ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
№8 (128), 2010
ქართული ღვინოების შესახებ სპეციალური ბიულეტენი გამოიცა

საქართველოში დარეგისტრირებული და ევროკავშირის ქვეყნებში დაცული ქართული ღვინოების შესახებ სპეციალური ბიულეტენი გამოიცა. ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია "საქპატენტში" ეტაპობრივად მას შემდეგ განხორციელდა, რაც ძალაში შევიდა შესაბამისი კანონმდებლობა ("საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები).

18 დასახელების ღვინის რეგისტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას და ამ დასახელებების ღვინოების ფალსიფიცირების ფაქტების აღკვეთას. თითოეული მათგანი განსაკუთრებული მახასიათებლებით, მაღალი ხარისხითა და რეპუტაციით გამოირჩევა.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ინგლისურ ენაზე გამოცემულ „სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის" სპეციალურ გამოშვებაში - APPELLATIONS OF ORIGIN OF GEORGIAN WINE - შესულია რეგისტრირებული ქართული ღვინოების ადგილწარმოშობის ზონების დახასიათება, გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ნიადაგის დახასიათება, აგრო-ტექნიკური რეგლამენტები, ჯიშის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება და მეცნიერულად დასაბუთებული სხვა მონაცემები.

ბიულეტენი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ყველა საელჩოში დაიგზავნება. მისი გამოცემის ერთ-ერთი დანიშნულება, მოსახლეობის ინფორმირების გარდა, ისიც არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის გაყალბების ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

ბიზნესს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის რესურსი აღარ აქვს

საქართველოში უმუშევრობის ზრდის ფონზე ცნობილი ბიზნესმენების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა აღარ შეუძლიათ. „ყაზბეგის" პრეზიდენტის მტკიცებით, დღეს სამუშაო ადგილების მასობრივად შესაქმნელად საჭიროა კანონი, რომელიც ბიზნესის განვითარებას  შეუწყობს ხელს. თუმცა, როგორც გოგი თოფაძემ გაზეთ „რეზონანსს" განუცხადა, ხელისუფლება ზღუდავს ადგილობრივ წარმოებას, რომ იმპორტის ასეთი დიდი მაჩვენებელი გაამართლოს.

„ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილიც ირწმუნება, რომ დღეს ბიზნესი თვითგადარჩენის რეჟიმში მუშაობს, კონკურენცია ნულზეა დასული და ამ ვითარებაში სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბარი შეუძლებელია.

კერძო სუბიექტები მთავრობასთან ხელშეკრულების გადახედვას ითხოვენ

საქართველოს მთავრობას ხელშეკრულების გადახედვისთვის 100-მდე სუბიექტმა მიმართა, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტროში განცხადების შეტანის ვადა უკვე ამოიწურა. ის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მქონე პირებისათვის სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების გადახედვას ითვალისწინებს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის" შესახებ კანონში, მთავრობის ინიციატივით შევიდა. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებს უფლება მიეცა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის თუ გადახედვის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 1-ლ სექტემბრამდე მიემართა. სამინისტრო კი უფლებამოსილია საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში და საქართველოს მთავრობის თანხმობით, გადაწყვეტილება მიიღოს ხელშეკრულების პირობების შეცვლის და/ან გადახედვის შესახებ. ამასთან, სამინისტრო გადაწყვეტს, გაათავისუფლოს თუ არა სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები პირი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისგან.

ანალოგიური გადაწყვეტილება მთავრობას სახელმწიფო ქონების მყიდველების მიმართ უკვე მიღებული აქვს.

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა პროფილს არ შეიცვლის

საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ცნობით, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა პროფილს არ შეიცვლის და იმუშავებს, როგორც ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი. მისი თქმით, ქარხანა მალე ამუშავდება და ეკოლოგიურად სუფთა ტერმინალში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
 
ეს ქარხანა 2 სექტემბერს, თურქულმა კომპანიამ „ბათუმი პეტროლმა" იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ტერმინალის ღირებულების 50 პროცენტს უახლოესი 30 დღის განმავლობაში გადაიხდის, დარჩენილ თანხას კი, 2010 წლის 1 სექტემბრამდე დაფარავს. გარდა ამისა, მყიდველი ვალდებულია ქონების ექსპლუატაცია სტრანდარტებისა და წესების თანახმად მოახდინოს და რეგიონალურ მომხმარებელთან მიმართებაში, დისკრიმინაციული პოლიტიკა არ უნდა განახოციელოს.

"საქართველოს რკინიგზაში" მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლი რეკორდულად გაიზარდა

„საქართველოს რკინიგზამ" საკურორტო სეზონზე, ივლისი-აგვისტოს თვეში 680 ათასი მგზავრი გადაიყვანა. სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსულმა თანხამ კი 4,7 მილიონი ლარი შეადგინა. რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით", - განაცხადეს „საქართველოს რკინიგზიდან".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მომხმარებელთა შორის, მკვეთრად იმატა მგზავრების რაოდენობამ სომხეთის რესპუბლიკიდან. მარტო ივლისი-აგვისტოს თვეში ერევანი-მახინჯაური-ერევანის მიმართულებით გადაყვანილია 34 ათასი მგზავრი, რაც ორჯერ და მეტად აღემატება გასული წლის მონაცემებს. შარშან მთელი სეზონის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ 16 ათასი სომეხი ტურისტი გადაიყვანა.

"ბაქო-ჯეიჰანით" თურქმენული ნავთობის გადაზიდვა დაიწყო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქმენული  ნავთობის ექსპორტის განხორციელება დაიწყო. ეს განცხადება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა გააკეთა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა კომპანიამ „SOCAR Trading" ხელი მოაწერა შეთანხმებას კომპანია „Dragon Oil"-თან და თურქმენეთის სხვა კომპანიებთან თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე.