ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#2(134), 2011
ეგვიპტემ ოქროს ექსპორტი აკრძალა

ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ოქროს გატანა აკრძალა. ძვირფას ლითონზე მორატორიუმი 30 ივნისამდე გაგრძელდება. ამასთან, მორატორიუმი ოქროსგან დამზადებულ საიუველირო ნივთებსაც შეეხება. ეგვიპტის ხელისუფლების განმარტებით, ექსპორტის აკრძალვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გარკვეულმა პირებმა ქონება უკანონო გზით დააგროვეს.

2009 წლიდან ეგვიპტე მსოფლიო ბაზარზე სუფთა ოქროს ექსპორტიორად ითვლება. ეგვიპტიდან ოქრო ძირითადად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპაში იგზავნებოდა.
 
ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის გამო უკანასკნელ ხანს ძვირფასი ლითონის ფასი იზრდება.

ნავთობის გაძვირებამ რუსეთის შემოსავლები გაზარდა

რუსეთის "ცენტრობანკმა" ნავთობის მაღალი ფასებიდან მიღებული შემოსავალი დაითვალა. ნავთობზე საშუალო წლიური ფასი - ბარელზე 97 დოლარი, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს დამატებით 1,5 ტრლიონ რუბლს მოუტანს. ამის შესახებ "ცენტრობანკის" თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ულუკაევმა განაცხადა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თებერვალში ურალის მარკის რუსულ ნავთობზე საშუალო ფასმა ბარელზე 101,34 დოლარი შეადგინა. თუკი ეს ფასი შენარჩუნდება, რუსეთის ბიუჯეტი კიდევ მეტ სარგებელს მიიღებს.
ნავთობზე მაღალი ფასის გამო ინვესტორები მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დოლარსა და ევროს ყიდიან. იმისთვის, რომ ნაციონალური ვალუტა არ გამყარდეს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს დოლარისა და ევროს შესყიდვა უწევს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ თებერვალში შიდა ბაზარზე 4,5 მლრდ დოლარი იყიდა.

უცხოური ბანკები რუსეთს ტოვებენ

"დასავლური ბანკები რუსეთს ოდესღაც განვითარების ფართო შესაძლებლობების ბაზრად მიიჩნევდნენ. ახლა კი ზოგიერთმა უცხოურმა საკრედიტო დაწესებულებამ აზრი შეიცვალა: შარშან ექვსმა ევროპულმა და ამერიკულმა ბანკმა რუსეთში საქმიანობის ნაწილობრივ ან სრულად შეწყვეტა გადაწყვიტა", - წერს Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯეისონ კორკორანი.

2010 წელს Morgan Stanley-მ თავისი რუსული იპოთეკური განყოფილება გაყიდა, დეკემბერში კი ესპანურმა Banco Santander-მა სამომხმარებლო დაკრედიტების სექტორი დატოვა. გამოცემა განმარტავს, რომ რამდენიმე უცხოურ ბანკს, მათ შორის Barclay-სა და Santander-ს მსხვილ სახელმწიფო ბანკებთან კონკურენცია გაუჭირდა. 28 თებერვალს Moody’s Investors Service-ის მიერ გამოქვეყნებული შეფასებებით, რუსეთის სახელმწიფო ბანკები მთელი საბანკო სისტემის აქტივების ნახევარს აკონტროლებენ და უპრეცედენტო უპირატესობით სარგებლობენ.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: Societe Generale-ს რუსეთში 16 ათასი თანამშრომელი ჰყავს, ხოლო UniCredit-ს 100-ზე მეტი განყოფილება აქვს.

იანვარში ევროკავშირში ინფლაციამ 2,7 პროცენტი შეადგინა

იანვარში ევროკავშირში ინფლაცია დაგეგმილზე 2,4%-ზე უფრო მეტად გაიზარდა და 2,7 პროცენტი შეადგინა. გასული წლის იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 1,7 პროცენტი იყო.
 
ფასების მაღალი ტემპებით ზრდა დაფიქსირდა რუმინეთში, ესტონეთსა და საბერძნეთში: რუმინეთში ინფლაციამ 7 პროცენტს მიაღწია, ესტონეთში - 5,1%-ს საბერძნეთში კი - 4,9%-ს. ყველაზე ნელი ტემპებით ფასების ზრდა შეინიშნებოდა ირლანდიაში - 0,2 პროცენტი, შვედეთში - 1,4 პროცენტი.
ევროზონის ქვეყნებში ინფლაციამ 2,3 პროცენტი შეადგინა. გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო. ყველაზე უფრო მეტად ფასების ზრდა ტრანსპორტზე აისახა - 5,1 პროცენტი. შემდეგ კომუნალურ მომსახურებაზე 4,5%, ალკოჰოლზე და თამბაქოზე 3,7 პროცენტი. რაც შეეხება ტანსაცმელს, ევროზონის ქვეყნებში ტანსაცმელი 0,6 პროცენტით, ხოლო კავშირგაბმულობის მომსახურება 0,2%-ით გაიაფდა.

საბერძნეთს დამატებით 15 მილიარდ ევროს გამოუყოფენ

ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანტიკრიზისული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიწონა წარდგინება საბერძნეთისათვის დამატებით 15 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მეთაურმა საბერძნეთში პოლ ტომსენმა განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების მიმართულებით შეფერხებები და ნაკლოვანებები დაფიქსირდა, ეს პროგრამა მაინც წარმატებით მოქმედებს. მზად ვართ ამ პროგრამის მეორე ეტაპი დავიწყოთ, რომელმაც ამ ქვეყნის ეკონომიკა უფსკრულიდან უკვე ამოიყვანა".

ევროკავშირი საბერძნეთს 10,9 მილიარდი ევროთი, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი 4,1 მილიარდი ევროთი დაეხმარება. 2010 წელს საბერძნეთის ეკონომიკას დეფოლტის საფრთხე დაემუქრა, რაც ევროზონის მთლიანობას დაარღვევდა. სწორედ ამის გამო, ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ევროპის სტაბილიზაციის ფონდი (European Financial Stability Facility - EFSF) შექმნეს. ამ ფონდში ევროპულ ქვეყნებში წარმოქმნილი ფინანსური კრიზისის დასაძლევად 750 მილიარდი ევრო შეგროვდა. ბერძნებისთვის 110 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების გამოყოფაა გათვალისწინებული, რომელიც რამდენიმე ტრანშის სახით განხორციელდება.

ფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ, საბერძნეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება "მკაცრი ეკონომიის ზომები" გაატაროს: მათ შორის არის საპენსიო ასაკის მომატება, სახელმწიფო მოხელეებისათვის ხელფასების, აგრეთვე სამედიცინო და სამხედრო ხარჯების შემცირება, გადასახადების გაზრდა.

საბერძნეთის მთავრობის მიერ გატარებულმა ამ ზომებმა ამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება და გაფიცვები გამოიწვია. მხოლოდ ეკონომია ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად საკმარისი არ არის: ევროსაბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსპექტორებმა საბერძნეთის მთავრობას 50 მილიარდი ევროს ღირებულების საპრივატიზაციო პროგრამის განხორციელება ურჩიეს, რომელიც 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ევროკავშირის მისიის მეთაურმა სერვაას დერუსის აზრით, ამ ქვეყანაში პრივატიზაციის სამი მნიშვნელოვანი წყარო არსებობს: კომპანიები, რომლებიც ვაჭრობენ, ან არ ვაჭრობენ ბირჟაზე; აქტივები, რომელიც ამ კომპანიებში სახელმწიფოს კუთვნილებაა და კომერციული უძრავი ქონება; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მეთაურმა საბერძნეთში პოლ ტომსენმა ამ ქვეყნის მთავრობას უძველესი ისტორიული ძეგლების პრივატიზებაც კი ურჩია.

საბერძნეთის უდიდესი ბანკები გაერთიანდებიან

საბერძნეთის ეროვნული ბანკის (NBG) და ამავე ქვეყანაში სიდიდით მესამე საკრედიტო ორგანიზაციის ბანკი "ალფას" ხელმძღვანელებმა გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ ორი საფინანსო ორგანიზაციის გაერთიანების შემთხვევაში, საბერძნეთში უდიდესი ბანკი შეიქმნება. საქმიანი გარიგების პირობების ჩამოყალიბების შემდეგ, ეს პროექტი ორივე ბანკის დირექტორთა საბჭომ უნდა მოიწონოს. საბერძნეთის ეროვნული ბანკი "ალფა"-ს 2,9 მილიარდ ევროდ შეიძენს. NBG-ის ახალი 8 აქცია ბანკი "ალფა"-ს 11 აქციაზე გადაიცვლება, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის აქციონერები ახალი საკრედიტო ორგანიზაციის აქციათა პაკეტის 71%-ის მფლობელები გახდებიან.

საბერძნეთის ეროვნული ბანკის ამჟამინდელი მეთაური, ვასილის რაპანოსი იმედოვნებს, რომ გაერთიანებული საფინანსო ორგანიზაცია ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას ხელს შეუწყობს. საბერძნეთის მთავრობამ ბანკებს მანამდეც არა ერთხელ მოუწოდა აქტივების კონსოლიდაცია საფინანსო კრიზისის დასაძლევად მოეხდინათ.

საბერძნეთის ეროვნული ბანკი ქვეყნის უდიდესი ბანკია. იგი 1841 წელს დაარსდა. 2009 წელს ამ საკრედიტო ორგანიზაციის შემოსავალმა 5 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. იმავე წლის შედეგების მიხედვით, ამ ბანკის აქტივების ღირებულებამ 113 მილიარდი ევრო შეადგინა.

ესპანეთში ბანკების "ცუდი ვალები" მაქსიმუმამდე გაიზარდა

ესპანეთის ბანკების "დაბალხარისხიანმა" ვალებმა გასული წლის დეკემბერში 1995 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. "ცუდი ვალების" წილმა საკრედიტო დაწესებულებათა აქტივებში 5,81%-ს მიაღწია, რაც 107,2 მილიარდ ევროს შეადგენს. შედარებისთვის: 2010 წლის ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 5,66%, ხოლო ერთი წლით ადრე, იმავე პერიოდში 4,98% შეადგინა.

გასული წლის დეკემბერში, სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ესპანურ ბანკებს დავალიანებების გამო უარყოფითი პროგნოზი მიანიჭა. სააგენტოს აზრით, მათმა დანაკარგმა შესაძლებელია 176 მილიარდი ევრო შეადგინოს.

ბოლო პერიოდში ესპანეთის მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს საიმისოდ, რომ რეგიონული საკრედიტო ორგანიზაციების პოზიციები გაამყაროს. ქვეყნის საბანკო სისტემაში "სუსტ რგოლს" სწორედ ისინი წარმოადგენენ. ამ მიზნით, სახელმწიფოში საბანკო სექტორში რამდენიმე ბანკის გაერთიანების პროექტი განხორციელდა.

ინვესტორები შიშობენ, რომ ესპანეთს ევროსაბჭოს მხრიდან ფინანსური დახმარების მიღება დაჭირდება. საბერძნეთისა და ირლანდიის შემდეგ, მსჯელობენ ასეთი დახმარების პორტუგალიისათვის გამოყოფის თაობაზე.
ესპანეთის რვა უდიდესმა ბანკმა გასული წლის ივლისში ევროპული სტრეს-ტესტები წარმატებით გაიარეს, რითაც კრიზისისადმი მზადყოფნა დაამტკიცეს. ამ ტესტების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ პირობები "ზედმეტად რბილი" დაუდგინეს. ქვეყნის საფინანსო სექტორის წინაშე არსებული საფრთხეების შეფასება ამ ტესტების შედეგების მიხედვით კი ძალზე გაძნელდება.

ისლანდია საბანკო კომპენსაციებს გასცემს

ისლანდიის პარლამენტმა მესამედ მოსმენით მიიღო იმ შეთანხმების პროექტი, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის მოქალაქეებისათვის (ისლანდიური ბანკ Icesave-ის მეანაბრეებისათვის) კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, როცა ქვეყნის კანონმდებელთა გადაწყვეტილებას ისლანდიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ოლაფურ გრიმსონიც დაეთანხმება.

ამ საქმიანი გარიგების პირობების მიხედვით, ისლანდიამ ბრიტანელებსა და ჰოლანდიელებს საერთო ჯამში 3,9 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს ვალი ამ ქვეყნების მთავრობებმა საკუთარ მოქალაქეებზე უკვე გასცა. ეს დავალიანება მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2008 წელს ისლანდიური ბანკი Icesave  მოულოდნელად გაკოტრდა. ისაქტიურად მოიზიდავდა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის მოქალაქეების კუთვნილ კაპიტალს. 2008 წლის ოქტომბერში, ისლანდიური ბანკი Landsbanki (რომლის შვილობილი ბანკიც იყო ბანკი Icesave) ისლანდიის მთავრობის კონტროლქვეშ გადავიდა.

ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ისლანდიის მთავრობისგან კომპენსაციის გაცემა მოითხოვეს. ადრინდელი პირობების მიხედვით, რეიკიავიკს უნდა გადაეხადა 3,9 მილიარდი ევრო წლიური საპროცენტო 5,5%-იანი განაკვეთის შედეგად დაგროვებულ თანხასთან ერთად. ეს ვალი ისლანდიას 2016-2024 წლების პერიოდში უნდა დაეფარა.

ისლანდიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტს ვეტო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ოლაფურ გრიმსონმა დაადო და რეფერენდუმი გამოაცხადა. ისლანდიელ მოქალაქეთა უმრავლესობამ ასეთი პირობების მიხედვით კომპენსაციების გაცემაზე უარი განაცხადეს.

ისლანდიამ მოდავე ქვეყნებს ახალი პირობები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დადგინდა ახალი საპროცენტო განაკვეთი, 3-3,3%-ის ოდენობით, ხოლო ამ კომპენსაციის გაცემა უნდა მოხდეს 2016-2046 წლების პერიოდში. ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობისთვის კომპენსაციის გაცემა ასეთი პირობები მისაღებია.

შვეიცარიულმა ბანკმა "ქოქოსის" ობლიგაციები გამოუშვა

შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის მიერ გამოშვებული ახალი ფასიანი ქაღალდები ინვესტორებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მასზე მოთხოვნამ 22 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გამოშვებულია მხოლოდ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები.

"ქოქოსის" ობლიგაცია ეწოდება იმ ვალდებულებებს, რომლის შემოსავალიც მეტია ჩვეულებრივ ობლიგაციებთან შედარებით. ფინანსური სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში, ემიტენტის ობლიგაციები ავტომატურად ჩვეულებრივ, ან პრივილეგირებულ აქციებად "გარდაიქმნება".

მსგავსი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას რეგულატორები მხარს უჭერენ. ისინი თვლიან, რომ ეს არის შესანიშნავი გზა ბანკის კაპიტალი დიდი რისკის გარეშე გაიზარდოს. შვეიცარიის საფინანსო ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა უდიდესი საკრედიტო ორგანიზაცია დაავალდებულა ასეთი სახის ობლიგაციები დაუყოვნებლივ ბრუნვაში გაუშვას.

ამ ობლიგაციების ორი მესამედი აქტივების მმართველმა ფონდებმა, ხოლო დანარჩენი კერძო ბანკებმა შეიძინეს. ბანკმა Credit  Suisse-მ გამოაცხადა, რომ ჩვეულებრივ ობლიგაციებს "ქოქოსის" ობლიგაციებზე გადაცვლის, რომლის საერთო ღირებულება 6,2 მილიარდი ევროა.

უფრო ადრე, მსგავსი საფინანსო ინსტრუმენტები ჰოლანდიურმა Rabobank-მა  და ბრიტანულმა Lloyds TSB-მა გამოუშვეს. ამ უკანასკნელმა 7,5 მილიარდი ფუნტის (დაახლოებით 9 მილიარდი ევროს) ღირებულების ფასიანი ქაღალდები გადაცვალა. მსგავსი ობლიგაციების გამოშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია ბრიტანულ ბანკ Barclays-ს.

ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა მოითხოვს

ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ქვეყნის 19 უდიდესი საფინანსო ორგანიზაციისაგან კაპიტალის საკმარისობის გამოსავლენად სტრეს-ტესტების ჩატარება მოითხოვა. გათვალისწინებული უნდა იყოს რეცესიის განმეორების ალბათობა და უმუშევრობის დონის მომატება 11%-მდე.
 
ამერიკული ბანკებისთვის ახალი სტრეს-ტესტების ჩატარების თაობაზე ცნობილი 2011 წლის იანვარში გახდა, როცა ქვეყნის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბანკების თაობაზე ინფორმაციის შეკრება დაიწყო. სტრეს-ტესტები გათვალისწინებულია ორი სცენარისათვის: პირველი - შიდა საერთო პროდუქტის მაჩვენებლის მცირედით დაცემას, ხოლო მეორე - უმუშევრობის  დონის მკვეთრად ზრდასა და უძრავ ქონებაზე ფასების შემცირებას ითვალისწინებს.
 
სტრეს-ტესტების შედეგები მიმდინარე წლის მაისში გახდება ცნობილი. სწორედ ამ შედეგების მიხედვით, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების მოცულობის თაობაზე. მანამდე ამერიკის საფინანსო ორგანიზაციებმა მოითხოვეს დივიდენდების მოცულობა გაეზარდათ, რადგანაც 2010 წელი ამ დარგისათვის წარმატებული აღმოჩნდა. წარმატების მიუხედავად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ აქციონერთათვის წინა წელთან შედარებით "დამატებითი" დივიდენდების გადახდის შემთხვევაში, ბანკების სტაბილურობა შემცირდება და მათი გადარჩენის საკითხი 2008-2009 წლების მსგავსად დღის წესრიგში კვლავ დადგება. ამჯერად, ბანკების გარდა გადასარჩენი სახელმწიფოს მრავალმილიარდიანი კაპიტალდაბანდებებიც იქნება.

ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობა ამერიკული ბანკებისაგან აგრეთვე მოითხოვს "გადაამოწმონ" საფინანსო ორგანიზაციებზე როგორ გავლენას იქონიებს დოდი-ფრენკის კანონის მიღება, რომელსაც ხელი ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2010 წლის ივლისში მოაწერა. ეს კანონი 2008-2009 წლების კრიზისის მსგავსი სიტუაციის თავიდან  აცილების მიზნით შემოიღეს. მსგავსი სტრეს-ტესტები 2009 წელს ჩატარდა. მაშინ გამოქვეყნებულმა ანგარიშებმა ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის თაობაზე ქვეყნის საბანკო სისტემისადმი ნდობა აამაღლა.           

Fannie Mae-სა და Freddie Mac-ს ლიკვიდაცია ემუქრებათ

ამერიკის ფინანსთა სამინისტრო გამოვიდა წინადადებით, ლიკვიდაციას დაუქვემდებარონ იპოთეკური სააგენტოები Fannie Mae და Freddie Mac, რომელთა "მეურვეობა" მათი რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ასეთი მოსაზრებები საკუთარ ანგარიშებში ამერიკის ფინანსთა მინისტრმა, ტიმოტი გაიტნერმა და მშენებლობის, საქალაქო განვითარების მინისტრმა შონ დონოვანმა გამოთქვეს.
გაიტნერის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ფუნდამენტურ რეფორმებს" გეგმავს. ამ სააგენტოების გაუქმების გარდა, მომხმარებელთა დაცვის ღონისძიებების გაძლიერება და საცხოვრებელი ფართების უკმარისობით ძალიან შეჭირვებულ მოქალაქეთა უზრუნველყოფაც იგეგმება.

ამ ორ იპოთეკურ სააგენტოს ამერიკის მთავრობა საერთო ჯამში 150 მილიარდი დოლარით დაეხმარა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, მათმა საერთო ზარალმა 200 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამჟამად იპოთეკური სააგენტოები ამერიკის მთლიანი საცხოვრებელი ფართის კრედიტების 97%-ს ფლობენ ან აზღვევენ. სააგენტო Moody’s-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუკი ამერიკის მთავრობა პრივატიზაციის გზას აირჩევს, იპოთეკის განაკვეთები გაიზრდება, ხოლო საცხოვრებელ ფართზე ფასები შემცირდება.

ამერიკაში იპოთეკური სააგენტოები იმ მიზნით შეიქმნა, რომ საკრედიტო განაკვეთების გარანტიების მეშვეობით ხელმისაწვდომი ყოფილიყო უძრავი ქონების ბაზარზე შეღწევა. 2008 წლამდე იპოთეკური სააგენტოები ითვლებოდნენ "კერძო საწარმოებად, რომლის სპონსორობასაც სახელმწიფო ახდენს" (GSE). ფინანსური კრახის საშიშროების წარმოქმნის შემდეგ, მათი მართვის პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე.