ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
#2(134), 2011
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა გაიზარდა

სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 1,3%-ით, ანუ 81,6 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლისათვის 6,3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0,5%-ით, ანუ 7,9 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 1,9 პროცენტით, ანუ 89,5 მლნ ლარით გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 614,4 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2,8%-ით ანუ 17,6 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 3 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1,3%-ით ანუ 40.2 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 51,3 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2010 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.1%-ით ანუ 2,6 მლნ ლარით შემცირდა და 1,9 მლრდ ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი თებერვლისათვის 801 მლნ ლარით განისაზღვრა (3,2%-ით ანუ 24,8 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10,5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 382,5 მლნ ლარია. ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83,9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის იანვრის თვის განმავლობაში 1,5%-ით ანუ 35,9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 2,4 მლრდ ლარს მიაღწია.

საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა გაიზარდა

2011 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 973 ახლად რეგისტრირებული საწარმო მოქმედებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, მათი რაოდენობა 2010 წლის იანვართან შედარებით 34%-ით არის გაზრდილი. დამატებული ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელმა იანვარში 2,619 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის იმავე მაჩვენებელს 39,7%-ით აღემატება.

საქსტატი: იანვარში ეკონომიკა 9,3 პროცენტით გაიზარდა

2011 წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 9,3 პროცენტით გაიზარდა. როგორც სტატიტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, 2010 წლის იანვრის ანალოგიური მაჩვენებელი 1,4 პროცენტს შეადგენდა.

მისი თქმით, ზრდა ასევე აღინიშნება საგარეო ვაჭრობის, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებში. კერძოდ, ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 38, ხოლო იმპორტის - 57 პროცენტით არის გაზრდილი.

ზაზა ჭელიძის თქმით, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის შესაბამის მონაცემებს ეფუძნება, რასთანაც უშუალოდ საქსტატის მიერ დამუშავებული მონაცემები ჯერდება.

აფბა-ს ეკონომიკის 9-პროცენტიანი ზრდა არარეალურად მიაჩნია

საქართველოს ახალგაზრდა ფინანისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ხელმძღვანელ მერაბ ჯანიაშვილს მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკის 9-პროცენტიანი ზრდა არარეალურად მიაჩნია. იგი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა იანვარში 9 პროცენტით გაიზარდა. ჯანიაშვილის თქმით, 2010 წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდის ოფიციალური მაჩვენებელი 6 პროცენტს შეადგენდა. 2011 წლის დასაწყისისთვის ასეთი ნახტომისებური ზრდა ვერ მოხდებოდა.
 
"ასეთი მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად ეკონომიკური ძვრები 2010 წლის ბოლოს მაინც უნდა დაწყებულიყო, რომ შემდეგ 2011 წელსაც გაგრძელებულიყო. ამასთან, ქვეყანაში ძალიან მაღალი ინფლაციაა, რის გამოც ბიზნესი აქტივობისაგან თავს იკავებს და, წესით, ასეთ პირობებში ეკონომიკა დაგეგმილზე ნელი ტემპით უნდა გაიზარდოს", - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

"რამდენადაც მახსოვს, 2011 წლისათვის ეკონომიკის ზრდის 4,5-პროცენტიანი ზრდა არის დაგეგმილი. თუ ეს მაჩვენებელი იანვარშივე გავაორმაგეთ, ყოჩაღ, ჩვენ", - ნახევრად ხუმრობით შენიშნა ექსპერტმა.

როგორ იხარჯება დონორების გამოყოფილი 4,5-მილიარდიანი დახმარება?

საქართველოს მთავრობის მეთაური ნიკა გილაური ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს 2008 წლის ომის შემდეგ დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი 4,5 მლრდ დოლარის ხარჯვასთან დაკავშირებული პრეზენტაციის გამართვას სთხოვს.
 
პრემიერ-მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს, საზოგადოება და მედია ამ თანხების ხარჯვისა და დონორთა დახმარებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალურად იყოს ინფორმირებული. წინასწარი განმარტებები კი ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე თავად გილაურმა გააკეთა.

"2008 წელს ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის შეპირებული 4,5 მლრდ აშშ დოლარიდან თანხის დიდი ნაწილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა, ნაწილი ახლა იხარჯება, ნაწილის ათვისება კი 2012-2013 წლებში იგეგმება", - განმარტა პრემიერმა.

კახა ბაინდურაშვილის ინფორმაციით კი, 4,5 მლრდ დოლარიდან 4 მლრდ-ის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა და მათგან 2 მლრდ დოლარი უკვე ათვისებულია. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დამატებით ერთი მლრდ დოლარის მიღება მოახერხა.

"საერთო ჯამში, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილმა დახმარებამ 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა. 2011-2013 წლებში საქართველო ამ თანხიდან 3 მლრდ-ზე მეტს დახარჯავს", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.

ვერა ქობალია სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებით უკმაყოფილოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია წინა წლებში სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებით უკმაყოფილოა.

ამის შესახებ ქობალიამ სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "წარმატების ფორმულა ქართველ ფერმერებს" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციები როგორც ამ დარგის განვითარებას, ისე უსაფრთხო კვებით უზრუნველყოფას განაპირობებს. წინა წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტირება ძალიან დაბალი ტემპით ხორციელდებოდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, არ გვაქვს ისეთი დიდი მიწები, როგორიც ბრაზილიას ან პაკისტანს; ქვეყანაში არ არსებობს დამხმარე ინფრასტრუქტურა - სასაწყობე და სამაცივრე ნაგებობები; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიწების პრივატიზაცია ერთბაშად ვერ ხორციელდება. ეს პრობლემები სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპებზეც აისახა", - განაცხადა ქობალიამ და იქვე დასძინა, რომ მიზანმიმართული მუშაობის შემთხვევაში მდგომარეობა გამოსწორდება და საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

საქართველოში ზეთისხილის პლანტაციები 500 ჰა-ზე გაშენდება

2011 წლის ბოლომდე ზეთისხილი ქვეყნის მასშტაბით 500 ჰექტარზე გაშენდება, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა. მინისტრის თქმით, პლანტაციების გაშენების შემდეგ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული ზეთისხილი ექსპორტზეც გავიდეს.

"წელს ზეთისხილის პლანტაცია დაახლოებით 500 ჰექტარზე გაშენდება და შესაბამისად ამ ბიზნესით დაკავებულ ახალ ინვესტორებს სტიმულს მისცემს, რადგანაც დღეს ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს კლიმატიდან გამომდინარე ქვეყანაში ზეთისხილის წარმოების უდიდესი პოტენციალია", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. მინისტრის თქმით, ქვეყანაში ზეთისხილის წარმოებით, თურქ ინვესტორებთან ერთად ებრაელი ინვესტორებიც არიან დაინტერესებულნი. მინისტრი ამბობს, რომ ზეთისხილის პლანტაციის პროექტში ადგილობრივი ინვესტორებიც არიან ჩართულნი.

"ჩვენი მიზანია, რომ ახალი საექსპორტო პროდუქცია ვაწარმოოთ. ვაწარმოოთ პლანტაციური ტიპით მოცვი, ნუში, ზეთისხილი, ბროწეული, კივი. ანუ ის პროდუქცია, რომელზედაც დიდი მოთხოვნა და მისი პოტენციალი საქართველოში არსებობს. ჩვენი ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის ღვინის, თხილისა და ციტრუსის გვერდით უკვე ვიხილავთ როგორც ზეთისხილს, ასევე ნუშს და სხვა პროდუქტებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თურქული კომპანიები "ჯეოლაივი" სიღნაღში ზეთისხილის პლანტაციიების გაშენებით დაინტერესდა. "ჯეოლაივი" საქართველოში 2009 წელს თურქეთში მცხოვრები ქართველების მიერ დაფუძნდა, ხოლო მისი ქართველი პარტნიორი "კეპიტალ ფართნერს ოფ ჯორჯიაა".

"კეპიტალ ფართნერს ოფ ჯორჯია" 1200 ჰექტარ ნაკვეთს ფლობს კოლხეთის დაბლობში, გურიისა და სამეგრელოს რაიონებს შორის. კომპანიამ უკვე განახორციელა 1,2 მილიონი ლარის ინვესტიცია აგრარულ სფეროში.

ხელისუფლება პენსიების გაზრდას აპირებს

ხელისუფლება პენსიების ეტაპობრივი ზრდის პროგრამაზე მუშაობს, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გამოვნახეთ რესურსი, რათა საცხოვრებლის მიხედვით, ყველა ოჯახს დაურიგდეს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი. ახლა კი იწყება სასურსათო ვაუჩერების დარიგება, რომელიც ოჯახებს 30 ლარით შეუმსუბუქებს საყოფაცხოვრებო ხარჯებს. ვმუშაობთ ასევე, რომ ეტაპობრივად მოხდეს პენსიების ზრდა წლის განმავლობაში, იმ ეტაპზე, როცა მოვახდენთ ამ სახსრების მაქსიმალურ აკუმულირებას და მობილიზებას, რადგან ვიცი, რომ პენსიონერებსაც ძალიან უჭირთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ვაუჩერების სახით გაცემულ სახელმწიფო დახმარებას პრეზიდენტმა „ზღვაში წვეთი" უწოდა და დასძინა, რომ კრიზისის დასაძლევად ეკონომიკური გარემო უნდა გაუმჯობესდეს.

მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რთული ვითარებიდან გამომდინარე მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ფინანსურ რესურსებს არ იშურებს.

თანაბარი უფლებები - ყველა მეწარმეს

საგადასახადო კუთხით ყველა მეწარმეს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში, გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნის ღონისძიებაზე.

„ვნერგავთ ახალ მექანიზმებს, რომლის მიხედვითაც, თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია შეცდომით, არცოდნით, თუ ის თავს არ აარიდებს გადახდას, უნდა გათავისუფლდეს სანქციებისგან", - განმარტა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საგადასახადო სისტემაში არსებული „სულ ცოტა ხნის წინანდელი" სიტუაცია „გაის ინსპექტორების" პერიოდს შეადარა და ყურადღება საგადასახადო შეღავათებზე გააკეთა. „ბიზნესის სტიმულირების მიზნით ვამკვიდრებთ, დამატებული ღირებულების გადასახადის დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც თუ გადამხდელმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 200 ათასი ლარი, თავისუფლდება დღგ-ის გადახდის ვალდებულებისგან. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციის ტოლფასი და ისეთი უპრეცედენტო სესხის მოცულობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მილიარდ ლარს მიაღწევს, როგორც დახმარება ბიზნესის სტიმულირების კუთხით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

„საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი" სადაზღვევო სერვისების კვლევას იწყებს

დაზღვევის სამოქალაქო მონიტორინგის ორგანიზაცია „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი" იწყებს სოციოლოგიურ კვლევას, რომლის მიზანია მოქალაქეთა სამედიცინო სადაზღვევო სერვისებით კმაყოფილება-უკმაყოფილების შესწავლა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტში" დაზღვეულებისგან არაერთი საჩივარი შემოდის ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის უხარისხო სადაზღვევო მომსახურების გამო. ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ საჩივრები ან სისტემური ხარვეზებითაა გამოწვეული, ან ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის არაკომპეტენტურობის ბრალია, ანდა დაზღვეულთათვის სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების ხელმისაწვდომობა ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის მიერ ხელოვნურად იზღუდება.

როგორც „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, აღნიშნული კვლევის შედეგები აუცილებელია ზუსტი დასკვნების გასაკეთებლად. გამოიკითხება კონკრეტული სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო დაზღვევის „კორპორატიული", ე.წ. კერძო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული 400-მდე პირი. რესპონდენტთა შერჩევა მოხდება თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ეგვიპტეს საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესებაში რევოლუციახელს ვერ შეუშლის

ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ ეგვიპტეში მომხდარი რევოლუცია საქართველოს საინვესტიციო გარემოთი ქვეყნის დაინტერესებას ხელს ვერ შეუშლის.

"იმედი გვაქვს, რომ ყველა არსებული პროექტი, რომელზეც ეგვიპტეში სიტუაციის დაძაბვამდე იყო საუბარი, ვითარების დაბალანსების შემდეგ ძალაში დარჩება და ჩვენი ურთიერთობა ისეთივე ფორმით შენარჩუნდება, როგორიც აქამდე იყო. მეტიც, იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

მისი განმარტებით, ეგვიპტე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველოს არა მხოლოდ კეთილმეგობრული, არამედ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები სურს.

ცნობილია, რომ ეგვიპტელ ბიზნესმენებს საქართველოში ხორბლის საწარმოს შექმნა სურთ. ისინი ასევე პორტით არიან დაინტერესებული.