ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
რატომ ნულდება საბაჟო ბარათებზე არსებული ზედმეტობები?
#11(131), 2010
მორიგი თემა, რომელსაც ჩვენს ვებგვერდზე შევეხებით, გახლავთ შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოთა მიერ გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საბაჟო გადასახდელებში წარმოშობილი ზედმეტობების შესწავლა და "ერთი ხელის მოსმით" მათი ნულოვან ნიშნულზე დაყვანა. მსგავსი პროცესები წლეულს გაზაფხულზე დაიწყო და დღემდე გრძელდება. აი, ერთი ასეთი წერილი, რომელიც შემოსავლების სამსახურმა ერთ-ერთ გადასახადის გადამხდელს 2010 წლის ივლისში გაუგზავნა:

..................................................................................................

"შპს XXX-ს


გაცნობებთ, რომ თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ განხორციელდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის #158 ბრძანების თანახმად თქვენს პირად აღრიცხვის (საბაჟო) ბარათზე წარმოშობილი ზედმეტობის შესწავლა. შესწავლის შედეგად თბილისის რეგიონულმა ცენტრმა იმოქმედა აღნიშნული ბრძანების შესაბამისად და მოახდინა ბარათის კორექტირება, რის შედეგადაც წარმოდგენილი ბარათი დასმულ იქნა ნულოვან ნიშნულზე.

გისურვებთ წარმატებას.

მომსახურების სამმართველოს საბაჟო ინფორ-მაციის დამუშავების განყოფილების უფროსი".

..................................................................................................

დასაწყისში, როგორც წესი, საკითხი ეხებოდა მცირე ოდენობით ზედმეტობებს საბაჟო გადასახდელებში (რამდენიმე ათეული ლარიდან 200 ლარამდე). ამიტომ გადამხდელებს, თუმცა ასეთი წერილის მიღება უკვირდათ, მაგრამ გასაჩივრების პროცედურების დაწყებისაგან მაინც თავს იკავებდნენ.

ზემოაღნიშნული წერილი, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულში შემოსავლების სამსახურმა მრავლად დააგზავნა, ყურადღებას რამდენიმე ფაქტორის გამო იპყრობს:

1) ჯერ ერთი, მასში არაფერია თქმული იმაზე, თუ რატომ უნულებენ საბაჟო გადასახდელებში არსებულ ზედმეტობებს გადასახადის გადამხდელებს. მართალია, მიზეზად ფინანსთა მინისტრის კონკრეტული ბრძანებაა დასახელებული, მაგრამ ეს ბრძანება არ არის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული და არ გამოქვეყნებულა არც ბეჭდვით ორგანოში, არც ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mof.ge);

2) მეორე, მასში სიტყვაც არ არის თქმული იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს გადასახადის გადამხდელმა, თუ ამ განულებას არ დაეთანხმება;

3) და მესამეც, იმის ფონზე, რომ გადასახადის გადამხდელს ზედმეტობას უნულებენ ანუ ფაქტობრივად ფულს ართმევენ, ბოლო ფრაზა "გისურვებთ წარმატებას" სასაცილოდ ჟღერს. ეს დაახლოებით იმას გავს, გლეხს გამოცარიელებულ საქათმეში ასეთი წერილი რომ დახვდეს:

..................................................................................................

"მშრომელ გლეხს

გაცნობებთ, რომ მეზობელი ტყის მელიებმა შევისწავლეთ ქათმების ოდენობა თქვენს პირად საქათმეში. შესწავლის შედეგად ვიმოქმედეთ ბუნების კანონის შესაბამისად და მოვახდინეთ ქათმების განულება.

გისურვებთ ნაყოფიერ შრომას".

..................................................................................................

არადა, იმ გადასახადის გადამხდელებს, ვინც ჟურნალის რედაქციას ამ საკითხში გასარკვევად მიმართა, ყველას თუ არა, მნიშვნელოვან ნაწილს მაინც ისე ჰქონდათ საბუღალტრო მეურნეობა მოწყობილი, რომ სრული ოდენობით ხელთ გააჩნდა აღნიშნულ ზედმეტობათა დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათი წარდგენის მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მათთვის რომ მიემართა, ეს ე.წ. "განულების" საჭიროებაც აღარ იქნებოდა.

გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილ ზემოთაღნიშნულ წერილში მითითებული დოკუმენტი, რის საფუძველზეც განხორციელდა საბაჟო გადასახდელებში ზედმეტობების ჩამოწერა, კერძოდ კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის #158 ბრძანება, ჩვენი ჟურნალის რედაქციამ საკუთარი ძალებით ვერ მოიძია და დახმარებისათვის შემოსავლების სამსახურის კონსულტანტებს მიმართა. მათი განმარტებით დადგინდა, რომ საქმე ეხება "გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების სრულყოფის ღონისძიების შესახებ" ბრძანებას, რომელიც ინდივიდუალური მოხმარების დოკუმენტს წარმოადგენს და ამიტომაც ვერ მოხვდა ვერც ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ვერც ელექტრონულ საკანონმდებლო ბაზებში. აი, ამ ბრძანების სრული ტექსტი:
_______________________________________

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #158

2010 წლის 5 მარტი              ქ. თბილისი

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ

გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე საბაჟო ვალდებულებებისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ სრულყოფილი მონაცემების ასახვის მიზნით და "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (დავით ცეკვავა) 2007 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის საბაჟო ვალდებულებების (კერძოდ: საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის (ASYCUDA), სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების აღრიცხვის სისტემის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო საინფორმაციო სისტემის მონაცემების ფარგლებში) ვალდებული პირის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე (შემდგომში - გპაბ-ი) გადატანა განხორციელებული ოპერაციების თარიღების მიხედვით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა ცენტრებმა (საგადასახადო ინსპექციებმა) უზრუნველყონ:

ა) საბაჟო ვალდებულებისა და განხორციელებული ოპერაციების მიხედვით 2007 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის მათ ხელთ არსებული დამატებითი მონაცემების ვალდებული პირის გპაბ-ზე ასახვა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის #228 ბრძანებით დამტკიცებული "გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციით დადგენილი წესით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის ცალმხრივად გაფორმება, რის შესახებაც ვალდებულ პირს აცნობონ წერილობით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ ცალმხრივად გაფორმებულ შედარების აქტში ზედმეტობის დაფიქსირების შემთხვევაში, ვალდებული პირის გპაბ-ზე ამ შედარების აქტის გაფორმების თარიღით შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განხორციელდეს საბაჟო გადასახდელების თანხების სავარაუდო დარიცხვა, რის შესახებაც ვალდებულ პირს ეცნობოს წერილობით. ვალდებული პირის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში ფორმდება ორმხრივი შედარების აქტი, რის საფუძველზეც განხორციელდება საბაჟო გადასახდელების შესწორებითი დარიცხვა და შესაბამისად გაუქმდება სავარაუდო დარიცხვა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ ცალმხრივად გაფორმებულ შედარების აქტში ნარჩენი დავალიანების დაფიქსირების შემთხვევაში, ვალდებული პირს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება (საბაჟო გადაწყვეტილება) ვალდებული პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის და ორმხრივი შედარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, ვალდებული პირის გპაბ-ზე განხორციელდება საბაჟო გადასახდელების თანხების შესწორებითი დარიცხვა.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს (გიორგი ცხაკაია).

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 6 მარტიდან.

ფინანსთა მინისტრი  კახა ბაინდურაშვილი
_______________________________________

როგორც ამ ბრძანებიდან ჩანს, ის შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრებს (საგადასახადო ინსპექციებს) ავალდებულებს უზრუნველყონ:

ა) საბაჟო ვალდებულებებისა და განხორციელებული ოპერაციების მიხედვით 2007 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის დამატებითი მონაცემების ასახვა გადასახადის გადამხდელთა გპაბ-ზე 2010 წლის 6 აპრილამდე ვადაში;

ბ) "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის ცალმხრივად გაფორმება, რის შესახებაც ვალდებულ პირს უნდა ეცნობოს წერილობით;

გ) ცალმხრივად გაფორმებულ შედარების აქტში ზედმეტობების (საბაჟო გადასახდელებში) გამოვლენის შემთხვევაში მოახდინონ მათი განულება სავარაუდო დარიცხვების განხორციელების გზით.

#158 ბრძანების შესაბამისი პუნქტების გაცნობის შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა კითხვები, რომლებზე კომპენტენტური პასუხების მიღება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი განყოფილების თანამშრომელთა მხრიდან გახდა საჭირო:

1. რაში მდგომარეობს საბაჟო ბარათების ე.წ. "განულების" მოტივაცია, თუ ვალდებული პირის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ორმხრივი შედარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხორციელდება საბაჟო გადასახდელების შესწორებითი დარიცხვა და უქმდება სავარაუდო დარიცხვა?

2. ფასიანია თუ არა ორმხრივი შედარების აქტის გაფორმება? თუ კი, რა ღირს?

3. თუ ფასიანია, რამდენადაა სამართლიანობა დაცული, რადგან გადამხდელებს მათი გაფორმება უწევთ საგადასახადო ორგანოების მხრიდან ცალმხრივი სავარაუდო დარიცხვის საფუძველზე საბაჟო ბარათების "განულების" გამო?

4. #158 ბრძანების ამოქმედების შემდეგ რა თანხის ზედმეტობებია დარიცხული შესაბამისი საბაჟო სამსახურების მიერ?

5. რა სიტუაციაა 2007 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საბაჟო ვალდებულებებთან მიმართებაში - როგორ დაისვა ნაშთები? ყველასი ნულები აიღეს?

6. გრძელდება აღნიშნული პროცესი, თუ შეჩერებულია?

ვაქვეყნებთ პასუხს, რომელიც "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" რედაქციამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან საკმაოდ ოპერატიულად მიიღო:

"როგორც მოგეხსენებათ, საბაჟო კუთხით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება დაიწყო 2008 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის #228 ბრძანებაში ცვლილების განხორციელების შემდეგ. თუმცა ზემოაღნიშნული ცვლილებით ბარათზე ჩანაწერების გატარება დაიწყო 2008 წლის 1 ნოემბრის შემდეგ განხორციელებული საბაჟო ოპერაციების შესახებ, რაც გაგრძელდა მიმდინარე წლის მარტამდე. ამის შემდგომ კვლავ განხორციელდა ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის "გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2005 წლის 7 აპრილის #228 ბრძანებაში და საბაჟო კუთხით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება დაიწყო 2007 წლის 1 იანვრიდან.

ვინაიდან, ბარათების შემოღებამდე პირის მიერ განხორციელებული საბაჟო ოპერაციების შესახებ მონაცემები არ იყო სისტემატიზირებული, მათი ერთად თავმოყრა არ ხორციელდებოდა და აისახებოდა სხვადასხვა პროგრამებში, ამიტომ ბარათზე ასახული მონაცემები არ იყო სრულყოფილი და შეიცავდა ბევრ უზუსტობებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის #158 ბრძანების ("გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ") შესაბამისად განხორციელდა საბაჟო კუთხით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების კორექტირება. კერძოდ, საბაჟო ბარათზე არსებული ზედმეტობები მიჩნეულ იქნა არარეალურად და ბარათზე არსებული მონაცემები დასმული იქნა ნულოვან ნიშნულზე. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა კეთილსინდისიერი გადამხდელების ინტერესები და მათ მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენისას ხორციელდება დარიცხვის კორექტირება და ბარათზე არსებული ზედმეტობის აღდგენა დადგენილი წესით.

ასევე გაცნობებთ, რომ საბაჟო კუთხით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებისათვის საფასური არ არის დაწესებული და გადამხდელის მიერ სრულყოფილი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, ორმხრივი შედარების აქტის გაფორმება ხორციელდება შეუფერხებლად, მაქსიმალურად მცირე დროში".

ეს კი კარგია, რომ ამ მიზეზების გამო შედარების აქტის გაფორმება უფასოა, მაგრამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის #158 ბრძანება და მისი შესაბამისად აღსრულება შემოსავლების სამსახურის მხრიდან კრიტიკას ნამდვილად იმსახურებენ. მით უფრო, რომ ბოლო თვეებში უკვე მსხვილ გადასახადის გადამხდელებს მიადგნენ და ზედმეტობის განულებას ვერ ჩივის, ზოგს ათი ათასობით ლარის დავალიანებების დაფარვა მოსთხოვეს. აი, ასეთი შეტყობინების მაგალითი, რომელიც შემოსავლების სამსახურმა ნოემბერში გაუგზავნა ერთ-ერთ გადამხდელს:

..................................................................................................

"შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს საბაჟო კუთხით მონაცემთა სრულყოფა და დღევანდელი ნაშთები (XX.11.2010 წ. მდგომარეობით) შეიძლება არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

გთხოვთ, გამოცხადდეთ შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში, საგადასახადო რეგისტრაციის მიხედვით, საბაჟო კუთხით შედარების აქტის გასაფორმებლად.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით დღეის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს, დავალიანების გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ მითითებულ სახაზინო კოდებზე.

20 დღის ვადაში გამოუცხადებლობისა ან გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანება ჩაითვლება აღიარებულად და შესაბამისად თქვენს მიმართ გატარდება კანონმდებლობით დადგენილი (სსკ XI თავი) ღონისძიებები.

ბოდიშს გიხდით შეწუხებისათვის.

მადლობა თანამშრომლობისათვის".

..................................................................................................

ამ და სხვა ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩენილ გადასახადის გადამხდელთა ბუღალტრები ახლა სასწრაფო რეჟიმში 2004 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული საბაჟოზე მომხდარი ოპერაციების სათითაოდ გაშიფვრით არიან დაკავებული, რადგან თუ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყოფილ ვადაში ეს ინფორმაცია არ წარადგინეს, მათ ამ ვითომდა "ნარჩენი დავალიანების" ჩამოჭრა ემუქრებათ.

ბუნებრივად ჩნდება შემდეგი კითხვები:

ჯერ ერთი, თუ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრის შემდგომი ინფორმაციაა ასახული, ცხადია, ყველა იმ გადამხდელისათვის, ვისაც საბაჟოზე ოპერაციები ჰქონდა 2004-2006 წლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყვანილი საბოლოო ნაშთი არასწორი იქნება იმ ნაშთის უცოდინრობის გამო, რაც მათ წესით 01.01.2007 წ. მდგომარეობით უნდა ჰქონოდათ. ჩვენთვის ცნობილია ერთი შემთხვევა, როდესაც საწარმომ 2006 წლის ბოლოს დიდი თანხა გადაიხადა საბაჟოზე, რადგან წლის ბოლომდე ვარაუდობდა დიდი ოდენობით იმპორტის განხორციელებას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ტვირთი 2007 წლის პირველ სამუშაო დღეებში განბაჟდა. ამ საწარმოს შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა რეალური და საკმაოდ დიდი ზედმეტობის (2006 წლის ბოლოს გადახდებიდან წარმოშობილის) ნაცვლად 2007 წლის 1 იანვრის ნაშთად ნული აიღო და ცხადია, 2007 წლის იანვარშივე, მათი მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს დიდი ოდენობით საბაჟო "დავალიანება" დაუფიქსირდა;

მეორე, ვინ უშლის ხელს შემოსავლების სამსახურს, 2004-2006 წლების ინფორმაციაც სრულად დაამუშავონ კომპიუტერში? მათ საბაჟო დეკლარაციებზეც მიუწვდებათ ხელი და საბაჟოზე განხორციელებულ გადახდებშიც. შესაბამისად, მათ უნდა ხელეწიფებოდეთ ზუსტი ნაშთების დადგენა, და თუ საგადასახადო ორგანოებს რაღაც ტექნიკური პრობლემები აქვთ, ეს რა, გადასახადის გადამხდელთა ბრალია? რატომ უნდა ამტკიცონ მათ, რომ ვალი არა აქვთ საბაჟოს წინაშე, ან ის, რომ არსებული ზედმეტობები რეალურია?

და მესამე, რაც მთავარია, რაა გასაკვირი იმაში, რომ გადასახადის გადამხდელებს საბაჟო გადასახდელებში ზედმეტობა ჰქონდეთ და რატომ უნდა ხდებოდეს საბაჟო გადასახდელებში გამოვლენილი ზედმეტობების თუნდაც სავარაუდო განულება? გარდა ზოგიერთი იშვიათი შემთხვევისა, 2004-2007 წლებში საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე ტვირთის განბაჟება არ ხდებოდა და ცხადია, გადახდა მუდამ წინ უსწრებდა განბაჟებას. ეს გადახდები კი ყოველთვის მეტობით ხდებოდა, რადგან გადასახადის გადამხდელები თავს იზღვევდნენ სავალუტო კურსის ცვლილების შედეგებისაგან და თანხებს "რეზერვით" იხდიდნენ. ამიტომ საკვირველება ის კი არ არის, რომ გადასახადის გადამხდელებს წლების განმავლობაში ზედმეტობები დაუგროვდათ, არამედ ის იქნებოდა საკვირველი, მათ რომ გადაუხდელი საბაჟო ვალდებულებები ჰქონოდათ.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წ. 5 მარტის #158 ბრძანება ცუდად არის მომზადებული. ასეთი ბრძანებები არც პირადად კახა ბაინდურაშვილს ჩაეწერება "აქტივში" და არც მთლიანად საქართველოს მთავრობას, რომლის რეფორმატორული წარმატებების ფონზე ეს ბრძანება ისე მოჩანს, როგორც შავი ლაქა თეთრ პერანგზე.

ფრიდონ კერვალიშვილი
გიორგი გვაზავა