ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
პირდაპირი ინვესტიციები ოფიციალური სტატისტიკის პრიზმაში
#11(131), 2010
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დროს ერთი ქვეყნის რეზიდენტი მეორე ქვეყანაში განთავსებული საწარმოს აქციების (წილის) ისეთ რაოდენობას ეუფლება, რომელიც საკმარისია ამ საწარმოს მართვაში მონაწილეობის მისაღებად. სტატისტიკური მეთოდოლოგიით პირდაპირი ინვესტორი საწარმოს აქციების არანაკლებ 10%-ს უნდა ფლობდეს. ჩვენი წერილის თემა გახლავთ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმოხილვა და მასში, ძირითადად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საიტზე განთავსებულ მონაცემებს დავეყრდნობით.

ინფორმაციების მოძიება

რა წყაროების საშუალებით მოიძიებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ინფორმაციას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ? უპირველესად, ის ეყრდნობა საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევებს, რომელსაც თვითონვე ატარებს კვარტალური და წლიური პერიოდულობით. გამოკვლევა შერჩევითია. მის ობიექტებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ირჩევენ: ჰყავს თუ არა საწარმოს არარეზიდენტი დამფუძნებელი; ახორციელებს თუ არა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს; აქვს თუ არა საწარმოს არარეზიდენტებისგან აღებული სესხი ან მათზე გაცემული; თუ აქვს განთავსებული დეპოზიტები არარეზიდენტ ბანკებში; არარეზიდენტი თუ ფლობს საწარმოს საწესდებო ან სააქციო კაპიტალის არანაკლებ 10%-ს; არარეზიდენტებს თუ უწევს ან მათგან თუ იღებს მომსახურებას.

საქსტატს ასევე აქვს ალტერნატიული წყაროები, საიდანაც იღებს ინფორმაციას. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი მას აწვდის ინფორმაციას საფინანსო სექტორის შესახებ; სებ-ი ახდენს ამ მონაცემების დაჯამებასაც, გაანალიზებასაც და საქსტატს უკვე დამუშავებულ მონაცემებს გადასცემს. პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციას საქსტატი იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, ვინაიდან პრივატიზაციას ის ახორციელებს შესაბამისი ფორმებით. პრივატიზების შესახებ მონაცემებს ასევე იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

წინასწარი ინფორმაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ქვეყნდება ყოველკვარტალურად, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 75-ე დღეს. ოთხი კვარტალის შეჯამებით მიიღება წინასწარი წლიური მონაცემები, რომლის დაზუსტება წარმოებს წლიური გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე მომდევნო წლის 15 აგვისტოს. არის განსხვავება დაზუსტებულ და დაუზუსტებელ ინფორმაციებს შორის, რომელიც ზოგჯერ კვარტალურ დინამიკაში 20%-მდეც კი აღწევს.

ლიდერები ინვესტორთა შორის: აშშ და დიდი ბრიტანეთი

საქსტატის საიტზე ინფორმაცია განთავსებულია წლების მიხედვით, ცალკე ინვესტორი ქვეყნების და ცალკე ეკონომიკის სექტორების ჭრილში. ეკონომიკის სექტორების ჭრილში მონაცემები 2007 წლიდან მუშავდება. ქვეყნების ჭრილში კი საქსტატი ინფორმაციას 1996 წლიდან ამუშავებს, თუმცა იმ პერიოდისთვის ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა, რაც შესაბამის მონაცემებზეც აისახა. ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც დაფიქსირდა, სულ 3,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და უკრაინიდან იყო. ინფორმაციის მიღება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ უფრო სისტემატიზებულ სახეს 1997 წლიდან იღებს. ამ პერიოდიდან ინვესტიციების შემოდინებასაც უფრო ინტენსიური ხასიათი ეძლევა.

როგორც წესი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმ ქვეყნებში მიედინება, სადაც სტაბილურობის ნიშნები შეიმჩნევა და საქართველოში ეკონომიკური სიტუაციების ასეთი სტაბილიზაცია 1995 წლიდან დაიწყო. 1996 წლიდან სტატისტიკის სამსახური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოკვლევების მოწესრიგებას შეუდგა და ეს პროცესი მომდევნო წელს დაასრულა. როგორც აღვნიშნეთ, 1997 წლიდან უცხოური ინვესტიციების ნაკადისა და ინვესტორი ქვეყნების რიცხვის ზრდაც ფიქსირდება. ამ წელს ყველაზე მსხვილი ინვესტიცია (96,6 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა აშშ-დან, რომელსაც თითქმის 25 მლნ-იანი ინვესტიციით გაერთიანებული სამეფო და 18,7 მლნ-იანი ინვესტიციით ავსტრია მოსდევენ. 1997-2003 წლებში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად შემოდიოდა გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან, რომელთა შორისაც ლიდერებად პირველი ორი ქვეყანა გამოიკვეთა. ამ პერიოდში ყველაზე მეტი მაინც ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა. მაგალითად, 1998 წელს მთელი ინვესტიციების 39,4% ამერიკაზე მოდიოდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2003 წელს 40,2%-ით გადააჭარბა 1997 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2003 წლის შემდგომ პერიოდში  კიდევ უფრო იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც და ინვესტორი ქვეყნების არეალიც ფართოვდება. კერძოდ, ინვესტორთა რიცხვს შეუერთდნენ: ესტონეთი, ლიტვა, ესპანეთი, ყაზახეთი, კაიმანის კუნძულები, პანამა და სხვები; ინვესტიციებმა აქტიურად იწყო შემოსვლა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. 2007 წელი ინვესტიციების ბუმი იყო და ძალიან მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა. ამ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ორ მილიარდს გადააჭარბა. შემდეგ, 2008-ში, კლება დაიწყო. აქ უკვე ინვესტიციების შემცირების ფაქტორი გახდა რუსეთთან ომი, რაც აისახება კიდევაც იმავე წლის მე-3 კვარტალის მონაცემებში; თუმცა, მე-4 კვარტალში ეს პროცესი მაინც დაძლეულ იქნა და მე-3 კვარტალთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მხრიდან საქართველოსადმი სერიოზული (4,5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის) ფინანსური მხარდაჭერა  იყო სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო სტაბილური ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს და 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინვესტიციები კვლავაც შემოდიოდა, თუმცა წლიურმა მოცულობამ 2008 წლის შესაბამისი მაჩვენებლის მხოლოდ 40,1% შეადგინა. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს მოცულობა 2003 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მეტია. მიმდინარე წელს რაც შეეხება, პირველ ორ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 272,6 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა და 2003 წელს შემოსული მთელი ინვესტიციების 80,2%-ის ტოლია.

რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის ინვესტიცია უარყოფითი მაჩვენებლითაა გამოსახული? ეს ნიშნავს, რომ მოხდა ან არარეზიდენტის მიერ რეზიდენტისათვის წილის დათმობა, ან არარეზიდენტის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკლასიფიკაცია პორტფელურ ინვესტიციებად. შესაძლოა ინვესტორს გაუჩნდეს ვალდებულებები არარეზიდენტების მიმართ. ასეთ პირობებშიც ხდება ამ ინვესტიციების უარყოფითი ნიშნით გამოსახვა. პირდაპირი ინვესტიციით შექმნილი საწარმოს ფუნქციონირების პროცესში ხშირად ჩნდება ვალდებულებებიც, რომელიც ინვესტორმა უნდა დაფაროს. ცხადია, ეს იწვევს მის ხელთ არსებული კაპიტალის მოცულობის შემცირებას, რაც ასევე უნდა აისახოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებსა და მოცულობაზე. ამიტომაც მთლიან დინამიკაში ბევრი ინვესტიცია უკვე უარყოფითი ნიშნით აისახება. ყველაზე მეტად ეს უკანასკნელ წლებში შეინიშნებოდა, განსაკუთრებით კი 2008 წელს, როდესაც რამდენიმე ქვეყნიდან განხორციელებული ინვესტიცია მინუს ნიშნით აღირიცხა.

ინვესტორ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, უკვე 1997 წლიდან ყველაზე სოლიდურად არის წარმოდგენილი ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანი ლიდერობს. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყნიდან ინვესტიციები 1997 წლიდან ფიქსირდება და დღემდე უწყვეტად შემოდის; პიკი 2007 წელზე მოდის, როდესაც რუსეთიდან პირდაპირმა ინვესტიციებმა 89 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ოფშორული ინვესტიციები

საინტერესოა, რომ ინვესტორთა შორის უკვე 1997-1998 წლებში ჩანს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები. 4-წლიანი ინტერვალის შემდეგ ის კვლავ ჩნდება 2003 ში 6,2 მლნ-იანი ინვესტიციით, 2004 წელს აქედან საქართველოში 6,9 მლნ აშშ დოლარი და 2005 წელს 4,9 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. მომდევნო წლებში კი გაცილებით უფრო დიდი ფინანსური ნაკადები წამოვიდა. კერძოდ, 2005 წელთან შედარებით ამ კუნძულებიდან ინვესტიციები 2006 წელს თითქმის 12-ჯერ მეტი, 2007 წელს - 38-ჯერ მეტი და 2009 წელს 7-ჯერ მეტი შემოვიდა. ასევე, 2005 წელთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით 6,4-ჯერ უფრო მეტი შემოვიდა მიმდინარე წლის მარტო მე-2 კვარტალში. ეს რაზე მიუთითებს? ამ შემთხვევაში უცხოელი ინვესტორები ვირჯინიის კუნძულებზე არიან დარეგისტრირებული და უშუალოდ წარმოშობის რეალური წყარო არ ჩანს. შესაძლოა, მათ შორის ჩვენი თანამემამულეებიც არიან. ამის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები ნაკლებად არსებობს. თუ ინვესტორი საქართველოს რეზიდენტია, ის რატომ არ ჩნდება, აქ მაღალი გადასახადებია თუ იგი ოფშორის მეშვეობით ფულის "გათეთრებას" ცდილობს? მოგეხსენებათ, ოფშორული ზონებით ინვესტორების დაინტერესება განპირობებულია ძირითადად საგადასახადო შეღავათებით, რომელსაც ამ პირობებში ანიჭებს ის კანონმდებლობა, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს და გარდა ამისა, იქაური კანონმდებლობით მათი კონფიდენციალობაც დაცულია.

რომელი დარგები იზიდავს ინვესტორებს?

თუ გადავხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დარგობრივ სტრუქტურას 2007 წლიდან, აშკარად დავინახავთ, რომ უცხოელი ინვესტორები ყველაზე ნაკლებ ინტერესს ჩვენი სოფლის მეურნეობის მიმართ იჩენენ. მრეწველობის სექტორიდან კი მათთვის გადამამუშავებელი მრეწველობაა საინტერესო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროშიც საკმაოდ სოლიდურად შემოდის და ყოველთვის ძალიან მაღალი წილით გამოირჩევა.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2009 წელს ეს ყველაზე უფრო მიმზიდველი სფერო იყო და სხვა წლებშიც ბევრად აჭარბებდა, იგივე ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩადებულ ინვესტიციებს. 2009 წელს დიდი თანხები ჩაიდო მრეწველობაში; უცხოელი ინვესტორები ასევე დაინტერესდნენ მშენებლობის სექტორში ინვესტიციების განთავსებით, სადაც გამოცოცხლების ნიშნები გამოიკვეთა. ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული სექტორი საბანკო სექტორია, რაც მის მიმართ ინვესტორთა დაინტერესებიდანაც ჩანს. აქ ინვესტიციები ყველაზე დიდი ოდენობით 2007 წელს განთავსდა. 2008-ში ძალიან სერიოზულად იკლო ინვესტიციებმა, 2009-ში კი უკვე ზრდა გვაქვს.

ინვესტიციები პროგრესის სამსახურში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის: რა ოდენობით თანხების განთავსება ხდება ქვეყნის ძირითად კაპიტალში, რამდენად მიმზიდველია ქვეყანა საინვესტიციოდ, რომელ დარგებშია მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობები. ამდენად, უცხოური ინვესტიციების დინამიკა და სტრუქტურა ქვეყნის განვითარების ძალზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მით უფრო საქართველოს პირობებში, როდესაც განვითარებისთვის შიგა რესურსები მწირია: ბიუჯეტის რესურსები შეზღუდულია, ხოლო ეკონომიკური სუბიექტების დანაზოგები ინვესტირებისათვის - ძალზე მცირე. უცხოური ინვესტიციების შემოდინება მხოლოდ ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა როდია, ეს უწინარეს ყოვლისა იმ ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების საშუალებაა, რაც ქვეყანას ასე სჭირდება. გარდა ამისა, პირდაპირ ინვესტიციებს დასაქმების სერიოზული პოტენციალი აქვს.

დალი ჩიკვაიძე