ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ნოდარ ჯავახიშვილთან
#8 (128), 2010
ნოდარ ჯავახიშვილი - დაიბადა 1954 წლის 7 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში. 1971 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #13 საშუალო სკოლა. ერთი წელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში იმუშავა. მომდევნო წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1977 წელს დაამთავრა სპეციალობით "ფინანსები და კრედიტი".

1977-91 წლებში მუშაობდა სსრკ სახელმწიფო ბანკის საქართველოს რესპუბლიკური ბანკის სისტემაში, სადაც სხვადასხვა დროს იყო: უფროსი ეკონომისტი, მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი, რუსთავის ბანკის მმართველი, საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე. 1992-93 წლებში იყო "ბინსოცბანკის" ისნის განყოფილების მმართველი.

1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

2010 წლის თებერვალში გახდა პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" წევრი.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და 5 შვილიშვილი.

- ბატონო ნოდარ, უნივერსიტეტში სკოლის დამთავრებისთანავე რატომ არ ჩააბარეთ?

- ჯერ ერთი წელი სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში ვმუშაობდი, ვინაიდან სკოლის დამთავრებისთანავე, დედაჩემის სურვილით, სამედიცინოზე ვაბარებდი. თურმე, იმ პერიოდში სამედიცინოზე ძალიან გავლენიანი და ფულიანი ხალხის გარდა ვერავინ ეწყობოდა. ისე მოხდა, რომ რუსთავიდან ყველა ფრიადოსანი სამედიცინოზე ვაბარებდით. მესამე გამოცდაზე ყველამ ის ნიშნები მივიღეთ, რომ ჯამში თითოეულს 11 ქულა დაგვიგროვდა, მიუხედავად იმისა, ვინ რა დავწერეთ. სწორედ 11 იყო ის ქულა, რომელიც პატარა შანსს გაძლევდა და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ძალიან ბევრს არ იჩხუბებდი. ყველანი გარეთ დავრჩით.

- რისთვის დაგჭირდათ სასწრაფოში მუშაობა?

- მეორე წელსაც ისევ სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ მივხვდი, რომ პრაქტიკულად შანსი არ მქონდა და ბოლო მომენტში, ჩემი მეგობრის შეთავაზებით, ჩავაბარე ეკონომიკურზე, თორემ არც ეკონომიკურზე ჩაბარების სურვილი მქონია. ჩემი ყნაწვილკაცობის ოცნება იყო, მოსკოვში (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი) ჩამებარებინა და დიპლომატი გამოვსულიყავი, მაგრამ იქ სჭირდებოდა ორწლიანი სტაჟი, რასაც ჯარში წაუსვლელად ვერაფრით ვაგროვებდი. ამიტომ ჯარში წასვლის თავიდან ასაცილებლად ეკონომიკურზე ჩავაბარე. საბოლოო ჯამში საბანკო სპეციალობით დავამთავრე.

- დღევანდელი გადასახედიდან, თქვენი პროფესიული არჩევანით კმაყოფილი ხართ?

- მაგაზე ძალიან დეტალურად არ მიფიქრია, რადგან ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რა სპეციალობაზეც არ უნდა ჩამებარებინა, მაინც შევეცდებოდი ყველაზე უკეთესი ვყოფილიყავი. პირველობისკენ სწრაფვა ჩემში დედამ ჩამინერგა. როცა პირველობისთვის იბრძვი, მესამე მაინც იქნები.

- 1998 წლის მარტში ერთ-ერთი გაზეთი წერდა: საკვირველია, როგორ მოახერხა ჯავახიშვილმა ეროვნული ბანკის მართვა; თავისი ხასიათის გამო მას მომხრეები არც ხელისუფლებაში ჰყავს და არც ოპოზიციაშიო...

- ამის საპირისპიროდ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს გავიხსენებ. 1995 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ფულად რეფორმას დავიწყებდით, მე და ცნობილ ოდიოზურ ფიგურას მუჰამედ შადმან ვალავს (სავალუტო ფონდის ოფიციალური მისიის ხელმძღვანელი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოსთან ურთიერთობას წყვეტდა) შორის ძალიან სერიოზული დაპირისპირება წარმოიშვა. როცა მას ჩემი სიმართლე ვერ დავუმტკიცე, ვუთხარი, რომ ისე გავაკეთებდი, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა და არა ისე, როგორც თავად მთავაზობდა და რომ აქ მე ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის კი ჩემი მხოლოდ კონსულტანტი იყო. მიპასუხა, მაშინ წავალ და სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მოვახსენებ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლებაო. რაკი საკითხი უკვე პოლიტიკურ რაკურსში გადაიტანა, ვუთხარი ჩემს კაბინეტში დამლოდებოდა. მე შევარდნაძეს აუდიენცია ვთხოვე, მასთან წავედი და გადაწყვეტილება იქ მივიღეთ. შევარდნაძემ მე დამიჯერა. საერთოდ, იმ ოთხნახევარი წელიწადის განმავლობაში, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, შევარდნაძეს ჩემს საკითხში ჩემთვის წინააღმდეგობა არასდროს გაუწევია. ანუ მე მაინც ისე გავაკეთე, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა. შადმანი წავიდა, მეორე დილასვე გაფრინდა მთელი სავალუტო ფონდის მისია, რასაკვირველია ნაწყენი და შესაძლოა შეურაცხყოფილიც. თითქმის ერთი თვის განმავლობაში შადმანს ჩემთან არ დაურეკია; როგორც წესი, ჩემს მოადგილეს მერაბ კაკულიას ურეკავდა და ინფორმაციას ღებულობდა. შადმანმა პირველად 21 ოქტომბერს დამირეკა, როცა ფულადი რეფორმა უკვე დამთავრებული იყო. მან ძალიან დელიკატურად მომიბოდიშა და ხაზგასმით მითხრა: შენი ერი ბედნიერია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქიზიყელი ჰყავს, შენ რომ ასეთი პრინციპული და ჯიუტი კაცი არ ყოფილიყავი, მე დამიჯერებდი, ახლა ორივე მოხსნილი ვიქნებოდით და რაც მთავარია, საქართველოს ფულადი რეფორმა ჩავარდებოდაო.

ასე რომ, თქვენი შეკითხვის პასუხი ესაა. მე ჯიუტი კი არა, პრინციპული ვარ. უბრალოდ, სამწუხაროდ, ქართულ ენაში სიტყვების "ჯიუტისა" და "პრინციპულის" აღრევა დამკვიდრდა.

- ჯერ კიდევ სტუდენტი როგორ აღმოჩნდით სახელმწიფო (დღევანდელი ეროვნული) ბანკის სტრუქტურაში?

- საბჭოთა კავშირს, უამრავი უარყოფითის გვერდით, რაღაცა დადებითებიც ჰქონდა და ეს დადებითები რომ შეგვენარჩუნებინა, ამ დღეში არ ვიქნებოდით. ყველა მოქალაქეს ჰქონდა წინსვლის დაახლოებით თანაბარი პირობები, რაც დღეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

სასწავლო პრაქტიკაზე რუსთავის ბანკში მოვხვდი. ბანკის მმართველმა გივი გვასალიამ ჩემში მაშინვე იმედისმომცემი ახალგაზრდა დაინახა. იმ პერიოდში მოვიდა რუსთავის "ცენტროლიტის" გეგმური ზარალიანობის მიზეზების შესწავლის დავალება. გვასალიამ მითხრა: თუკი ამას შეასრულებ, შტატში ჩაგსვავ და ხელფასს მოგცემო. რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან იქ პროფესიული სიამაყისა და ღირსების მომენტებიც იყო. ანალიზი მთლიანად მე გავაკეთე, თუმცა, ბუნებრივია, მაშინ შესაბამისი დონის წერის კულტურა არ მქონდა, ამიტომ გივი გვასალიამ ჩამოაყალიბა, მერე თბილისს შეამოწმებინა და თბილისმა მოსკოვში გაგზავნა.

თბილისიდან დარეკეს, ეს ნაშრომი ვინ გააკეთაო. გვასალიას უთქვამს, ერთი პრაქტიკანტი მყავს და იმანო. გივი გვასალია ძალიან კარგი პიროვნებაა, მიმაჩნია, რომ მან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს ჩამოყალიბებაში. თბილისში გამომიძახეს იმის შესამოწმებლად, მართლა ჩემი დაწერილი იყო თუ არა. მახსოვს, ეროვნულ (მაშინდელ სახელმწიფო) ბანკში მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი გრიშა სულაბერიძე, რომელიც დიდი პროფესიონალი იყო, ჩამჭრელ შეკითხვებს მისვამდა და დარწმუნდა, რომ ჩემი გაკეთებული იყო. მაშინვე კატეგორიულად მოითხოვეს ჩემი თბილისში გადმოყვანა. ანუ სტუდენტი უნდა გადმოვეყვანეთ უკვე თბილისში, რესპუბლიკური ბანკის ცენტრალურ აპარატში, სადაც ახალგაზრდებს არასდროს ღებულობდნენ. 30 წლის ნამუშევარი უნდა ყოფილიყო, რომ ადგილებიდან დაეწინაურებინათ. თავიდან გვასალიამ დათანხმება არ მირჩია. დიდი ხელფასით რომ ვერ გადმომიბირეს, მერე თბილისში ბინას შემპირდნენ და გვასალიამაც მითხრა: წადი შვილო, აქ ამის ფასს ვერაფერს მოგცემო. თუმცა, ამ პირობის შესრულება რესპუბლიკურმა ბანკმა და პირადად ბატონმა პატეიშვილმა დიდხანს გაწელეს.

- პატეიშვილის დროს მიხვედით?

- დიახ, პატეიშვილის დროს ვიმუშავე ბოლომდე. ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლამდე სულ პატეიშვილი იყო სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარე.

- მერე რატომღა მოგიწიათ ეროვნული ბანკიდან წასვლა?

- ეროვნული ბანკიდან ზვიად გამსახურდიას დროს წავედი. ეს ძალიან ბევრ მკითხველს არ ესიამოვნება, დღესაც ბევრია ზვიადის ფანატი. ზვიად გამსახურდიას დროს მისი გარკვეული თანამდებობის პირები და მომხრეები ბანკებში დადიოდნენ და მაშინდელი ქართული ხელისუფლებისთვის ფულს ტომრებით ეზიდებოდნენ. ვერავის ვაგებინებდით, რომ ბანდიტური მეთოდებით სახელმწიფოს აშენება არ შეიძლება.

ეს ყველაფერი გელანტიასა და აბსანძის ხელმძღვანელობით კეთდებოდა. კონკრეტული შემსრულებლებიდან ჩემთან არავინ მოსულა, ვინაიდან მაგ დროს თავმჯდომარის მოადგილე კი ვიყავი, მაგრამ ეკონომიკურ ნაწილს განვაგებდი და სალაროსთან არანაირი კავშირი არ მქონდა. ვიცოდი, რომ ბევრი ბანკიდან დიდი ფული გაჰქონდათ და მერე გავიგე, რომ სახელმწიფო ბანკიდანაც გაჰქონდათ. როცა გავიგე, რომ ასეთი რამეები ხდებოდა, პატეიშვილს დავურეკე (ზუსტად არ მახსოვს, 1991 წლის ოქტომბერი, თუ ნოემბერი იყო): მე თქვენი თანამშრომელი აღარა ვარ, რადგან თქვენ ამ ორგანოს პრაქტიკულად ბანდიტურად მართავთ, შეგიძლიათ გამათავისუფლოთ, სამსახურში მეტად აღარ მოვალ-მეთქი. აღარც მივსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ზვიადის ხელისუფლება მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას მთავაზობდა. კერძოდ, გელანტია მთავაზობდა, მაგრამ მის დაქვემდებარებაში უნდა მემუშავა, რასაც, რასაკვირველია, მე არც ერთ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი.

- საქართველოში შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, უმუშევარი იყავით?

- დიახ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ვაჟა ჯინჯიხაძე დანიშნეს. მან ძალიან კარგად იცოდა საქართველოში პირველი საბანკო კანონმდებლობა ჩემი ხელმძღვანელობით რომ იყო შემუშავებული და სებ-ში სამმართველოს უფროსობა შემომთავაზა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. თუ მაინცდამაინც დახმარება გინდა, თბილისში რომელიმე ბანკის მმართველად წავალ-მეთქი. რეკომენდაცია გამიწიეს და "ბინსოცბანკის" ისნის განყოფილების მმართველად მიმიღეს. იქ დაახლოებით წელიწადნახევარი ვიმუშავე.

1993 წლის 10 ოქტომბერს მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის დარგში ამირან ქადაგიშვილმა დამირეკა, შევარდნაძე გიბარებთო. ქადაგიშვილთან ერთად ვიყავი შევარდნაძესთან და შევარდნაძეს 3 საათის განმავლობაში ვუმტკიცებდი, რომ მას ჩემნაირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ სჭირდებოდა.

- რატომ?

- მაშინ საქართველოში ძალიან არასტაბილური ვითარება იყო. შევარდნაძეს მოწინააღმდეგე უფრო მეტი ჰყავდა, ვიდრე მომხრე. მას ავუხსენი, რომ ჩემი დანიშვნიდან მეორე დღესვე დაურეკავდნენ პრემიერიც და პარლამენტის სპიკერიც: სესხის მოცემის მაგივრად ჯავახიშვილმა ყურმილი დაგვიკიდაო! მე ქიზიყელი კაცი ვარ, რომლისთვისაც მხოლოდ საღი აზრი არსებობს, ავტორიტეტები არ არსებობენ და თუ ჩემს ეკონომიკურ კრედოს ეწინააღმდეგებოდა, არც შევარდნაძის დავალებებს შევასრულებდი.

ეს შეხვედრა ისე დასრულდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ შევარდნაძემ ჩემი დანიშვნა გადაიფიქრა. კიდევ უფრო დარწმუნებული იყო ქადაგიშვილი, რომელიც აღშფოთებული იყო ქვეყნის პირველ პირთან ჩემი ცუდი მოქცევის გამო. მეორე დღეს 4 საათზე ჩემმა მეგობარმა დამირეკა: რადიოს თუ მოუსმინე, ახლა წაიკითხეს შევარდნაძის ბრძანებულება ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შენი დანიშვნის შესახებო. ანუ ფაქტობრივად ჩემი თანხმობის გარეშე გავხდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რასაკვირველია, შემეძლო არ დავთანხმებოდი, მაგრამ ეს უკვე სისულელე იქნებოდა.

მეორე დღეს წარმადგინეს კოლექტივთან. მესამე დღეს მე და ქადაგიშვილი ერთმანეთს ისე დავეჯახეთ, რომ მისი კაბინეტიდან დედის გინებით გამოვედი და ვუთხარი, რომ თუ ჩვენს შორის წამსვლელია ვინმე, შენ მოგიწევს-მეთქი წასვლა და მალე მართლაც მოუწია.

- თქვენ რომ ეროვნულ ბანკში მიხვედით, ქვეყანაში ჰიპერინფლაცია იყო...

- ჰიპერინფლაცია მზად იყო, მაგრამ ჯერ არ იყო რეალურ მოქმედებაში, რადგან მაგ დროს საქართველოს არ ჰქონდა კუპონები. მაშინდელმა ხელისუფლებამ კუპონების ბეჭდვაზე კონტრაქტი გაწყვიტა ინგლისურ ფირმასთან და გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ "შარლ ობერტურთან", ოღონდ "შარლ ობერტურს" ჯერ დაბეჭდილი არ ჰქონდა და საქართველოში ნაღდი კუპონები არ იყო. თუმცა, გაცემული იყო უზარმაზარი სესხები, ძირითადად ყურძნის დამზადებაზე. ეს სესხები ღვინის ქარხნებს ანგარიშებზე ერიცხებოდათ, მაგრამ სანამ სამომხმარებლო ბაზარზე არ გამოვიდოდა და არ მიიღებდა მას უშუალოდ ღვინის ქარხანა, ყურძნის ჩამბარებელი, მანამდე რეალურ ინფლაციას არ იწვევდა. ანუ თეორიულად უზარმაზარი ინფლაცია არსებობდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდებოდა, რაც ნაღდი ფული გაჩნდებოდა. ასეც მოხდა. ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთიდან ყუთებით მივიღეთ დაბეჭდილი კუპონები, ამ ყუთებით სასწრაფოდ ბანკებში დავარიგეთ და ამ ყუთებითვე ყველა "კავკასიის ბირჟაზე" ჩამოვიდა. ანუ ღვინის ქარხნებმა ფული მიიღეს, მაგრამ მოსახლეობაზე გაცემის ნაცვლად, პირდაპირ ყუთებით ფულის კეთება დაიწყეს. თუმცა, ამაზე არავინ დასჯილა.

- ასეთი რამ მერეც ხომ მოხდა?

- არა, მერე ამისთანა არაფერი მომხდარა; უბრალოდ, კიდევ იყო ვარდნა კუპონისა 1994 წლის თებერვალში, როცა პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ ეროვნულ ბანკს ბიუჯეტისთვის სესხი მიეცა. ეს მარტო ერთხელ იყო და ამით დამთავრდა. პარლამენტსაც ასეთი დადგენილება აღარ მიუღია.
 
ეროვნული ბანკის ე.წ. ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წყალობით, 1993 წლის პირველ 9 თვეში მიმოქცევაში ფულის რაოდენობა 14-ჯერ გაიზარდა. ამას არ შეიძლებოდა არ მოყოლოდა ჰიპერინფლაცია.

- ჰიპერინფლაციას რით მოუარეთ?

- მიმოქცევაში ფულადი მასის კონტროლით. საერთოდ, ჰიპერინფლაცია ნიშნავს მიმოქცევაში უკონტროლოდ ფულის გაშვებას. ამ პერიოდში ფულის მართვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რადიკალური და მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა. თუ მანამდე სხვადასხვა არხიდან უკონტროლოდ შემოდიოდა ემისიური ფული, ამ წყაროებს თანდათან ვკეტავდით და 1994 წლის 21 ოქტომბერს ყველა მათგანი დავგმანეთ.

გარდა ამისა, იმავე წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის ანგარიშზე გადმოვიტანეთ ქვეყნის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით სებ-ი ფლობდა და განკარგავდა, მანამდე სინამდვილეში მას განკარგავდა და მხოლოდ მივლინებებში ხარჯავდა ფინანსთა სამინისტრო. მაგრამ ეგ კიდევ არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ მაშინ მოგვიწია ხანმოკლე, მაგრამ "დრაკონული" კანონის მიღება: ყველა ორგანიზაცია, რომელსაც სავალუტო შემოსავალი ჰქონდა, ვალდებული იყო გარკვეული პროცენტი (მგონი, 32%) ეროვნული ბანკისთვის მიეყიდა. ამან რამდენიმე თვე იმუშავა, რათა სავალუტო რეზერვები გვქონოდა. მერე გავაუქმეთ, ვინაიდან ეს მართლა დრაკონული იყო, მაგრამ აუცილებელი იმ ეტაპისთვის. 1999 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ანუ ქვეყანას, პირველად ჰქონდა ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები. სულ 100 ათასი დოლარი გვქონდა, მაგრამ მაშინ ეროვნულ ბანკში ყველანი ბედნიერები ვიყავით, მით უმეტეს, რომ ამ დღიდან დაიწყო კუპონის გამყარების ძალიან ინტენსიური პროცესი. წლის ბოლომდე ჩვენ 5-ჯერ შევამცირეთ კუპონის თანაფარდობა დოლართან, ანუ მისი კურსი 5-ჯერ გაიზარდა; სავალუტო რეზერვები 14-ჯერ გაიზარდა. ეს წარმოუდგენელი შემთხვევაა, ვინაიდან ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება აუცილებლად იწვევს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ხარჯვას და ჩვენთან პირიქით მოხდა. 18 დეკემბერს უკვე მივიღეთ სავალუტო ფონდის პირველი დახმარება 40 მლნ დოლარის ოდენობით. მაშინ დავემსგავსეთ ქვეყანა ქვეყანას და ეროვნული ბანკი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს.

- სავალუტო ფონდთან ურთიერთობა მაშინ აღსდგა?

- არა, სავალუტო ფონდთან ურთიერთობა აღვადგინეთ ჯერ მიმოწერისა და საუბრის დონეზე ჯერ კიდევ 1993 წლის ბოლოს და ესეც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. კარგად მახსოვს, რომ სავალუტო ფონდი არც ჩემს ტელეფონის ზარზე პასუხობდა და არც წერილებზე; 1993 წლის დასაწყისში სავალუტო ფონდმა საქართველო დატოვა, რადგან ჩვენს ხელისუფლებას ვერ გააგებინა, რომ დაზგაზე ფულის ბეჭდვით არ შეიძლება ქვეყნის გამდიდრება. მაშინ წავიდნენ და ჩათვალეს, რომ საქართველოსკენ აღარ უნდა გამოეხედათ.

იმისათვის, რომ სავალუტო ფონდს ჩემთვის ყურადღება მოექცია, მე დამჭირდა მოსკოვში ჩასვლა ჩემს მეგობარ დიმა ტულინთან. იგი მაშინ რუსეთის ცენტრობანკის თავმჯდომარის მოადგილე იყო და თან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას კურირებდა. მან შემახვედრა სავალუტო ფონდის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელსაც პრაქტიკულად პროგრამა წარვუდგინე, თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოში ჰიპერინფლაციის ჩაქრობა მოკლე დროში. მას პროგრამა ძალიან მოეწონა და მაშინვე გაგზავნა ვაშინგტონში წერილი, რომლის ასლიც დიმასთან დაბრუნებისას დამხვდა. შინაარსი დაახლოებით მახსოვს: საქართველოში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა შეიცვალა, სებ-ის ახალ პრეზიდენტს შევხვდი, რომელსაც ჰიპერინფლაციის მოკლე ვადაში დაძლევის შესანიშნავი პროგრამა აქვს და მიმაჩნია, რომ ახლა ის დროა, როცა სავალუტო ფონდმა საქართველოსთან ურთიერთობა უნდა განაახლოსო.

ზუსტად ამ წერილის ბაზაზე ძალიან მალე ვაშინგტონში შევარდნაძის ვიზიტი დაიგეგმა. 1994 წლის თებერვალში ჯერ მე, დავით იაკობიძე და რამდენიმე კაცი ჩავფრინდით. 10 დღის მერე კი ბატონი ედუარდი ჩამოფრინდა დელეგაციასთან ერთად. ძალიან საქმიანი შეხვედრები გვქონდა სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, რომლებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. საქართველოში სავალუტო ფონდის მისია მარტის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა. მსოფლიო ბანკის მისიამ ცოტა უფრო მოგვიანებით დაიწყო ინტენსიური მუშაობა. ანუ ფაქტობრივად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა მარტში აღსდგა, თუმცა, როგორც გითხარით, სტენდბაიკრედიტის პირველი ტრანში 40 მლნ დოლარი წლის ბოლოს მოგვცეს.

- ეს თანამშრომლობა საქართველოსთვის შედეგიანი იყო?

- ძალიან შედეგიანი და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სავალუტო ფონდის არსებობის ისტორიაში. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, სავალუტო ფონდის მაშინდელი ინტერესი ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების იმ პერიოდის ინტერესს დაემთხვა. რატომ? მაშინ სავალუტო ფონდს პრაქტიკულად ყველა პროგრამა ჩაუვარდა. მახსოვს, უკრაინაშიც კი მაშინ სულ ახალგაზრდა ტიმოშენკომ სავალუტო ფონდს ოფისი აუჭედა. სავალუტო ფონდში ნახეს, რომ საქართველოში შეიძლებოდა წარმატებისთვის მიეღწიათ. შესაძლოა აქ განმსაზღვრელი იყო არა ის, რომ საქართველოს ეკონომიკა აყვავებულიყო, არამედ ერთგან მაინც ეჩვენებინათ წარმატება. დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში ეს ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა იყო. მერე ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე პირველ რიგში ჩვენ ვთქვით უარი და როგორც ჩანს, ძალიან ადვილად წამოგვყვნენ სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

სამწუხაროდ, ეს დესტრუქციული ურთიერთობა დღესაც გრძელდება. სავალუტო ფონდი რაღაცა კრეტინული თავდადებით ამართლებს ჩვენი ხელისუფლების ყველა სისულელეს ეკონომიკის დარგში და მათ შორის იმ ზღაპრებს, თითქოს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი კატასტროფულად იზრდება და საერთოდ, ყველა მაჩვენებელი საუკეთესო გვაქვს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლისაც. სავალუტო ფონდში არ არიან ამისთანა კრეტინები, რომ ამას ვერ ხედავდნენ, მაგრამ ძალიან წყნარად და დაჯერებულები უკრავენ ტაშს საქართველოს ხელისუფლების ყველა დანაშაულებრივ ნაბიჯს.

- სავალუტო ფონდის ქმედებას თქვენ ანალოგიურად აფასებდით შევარდნაძის დროსაც, როცა უკვე პარლამენტარი იყავით...

- მე მაშინაც ძალიან გარკვევით ვიძახდი, რომ პირველი 3 წელი ისინი საქართველოსთან ძალიან კონსტრუქციულად მუშაობდნენ და (როგორც უნდა, ისე გამიგოს ქართველმა მკითხველმა) ამაში ყველაზე დიდი დამსახურება ჩემი იყო. შემდეგ ამ კონსტრუქციაზე უარი თვითონ ხელისუფლებამ თქვა. შევარდნაძეს მოუვიდა შეცდომა. შევარდნაძის იდეაში იყო ქართველი ხალხის გაღატაკება, თუმცა არა იმ დონეზე, ხალხს შიმშილი დაეწყო და აქედან გამომდინარე, მასში რევოლუციური მუხტი შეეტანა. ჰიპერინფლაცია შევარდნაძის გამიზნული ქმედება იყო, რომელსაც ასრულებდა საწყალი დემურ დვალიშვილისა და ამირან ქადაგიშვილის ხელით.

- თუ დაინახა, რომ თქვენ ამას დაძლევდით?

- ზუსტად ეგაა საქმე, რომ მეტი მოუვიდა და მიხვდა, რომ თუ ჰიპერინფლაციის ეს დარტყმები გაგრძელდებოდა, მას ფიწლებით გამოაგდებდა მშიერი ქართველი ხალხი, მით უმეტეს მხარდამჭერები ძალიან ცოტა ჰყავდა. ჭკვიანმა კაცმა "მოტვინა", რომ საჭირო იყო პატარა მაინც ეკონომიკური სტაბილურობისა და აღმასვლის ჩვენება, მანამ თავის სკამს განიმტკიცებდა და მერე უკვე სულ არ ედარდებოდა საქართველოს ეკონომიკა და მისი ხალხის ბედი.

- მოდით, ისევ დავუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას ეროვნულ ბანკში. ის ეტაპი იმით დასრულდა, რომ ქვეყანამ ეროვნული ვალუტა - ლარი შემოიღო.

- არა, მე ჩემს საქმიანობას უფრო სრულყოფილად ასე შევაფასებდი: ჩემს დროს მოხდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰიპერინფლაციის დაძლევა. სხვადასხვანაირად ითვლიან და ამიტომ ძნელია შეადარო ერთმანეთს, ვთქვათ ჩვენი და იუგოსლავიის ჰიპერინფლაცია, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის მამების აღიარებით, ეს იყო მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიპერინფლაცია, ჩვენ ის ყველაზე მოკლე ვადაში დავამარცხეთ და ჩავატარეთ მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფულადი რეფორმა. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის პირველი მოადგილის, მსოფლიოში აღიარებული და უდიდესი ეკონომისტის სტენლი ფიშერის შეფასება 2005 წლის 7 ოქტომბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე, დაახლოებით 200 ქვეყნის დელეგაციის თანდასწრებით. მე ეს შეფასება გარდა იმისა, რომ მომწონს, ძალიან ობიექტურად მიმაჩნია. რეფორმის მერეც კარგა ხანი ვიყავი სებ-ის პრეზიდენტი, თუმცა რეფორმის დამთავრების დღიდან შევარდნაძემ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. მას ჩემნაირი პოპულარული კაცი არ სჭირდებოდა. ფულადი რეფორმის მერე მე საქართველოში ყველაზე პოპულარული კაცი ვიყავი.

- როგორ გებრძოდათ?

- ყველას მისცა მითითება, რომ ჩემზე კომპრომატები შეექმნათ და მაშინ დაიწყო გაზეთებში გამოქვეყნება, რომ თურმე ნოდარ ჯავახიშვილი კრამიტებით ღვინოს სვამს, დროს ატარებს, ქალებთან ერთობა; მერე უკვე ფულზეც დაიწყო საუბარი. საქმე იქამდე მივიდა, რომ თურმე 30 მლნ შემიჭამია და ერთმა "დიდმა ქართველმა" (მხედველობაში მყავს ბატონი რომან გოცირიძე, რომელსაც თავის დროზე მადლიერმა ქართველმა ერმა ალკუპონე შეარქვა და კუპონებს გოცირიკებს ეძახდა) 80 მლნ-ის მითვისება დამაბრალა, სხვათა შორის, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. საქართველოში სამართალი არ არსებობს, თორემ მარტო მაგ განცხადებისთვის ის ციხეში უნდა იჯდეს. კაცი, რომელსაც 80-ჯერ მეტი შრომის ანაზღაურება ჰქონდა, ვიდრე მე, მითვისებაში მდებდა ბრალს. რასაკვირველია, გოცირიძეს მისათვისებელი არაფერი ჰქონდა. კაცს თურმე ხელფასი 20 ათასი ჰქონდა და ერთ ამდენს კიდევ ჰალსტუხებისა და კოსტუმების შეძენისას "ღუნავდა", არასამუშაო დროში მუშაობის გამო ორმაგ ანაზღაურებას იღებდა და არავის გახსენებია, რომ სებ-ის პრეზიდენტობის დროს საშუალოდ 16-18 საათი ვმუშაობდი. კვირას, ღამის 3 სთ-ზე (ორშაბათი რომ თენდება) შევარდნაძეს დაურეკია ჩემთვის და მშვიდად ულაპარაკია, არ უკითხავს, ახლა სამსახურში რა გინდაო?!

- თვითონაც ხომ იყო?

- რასაკვირველია იყო, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არც შევარდნაძე იღებდა დამატებით ანაზღაურებას. ეს მარტო გოცირიძემ მოახერხა. მაპატიეთ და, სებ-ის პრეზიდენტი ნიფხავსაც რომ სებ-ის ფულით ყიდულობს, ამას არც კორუფცია ჰქვია, არც დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში, სადაც პენსია 37 ლარი იყო, ამას არ უნდა აკეთებდეს სებ-ის პრეზიდენტი, რომელსაც 20 ათასი ლარი აქვს ხელფასი.

- თქვენ, მგონი 3 წელი, სებ-ის დაუმტკიცებელი პრეზიდენტი იყავით...

- 1995 წლის 21 ივნისიდან ჩემი სებ-ის პრეზიდენტად ყოფნის ბოლო დღემდე (1998 წლის 21 მარტი) პრაქტიკულად არ ვიყავი ეროვნული ბანკის ლეგიტიმური ხელმძღვანელი, ანუ კანონშეუსაბამო ვიყავი და 1995 წლის აგვისტოდან უკვე ანტიკონსტიტუციურიც.

- მერედა, არ ითხოვდით კანონის აღსრულებას?

- გამუდმებით ვითხოვდი, მაგრამ შევარდნაძეს ტყუილად არ ეძახდნენ "თეთრ მელას". მას რომ, ვთქვათ, 1995 წელს ახალი კანონის მიღებიდან შეესრულებინა პარლამენტის დადგენილება, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტს ეთხოვა, რომ 1 ივლისამდე პარლამენტისთვის სებ-ის ახალი საბჭო წარედგინა (წარდგენის უფლება კანონით მხოლოდ პრეზიდენტს აქვს), მაშინ სებ-ის პრეზიდენტად მხოლოდ მე ამირჩევდნენ, რადგან შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, ფულად რეფორმას ჩემს მეტი ვერავინ ჩაატარებდა. ამიტომ თუ დამამტკიცებდა, 7 წლით უნდა დავემტკიცებინე. ეს მას არაფრით აწყობდა, ვინაიდან 7 წლით დამტკიცებულს ვერც მომხსნიდა და ვერც ვერაფერს მიზამდა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ გაჭიმა ეს, მიუხედავად იმისა, რომ ორ თვეში კონსტიტუციაც მივიღეთ, სადაც იგივე ჩანაწერი იყო, რომ სებ-ის უმაღლესი მმართველი ორგანოა სებ-ის საბჭო; ფულადი რეფორმის ჩატარების მერეც უახლოეს პერიოდში ვერავინ გაუგებდა, ყველაზე წარმატებული ორგანოს ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი რატომ არ დაამტკიცა. ამიტომ 3 წელი კომპრომატებზე იმუშავა და ხალხს აფიქრებინა, ამდენს რომ წერენ, ალბათ, ეს კაცი მართლა არ არის ამისთანა პატიოსანიო.

ჯერ კიდევ 1997 წელს, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეწოლით შევარდნაძემ პარლამენტში ბოლოსდაბოლოს საბჭოს სრული შემადგენლობა წარადგინა და იქ პირველი კენჭისყრა ჩატარდა, ძალიან კარგად გამოჩნდა, რაშიც იყო საქმე. ჩემი საკითხი პირველი განიხილეს და ჩავარდა. 114 ხმა მივიღე და 117 უნდა მიმეღო. 3 ხმა დამაკლდა. აწ განსვენებულმა, "პატიოსნების განსახიერებამ" ბატონმა ზურაბ ჟვანიამ შუბლზე ხელი შემოირტყა: რა ვუთხრათ მსოფლიო ბანკს, ან სავალუტო ფონდს, ან პრეზიდენტს, რომ ჯავახიშვილის კანდიდატურა ჩავაგდეთო და კანონის მოთხოვნის უგულებელყოფით, 1 საათში ხელმეორე კენჭისყრა ჩაატარა; თანაც ტელეფონზე თვითონ რეკავდა და მოჰყავდა, ვისაც ენდობოდა და ისე ჩაატარა ხელმეორე კენჭისყრა და ისევ 114 ხმა მივიღე, იმ 20-მდე კაცის მოყვანამ არ შეცვალა. ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას ის 114 ხმა კომპიუტერში ჰქონდა ჩადებული და კენჭისყრა ცარიელ დარბაზში რომ ჩაეტარებინა, მაინც 114 ხმას მივიღებდი, რაც მოგვიანებით შევარდნაძეს კიდევაც ვუთხარი. ჩემი კანდიდატურა ჩავარდა, მაგრამ, ყველაზე მთავარი, 9 კაციან სებ-ის საბჭოში პრეზიდენტს კი არ ირჩევდა ვინმე, 9 კაცი უნდა აერჩიათ სებ-ის საბჭოს წარმომადგენელი. საბჭოს არჩევნები ჩაშალეს, აღარ გააგრძელეს. ეს ნიშნავდა, რომ აქ სებ-ის პრეზიდენტისა და ნოდარ ჯავახიშვილის პრობლემა იყო და არა საბჭოსი.

კიდევ 1 წელი ვიყავი ასეთი არალეგიტიმური. მოგვიანებით, 1998 წლის მარტში, საბჭოს არჩევნები ჩატარდა. იქ მე უკვე წარდგენილთა სიაში არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ როცა 1998 წლის იანვარში შევარდნაძეს მისივე ინიციატივით შევხვდი, ვუთხარი, ჩემი პიროვნების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ქვეყნის ეროვნულ ბანკს და აქედან გამომდინარე, ქვეყანას პრობლემებს უქმნის, ამიტომ გამიშვით-მეთქი, მაშინ შევარდნაძემ, როგორც სჩვეოდა, თავი გაიგიჟა: როგორ გეკადრება ნოდარ, როგორ შეიძლება უშენოდ, შენ ესა და ეს გაგიკეთებია, ახლა ჩვენ პარლამენტში მუშაობა უნდა განვაახლოთო! ჩვეულებრივი შევარდნაძის თამაში იყო. მე ხმამაღლა გამეცინა. შევარდნაძე ამისთანა რაღაცებს ვერ იტანდა და ძალიან გაოცდა, რატომ იცინიო?! ვუპასუხე: ბატონო ედუარდ, თქვენ თუ გინდათ, რომ სებ-ის პრეზიდენტად ნოდარ ჯავახიშვილი დარჩეს, მე კი არ უნდა გავააქტიურო პარლამენტთან მუშაობა, თქვენ ზურაბ ჟვანია უნდა დაიბაროთ და დავალება მისცეთ-მეთქი. ზუსტად მაშინ ვუთხარი, ზურაბ ჟვანიას შარშან არჩევნების დროს კომპიუტერი ჰქონდა დაპროგრამებული, იმიტომ ვერ გავიდა ჩემი კანდიდატურა და ახლა რას მეშაყირებით-მეთქი. კარგი, შენ მუშაობა გააგრძელე და მაგას მე მივხედავო. მაშინ ვთხოვე, 5 წელია არ დამისვენია, შვებულებაში გამიშვი-მეთქი. მანამ შენი საკითხი არ დადგება, შეგიძლია შვებულებაში იყოო.

- სებ-ის საბჭოს არჩევის მერე რა მოიმოქმედეთ?

- მერე ძალიან საინტერესო იყო. ჯერ ევროკავშირის დახმარებით წავედი 3 თვე ინგლისში, ვითომ ინგლისურის სასწავლებლად. დავისვენე ეს 3 თვე. შევარდნაძესთან და უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ 1996 წელს მქონდა დაწყებული მუშაობა საქართველოში FAO-სა და IFAD-ის (მსოფლიოს 2 უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად საკვებზე მუშაობს) პროგრამის განსახორციელებლად; ანუ ქვეყანა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი უნდა ყოფილიყო. ეს ძალიან დიდი პროგრამა იყო. საქართველოში ძალიან დიდი სასოფლო-სამეურნეო ბანკი უნდა შეგვექმნა. ეს წლების განმავლობაში მუშავდებოდა, მაშინაც სებ-ის პრეზიდენტი რომ ვიყავი და რადგან გამათავისუფლეს, ინგლისიდან რომ ჩამოვედი, შევარდნაძესთან მივედი და ვუთხარი, უფლებას თუ მომცემთ, ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებ და ბანკს შევქმნით-მეთქი. შევარდნაძისავე თანხმობით მოვამზადე მისი დადგენილება, სადაც ეწერა, რომ ამ პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე მე ვიყავი საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი.

მაშინ ბანკის შექმნაზე საუბარი გვქონდა ევრობანკთან, მსოფლიო ბანკთან, მსოფლიოს ყველა წამყვან სასოფლო სამეურნეო ბანკთან და ამ პროექტს ყველა მხარს უჭერდა. გადაწყდა, რომ ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს პირველი შენატანი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის პროგრამა "რარპერდიდან" ამოღებული თანხები, დაახლოებით 10 მლნ დოლარის ოდენობით. ეს სოფლის მეურნეობაში ჩადებული ფული იყო და იქიდან თანხები უნდა ამოგვეღო, მაგრამ ამოღების პრობლემა იყო. მაშინდელი ევროკავშირის ელჩი პიტერ გორბო ამ იდეას ძალიან უჭერდა მხარს, მაგრამ რადგან ფულის ამოღების ვალდებულება ჰქონდა პიტერ შოუს, ამიტომ პიტერ შოუსთან მიწევდა მუშაობა.

ყველაფერზე შევთანხმდით და უკვე ტენდერზე ვსაუბრობდით, რომ გამოგვეცხადებინა, ვინ დაგვეხმარებოდა ამ ბანკის გახსნაში (ეს ევროკავშირის მოთხოვნა იყო, თორემ მე არავის დახმარება არ მჭირდებოდა, ფული ყოფილიყო მარტო და დანარჩენს თვითონ გავაკეთებდი). მაშინ პიტერ შოუმ მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად 1 წელი და დაახლოებით 1,8 მილიარდი დოლარი მოითხოვა. მაშინ მქონდა პირველი ჩხუბი პიტერთან: რაში გვჭირდება ამდენი დრო, საქართველოში 50 ბანკი მაქვს დარეგისტრირებული და ერთ ბანკს ვერ მოვამზადებ? ამას ყველაფერს უფულოდ გავაკეთებ-მეთქი. არა, ეს წესიაო. სხვათა შორის, ამაში მთლად მტყუანიც არ იყო, რადგან ნებისმიერ პროექტში უცხოური საფინანსო ინსტიტუტები ცდილობენ ვიღაცეები დაასაქმონ და ფული აკეთებინონ ამაში. ბოლოსდაბოლოს დამითანხმა, მაგრამ 2-3 კვირის მერე განაცხადა: ორი იმდენი დრო და ფული უნდაო. პიტერ შოუ ფულის მკეთებელი კაცი იყო. ამაზე სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. მიუხედავად ამისა, ტენდერი მაინც მზადდებოდა და იმედი მქონდა ბოლოს მაინც გავიტანდი ჩემსას, რომ ამას არ სჭირდება ამდენი დრო და ამდენი ფული. ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო ტენდერი, სადაც 5 გადამწყვეტი ხმიდან 2 საქართველოს ჰქონდა და 1 ევროკავშირს, ანუ თუკი შეთანხმებულად ვიმუშავებდით, გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ჩვენი სასარგებლო იქნებოდა. ტენდერი იანვარში უნდა ყოფილიყო; დეკემბერში კი ჩემთან ჩამოდის საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის - მსოფლიოს ყველაზე დიდი სასოფლო სამეურნეო ბანკის წარმომადგენელი და მეუბნება: თქვენთან, როგორც ოფიციალურ წარმომადგენელთან მოვედით, რათა გითხრათ, რომ იქ წყალქვეშა დინებებია, ტენდერში გამარჯვებული უკვე ცნობილია, ეს არის პიტერ შოუს უელსური კომპანია, რომელსაც არანაირი გამოცდილება გააჩნია და ამისთანა ტენდერში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. გთხოვთ ქვეყნის პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენოთ, რომ ტენდერი პატიოსნად ჩატარდეს და მაშინ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთო. მთელი დეკემბერი ვცდილობდი შევარდნაძესთან შეხვედრას, არ შემხვდა არაფრით. სხვა გამოსავალი რომ ვერ ვნახე, მის მძახალს, გურამ ახვლედიანს, ვთხოვე გადაეცა, რაც ხდებოდა. რასაკვირველია, შევარდნაძისაგან არანაირი რეაქცია ყოფილა. ხომ მე ვიყავი ოფიციალური წარმომადგენელი და ბრიუსელში ჩემს მაგივრად სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ გულუა გაემგზავრა. ტენდერში გაიმარჯვა პიტერ შოუს რაღაცა კომპანიამ, რომელმაც საქართველოში ჩამოაყალიბა პიტერ შოუს საცოდავი 5 მლნ-იანი ბანკი, რომლითაც ამ კაცმა დიდი ფული იშოვა. მერე თავის გატაცების ინსცენირება გააკეთა, მთელი ფული გაიტანა და აქედან წავიდა.

- თქვენ იმ ბანკთან რა ურთიერთობა გქონდათ?

- არანაირი! მას შემდეგ რაც ჩემს მაგივრად გულუა წავიდა, მე პიტერ შოუს ბანკში არ ვიმუშავებდი.

- ეგ რომელი წელია?

- ალბათ, 1999 წლის იანვარი.

- ამდენ ხანს სულ უმუშევარი იყავით?

- არა, 98-ში "თიბისი ბანკში" კონსულტანტად ვმუშაობდი, რაც ინგლისიდან ჩამოვედი. მერე 1999 წელს დეპუტატი გავხდი.

- "აღორძინების" სიით...

- დიახ, "აღორძინების" სიით. არჩევნების წინ ზაფხულში მეგობრებმა მირჩიეს, კახა თარგამაძეს შენი დაჭერის დავალება აქვს მიღებული და საქართველოს გაეცალეო. მთელი ოჯახით კარელიაში წავედი. იქ დამიკავშირდა ასლან აბაშიძე და შემომთავაზა: "აღორძინებაში" შენნაირი ფინანსისტ-ეკონომისტის სახელი მჭირდება და თუ დამთანხმდები, არჩევნებამდე ბათუმში შენი ოჯახით უსაფრთხოდ იცხოვრებ, მერე აუცილებლად გახდები დეპუტატი და იმუნიტეტი თავისთავად გექნება; სანაცვლოდ არაფერს გთხოვ, პარლამენტში რომ მოხვდები, ემსახურე შენს ქვეყანას, როგორც შენ გინდაო. სხვათა შორის, ბატონმა ასლანმა ეს პირობა ბოლომდე შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ნაწყენი და უკმაყოფილო იყო. მათ შორის, გახსოვთ, რომ ასლანს ჰქონდა აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა და "აღორძინებიდან" მე ვიყავი ერთადერთი კაცი, ვინც ამის წინააღმდეგ ღიად გამოდიოდა.

- მახსოვს, 2003 წელს მითხარით: ალბათ, არასდროს ვიქნები არც ერთი პარტიის წევრი, ვინაიდან ძალიან მეეჭვება, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში საქართველოში შეიქმნას ისეთი პარტია, რომელიც ქვეყნის აღორძინებისთვის იბრძოლებსო. რატომ შეიცვალეთ გადაწყვეტილება და გახდით "ეროვნული ფორუმის" წევრი?

- მარტივად აგიხსნით! ჯერ ერთი, მე ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა არსებული ხელისუფლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ხაზს. ასე რომ, ჩემი ხასიათიდან თუ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველთვის ოპოზიციონერი ვიყავი; მაგრამ ამ ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ თუ ჩემს უკან ძალა არ იქნება, ჩემი ნალაპარაკები ყოველთვის დარჩება მხოლოდ "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". "ეროვნული ფორუმის", როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი კი არა, დღეს ვარ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი. ეს სახადი ამ ხელისუფლების სახით ქვეყანამ უნდა მოიცილოს. ლაპარაკი იმაზე არ არის, ყოველთვის რატომ მაქვს წინააღმდეგობა ნებისმიერ ჟურნალისტთან და გნებავთ ოპოზიციონერთან, როცა მეუბნებიან: ამ ბიჭებს რაღაცა ეშლებათ, იქნებ ვასწავლოთო და ასე შემდეგ. მეტსაც გეტყვით. ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პიროვნებებმა ჩამოაყალიბეს ექსპერტთა საბჭო. იქ ყველა ის ადამიანია, ვისაც პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს და პიროვნებას, მაგრამ მათთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი, რადგან მათ კიდევ ჰქონდათ რაღაცა იმედი, რომ ეს ხელისუფლება რამე რჩევას გაითვალისწინებდა და მისთვის რჩევის მიცემას აზრი ჰქონდა. მე მიმაჩნდა და ახლა უკვე დადასტურებულია, რომ ამათ არანაირი რჩევა არ სჭირდებათ, არაფერი ეშლებათ. ისინი ქვეყნისა და ერის დასაქცევად მოვიდნენ და კიდევაც აქცევენ. ამიტომ მე არა ვარ არანაირი პარტიის წევრი, არანაირი ოპოზიცია ამ ხელისუფლებისა. მე მათი მტერი ვარ. ესენი უნდა დავამარცხოთ და საქართველოში შევქმნათ რეალური გარემო ნორმალური ცხოვრებისა და ქართველი ხალხის განვითარებისა. მაშინ არც ერთი პარტიის წევრი არ ვიქნები. აქ ლაპარაკია, რომ აუცილებელია იყოს ძალა, რომელიც კი არ ილაპარაკებს მარტო, ჩაუდგება ხალხს სათავეში და ეს არ იქნება ოპოზიციური ბრძოლა. ეს იქნება განმათავისუფლებელი ბრძოლა. მე ვხედავ, რომ ქვეყანა თავზე მექცევა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს უფრო საშიში მტერია, ვიდრე ნებისმიერი შაჰ-აბასი თუ მურვან ყრუ და ეს უნდა მოცილდეს საქართველოს.

- ანუ თქვენ არ ეთანხმებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა. ბოლო-ბოლო, ქვეყანა ლამაზდება...

- მაპატიეთ, თქვენ თუ ეთანხმებით ამას, ძალიან ცუდი, მაგრამ ქართველი მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს. რაც მთავარია, მე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვერასოდეს ველაპარაკები ემოციებზე. არსებობს ციფრები, ეკონომიკური კრიტერიუმები, რომლებითაც საქართველო უკან მიდის კატასტროფული ტემპებით და სავალუტო ფონდი რას უსვამს ხაზს?! მე ადრეც გითხარით, რომ ეს გახდა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს. მოვა დრო, როცა სავალუტო ფონდსაც და მსოფლიო ბანკსაც პასუხი მოეთხოვებათ. ჩვენ რომ არანაირი ზრდა არა გვაქვს, იმათ ჩვენზე უკეთ იციან. რომელ ზრდაზეა ლაპარაკი?! მსოფლიო ფასებმა მოიმატეს და ჩვენთანაც მოიმატა ერთობლივმა შიდა პროდუქტმა. ეს ჩვეულებრივი რამეა. ხელისუფალი იძახის, 5%-ია ინფლაციაო, სინამდვილეში 45% ია. სავალუტო ფონდმა ძალიან კარგად იცის, ეს მაკროეკონომიკურ პარამეტრებში რა გავლენას ახდენს. მარტო ინფლაციის მაჩვენებლის შეგნებული გაყალბება ყველა მაჩვენებელს ცვლის მაკროეკონომიკაში და ამიტომ გვაფარებენ თვალებზე ხელს. აიღეთ მაგალითად, საქართველოში რამდენი საწვავი შემოვიდა 2007 წელს, რამდენი 2008-ში და რამდენი 2009-ში. ტონაში ეს დაახლოებით ერთი და იგივე რიცხვია მეტ-ნაკლები სხვაობით. თანხაში იცით რამხელა სხვაობაა? საწვავის შემოტანაში 2007-ში თუ დაახლოებით 700 მილიონი დავხარჯეთ, 2008-ში ეს იყო 1,3 მილიარდი და 2008-ში 1,8 მილიარდი. ფასების ზრდამ გამოიწვია ეს და არა მოხმარების ზრდამ. როცა რეალურ ინფლაციას გაცილებით ნაკლებს აჩვენებ, შესაბამისად ტოვებ მაკროეკონომიკის პარამეტრების ინფლაციურ ზრდას და მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო მაღალი გაქვს. სავალუტო ფონდი მაგას ვერ ხედავს?! უფრო მეტს გეტყვით. კატასტროფულად გაიზარდა სახელმწიფო სექტორის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში. დღეს ხელისუფლების ხარჯი 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სოფლის მეურნეობაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი. ანუ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იცით რითი იქმნება? რამდენ მასაჟისტს ჩამოიყვანს სააკაშვილი და რამდენ ფულს დახარჯავს ამ მასაჟისტში.

- მეტისმეტ უტრირებას აკეთებთ...

- არ ვაკეთებ უტრირებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში ყველაზე მეტს ქმნის სახელმწიფო ხელისუფლება და სახელმწიფო ხელისუფლება მომხმარებელია. ეს ნიშნავს, რომ რასაც ესენი ხარჯავენ, ამით იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი.

- კარგი არაფერია ამ ქვეყანაზე?

- კარგი არაფერია. ის "კარგიც", რაც თქვენ კარგი გგონიათ, ზუსტად იმისთვის არის, რომ ქართველი ერის სულიერი გახრწნის პროცესი დაამთავრონ. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობ, დედა 24 საათის მანძილზე სადღაც ფარდულში ზის და ვაჭრობს, მამა საზღვარგარეთ არის გაქცეული, ან პირიქით, ან ორივე ერთად არის გაქცეული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი დაკავებულია და დანარჩენიც დარტყმის საფრთხეშია, შენ ამ დროს ყოველ ღამე თავისუფლების მოედანსა თუ ბათუმში კონცერტებს ესწრები! დაახლოებით ასეთ დღეში იყო საქართველო დავით აღმაშენებლის გამეფების პერიოდში, როცა თბილისში არაბი ამირა იჯდა და ქართველები ქეიფობდნენ, სულაც არ ედარდებოდათ, რომ დაპყრობილი იყვნენ. დღესაც ასეა. 24 საათი ყველაფერზე კონცერტები გვაქვს. თურმე ლტოლვილებს კონცერტები დააბრუნებს უკან. მაშინ, როცა მინიმუმ ნაცარს უნდა ვიყრიდეთ თავზე, თუ დაინახეთ ქართველ ხალხში აღშფოთება, ან ბრძოლის განწყობა და ან რამე ამის მსგავსი იმისთვის, რომ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული?

- მოდით, ისევ თქვენ პროფესიას დავუბრუნდეთ. ამჟამად ქართულ საბანკო სექტორს როგორ შეაფასებდით? აქ რა ვითარებაა?

- აბსოლუტურად ანალოგიური, რაც ეკონომიკის დანარჩენ სფეროში. დღეს საქართველოს საბანკო სექტორი მხოლოდ იმიტომ ჰყავს, რომ ქართული ეკონომიკა და საქართველოს მოსახლეობა გაძარცვოს.

- რაში გამოიხატება მოსახლეობის ძარცვა ბანკების მხრიდან?

- თუნდაც სესხების საპროცენტო განაკვეთში. ამისთანა პროცენტი რანტიეების შემოსავალია. რანტიე არის ადამიანი, რომელსაც ფული აქვთ და ამ ფულის გაპროცენტებით ცხოვრობს. ჩვენი ბანკებიც პრაქტიკულად ამას აკეთებენ და თან ჩვენივე ფულით. მოითხოვეთ ინფორმაცია, რამდენი აქვს ხელფასი ვთქვათ "საქართველოს ბანკის" პრეზიდენტს და ნახავთ, რომ ხელფასებით დაეწივნენ და გაუსწრეს ზოგიერთ ევროპულ ბანკს და პროცენტები 10-ჯერ მაღალი აქვთ. ანუ გვატყავებენ! ეს ერთი საკითხი. მეორე, ჩაიხედეთ ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ ნებისმიერ კლიენტთან გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში. ეს გაცილებით უარესია, ვიდრე მონათმფლობელს რომ მონისთვის გაეფორმებინა ხელშეკრულება. აბსოლუტურად უუფლებო, გამოჭერილი კლიენტი! აი, ეს არის ჩვენი საბანკო სისტემა.

- თქვენ კომერციულ ბანკებზე ისაუბრეთ და, ეროვნული ბანკის საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

- ეს ერთი და იგივეა. კომერციული ბანკები რომ შეთანხმებულ პროცენტებს აწესებენ, პრაქტიკულად მონოპოლიურ საქმიანობას ეწევიან საქართველოში და ამით ყვლეფენ ქართულ ეკონომიკას, ბიზნეს-სუბიექტებსაც და რიგით მოქალაქეებსაც, ეს ეროვნული ბანკის საქმეა. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეროვნული ბანკი იღლიაში ამოედო. ეს ჩემი წამოსვლის მეორე დღიდან დაიწყო.

სხვათა შორის, მე შევარდნაძის ხელისუფლებას და სააკაშვილის ხელისუფლებას ერთმანეთისგან არ ვყოფ. ქვეყნისთვის ორივე ერთი და იგივე უბედურებაა, იმიტომ რომ შევარდნაძის დროს დაიწყო, მაგრამ მერე გაგრძელდა და ახლა აბსოლუტურად იღლიაში აქვთ ამოდებული. რასაც უნდა, იმას იტყვის და გააკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი; არავინ იცის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არსებობს თუ არა. ვიმეორებ, ეროვნული ბანკი, ყველაფერთან ერთად, ანტიმონოპოლური ორგანოა საბანკო სისტემაში და ამ დროს აქ ხდება მონოპოლიური ყვლეფა ქართველი ხალხისა და ქართული ეკონომიკისა.

- ჩვენი საუბარი ასეთ უიმედო ნოტაზე უნდა დავასრულოთ?

- მე თუ უიმედო ვიქნებოდი, მაშინ რატომ ვილაპარაკებდი ჩვენი პოლიტიკის იმ ნაწილზე, სადაც საკუთარ თავს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრად ვთვლი და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძვი?! მე რეალურ სიტუაციას ვხატავ.

ესაუბრა დალი ჩიკვაიძე