ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
№11(131), 2010
საქართველო მზადაა, ქვეყანაში გატარებული რეფორმების ექსპორტი განახორციელოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენციის გახსნისას განაცხადა, რომ "საქართველო მზადაა, ქვეყანაში გატარებული რეფორმების ექსპორტი განახორციელოს და საკუთარი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს, რაც ნამდვილად საამაყოა. აღსანიშნავია, რომ "ბიზნესის წარმოება 2011"-ის კვლევის თანახმად, საქართველო პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესის რეგულირების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ძალისხმევა გასწიეს". "ჩვენ მზად ვართ, მეზობელ ქვეყნებში გატარებული წარმატებული რეფორმები გავიზიაროთ, რათა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საქართველო ყველაზე საუკეთესო გახდეს", - დასძინა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2011 წელს მიმდინარე წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდა იქნება, ხოლო 2012 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, სავარაუდოდ, კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდება. "2011 წლისთვის, ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკური ზრდა 7 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო 2012 წლისთვის - 9 პროცენტის ფარგლებში. კრიზისამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,5 პროცენტი იყო და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ უახლოეს წლებში ორნიშნა მაჩვენებელზეც გავიდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინა საქართველოში გატარებული რეფორმების გაზიარებას აპირებს

უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ განაცხადა, რომ უკრაინამ ქართველი სპეციალისტების დახმარებით, საქართველოს სამშენებლო სექტორის გამოცდილება გაიზიარა. მისი თქმით, უკრაინამ უკვე კარგად შეისწავლა საქართველოს გამოცდილება სამშენებლო სფეროს ფორმირების კუთხით, ნებართვების გაცემის მხრივ.
 
"მოვიწვიეთ ორი კონსულტანტი და ამ სფეროზე უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. შედეგად, შემუშავდა კანონი, რომელსაც დღეს მინისტრთა კაბინეტი განიხილავს და შემდეგ უმაღლეს რადას გადასცემს. თუ აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, მაშინ მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო 93 პროცედურას ჩვენ 23-მდე შევამცირებთ", - აღნიშნა ტიგიპკომ.

მისივე განცხადებით, უკრაინა ეცნობა ასევე საქართველოს საგადასახადო სფეროში განხორციელებულ რეფორმებსაც. იგი მუშაობს, რათა ის კონსულტანტები, რომლებმაც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე იმუშავეს, უკრაინაში მიიწვიონ.

"2011 წელს ქვეყანაში 1 მლრდ აშშ დოლარამდე უცხოური ინვესტიცია შემოვა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის პროგნოზით, 2011 წელს ქვეყანაში 1 მლრდ აშშ დოლარამდე ოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოვა.

"უცხოური ინვესტიციების კუთხით მიმდინარე წლის საბოლოო შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მესამე კვარტლის მონაცემებზე, რომელსაც "საქსტატი" უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ჩვენი პროგნოზით კი, მომავალ წელს საქართველოში 900 მლნ-დან 1 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტიცია შემოვა", - განაცხადა გილაურმა.

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 6 დეკემბრიდან 50 თეთრი ეღირება

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 6 დეკემბრიდან 50 თეთრი უნდა გახდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე 30 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღეს.

საკითხი სხდომაზე თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ წარადგინა. მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირების საკითხს საკრებულოს სხდომაზე ცხარე დისკუსია და კამათი მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელისგან ითხოვდნენ ეღიარებინა, რომ მგზავრობის საფასური მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ძვირდება და ეს სოციალურ ფონზე მძიმედ აისახება.

სხდომაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან კოპლატაძემ ციფრებში წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, მოსახლეობის რომელი კატეგორია მგზავრობისთვის რა ტარიფს იხდის. მისი თქმით, დედაქალაქში 580 ათას ადამიანს - სოციალურად დაუცველ პირს მგზავრობის საფასური არ გაუძვირდება, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს საკითხიც ეჭვქვეშ დააყენეს.

მგზავრობის საფასურის გაზრდას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ქალაქის მთავრობამ მგზავრობის თანხის გაძვირება საწვავზე ფასების მომატებით ახსნა.

6 დეკემბრიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება. ელექტრონული ბარათებით სარგებლობის შემთხვევაში, იმავე დღეს ბარათის მეორედ გამოყენების დროს მგზავრობის საფასური 30 თეთრი იქნება, ყველა მომდევნო მგზავრობა კი 20-20 თეთრი.

2012 წლიდან საქართველო პროგრამულ ბიუჯეტზე გადავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2012 წლიდან საქართველო პროგრამულ ბიუჯეტზე გადავა და იქვე დასძინა, რომ პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლით სახელმწიფო ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება.

"დღეს არსებული ბიუჯეტის მეხუთე თავში მხოლოდ ისაა გაწერილი, თუ რომელ სახელმწიფო უწყებას რა დაფინანსება აქვს, მაგრამ რაში და როგორ იხარჯება შემდგომ ეს ფული, დაკონკრეტებული არ არის. პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლით კი დეტალურად გამოჩნდება, საკმარისია თუ არა კონკრეტული თანხა ცალკეული პროგრამების განსახორციელებლად და შესაბამისი მიზნის მისაღწევად", - აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პროგრამულ ბიუჯეტს უკვე ექვსი საპილოტე - განათლების, სასჯელაღსრულების და პრობაციის, იუსტიციის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები ახორციელებენ.

ცნობისთვის, პროგრამული ბიუჯეტი მხარჯავი დაწესებულების მიერ დასახული პრიორიტეტების მისაღწევად განსახორციელებელი პროგრამების, პროექტების, ღონისძიებებისა და მათი ბიუჯეტების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორთა ერთობლიობას წარმოადგენს.

პირველკლასელთათვის ნეთ-ბუქების შესაძენად 32 მლნ ლარი დაიხარჯება

"2011 წელს პირველკლასელთათვის ნეთ-ბუქების შესაძენად 32 მლნ ლარი დაიხარჯება", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა.

ამასთან, პეტრიაშვილმა საქართველოში ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანის პროექტის გაგრძელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წელს საქართველოში ინგლისური ენის კიდევ 1500 უცხოელი პედაგოგი ჩამოვა.

"მომავალ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 35 მლნ ლარით იზრდება და 1 მლრდ 554 მლნ ლარით განისაზღვრება. ამასთან, განათლების სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანის ხარჯები, რომელთა რაოდენობა მომავალ წელს 1500-მდე გაიზრდება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლებში 500-მდე უცხოელი მასწავლებელი ჩავიდა.