ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ქორწინების ბათილობა და შეწყვეტა
#11(131), 2010
ქორწინების ბათილობა

უკანასკნელ წლებში ძალზე გახშირდა ისეთი დაქორწინების შემთხვევები, რომელთა დროს ხდება ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების დაფარვა.
 
მკითხველთა თხოვნით, უპირველესად, აღნიშნული ფაქტის სამართლებრივ შედეგზე – ქორწინების ბათილობაზე გესაუბრებით, ხოლო შემდეგ ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგზე (განქორწინებაზე) შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

ქორწინება ოჯახის შექმნის ძირითადი საფუძველია. სამართლის მეცნიერება ქორწინების განსაზღვრისას გამოდის იქიდან, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს არამარტო ქორწინების წესსა და პირობებს, არამედ კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ქორწინების გაბათილება.

კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ – რას ნიშნავს ქორწინების ბათილობა და როდის დგება მისი აუცილებლობა?

პასუხი: ქორწინების ბათილობა წარმოადგენს იმ ნორმალური იურიდიული შედეგების გაუქმებას, რომლებსაც კანონი ნამდვილ ქორწინებასთან აკავშირებს. იგი დგება მაშინ, როცა დარღვეულია ქორწინების აუცილებელი პირობები, ან ქორწინება მომხდარია იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობისას, რომლის დროსაც ქორწინება აკრძალულია, ან კიდევ, მომხდარია ყველა ფორმალური ნიშნის დაცვით, მაგრამ იმ განზრახვის გარეშე, რომ ნამდვილად შეიქმნას ოჯახი. ქორწინების ბათილად ცნობა იმას ნიშნავს, რომ მას თავიდანვე არ წარმოუშვია ის იურიდიული შედეგები, რაც მოსდევს ნამდვილ ქორწინებას.

ქორწინების ბათილად ცნობა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ქორწინების გაბათილება შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ პირთა მიმართ გამოყენებულ სანქციად, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში.

ქორწინების გაბათილება, როგორც სანქციის განსაკუთრებული სახე, მეუღლეთა მიმართ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა მექორწინეთა განზრახვა კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით გატარებულიყვნენ ქორწინების რეგისტრაციაში. მაგრამ პრაქტიკაში არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მეუღლეებმა არაფერი არ იცოდნენ დამაბრკოლებელი გარემოებების შედეგების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ქორწინება წყდება სასამართლოში ამ გარემოებების დადგენის მომენტიდან, მაგრამ აღნიშნულ დრომდე გასული პერიოდისათვის ქორწინება წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგებს, რასაც ნამდვილი ქორწინება.

კითხვა: იწვევს თუ არა საქორწინო ასაკის დარღვევა ქორწინების გაბათილებას და ვის აქვს მისი მოთხოვნის უფლება?

პასუხი: საქორწინო ასაკის დარღვევა იწვევს ქორწინების ბათილობას. იგივე შედეგი დგება მაშინ, როცა საქორწინო ასაკი არ ყოფილა შემცირებული სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში ქორწინების ბათილობის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესე-ბულ პირს, რომელიც საქორწინო ასაკის დადგომამდე დაოჯახდა. აგრეთვე ასეთ შემთხვევაში ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ არასრულწლოვანი მეუღლის მშობლებს, მეურვეს, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. თუ საქმის განხილვისას არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა, მაშინ ქორწინება შეიძლება გაბათილდეს მხოლოდ მისი მოთხოვნით.

სასამართლომ შეიძლება ბათილად ცნოს ისეთი ქორწინება, რომელიც გაფორმდა: იმ პირებს შორის, რომელთაგანაც თუნდაც ერთი სხვა ქორწინებაში იმყოფება; პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, თუნდაც ქორწინების დროს ამის შესახებ მათ არ სცოდნოდათ; ღვიძლ და არაღვიძლ და-ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ქორწინებისას გამორიცხულია სისხლის აღრევასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები; იმ პირებს შორის, რომელთაგანაც თუნდაც ერთ-ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიც დარღვეულია ამ ქორწინებით. თუ სასამართლო იხილავს სულით ავადმყოფ ან ჭკუასუსტ ქმედუუნარო პირთან ქორწინების ბათილობის საკითხს, მაშინ საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ასეთი პირის მეურვის ჩაბმა აუცილებელია. თუ ქორწინების პერიოდში ერთ ერთი მეუღლე ამავე მიზეზით ცნობილი იქნა ქმედუუნაროდ, მაშინ ეს საფუძვლად დაედება განქორწინებას და არა ქორწინების ბათილობას.

ქორწინების გაბათილების საფუძველს წარმოადგენს ნებაყოფლობის პრინციპის დარღვევა, რადგან კანონის თანახმად ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის შექმნასთან. მაგრამ, მექორწინეთა ნება შეიძლება დელიქტური ხასიათის იყოს. ეს ხდება მაშინ, როცა დაქორწინება იძულებითია. იძულება კი შეიძლება გამოიხატოს როგორც პირდაპირ ძალადობაში, ისე ფსიქიკაზე ზემოქმედებაშიც.

კითხვა: შეუძლია თუ არა მეუღლეს მოითხოვოს იძულებით მომხდარი ქორწინების ბათილად ცნობა?

პასუხი: იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. იძულებითი დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლომ.

ქორწინების გაბათილების საფუძველს წარმოადგენს მექორწინეთა ისეთი ნების გამოვლინება, რომელიც მიზნად არ ისახავს ოჯახის შექმნას. ასეთ დროს ქორწინებისათვის აუცილებელი ფორმალური მოთხოვნები ზუსტადაა შესრულებული, ოღონდ მექორწინეთა შინაგანი ნება და მისი გარეგანი გამოხატულება ერთმანეთს არ ემთხვევა. შინაგანად ისინი ცდილობენ ქორწინება გამოიყენონ სულ სხვა მიზნით. მიზანი შეიძლება მრავალი იყოს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასეთი ქორწინება ფიქციურია და იგი შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს. მაგრამ, თუ ერთ-ერთ მათგანს გულწრფელად ჰქონდა ოჯახის შექმნის სურვილი და არაფერი იცოდა მეორის ნამდვილი სურვილის შესახებ, ასეთ შემთხვევაში ქორწინება არ შეიძლება ჩაითვალოს ფიქციურად, რადგან კეთილსინდისიერი მეუღლის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული.

კითხვა: აქვს თუ არა ქორწინების ბათილობას უკუქცევითი ხასიათი?

პასუხი: ქორწინების ბათილობას უკუქცევითი ხასიათი გააჩნია. იგი არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდანვე. ასეთი ქორწინება ითვლება არარსებულად, თავიდანვე არშემდგარად. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი, სასამართლოს შეუძლია ქორწინება კანონიერად ცნოს ასეთი საფუძვლების მოსპობის მომენტიდან.

ყოველგვარი ქონებრივი დავა მეუღლეებს შორის მათი ქორწინების გაბათილების შემდეგ უნდა გადაწყდეს ისევე, როგორც კერძო პირებს შორის საერთო საკუთრების თაობაზე წარმოშობილი დავა. სასამართლომ კეთილსინდისიერ მეუღლეს შეიძლება მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.

ქორწინება დაკარგავს ფიქციურ ხასიათს, თუ მეუღლეები შეცვლიან განზრახვას და ნამდვილად შექმნიან ოჯახს.

კითხვა: არის თუ არა კანონით დაცული ფიქციური ქორწინებისას დაბადებულ ბავშვთა ინტერესები?

პასუხი: დიახ, დაცულია, ვინაიდან კანონის თანახმად, ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს.

მხოლოდ კეთილსინდისიერ მეუღლეს აქვს უფლება მოითხოვოს მეორე მეუღლისაგან იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მას ქორწინების გაბათილების შედეგად მიადგა. დავის შემთხვევაში საქმე უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.
 
ქორწინების გაბათილება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა და არავის არა აქვს უფლება ქორწინება გაბათილებულად ჩათვალოს, თუ არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ის პირები, რომელთა ქორწინებაც გაბათილდა, შეიძლება ხელახლა დაქორწინდნენ საერთო წესით, თუ აღარ არსებობს ის საფუძველი, რომელმაც ქორწინების ბათილობა გამოიწვია. იგულისხმება, რომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი სხვა, ახალი გარემოება, დაცულია საქორწინო ასაკისა და ქორწინებაზე ურთიერთთანხმობის პირობები.

საყურადღებოა, რომ კანონის თანახმად, ხელახალი ქორწინებისათვის აუცილებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ქორწინების ბათილობის მოწმობის წარდგენა.

ქორწინების შეწყვეტა

ქორწინება არ შეიძლება შემოიფარგლოს განსაზღვრული ვადით. იგი მეუღლეთა მუდმივი კავშირია. ამიტომ ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან მისი აღიარება გარდაცვალებულად, ბუნებრივია, გამოიწვევს ქორწინების შეწყვეტას. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არაა აუცილებელი ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაცია. აუცილებელია, მხოლოდ გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტის რეგისტრაცია. ცოცხალ მეუღლეს უფლება აქვს, ხელახლა იქორწინოს. რაც შეეხება გარდაცვლილად გამოცხადებულ პირს, თუ იგი ცოცხალი აღმოჩნდა, ქორწინება თავის მეუღლესთან ავტომატურად აღუდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ხელახლა არ დაქორწინებულა. მაგრამ თუ ასეთ ვითარებაში ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინების აღდგენა არ სურს, მას ხელახლა დასაქორწინებლად აუცილებლად დასჭირდება ცოცხლად დარჩენილ მეუღლესთან განქორწინება.

ცოცხალ მეუღლეებს შორის ქორწინება წყდება განქორწინების საფუძველზე.

განქორწინებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველი რომაული სამართალი განიხილავდა რა ქორწინებას, როგორც მოქალაქეთა ხელშეკრულებას, განქორწინებისას სრულ თავისუფლებას უშვებდა.

განქორწინებისას იგულისხმება, რომ ქორწინება თავიდან მოხდა კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, განსაზღვრული დროის განმავლობაში არსებობდა, მეუღლეებს შორის წარმოშობილი იყო საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობანი, მაგრამ შემდეგ იგი ისევ მეუღლეთა ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყდა. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

კითხვა: შეუძლიათ თუ არა ცოლს ან ქმარს ნებისმიერ დროს მოითხოვოს განქორწინება?

პასუხი: საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტების ინტერესების მომეტებულად დაცვის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კანონის მიხედვით, ცოლს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს ქორწინების შეწყვეტა, მაშინ როდესაც ორსული ცოლის ქმარი ან ერთ წლამდე ასაკის ბავშვის მამა ასეთ უფლებას იღებს მხოლოდ მას შემდეგ, თუ ორსული ცოლი ან ჩვილი ბავშვის დედა განქორწინებაზე თანახმაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო განქორწინების შესახებ ქმრის სარჩელს არ მიიღებს.

კანონი გამარტივებული წესით განქორწინების მოთხოვნის შესაძლებლობას აძლევს იმ პირს, რომლის მეუღლე უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა აღიარებული ან ქმედუუნაროდაა ცნობილი სასამართლოს მიერ, ანდა ცნობილია დამნაშავედ და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ან უფრო მეტი ვადით. სამივე შემთხვევაში პირს შეუძლია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მოითხოვოს განქორწინება. თუ პირი აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მის მეუღლეს განქორწინების უფლება წარმოეშობა სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. რაც შეეხება პირის აღიარებას ქმედუუნაროდ, იგი ყოველთვის არ წარმოადგენს განქორწინების საფუძველს. თუ მისი მეურვე ქონების გაყოფის ან ალიმენტის გადახდის საკითხს დააყენებს, მაშინ განქორწინება არ შეიძლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მოხდეს. 3 წელზე მეტი ვადით თავისუფლებააღკვეთილი პატიმარი თუ არაა თანახმა განქორწინებაზე, ეს მხედველობაში არ მიიღება. მაგრამ თუ იგი დავობს ქონების ან შვილების თაობაზე, მაშინ განქორწინების საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ.

როცა ერთ-ერთი მეუღლე ითხოვს განქორწინებას სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, მან განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილების ან განაჩენის სათანადოდ დამოწმებული ასლი. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ აღიარებულ მეუღლესთან განქორწინება მარტივად ხდება. რაც შეეხება ისეთ მეუღლესთან განქორწინებას, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, ან რომელსაც სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლისა, კანონი მათი ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, განსხვავებულ წესს ადგენს. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა განქორწინების თაობაზე მეორე მეუღლის შეტანილი განცხადების შესახებ უნდა აცნობოს ქმედუუნაროდ აღიარებული მეუღლის მეურვეს ან პატიმრობაში მყოფ მეუღლეს და 3 თვის განმავლობაში მისგან უნდა მიიღოს პასუხი შემდეგ კითხვებზე: ა) აქვს თუ არა დავა ბავშვების თაობაზე; ბ) ითხოვს თუ არა წილს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან და ითხოვს თუ არა ქმედუუნარო მეუღლის მეურვე ალიმენტის დანიშვნას სამეურვეო პირისათვის. თუ არც ერთ საკითხზე პრეტენზია არ იქნა გამოთქმული, სააგენტოს ტერიტორიული ორგანო მოახდენს განქორწინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, განქორწინების საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა განქორწინება უნდა მოახდინოს არა მარტო მაშინ, როცა მან მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ დავა არ არსებობს, არამედ მაშინაც, როცა 3-თვიან ვადაში პასუხი საერთოდ არ იქნა მიღებული.

კითხვა: ყველა შემთხვევაში აუცილებელია თუ არა განქორწინების საკითხზე სასამართლოსთვის მამართვა და კანონის თანახმად, რა დროიდან ითვლებიან მეუღლეები განქორწინებულად?

პასუხი: არა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა შემთხვევაში არ არის აუცილებელი. თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა, მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე განქორწინება ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კანონი მეუღლეებს ავალდებულებს, განქორწინების შესახებ განცხადებაში დაადასტურონ ურთიერთთანხმობა. განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის დაუსწრებლად, თუ მას (მათ) საპატიო მიზეზით არ შეუძლია გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და თუ მისი სახელით წარმოდგენილია სათანადოდ დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის დასადასტურებლად. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

რაც შეეხება განქორწინების საქმეების განხილვას სასამართლოში, ასეთ საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. განცხადება განქორწინების შესახებ სასამართლოში მეუღლეებს ან ერთ-ერთ მათგანს შეაქვს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასში აღნიშნული უნდა იყოს განქორწინების მიზეზები. სასამართლო ვალდებულია შეისწავლოს განცხადებაში მითითებული განქორწინების მიზეზები და მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად. ამ მიზნით უნდა გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს მისცეს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 6 თვეზე მეტი და მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ, როცა დარწმუნდება, რომ ოჯახი ფაქტობრივად დანგრეულია, მეუღლეთა შერიგება შეუძლებელია და ოჯახში შექმნილი მდგომარეობა ბავშვ(ებ)ის აღზრდაზე ცუდად მოქმედებს.

განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო იმავდროულად იღებს აუცილებელ ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.

იმ შემთხვევაში, როდესაც მეუღლეები არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელ ადგილსა და სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო ვალდებულია განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელმა მშობელმა რა ოდენობით უნდა გადაი-ხადოს ალიმენტი. თუ საჭირო გახდება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქმეში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩაერთოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

კითხვა: შეუძლია თუ არა სასამართლოს განქორწინების საქმესთან ერთად განიხილოს ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორისათვის გადასახდელი ალიმენტის (სარჩოს) საკითხიც?

პასუხი: განქორწინების დროს შესაძლებელია სასამართომ განიხილოს ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორესათვის გადასახდელი სარჩოს საკითხიც, რისთვისაც საჭიროა, რომ სასამართლოს მიმართოს იმ მეუღლემ, რომელსაც ამის უფლება კანონის საფუძველზე გააჩნია. აქედან გამომდინარე, იგი უნდა იყოს შრომისუუნარო და საჭიროებდეს მატერიალურ დახმარებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო განქორწინების საკითხის გადაწყვეტასთან ერთად, განსაზღვრავს ალიმენტის იმ ოდენობას, რაც უნდა იხადოს მეორე მეუღლემ. მაგრამ თუ უფლება-მოსილმა მეუღლემ არ მიმართა სასამართლოს ალიმენტის თაობაზე, მაშინ სასამართლო მხოლოდ განქორწინების საქმეს განიხილავს.

მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ცალკე უნდა იქნეს განხილული და იგი არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად.

განქორწინების საკითხის გადაწყვეტისას დღის წესრიგში დგება თითოეული მეუღლის განქორწინების შემდგომი გვარის საკითხი. თუ დაქორწინებისას ერთ-ერთმა მეუღლემ შეიცვალა გვარი, მას უფლება აქვს იგივე გვარი ატაროს განქორწინების შემდეგაც. ამაზე მეორე მეუღლის ნებართვა არ არის საჭირო. მეუღლეებს უფლება აქვთ, აგრეთვე დაიბრუნონ ქორწინებამდელი გვარი. თუ მეუღლეს სურს ატაროს ქორწინებამდელი გვარი, მან ამის შესახებ უნდა განაცხადოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის დროს. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ამის შესახებ სათანადო ჩანაწერს აკეთებს და გაცემულ განქორწინების მოწმობაშიც ახალი გვარი ჩაიწერება. განქორწინების შემდეგ გვარის არჩევის საკითხი მეუღლის პირად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება და მას მხოლოდ თვითონ წყვეტს.

კანონმდებლობა უშვებს ქორწინების აღდგენის შესაძლებლობას გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლის დაბრუნებისას. თუ გამოჩნდება კანონით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე, რომელთანაც ქორწინება შეწყვეტილი იყო ამ საფუძველზე და გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ქორწინება შეიძლება აღადგინოს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო თუ ისინი სასამართლო წესით იყვნენ განქორწინებული, სასამართლო მათი განცხადებით აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. ამასთანავე კანონი ითვალისწინებს, რომ ქორწინება არ შეიძლება აღდგეს იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე, მაგრამ განქორწინებულ მეუღლეებს აძლევს ხელახალი დაქორწინების უფლებას.

კითხვა: ითვლებიან თუ არა მეუღლეები განქორწინებულად სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დღიდან?

პასუხი: განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქორწინების შეწყვეტას. ამით განქორწინების პირველი ეტაპი მთავრდება მხოლოდ. მეორე ეტაპი კი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში უნდა გაგრძელდეს. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით. თუ ორივე მეუღლე თავს იკავებს განქორწინების რეგისტრაციისაგან, მაშინ იგულისხმება, რომ ქორწინება კვლავ ძალაში რჩება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში მეუღლეებს ერთმევათ უფლება კვლავ დააყენონ განქორწინების საკითხი. ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

განქორწინების მოწმობის გაცემისთანავე აუცილებელია ბაჟის გადახდა. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს კანონით განსაზღვრული ბაჟი, ასევე თუ საჭიროდ მიიჩნევს, რომ ბაჟი უნდა გადახდეს ორივე მეუღლეს, იგი განსაზღვრავს თითოეული მეუღლის მიერ გადასახდელ თანხას.

განქორწინების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური განქორწინებას ახდენს არა ავტომატურად, არამედ ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის მიმართვის საფუძველზე. როცა ერთ-ერთი მეუღლე ითხოვს განქორწინების რეგისტრაციას, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, ყოველგვარი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მეორე მეუღლეს. თუ მისთვის ცნობილი არ არის მეორე მეუღლის ან იმ ორგანოს მისამართი, რომელმაც მოახდინა ქორწინების რეგისტრაცია, ასეთ შემთხვევაში განქორწინება რეგისტრაციაში გატარდება მეორე მეუღლისთვის შეტყობინების გარეშე.

განქორწინებულ მეუღლეს სრული უფლება აქვს მეორედ იქორწინოს.

ხშირად გვეკითხებიან, რამდენჯერ შეიძლება დაქორწინება და არის თუ არა კანონით დაწესებული ზღვრული ასაკი, რომლის შემდეგაც იგი შეუძლებელია.

ვინაიდან კანონით ზღვრული ასაკი, რომლის შემდეგაც ქორწინება არ დაიშვება, განსაზღვრული არ არის, დაქორწინება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, თუ იგი ნამდვილად ისახავს მიზნად ოჯახის შექმნას და შესაბამის სამსახურში წარდგენილი იქნება საბუთი წინა ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც განქორწინებასთან არის დაკავშირებული. სტატიის წაკითხვის შემდეგ თუ კვლავ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

ირინე ღლონტი