ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#7(139), 2011

ჩინეთი ახალი ვალუტის გამოშვების იდეით გამოდის

ჩინეთის მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის: მოხდეს დოლარზე საერთაშორისო კონტროლის დაწესება და ახალი მსოფლიო ვალუტის შემოღება.

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი კრედიტორია, სრული უფლება აქვს აშშ-გან მოითხოვოს ვალის პრობლემის გადაწყვეტა და დოლარის უსაფრთხოების მოგვარება ჩინური აქტივებით", - წერენ ჩინური სააგენტოები.  

ჩინეთმა ასევე მოუწოდა აშშ-ს შეამციროს სამხედრო და სოციალური ხარჯები.
ჩინეთი დარწმუნებულია, რომ საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება, მსოფლიო ეკონომიკის ზრდასხელს შეუშლის და მთელ რიგ ახალ ფინანურ შოკებს გამოიწვევს.

`აუცილებელია დოლარზე საერთაშორისო კონტროლი დამყარდეს და შეიქმნას ახალი სარეზერვო ვალუტა~, - წერს ჩინური სააგენტო `სინხუა~.
ეკონომიკისა და ფინანსების ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორი ლი ცზე აცხადებს, რომ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე სავარაუდოდ ქაოსი იქნება. `ეს ავნებს ჩინეთის რეზერვებს და დოლარში არსებული ჩინური ინვესტიციების დაცემას შეუწყობს ხელს~, - აცხადებს პროფესორი.

Appleმსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

Apple Inc-მა კაპიტალიზაციით Exxon Mobil Corp-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
 
Apple-ის აქციათა ღირებულება Nasdaq-ის ბირჟაზე 4,7%-ით გაიზარდა და 369,89 დოლარი შეადგინა. იმავდროულად, Exxon-ის აქციათა ღირებულება 3,9%-ით დაეცა და NYSE-ზე 67,43 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსთა განმარტებით, `Apple დღეს განსხვავდება იმ Apple-სგან, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვიცოდით~. მათი გათვლებით, უახლოეს წლებში Apple კომპიუტერების რეალიზაციას გააორმაგებს და IPhone-ის რეალიზაციას კი გაასამმაგებს. იმავდროულად Apple რეალიზაციაში ჩაუშვებს ICloud-ს, რომელიც კომპანიას დამატებით კლიენტებსა და შემოსავალს გაუჩენს.

სოროსი ფულის დაბრუნებას აპირებს

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა გადაწყვიტა ჰეჯ-ფონდის მმართველის კარიერა დაასრულოს. იგი გარე ინვესტორებს ფონდში დაბანდებულ ფულს უკან დაუბრუნებს. მომავალში ჯორჯ სოროსი ყურადღებას საკუთარი ოჯახის აქტივების მართვაზე გადაიტანს. მიმდინარე წლის ბოლომდე, საკუთარი ფონდიდან იგი მილიარდ დოლარამდე დაბრუნებას აპირებს. ამ ფონდის საერთო მოცულობა 25,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის მარტში, მსგავსი ნაბიჯი ამერიკის ერთ-ერთმა ცნობილმა ინვესტორმა, კარლოს იკანმაც გადადგა. საკუთარი გადაწყვეტილება მან ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობით ახსნა. მას არ სურს სხვისი ფულით გარისკოს.

შვეიცარიული ფრანკი - "თავშესაფარი ინვესტორებისათვის"

შვეიცარიული ფრანკი, როგორც ერთ-ერთი საიმედო ვალუტა, ინვესტორებს შორის პოპულარობას სულ უფრო იხვეჭს. ეს განსაკუთრებულად აშკარად გამოიკვეთა ევროპაში არსებული სავალო კრიზისისა და ამერიკაში მოახლოებული ტექნიკური დეფოლტის ფონზე. შვეიცარიაში მოქმედ ვალუტას `თავშესაფარი ინვესტორებისათვის~ უწოდეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შვეიცარიული ფრანკის კურსი დოლართან მიმართებაში 30%-ით გაიზარდა. 2011 წლის ივლისში, ამ მაჩვენებელმა 5%-ს მიაღწია.

22-დან 25 ივლისამდე პერიოდში, შვეიცარიული ფრანკის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს (1,2408 დოლარი) მიუახლოვდა. ასევე გაუარესდა ევროპული ვალუტის კურსი შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ევროს კურსი შვეიცარიულ ფრანკთან შედარებით 15%-ით, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში, თითქმის 5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის ივნისში ევროს კურსმა შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს (1,2049 ფრანკი) მიაღწია, ხოლო 26 ივლისისათვის ეს მაჩვენებელი 1,1642 ფრანკამდე გაუარესდა.

ამერიკის ხელისუფლება ბრალს სდებს

ამერიკის ხელისუფლებამ შვეიცარიის კიდევ სამ ბანკირს ბრალი დასდო, რომ ისინი ამერიკელ მოქალაქეებს საიდუმლო ანგარიშებზე ფულის გადამალვის მეშვეობით გადასახადებისაგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ. ბრალდება წაუყენეს ბანკ Credit Suisse-ის ჩრდილოამერიკული განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს მარკუს უოლდერს, ამავე ბანკის ტოპ-მენეჯერს, ანდრეას ბახმანს და Credit Suisse-ის ყოფილ მენეჯერს, სიუზან მეიერს. ბრალდებულთა შორის არის აგრეთვე შვეიცარიული სატრასტო კომპანიის დამაარსებელი, იოზეფ დორიგი, რომელიც დასახელებულ ბანკთან თანამშრომლობდა.

სააგენტო `როიტერმა~ სატრასტო კომპანიის სახელწოდება არ გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის თებერვალში, ამერიკის ხელისუფლებამ იგივე ბრალდება ამავე ბანკის კიდევ ოთხ თანამშრომელს წაუყენა. მათ შორის არიან: მარკო ადამი, ემანუელ აგუსტონი, მიშელ ბერგანტინო, როჯერ შერერი. შვეიცარიაში სიდიდით მეორე ბანკის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ამერიკის ხელისუფლებასთან მსგავსი პრობლემები 2008 წელს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკ UBS-ს გაუჩნდა. ამერიკის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს საფინანსო ინსტიტუტი ამერიკელ კლიენტებს ოფშორული ანგარიშების გაფორმებით გადასახადებისაგან თავის არიდებაში ეხმარებოდა. ინციდენტის დასარეგულირებლად UBS ბანკმა ამერიკის ხელისუფლებას 4000 ამერიკელის საბანკო მონაცემები გადასცა და ჯარიმის სახით 780 მილიონი დოლარი გადაიხადა. ბანკის Credit Suisse-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია არა ფინანსური ორგანიზაციის, არამედ კონკრეტული პირების წინააღმდეგ.

ამერიკის უდიდესმა ბანკმა ზარალი დაითვალა

აქტივების მოცულობით, ამერიკის უდიდესი Bank of America-ს ზარალმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 8,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. BBC News აღნიშნავს, რომ ამ ბანკის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი მოცულობის კვარტალური ზარალია. მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში, ამ ბანკის ამონაგები 55%-ით შემცირდა და 13,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. Bank of America-ს დანაკარგები იმ ინვესტორების სარჩელების დაკმაყოფილებას უკავშირდება, რომლებმაც დაბანდებული ფული იპოთეკური კომპანია Countrywide-ს საქმიანობის გამო დაკარგეს. საერთო ჯამში ბანკმა 8,5 მილიარდი დოლარი დაკარგა. Bank of America-მ აღნიშნული კომპანია 2008 წელს 4 მილიარდ დოლარად შეიძინა. შემდგომში გაირკვა, რომ ამ იპოთეკური კომპანიის ბალანსზე დიდი მოცულობის არალიკვიდური აქტივები ირიცხებოდა.

2008 წლის შემოდგომაზე, ამერიკის 10 შტატმა იპოთეკური კომპანია Countrywide-ს წინააღმდეგ, ჯგუფური სარჩელი შეიტანა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ კომპანია საკუთარ კლიენტებს ატყუებდა, რადგანაც საქმიანი გარიგების გაფორმების შემდეგ იპოთეკური შეთანხმების პირობებს მნიშვნელოვნად ცვლიდა.

ევროპაში "ჩამორჩენილი" ბანკები გამოავლინეს

ფინანსური რეგულიატორის, European Banking Authority (EBA) მიერ ჩატარებულმა სტრეს-ტესტებმა 91 ევროპული ბანკიდან 8 `ჩამორჩენილი~ საფინანსო ორგანიზაცია გამოავლინა. EBA ჩატარებული სტრეს-ტესტების მეშვეობით ცდილობდა გაერკვია, რამდენად შეძლებდნენ ევროპული ბანკები ახალი ფინანსური კრიზისისათვის გაეძლოთ. ამ ორგანიზაციის მიერ შემოწმებული ბანკებიდან `ოროსნები~ აღმოჩნდნენ: 5 ბანკი ესპანეთიდან, 2 საფინანსო ინსტიტუტი საბერძნეთიდან და ერთიც ავსტრიიდან. რეგულატორის მონაცემების მიხედვით, ამ ბანკებმა საკუთარ რეზერვებს საერთო ჯამში 2,5 მილიარდი ევრო უნდა დაამატონ. ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სტრეს-ტესტების მიხედვით, კიდევ 16 ევროპული ბანკი შეიძლებოდა `აუტსაიდერი~ გამხდარიყო. მათ შორის არიან: შვიდი ესპანური, ორი გერმანული, ორი ბერძნული, ორი პორტუგალიის, ერთი კვიპროსული, ერთი იტალიური და ერთი სლოვენიური ბანკი. ამ ტესტების პირობებს ის ბანკები აკმაყოფილებენ, რომლებიც ევროზონაში ეკონომიკური აქტიურობის 0,5%-ით შემცირების პირობებში სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებენ. ამავე ტესტების მიხედვით, საფონდო ბაზრების მაჩვენებელი 15%-ით უნდა შემცირდეს, ხოლო ბანკთაშორისი დაკრედიტების ბაზარზე განაკვეთი 125 საბაზისო პუნქტით უნდა გაიზარდოს. მანამდე, ევროსაბჭოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ იმ ბანკებს, რომლებიც სტრეს-ტესტებს ვერ გაივლიან, დახმარებას აღმოუჩენენ.

ევროპული სადაზღვევო კომპანიების პრობლემები

ევროპული სადაზღვევო კომპანიების დაახლოებით 10%-ს შესაძლო მძიმე ეკონომიკური სიტუაციის დასაძლევად საკმარისი კაპიტალი არ აქვს, _ ასეთი დასკვნა სადაზღვევო და საპენსიო უზრუნველყოფის ევროპულმა ორგანიზაციამ (EIOPA) ჩატარებული სტრეს-ტესტების შედეგად გააკეთა. კიდევ 8% ამ კომპანიებიდან ვერ შეძლებს შესაძლო ინფლაციურ რისკებს გაუმკლავდეს.

ტესტების შედეგებმა აჩვენეს, რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად, სადაზღვევო კომპანიებს 4,4 მილიარდი ევრო, ხოლო ინფლაციური რისკების გათვალისწინებით (როცა ფასების ზრდა ცენტრალურ ბანკებს საბაზო განაკვეთების გაზრდას აიძულებს) 2,5 მილიარდი ევრო არ ეყოფათ.

იმავდროულად, EIOPA აღნიშნავს, რომ მთლიანობაში, სადაზღვევო დარგს ევროპაში შეუძლია ეკონომიკური სირთულეები დაძლიოს. საერთო ჯამში, ტესტები 221 სადაზღვევო კომპანიამ გაიარა. ამ ფირმების წილად ევროსაბჭოს 27 ქვეყნის სადაზღვევო ბაზრის 60% და ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, შვეიცარიის სადაზღვევო ბაზარი მოდის.

იტალიის სენატმა ბიუჯეტი შეკვეცა

მიმდინარე წლის 14 ივლისს, იტალიის სენატმა საბიუჯეტო დანახარჯების შეკვეცის გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც იტალიის ხაზინის სამთავრობო დანახარჯები შემდეგი სამი წლის განმავლობაში 48 მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს. ეს გეგმა დამტკიცებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა მას პარლამენტის ქვედა პალატა მოიწონებს და ხელს პრეზიდენტი მოაწერს. ევროზონაში შემავალ ქვეყნებს შორის, იტალია მესამეა ეკონომიკის სიდიდის მიხედვით, ხოლო უკანასკნელი, რომელსაც უმძიმესი საბიუჯეტო სირთულეების დაძლევა უხდება. ამ ქვეყანას გიგანტური ვალი აქვს (ტრილიონ დოლარზე მეტი), რომლის მომსახურებამაც სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა წლიური 6%-მდე გამოიწვია.

ინვესტორებმა გადაწყვიტეს, რომ იტალიურ ბონდებში დაბანდებული ფული არც ისე უსაფრთხოა, როგორც ადრე, ამიტომაც საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოითხოვეს. სამთავრობო ხარჯების შემცირება იტალიის კრიზისიდან გამოყვანის მიმართულებით, მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ამ ქვეყნის მთავრობისგან წარმოების ზრდის სტიმულირებისათვის და ქვეყნის საბანკო სისტემის გასაჯანსაღებლად, სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების ჩატარებას მოითხოვენ. ადვილი შესაძლებელია, გატარებულმა ღონისძიებებმა რიგითი იტალიელების კეთილდღეობაზე ნეგატიურად იმოქმედოს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ჯულიო ტრიმონტიმ პარლამენტარებს განუცხადა: `იტალიას სხვა ალტერნატივა არ აქვს, რადგანაც წარსულიდან შემორჩენილი უზარმაზარ ვალს ქვეყნის მომავლის შეჭმა შეუძლია~. სახელმწიფო ვალდებულებებზე განაკვეთის მკვეთრი მომატება, მანამდე ირლანდიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთში დაწყებულ კრიზისს უსწრებდა. ამ ქვეყნებმა ასეთი ღონისძიების გატარების შემდეგ, საბიუჯეტო სახსრების უკიდურესად მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის გატარება დაიწყეს: ძალიან დაბალი ღირებულებით გაყიდეს სახელმწიფო საკუთრება, გაზარდეს გადასახადები, დახმარების მისაღებად კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მიმართეს. ამ ქვეყნება `შვება~ დროებით იგრძნეს, მაგრამ დუბლინის, ლისაბონის, ათენის დავალიანებამ უცხოელი ბანკირების წინაშე მხოლოდ მოიმატა. სისტემური კრიზისიდან მათი საბოლოოდ თავის დაღწევის პერსპექტივა კვლავ `ბურუსში გახვეული~ დარჩა.

Coca-Cola ლუდს გამოუშვებს

კომპანია Coca-Cola არაალკოჰოლურ ლუდს - "Tumult" პირველად საფრანგეთში გამოუშვებს. Tumult - ეს არის გაზირებული სასმელი, რომელიც ბუნებრივი ფერმენტებით დამზადდება, სპირტის გარეშე. ლუდის შემქმნელები ფიქრობენ, რომ თუმულტ საკმაოდ პოპულარული სასმელი გახდება ახალგაზრდებისთვის. Tumult-ს 250-გრამიან ბოთლში ჩამოასხმენ და მისი ღირებულება 3,5 ევრო იქნება.