ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ჩინეთი: მითები და რეალობა
#7(139), 2011
ამ ეგზოტიკური ქვეყნის შესახებ მრავალი მითი არსებობს. ისინი ამ ერის წარმომადგენლებთან ერთობლივი ბიზნესის წარმოებას ხელს უშლიან. იკარგება უზარმაზარი პოტენციალი, რომელსაც გონივრული გამოყენება ჭირდება. ამ სტატიაში ყველაზე გავრცელებული "ათი ჩინური მითის" გაბათილებას შევეცდებით.

მითი პირველი: ჩინეთის ეკონომიკა იაფი მუშახელის მეშვეობით გაიზარდა

უდავოა ის, რომ `ჩინური ეკონომიკური სასწაულის~ მოხდენაში უდიდესი როლი `იაფმა შრომამ~ ითამაშა. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთმა შეგნებულად გაუწია ექსპლუატაცია საკუთარი მუშახელის გაიაფებულ შრომას. იაფი ადამიანური რესურსი ნებისმიერი აგრარული ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც გეზი წარმოებისა და ურბანიზაციის ინტენსიფიკაციისაკენ აქვს აღებული.

თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ჩინური სოფლიდან ბაზარზე 9-10 მილიონი გლეხი გამოდიოდა, რომლებიც მუშები და შრომითი მიგრანტები ხდებოდნენ. ეს ფაქტი ადრე წარმოების განვითარებას ხელს უწყობდა. ამჟამად იგივე გარემოება ჩინეთის იმ რეგიონებში, სადაც მრეწველობა არის განვითარებული, წარმოების მოდერნიზაციას ამუხრუჭებს.

მუშების შემოსავლების ზრდის აუცილებლობა აშკარაგახდა, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 150 მილიონი ჩინელი გლეხი ქალაქში გადასასვლელად თავის რიგს ელოდება. ჩინეთში ეკონომიკური ზრდა ფაქტორთა მთელ კომპლექსზე იყო დამოკიდებული, მათ შორის ინვესტიციებზე ინფრასტრუქტურაში და წარმოებაში, აგრეთვე ექსპორტზე.

უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის შიგნით მოხმარების ზრდა, მომსახურების სფეროს განვითარება, საფინანსო ბაზრის და სხვა სფეროების ლიბერალიზაცია. ჩნდება ახალი შესაძლებლობები განვითარებისა და ინვესტიციების მოსაზიდად. ჩინეთის ეკონომიკა ინვესტორებისათვის მიმზიდველი სხვადასხვა მიმართუ-ლებებით არის და არა მარტო იაფი წარმოების დარგში.

მითი მეორე: ჩინური საქონლის სიიაფე მისი დაბალი ხარისხით აიხსნება

თავისთავად, საქონლის დაბალი ფასის მიღება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით არის შესაძლებელი, მათ შორისაა იაფი მუშა ხელი, წარმოებისა და რესურსების ზონალური კონცენტრაცია, განვითარებული ლოჯისტიკა (ანუ ნედლეულით მომარაგების სისტემა), საგადასახადო შეღავათები, წარმოების ფართო მასშტაბები, ტექნოლოგიების კოპირება.
მწარმოებელთა შორის არსებული დიდი კონკურენცია ჩინელებს მუდმივად უბიძგებს დანახარჯების შემცირების ახალ შესაძლებლობები იპოვონ. ხარისხის ხარჯზეეკონომია _ გავრცელებული, მაგრამ ერთადერთი გზა სულაც არ არის. ჩინეთი მრავალი სახეობის საქონელს აწარმოებს: თასმებიდან დაწყებული და კოსმოსური ხომალდებით დამთავრებული.

ამ მრავალფეროვან საქონელს შორის არის განსხვავებული ღირებულებისა და ხარისხის საქონელი. მყიდველებს (მათ შორის, უცხოელ იმპორტიორებს) ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა მრავალრიცხოვან მწარმოებელთა შორის საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ამიტომაც, ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე დაბალხარისხიანი საქონლის სიჭარბე მიანიშნებს არა ჩინური წარმოების, არამედ თვით ბაზრის ხარისხზე.

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ძალიან იაფი ჩინური ქსოვილი რუსულ ბაზარზე დამკვიდრდა, მაგრამ მან თანდათან აფრიკაში გადაინაცვლა, ხოლო თვით რუსეთმა უფრო ხარისხიან საქონელზე გადაიტანა ყურადღება. ნებისმიერი ხარისხის საქონლით ბაზრის გაჯერებას მოსახლეობის მოთხოვნის დონე და კონკრეტული ქვეყნის საბაჟო კონტროლის სისუსტე განაპირობებს. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ უდიდესი მსოფლიო ბრენდების უმრავლესობამ ჩინეთში საკუთარი საქონლის წარმოება დაიწყო, სადაც ხარისხის უმაღლესი სტანდარტებია დაცული.

გარდა ამისა, ჩინელთა ცხოვრების დონის მუდმივი ზრდის გამო მატულობს წარმოებული საქონლის თვითღირებულება და მცირდება მოთხოვნა დაბალი ხარისხის საქონელზე. ყოველივე ამის შედეგი უახლოეს პერიოდში ის იქნება, რომ წარმოებები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ყველაზე დაბალფასიან სეგმენტზე, დატოვებენ ჩინეთს, ან არჩევანს სხვა მიმართულებით გააკეთებენ.

მითი მესამე: ჩინელები არიან ძალიან შრომისმოყვარენი და კმაყოფილდებიან მცირედით

ადგილობრივ მკვიდრთაგან მრავალი იძულებულია ზეგანაკვეთურად იმუშაოს, მუდმივად ფული დაზოგოს, რომ ოჯახი შეინახოს და სიბერე უზრუნველყოფილი ჰქონდეს. მასობრივად სოციალური უზრუნველყოფის სისტემა ჩინეთში მხოლოდ ახლა მკვიდრდება. შრომისმოყვარეობის `ეროვნულ თვისებად~ მიჩნევა კი შეცდომა იქნება.

სიზარმაცე და უსაქმურობა აქ ტრადიციულად უზრუნველყოფილი ცხოვრების ნიშნებად ითვლება, ამიტომაც ჩინელები მათ დემონსტრირებას გარშემო მყოფთათვის ყოველ ხელსაყრელ მომენტში ცდილობენ.

ჩინეთის ახალგაზრდობა იმ ქვეყანაში გაიზარდა, სადაც 20-30 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ორნიშნა ციფრებით აღინიშნებოდა. ისინი ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას (სიღარიბეში მცხოვრები მშობლებისგან განსხვავებით), სხვაგვარად ამჟღავნებენ. ჩინურ ქალაქებში კადრების დენადობის დონე ძალიან მაღალია. კლერკები და დაბალ საფეხურზე მდგომი მენეჯერები ერთ სამუშაოადგილზე დიდხანს არ ჩერდებიან და ერთ კომპანიაში ორ წელიწადზე მეტს იშვიათად მუშაობენ.

უფრო რთულად არის საქმე ქვეყნის სამრეწველო რეგიონებში, სადაც მუშახელის უკმარისობა მუდმივად იგრძნობა. იქ სოფლის ახალგაზრდობაც კი სოციალური ანაზღაურების გარეშე უარს ამბობს მუშაობის დაწყებაზე. ხშირად ისეც მომხდარა, რომ მუშების დიდი ჯგუფი ერთი ფაბრიკიდან მეორეში გადასულა, სადაც სამუშაო პირობები ოდნავ მაინც იყო გაუმჯობესებული. ასეთმა მიგრაციამ კი წარმოების შეჩერება, ან დახურვა გამოიწვია.

მითი მეოთხე: ჩინურ კომპანიებს ყველა არსებული რესურსის შესყიდვა სურთ

სწრაფად მზარდი ეკონომიკის რესურსებით უზრუნველყოფის აუცილებლობა ჩინეთისა და სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრესი პრიორიტეტია. საკუთარი ნედლეულის იმპორტის საშუალო ვადიანი დაგეგმარების დროს ეს ქვეყანა `სამი მესამედის სტრატეგიის~ რეალიზებას მოახდენს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი იმპორტირებული საქონლის ერთ მესამედს მსოფლიო ბაზარზე შეისყიდის, კიდევ ერთ მესამედს მიწოდების ხანგრძლივვადიანი გარიგებების მეშვეობით, ხოლო დანარჩენი ერთი მესამედის უზრუნველყოფას უცხოური კომპანიები ჩინური კაპიტალის მონაწილეობით უზრუნველყოფენ.

სადღეისოდ, უკანასკნელი არხის წილი ძალზედ მოკრძალებულია: სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3-დან 6%-მდე მერყეობს. ჩინეთი ცდილობს მსოფლიოს მასშტაბით მომპოვებელი კომპანიების (განსაკუთრებით, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში) აქტივები შეისყიდოს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთში ნედლეულის სიმცირე და დიდი მოხმარება ფიქსირდება.

ამ ქვეყანას ხშირად ბრალს იმაშიდაც სდებენ, რომ არა მარტო დიდ რესურსებს მოიხმარს, არამედ ამას უკანონოდ აკეთებს და გარემოსაც ძალიან აბინძურებს. ეს პრობლემა აქტუალური 10 წლის წინ იყო და ასეთად რჩება ამჟამადაც. სხვაობა ის არის, რომ ამჟამად ჩინეთი უზარმაზარ ყურადღებას აქცევს ენერგომომარაგებას, ალტერნატიულ ენერგეტიკას და ყველაფერ იმას, რაც რესურსების ოპტიმიზაციისაკენ და ეკოლოგიის დაცვისკენ არის მიმართული.

მითი მეხუთე: ჩინელები არიან ფარისეველნი, ხშირად იტყუებიან, მათთვის შეთანხმება და გარიგება უმნიშვნელოა

ჩინელთათვის ნებისმიერი ბიზნესის საფუძველს მხარეებს შორის არსებული პირადი ურთიერთობებისსიმყარე წარმოადგენს. მათ ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ ცუდი ურთიერთობები, ან მათი არარსებობა კარგი შედეგის მომტანი ვერ იქნება.

ყოველთვის არა, მაგრამ ძალიან ხშირად, ჩინელები თვლიან, რომ უცნობ ადამიანებთან, მათ შორის უცხოელებთან მორალური ვალდებულებებით დაკავშირებულნი არ არიან. იმავე დროს, პარტნიორებს შორის მყარი, მუდმივი ურთიერთობები ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მეგობრობის გარანტიაა. მეგობრის მოტყუება მათთვის სახის დაკარგვას ნიშნავს, რაც ჩინელისთვის ფულის დაკარგვაზე მეტი საშინელი მოვლენაა. ჩინელები განსაკუთრებულ დამოკიდებულებას შეთანხმებისადმი, საქმიანი გარიგებისადმი ამჟღავნებენ.

ევროპელისთვის ეს არის საფუძველი, რომელზეც შენდება, შემდეგ კი მოწმდება ურთიერთობების სიმყარე მხარეებს შორის. ჩინელისათვის პარტნიორული ურთიერთობანი წარმოადგენს საფუძველს, რომლის მიხედვითაც ფორმდება, შემდეგ კი სრულდება საქმიანი შეთანხმება.
 
ევროპელისთვის შეთანხმება ხელმოწერის შემდეგ, უმაღლესი ინსტანციის ჭეშმარიტებად, იმ დოკუმენტად გადაიქცევა, რომელიც სავალდებულოა აღსრულებისთვის. ჩინელისათვის ეკონომიკური (ან პირადი) სიტუაციის ცვლილება საკმარის ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს საიმისოდ, რომ კონტრაქტის პირობები არ შეასრულოს ან მისი ცალკეული პუნქტების მოქმედება შეაჩეროს.

შეთანხმება (საქმიანი გარიგება) უნდა შეესაბამებოდეს მხარეებს შორის ურთიერთობების რეალურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ, ჩინეთში ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ ჭეშმარიტი მოლაპარაკებები საქმიანი გარიგების გაფორმების შემდეგ იწყება.

მითი მეექვსე: ჩინელებს მხოლოდ კოპირება, სხვისი ტექნოლოგიების მოპარვა ეხერხებათ

ჩინეთი ცდილობს ახალი ტექნოლოგიების მისაღებად ყველა შანსი გამოიყენოს. დასავლეთის ქვეყნებში არსებული კომპანიები სიახლეებს დანარჩენ მსოფლიოს არც თუ ხალისიანად აცნობენ. ჩინელები კი ყველა ხელსაყრელ შესაძლებლობას ეძებენ ახალი ტექნოლოგიების მისაღებად. პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩინელები საკუთარს არაფერს ქმნიან.

ქვეყნის მთავრობამ მეცნიერებაში 2006-2010 წლებშითითქმის 100 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური, მრავალმხრივი მოდერნიზაცია, რომელიც განათლების რეფორმით არის გამყარებული. თანამედროვე ჩინეთს დენთის, ან ქაღალდის ახალი სახეობა ჯერ არ შეუქმნია, მიუხედავად ამისა, სერიოზული სამეცნიერო-ტექნიკური სიახლეების შესაქმნელად საჭირო ინფორმაციას მონდომებით აგროვებს. ინტელექტუალური საკუთრება ჩინეთისათვის შედარებით ახალი კონცეფციაა.
ბოლო წლებში, ჩინეთის ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ბრძოლა ამ მიმართულებით დარღვევების შესამცირებლად. მიუხედავად ამისა, ჩინელების უმრავლესობა თვლის, რომ სხვისი სახელით საქონლის გამოშვება სამარცხვინო მოვლენა სულაც არ არის. ჩინეთში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკმაოდ მოქნილი მექანიზმი არსებობს.

გამონაკლისს მხოლოდ ბეჭდური და აუდიო-ვიზუალური პროდუქცია წარმოადგენს. ამ მიმართულებით სიტუაცია ყოველწლიურად უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ რთული რჩება. დანარჩენში ჩინეთის კანონმდებლობა, მისი გამოყენების პრაქტიკა მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩინეთის ტერიტორიაზე მისი დარეგისტრირების გზით არის შესაძლებელი. ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება დაცვის სასამართლო ან ადმინისტრაციული საშუალებების გამოყენება უკანონო საქმიანობის შეწყვეტისათვის და შესაბამისი კომპენსაციის მისაღებად.

მითი მეშვიდე: ჩინეთში კაპიტალიზმი აყვავდა

ამის მტკიცება ისეთივე მითია, როგორც საწინააღმდეგო მოსაზრების წამოყენება: `ჩინეთში კომუნიზმი ჰყვავის~. სინამდვილეში, ჩინეთში შექმნილია უნიკალური ჰიბრიდული მოდელი, სადაც ბაზარსა დასახელმწიფო რეგულირების მექანიზმებს საკუთარი ადგილი მიუჩინეს.

ჩინური სახელმწიფო კორპორაციები ეკონომიკის მთავარ სეგმენტებს აკონტროლებენ. მიუხედავად ამისა, კერძო სექტორის წილად მთლიანი შიდა პროდუქტის 70% მოდის. კონკურენცია სახელმწიფო კომპანიებს შორის პრაქტიკულად ისეთივე თავისუფალია, როგორც კონკურენცია კერძო ბიზნესში. სახელმწიფო სექტორსა და კერძო ბიზნესს შორის კონკურენცია თითქმის არ არსებობს. ჩინეთმა ეკონომიკური დაგეგმარებაზე უარი თქვა და ფასწარმოქმნა საბაზრო კანონების მიხედვით ხდება.

ჩინეთის კომუნისტური პარტია მთლიანად აკონტროლებს არმიას, მნიშვნელოვან პოსტებს მთავრობაში, სახელმწიფო კორპორაციებში, მედია-საშუალებებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში.

მიუხედავად ამისა, ჩინეთში არ არსებობს `კომუნისტური დიქტატურა~. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს არა პრეზიდენტი ერთპიროვნულად, არამედ პოლიტბიუროს წევრები კოლეგიალობის პრინციპების დაცვით. საჭიროების შემთხვევაში, ამ პროცესში მონაწილეობას სხვა დაინტერესებული მხარეებიც იღებენ.

მითი მერვე: ჩინეთში ბრენდები არ არსებობს

ჩინეთში ბრენდების მრავალფეროვნებაა, მაგრამ ისინი მსოფლიო (საერთაშორისო) მასშტაბით ნაკლებად ცნობილია, რაც რამდენიმე მიზეზის გამო ხდება. ჩინური კომპანიები უცხოურ ბაზრებზე გასვლას მხოლოდ ახლა იწყებენ. მათი უმრავლესობა მკაცრ კონკურენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდება. ისინი უცნობ გარემოში ეფექტურად ვერ მოქმედებენ. აქვთ სუსტი კონსალტინგი და იურიდიული მხარდაჭერა.

იმავდროულად, მუდმივად მზარდი ჩინური ბაზარი ადგილობრივ ბრენდებს განვითარების მრავალ შესაძლებლობას აძლევს. მათი აზრით, მცდელობა _ გახდნენ საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები, უაზრობაა, რადგანაც თვით ჩინეთში უფრო მეტის გამომუშავება არის შესაძლებელი.

ამასთან ერთად, ჩინურ კომპანიებს შორის კონკურენცია ფასის ირგვლივ მიმდინარეობდა. ამჟამად უფრო აქტუალური წარმოებული საქონლის ხარისხის გაზრდაა. სწორედ ამიტომ, ბოლო დრომდე ბრენდები სახელწოდების განვითარების მაგიერ წარმოების დანახარჯებისა და პროდუქციის ღირებულების შემცირებას ცდილობდნენ.

სადღეისოდ სიტუაცია კარდინალურად იცვლება: ცხოვრების დონის ამაღლების გამო, მდიდარი ჩინელები სამამულო წარმოების საქონელზე უარს აცხადებენ. ისინი `დასავლური ხარისხისთვის~ სამჯერ მეტს იხდიან. ჩინური ბრენდები უკვე კონკურენციის ახალი წესებისმიხედვით მოქმედებენ. მრავალი მათგანი ცდილობს საერთაშორისო მასშტაბის მალე გახდეს, რომ ჩინეთში დაბრუნებისას მომხმარებლის წინაშე ახალი, უფრო მიმზიდველი სახით წარსდგეს.

მითი მეცხრე: იუანით მანიპულა-ციებმა მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური დისბალანსი გამოიწვია

ჩინეთმა იუანი დოლარს 1994 წელს `მიაბა~. ამ გარემოებამ აზიური კრიზისის დროს რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. მაშინ ამას ხაზგასმით აღნიშნავდნენ არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც.

2003-2004 წლებში, ჩინეთთან ვაჭრობაში ამერიკის სავაჭრო დეფიციტის ზრდის ფონზე (რომელიც დღემდე იზრდება), ამ ქვეყანას ბრალი დასდეს იმაში, რომ იაფი ექსპორტის ხარჯზე პროფიციტის შესაქმნელად იუანის კურსს მიზანმიმართულად ამცირებდნენ.

ამჟამად, ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნებშიდაც დამკვიდრდა მოსაზრება, რომ იაფი ჩინური საქონელი ადგილობრივ მწარმოებლებს `ჩაგრავს~ და ამ სიტუაციას მხოლოდ იუანის რევალვაცია გამოასწორებს. სინამდვილეში, `დაუფასებელი~ იუანი თვით დასავლეთის ქვეყნების ფინანსური პოლიტიკის შედეგია, რომლებმაც მომხმარებელზე კრედიტების გაცემის ზრდისა და ლიკვიდურობის მატების სტიმულირება მოახდინეს.

2005 წელს, ჩინეთმა იუანის თანდათან რევალვაცია დაიწყო: 3 წლის განმავლობაში, იუანის კურსი 21%-ით გაიზარდა. 2008 წელს რევალვაციის პროცესი შეჩერდა, მაგრამ შემდეგ კვლავ გაგრძელდა. ყოველივე ეს კი დასავლეთის ზეწოლით არ ხდება.

იუანის კურსის გამყარება ხელსაყრელია და აუცილებელი თვით ჩინეთისათვის. ეს ქვეყანა ბოლო წლებში უცხოეთიდან `ცხელი ფულის~ შემოდინებას ვეღარ უმკლავდება. ნაკლებად დასაჯერებელია ის, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელის არსებობის პირობებში, იუანის რევალვაცია და ამის შედეგად ჩინური იმპორტის გაძვირება მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ სიტუაციას გამოასწორებს. თავდაპირველად, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მომხმარებლის საფულე, შემდეგ კი გაიზრდება იმპორტი ვიეტნამიდან, ინდოეთიდან, ფილიპინებიდან.

მითი მეათე: ჩინეთი – ჩამორჩენილი ქვეყანაა

ეს ისეთივე მითია, როგორც საწინააღმდეგოს მტკიცება, რომ `ჩინეთი არის სუპერსახელმწიფო, რომელიც სულ მალე მსოფლიო მმართველი გახდება~! ჩინური სინამდვილე ძალიან მრავალფეროვანია. დიდი ქალაქები ძალიან სწრაფად ვითარდება.

საცხოვრებელი ფართის, სამომხმარებლო საქონლის ღირებულება იზრდება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს. დიდ ჩინურქალაქებში ფასები ისეთივეა, როგორც მაგალითად, მოსკოვში. `ლუქსის~ კლასის საქონლის გაყიდვების მოცულობა ყოველწლიურად 15-25%-ით იზრდება. დოლარებში მილიონერთა რიცხვმა ამ ქვეყანაში მილიონს გადააჭარბა.
ძვირადღირებული უცხოური მანქანების შესაძენად რიგში დგომა შეძლებულ ჩინელებს რამდენიმე თვის განმავლობაში უწევთ. ეს პროცესი შესაძლებელია რამდენიმე წლამდე შეიძლება გაიზარდოს. ამასთან ერთად, ჩინეთში ამჟამად სხვადასხვა შეფასებით 50 დან 100 მილიონამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ჩინეთში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ამერიკასთან შედარებით შვიდჯერ ნაკლებია.

ჩინეთი ზესახელმწიფოს როლისთვის ემზადება

ამ ქვეყნის მზარდ სიძლიერეს, მიმდინარე წლის ივლისში ავტორიტეტულმა გაზეთმა Financial Times-მა სტატია მიუძღვნა. ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა: როგორ შეეგუება დანარჩენი მსოფლიო იმ ფაქტს, რომ ჩინეთი მალე მსოფლიოში უდიდეს ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ გადაიქცევა?
საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ ეს ხუთი წლის შემდეგ მოხდება, ხოლო ჟურნალ `ეკონომისტის~ ექსპერტები ასეთ თარიღად 2019 წელს თვლიან.
 
ასეა თუ ისე, ეს მომენტი შორეული პერსპექტივა სულაც არ გახლავთ. მაშინ კი ყველას მოუწევს იმაზე დაფიქრება, თუ რას ნიშნავს იყო ზესახელმწიფო, აქედან გამომდინარე შედეგებით. ბოლო ასი წლის განმავლობაში, ყველა შეეგუა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში ყველაზე მდიდარი მოსახლეობა ცხოვრობს. ჩინეთთან დაკავშირებით განსხვავებული დასკვნის გამოტანა შეიძლება: ჩინეთი ერთდროულად ღარიბიც არის და მდიდარიც დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით. პეკინის მარაგები უცხოურ ვალუტაში უზარმაზარია, მაგრამ საშუალო ჩინელი საშუალო ამერიკელთან შედარებით, 10-ჯერ უფრო ღარიბია. მხოლოდ ეს ერთი ფაქტი იმაზე მიუნიშნებს, რომ უდიდესი ეკონომიკის მქონე ჩინეთი ვერ გახდება ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. როგორც ფაქტი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ სამხედრო სიძლიერისა დაკულტურული გავლენის მიხედვით აშშ ჩინეთთან შედარებით, გაცილებით ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე განსხვავებული რამ არის, ისინი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდა მის მეზობლებს ურთულეს სიტუაციაში აყენებს. იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: მათივე ეკონომიკური ინტერესები სტრატეგიულს არ ემთხვევა. ამ ქვეყნების ძირითადი სავაჭრო პარტნიორი არის ჩინეთი, ხოლო უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკა.

ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ჩინეთში კრიზისი რაღაც მომენტში მაინც დადგება, _ ასკვნის გაზეთი Financial Times. შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს დაუსრულებლად, თანაც წელიწადში 8 10%-ით. ჩინეთში უკვე აქტუალურია უსერიოზულესი დემოგრაფიული და ეკოლოგიური პრობლემები.

გარდა ამისა, ჩინეთში გამეფებული ავტორიტარიზმი, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო უჩვეულო ხდება. არაბულ ქვეყნებში დაწყებულ აჯანყებებზე პეკინს პანიკური რეაქცია ჰქონდა. ჩინეთის მომავლისადმი მიძღვნილი დებატები სულ უფრო პოლიტიზირებული ხდება. ზესახელმწიფოს როლი ჩინეთისთვის ზედგამოჭრილია, - თვლიან ერთნი. სხვები კი ამტკიცებენ, რომ იგი არასტაბილური სახელმწიფოა. იგივე გაზეთი ასკვნის, რომ ორივე მხარე მართალია: ჩინეთი უჩვეულო ზესახელმწიფო იქნება.

ვეფხია სამსონიძე