ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
№8 (128), 2010
ევროპელი ტურისტი უპირატესობას თურქეთს ანიჭებს

ტურიზმის სექტორში პოპულარულმა ბრიტანულმა ჟურნალმა Conde Nast Traveller-მა საკუთარი მკითხველების გამოკითხვით გაარკვია, რომელ ქვეყანას ანიჭებენ უპირატესობას ევროპელები.

Conde Nast Traveller-მა გამოკითხვა სასტუმროების, კურორტების, ფასების, ხარისხის, საკვების, სასმელის, კულტურული სიმდიდრეების, კლიმატისა და ინფრასტრუქტურის შეფასების მიხედვით შეადგინა. გამოკითხვის შედეგად ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება 94,81 ქულა თურქეთმა მიიღო და შესაბამისად ტურისტებისათვის თურქეთი ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად დასახელდა.

ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი საგრძნობლად ჩამორჩნენ თურქეთს და გამოკითხვის მიხედვით მეოთხე, მეექვსე, მეათე და მეჩვიდმეტე ადგილი გაინაწილეს.

უკრაინაში "სეკონდ-ჰენდ"-ის იმპორტი აიკრძალება

უკრაინაში „სეკონდ-ჰენდ"-ის იმპორტის აკრძალვა იგეგმება. ამ გზით ხელისუფლება ქვეყნის მსუბუქი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს - იტყობინება korrespondent.net.

მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის მეთაურის მიხაილ ბროდსკის განცხადებით, ყოველწლიურად ქვეყანაში ერთ ადამიანზე ორი კილო ნახმარი ტანისამოსი შემოდის, ხოლო მისი აკრძალვის შემთხვევაში უკრაინაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ტანსაცმლის წარმოებაც განვითარდება.

პარალელურად მინისტრთა კაბინეტი მსუბუქი მრეწველობის საწარმოებისთვის საშემოსავლო გადასახადის დაწესებაზე მორატორიუმის ინიციატივით გამოდის. მორატორიუმი 2 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

თუმცა, ექსპერტების ნაწილი „სეკონდ-ჰენდ"-ის აკრძალვასა და სამამულო წარმოების განვითარებას შორის კავშირს ვერ ხედავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მეორადი ტანსაცმლის სეგმენტს დაბალხარისხიანი ჩინური საქონელი დაიკავებს. სპეციალისტები კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

AIG-მა ამერიკის ხელისუფლებას ვალის ნაწილი დაუბრუნა

ამერიკის უდიდესმა სადაზღვევო კომპანიამ American Internacional Group (AIG) ამერიკის ხელისუფლებას 4 მილიარდი დოლარი დაუბრუნა. ეს არის ფინანსური კრიზისის დროს მისგან კრედიტის სახით მიღებული დახმარების ნაწილი. ფული AIG-მა საკუთარი შვილობილი კომპანიის Internacional Lease Finance Corporation (ILFC) გაყიდვის შედეგად მოიზიდა, რომლის სპეციალიზაციაც საავიაციო ლიზინგია. ამ საქმიანი გარიგების ღირებულება 4,4 მილიარდი დოლარია.

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის (FRB) მიერ გაცემული კრედიტის მოცულობა 34-დან 30 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. AIG-ის გენერალური დირექტორის, რობერტ ბენმოშეს აზრით, ვალის ნაწილის დაბრუნება იმაზე მიუნიშნებს, რომ AIG ფინანსური კრიზისის შემდეგ აღდგენას იწყებს და სულ უფრო ძლიერდება.

საერთო ჯამში, ამ სადაზღვევო კომპანიამ სახელმწიფოს დაახლოებით 90 მილიარდი დოლარი უნდა დაუბრუნოს. ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ 2008 წლის სექტემბრიდან AIG-მა 40 მილიარდი დოლარი დააბანდა, ხოლო დამატებით 30 მილიარდი დოლარიც გამოყო, რომლისგანაც კომპანიამ მხოლოდ 7,5 მილიარდი დოლარი გამოიყენა.

ამერიკული გაზეთის The Washington Post-ის ცნობით, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი მეთაურის ტიმოთი გაიტნერის აქტიურმა ჩარევამ AIG გაკოტრებისაგან იხსნა. მან მხოლოდ მიმდინარე წლის 16 იანვარს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში 70 სატელეფონო ზარი განახორციელა. მათ მეთაურებთან იგი ამ კომპანიის გადარჩენის შესაძლებლობებზე მსჯელობდა.

ამერიკის ხელისუფლებამ ბრიტანული Barclays დააჯარიმა

ამერიკის ხელისუფლებამ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ბანკი Barclays საერთაშორისო სანქციის დარღვევისათვის 298 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ეს სანქცია კუბის, ირანის, ლიბიის, სუდანის, ბირმის საფინანსო ორგანიზაციებში ფულის გადარიცხვის აკრძალვას გულისხმობს. ამერიკული მხარის მონაცემების მიხედვით, 1995-2006 წლებში ბრიტანული ბანკის Barclays ნიუ-იორკის განყოფილებამ აღნიშნული ქვეყნების ბანკებში საერთო ჯამში 500 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა. ბრიტანული საკრედიტო ორგანიზაცია არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად დაკისრებული ჯარიმის გადახდას უკვე დათანხმდა. Barclays არ არის ერთადერთი ბანკი, რომელიც ამერიკაში მსგავს პრობლემას წააწყდა.

გასულ წელს ანალოგიური მიზეზით საკრედიტო ორგანიზაციები Lloyds TSB  და Credit Suisse დაჯარიმდნენ. ბანკმა Lloyds TSB 2009 წლის იანვარში ლიბიის, სუდანის, ირანის ბანკებთან საქმიანი ურთიერთობისათვის ჯარიმის სახით 350 მილიონი დოლარი, ხოლო ბანკმა Credit Suisse ირანთან საქმიანი ურთიერთობისათვის 536 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

ამერიკის მთავრობამ იმ ქვეყნების სია შეადგინა, რომლებიც ამერიკის ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამის გამო დაწესდა აკრძალვა ურთიერთობებზე იმ კომპანიებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში საქმიანობენ. ამერიკამ მსგავსი სანქციები ირანთან 1995 წლიდან, ხოლო სუდანთან და ბირმასთან 1997 წლიდან შემოიღო.

HSBC აფრიკაში დამკვიდრებას ცდილობს

ევროპის უდიდესი ბანკი HSBC სამხრეთ აფრიკაში არსებული ბანკის Nedbank-ის აქციათა 70%-ის შეძენას აპირებს. ამ საქმიანი გარიგების ღირებულება 6,8 მილიარდი დოლარია, რომელიც HSBC საშუალებას მისცემს სამხრეთ აფრიკის საბანკო სექტორში დამკვიდრდეს და ამ კონტინენტის სხვა ბაზრების ექსპანსიაც დაიწყოს. სამხრეთ აფრიკის სიდიდით მეოთხე ბანკის Nedbank აქციათა საკონტროლო პაკეტს სადაზღვევო კომპანია Old Mutual ფლობს.