ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
იძებნება... დოლარის შემცვლელი
#2(134), 2011
რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში, მსოფლიო საფინანსო სისტემის ფუნდამენტი ოქრო იყო. არსებობდა "ოქროს სტანდარტი", რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული ყველა ვალუტა ოქროზე იყო "მიბმული".
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გაჩნდა აუცილებლობა, რომ ომისაგან დაზარალებული ევროპის ეკონომიკა სწრაფად აღედგინათ. შეიქმნა საჭიროება საერთო ვალუტა, ანუ "შუამავალი" ოქროსა და ეროვნულ ვალუტებს შორის შემოეღოთ.

იმ პერიოდში დაეთანხმნენ ამერიკელთა მოსაზრებას, რომ ეს მისია ამერიკული დოლარისათვის დაეკისრებინათ. შეიქმნა სისტემა, რომელიც ოქროსა და დოლარისაგან შედგებოდა. ამერიკული ვალუტის მაშინდელი კურსი ძვირფასი ლითონის ღირებულებას პირდაპირ "მიება": უნცია ოქროს ფასი 35 დოლარი იყო. დოლარზე სხვა ვალუტების გადასაცვლელად "მყარი" განაკვეთები დაწესდა.

ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება

ეს ნაბიჯი სრულებით ლოგიკური იყო, რადგანაც მაშინ ოქროს მარაგის 70%-ზე მეტს ამერიკელები განკარგავდნენ. მსოფლიოს ეროვნული ვალუტების "მიბმა" ამერიკის ქალაქ ბრეტონ-ვუდსში, 1944 წელს გამართულ კონფერენციაზე შედგა.

სწორედ იმ დღეებში შეიქმნა მსოფლიოს ორი ძირითადი საფინანსო სტრუქტურა: აღდგენისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის დანიშნულება მაშინაც და ახლაც დროებით რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი ეროვნული ვალუტების სტაბილიზაცია იყო და არის. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამერიკას წამყვანი როლი არა მარტო სამხედრო და პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისითაც დაეკისრა.

"რეალური კაპიტალიზმი"

ვენის ეკონომიკური გამოკვლევების ინსტიტუტის ექსპერტთა აზრით, ამ სისტემას შეიძლებოდა ეარსება მხოლოდ "რეალური კაპიტალიზმის" პირობებში, მაშინ, როცა კომპანიის ღირებულება დამოკიდებულია მის რეალურ ეკონომიკურ საქმიანობაზე და არა აქციებით სპეკულაციაზე.

მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში ეკონომიკურ სასწაულს, დასაქმების ზრდას, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის წარმოქმნას სწორედ ამ ნაბიჯებს მიაწერენ. ეს სისტემა ეფექტიანი მანამდე იყო, სანამ ამერიკის ოქროს მარაგები "უცხოური" დოლარების ოქროში კონვერსიას უზრუნველყოფდნენ.
მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შუაგულიდან, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ოქროს მარაგები ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს მარაგს გაუტოლდა. ამერიკული დოლარისადმი უნდობლობა სწორედ მაშინ გაჩნდა, რაც ვიეტნამში ომის დაწყებამ კიდევ უფრო გაამწვავა.

სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხების ოქროს მონეტები

თავდაპირველად, საფრანგეთმა, შემდეგ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, კანადამ, იაპონიამ, სხვა ქვეყნებმა მათ განკარგულებაში არსებული დოლარების რეალურ ოქროზე გადაცვლა მოითხოვეს. ამერიკის ოქროს მარაგები ამ ქვეყნების "შეტევების" შედეგად, ორჯერ შემცირდა.

1968 წელს, ამერიკელებმა ქვეყნის ფარგლებში პირველად შეზღუდეს დოლარების ოქროზე გადაცვლა. 1971 წელს საერთოდ შეწყვიტეს სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებისათვის ოფიციალური კურსით დოლარის ოქროში კონვერტაცია. მოხდა დოლარის ოქროსთან მიმართებაში დევალვაცია.
ძვირფასი ლითონის ოფიციალური ღირებულება გაიზარდა. 1973 წელს, იამაიკაზე გამართულ კონფერენციაზე, ვალუტების კურსი ბაზრის კანონებს "დაუმორჩილეს". ამ დროიდან, ვალუტების კურსი აღარ დაფიქსირებულა, ისინი მოთხოვნისა და მიწოდების "ზემოქმედებას" დაექვემდებარა.

ფინანსური კაპიტალიზმი

შეიქმნა ახალი საფინანსო სისტემა, რომელსაც ეკონომისტებმა "ფინანსური კაპიტალიზმი" უწოდეს, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია გაცვლითი კურსების მკვეთრი ცვლილებები, საპროცენტო განაკვეთების არასტაბილურობა, საბირჟო ფასების ზრდა და შემცირება. ბირჟაზე სპეკულაციები ფასების ზრდას იწვევს. მეწარმეებს ამგვარი ვითარება უფრო მეტად სპეკულაციისაკენ უბიძგებს. ისინი ნაკლებად ზრუნავენ წარმოების განვითარებისათვის საჭირო ინვესტირებისთვის.

ამ მომენტიდან, საერთაშორისო საფინანსო სისტემა ნაკლებად არის დაკავშირებული რეალურ ეკონომიკასთან. ფულის ემისია დამოკიდებულია არა ქვეყანაში არსებულ რეალურ ეკონომიკურ სიტუაციაზე, არამედ კრედიტებზე, რომლებსაც კერძო ბანკები გასცემენ.

რამდენადაც სავალუტო ოპერაციებს ამ დროისათვის ელექტრონულად აწარმოებენ, სპეკულაციების სისწრაფე და მოცულობა არნახული მასშტაბებით გაიზარდა. რეალურ საქონელბრუნვას ამჟამად სავალუტო ოპერაციების მხოლოდ 5% უკავშირდება.

კაპიტალიზმის მომავალი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამჟამად აუცილებელია გატარდეს სპეციალური ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს სამეწარმეო აქტიურობას და არა სპეკულაციას. ბოლო 30 წლის განმავლობაში კი საპირისპირო რამ ხდება.
ექსპერტთა ერთი ნაწილი, მათ შორის მსოფლიოს სავალუტო ფონდის ექს-მეთაური, მიშელ კამდესიუ იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ მსოფლიოში არსებული საფინანსო არქიტექტურა ცვლილებებს მოითხოვს, რადგანაც ვალუტების ამჟამინდელი კურსი არ შეესაბამება სადღეისოდ არსებულ რეალურ ეკონომიკურ სიტუაციას.

მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტები ვერ შეთანხმდნენ ამ მექანიზმის სტრუქტურისა და მუშაობის პრინციპების თაობაზე. სანამ უკეთესი არ შექმნილა, მანამდე მსოფლიოს "სავალუტო აღლუმს" ამერიკული დოლარი კვლავ მეთაურობს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, ჰუ ძინტაუ თვლის, რომ დოლარი მსოფლიოს მთავარი ვალუტა მუდმივად ვერ იქნება. მან 2011 წლის იანვარში, ამერიკის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ "დოლარი წარსულის გადმონაშთია". ასეთ ვითარებაში, მსგავსი განცხადების გაკეთებას მართლაც რომ უდიდესი გამბედაობა სჭირდება.
ვერც ჩინეთის ახლანდელმა ლიდერმა და ვერც მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა ჯერ ვერ დაადგინეს, დოლარი მსოფლიოს რომელმა ვალუტამ უნდა "ჩაანაცვლოს", ამიტომაც ამ თემაზე დისკუსიები აბსოლუტურ უაზრობად მიიჩნევა.

ჩინური იუანი – ამერიკული დოლარის კონკურენტი?!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ამჟამინდელი სავალუტო მარაგები თითქმის სამი ტრილიონი დოლარია. აქედან ორი მესამედი ამერიკის სავალო ვალდებულებებია. ამ მომენტისათვის, ჩინეთს გაუჩნდა ამბიციები, რომ ჩინურმა იუანმა მსოფლიო საფინანსო სისტემაში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩინეთმა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში იაპონიას გადაუსწრო და ამერიკის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ექსპორტის მოცულობის მიხედვით კი ჩინეთმა გერმანიას აჯობა და გლობალური ლიდერი გახდა.

ჩინეთის სავალუტო რეზერვები ოქროსთან ერთად, მართლაც რომ შთამბეჭდავია. მიუხედავად ამისა, ჩინური ვალუტა იუანი გლობალურ საფინანსო სისტემაში დღემდე ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. პეკინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიისწრაფვის იმისაკენ, რომ იუანი მსოფლიოს მთავარ სარეზერვო ვალუტად გადააქციოს.

ფინანსური კრიზისის გაკვეთილები

სხვა ქვეყანასთან (მაგალითად, ბრაზილიასთან) სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების დროს, ჩინეთი ანგარიშსწორებას ამერიკულ დოლარებში ახდენდა. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამერიკული დოლარი მსოფლიოში აღიარებულ სარეზერვო ვალუტად არის მიჩნეული. მეორეც, იმიტომ, რომ ჩინეთის მთავრობა 2009 წლის ივლისამდე საგარეო სავაჭრო ანგარიშების იუანებში წარმოებას კრძალავდა.

მსოფლიოს საფინანსო ეკონომიკურმა კრიზისმა პეკინი "გამოაფხიზლა" და საკუთარ საფინანსო პოლიტიკაში კორექტივების შეტანა დაიწყო. ექსპორტზე ორიენტირებული ჩინეთის ეკონომიკა ვაჭრობის მოცულობის მკვეთრად შემცირების გამო ძალიან დაზარალდა.

მსოფლიოს მასშტაბით საქონელის დიდი მოცულობით გაყიდვის გამო (როცა მარჟა ანუ ფასნამატი მინიმალურია), ბრუნვის შემცირებასთან ერთად, ყველა არიდებს თავს ვალუტების გაცვლით კურსებთან დაკავშირებულ რისკებს. ჩინეთის მთავრობამ იმაზე დაიწყო ფიქრი, ექსპორტზე ორიენტირებული საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა ამ რისკებისგან როგორ დააზღვიოს.

ამის შედეგად, ბიზნესს მიანიჭეს უფლება ვალუტების გაცვლით კურსებთან დაკავშირებული რისკების ტვირთი უცხოელი პარტნიორების მხრებზე გადაეტანათ. იმავდროულად, ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ გიგანტური მოცულობის რეზერვების შენარჩუნება დოლარებში "ზედმეტად" სარისკო იქნებოდა.

სავალუტო რისკები

ჩინეთმა გადაწყვიტა იუანი გაამყაროს. ამ მომენტისათვის, ჩინეთის სავალუტო რეზერვები თითქმის სამ მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რომლის ორი მესამედი ამერიკის ადმინისტრაციისა და ამერიკული კომპანიების სავალო ვალდებულებებია.

იმ შემთხვევაში, თუკი შეერთებული შტატების სარეზერვო სისტემა ინფლაციისადმი "შემწყნარებლურ" დამოკიდებულებას გამოამჟღავნებს, ხოლო მსოფლიო ბაზრებზე დოლარის კურსი შემცირდება, ჩინეთს სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ საკუთარი სავალუტო მარაგების შემცირების თაობაზე გამოაცხადოს.

ადვილი შესაძლებელია, პეკინი შეეცადოს დოლარები სწრაფად "მოიშოროს". მაშინ მსოფლიო ეკონომიკისათვის კიდევ უფრო ფატალურ, დამანგრეველ შედეგებს მივიღებთ. ამ შემთხვევაში, არსებობს იმის საფრთხე, რომ ამერიკული დოლარის კურსმა "თავისუფალი ვარდნის" რეჟიმში იმოძრაოს.

ამერიკულ დოლარზე "დამოკიდებულებას" თავი რომ დააღწიოს, ამისათვის პეკინმა საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რიგმა ჩინურმა კომპანიებმა მიიღეს უფლება სხვა ქვეყნებთან საქმიანი გარიგებების გაფორმების დროს, იუანი გამოიყენონ. მოგვიანებით, ამ პროგრამის მოქმედება ჩინეთის 20 ქალაქზე და პროვინციაზე გავრცელდა. ამ დროისთვის კი გახდა ცნობილი, რომ ექსპორტზე ორიენტირებული ჩინური კომპანიების 95% საქმიანობას ახალი პროგრამის ფარგლებში აგრძელებს.

იუანის გამყარება

ჩინეთში თითქმის 70 ათასამდე კომპანიას შეუძლია უცხოელ პარტნიორებთან სავაჭრო გარიგება იუანებში გააფორმოს. ამით გერმანული კომპანიებიც სარგებლობენ. სავაჭრო კონცერნი "მეტრო" ჩინეთში, ჩინელ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას იუანებში ახდენს. ასეთი საქმიანი გარიგებების მოცულობა ჯერ ძალიან მცირეა და ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მხოლოდ 3% ს შეადგენს. მიუხედავად "მოკრძალებული" მაჩვენებლისა, ჩინეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საექსპორტო გარიგებათა ნახევარი ხუთი წლის შემდეგ ეროვნულ ვალუტაში გაფორმდება.

იმისათვის, რომ იუანმა ისეთივე ნიშნულს მიაღწიოს, როგორიც დოლარს უკავია, იგი სარეზერვო ფულადი ერთეულის სახით უნდა გამყარდეს. "საექსპერიმენტო მოედნის" სახით პეკინმა ჰონკონგი გამოიყენა. ბოლო თვეების განმავლობაში, ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში სავალო ვალდებულებათა ბაზარი ჩინურ ვალუტაში ჩამოყალიბდა.

ბონდები იუანებში

რამდენიმე კომპანიამ მიიღო შესაძლებლობა ჰონკონგში ბონდები იუანებში განეთავსებინა. მათ რიცხვში "მაკდონალდსის" სწრაფი კვების რესტორანთა ქსელი, სამშენებლო ტექნიკისა და მოწყობილობათა მწარმოებელი კომპანია ჩატერპილლარ, აგრეთვე აზიის განვითარების ბანკი  შევიდნენ. ახლა "დიმ-სამ" არა მარტო გემრიელ ჩინურ პელმენებს, არამედ ამ ობლიგაციებსაც ეწოდება.
პროგნოზების თანახმად, 2011 წელს, ჰონკონგში ამ სახის ობლიგაციები 100 მილიარდი იუანის მოცულობით განთავსდება, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ დაფიქსირებული იმავე სახის მაჩვენებელი. კომპანია-ემიტენტების ინტერესი ის არის, რომ ისინი მოგებულნი დარჩებიან იმ შემთხვევაში, თუკი იუანის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში მკვეთრად მოიმატებს.

ექსპერტთა აზრით, იუანის კურსი დოლართან მიმართებაში წელიწადში 4-5%-ით გაიზრდება. ვალუტა, რომელსაც ზრდის ასეთი პოტენციალი აქვს, როგორც ინვესტიციის ობიექტი სხვა სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების მხრიდან ინტერესს წარმოადგენს. თუმცა, ამ ინტერესის გააქტიურებამდე, იუანმა "შორი გზა" უნდა გაიაროს.

უახლეს პერსპექტივას რაც შეეხება, შემდეგი ნაბიჯი უნდა გადაიდგას: ჩინეთის მთავრობამ კორპორატიული სავალო ვალდებულებათა აქციები, სახელმწიფო ობლიგაციები იუანებში უნდა გამოუშვას. შემდეგ კი აქტუალური გახდება საკითხი იმის თაობაზე, თუ როდის გამოუშვებენ უცხოელი ინვესტორები ბონდებს ჩინეთის ტერიტორიაზე.

პროექტი "შანხაი-2020"

ამ პროცესის საბოლოო მიზანი ის არის, რომ იუანი თავისუფალ კონვერტირებად ვალუტად გადაიქცეს. როდის მოხდება ეს, ჯერ უცნობია. საინტერესოა ჩინეთის მთავრობის შემდეგი ინიციატივა: უნდა ამოქმედდეს პროექტი "შანხაი-2020", რომლის ბოლომდე განხორციელების შემთხვევაში, ეს ქალაქი საერთაშორისო საფინანსო ცენტრად გადაიქცევა. ამის აუცილებელი პირობა იუანის თავისუფალი კონვერტაციაა. ეს კი შეიძლება მოხდეს არა უგვიანეს 2025 წლისა.

ადვილი შესაძლებელია, ამ მომენტისათვის, ჩინეთის ფულადმა ერთეულმა ადგილი მსოფლიო ვალუტების სამეულში დოლართან და ევროსთან ერთად დაიკავოს. საბანკო ექსპერტთა აზრით, რაც უფრო მალე მიანიჭებს პეკინი "თავისუფლებას" იუანს, მით უფრო მალე გაიზრდება მისი მნიშვნელობაც.
იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაცია მსოფლიოში პროგნოზების შესაბამისად განვითარდება, უკვე 2050 წლისათვის, ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერის გათვალისწინებით, იუანმა შეიძლება ძირითადი სარეზერვო ვალუტის რანგში დოლარი ჩაანაცვლოს. 

ვეფხია სამსონიძე