ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
საადვოკატო საქმიანობის შესახებ
#2(134), 2011
ჩვენი ჟურნალის მკითხველთა შორის ბევრს აინტერესებს საადვოკატო საქმიანობის ძირითადი პრინციპები. მათ შორის ბევრია ახალგაზრდა, რომელთაც ადვოკატობის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ დღემდე ვერ აისრულეს ოცნება, ვინაიდან არ გაუვლიათ შესაბამისი ტესტირება; ზოგმა შეიძლება ტესტირება წარმატებით გაიარა, მაგრამ იურისტად მუშაობის ერთი წლის სავალდებულო სტაჟის უქონლობა უშლის ხელს გახდეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და პრაქტიკულად შეასრულოს თავისი მოვალეობა. ზოგ ახალბედა იურისტს ადვოკატის სტაჟიორად ან თანაშემწედ მუშაობა სურს და გვთხოვს ვაცნობოთ, - რა აუცილებელი მოთხოვნებია კანონით დაწესებული აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად. უნდათ იცოდნენ, რა ფუნქციები აკისრია დღეს ადვოკატთა ასოციაციას და მის შესაბამის სამსახურებს, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს იურისტი, რომ მისი წევრი გახდეს და სხვა.

დღევანდელ სტატიაში საადვოკატო საქმიანობის შესახებ ვისაუბრებთ და განვმარტავთ, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: კანონიერება; საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; ადვოკატთა თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა და დაცვა; "ადვოკატთა შესახებ" 2001 წ. 20 ივნისის საქართველოს კანონით (მასში შეტანილი ცვლილებებით) გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა; ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა. 

საადვოკატო საქმიანობა მოიცავს ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი), მის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დაცვის, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, წინასწარი დაკავების, მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში. მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტების წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას. 


კითხვა: თუ შეიძლება, კონკრეტულად აგვიხსნათ, ვინ შეიძლება იყოს ადვოკატი და რა ვალდებულება აკისრია მას?

პასუხი: კანონის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება - "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა, ამავე დროს აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. ადვოკატი ვალდებულია: კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; არ შელახოს სასამართლოს და პროცესის მონაწილეთა უფლებები; დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ; მონაწილეობა მიიღოს საბაჟოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში (ცვლილება შეტანილია 2009 წლის 17 ნოემბრის #2040 კანონით). ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს იმ ფინანსურ ვალდებულებათა შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან. 


ადვოკატს უფლება აქვს კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს ტესტირების გავლა და შესაბამისი სარეიტინგო ქულების მოპოვება. ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ. ტესტირების ჩატარების წესსა და პროგრამას ამტკიცებს და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, ხოლო ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება (25.11.2005 #2155). 

აღსანიშნავია, რომ ტესტირება არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. ადვოკატთა სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.

საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: საკონსტიტუციო სამართალი; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; სისხლის სამართალი; სისხლის სამართლის პროცესი; სამოქალაქო სამართლის პროცესი. 

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: საკონსტიტუციო სამართალი; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; სამოქალაქო სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი.

სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; სისხლის სამართალი; სისხლის სამართლის პროცესი. 

ადვოკატს, რომელსაც ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა შესაბამის დარგში. რაც შეეხება საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, მასში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.

ტესტირება ტარდება სახელმწიფო ენაზე. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას. 


კითხვა: შეუძლია თუ არა ადვოკატს ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს განახორციელოს საადვოკატო საქმიანობას?

პასუხი: არ შეუძლია; საყურადღებოა, რომ ტესტირების დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს, თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას.


ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ. დაუშვებელია აგრეთვე ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზეც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

კითხვა: შეიძლება თუ არა ადვოკატმა დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა და იურიდიული განათლების მქონე რომელ პირს ეკრძალება საადვოკატო მოვალეობის შესრულება?

პასუხი: კანონით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადვოკატი ვალდებულია კლიენტისათვის შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. დაინტერესებულ მკითხველს აქვე განვუმარტავთ, რომ ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადვოკატი ასევე არ შეიძლება იმავდროულად იყოს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სხვა პირი, რომელსაც კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. 


ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით (17.11.2009 #2040). საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის (ადვოკატების) ვინაობა და სამართლის ის დარგები, რომელშიც ადვოკატი (ადვოკატები) ახორციელებს (ახორციელებენ) საადვოკატო საქმიანობას. 

კითხვა: თუ შეიძლება, აგვიხსენით, ვინ განსაზღვრავს საადვოკატო ბიუროს ორგანიზების და მუშაობის წესს?

პასუხი: საადვოკატო ბიუროს ორგანიზების, მუშაობის წესსა და სტრუქტურას განსაზღვრავს ბიურო.


ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი - მინდობილობა ან ორდერი. იმ შემთხვევაში, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების საგრანტო ან სახელმწიფო პროგრამას, მას უფლება აქვს ადვოკატთან ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს ორდერი (29.12.2006 #43332). 

კითხვა: როგორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი და ვინ შეიმუშავებს და ამტკიცებს ადვოკატის ორდერის ნიმუშს?
 
პასუხი: ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. 

ადვოკატის ასოციაციაში გაწევრებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას, რომლის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრების ან გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ (17.11.2009 #2040). პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; საცხოვრებელი ადგილისა და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი, სპეციალიზაცია, თუ მას ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით.

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი პირს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრებაზე და სად შეიძლება გასაჩივრდეს აღნიშნული გადაწყვეტილება?

პასუხი: თუ იგი ვერ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. უფრო კონკრეტულად: თუ არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არ გაუვლია ადვოკატთა ტესტირება და არც მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული, არ აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის 1 წლის სტაჟი, ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მის მიერ ტესტების გავლიდან გასულია 7 წელი.


აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრებაზე, შეიძლება უარის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრებისათვის პირი ვალდებულია დადოს ფიცი, მაგრამ თუ პირი თავის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს კანონით დადგენილი ადვოკატის მოვალეობებს. 

ფიცის დადების ან შესაბამისი განცხადების დაწერის შემდეგ, პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.

ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. 

კითხვა: რა შემთხვევაში ხდება ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა?
 
პასუხი: ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შუწყდება: პირადი განცხადების საფუძველზე; ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის; თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა "ადვოკატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა ასოციაციაში გაწევრებაზე მისთვის უარის თქმას; თუ არ იხდის საწევრო გადასახადს. 

გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ფარული კენჭისყრით, იღებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. 


კითხვა: არის თუ არა ვალდებული ადვოკატთა ასოციაცია შეატყობინოს ადვოკატს ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ?

პასუხი: დიახ, კანონის თანახმად ასოციაციას აქვს ასეთი ვალდებულება: - გადაწყვეტილება ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში პირადად უნდა ჩაბარდეს ადვოკატს ან იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას. 

კითხვა: შეჩერდება თუ არა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, თუ იგი გაასაჩივრა სასამართლოში?

 

პასუხი: კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ უნდა შეჩერდეს. 

ადვოკატთა ასოციაციაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად შექმნილია: აღმასრულებელი საბჭო, ეთიკის კომისია და სარევიზიო კომისია. ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა სტრუქტურული დანაყოფებიც, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამის დანაყოფთა დებულებებით. თითოეულ დანაყოფს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

კითხვა: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ადვოკატთა ასოციაციასთან მოქმედებს სასწავლო ცენტრი. გთხოვთ განგვიმარტოთ, რა საქმიანობას ეწევა იგი და რით განისაზღვრება მისი მუშაობის პირობები?

პასუხი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან შექმნილი ადვოკატთა სასწავლო ცენტრი ახორციელებს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას. აღნიშნული ცენტრის საქმიანობის წესს განსაზღვრავს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულება (17.11.2009 #2040).


ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც იმართება სულ მცირე, წელიწადში ერთხელ და უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრისა. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში მოწვეულ უნდა იქნეს საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით: ამტკიცებს ასოციაციის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები; ირჩევს და ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით; ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსსა და დებულებას - "ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ"; ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აწესებს საწევრო გადასახადის ფიქსირებულ ოდენობას. 

კითხვა: თუ შეიძლება გვაცნობეთ, რომელი სამსახური ასრულებს ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელ ფუნქციას და როგორია მისი მუშაობის პრინციპი?

პასუხი: ადვოკატთა ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო. (17.11.2009 #2040), რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება – ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო კოლეგიალურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას; სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს; ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას; ამტკიცებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს; განსაზღვრავს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას და მისი შესრულების წესს; ამტკიცებს ასოციაციის მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას; გამოყოფს სახსრებს ასოციაციის საჭიროებისათვის; ადგენს სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობას; წელიწადში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; კოორდინაციას უწევს ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს მისი ჩატარების წესსა და პროგრამას, განსაზღვრავს ტესტირების ჩატარების თარიღს; ორგანიზებას უწევს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას; აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს; ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშს; ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის წარმომადგენელი; აწარმოებს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირად საქმეებს; ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემებს; ასოციაციის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროულად განსა-ხორციელებლად. 

კითხვა: როგორი წესით ხდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და შეუძლია თუ არა მას თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში საადვოკატო საქმიანობის შესრულება?

პასუხი: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ასოციაციას. იგი შრომის ანაზღაურებას იღებს ასოციაციის სახსრებიდან და თავისი უფლებამოსილებების პერიოდში ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა (14.11.2009 #2040).


ახლა იმ მკითხველთა ინტერესს დავაკმაყოფილებთ, რომელთაც ეთიკისა და სარევიზიო კომისიის მუშაობის პრინციპი და უფლებამოსილებანი აინტერესებთ.

ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან 12 ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 

კითხვა: შეუძლია თუ არა ეთიკის კომისიას გადაწყვიტოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი?

პასუხი: ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და გადაწყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. 

სარევიზიო კომისია იქმნება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) პირების მიერ მოქმედი კანონისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით არჩეული 5 წევრისაგან. სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, ხოლო კომისიის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს თავად კომისია.  

კითხვა: არის თუ არა კანონით გათვალისწინებული ადვოკატთა ასოციაციის საფინანსო საქმიანობის შემოწმების მიზნით სარევიზიო კომისიის მიერ დამოკიდებული აუდიტორის მოწვევა?

პასუხი: დიახ, არის. საფინანსო საქმიანობის შემოწმების მიზნით სარევიზიო კომისია ვალდებულია კონკურსის წესით ყოველწლიურად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება: პირადი განცხადების საფუძველზე; საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში; უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი წევრის არჩევისთანავე (17.11.3009 #2040); საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში (29.12.2004 #970).

აქვე გასათვალიწინებელია, რომ თუ ადვოკატს ვადაზე ადრე უწყდება აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება, უახლოეს საერთო კრებაზე უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა ახალი წევრი. ამავე დროს, თუ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობა ნახევარზე ნაკლები აღმოჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული საერთო კრება ახალი წევრის ასარჩევად. 

კითხვა: არის თუ არა კანონით დაწესებული რაიმე შეზღუდვა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად ადვოკატის არჩევის დროს?

პასუხი: დიახ, არის. უფრო კონკრეტულად, ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ: შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება; ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში; უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა (29.12.2004 #970).

მნიშვნელოვანია, რომ კანონის თანახმად ასოციაციის თავმჯდომარის ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია. ინფორმაციის შემოსავლიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დევნის აღძვრის ან დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. 

ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეებია: გაფრთხილება; საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა (29.12.2004 #970). ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია: კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა (29.12.2004 #970).

კითხვა: ვარ ადვოკატი. 6 წლის წინ ჩავიდინე დისციპლინური გადაცდომა. შეიძლება თუ არა ამჟამად დისციპლინური პასუხისმგებლობა აღნიშნული გადაცდომისათვის?

პასუხი: არ შეიძლება, ვინაიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან გასულია 5 წელი (17.11.2009 #2040).

ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხი ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილება კოლეგიურად, კომისიის 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებადFსაჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 10 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი დაერთვის გადაწყვეტილებას (17.11.2009 #2040). ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით (17.11.2009 #2040). 

კითხვა: ღიაა თუ დახურული ეთიკის კომისიის სხდომა, როდესაც განიხილება ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხი? რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადვოკატი აღნიშნულ სხდომაზე ვერ ცხადდება და შეუძლია თუ არა მას გაასაჩივროს კომისიის სხდომის გადაწყვეტილება? 

პასუხი: ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია, ხოლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ. კომისიის სხდომაზე ადვოკატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება 10 დღით. ამავე დროს, ადვოკატის არასაპატიო მიზეზით ხელმეორედ გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის განხილვას. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში ჩაჰბარდეს ადვოკატს პირადად, ხოლო მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში იმავე ვადაში უნდა გაეგზავნოს მას. ადვოკატს უფლება აქვს მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს იგი უზენაეს სასამართლოში. 

ადვოკატს სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით. 

სასამართლო უფლებამოსილია სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის არასაპატიო მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის ან დაცვის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში წარდგინებით მიმართოს ადვოკატთა ასოციაციას მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარების მოთხოვნით (29.12.2006 #4332).

კანონით გათვალისწინებულია ადვოკატის წარმატებული საქმიანობისთვის მისი წახალისება, რომლის ფორმები და წესი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით შეიძლება დაადგინოს ასოციაციის საერთო კრებამ. 

ადვოკატი დაცულია სამართლებრივად: იგი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და სხვისი ჩარევა დაუშვებელია; ადვოკატები თანასწორნი არიან კანონის წინაშე; ადვოკატი არ შეიძლება დაკითხონ მოწმედ იმ საქმეზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი (დამცველი ან წარმომადგენელი); ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე; კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან; ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოებული საუბრის მიყურადება და ჩაწერა დაუშვებელია, ხოლო მათ შორის მიმოწერა – ხელშეუხებელი.

კითხვა: მაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავიარე ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის დარგში, მაგრამ არ გამაჩნია იურისტად მუშაობის ერთი წლის სტაჟი, ამიტომ ვერ გავხდი ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გადავწყვიტე ვიმუშაო ადვოკატის სტაჟიორად და მივიღო შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. რას მირჩევთ, საიდან დავიწყო, ვის მივმართო და ხომ ჩამეთვლება სტაჟიორად მუშაობის პერიოდი ადვოკატთა ასოციაციაში გასაწევრებლად საჭირო შრომის სტაჟში? 

პასუხი: სტაჟირების გასავლელად გირჩევთ დაუყოვნებლივ მიმართოთ განცხადებით თქვენთვის სასურველ ადვოკატს ან საადვოკატო ბიუროს; ადვოკატი ან საადვოკატო ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი სტაჟიორად გამწესების შესახებ და ამ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 5 დღისა აცნობებს შესაბამის ადვოკატთა ასოციაციას (22.06.2007 #5029). საადვოკატო სტაჟირების პერიოდი ჩაგეთვლებათ შრომის საერთო და პროფესიული საქმიანობის სტაჟში.

სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. სტაჟიორი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

კითხვა: რა ფუნქციას არულებს ადვოკატის თანაშემწე? 

პასუხი: საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ტექნიკური ან სხვა სახის დახმარების მიღების მიზნით ადვოკატმა შეიძლება აიყვანოს თანაშემწე. იგი არ სარგებლობს ადვოკატის უფლებებით და არ დაიშვება სამართალწარმოებაში, სასამართლოში, არბიტრაჟში, მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, გარდა ქვემოთ გათვალისწინებული შემთხვევებისა:

ადვოკატის თანაშემწეს უფლება აქვს შესაბამისი ადვოკატის თანდასწრებით ან მისი დავალებით, ადვოკატის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ნებართვის საფუძველზე გაეცნოს მის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს სასამართლოში, არბიტრაჟში, მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში ან საზოგადოებრივ გაერთიანებებში. იგი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. 

აღსანიშნავია, რომ ადვოკატის თანაშემწის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა გამოიწვევს მოქმედი კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებზედაც თქვენი ინტერესის გათვალისწინებით მოქმედ კანონზე დაყრდნობით, შევეცადეთ პასუხის გაცემას. თუ კვლავ გაგიჩნდებათ რაიმე კონკრეტული შეკითხვა, შეგვეხმიანეთ ტელეფონოთ და ჩვენი პასუხიც არ დააყოვნებს. 


ირინე ღლონტი