ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შესახებ
№11(131), 2010
რა დამატებები შევიდა "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში ორი თვის წინ შესული დამატებების შედეგად სულ მალე ამოქმედდება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურების შესაბამისი გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი სისტემა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით. კერძოდ:

"კომისია განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომში – ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას";

"ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ მინიმალური ღირებულების პრინციპით და ხელშეკრულება გააფორმონ არადისკრიმინაციულ და სამართლიან საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია";

"ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა".

თუმცა, როგორც საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი განმარტავს, ეს წესი გაზის გადასახადს არ ეხება და ჯერჯერობით, მარტო თბილისში იმოქმედებს. გაერთიანდება მხოლოდ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადები და დასუფთავების მოსაკრებელი. მარეგულირებელმა კომისიამ ადმინისტრატორებად "თელასი" და "ენერგოპრო ჯორჯია" შეარჩია. ანუ მარტივად თუ ვიტყვით, ადმინისტრირების ამ სისტემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მომხმარებელი ქვითარში ასახული რომელიმე მომსახურების საფასურს არ გადაიხდის ან არასრულად გადაიხდის, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო გახლდათ, თუმცა დოკუმენტი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წარუდგინა. კანონპროექტი პარლამენტში 16 სექტემბერს შევიდა; 17 სექტემბერს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ და იმავე დღეს დოკუმენტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პლენარულმა სხდომამ მესამე მოსმენით 1 ოქტომბერს მიიღო. როგორც ჩანს, მისი მიღება იმდენად ეჩქარებოდათ, დრო რომ არ დაკარგულიყო, პირდაპირ პარლამენტს გაატანინეს. ალბათ, ამ დაჩქარების მიზეზია შემოსავლის მიღება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-სთვის და მერიისთვისაც, რომ გადასახადები რაც შეიძლება მალე ამოიღონ. ამიტომაც წარუდგინა დოკუმენტი პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა და არა მთავრობამ, რომელსაც ასევე აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

ირღვევა თუ არა მომხმარებლისა და მეწარმის უფლებები

კანონში შესული ამ დამატებების შედეგად ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები? ან ილახება თუ არა ადმინისტრატორის კომერციული ინტერესები? ახალი წესით როდის მიუვა მომხმარებელს ქვითარი?
 
სემეკთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის უფროსის ვალერი ფხაკაძის ინფორმაციით, კანონში განხორციელებული დამატების საფუძველზე კომისიამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა ის პირობები, თუ როგორ უნდა იმუშაოს ახალმა კანონმა და როგორ უნდა იმუშაოს ახალმა ადმინისტრირების სისტემამ. კომისიის გადაწყვეტილება საჯაროა და მისი მიღება დაინტერესებულ პირს შეუძლია კომისიაში განცხადების წარმოდგენის შემდეგ. პირობები უკვე ამოქმედებულია, მაგრამ ბოლომდე ეს პროცესი მიყვანილი არ არის, რადგან ჯერჯერობით კომპანიებს შორის არ არის ხელშეკრულებები გაფორმებული და თუ ისინი ვერ მიაღწევენ ხელშეკრულებებით გარკვეულ პირობებზე შეთანხმებას, მაშინ კომისია მიიღებს ახალ გადაწყვეტილებებს ამ პირობებზე. ეს არის იმ ხარჯების ანაზღაურებაზე მისაღწევი შეთანხმებები, რომლებიც ადმინისტრატორთან უნდა გააფორმონ სასმელი წყლისა და დასუფთავების კომპანიებმა. კერძოდ, მათ "თელასთან" უნდა გააფორმონ ხელშეკრულებები. ჯერჯერობით, "თელასსა" და "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს" შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.

ადმინისტრირების ეს სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება; საერთოდ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ იმოქმედებს და როგორც კანონშია აღნიშნული, იმოქმედებს ტერიტორიული ფარგლების პრინციპით, რომელსაც სემეკი განსაზღვრავს. მართალია, კანონში ბუნებრივი გაზის გადასახადზეც არის ყურადღება გამახვილებული, მაგრამ მასზე არ გავრცელდება, რადგან ბუნებრივი გაზის ინდივიდუალურად შეწყვეტა მომხმარებლისათვის შესაძლებელია. ამდენად, ამ საქმიანობას ადმინისტრატორი გაუწევს თუ არა მომსახურებას, არა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ თუ მომხმარებელი არ გადაიხდის, ბუნებრივ გაზს ისედაც უწყვეტს "ყაზტრანსგაზ-თბილისი". აქ მოექცა ის მომსახურებები, რომელთა ინდივიდუალური შეწყვეტა მომხმარებლისთვის არ იყო შესაძლებელი.

ფხაკაძის ინფორმაციით, ასეთი გადასახადების ერთიან ადმინისტრირებაში მოქცევის პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში. თვითონ გადახდის სისტემა არის იქ ძალიან მრავალფეროვანი. წინასწარი გადახდების სისტემაც არსებობს. ერთიანი ქვითარი არსებობს ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, გერმანიაში არსებობს ქვითარი, რომლითაც ერთად მოდის ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი; ანუ გადასახადს მომხმარებელი იხდის წინასწარ და თუ არ გადაიხდის მთლიანად ან თუ ნაწილობრივ გადაიხდის ამ თანხას, რაც ქვითარში არის მითითებული, მომხმარებელს ორივე მომსახურება უწყდება.

ირღვევა თუ არა ამით მომხმარებლის უფლებები? მაგალითად, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი ქალაქში არ იმყოფება, უცხოეთშია სამუშაოდ წასული და ა.შ. ვალერი ფხაკაძის აზრით, კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება, ეს კონკრეტული შემთხვევები განხილული უნდა იყოს; ამაზე ალბათ დავა წარმოიშვება მომხმარებელსა და კომპანიას შორის და თითოეული მხარე თავისი პოზიციის დაცვას შეეცდება; თუ მომხმარებელი საზღვარგარეთაა წასული, შესაბამისი ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის ბაზაში უნდა მოხვდეს. "უნდა მოხდეს სამოქალაქო რეესტრის ბაზისა და ადმინისტრატორის მონაცემთა ბაზის ინტეგრირება ერთმანეთთან და ეს ინფორმაცია ადმინისტრატორს მიეწოდება და ექნება. ირღვევა თუ არა იგივე "თელასის" უფლებები? ამ შეკითხვით უმჯობესია "თელასს" მიმართოთ, ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის ასეთი საკითხების განხილვა", - ამბობს ფხაკაძე.

როგორც ფხაკაძე აცხადებს, არ შეიძლება იმის ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ ეს კანონი მომხმარებელთა უფლებს არღვევს. საქმე ისაა, რომ მომხმარებელთა უფლებები ეფუძნება 7 ძირითად პრინციპს, როგორიცაა მაგალითად: ინფორმაციის მიღების უფლება, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უფლება და ასე შემდეგ. ამ პრინციპებთან ეს ახლა შემოსული მექანიზმი წინააღმდეგობაში არ მოდის. თუმცა, აქ ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს. ახალი კანონით საუბარია იმ მომსახურებების გაუმჯობესებაზე, რომლებიც აქამდე არ იყო მოწესრიგებული და შესაბამისად, ინდივიდუალურად ვერ უწყდებოდა მომსახურება იმ მომხმარებელს, ვინც გადასახადს არ იხდიდა. ახალი წესი გარკვეული შეზღუდვაა. ზღუდავს როგორც მომხმარებელს, ასევე კომპანიას, რომ მომხმარებელმა გადაიხადოს ყველა გადასახადი, რითაც გადასახადების გადახდისას თანაბარ პასუხისმგებლობას აწესებს და კომპანიების მხრიდან შეზღუდვა ის არის, რომ მაგალითად ადმინისტრატორმა უნდა მოიკვლიოს ინფორმაციები სხვა კომპანიების შესახებ და უნდა გაუთიშოს მომსახურება, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის. ანუ ეს არის მომხმარებლის უფლებების გარკვეული შეზღუდვა, მაგრამ მომხმარებლის უფლებებს არ არღვევს.  

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი გურამ ჩახვაძე კი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მომხმარებლისა და მეწარმეების უფლებები ირღვევა. ვთქვათ, "თელასს" მომხმარებელთან ხელშეკრულება აქვს დადებული ელექტროენერგიის მიწოდებაზე და ამ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური არის მისი შემოსავალი. როდესაც მომხმარებელი სხვა გადასახადს არ გადაიხდის და მას ამის გამო "თელასი" ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს, ამით თავად "თელასი" ზარალდება და ფაქტობრივად, სხვისი შემოსავლის აღებაზე ხდება პასუხისმგებელი. ეს გზა ძალიან უხეირო ფორმაა და ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა. არადა, მომხმარებელი თუ წყლის გადასახადს არ იხდის, წესით მას წყლის კომპანიამ სასამართლოში ან სხვა ინსტანციაში უნდა უჩივლოს და ეს სხვა მომსახურებაზე მიბმული არ უნდა იყოს. თუმცა, პრობლემა რეალურად არსებობს, მოქალაქეები არ იხდიან წყლის გადასახადს თუ ნაგვის გატანის მოსაკრებელს. მართალია წყლის კომპანია კერძო სტრუქტურაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი მაინც პასუხისმგებელია მოსახლეობის წყლით და ელექტროენერგიით მომარაგებაზე. თავის დროზე "თბილისის წყალის" ან "თელასის" პრივატიზება კი მოხდა, მაგრამ არც ერთს არა აქვს უფლება, უარი თქვას მომარაგებაზე. ამას მარეგულირებელი კომისია არეგულირებს. რეალურად ამ საწარმოებს მონოპოლისტური მდგომარეობა აქვთ. თბილისის რიგი დასახლებები წყალს გრაფიკით ღებულობენ, მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე 24 სთ-იანი მიწოდების შესაბამის გადასახადს იხდიდნენ და ამაზე "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს" არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. 1 დეკემბრიდან თბილისელებისთვის წყლის ტარიფი 75 თეთრით გაიზარდა და თვეში 2,4 ლარის მაგივრად, 3,15 ლარი გახდა, თუმცა ვინც წყალს გრაფიკით ღებულობს, ის ოჯახის თითოეულ წევრზე კვლავაც 2,4 ლარს გადაიხდის.

ჩახვაძე სინანულით აღნიშნავს, რომ "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში შესული დამატებების ამოქმედებით სოციალური პრობლემა წარმოიშვება და ეს ნათელია. თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც ამ კანონის განხილვა მიმდინარეობდა როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულზე, მაშინ ამას სათანადო გამოხმაურება არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე პარლამენტში დებატები გაიმართა. ხელისუფლების არგუმენტია, წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება ვერ ხერხდებაო. თუ მოქალაქე სოციალურად დაუცველია, ის ვერც ელექტროენერგიის გადასახადს გადაიხდის და ვერც წყლისას.

ჩახვაძის აზრით, მედიამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ე.წ. ჯვარედინ სუბსიდირებას; ანუ იმას, რომ ერთი მომხმარებლის ხარჯებს მეორე მომხმარებელი ისტუმრებს, რაც კანონით აკრძალული იყო. ეს აკრძალვა მოიხსნა. ერთ კუბურ მეტრ წყალში იურიდიული პირი გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი და ეს არასწორია. ჯვარედინი სუბსიდირება მეწარმეებს ხარჯებს უზრდის და გამოშვებულ პროდუქციას თუ მომსახურებას აძვირებს. ამ, ერთი შეხედვით, სოციალურად დაუცველი ფენებისთვის გაკეთებულ შეღავათს უკუეფექტი აქვს. ამაზე ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოხმარებული წყალი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. სხვა საკითხია, რომ ეს ტარიფი მაღალია მოსახლეობისთვისაც და მით უმეტეს, იურიდიული პირებისთვის. მოგეხსენებათ, "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს" სისტემის მოუწესრიგებლობის გამო ბევრი დანაკარგი აქვს, მაგრამ ეს მოუწესრიგებლობა არ უნდა იყოს მომხმარებლის პრობლემა. როდესაც მუნიციპალიტეტმა "თბილწყალკანალი" გაყიდა, ეს დებულებები პრივატიზაციის ხელშეკრულებაში უნდა ჩადებულიყო. სისტემის მოუწესრიგებლობა თავად კომპანიის პრობლემაა და არა მომხმარებლისა. ამით მომხმარებელს წყალი არ უნდა გაუძვირდეს. თვის განმავლობაში იგი არ მოიხმარს იმდენ წყალს, რა გადასახადსაც აკისრებენ.

ვფიქრობთ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების წინააღმდეგ წასვლაა, რომ მომხმარებელი დენს რაც მეტს ხარჯავს, მით მაღალი ტარიფით ახდევინებენ. ელექტროენერგია საქართველოში საკმაო რაოდენობით გვაქვს და მისი გამომუშავება საკმაოდ იაფიცაა. ელექტროენერგიის აღრიცხვა ხდება და ელექტროენერგიას თუ მეტს მოვიხმარ, ელექტროენერგიის მომწოდებელს გასაყიდი საქონლის რაოდენობა ეზრდება. მეტის მოხმარება ტარიფის ზრდას არ უნდა იწვევდეს. ჩახვაძის განმარტებით, თავის დროზე, როდესაც ეს დიფერენცირებული ტარიფი შემოვიდა, ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი იყო, ანუ მოთხოვნილება უფრო მეტი იყო, ვიდრე მიწოდება და ამიტომ ჩაიდო ეს იდეა, რომ ამით მოთხოვნა შემცირებულიყო. მაგალითად, ისრაელში, გარკვეული რაოდენობის წყლის მოხმარების შემდეგ ფასი იზრდება, იმიტომ, რომ იმ ქვეყანას წყლის პრობლემა აქვს. ახლა, როცა საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორია, რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა უკვე ძველი სტერეოტიპისა და ძველი პოლიტიკის შედეგია.

რაც შეეხება ნაგვის გატანას, ჩახვაძის აზრით, ამ ხარჯების გასტუმრება ბიუჯეტიდან უნდა ხდებოდეს. ვინც დასაქმებულია, ის ხომ საშემოსავლოს იხდის და ადგილობრივ თვითმმართველობას ტრანსფერს აძლევს, აქ უნდა იყოს ჩადებული დასუფთავების მოსაკრებელი და ეს პრობლემა ბუნებრივად მოიხსნება. სხვანაირად ეს შეუძლებელია. კარგი, ოდესმე წყალზე მრიცხველს დავაყენებთ, მაგრამ ნაგავზე ხომ ეს შეუძლებელია. მაგალითად, პოლიცია რომ გვიცავს, ამის გადასახადს ხომ არ ვიხდით; ვიხდით ბიუჯეტში საშემოსავლოს და პოლიციას მერე აქედან ხმარდება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან უნდა გავათავისუფლოთ.

თუ ბიუჯეტიდან არ იქნება, ამის ალტერნატივა შეიძლება ის იყოს, რომ თუკი დასაქმებული პირი არ იხდის წყლის გადასახადს, არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს, მას შესაბამისმა სტრუქტურამ სასამართლოში უჩივლოს (ეს უნდა იყოს სწრაფი პროცედურა) და დავალიანება ხელფასიდან ჩამოაჭრან. ოღონდაც აქ ისევ ცალკე უნდა გამოვყოთ სოციალურად დაუცველები, რომლებსაც ეს გადასახადები არ უნდა დაეკისროთ.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელ ნოდარ ხადურის აზრით, ის, რომ სახელმწიფო ავალდებულებს კერძო კომპანია "თელასს", ამოიღოს კერძო სტრუქტურა "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერისათვის" გადასახდელები და ასევე ადმინისტრირება გაუკეთოს დასუფთავების მოსაკრებელს, არასწორი გადაწყვეტილებაა როგორც სამართლებრივად, ისე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით; ანუ დაავალდებულო ერთი კომპანია, რომ ამოიღოს მეორის გადასახადი, არასწორია; მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, მომხმარებლის უფლებებიც ირღვევა. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იძულებულია, რომ თითოეული თეთრი დაზოგოს და ხშირ შემთხვევაში მას არ ჰყოფნის თანხა ყველა გადასახადის გადასახდელად. მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის გამრიცხველიანების გამო შესაძლებელია, რომ ვინც არ გადაიხდის, მიწოდება შეუწყდეს, რაც შეუძლებელია წყლის შემთხვევაში და დასუფთავებისას პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამდენად ხელისუფლებამ ასეთი "მარტივი" გზა გამონახა, რომ თუ ადამიანი არ გადაიხდის დავუშვათ დასუფთავების მოსაკრებელს ან წყლის გადასახადს, მას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს. ეს იგივეა, ხორცის ფული თუ არ გადავიხადე, არ მომცე პურიც, მიუხედავად იმისა, რომ პურის ფულს პირნათლად ვიხდი. ამდენად, ხადურის აზრით, ეს მომხმარებლის უფლებების უხეში დარღვევაა. კი, წყალსაც მოვიხმარ, მაგრამ "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს" უზარმაზარი ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა, სახლებში მრიცხველები უნდა დაეყენებინა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მასაც უკვე ექნებოდა შესაძლებლობა იმისა, რომ გადასახადების ამოღება თვითონ უზრუნველეყო; მაგრამ დღეს ამის მიბმა ელექტროენერგიაზე არის წარმოუდგენელი.

ხადური შეგვახსენებს, რომ თავის დროზე, როცა "თელასის" პრივატიზება მოხდა და ინვესტიციები განხორციელდა, ეს ინვესტიციები არ ყოფილა განხორციელებული იმისათვის, რომ მას წყლის გადასახადი ამოეღო. არ არის გამორიცხული, რომ იგივე წყლის გადასახადის თუ დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებასთან დაკავშირებით დამატებითი კადრები გახდეს საჭირო თვითონ "თელასში" და ამან ელექტროენერგიის ტარიფის მომატებაზე ფიქრი გამოიწვიოს. აქ მეორე მომენტიც არის. წყლის საფასური რეგულირებადი ტარიფია. მაშასადამე, იმ ტარიფში, რასაც ვიხდით, არის არასწორი გაანგარიშებები მისი ადმინისტრირებისათვის. ანუ გამოდის, რომ აქაც ისევ მომხმარებლის საზიანო გადაწყვეტილებებია მიღებული. როდესაც ჩვენ ვიხდით სულადობრივად, ამ ტარიფში არის გათვალისწინებული ადმინისტრირებაც. ახლა თუ ეს ადმინისტრირება დაეკისრა "თელასს", მაშინ ჩვენ წყლის ტარიფი კი არ უნდა გაგვიძვირდეს, უნდა შეგვიმცირდეს; ანუ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადები ერთიან ქვითარზე მოდის. ამას თუნდაც კატრიჯის და ქაღალდის სახით "თელასი" ხარჯავს და დარიგებითაც ამ ქვითრებს "თელასი" არიგებს. როგორც ხადური დაასკვნის, ეს ნაბიჯები თავის დროზე სწორედ ამიტომ გადაიდგა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ასეთი აკრძალვითი მექანიზმი, რომ ადამიანები აიძულონ გადაიხადონ წყლის და დასუფთავების გადასახადები.

"იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს, ლეიბორისტებმა განაცხადეს, არჩევნების შემდეგ წყლის ან დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის გამო მომხმარებელს დენსაც გაუთიშავენო, რასაც დედაქალაქის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ზაზა ბეგაშვილმა სისულელე უწოდა. არადა, ეტყობა, იმ დროს "თბილწყალკანალს" მართლაც სურდა ამის გაკეთება, მაგრამ მაშინ "თელასი" ვერ დაითანხმეს. ჩანს, ახლა ეს შეიცვალა. მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ ორივე არის კერძო კომპანია. ჩვენ ვიცით, რომ "თელასის" მფლობელია "რაო ეეს"; მაგრამ ზუსტად არ ვიცით, ვინ არის "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელი. სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ მისი მფლობელიც რუსული კომპანიაა. ხომ არ არის ესეც იმის გამოვლენა, რომ ორივეს მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანიაა და შესაბამისად მათი მენეჯმენტი ძალიან დაახლოვდა?!", - კითხულობს ნოდარ ხადური.

განმარტებით ბარათში ეწერა, რომ კანონში ეს დამატებები არავითარ ხარჯებს არ გამოიწვევს. არადა, როგორ არ გამოიწვევს?! თუ ეს ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ "თელასის" ანგარიშზე, მერე ვიღაცამ ეს თანხა "თელასის" ანგარიშიდან ხომ უნდა გადაურიცხოს "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს" და მერიას; ასე რომ, გამოიწვევს. გარდა ამისა, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ჩართვისთვის დამატებით ცალკე ბანკი იღებს მომსახურების საფასურს და ცალკე "თელასი", რაც სოციალურად შეჭირვებული მომხმარებლისთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ გახლავთ.

იმ მოტივით, რომ ადმინისტრირების ახალი სისტემა მომხმარებელთა უფლებებს ლახავს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიამ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თუმცა ნოდარ ხადური ამას დროის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევს.

დალი ჩიკვაიძე