ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
#2(134), 2011
როგორია სახელმწიფოს სახსრების ხარჯვის პრიორიტეტები მიმდინარე წელს

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტმა გასული წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა. ბიუჯეტის კანონის დასაწყისშივე მითითებულია საქართველოს მთავრობის ხედვა, თუ რა პრიორიტეტებს გაითალისწინებს სახელმწიფო 2011-2014 წლებში. მთავრობამ სათაურიც მოიფიქრა - „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“.

პირველივე აბზაცში მითითებულია, რომ „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე – საქართველოს მთავრობის უცვლელი მიზანია. ეს მიზანი უნდა განხორციელდეს თვალსაჩინო ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაკენ მიმართული ეფექტიანი ქმედებებით. გამოწვევად კვლავ რჩება გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტი“... პრიორიტეტების ჩამონათვალში ასევე თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროზეა ყურადღება გამახვილებული, თუ რა არის გასაკეთებელი მიზნის _ „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ - მისაღწევად. 

თუმცა, მთავრობის არ სჯერა ოპოზიციას და ბიუჯეტიც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ხმებით დამტკიცდა.  

სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მოცულობაც დაახლოებით 7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, ხელისუფლება რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროს გამოყოფს. ესენია: სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის „ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ“ მიმართული ბიუჯეტი, რომელმაც „სტაბილურობა“ უნდა უზრუნველყოს.

2011 წლის ბიუჯეტის მოცულობა შარშანდელზე ნაკლებია
 
ბოლო წლების ტრადიცია დაირღვა. წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელზე უფრო მცირეა. მართალია, ციფრებში საკმაოდ მცირე სხვაობაა, მაგრამ ლარის კურსის შემცირებას თუ გავითვალისწინებთ, უკვე საკმაო სხვაობა იგრძნობა 2010 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებთან.
 
2011 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია  6.995.109.300 ლარით. 2010 წლის ბიუჯეტში კი შემოსულობები 7.088.226.500 ლარს შეადგენდა. სამაგიეროდ, წლევანდელი ბიუჯეტი დეფიციტურია დაგეგმილი. შარშან თუ გადასახდელები 7.085.226.500 ლარი იყო, წლევანდელ შემცირებული შემოსულობების მიუხედავად გაზრდილია გადასახდელები და იგი 7.107.091.400 ლარს შეადგენს.

ცხრილი №1
     

რაც შეეხება შემოსავლებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 5.955.814.900 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, თავის მხრივ შედგება: 5,3 მილიარდი ლარი გადასახადებისგან; 355.814.900 ლარი გრანტებიდან და 300 მილიონი "სხვა შემოსავლებიდან". 
 
მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განცხადებებისა, გადასახადების რეალური შემცირებისგან მთავრობა ჯერ შორს არის. ამ მხრივ თვალსაჩინო მაგალითად წლევანდელ ბიუჯეტში გადასახადების კუთხით შემოსავლის ზრდაც გამოდგება. შემოსავალი უკლებლივ ყველა გადასახადის კუთხით მეტია წელს დაგეგმილი წინა წელთან შედარებით, თუ არ ჩავთვლით „სხვა გადასახადებს“, რომელიც შარშანდელ ბიუჯეტში თუ 55 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, წელს კი 35 მილიონია ნავარაუდები. "სხვა გადასახადების" შემცირება გარდაუვალიც იყო. სავარაუდოდ აქ საუბარია დღეს უკვე გაუქმებული გადასახადების კუთხით წინა წლებში მისაღებ თანხებზე. მათი ამოღება კი თავისთავად "სხვა გადასახადების" მუხლს ამცირებს.  

2010 წლის ბიუჯეტიც გადასახადების ზრდით იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე გადასახადი 2009 წელთან შედარებით შემცირებული გახლდათ. მაგალითად, მოგების გადასახადი 2009 წელთან შედარებით 2010 წელს თუ 517 მილიონიდან 515 მილიონამდე შემცირდა, 2011 წელს გაზრდილია და 605 მილიონს შეადგენს.  

უფრო ზუსტად კი გადასახადების კუთხით მისაღები საბიუჯეტო შემოსავლები ცხრილი #2-დან ჩანს.

რას მოხმარდება 2011 წლის ბიუჯეტის ფული

ბიუჯეტის კანონის დასაწყისშივე ნათქვამია, რომ 2011-2014 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი და მიზანია „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“. ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ამ ლოზუნგს ბიუჯეტიდან მიმართული ფული ამა თუ იმ სფეროს დაფინანსებისას.  

საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები წელს გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ. შარშან თუ 37,45 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, წელს 40,13 მილიონია. სამაგიეროდ, შემცირებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 17,1 მილიონიდან ლარიდან 14,15 მილიონ ლარამდე.

ცხრილი №2
     
 
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი წელს 1,3 მილიონ ლარს მიიღებს, შარშან კი 1,29 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

საქართველოს მთავრობის კანცელარია შარშანდელთან შედარებით წელს ოდნავ შემცირებულ დაფინანსებას მიიღებს. შარშან 8,79 მილიონი ლარი გამოუყვეს, წელს კი - 8,5 მილიონი ლარი.  

საქართველოს კონტროლის პალატა წელს 11,15 მილიონს მიიღებს; შარშან 12,63 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს არჩევნები არ არის დაგეგმილი და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შარშან თუ ბიუჯეტიდან 40,345 მილიონი მიიღო, წელს მისთვის 13,18 მილიონი ლარია განსაზღვრული.

სასამართლოების დაფინანსებაში შარშანდელთან შედარებით უმნიშვნელო სხვაობებია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება 2,615 მილიონი ლარია, საქართველოს უზენაესი სასამართლო 6,033 მილიონს, ხოლო საერთო სასამართლოები 32,4 მილიონ ლარს მიიღებენ. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის 1,075 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სახელმწიფო რწმუნებულებს უკლებლივ ყველას უმცირდებათ დაფინანსება. სახელმწიფო რწმუნებულის მუნიციპალიტეტები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში წელს 1,2 მილიონი ლარით დაფინანსდება, შარშან კი 1,48 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული; 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გურიის მხარეში 700 ათასი ლარით დაფინანსდება;

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისში 920 ათასი ლარით დაფინანსდება, შარშან ამ მხარისთვის დაფინანსება 1,3 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული; 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კახეთის მუნიციპალიტეტებში 940 ათასი ლარით დაფინანსდება, შარშან კახეთისთვის 1,25 მილიონი იყო განსაზღვრული;

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მცხეთა-მთიანეთში წელს 700 ათას ლარს მიიღებს. შარშან დაფინანსება 1,06 მილიონი ლარი იყო.; 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რაჭა-ლეჩხუმში 685 ათას ლარს მიიღებს, შარშან კი ამ მხარისთვის 1,04 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული;

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამცხე-ჯავახეთში 725 ათას ლარს მიიღებს, შარშან 1,07 მილიონი ლარი განუსაზღვრეს; 

სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში 895 ათას ლარს მიიღებს, შარშან კი 1,2 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული;

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში 740 ათასი ლარით დაფინანსდება, შარშან 1,06 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული.  


რა დაფინანსებას მიიღებენ სამინისტროები

სამინისტროებიდან ზოგი გაზრდილ, ზოგიც შემცირებულ დაფინანსებას მიიღებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გასულ წლებში არსებული პრიორიტეტები 2011 წელს გარკვეულწილად შეცვლილია. ზოგიერთი უწყება, რომლის დაფინანსებაც ყოველწლიურად მცირდებოდა, ამჟამად გაზრდილია. ზოგიც პირიქით, ყოველწლიურად მეტ თანხას ღებულობდა და ამჟამად დაფინანსება შეუმცირდა. 

ჯერ ის სამინისტროები, რომელთაც შარშანდელთან შედარებით დაფინანსება შეუმცირდათ:

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წელს 1,3 მილიონ ლარს მიიღებს, შარშან კი დაფინანსება 2,2 მილიონი ჰქონდა. 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 623200 ლარი გამოუყვეს, შარშან 950000 ლარი იყო გათვალისწინებული.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოდნავ შემცირებულ დაფინანსებას მიიღებს. შარშან ამ უწყებას 1,03 მილიონი ლარი მისცეს, წელს 1 მილიონი ლარია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 115 მილიონი ლარით შემცირებულ დაფინანსებას მიიღებს და 202,364 მილიონით დაფინანსდება. 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო წელს 105,53 მილიონ ლარს მიიღებს, შარშან კი 125,4 მილიონი ლარი ჰქონდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წელსაც უმცირდება დაფინანსება. წელს 748,72 მილიონი ლარია განსაზღვრული, შარშან კი 660 მილიონი იყო გამოყოფილი. 

საინტერესოა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე შემცირებულ ბიუჯეტს მიიღებს. წელს 550,84 მილიონი ლარია განსაზღვრული, შარშან კი ამ უწყების დაფინანსება 552,76 მილიონი იყო.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო შარშანდელთან შედარებით 4 მილიონით ნაკლებ თანხას, 53 მილიონ ლარს მიიღებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 30,38 მილიონ ლარს მიიღებს, 2010 წელს კი სამინისტროსთვის 39,63 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. 

მიუხედავად სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტულად მიჩნევისა, საქართველოს მთავრობამ ოდნავ შეუმცირა დაფინანსება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. წელს სამინისტროს ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ლარია, შარშან კი 1,61 მილიარდი ლარი იყო გამოყოფილი.

მართალია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაშლას და გაუქმებას ვერ გადაურჩება, მაგრამ როგორც ჩანს, დეკემბრის ბოლოს ჯერ არ იყო სამინისტროს გაუქმება გადაწყვეტილი და მისთვის ბიუჯეტიდან 27,21 მილიონი ლარია გამოყოფილი. შარშან კი იგივე უწყებამ 30,07 მილიონი ლარი მიიღო.  

ახლა ის სამინისტროები, რომელთა დაფინანსებაც გაიზარდა:

როგორც ჩანს, კახა ბენდუქიძის იდეას ჯერჯერობით განხორციელება არ უწერია. მინისტრობისას მისი ვარაუდი, რომ რამდენიმე წელში ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ საჭირო აღარ იქნებოდა და ნელ-ნელა უწყების დაფინანსებაც შემცირებისკენ მიდიოდა, წელს ის გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შარშან თუ 71,26 მილიონი ლარი მიიღო, წლევანდელი დაფინანსება 75,44 მილიონ ლარია. 

ტრადიციულად იზრდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი. შარშან 689,47 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, წელს 864,03 მილიონი ლარია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შარშანდელთან შედარებით ასევე მეტ დაფინანსებას მიიღებს. შარშან 47,59 მილიონი იყო, წელს 68,7 მილიონი ლარია. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 73,236 მილიონი ლარია განსაზღვრული, შარშან კი 69,24 მილიონი იყო.

2009 წელთან შედარებით შარშან შეუმცირდა დაფინანსება, მაგრამ წელს ისევ მატებაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაში და 566 მილიონი ლარია. შარშან კი ამ უწყებამ 550 მილიონი ლარი მიიღო. 

საინტერესოა ასევე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსების ზრდა ბოლო 2 წელიწადში. ეს უწყება რამდენიმე წლის მანძილზე სულ უფრო მცირე დაფინანსებას ღებულობდა, თუმცა ბოლო 2 წელია სამინისტროს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს. შარშან თუ 199,4 მილიონი ლარი იყო, წელს 204,75 მილიონი ლარია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ გაზრდილი დაფინანსება ძირითადად უცხოელ დონორებზე მოდის და წელს საბიუჯეტო სახსრები თუ 37,82 მილიონი ლარის ოდენობითაა გამოყოფილი, დონორების წილად 166,94 მილიონი ლარი მოდის. ეს თანხა ძირითადად ენგურჰესის რეაბილიტაციას და შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტს უნდა მოხმარდეს.

საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას, რომ სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება უნდა ექცეოდესო, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ბიუჯეტის გაზრდა მოჰყვა. შარშანდელთან შედარებით ზრდა მართლაც შესამჩნევია. 2011 წელს ეს უწყება 69,15 მილიონ ლარს მიიღებს, შარშან კი მხოლოდ 38,35 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 4 მილიონით მეტ დაფინანსებას მიიღებს და თანხა 31,08 მილიონი ლარი იქნება.

უცვლელია საქართველოს დაზვერვის სამსახურის დაფინანსება და შარშანდელის მსგავსად წელსაც 5 მილიონ ლარს შეადგენს. 


როგორ გადანაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება სხვა უწყებებში

იზრდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსება 41 მილიონიდან 47,5 მილიონ ლარამდე; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაფინანსება 818100 ლარიდან 1,4 მილიონ ლარამდე; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შარშანდელთან შედარებით წელს 100 ათასი ლარით მეტს მიიღებს და 4,76 მილიონი ლარი ექნება. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დაფინანსება 165200 ლარიდან 180000 ლარამდე მოიმატებს. 

შემცირდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება 2,28 მილიონი ლარიდან 2,15 მილიონ ლარამდე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი წელს 25 მილიონს მიიღებს, შარშან კი მისი დაფინანსება 38 მილიონს აჭარბებდა. სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციის დაფინანსება შარშანდელისგან ოდნავ მცირეა და 8,84 მილიონი ლარია. 

საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდება საქართველოს საპატრიარქოსაც. შარშან თუ 25,3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, წელს 22,8 მილიონი ლარია. თუმცა, საპატრიარქოს დაფინანსების შემთხვევაში მთავრობის თუ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დამატებით დაფინანსება არასდროს აკლია ხოლმე. ამიტომ, 2011 წელს სახელმწიფოსგან მთლიანობაში მიღებული თანხა 22,8 მილიონ ლარს ნამდვილად გადააჭარბებს.

შემცირებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – საქსტატის დაფინანსება. შარშან ამ უწყებამ თუ 4,85 მილიონი ლარი მიიღო, წელს 4,2 მილიონი ლარია განსაზღვრული. 

შარშანდელთან შედარებით წელს გაზრდილია საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისთვის განსაზღვრული თანხა. შარშან თუ 1,6 მილიარდი ლარი იყო, წელს 1,65 მილიარდი ლარია. ამ თანხაში შედის საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა 332,76 მილიონი ლარი; საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა - 155,42 მილიონი; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებები - 2,95 მილიონი; ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები - 842,55 მილიონი ლარი. 

5-5 მილიონი ლარით არის შემცირებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება და წელს ორივე ფონდისთვის განსაზღვრულია 50-50 მილიონი ლარი. 

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შარშანდელის მსგავსად 40 მილიონს მიიღებს.

ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დასაფარად ასევე 40 მილიონი ლარია განსაზღვრული. აქ სავარაუდოდ საუბარია იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, რომლებსაც წინა წლებში ბიუჯეტში გადასარიცხი გადასახადები დაუგროვდათ. 

ტრადიციულად, წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენჯერმე შეაქვთ ცვლილებები. ასეთი ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტს წელსაც აუცილებლად მოუწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან ცოტა ხანში გაირკვა, რომ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უქმდება. პარლამენტი განიხილავს სამინისტროს დანაწევრების ხარჯზე მისი ფუნქციების უმეტესობის ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემას, ხოლო ფუნქციების ნაწილის _ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის გადანაწილებას.

ბიუჯეტის დამტკიცებისას ასევე არ იყო გათვალისწინებული პენსიების ზრდა 100 ლარამდე, რის ინიციატივითაც პრეზიდენტი წარსდგა და გადაწყდა კიდეც - სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარს გაუთანაბრდება.  

შარშან საპენსიო უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 922 მილიონი იყო გათვალისწინებული, წლევანდელ ბიუჯეტში კი 932 მილიონი ლარია.

სოციალური დახმარებები შარშან 225 მილიონი ლარით დაფინანსდა, წელს 213 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ცხადია პენსიის ზრდისთვის საკმარისი არ არის. 

პრეზიდენტის ინიციატივითვე დარიგდა ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები დაახლოებით მილიონი აბონენტისთვის. იგივე რაოდენობა ოჯახები მიიღებენ 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერებს. პრეზიდენტის ინიციატივითვე მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამატებით 150 მილიონი ლარის გამოყოფა...

ასე რომ, წლევანდელ ბიუჯეტს პენსიების ზრდის კუთხითაც აუცილებლად მოუწევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. რას მოაკლდება თანხა, რამაც სოციალური პროგრამების დაფინანსება და სხვა ღონისძიებები უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდეგ გახდება ცნობილი.  


ექსპერტების შეფასება

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია წლევანდელ ბიუჯეტს წინა წლების მსგავს ბიუჯეტად მიიჩნევს. მისი აზრით, თანხების მიზნობრიობა არც წელს არის დეტალურად განსაზღვრული და გამჭვირვალობის მხრივ წლევანდელი ბიუჯეტიც საკმაოდ მრავალ კითხვას აჩენს. 

"რამდენიმეწლიანი პრიორიტეტები შენარჩუნებულია. ბიუჯეტის ხარჯების საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ სოციალურ სფეროზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიემართება, თუმცა წინა წელთან შედარებით არ იზრდება სოციალური სფეროს დაფინანსება და ინფლაციის გათვალისწინებით, პირიქით, მცირდება კიდეც. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ბიუჯეტის ფორმატი პრაქტიკულად არის ის, რაც წინა წელს იყო. გამჭვირვალობის თვალსაზრისით ბიუჯეტში არსებითად არაფერი არ შეცვლილა. მითუმეტეს, იყო ვალდებულება, რომ რამდენიმე სფერო და რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი 2011 წლის პირველ იანვრამდე უნდა გადასულიყო პროგრამული ბიუჯეტის პრინციპზე, თუმცა ეს არ არის განხორციელებული", - ამბობს დავით ნარმანია.  

2011 წლის ბიუჯეტი ახალი საგადასახადო კოდექსის პირობებშია დაგეგმილი და განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლები იზრდება. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ სახის გადასახადით მისაღები თანხა წინა წელთან შედარებით თითქმის 21%-ით მეტია. "ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური პირებისგან გადასახადების სახით მისაღები შემოსავლები უფრო მეტად იზრდება პროცენტულად, ვიდრე იურიდიული პირებიდან გადასახადი. ასევე აქციზის განაკვეთების გაზრდა მოხდა რამდენიმე კატეგორიის საქონელზე და ესეც ნიშნავს, რომ ფიზიკური პირებიდან ხდება გადასახადების ამოღება გაზრდილი ფასების ხარჯზე".  

მნიშვნელოვანი თემაა საგარეო ვალი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უარესდება. ქვეყანა 2011 წელსაც განაგრძობს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის აღებას. წელს საგარეო ვალდებულებების ზრდა დაახლოებით 620 მილიონი ლარია. ეს არის ძირითადად სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მისაღები ვალდებულება, რომელთა კონტრაქტების ნაწილი უკვე ხელმოწერილია.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა წელსაც აპირებს ახალი საგარეო ვალდებულებების აღებას. საუბარია 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების მსგავს ოპერაციაზე. თუმცა, ცხადია, ეს განზრახვა ბიუჯეტში არ არის ჩადებული. ზეპირი განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა უკვე დაადასტურეს ახალი ევრობონდების გამოშვების თემაზე მუშაობა. ახალი ვალის აღების გარეშეც ქვეყანას საკმაოდ დიდი ვალი აქვს.წლევანდელ ბიუჯეტში ასახულია გადასახდელი ძირითადი თანხის ნაწილი და აგრეთვე სხვადასხვა სესხების მომსახურების პროცენტები. მთლიანობაში წელს ეს თანხა 332 მილიონ ლარს შეადგენს.  

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია აცხადებს, რომ საგარეო ვალის შემცირების კურსმა 2008 წლამდე იარსება.

"2006-2007-2008 წლებში საგარეო ვალდებულებების მოცულობა მცირდებოდა. ასეთი იყო ხელისუფლების სტრატეგია. თუ არ ჩავთვლით 2008 წელს აღებულ ევრობონდებს, მანამდე მართლა კლებადი იყო საგარეო ვალდებულებების მოცულობა. კლება ასევე გამოწვეული იყო კურსთა შორის სხვაობითაც. მაშინ ლარი მყარდებოდა და შესაბამისად, ნაკლები ლარი გამოდიოდა გადასახდელი. იყო სტრატეგია, რომ ვადაზე ადრეც ვაპირებდით სესხების დაფარვას. შემდეგ უკვე შეიცვალა კურსი და 2008 წელს, როცა ბიუჯეტში პროფიციტი გვქონდა, სწორედ მაშინ ავიღეთ ვალი. წესით, ახალი ვალდებულებების აღება დეფიციტის დასაფარად ხდება ხოლმე. როცა დეფიციტი არ აქვს ქვეყანას და მაშინ იღებს ვალდებულებას, ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს გათვლილი, რისთვის იღებს ახალ ვალს".  

ასეთი გათვლა საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნდა და აგვისტოს ომმაც ყველაფერი ყირამალა დააყენა. ომს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც დაერთო და საქართველოს საგარეო ვალმაც მას შემდეგ ზრდა დაიწყო.
რაც შეეხება წლევანდელი ბიუჯეტის 4,5%-იანი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლით დაგეგმვას, ექსპერტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ 4,5% რეალურია და ქვეყანას არ უნდა გაუჭირდეს ასეთი მაჩვენებლის მიღწევა. "მნიშვნელოვანი ვარდნის პერიოდის შემდეგ 4,5%-იანი ზრდა ნამდვილად არ არის მაღალი და ჩემი აზრით შედარებით უფრო ნორმალური მაჩვენებელია დაგეგმილი. მთავარი პრობლემა რაც ქვეყანაში რჩება, ეს არის დაბალი საინვესტიციო აქტივობა, რაც შესაბამისად განაპირობებს ასევე ბიუჯეტის ზოგიერთი ტიპის შემოსავლების სიმცირეს", - აცხადებს ნარმანია. 

2010 წელი ბოლო წლებში იმითაც გამოირჩეოდა, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში ყველაზე მცირე უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ხელისუფლება წელს ამ მდგომარეობის გამოსწორებასაც აპირებს. თუმცა, რა გამოვა ამ დაპირებიდან, ან, რა ცვლილებები მოუწევს სახელმწიფო ბიუჯეტს - წლის განმავლობაში გამოჩნდება. 

თემურ იობაშვილი