ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
პირადი ბიზნეს-მრჩეველი - მედიატორი ბანკსა და კლიენტს შორის
#11(131), 2010
რაც შეიძლება მეტი კლიენტი რომ მიიზიდოს, თითოეული კომერციული ბანკი ახალ-ახალი მომსახურებისა და საბანკო პროდუქტთა ფართო სპექტრის დანერგვას ცდილობს. რა თქმა უნდა, იგივე მიზანს ემსახურება პირადი ბიზნეს-მრჩეველის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც ქართულ საბანკო სექტორში ბოლო ხანებში ერთობ პოპულარული გახდა. ადრეც არაერთხელ აღგვინიშნავს და ახლაც შევნიშნავთ, რომ არც თუ იშვიათად, ერთიდაიგივე ტერმინს ყველა ბანკი ერთნაირი მნიშვნელობით არ იყენებს. ანალოგიური მდგომარეობა აღმოჩნდა "პირად ბიზნეს-მრჩეველთან" დაკავშირებითაც. ვნახოთ, ამ ცნებაში რა შინაარსს დებენ, მაგალითად, "თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი" და "პროკრედიტ ბანკი".

ბიზნეს-მრჩეველი და პერსონალური ბანკირი "თიბისი ბანკში"

ბიზნეს-მრჩეველის ინსტიტუტი "თიბისი ბანკში" ჯერ კიდევ 2005 წელს დაინერგა, როდესაც საქართველოში პირველად ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა ვიპ-მომსახურების სერვისი, რომელიც გულისხმობს ექსკლუზიურ მომსახურებას და განკუთვნილია მსხვილი შემოსავლების მქონე ფიზიკური პირებისთვის. "თიბისი ბანკის" ყველა ფილიალში ვიპ-კლიენტებისთვის საგანგებოდ არის მოწყობილი ოთახი, სადაც პროფესიონალი ექსპერტების დახმარებით, მათ შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და სრული საბანკო სერვისი. რაც მთავარია, ასეთი კომფორტული გარემო ხელს უწყობს კონფიდენციალურობის მაღალ დონეს და მომსახურების სისწრაფეს.

გარდა ამისა, "თიბისი ბანკი" თავის ლოიალურ და მნიშვნელოვან კლიენტებს სთავაზობს პერსონალური ბანკირის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ ყველა სახის საბანკო და სადაზღვევო მომსახურებას - მარტივი საბანკო ოპერაციიდან კომპლექსურ ფინანსურ მომსახურებამდე. ამასთან, პერსონალური საბანკო მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური პროდუქტების ვრცელი მენიუთი. იგი მოიცავს თითოეულ კლიენტთან გამორჩეული, გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ზუსტად არის მორგებული და ორიენტირებული კლიენტის მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილზე.
პერსონალური მომსახურება, რომელსაც გაგიწევთ თქვენი პერსონალური ბანკირი, დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი კონკრეტული ფინანსური მიზნები და მათი მიღწევის გზები. პერსონალური ბანკირი არის თქვენი საკონტაქტო პირი ბანკში. იგი დაიცავს თქვენს ფინანსურ ინტერესებს, ინდივიდუალურად შეისწავლის კონკრეტულ საკითხებს და გაგიწევთ განსაკუთრებულად კომფორტულ მომსახურებას. მომსახურების უპირატესობებია ინდივიდუალური მიდგომა, განსაკუთრებული ურთიერთობა, მომსახურების ხარისხი, კონფიდენციალურობა, მომსახურების სწრაფი და კომფორტული პროცესი, ბონუსები და ბანკის პარტნიორი ორგანიზაციების სპეციალური შემოთავაზებები.

კორპორატიული ბანკირი და SOLO "საქართველოს ბანკში"

არაერთი წელია, რაც "საქართველოს ბანკი" კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს უშუალოდ მათზე მიმაგრებული ბანკირის მომსახურებას, რომელიც კლიენტის საკონტაქტო პირია ბანკში და ეხმარება როგორც მიმდინარე საბანკო ოპერაციების განხორციელებაში, ისე რჩევებით. სადღეისოდ 9300 ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება გამოყოფილი ბანკირი.

"საქართველოს ბანკი" კლიენტებს ასევე სთავაზობს SOLO-ს. ეს არის საბანკო მომსახურების სრული სპექტრი, რომელსაც ერთვის ექსკლუზიური სერვისები და პრივილეგირებული მომსახურება. SOLO შეიქმნა მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დრო, პრიორიტეტი მომსახურებისას და მაქსიმალური კომფორტი. SOLO არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან. პერსონალური ბანკირი ეცნობა კლიენტის კონკრეტულ მოთხოვნილებებს, ურჩევს მის ფინანსურ მიზნებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და ემსახურება მისთვის მოსახერხებელ დროს. SOLO არის მაქსიმალურად კონფიდენციალური გარემო. კლიენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მომსახურება საგანგებოდ SOLO-ს მომხმარებლისთვის შექმნილ ადგილებში და სხვა მომსახურების არხებით. "საქართველოს ბანკის" იმ სერვის-ცენტრებში, სადაც არ არის SOLO-ს მომსახურების ადგილი, მომსახურებას უწევს უშუალოდ სერვის-ცენტრის მენეჯერი. გათვალისწინებულია ყველა ის წვრილმანი, რომელიც ამარტივებს კლიენტის ურთიერთობას ბანკთან. შედეგად, კლიენტი იღებს გაცილებით უფრო მეტ მომსახურებას, უფრო მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯებით.

SOLO არის განსაკუთრებული კომფორტი. სასიამოვნო და მშვიდი გარემოს შესაქმნელად, საგანგებოდ არის მოწყობილი მომსახურების ადგილები, სადაც კლიენტს ხვდება პერსონალური ბანკირი, რომელიც კლიენტისთვის ერთადერთი საკონტაქტო პირია, რაც ბევრად უმარტივებს ურთიერთობას ბანკთან.

პირადი ბიზნეს-მრჩეველი "პროკრედიტ ბანკში"

ისევე, როგორც ნებისმიერი ბანკისთვის, ცხადია, "პროკრედიტ ბანკისთვისაც" ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიენტები კმაყოფილი ჰყავდეს და მათ ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს. სექტემბრის ბოლოდან აქ პირადი ბიზნეს მრჩეველის მომსახურება დაინერგა. "პროკრედიტ ბანკის" მცირე სესხების კოორდინატორ თამარ განუგრავას თქმით, ეს ახალი შეთავაზება ბანკს ეხმარება კლიენტებისთვის ხარისხიანი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზებაში. კერძოდ, რა არის ბიზნეს-მრჩეველი? ესაა პიროვნება, რომელიც ბიზნეს კლიენტისთვის წარმოადგენს კონსულტანტს, პირად მრჩეველს ("პროკრედიტ ბანკისთვის" ბიზნეს-კლიენტი არის კლიენტი, რომელსაც შემოსავალი აქვს ბიზნეს-საქმიანობიდან). თითოეულ კლიენტს, რომელიც საჭიროებს ბანკის მხრიდან კომპლექსურ მომსახურებას,  ბანკი სთავაზობს ბიზნეს-მრჩეველის მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს მისთვის პირველ საკონტაქტო პირს ბანკში. ბიზნეს-მრჩეველი მას საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის და შესაბამის კონსულტაციას უწევს.

პირადი ბიზნეს მრჩეველი შეისწავლის და აანალიზებს ბიზნესს და მის საჭიროებებს და ამ საჭიროებებზე დაყრდნობით სთავაზობს ბიზნესს შესაფერის საბანკო პროდუქტებს, როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო კუთხით. აღსანიშნავია ის, რომ ბიზნეს მრჩევლის კონსულტაცია ორიენტირებულია არა იმაზე, რომ კლიენტს მიყიდოს ყველა პროდუქტი, რომელიც ბანკში არსებობს და ამით ბანკის გაყიდვები გაზარდოს, არამედ იმაზე, რომ ზუსტად დაადგინოს კლიენტის საჭიროება (სურვილი) და ზუსტად ის პროდუქტი შესთავაზოს, რომელიც მის ბიზნესს სჭირდება. "პროკრედიტ ბანკში" ბიზნეს-მრჩეველის მომსახურება უფასოა.

თუ კლიენტს ბიზნეს-მრჩეველი არ ემსახურება, ეს არ ნიშნავს, რომ იგი "პროკრედიტ ბანკში" კონსულტაციას არ მიიღებს. ცხადია, ფიზიკურ პირსაც, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქესაც, ვისაც რჩევა სჭირდება (მაგალითად, აქვს გარკვეული დანაზოგი და არ იცის, რომელ ანაბარზე განათავსოს), შეუძლია კონსულტაცია მიიღოს ბანკის შესაბამის განყოფილებაში. აღნიშნული მომსახურებაც "პროკრედიტ ბანკში" უფასოა.

თამარ განუგრავას განმარტებით, "პროკრედიტ ბანკი" თავად არის კლიენტისთვის პირადი ბიზნეს-მრჩევლის მომსახურების შეთავაზების ინიციატორი იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი აკმაყოფილებს ბანკის მიერ დაწესებულ გარკვეულ კრიტერიუმებს. ბანკის წარმომადგენელი გაესაუბრება ნებისმიერ კლიენტს, რომელიც ბანკში მოდის, შეისწავლის მის ბიზნესს და თუ ბიზნესი ბანკის მხრიდან კომპლექსურ მომსახურებას საჭიროებს, მას პირადი ბიზნეს-მრჩევლის მომსახურებას შესთავაზებს.

პირადი ბიზნეს-მრჩეველი კლიენტს სხვა მომსახურებასაც სთავაზობს. კერძოდ ის ზოგავს კლიენტის დროს და ენერგიას, რადგანაც ეხმარება კლიენტს სხვადასხვა ტიპის საბანკო მომსახურების მარტივად მიღებაში. წინათ კლიენტს სხვადასხვა საბანკო მომსახურების მისაღებად უხდებოდა მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება, სხვადასხვა განყოფილებებთან ურთიერთობა, რიგში დგომა და ა.შ. ახლა მას პირადი ბიზნეს-მრჩეველი ეხმარება, რომლის პასუხისმგებლობაა მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტების ორგანიზება და ამ პროცესში ბანკის შესაბამის განყოფილებებთან ურთიერთობა, კლიენტი კი ამ განყოფილებაში მხოლოდ მაშინ მიდის, როცა მან უკვე უნდა მიიღოს მომსახურება და ამ მომსახურებას იგი ძალიან მარტივად იღებს. ანუ, ბიზნეს-მრჩეველი არის ერთგვარი მედიატორი ბანკსა და კლიენტს შორის.

"პროკრედიტ ბანკი" იმედოვნებს, რომ ახალი პოზიციის - პირადი ბიზნეს-მრჩეველის დანერგვით კლიენტების მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს კლიენტის კმაყოფილებას. ასევე იმედოვნებს, რომ "პროკრედიტ ბანკი" კლიენტებისთვის  იქნება ერთადერთი ბანკი, სადაც კლიენტი მივა და სრულყოფილ მომსახურებას მიიღებს. დღეს, შესაძლოა, კლიენტთა ნაწილი, იმის გამო, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია "პროკრედიტ ბანკის" საბანკო პროდუქტების შესახებ, რამდენიმე ბანკის მომსახურებით სარგებლობს. ბიზნეს-მრჩეველის მომსახურების მიღების შემთხვევაში, კლიენტი ერთ ბანკში მიიღებს სრულყოფილ და ხარისხიან მომსახურებას და მას აღარ დასჭირდება დამატებითი მომსახურების მისაღებად სხვა ბანკში მისვლა. ანუ, "პროკრედიტ ბანკი" იქნება ერთადერთი ბანკი, რომელშიც იგი მივა და სრულყოფილ, კომპლექსურ მომსახურებას მიიღებს.

პირადი ბიზნეს მრჩევლის მსგავსი ტიპის მომსახურებას დიდი და საშუალო ზომის ბიზნეს-კლიენტებს სხვა ბანკებიც სთავაზობენ კორპორატიული ბანკირის სახით. ძირითადი განსხვავება ის არის, რომ პირადი ბიზნეს მრჩეველის მომსახურება  გათვლილია მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტზე, აქ კი "პროკრედიტ ბანკი" პირველია და ერთადერთი, რომელიც ასეთი ტიპის მომსახურებას სთავაზობს.

დალი ჩიკვაიძე