის სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

საერთაშორისო გაშვილებაში კომპეტენტური ორგანოა სააგენტო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო), რომელიც "ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, სათანადო კვლევის ჩატარების შემდეგ, ამზადებს დასკვნას, რომელშიც უნდა აღინიშნოს ის მიზეზები, რის გამოც საქართველოში ვერ მოინახა აღნიშნული ბავშვის მშვილებელი, რის შემდეგაც, ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას.

მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვავაში, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია საჯარო რეესტრში.

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შვილად აყვანის საქმე განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. შვილად აყვანა ძალაშია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

აღსანიშნავია, რომ "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის (თუ იგი 10 წლისა და უფრო მეტი ხნისაა) მოთხოვნით სასამართლო სხდომა შეიძლება იყოს ღია, ხოლო ინფორმაცია - საჯარო.

კითხვა: შეიძლება თუ არა მშვილებლის მოთხოვნით, გასაშვილებელ ბავშვს შეეცვალოს დაბადების თარიღი?

პასუხი: გასაშვილებელი ბავშვისთვის დაბადების თარიღის შეცვლა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზის არსებობისას, მაგრამ ამ დროსაც იგი არ შეიძლება შეიცვალოს ერთ თვეზე მეტი ვადით. თუ ბავშვი 10 წელზე მეტი ხნისაა, დაბადების თარიღის შეცვლის დროს მის აზრიც უნდა იქნეს გათვალისწინებული.

საერთაშორისო გაშვილების დროს ცენტრალური ორგანო ვალდებულია სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს მოსთხოვოს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ყოველწლიურად მოწოდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის შესაბამისად, სანამ გაშვილებულ ბავშვს არ შეუსრულდება 18 წელი.

შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

- შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

- ამას მოითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნაშვილების ინტერესების გათვალისწინებით;

- სასამართლო გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ეფუძნება ყალბ დოკუმენტებს; 

- შვილად აყვანა ფიქტიურია.

აკრძალულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ნაშვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებაზე თანახმა არიან მშვილებელი, ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი და ნაშვილები.

სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების შესახებ, ვალდებულია 2 კვირის ვადაში გაუგზავნოს იგი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

შვილად აყვანის ბათილად ცნობისას ნაშვილებსა და მშვილებელს, აგრეთვე მათ ნათესავებს შორის წყდება არსებული უფლება-მოვალეობანი, მაგრამ, ამავდროულად, იგი აღდგება შვილს, ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს) და შთამომავლობით ნათესავებს შორის.

აქვე მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ თუ შვილად აყვანა გაუქმებულია მშვილებლის მიერ ბავშვის აღზრდის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ბავშვს უნარჩუნდება მშვილებლისგან ალიმენტის მიღების უფლება.
შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვი გადაეცემა მშობლებს, ხოლო თუ ეს არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს, - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

კითხვა: გთხოვთ განმარტებას, შვილად აყვანის გაუქმების შემთხვევაში როგორ გადაწყდება შვილად აყვანის დროს ბავშვისათვის მიკუთვნებული გვარის, სახელისა და სხვა მონაცემების შენარჩუნების საკითხი?

პასუხი: შვილად აყვანის გაუქმებისას სასამართლომ ბავშვის ინტერესების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანისას ბავშვისათვის მიკუთვნებული გვარის, სახელისა და სხვა მონაცემების შენარჩუნების საკითხი, მაგრამ თუ ბავშვი 10 წლის და მეტისაა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს მისი სურვილიც უნდა გაითვალისწინოს.

რაც შეეხება მინდობით ბავშვის აღზრდის პროცედურებს, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქალაქემ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალქეობის არმქონე პირმა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლებსაც სურთ ბავშვის მინდობით აღზრდა (მათ შორის გადაუდებელი მინდობით აღზრდა), უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დედობილ-მამობილის აღრიცხვას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ახორციელებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიიღების უფლებამოსილება ენიჭებათ  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის საჭიროებებისა და მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე ჩატარებული კვლევისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა).

კითხვა: გთხოვთ გვაცნობოთ, რა პრინციპები უნდა დავიცვათ ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს?

პასუხი: უპირველესად გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა სურვილი ბავშვის ასაკთან, სქესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით; სასურველია ბავშვის ახლო ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობის უზრუნველყოფა; აგრეთვე ისიც, რომ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა ოჯახში მცხოვრები ბავშვების, მათ შორის ბიოლოგიური შვილების და შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს; აქვე გასათვალისწინებელია, რომ 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.

დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს, და რაც მეტად მნიშვნელოვანია, მინდობით აღსაზრდელსა და დედობილ/მამობილ შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 15 წლისა.
 
კანონის თანახმად, ბავშვის მინდობით აღზრდა ხორციელდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დედობილ/მამობილთან ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც შეიძლება დაიდოს აღსაზრდელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე, ნებისმიერი ვადით. ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს: ბავშვზე ზრუნვისა და აღზრდის პირობებს; დედობილ/მამობილის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მინდობით აღსაზრდელის უფლება-მოვალეობებს; მხარეთა პასუხისმგებლობასა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა?

პასუხი: შეიძლება, მხოლოდ ორივე მხარის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და დედობილ/მამობილის) შეთანხმების საფუძველზე.

კანონით გათვალისწინებულია მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტა როგორც ბავშვის მიმღები ოჯახის, ისე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით. მიმღების ოჯახის ინიციატივით ხელშეკრულება შეწყდება, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, მინდობით აღსაზრდელსა და მიმღების ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი); ხოლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით ხელშეკრულება იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ: მიმღებ ოჯახში შექმნილია მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო; მინდობით აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში; მინდობით აღსაზრდელის შვილად აყვანის შემთხვევაში; თუ მინდობით აღსაზრდელი გახდა სრულწლოვანი; თუ მინდობით აღსაზრდელი დაქორწინდა, აგრეთვე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე.

კითხვა: ვის გადაეცემა ბავშვი მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში?

პასუხი: ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ბავშვი გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელმაც უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

კანონში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი დედობილ/მამობილის ფინანსურ უზრუნველყოფას და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მათ მიერ მინდობით აღსაზრდელზე გაწეული ზრუნვის ხარჯები იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ დედობილ/მამობილს მინდობით აღსაზრდელის აღზრდის პერიოდი ეთვლება შრომით სტაჟში.

კითხვა: კონკრეტულად რა მოვალეობები აკისრია მიმღებ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ?

პასუხი: მიმღებ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობები: იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად; შეუქმნას მას ნორმალური ოჯახური გარემო; აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მინდობით აღსაზრდელისთვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ; ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან; იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად.

"შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, მინდობით აღსაზრდელი სარგებლობს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით ბავშვის მიმართ დადგენილი ყველა უფლებით.

მიმღებ ოჯახში მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს დაცული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებაში მინდობით აღსაზრდელის მონაწილეობისა და მისი აზრის პატივისცემის პრინციპი.

აღსანიშნავია, რომ მინდობით აღზრდა არ ზღუდავს აღსაზრდელის უფლებებს ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.

აი, მოკლედ, ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან არის დაკავშირებული. თუ მისი წაკითხვის შემდეგ კვლავ დაგებადებათ კონკრეტული შეკითხვა, როგორც ყოველთვის, მზად ვარ უფასოდ გაგიწიოთ კანონიდან გამომდინარე ამომწურავი იურიდიული კონსულტაცია.

ირინე ღლონტი