ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
"პროკრედიტ ბანკმა" "გამჭვირვალობის კამპანია" დაიწყო
#11(131), 2010
პროკრედიტ ბანკმა ხუთშაბათს, 9 დეკემბერს სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" გამართულ პრესკონფერენციაზე მასმედიას თავისი კლიენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის გამჭვირვალობის კამპანიის დაწყების შესახებ ამცნო. კამპანია საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფინანსო საკითხებში საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. კამპანიის ძირითადი გზავნილია: ყველა საბანკო მომსახურება და პროდუქტი ნათელი, გამჭვირვალე და კლიენტებისათვის ადვილად გასაგები უნდა იყოს, რათა მათ ამ ინფორმაციის საფუძველზე გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ.

პროკრედიტ ბანკს მიაჩნია, რომ გასულ წლებში საბანკო სექტორის სწრაფი განვითარება ფართო საზოგადოების ფინანსური განათლების პარალელურად არ მომხდარა, რადგანაც ამა თუ იმ მომსახურების რეკლამირებას უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურების შესახებ ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. ამიტომ, პროკრედიტ ბანკს, როგორც განვითარებაზე ორიენტირებულ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო დაწესებულებას, მიაჩნია, რომ მისი ვალია, ფართო საზოგადოების ფინანსურ განათლებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

კამპანიის ფარგლებში პროკრედიტ ბანკმა მოამზადა საინფორმაციო ხასიათის ბროშურა "რა უნდა ვიცოდეთ საბანკო მომსახურების შესახებ". ბროშურა მარტივი ენითაა შედგენილი და მოიცავს კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციას ისეთი ძირითადი საბანკო მომსახურების შესახებ, როგორიცაა ანაბრები და სესხები. გარდა ამისა, ბროშურაში საგანგებო ყურადღებაა გამახვილებული საბანკო ხელშეკრულებების მნიშვნელოვან ასპექტებზე და მისი ერთ-ერთი თავი მთლიანად კრედიტ-ინფოს ეთმობა. ბროშურა ძირითადად ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მასში მოცემული ინფორმაცია ბიზნესებისთვისაც იქნება სასარგებლო. მისი დანიშნულებაა, ბანკებთან ურთიერთობაში მეგზურობა გაუწიოს კლიენტებს და დაეხმაროს მათ ბანკის მომსახურებით სარგებლობისას სწორი კითხვების დასმაში და შესაბამისად, მათთვის საჭირო პროდუქტებისა და მომსახურების შერჩევაში.

კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას. ბროშურა ფართო საზოგადოებას როგორც ბანკის ფილიალების ფართო ქსელის, ასევე ქართული ბეჭდური მედიის საშუალებით მიეწოდება. გამჭვირვალობის კამპანია ორ თვეს გაგრძელდება და საქართველოს უნივერსიტეტებში ლექციების ჩატარებასა და პროკრედიტ ბანკის ფილიალებში კლიენტებისათვის საინფორმაციო საღამოების მოწყობასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოსა და კამპანიის, და ცხადია, ყოველგვარი საბანკო მომსახურებისა და პროდუქტის შესახებ კითხვებით კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ თანამშრომელს, რომლებიც მათ სიამოვნებით გასცემენ ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხს.

მაია მერედოვა - "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორი:

"სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო საქმიანობა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება პროკრედიტ ბანკის მთავარი ორიენტირია, ამიტომ საბანკო მომსახურების გამჭვირვალედ და კლიენტებისათვის გასაგებად გაწევის მნიშვნელობა კარგად გვესმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბანკებისა და საბანკო მომსახურების შესახებ საზოგადოებას ზოგადი წარმოდგენა აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგან ინფორმირებული მოსახლეობა უფრო მეტი ყურადღებით აირჩევს ბანკსა და საბანკო მომსახურებას, რომელიც მას რეალურად სჭირდება, ეს კი ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორის არსებობის აუცილებელი წინაპირობაა".