ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ქონებრივი ურთიერთობანი მეუღლეთა შორის
#8 (128), 2010
ჩვენი რუბრიკის მკითხველებს ამჯერად აინტერესებთ, როგორ აწესრიგებს კანონი მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებს; უფრო კონკრეტულად, სურთ იცოდნენ: რომელი ქონება განეკუთვნება მათ ინდივიდუალურ საკუთრებას და რომელი თანასაკუთრებას, შეიძლება თუ არა საერთო თანასაკუთრების გაყოფის დროს, არ იქნეს დაცული თანაბრობის პრინციპი და რა შემთხვევაში, როგორ არეგულირებს საქორწინო ხელშეკრულება მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებს ჩვენთან და საზღვარგარეთ.

განვმარტავთ, რომ მეუღლეებს შეიძლება ჰქონდეთ მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი ქონება. ქონება მეუღლეებს შეიძლება ეკუთვნოდეთ ინდივიდუალურად (განცალკევებული) ან საერთო თანასაკუთრების უფლებით.

ინდივიდუალური საკუთრება

ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება:

– ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ეკუთვნოდა ქორწინებამდე. ქორწინება და ოჯახის შექმნა არ ნიშნავს მათი წინანდელი ქონების გაერთიანებას საერთო თანასაკუთრების საწყისებზე.

– მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება – ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მაგ.: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი (გარდა ძვირფასეულობისა).

- ძვირფასეულობა და ფუფუნების საგნები, რომელიც განკუთვნილია ინდივიდუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ შეძენილია საერთო სახსრებით, განეკუთვნება თანასაკუთრებას. მაგ.: პროფესიული საქმიანობის იარაღები, ექიმის კაბინეტის მოწყობილობა, ძვირადღირებული სამკაული, როიალი მუსიკოსისთვის. თუმცა ესენი განკუთვნილია
ინდივიდუალური მოხმარებისათვის, თუ იგი შეძენილია საერთო სახსრებით, მაინც თანასაკუთრებაა.

- ჩუქების ან მემკვიდრეობის წესით მიღებული ქონება:

ა) თუ ქონება საჩუქრად ეძლევა ერთ-ერთ მეუღლეს, იგი ითვლება მის ინდივიდუალურ საკუთრებად;

ბ) თუ ქონება საჩუქრად ეძლევა ოჯახს, იგი ითვლება თანასაკუთრებად.

განცალკევებულად ჩაითვლება აგრეთვე ერთ-ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით (კანონით ან ანდერძით) მიღებული ქონება. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როცა ქონება შეძენილია ერთად ცხოვრების პერიოდში, მაგრამ იმ ქონების რეალიზაციის ხარჯზე, რომელიც განეკუთვნებოდა ერთ-ერთის განცალკევებულ ქონებას.

ქონება მიღებული მეუღლის მიერ პრემიის, წახალისების ან ჯილდოს სახით თანასაკუთრებას წარმოადგენს. განცალკევებულ ქონებას განეკუთვნება მხოლოდ ის პრემია, რომელიც პიროვნებას მიეცა თვალსაჩინო მოღვაწეობისთვის მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგში.

თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს ფლობდეს, სარგებლობდეს ან განაგებდეს განცალკევებულ ქონებას, მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. თუ დადგინდა, რომ განცალკევებულმა ქონებამ თანაცხოვრების პერიოდში განიცადა ტრანსფორმაცია საერთო სახსრების ხარჯზე, მაშინ ასეთი ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად. მაგ.: მანქანის კაპიტალური რემონტი, რომელმაც წაიღო მნიშვნელოვანი სახსრები საერთო ქონებიდან, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრება წყდება ქონების გაყოფით. თითოეული ხდება ქონების იმ ნაწილის მესაკუთრე, რომელიც ქონების გაყოფამდე მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებაში იმყოფებოდა.
 
საერთო ქონების გაყოფა შესაბამის ნაწილებად შეიძლება მოხდეს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. შეთახმება (აქტი) გაყოფის შესახებ შეიძლება გაფორმდეს გაყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფორმით. სანოტარო ბიუროში თითოეულ მეუღლეს მიეცემა თავის წილზე საკუთრების უფლების მოწმობა („ნოტარიუსის შესახებ" კანონის 41-ე მუხლი).

თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე, მაშინ დავას მათ შორის მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით გადაწყვეტს სასამართლო.

განქორწინება არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას ქონების გაყოფისთვის. ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქორწინების განმავლობაშიც.

ქონების გაყოფის საფუძველი შეიძლება იყოს: მაგალითად, საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტა; ერთ-ერთი მეუღლის მფლანგველური დამოკიდებულება საერთო თანასაკუთრების ქონებისადმი; მეუღლეთა შორის თანხმობის მიუღწევლობა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე; ერთ-ერთი მეუღლის საჭიროება, რათა დაეხმაროს შვილებს პირველი ქორწინებიდან, ან ღრმად მოხუც მშობლებს; საერთო თანასაკუთრებაში იმ მეუღლის წილზე გადახდევინების მიღწევა, რომელიც თავს არიდებს ალიმენტის გადახდას.

ქორწინების განმავლობში საერთო თანასაკუთრების გაყოფა სასამართლო წესით დასაშვებია, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ ისეთ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, რაც ოჯახის ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
 
განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნილებაზე დადგენილია ხანდაზმულობის ვადა – 3 წელი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლი).

საერთო თანასაკუთრებაში წილის განსაზღვრის მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მეუღლეს. მათ შორის იმასაც, რომლის სახელზეც არ არის რეგისტრირებული ქონება. საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია ერთ-ერთი მეუღლის სახელზე არ ცვლის მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების კანონიერ რეჟიმს. მეუღლეები საერთო საკუთრების თანასწორუფლებიანი სუბიექტები არიან, რის გამოც თითოეულ მათგანს უფლება აქვს მოითხოვოს მისი კუთვნილი წილის განსაზღვრა და გამოყოფა.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფას განქორწინების გარეშე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხოლოდ იმ ქონების მიმართ, რაც მათ მიერ შეძენილია გაყოფის მომენტამდე.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა შეიძლება აგრეთვე, მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლის კრედიტორის მოთხოვნით. ერთ-ერთი მეუღლის პირადი ვალების გამო საერთო ქონებაში მის კუთვნილ წილზე გადახდევინების მისაღწევად, საერთო თანასაკუთრების ქონების გაყოფისას აუცილებელია განისაზღვროს იმ ქონების შემადგენლობა, რომელიც გაყოფას ექვემდებარება. ამასთან, სასამართლოები ხელმძღვანელობენ პრეტენზიით, რომ მეუღლეებს არსებული ქონება განეკუთვნებათ საერთო თანასაკუთრების უფლებით.

თუ დადგენილია ქონების შეძენის დრო, მაშინ ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლის მიერ ქორწინების განმავლობაში ითვლება საერთო ქონებად, ხოლო ქორწინებამდელი ქონება ითვლება განცალკევებულად. თუ რომელიმე მეუღლეს მიაჩნია, რომ ქონება მის პირად საკუთრებას წარმოადგენს, იგი მოვალეა წარუდგინოს სასამართლოს სათანადო მტკიცებულებანი.

სასამართლო მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებიდან გამოავლენს და გამოყოფს:

– ქონებას, რომელიც მეუღლეებს ეკუთვნით ინდივიდუალური საკუთრების უფლებით;

– ნივთებს, რაც შეძენილია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით, მაგრამ განკუთვნილია თითოეული მათგანის ინდივიდუალური სარგებლობისათვის.

როგორც წესი, ქონების გაყოფა ხდება ნატურით. აუცილებელია საბოლოო ანგარიშით თითოეული მეუღლისათვის გადაცემული ნივთების ღირებულება შეესაბამებოდეს საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის მოცულობას. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თანხმობის მიღწევა შეუძლებელია და ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც საერთო ქონებაში მის კუთვნილ წილზე მეტია, მაშინ მეორე მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს ფულადი კომპენსაცია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლი).

იმ შემთხვევაში, თუ საერთო ქონების გაყოფის ობიექტი არის საცხოვრებელი სახლი ან სხვა ქონება, რომლის ნატურით გაყოფაც შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია იგი მიაკუთვნოს ერთ-ერთ მეუღლეს, ხოლო მეორეს კომპენსაციის სახით გადაეცეს სხვა ქონება ან ფული ანდა აღიაროს ეს ქონება თითოეული მეუღლის კუთვნილად, საერთო წილის საკუთრების უფლებით განუსაზღვროს თითოეულს თავისი წილი, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული საცხოვრებელი ბინით სარგებლობის წესზე.

საერთო თანასაკუთრება მეუღლეთა შორის იყოფა თანაბრად. ამასთან სასამართლო არ იფარგლება წილის არითმეტიკული განსაზღვრით, არამედ ადგენს სახელდობრ რომელი საგანი უნდა გადაეცეს თითოეულ მეუღლეს საერთო ქონებიდან.

ქორწინების განმავლობაში ერთობლივი სახსრებით შეძენილი პროფესიული შრომის საგნები ქონებრივი დავის შემთხვევაში გადაეცემა იმ მეუღლეს, რომლის სარგებლობაშიც იმყოფებოდა იგი. ამასთან, სასამართლო ავალდებულებს მას მისცეს მეორე მეუღლეს პროფესიული შრომის საგნების საფასური კომპენსაცია სხვა ქონებით ან ფულით.

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფისას არასრულწლოვანი შვილის სარგებლობაში მყოფი ნივთები არ შედის გასაყოფ ქონებაში. ასეთი ნივთები რჩება ბავშვის პირად საკუთრებაში – კომპენსაციის სახით. ასეთივე სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება ბავშვის სახელზე შეტანილ ანაბარზე.
თუ მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფისას სასამართლო დაადგენს, რომ ერთ-ერთ მეუღლეს არ სჭირდება მიღებული ქონება, უფლება აქვს საერთო თანასაკუთრების ქონებიდან წილის ნატურით გადაცემის ნაცვლად მას მიაკუთვნოს ფულადი კომპენსაცია ამ ქონების ღირებულების ოდენობით.

თუ გასაყოფი ქონება შეძენილია როგორც მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მოპოვებული სახსრებით, ისე იმ სახსრებითაც რომელიც მათ ქორწინებამდე ეკუთვნოდათ, მაშინ სასამართლო თანაბარ წილად ყოფს მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც მეუღლეებმა საერთო სახსრებით შეიძინეს. ამ წილს კი მიუმატებს თითოეული მეუღლის იმ წილს, რაც მათ ქორწინებამდე ეკუთვნოდათ.

საერთო თანასაკუთრების გაყოფის დროს თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის საფუძვლები

მოქმედი საოჯახო კანონმდებლობა გამოდის ყველა ქონებრივ ურთიერთობაში მეუღლეთა სრული თანასწორობის პრინციპიდან. გაყოფის გზით საერთო თანასაკუთრების შეწყვეტისას მათი წილი თანაბარია. ამასთანავე, ცალკეულ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვანი შვილების ინტერესები ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი).

სასამართლოს უფლება აქვს გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, თუ დადგინდება, რომ იმ მეუღლის წილის გაუდიდებლად, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილები რჩებიან, შეუძლებელია უზრუნველყოფილი იყოს მათი სათანადოდ აღზრდა.

შვილების ინტერესების მხედველობაში მიღებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის გარეშეც. მშობელს, ვისთანაც შვილი (ან შვილები) რჩებიან, თანაბრად გაყოფილი ქონებიდან გადაეცემა საერთო თანასაკუთრებაში მყოფი ისეთი ობიექტები, რომლებიც აუცილებელია შვილების აღზრდისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად (მუსიკალური ინსტრუმენტები, სპორტული ინვენტარი), ბავშვებისთვის ყოველდღიურ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად (ტელევიზორი, სარეცხი და საკერავი მანქანები და სხვა).

არ შეიძლება შეუმცირდეს წილი იმ მეუღლეს, რომელსაც ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერც ხელფასი მიჰქონდა სახლში და ვერც საოჯახო მეურნეობის წარმართვაში მონაწილეობდა. სასამართლოს ასევე არ აქვს პატიმრობაში მყოფი მეუღლისთვის წილის შემცირების უფლება.

მეუღლეთა ქონების გაყოფისას სასამართლო შრომისუუნარო მეუღლეს აკუთვნებს გადიდებულ წილს. საერთო ქონებაში ითვალისწინებს იმასაც, რომ ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეიძინონ საოჯახო მოწყობილობა.
მეუღლეთათვის ქონებიდან არათანაბარი წილის განსაზღვრას შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ იჩენდა ზრუნვას საერთო ქონებაზე, არ მონაწილეობდა მისი შენახვის ხარჯებში, როდესაც მეორე მეუღლე ეწეოდა ყველა ხარჯს ამ ქონების მოვლისა და შენახვისათვის.

საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი უძველესი სამართლებრივი ინსტიტუტია. იგი სათავეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იღებს. პირველი წერილობითი დოკუმენტი გვხვდება ძველ საბერძნეთში, რომსა და ეგვიპტეში. იმ დროს ქალი და მამაკაცი აფორმებდნენ შეთანხმებას, რომლითაც ადგენდნენ როგორც მათ შორის ქონებრივ ურთიერთობას, აგრეთვე ერთობლივად შეძენილი ქონების მემკვიდრეობის საკითხსაც. ასეთი რამ საძრახისად ან სამარცხვინოდ არ ითვლებოდა და მომავლის "დაზღვევა" საკმაოდ გავრცელებული იყო. მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში, საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტის აღდგენა მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ინგლისში, XIX საუკუნის ბოლომდე "საერთო სამართლის" (Common Law) შესაბამისად, მეუღლეთა ქონება ქმრის საკუთრებად ითვლებოდა და ის ქონებაც კი, რომელსაც ცოლი ქორწინებამდე ფლობდა, ქმრის საკუთრებაში გადადიოდა.

1882 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი "გათხოვილი ქალების ქონების შესახებ". კანონის თანახმად, გათხოვილ ქალებს მიეცათ უფლება გაეფორმებინათ ხელშეკრულებები ქონებაზე, მემკვიდრეობით გადაეცათ იგი და სხვა. ეს იყო პირველი მცდელობა მეუღლე ქალბატონების ქონების კანონის ძალით დაცვისათვის. საგულისხმოა ის გარემოება, რომ როგორც ძველი დროის საქორწინო ხელშეკრულების დიდი უმრავლესობა, ისე დღეისათვის ბევრ ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს შეთანხმებას როგორც მეუღლეთა ქონებრივ, ისე პირად უფლება-მოვალეობებზე.

1997 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინა საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტი, თუმცა იქვე აკრძალა მისი მეშვეობით მეუღლეთა პირადი უფლებების დარეგულირება, რაც სავსებით სწორად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მხოლოდ სიყვარულზე, ნებაყოფლობითობაზე და ნდობაზე დაფუძნებული ქორწინება შეიძლება იყოს მტკიცე და ხანგრძლივი. ხელშეკრულების გაფორმებისას მეუღლეებს ეძლევათ შესაძლებლობა შეცვალონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგიერთი ნორმა და ქონებრივი უფლება-მოვალეობები გადაწყვიტონ საკუთარი შეხედულებისამებრ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქმედი კანონის თანახმად საქორწინო ხელშეკრულება ითვალისწინებს მეუღლეთა შორის შეთანხმებას მხოლოდ ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას; იგი შესაძლებელია დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდეც, ხოლო ძალაში მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან შედის.                       

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხელშეკრულება გარკვეული ვადით ან უვადოდ შეიძლება დაიდოს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შორისაც ნებისმიერ დროს, დაქორწინების ვადის მიუხედავად, მაგრამ აუცილებლად წერილობითი ფორმით და უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით.

ინდივიდუალური საკუთრება არის ქონება (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი), რომელიც მეუღლეს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე, ასევე ქონება, რომელიც მეუღლემ ქორწინების განმავლობაში მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით; ამიტომ თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს მეორე მეუღლისგან დამოუკიდებლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს იმ ქონებას, რომელიც მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს. ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება აგრეთვე, ის ნივთები, რომლებიც შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრებით, მაგრამ განკუთვნილია ერთ-ერთი მათგანის ინდივიდუალური სარგებლობისათვის. ასეთია მაგალითად: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ყელსაბამი, ბიჟუტერია, კოსმეტიკური ნივთები და სხვა.

კანონი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებიდან გამორიცხავს ძვირფასეულობას. ძვირფასეულობას მიეკუთვნება ისეთი ნივთები, რომლებიც არაა აუცილებელი ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად: ძვირფასი ლითონებისა და იშვიათი ქვებისაგან დამზადებული საგნები, ანტიკვარული ნივთები და სხვა. აღნიშნულთან ერთად, კანონი ცალკე გამოყოფს პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთებს, როგორიცაა: მუსიკოსისათვის მუსიკალური ინსტრუმენტები, ექიმისათვის საექიმო კაბინეტის მოწყობილობები, სპორტსმენისათვის სპორტული ინვენტარი და ა.შ. თანასაკუთრების გაყოფისას პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები, თუნდაც ისინი შეძენილი იყოს საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება, ხოლო მეორე მეუღლეს მიეცემა მათი საერთო ღირებულების ნახევარი ფულადი ანაზღაურების სახით.

სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული ქონება, საბანკო ანაბრები, აქციები და სხვა რაიმე ქონებრივი წილი, რომლებიც გახსნილია (შეძენილია) ქორწინების განმავლობაში, ასევე პროცენტები (დივიდენდები) მათზე, წარმოადგენს როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე განქორწინების შემთხვევაშიც იმ მეუღლის საკუთრებას, რომლის სახელზეც არის გახსნილი (გაფორმებული) ეს ქონება. საბანკო პროცენტების და დივიდენდების განაწილებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მეუღლეთა შორის ცალკე შეთანხმება.

მნიშვნელოვანია, რომ საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელსაც დაემატება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება) ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე. მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას.

კითხვა: შეიძლება თუ არა, საქორწინო ხელშეკრულება დაიდოს იმ ქონებაზე, რომელსაც მეუღლეები მომავალში შეიძენენ?

პასუხი: საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.

საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ან ამა თუ იმ პირობების დადგომით. მეუღლეები უფლებამოსილნი არიან თავიანთვის დაადგინონ რეჟიმი, რომელიც მოიცავს ქონების განცალკევების ან მათი ერთიანობის ცალკეულ ნიშნებს. მაგალითად, მიმდინარე შემოსავლები მომავალში იყოს მეუღლეთა საერთო საკუთრება, ხოლო სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება კი – განცალკევებული. ხელშეკრულებაში მეუღლეებმა შეიძლება გაითვალისწინონ წილობრივი ხასიათი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, მათ შორის საცხოვრებელ ფართობზე. მაგალითად, ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე ერთი მეუღლის წილი შეადგენს 1/4 ს, ხოლო მეორის – 3/4 ს. ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ მეუღლეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თითოეული მათგანის მიერ შეძენილი ქონება შეადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ტენორის ლუჩანო პავაროტის და მისი მეუღლის საქორწინო ხელშეკრულება (მათ ერთად იცხოვრეს 36 წლის მანძილზე), რომლის თანახმადაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალური საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება. მართალია, საქორწინო ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას მეუღლეებმა (ან დასაქორწინებელმა პირებმა) თავიანთი შეხედულებით განსაზღვრონ ქონებრივი უფლება-მოვალეობანი, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია საქორწინო ხელშეკრულებით შეიცვალოს პირადი ქონებრივი ერთიანობის ხასიათი, კერძოდ, შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და დავის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

კითხვა: რა ვადით შეიძლება დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება და უფლებას აძლევს თუ არა კანონი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს დადოს ასეთი ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე?

პასუხი: საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც განუსაზღვრელი, ისე განსაზღვრული ვადით და ზოგჯერ დაუკავშირდეს გარკვეული პირობების არსებობას. მაგალითად, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ, რომ ბავშვის დაბადებამდე მათი ქონება იქნება განცალკავებული, ხოლო დაბადების შემდეგ – საერთო ან პირიქით. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს ქორწინების რეგისტრაციამდე შეუძლია დადოს საქორწინო ხელშეკრულება მხოლოდ კანონიერი წარმომდგენლის თანხმობით.

მოქმედი კანონის თანახმად, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისთანავე. თუმცა, შესაძლებელია იგი შეწყდეს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ნებისმიერ დროს.

კითხვა: შეიძლება თუ არა საქორწინო ხელშეკრულება შეწყდეს მეუღლის ცალმხრივი უარის შემთხვევაში? 

პასუხი: არა, კანონი ამის შესაძლებლობას არ უშვებს და თვლის, რომ საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა ამ საფუძვლით დაუშვებელია.

საქორწინო ხელშეკრულების დადება კანონით სავალდებულო არ არის; შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ (როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს) მან ქართულ სინამდვილეში განსაკუთრებული დაინტერესება დღემდე ვერ ჰპოვა, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ერთხმად აღიარებენ, რომ საქორწინო ხელშეკრულება სრულიად საკმარისი და ხელსაყრელი პირობაა მეუღლეთა შორის წარმოშობილი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად (განსაკუთრებით ქონებრივ და ფინანსურ ნაწილში). იგი ამსუბუქებს მეუღლეთა დამოკიდებულებას განქორწინებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი და მომაბეზრებელი სასამართლო პროცესების მიმართ.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ჟურნალის შემდეგ ნომერში მშობლებისა და შვილების შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესზე გესაუბრებით.

ირინე ღლონტი