ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
"აურზაური" ამერიკულად
#8 (128), 2010
მსოფლიო ეკონომიკის არასტაბილურობის ერთადერთი ფაქტორი მხოლოდ ევროპული ვალები არ ყოფილა. ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეს ზრდის ტემპების შემცირება ფიქსირდება, რაც განმეორებითი რეცესიით შეიძლება დასრულდეს. ახალი ფისკალური კაპიტალდაბანდებებით ეკონომიკის სტიმულირების შეწყვეტასთან ერთად, ყველა ინდიკატორი კრიზისისდროინდელ, რეცესიულ ნიშნულს დაუბრუნდა. უძრავი ქონების, შრომის, საცალო გაყიდვების ბაზრების, სამომხმარებლო ნდობისა და სამრეწველო წარმოების ამჟამინდელი მაჩვენებლები ან ცუდია, ან ძალიან ცუდი.

უძრავი ქონების ბაზარი

ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მოცულობის შემცირება სტიმულირების პროგრამის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი იყო, მაგრამ მისმა მასშტაბებმა ბევრი ექსპერტი გააკვირვა. მიმდინარე წლის მაისში, ამერიკაში გაყიდვების მოცულობამ უძრავი ქონების ბაზარზე "მხოლოდ" 300 ათასი სახლი შეადგინა. ომისშემდგომ პერიოდში ეს ახალი მინიმუმია. ასეთი ცუდი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა არც 2008 წელს, ბაზრისათვის კოშმარულ პერიოდში და არც 2009 წელს.

ერთი თვის განმავლობაში გაყიდვების მოცულობა თითქმის მესამედით (32,7%) შემცირდა. ცუდი შედეგები დაფიქსირდა მანამდეც: შემცირება მარტში – 50 ათასით, აპრილში – 59 ათასით. საცხოვრებელი ფართის გაყიდვების დაუმთავრებელი საქმიანი გარიგებები (Pending home sales) მაისში 30%-ით შემცირდა.

იმავე მიმართულებით "მიექანება" ახალი სახლების მშენებლობის მაჩვენებელი (Housing starts) – კლებამ ერთი თვის განმავლობაში 10% შეადგინა. აშკარაა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევ სუსტია და კრიზისის დაძლევა სახელმწიფოს მხრიდან დახმარებისა და სუბსიდიების გარეშე არ შეუძლია. კერძო სექტორის მხრიდან აქტიურობა ჯერ არ დაფიქსირებულა.

საცხოვრებელი ფართის ბაზარი ეკონომიკის მზარდი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. სწორედ ის ახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას მშენებლობისა და სხვა "მონათესავე" დარგებში.

სწორედ მას აქვს უზარმაზარი ეფექტი ეკონომიკისათვის მთლიანად. ახალი სახლები ეს არის რემონტი, ავეჯი, ინფრასტრუქტურული კომუნიკაციები. თითქმის ყველა ომისშემდგომი რეცესია ამერიკაში უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობას უკავშირდებოდა. მისი გაუარესებული მდგომარეობა არის ძალიან საგანგაშო სიგნალი მთლიანი ეკონომიკის მომავლისათვის.

"გაუმჯობესება" ქაღალდზე

უკეთესი მდგომარეობა არც შრომის ბაზარზეა. ამერიკის სტატისტიკის ბიურომ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მიმდინარე წლის მაისში იყო 9,7%, ხოლო ივნისში 9,5%. ამგვარი "გაუმჯობესება" მხოლოდ სტატისტიკური ფენომენია და მეტი არაფერი, რომელიც "მუშახელის შემადგენლობაში" ასობით ათასი ადამიანის გაუთვალისწინებლობას უკავშირდება.

უმუშევართა რიგებში ერთი თვის განმავლობაში უამრავი ადამიანი არ მიათვალეს და ეს მაჩვენებელი ერთბაშად 842 ათასით, ხოლო ორი თვის განმავლობაში 1,25 მილიონით გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამერიკაში მუშახელის რაოდენობა 1 მილიონი ადამიანით შემცირდა, ხოლო უმუშევართა რიგებს გარეთ დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 3 მილიონით გაიზარდა. რა ხდება? ყველაფერი ძალიან მარტივად არის: უმუშევრად ითვლება ის ადამიანი, რომელსაც არ უმუშავია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ეძებდა. უმუშევრად აგრეთვე ის ადამიანი ითვლება, რომელიც უმუშევრობის შემწეობას იღებს.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სამუშაოს მოძებნის იმედები გადაეწურა და სამუშაოს მოსაძებნად არაფერს აკეთებს, მას მუშახელის საერთო რაოდენობას უბრალოდ მოაკლებენ. "ხელჩაქნეულებს" ამერიკაში "discouraged workers"-ს უწოდებენ და ასეთების რაოდენობა იზრდება. უმუშევრის სტატუსის მქონე ადამიანის საშუალო ვადამ მიმდინარე წლის ივნისში "ისტორიული რეკორდი" - 35,2 კვირა შეადგინა. ასეთი მაჩვენებელი არასოდეს დაფიქსირებულა 1947 წლიდან, როცა სტატისტიკური გამოთვლები დაიწყო.

ის ადამიანები, რომლებსაც უმუშევრობა "გაუჭიანურდათ" ვადების მიხედვით, მუშახელის "შემადგენლობიდან" ირიცხებიან და ეს გარეგნულად შეიძლება როგორც ეკონომიკური წარმატება ისე დაფიქსირდეს. სამწუხარო კი ის არის, რომ ამგვარი ტრიუკებით ეკონომიკის მოტყუება შეუძლებელია. სამუშაო საათებისა და ანაზღაურების მოცულობა მიმდინარე წლის ივნისში შემცირდა.

შეუჩერებელი უკუსვლა

ამერიკის ეკონომიკაში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამრეწველო წარმოება ოპტიმიზმის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო. მისი გააქტიურება და ზრდა ანალიტიკოსთა სიხარულის მიზეზიც კი შეიქმნა. მათი აზრით, უძრავი ქონებისა და შრომის ბაზრის სისუსტე სწორედ მისი ზრდით "დაიჩრდილებოდა".

გამოდის, რომ სამრეწველო წარმოება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის "წამახალისებელი" ფაქტორი ვერ იქნება. სამრეწველო ინდექსის ISM მოსალოდნელზე უფრო ძლიერი შემცირება 59,7 ნიშნულიდან მაისში - 56,2 ნიშნულამდე ივნისში, იმის მაჩვენებელია, რომ სამრეწველო წარმოების ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნება ხერხდება, მაგრამ მისი ტემპები თანდათან ძალას კარგავს.

მოვლენათა ამგვარად განვითარება გასაკვირი არ უნდა იყოს. საქმე იმაშია, რომ ამერიკის შიდა საერთო პროდუქტის მაჩვენებლის ზრდა 2009 წლის ბოლოსა და 2010 წლის დასაწყისის პერიოდში, ამჟამად "მიმქრალი" ფისკალური სტიმულისა და მარაგების შემცირების შედეგია.

ცალკე აღებული ერთი კომპანიის მაგალითზე, უფრო კონკრეტულად განვიხილოთ ეს მოვლენა: წარმოვიდგინოთ კომპანია, რომელიც ყოველთვიურად საკუთარი პროდუქციის 100 ერთეულს ყიდის. იგი ცდილობს გაყიდული პროდუქციის ყოველთვიური მოცულობა საწყობშიც შეინარჩუნოს.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც მიზეზით, გაყიდვების ყოველთვიური მოცულობა 90 ერთეულამდე შემცირდა. კომპანიაში მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიხვდნენ თუ რა ხდება. თვის ბოლოს საწყობში პროდუქციის 110 ერთეული "დაგროვდა". სასურველი კი იყო, რომ გაყიდვების ყოველთვიური მოცულობა, ანუ 90 ერთეული დაფიქსირებულიყო.

ზედმეტი მარაგის საწყობიდან მოსაშორებლად, კომპანია შემდეგ თვეში წარმოებას მკვეთრად, 70 ერთეულამდე ამცირებს. ეს არის "წარმოების მკვეთრი დაცემა". ამის შემდეგ კი კომპანია წარმოებას 90 ერთეულამდე თვეში ზრდის, რასაც "წარმოების დონის ზრდა" ეწოდება.
 
ამ დონეზე წარმოება მანამდე გაჩერდება, სანამ გაყიდვების მოცულობა გაიზრდება. სუსტი საბოლოო მოთხოვნის პირობებში, "სასაწყობე უკუსვლას" თან სტაგნაცია ან დაცემა მოსდევს. ცალკე აღებული ერთი კომპანიის მაგალითი შეიძლება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას მივუსადაგოთ. თავიდან მცირდება მოთხოვნა, იზრდება საწყობში არსებული მარაგი, ამას მოყვება წარმოების მკვეთრი შემცირება ზედმეტი მარაგის "თავიდან მოშორების" ფონზე.

ახალ მოთხოვნის დონემდე ეკონომიკის ადაპტაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მივიღებთ "სასაწყობე უკუსვლას", როცა მარაგი ამოწურულია და მისი შევსებაა საჭირო. ეს წარმოების ზრდას იწვევს. კრიზისის შემდგომი ზრდა (გამოწვეული ამ ფაქტორით) ეკონომიკის რეალური აღდგენის მაჩვენებელი სულაც არ არის.

ქვეყნის ეკონომიკის რეალური აღდგენისათვის, უფრო "წონადი" ფაქტორია საჭირო, - საბოლოო მომხმარებლამდე გაყიდვების მოცულობის მაჩვენებელი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს, რაც ამერიკის ეკონომიკაში არ შეიმჩნევა.

Bureau of Economic Analysis-ის მონაცემების მიხედვით, 2010 წლის პირველ კვარტალში საბოლოო გაყიდვების მოცულობა "საცოდავი" 0,8%-ით, ხოლო ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტის მოცულობა 2,7%-ით გაიზარდა. საბოლოო გაყიდვების მოცულობა თუ არ გაიზარდა, შიდა საერთო პროდუქტის მოცულობის ზრდის ტემპები აუცილებლად შენელდება.

სტიმულირების პროგრამის დასრულების შემდეგ კი საბოლოო გაყიდვების მოცულობის ზრდა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. უძრავი ქონების ბაზარზე დამუხრუჭება, გაუმჯობესების არარსებობა შრომით ბაზარზე, ბანკების მხრიდან ბიზნესისათვის, მოქალაქეებისათვის კრედიტების მოცულობის შემცირება ამის ნათელი დადასტურებაა.

ამ ფონზე გასაკვირი სულაც არ არის ის, რომ საცალო გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 1,2%-ით შემცირდა. ამერიკაში სამომხმარებლო ნდობის ინდექსი კი ივნისის მაჩვენებლის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა. სამრეწველო ინდექსის - ISM შემცირება ივნისში საწყობების "გადავსებამ" განაპირობა: საქონელზე მოთხოვნა არ არსებობს.

ზრდის შენელება თუ რეცესია?

ემუქრება თუ არა ამერიკას რეცესია წლის მეორე ნახევარში? შრომისა და უძრავი ქონების ბაზრის სისუსტე, სამომხმარებლო მოთხოვნის შენელება, სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპების შემცირება განაპირობებს თუ არა ეკონომიკის დონის დაცემას? თუ ამჟამინდელი მდგომარეობა ეკონომიკის ზრდის შენელება, "რბილი დაშვებაა" შიდა საერთო პროდუქტის მაჩვენებლის დინამიკის უარყოფით ზონაში გადასვლის გარეშე?

ამჟამად, ეკონომიკის შენელების რეცესიისაგან გარჩევა ძალიან რთულია. დამაჯერებელი დასკვნების გამოსატანად მცირე მონაცემები არსებობს. რთული სიტუაციის მიუხედავად, ზოგიერთი პროგნოზის გაკეთება მაინც შეიძლება: ყურადღება მივაქციოთ ამერიკის ეკონომიკის წინმსწრებ ერთობლივ ინდიკატორს – ECRI Weekly Leading Index, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანიზაცია Economic Cycle Research Institute აჯამებს.

მიმდინარე წლის 11 ივნისს ეს მაჩვენებელი მინუს 5,8%-ს უტოლდებოდა, 18 ივნისს მინუს 6,9%-ს, ხოლო ამჟამად, მინუს 7,7%-მდე შემცირდა. უკუსვლა უკვე რვა თვის განმავლობაში გრძელდება. ბოლო 40 წლის განმავლობაში, მინუს 7,7% ყოველთვის ერთს, რეცესიის დაწყებას ნიშნავდა. რა მოხდება ამჯერად არავინ იცის, მაგრამ შეშფოთების მიზეზი საკმაოდ ბევრია.

2008 წლის პირველ კვარტალში, ანალიტიკოსები ეკონომიკის "რბილ დაშვებაზე", რეცესიის საფრთხის არარსებობაზე მსჯელობდნენ, მაგრამ როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, National Bureau of Economic Research-ის (NBER) კრიტერიუმების მიხედვით, რეცესია ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში დაიწყო.

ცუდ მაკროსტატისტიკაზე საფონდო ბაზარიც შესაბამისად რეაგირებს. ინდექსი S&P500 მიმდინარე წლის ივლისში 1022 პუნქტამდე "დაეშვა". ეს მაჩვენებელი 2009 წლის 4 სექტემბრის შემდეგ, მინიმუმია. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი მატება სრულებით მოსალოდნელია, საერთო უარყოფითი ტენდენცია აშკარაა და იგი უახლოესი თვეების განმავლობაში არ გაუმჯობესდება.

რისკის შემცველი აქტივების ფონზე კარგ მდგომარეობაშია ამერიკის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებები (US Treasuries). მიმდინარე წლის ივნის თვეში, ორწლიანი ობლიგაციების შემოსავალი დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდულად შემცირდა. ათწლიანი ფასიანი ქაღალდების იგივე მაჩვენებელი კი 2009 წლის აპრილის დონესთან ახლოს მერყეობს. ურისკო დაბალშემოსავლიან ინსტრუმენტებზე გაზრდილი მოთხოვნა - ეკონომიკურ ზრდაზე ბაზრის უნდობლობის კლასიკური ინდიკატორია.

მიზანშეწონილია თუ არა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან?

შეძლებს თუ არა სახელმწიფო ამჯერადაც რეცესიის ახალი ტალღის თავიდან აცილებას? ამერიკის საბანკო სისტემაში ამჟამად საკმარისი ლიკვიდურობაა, არ არსებობს გაკოტრების რისკი, რასაც ადგილი 2008 წელს ჰქონდა.

პრობლემები უფრო მეტად არა საფინანსო, არამედ ეკონომიკის რეალურ სექტორში დაგროვდა. სხვა მხრივ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2008 წლის სექტემბერში ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთი დაბალ, 2%-იან ნიშნულზე ფიქსირდებოდა. ამჟამად კი ეს ნიშნული კიდევ უფრო დაბლა, - 0-0,25%-მდე დაეშვა.

მაშინ ამავე საფინანსო ინსტიტუტის ბალანსი 900 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 2,3 ტრილიონ დოლარია. ბიუჯეტის დეფიციტი მაშინ არნახული 450 მილიარდი იყო, როცა ეს მაჩვენებელი ამჟამად უკიდურესად მაღალია და 1,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამგვარი ზრდა სხვა მიზეზებთან ერთად ნაგვად ქცეული იპოთეკური ფასიანი ქაღალდების შესყიდვამაც გამოიწვია.

იმ პერიოდში სახელმწიფოს კრიზისის საპასუხოდ "გამაჯანსაღებელი" ზომების მიღების საშუალება ჰქონდა. კონტრციკლური მონეტარული და ფისკალური სტიმულისათვის რესურსი არსებობდა. თუნდაც მცირე მასშტაბით სახელმწიფო ვალისა და დეფიციტის ზრდა დასაშვებად მიიჩნიეს.

ამჟამად ამგვარი "უსაფრთხოების ბალიში" უბრალოდ არ არსებობს. საპროცენტო განაკვეთის შემცირება, მისი ისედაც კრიტიკული ზღვარის გამო – შეუძლებელია. ძველი ფისკალური სტიმული ნელ-ნელა ჩაქრა, მაგრამ ხანგრძლივი ვადით ეფექტი არ გამოუწვევია. ფულის მთებმა "თაგვის ზომის" ზრდა მოიტანა მხოლოდ, ხოლო ახალი სტიმულის ამოქმედება უკიდურესად სახიფათოა, ჯერ კიდევ არ "მოძველებულა" საბერძნეთის მაგალითი.

ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობას შეუძლია ახალი "რაოდენობრივი შესუსტების" სისტემა აამოქმედოს, ისიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

მკაცრი დეფლიაციური შოკის პირობებში, უნდა შემცირდეს ინდექსი S&P500 800 პუნქტის ფარგლებში. არჩევანი უკვე მცირედი დარჩა. ბაზრის უარყოფითად რეაგირებას ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. არსებობს საფრთხე, რომ ამერიკა "ბანანის რესპუბლიკად" გადაიქცევა, ხოლო ნდობა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და მისი მეთაურისადმი, ბენ ბერნაკესადმი საბოლოოდ გაქრება.

ამჟამინდელი სიტუაციის ძალიან საინტერესო ანალოგიაა - რეცესია და 2001-2002 წლების კრიზისის შემდგომი აღდგენა მაღალი ტექნოლოგიების ბაზარზე კოლაფსის შემდეგ, რომელსაც ამერიკელებმა დოტცომ ბუბბლე უწოდეს.

ამერიკაში მაშინ 2007-2009 წლების "დიდი რეცესიის" მასშტაბებზე არანაკლები კრიზისული პერიოდი დაუდგა. 2002 წელს, პოსტკრიზისული ზრდის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ეკონომიკის ზრდა მკვეთრად დამუხრუჭდა. წარმოიქმნა ახალი რეცესიის საშიშროება. ამერიკის მაშინდელი შეშფოთებული ხელისუფლების რეაგირება ოპერატიული იყო: "ეკონომიკურ წარღვნას" დიდი კაპიტალდაბანდებები დაუპირისპირა.

მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა რეცესიის საფრთხეს გადასახადების მკვეთრი შემცირებით უპასუხა, ხოლო ფედერალური სარეზერვო სისტემის მაშინდელმა თავმჯდომარემ ალან გრინსპენმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი 75 ბაზისური პუნქტით შეამცირა. ამით მან ბიძგი მისცა საცხოვრებელი ფართის ბაზარზე შემდგომში ბუშტის წარმოქმნას. იპოთეკურ კრედიტებზე რეალური განაკვეთები მაშინ უარყოფითი გახდა, რის გამოც იგი მოსახლეობისათვის მიმზიდველი და მოთხოვნადი გახდა.

ახალი რეცესია იმ პერიოდში არ დაწყებულა, მაგრამ "გადაიდო" 2007 წლამდე უძრავი ქონების ბაზარზე გაშვებული ბუშტის გამო. ამერიკის ხელისუფლებამ 2002 და 2009 წლებში "რეცესიის გადავადება" გამოისყიდა, როცა ამერიკული და მსოფლიო ეკონომიკა უპრეცედენტო ფისკალური და მონეტარული სტიმულირების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. "ფისკალური ნარკომანია" ევროპაში სუვერენული ვალების კრიზისით დასრულდა. აშკარაა, რომ ამერიკას მისთვის ასე საჭირო "დოზის" მოპოვება ამჟამად გაუჭირდება. ეს თუ ვერ შეძლო, უმძიმესი "ლომკები" დაეწყება! კვლავ აქტუალური გახდება საკითხი - მიზანშეწონილია თუ არა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან?

ვეფხია სამსონიძე