ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
რუსული საცეცები ბელარუსსა და ყაზახეთში
№8 (128), 2010
მოახერხებს თუ არა კრემლი ქართული პროდუქციის აკრძალვას რუსეთის
მიღმა?

გასულ თვეში რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ კიდევ ერთხელ შეახსენა საკუთარი არსებობა საქართველოს, როცა რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ერთობლივ საბაჟო კავშირს უჩვეულო რეკომენდაცია მისცა. საბაჟო კავშირი პროდუქციის თავისუფლად მოძრაობას გულისხმობს, რუსეთის მთავარმა სანიტარმა კი პარტნიორებს სთხოვა, ზომები მიიღონ და არ დაუშვან რუსეთში მოლდავური და ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების შეტანა.
 
რუსეთმა ყაზახეთსა და ბელორუსიასთან საბაჟო კავშირი პოლიტიკური გავლენისთვის შექმნა, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით ასეთი კავშირი რუსეთისთვის უსარგებლოა, - მიაჩნია პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ მალხაზ მაცაბერიძეს.

საბაჟო კავშირში შიდა შეზღუდვების დაწესება რთულია, ეს ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ შესაძლოა რუსეთი მარტივად მიუდგეს საკითხს და მთლიან საბაჟო კავშირში მოითხოვოს ქართული პროდუქციის აკრძალვა. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გვითხრეს, ყაზახეთსა და ბელორუსიასთან ეკონომიკური ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება და ამ ტენდენციის შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ რუსეთის თხოვნა საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებისადმი, მათი ტერიტორიიდან ქართული და მოლდავური პროდუქცია რუსეთში არ მოხვდეს, უკვე ადასტურებს, რომ ეს ქვეყნები ქართულ პროდუქციაზე უარის თქმას არ აპირებენ და რუსეთი შიშობს, რომ საბაჟო კავშირის შიგნით თავისუფალ ბრუნვაში არსებულ პროდუქტს ვერ გააკონტროლებს.

"ამისთვის ძალიან დიდი რესურსი დასჭირდება. ამ ეტაპზე უცნობია, კონტროლის რა დამატებით მექანიზმებს შეიმუშავებენ. საქართველოს ორმხრივი სავაჭრო თუ სხვა ეკონომიკური კავშირები ბელორუსიასა და ყაზახეთთან ყოველწლიურად ფართოვდება და მყარდება.

2009 წელს, როცა საგარეო ვაჭრობა თითქმის ყველგან იკლებდა, ბელორუსიაში ქართული პროდუქციის ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, ხოლო ყაზახეთში, ფაქტობრივად, არ შემცირებულა, წლევანდელ 6 თვეში კი, შესაბამისად, 42% და 77%-ით გაიზარდა. ღვინის ექსპორტი ბოლო წლებში ბელორუსიის
ბაზარზე წელიწადში საშუალოდ 45%-ით იზრდება, მინერალური წყლის - 49%-ით, ხოლო 2010 წლის I ნახევარში მინერალური წყლის ექსპორტმა 166% ით მოიმატა. ამავე პერიოდში ყაზახეთში ღვინის ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, ხოლო მინერალური წყლის - 163%-ით. ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები მხოლოდ სავაჭრო ბრუნვის ზრდით არ შემოიფარგლება. თანამშრომლობა ვითარდება სოფლის მეურნეობაში, ინვესტიციებში, ტურიზმში. ეწყობა მთავრობათაშორისი ორმხრივი ეკონომიკური კომისიების სხდომები".
 
რუსეთში ქართული პროდუქციის შეღწევის საწინააღმდეგო აკრძალვები ძველებურად მოქმედებს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში კონტრაბანდულად შეტანილი ქართული პროდუქცია მუდამ იყიდებოდა. "ბორჯომის" ფასი 25 დოლარსაც აღწევდა. საბაჟო კავშირის ამოქმედების შემდეგ მისი ფასი განახევრებულია. ეს ადასტურებს, რომ საბაჟო კავშირის ქვეყნებიდან მინერალური წყლის შეტანა გაიზარდა და კონტრაბანდასთან კონკურენციამ პროდუქცია გააიაფა.

ექსპერტები რუსეთის სურვილის იოლად განხორციელებას გამორიცხავენ. მათი თქმით, რუსეთს ქართული პროდუქციის დევნა ძალიან ძვირი დაუჯდება და ეს არარაციონალური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, რუსეთი რომ მაინცდამაინც რაციონალური გადაწყვეტილებებით არ გამოირჩევა – ესეც საქვეყნოდ ცნობილია.

თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის სურვილით ქართული პროდუქციის აკრძალვა ყაზახეთსა და ბელორუსიაში თითქმის გამორიცხულია. რუსეთი კვლავ ცდილობს, გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ამისთვის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს. თუმცა ამ გზაზე საქართველო კვლავ რჩება რუსეთისთვის ბარიერად.

"რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები, რათა ბელორუსიასა და ყაზახეთშიც მიაღწიოს ქართული პროდუქციის აკრძალვას, მაგრამ ეს უკიდურესად არაპროპორციული ქმედება იქნება და აქედან სარგებელს ვერ ნახავს. მაგალითად, ბელორუსიას თუ ეტყვიან, გაზს და ნავთობს აღარ მოგყიდით, საზღვარს ჩავკეტავთ, იმიტომ რომ ქართული ღვინო შემოგაქვსო – მართლაც არაპროპორციული იქნება, რადგან ქართული ღვინო ბელორუსიაში შეიძლება 5 მილიონის ღირებულებისაც არ შედის...

რუსეთის მთავრობაში ვითარებას საბაზრო დემოკრატიის პოზიციიდან არ უყურებენ და შეიძლება მაინც გამოიღონ ხელი, ოღონდაც ჩვენი ჭია გავახაროთო. თუმცა მაინც არ მგონია, ყველა ბერკეტი აამოქმედონ. მათ შორის ისედაც არსებობს სავაჭრო დისკუსიები, ვთქვათ, იმავე ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით ბელორუსიასთან.

ყაზახეთთან შედარებით ნაკლებად, თუმცა იქაც დგას საკითხები - ყაზახური გაზისა და კონდენსატის რუსეთში გადამუშავება; თენგიზის საბადოებიდან ნავთობის ტრანზიტი... თუ ასე დაუბნელდათ თვალები და საქართველოს მცირე მეორადი ექსპორტი რუსეთში ასე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, მაშინ შესაძლებელია, თუმცა მე მაინც არ მჯერა".

უარეს შემთხვევაში, თუ რუსეთმა საბაჟო კავშირის ფარგლებში ქართული პროდუქციის აკრძალვას მიაღწია, კახა ბენდუქიძის ვარაუდით, ქართული ეკონომიკა მცირე დარტყმას მიიღებს.

"ეს იქნება სამწუხარო, მაგრამ არ იქნება ტრაგიკული. ყველაზე უარესი ვარიანტი იქნება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დანაკლისი. ჩვენი ექსპორტი თითქმის 2 მილიარდი დოლარია. მთელ ექსპორტს შეიძლება დაახლოებით 1% დააკლდეს.

აკრძალვა იმაზეა დამოკიდებული, რუსეთში რამდენად დაიჯერებენ, რომ ამის გაკეთება ღირს. რუსეთში შეიცვალა რწმენა, თითქოს ქართულ პროდუქციაზე ემბარგო საქართველოს დაშლას გამოიწვევდა. ასე არ აღმოჩნდა. და თუ რუსეთში ემბარგომ ეს პროცესი არ გამოიწვია, ყაზახეთსა და ბელორუსში ემბარგო როგორღა გამოიწვევს? ამიტომ მაინც მგონია, რომ რაღაც სუსტი ზომები შეიძლება მიიღონ, მაგრამ მნიშვნელოვანი არ იქნება".

რუსეთმა ყოფილ მოკავშირეს "ქართული" დასჯა დაუპირა

იმ პერიოდში, როცა რუსეთი ცდილობს ქართულ პროდუქციას ბელორუსიის და ყაზახეთის ბაზრებიც დაატოვებინოს, პარალელურად ბელორუსიისთვის "ჭკუის სწავლებას" ცდილობს. ბელორუსიის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო დღევანდელი მოსკოვისთვის ერთ-ერთი აქტუალური „საფრთხობელა“ გახდა. მისი დასჯისთვის კი კრემლი ახალ-ახალ მეთოდებს მიმართავს. მიზეზი მარტივია: ლუკაშენკომ ევროპისკენ სვლა მოინდომა, დასავლეთთან ძველი, შელახული იმიჯის გამოსწორებას შეეცადა და რუსულმა პასუხმაც არ დააყოვნა - ემბარგო ბელორუსულ რძეზე, უთანხმოება რუსული ენერგორესურსების ტრანზიტზე და ბოლოს, რევოლუციის მუქარა... გასულ კვირას კი უკვე ბელორუსიის მიმართ ისეთი ეკონომიკური ბლოკადის იდეაც გაახმაურეს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა, როგორიც ქართულ პროდუქციას აქვს რუსეთის ბაზარზე. საუბარია აგრეთვე რუსეთ-ბელორუსიის ეკონომიკური თანამშრომლობის შეზღუდვაზეც... ეს ჯერ არაოფიციალური განცხადებებია, თუმცა რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადა ჩვეული მეთოდია.

საქართველოზე განაწყენებულმა კრემლმა ამ მეთოდს კაი ხნის წინ მიმართა, თუმცა როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, რუსეთის მოლოდინი არ გამართლდა. ქართველმა მეწარმეებმა კი მიიღეს მნიშვნელოვანი ზარალი, მაგრამ, მთლიანად, ქართული ეკონომიკა რუსული ემბარგოთი იმ დოზით ნამდვილად არ დაზარალდა, რასაც კრემლი იმედოვნებდა. რუსეთმა ევროპული ღირებულებების არჩევისთვის მოლდოვაც დასაჯა და უკვე მერამდენედ აიკრძალა რუსეთის ბაზარზე მისი ღვინოები. ამჟამად კი ჯერი ბელორუსიაზეა.

რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება შანსს არ უშვებს ყოფილი თანამოაზრე და ლამის რუსეთის ყურომჭრილი ვასალი ალექსანდრე ლუკაშენკო საქვეყნოდ დაგმოს და მსოფლიოს წინაშე „უკანასკნელ დიქტატორად“ გამოაცხადოს. ორიოდე წლის წინ თუ ბელორუსიის და რუსეთის ფაქტობრივად ერთ სახელმწიფოში გაერთიანების იდეაც საკმაოდ აქტუალური იყო, ამჟამად კრემლი ყოფილ თანამოაზრეს სატელევიზიო ფილმების სერიალს უძღვნის და „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებს. როგორც ირკვევა, ლუკაშენკოზე პუტინ-მედვედევის ნერვების მოშლა ისევ საქართველოს უკავშირდება. კრემლმა აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებაზე ვენესუელას, ნიკარაგუას და ჯუჯა-სახელმწიფო ნაურუს გარდა ვერავინ დაითანხმა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი სააკაშვილის მოძულე პუტინისთვის მაინც ლუკაშენკო გამოდგა.

ბელორუსიის პრეზიდენტი რამდენჯერმე დაპირდა რუს კოლეგას, რომ ბელორუსიის პარლამენტი აპირებდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე მსჯელობის დაწყებას, თუმცა ეს დაპირებები დაპირებად დარჩა. მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მხრიდან ბელორუსიისთვის ეკონომიკურ-პოლიტიკური შეთავაზებები. კერძოდ, როდესაც ბელორუსიის პარლამენტმა არა და არ დაიწყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების განხილვა და  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთი წლის თავზე რუსეთმა ლუკაშენკოს კრიტიკა დაიწყო, თავად ბელორუსიის ლიდერმა რუსეთის მხრიდან შეთავაზება გაიხსენა. ლუკაშენკოს თქმით, მოსკოვი მას დაჰპირდა 500 მილიონი დოლარის ტრანშის გამოყოფას, თუკი ბელორუსია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებდა.

„ჩვენ არ გვინდა პოზიციებისა და საკითხების გაყიდვა. ბელორუსიის ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და არც მოხდება. ამ საკითხს ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ,“ - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა. ამ განცხადებით უკვე აშკარა იყო, რომ ლუკაშენკომ კრემლისგან დამოუკიდებელი თამაში დაიწყო და რუსეთის ჩანაცვლებას უკვე ევროპული ქვეყნების მეშვეობით შეეცადა. ლიდერი, რომელიც ბოლო დრომდე „ყველაზე უფრო საბჭოთა“ ლიდერად რჩებოდა, უცებ ევროპული ღირებულებებისკენ გადაიხარა. ცალკე საკითხია, რამდენად ენდობა ევროპა ლუკაშენკოს "მოქცევას", მაგრამ რუსეთი რომ ბელორუსიის ლიდერის დაქცევისთვის ყველაფერს აკეთებს - ესეც აშკარა გახდა.

წლების განმავლობაში ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკას მხოლოდ ერთი ვექტორი ჰქონდა. იგი ყოველთვის მოსკოვზე იყო მიბმული, სხვა ძალა მისთვის არ არსებობდა, მაგრამ 2008 წლიდან მისი პოლიტიკა იცვლება, მას „მადა ეხსნება“, იგი პოლიტიკურ ვაჭრობას იწყებს - არ აღიარა ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმი შეარბილა, ევროკავშირის პოლიტიკის ცვლასთან ერთად საერთაშორისო საფინანსო ფონდმა ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის გრძელვადიანი სესხი გამოუყო, მაგრამ ამით „ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა“ გააღიზიანა კრემლი...

რაც შეეხება ამერიკას... ლუკაშენკოს ვაშინგტონთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია. 2009 წელს Wall Street Journal-ის ჟურნალისტს განუცხადა: „ჩვენზე დამოკიდებული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკაზე. თუ ამერიკას სურს ჩვენთან ურთიერთობის დამყარება ყოველგვარი წინაპირობებისა და ბარიერების გარეშე, ჩვენ ძალიან ძლიერ კავშირს დავამყარებთ“.

მოსკოვს ლუკაშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება აქვს. 2011 წლის იანვარში ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. რუსეთი კი არასასურველი ლიდერის მისთვის სასურველი კანდიდატურით ჩანაცვლებას არჩევნებზე შეეცდება. საყურადღებოა, რომ რუსეთსა და ბელორუსს შორის „გაზის ომის“ განახლება სწორედ 2011 წლის 1 იანვრიდან არის სავარაუდო. სწორედ ამ დროს უმთავრდება ქვეყნებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა, რომლის მიხედვითაც რუსული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში ბელორუსიის გავლით ხდება. რუსეთის მხრიდან ბელორუსისთვის გაზის საფასურის გაზრდა ან, მიწოდების შეზღუდვა მომენტალურად აისახება ბელორუსიის მიერ რუსული გაზის გატარების შეზღუდვაში, რაც გასულ ზამთარს მოხდა კიდეც. ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობით უკმაყოფილო მოსახლეობის გამოყენება კრემლის ჩვეული მეთოდია. ბელორუსიასთან ეკონომიკური ბლოკადა და ენერგორესურსების შეზღუდვა მოსკოვს ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან რევოლუციით ან არჩევნებით გაშვების შანსს ნამდვილად აძლევს. თუმცა, რომელი მეთოდით შეეცდება კრემლი არასასურველი ლიდერის ჩამოშორებას: უკრაინული ვერსიით არჩევნებზე სასურველი კანდიდატურის მოყვანით თუ ყირგიზეთის მსგავსს რევოლუციას მოაწყობს - ეს მომავალში გამოჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკოც არ ზის უმოქმედოდ და შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერში გადმოიტანოს. მანამ, სანამ რუსეთთან ახალი „გაზის ომის“ საშიშროება და მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ლუკაშენკო განწირულს მაინც არ ჰგავს - იგივე საქართველოსთან მიმართებაში ხელისუფლების დამხობა კრემლმა ვერც რევოლუციის მოწყობით შეძლო და ვერც არჩევნების გზით. დასავლეთის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ახლა კი დასავლეთის წინაშე გამოცდის ჩაბარება უკვე ლუკაშენკოს მოუწევს. შესაბამისად, მსოფლიო თანამეგობრობაზე უკვე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული „ევროპის უკანასკნელი დიქტატორს“ ისტორიულ სანაგვეზე მიუჩენს ადგილს თუ მისთვის „ევროპის ნორჩი დემოკრატის“ სტატუსს გაიმეტებს.

რუსეთსა და ბელორუსიას შორის ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საბაჟო კავშირის მეშვეობით რუსეთს ნაკლებად შეუძლია ქართული პროდუქციის მორიგი დევნა. ბოლო-ბოლო ბელორუსიის პრეზიდენტი რუსეთის ხელისუფლებას ბრმად აღარ ეთანხმება და საჩოთირო საკითხებზე ვაჭრობაც ისწავლა. თუმცა, ექსპერტების თქმითვე, როცა საქმე რუსეთს ეხება, რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი ყოველთვის არ ამართლებს. შესაბამისად, ქართული პროდუქციის ერთადერთი გარანტირებული გამოსავალი რაც შეიძლება მეტი ქვეყნების ბაზრებზე გადანაწილებაა.

თემურ იობაშვილი