ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა
#11(131), 2010
წლის პირველი ნახევარი არასახარბიელო მაჩვენებლით დასრულდა

რამდენიმე წლის წინ საქართველოში იმ მოცულობის უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რომ ეკონომიკის ექსპერტები ე.წ. "ჰოლანდიური დაავადების" საშიშროებაზეც კი მიუთითებდნენ. შემოსული თანხა საქართველოს პირობებისთვის იმდენად მასშტაბური გახლდათ, რომ ექსპერტები ასევე ეკონომიკაზე მოსალოდნელ უარყოფით გავლენას - მაღალ ინფლაციას და უმუშევრობის მატებას ვარაუდობდნენ. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, მაშინდელი ინვესტიციების არსებობაც ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული. მათი არგუმენტი ის გახლდათ, რომ ქვეყანაში შემოსული ფული ხშირ შემთხვევაში ინვესტიციას არ ნიშნავდა და ეს მხოლოდ ამა თუ იმ ობიექტის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა იყო.
 
ასე იყო თუ ისე, საქართველოში ინვესტირებული უცხოური ვალუტის შემოსვლა კახა ბენდუქიძის ე.წ. "აგრესიული პრივატიზაციის" პერიოდიდან დაიწყო. 2004 წლის დეკემბერში საქართველოში დაბრუნებულმა ბენდუქიძემ საჯაროდ განაცხადა - სახელმწიფო გაყიდდა ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით ინვესტორების აქტიური დაინტერესება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2004 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 499,1 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2005 წელს 449,8 მილიონ დოლარამდე შემცირდა, თუმცა 2006 წლიდან ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე 1 190,4 მილიონი დოლარი შეადგინა. იმავე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს 2007 წელს მიაღწია და 2 014,8 მილიონი შეადგინა. 2008 წლის პროგნოზის მიხედვით ინვესტიციების მოზიდვა რეკორდული სწორედ ამ წელს უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსეთ-საქართველოს ომმა პროგნოზების გამართლებას შანსი არ დაუტოვა და წლის პირველ ნახევრში შემოსული ინვესტიციების მაჩვენებელი აგვისტოს შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. საბოლოოდ კი, 2008 წელს უცხოური ინვესტიციების ოდენობა მაინც საკმაოდ მასშტაბური იყო - მან 1 564 მილიონი ლარი შეადგინა. 2008 წლის შემდეგ უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვანი კლებისკენ წავიდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანას ლამის კატასტროფას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაინც შემოვიდა და მისმა მოცულობამ 658,4 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

წლევანდელი მაჩვენებლებით კი ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ შემაშფოთებლად გამოიყურება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ინვესტორების მოსაზიდად უამრავ ღონისძიებას მიმართავს. წლის მეორე ნახევარში რამდენად რადიკალურად შეცვლილი მაჩვენებლები იქნება, ჯერ უცნობია. თუმცა, ის ცხადია, რომ 2010 წლის პირველ ნახევარში 272,6 მილიონია შემოსული, რაც წინა წლებთან შედარებით ძალიან შემცირებულია. წლევანდელი მაჩვენებლის მიხედვით, პირველ კვარტალში 75,7 მილიონი დოლარი, ხოლო მეორე კვარტალში 196,9 მილიონი დოლარია შემოსული.

ექსპერტების ვარაუდით, დღეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სხვაგვარად, ძალიან გაუჭირდება ქართულ ეკონომიკას პრობლემებს თავი გაართვას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური ჩვენთან საუბრისას ქვეყანაში გარკვეულ სირთულეებზე მიანიშნებს.

"2007 წელს საქართველოში შემოვიდა 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, 2008-ში - მილიარდ ხუთასი მილიონი. შარშან 660 მილიონს ვერ მიაღწია, წელს არის მხოლოდ 270 მილიონი წლის პირველ ნახევარში. ეს არის ძალიან ცოტა. წლის დასაწყისში, ხელისუფლებაში, 2010 წლის მანძილზე ინვესტიციების კუთხით 1 მილიარდ დოლარს ელოდებოდნენ, მაგრამ მილიარდ დოლარამდე სამი იმდენი აკლია, ვიდრე შემოვიდა", - აცხადებს ნოდარ ხადური. ექსპერტის განცხადებით, თუ დღევანდელი ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ პრობლემები გარდაუვალი იქნება.

"ჩვენ გვჭირდება უცხოური ინვესტიციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარი რესურსებით ძალიან გაგვიჭირდება პრობლემების მოგვარება. ამდენად, თუ უცხოელი ინვესტორების დაინტერესება შემცირდება, მაშინ ჩვენი მდგომარეობა იქნება ძალიან დამძიმებული. თუმცა, უცხოური ინვესტიციების შემცირებით კატასტროფა არ დგება, მაგრამ განსჯისათვის მნიშვნელოვანია: რატომ არ მოდიან ინვესტორები, მაშინ, როდესაც ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე ვართ?"
 

ნოდარ ხადური საქართველოში უცხოელი ინვესტორების ინტერესის შემცირებას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის ფაქტორს, რაც საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსულმა არმიამ საქართველოში არსებული სხვადასხვა ობიექტები დაბომბა, რომელთა მფლობელიც უცხოეთის მოქალაქეები იყვნენ. მათ შორის, მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო ფოთის პორტმა, რომლის მფლობელიც არაბული კომპანია "RAK INVESTMENT AUTHORITY" გახლავთ. აგვისტოს ომის დროს ფოთის პორტის დაბომბვის შემდეგ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურმა ორი მილიონი დოლარი იზარალა. ეს განცხადება ნავსადგურის დირექტორის მოადგილემ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ვახტანგ ლემონჯავამ გააკეთა. ომის შემდგომ პერიოდშიც საკმაო ხანს ფოთის პორტი საშუალოდ 35% დატვირთვით მუშაობდა. ზარალი ტვირთნაკადების შემცირებამ გამოიწვია. დაბომბვის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა 279 ათასი დოლარის ტექნიკა და ქონება. 100 ათასი დოლარით დაზარალდნენ პორტის მეიჯარე კომპანიები.

ერთი მილიონ 100 ათასიანი ზარალი მიადგა თურქულ-ქართულ ნავთობკომპანია "ჩენელ ენერჯის". კასეტური ბომბის ნამსხვრევებმა დააზიანეს ამ კომპანიის რეზერვუარები.

ექსპერტები მსგავს არაპროგნოზირებად მოვლენებს მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ და შესაბამისად, ინვესტორებიც ითვალისწინებენ ამ გარემოებას. შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ ფოთის პორტის მფლობელი აპირებს აქციების გასხვისებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალია აცხადებს, რომ თუ მფლობელი აქციების გაყიდვას გადაწყვეტს, ეს ქვეყნისთვის პრობლემას არ შექმნის.

"RAK INVESTMENT AUTHORITY" ფოთის პორტის მფლობელია და მას საკუთარი აქციების გასხვისების სრული უფლება აქვს", - განაცხადა ქობალიამ. მისივე თქმით, "თუ არაბული კომპანია პორტის აქციებს გაყიდის, არანაირი პრობლემა არ იქნება იმაში, რომ პორტი ახალ მფლობელს იშოვის".

ფოთის პორტის გასხვისების შესახებ ინფორმაცია არაბულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ხატერ მასაადმა გამოცემა "ზავიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "2011 წელს მთავარი მიზანი ფოთის პორტის გაყიდვაა და  "რაკია" მომავალ წელს საფონდო ბირჟაზე პორტის აქციებს გაიტანს".

არაბული კომპანია "RAK INVESTMENT AUTHORITY" ფოთის პორტის აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი 2008 წლის 2 დეკემბერს გახდა. შესაბამისი ხელშეკრულება ეკონომიკური განვითარების მაშინდელ მინისტრს ეკატერინე შარაშიძესა და კომპანია "RAK INVESTMENT AUTHORITY"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ხატერ მასაადს შორის გაფორმდა.

გარდა იმისა, რომ შემცირებულია საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ასევე საბიუჯეტო შემოსავლებშიც პრობლემას ხედავს.

"ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ რაც ხდება, მაგალითად, ბაზრობებზე შესვლა და მოვაჭრეების დაპატიმრება, მაღაზიების დალუქვა – როგორც ჩანს, ადასტურებს იმას, რომ რაღაც პრობლემებია ბიუჯეტში. ეს არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ დაჭერილებმა გადაიხადონ, არამედ ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა სხვებისთვისაც, რომ სხვებმა დაჭერამდეც გადაიხადონ".

ინვესტიციების შემცირების პარალელურად გამოიკვეთა საქართველოში დაწყებული პროექტების შეჩერებაც. რამდენიმე ფართოდ გახმაურებული პროექტი, რომლის დასრულებასაც 2010 წლისთვის ვარაუდობდნენ, წლის ბოლომდე ნამდვილად არ მოესწრება. ჟურნალმა "ლიბერალმა" დაუსრულებელი პროექტების შესახებ სტატია მოამზადა. დასახელებულ დაუმთავრებელ პროექტებში ძირითადად სასტუმროებია თავმოყრილი. "კემპინსკი", "ჰაიატი", "ინტერკონტინენტალი", "თბილისი პლაზა" - ვიზიტორთა მისაღებად მზად 2010 წელს უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, ჟურნალის მოძიებული ინფორმაციით, ამ ობიექტების მშენებლობა ფაქტობრივად არც კი დაწყებულა.

სასტუმროების უმეტესობა მშენებლობის შეფერხების მიზეზად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. დედაქალაქში უცხოური ბრენდების შემოსვლა 2005 წლიდან დაიწყო და 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე (რასაც რუსეთ-საქართველოს ომიც დაერთო) გრძელდებოდა. პოსტკრიზისულ ვითარებაში კი იშვიათი გამონაკლისები თუ ახერხებენ ადრე დაწყებული პროექტების კვლავ გაგრძელებას. ზოგადად, მშენებლობის ბიზნესში ფულის ჩადება დედაქალაქში შედარებით მაღალ რისკს შეიცავს. რამდენიმე ობიექტი, რომელიც ინვესტორმა შეიძინა, თავის ნებაზე ვეღარ ააშენა, რადგან მერიის სამსახურებთან ექმნებოდათ პრობლემა (კონკრეტული შენობის აშენების ნებართვას არ აძლევდნენ). შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინვესტორები სასტუმროების ბიზნესის ნაცვლად შედარებით დაბალრისკიან სფეროს ირჩევენ.

ბოლო დროს ასევე აქტუალური გახდა საქართველოს მთავრობის მიერ ევრობონდების გამოშვების საკითხის განხილვა. 2008 წელს საქართველოს მთავრობამ უკვე გამოუშვა 500 მილიონი ღირებულების ევროობლიგაციები, თუმცა მიუხედავად სხვადასხვა პროექტის დასახელებისა, თუ რას მოხმარდებოდა აღებული სესხი, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, რაში დაიხარჯა ფული. მაშინ აღებული სესხი 7,5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით მიიღო მთავრობამ და ვალის საბოლოოდ გასტუმრების ვადად 2013 წელია განსაზღვრული.

საქართველოს მთავრობა აპირებს 2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდები კიდევ ერთხელ განათავსოს. ამ ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჩინეთში ყოფნისას განაცხადა. თუმცა, ეს განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ განცხადების დონეზე რჩება და რეალურად რას მოხმარდება ახალი სესხი – ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ. შესაბამისად, სიტუაციის ზუსტი შეფასებისგან ექსპერტები თავს იკავებენ, მაგრამ ზოგადი შეფასებებით, მთავრობის გადაწყვეტილებას მთლად სახარბიელოს არ უწოდებენ.

"საგარეო ვალის გადახდის კრიტიკული მომენტი 2013 წელს დგება და როგორც ჩანს, ფულის მოძიებაა საჭირო. 2013 წელს დაახლოებით 800 მილიონი დოლარი გვაქვს გადასახდელი. როგორც ჩანს, 2013 წელს კიდევ გამოვუშვებთ ევროობლიგაციებს. დავფარავთ ძველს, ავიღებთ ახალს და ასე ჩაკეტილ სივრცეში ვიმოძრავებთ, რაც ძალიან ცუდია", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.

"კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია ასევე მიანიშნებს, რომ უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთავრობის მიერ ნავარაუდებ მონაცემებს.

"ხელისუფლების წარმადგენელთა სხვადასხვა განმარტებებით, 2010 წელს ნავარაუდებია 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა. "საქსტატის" მონაცემებით, 2010 წლის I-II კარტალში შემოსულია 272,6 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციები, რაც 2004-2005 წლის შესაბამისი პერიოდების მაჩვენებლების ადექვატურია. ასევე ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება კრიზისული 2009 წლის მაჩვენებელს. როგორც ვხედავთ, ზოგადი საინვესტიციო მაჩვენებლები დაბალია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნავარაუდებ მოცულობას", - აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებში არსებულ მდგომარეობას, დავით ნარმანია ამბობს, რომ აქაც აშკარაა პრობლემები.

"რომ არა ძალიან გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირება, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება მნიშვნელოვნად გაჭირდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეალურ ეკონომიკურ ზრდას, ხელისუფლებამ ბიუჯეტის შესავსებად დამატებითი მექანიზმები აამოქმედა: გამკაცრებული ადმინისტრირება (გაზრდილი ჯარიმები, დაპატიმრებები და ა.შ.), სახაზინო ვალდებულებების გამოშვება (შიდა ვალის აღება) და ევროობლიგაციების გამოშვება (საგარეო ვალის აღება). ამდენად, ახალი ევროობლიგაციების გამოშვება და ამ გზით საგარეო ვალის ზრდა სხვა არაფერია, თუ არა ბიუჯეტის დეფიციტის შევსება".

ბოლო პერიოდში ასევე აქტუალურია 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს "საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციების გაყიდვა. დავით ნარმანია ამ ოპერაციას რკინიგზაში ინვესტიციების მოზიდვის მოტივით ხსნის. შემოსულმა ფულმა კი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უნდა შეუწყოს ხელი.

"საქართველოს რკინიგზა 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობითაა, თუმცა ბიუჯეტს არ გააჩნია რკინიგზაში მნიშვნელოვანი ინვესტირების საშუალება. ამასთან, ვერც რკინიგზა უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლებით/მოგებით მნიშვნელოვანი სახსრების დახარჯვას ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ამდენად, რკინიგზის ობლიგაციების გაყიდვა დამატებითი ინვესტირებისთვის საჭირო აუცილებლობაა", - ამბობს დავით ნარმანია.

მოხერხდება თუ არა "საქართველოს რკინიგზით" ან სხვა ობიექტებით უცხოელი ინვესტორების დაინტერესება - რთული საპროგნოზოა. თუმცა, ფაქტია, დაგეგმილი ინვესტიციები წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლით განგაშის თუ არა, შეშფოთების საფუძველს ნადვილად იძლევა. მთლად საუკეთესო მდგომარეობა რომ არც საბიუჯეტო შემოსავლებშია, ამას ექსპერტები ადასტურებენ. თუ მთავრობამ უახლოეს მომავალში კიდევ ახალი საგარეო სესხიც აიღო - ეს კიდევ უფრო გაზრდის საგარეო ვალს... თუ რამდენად ეფექტიანად დაიხარჯება ახალი სესხი, ან როგორ მოახერხებს ხელისუფლება 2013 წელს საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ნაწილის გასტუმრებას - მომავალი გვიჩვენებს.

თემურ იობაშვილი