ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
#7(139), 2011
"Fitch Ratings"-მა დაადასტურა "პროკრედიტ ბანკის" ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში  

2011 წლის 8 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Fitch Ratings" "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" "BB-" რეიტინგი პოზიტიური პერსპექტივით შეუნარჩუნა. 

"პროკრედიტ ბანკს" კვლავ საუკეთესო და ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგი აქვს საქართველოში. 2011 წლის ივლისში `Fitch Ratings~-მა ახალი _ მდგრადობის რეიტინგი (VR) შემოიღო. ამ რეიტინგით სააგენტო მსოფლიოს საფინანსო დაწესებულებების კრედიტუნარიანობას აფასებს.  

`პროკრედიტ ბანკი საქართველოს~ რეიტინგებია: გრძელვადიანი უცხოური და ეროვნული ვალუტის IDR - `BB-~, პოზიტიური პერსპექტივით; მოკლევადიანი უცხოური და ეროვნული ვალუტის IDR - `B~; მდგრადობის რეიტინგი _ `ბ+~; მხარდაჭერის რეიტინგი _ `3~; ინდივიდუალური რეიტინგი _ `D~.

სააგენტო `Fitch Ratingsს~: `პროკრედიტ ბანკის~ გრძელვადიანი უცხოური ვალუტის IDR `BB-~ რეიტინგის მინიჭება განპირობებულია გერმანიაში მდებარე მისი სტრატეგიული პარტნიორის _ `პროკრედიტ ჰოლდინგ AG~-ის მხარდაჭერით (`BBB-~/სტაბილური; `პროკრედიტ ბანკი საქართველოს~ 100% წილის მფლობელი). თუმცა, ბანკის რეიტინგი შეზღუდულია საქართველოს `ქვეყნის უმაღლესი ზღვრით~ _ `BB-~ რეიტინგით.

სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის აზრით, `პროკრედიტ ჰოლდინგს~ აქვს სათანადო რესურსები და შესაძლებლობა `პროკრედიტ ბანკი საქართველოს~ მხარდასაჭერად, მაგრამ საქართველოში ვალუტის გადარიცხვასა და კონვერტირებასთან დაკავშირებული რისკის გამო აღნიშნული მხარდაჭერა რეიტინგებში სრულად ვერ აისახება. `პროკრედიტ ბანკის~ გრძელვადიანი IDR სავარაუდოდ დამოკიდებული იქნება ქვეყნის ზღვრულ რეიტინგზე.

გრძელვადიანი უცხოური ვალუტის IDR პოზიტიურ პერსპექტივაში ქვეყნის რეიტინგი აისახა. `ქვეყნის უმაღლესი ზღვრის~ _ `BB-~ რეიტინგის გაუმჯობესების შემთხვევაში მოსალოდნელია ბანკის რეიტინგის გაუმჯობესებაც.  

`პროკრედიტ ბანკი საქართველოს~ `ბ+~ მდგრადობის რეიტინგი აჩვენებს, რომ სექტორის სხვა ბანკებთან შედარებით, `პროკრედიტ ბანკი საქართველოს~ აქტივების ხარისხი ბევრად მაღალია. უმოქმედო კრედიტების მაჩვენებელი 2011 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, მთლიანი კრედიტების 1,4%-ია, რესტუქტურიზებული კრედიტების _ 3,4%. `Fitch Ratingsს~ აღნიშნავს ბანკის განვითარების მძლავრ დინამიკას. თუმცა, ამჟამად სექტორში კონკურენციის ზრდის გამო საპროცენტო განაკვეთების მარჟა ზომიერ ზეწოლას განიცდის, კაპიტალიზაციის დონე კვლავაც მაღალია, Basel II-ის (ბაზელის მეორე შეთანხმება) სტანდარტით, პირველადი და მთლიანი კაპიტალის მაჩვენებლები 2011 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, შესაბამისად, 16,4% და 25,7%-ია. ლიკვიდურობის მაჩვენებელი კვლავაც ინარჩუნებს სასურველ დონეს.

საშა ტერნესი, `პროკრედიტ ბანკი საქართველოს~ დირექტორი: `ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ `Fitch~-მა ჩვენი რეიტინგები უცვლელად დატოვა. ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში, ჩვენი რეიტინგის `სტაბილური პერსპექტივა~ `პოზიტიურით~ შეიცვალა. ასე, რომ მომავალში შესაძლო შემდგომ გაუმჯობესებას ოპტიმიზმით ვუყურებთ. ის ფაქტი, რომ `პროკრედიტ ბანკს~ საქართველოს ბანკებს შორის საუკეთესო და ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგი აქვს, ნათლად აჩვენებს, რომ ბანკის განვითარება და ფინანსური შედეგები ძლიერი და სტაბილურია~.

ცნობისთვის: `პროკრედიტ ბანკი~ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს `პროკრედიტ ჰოლდინგი~ (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).

2011 წლის ივნისის მდგომარეობით, `პროკრედიტ ბანკი საქართველოს~ აქტივებმა 494 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით ამ ბანკის მომსახურებით 355 000-მდე კლიენტი სარგებლობს.

თბილისში უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, თბილისში უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა. საგადასახადო ოფიცრის მთავარი მოვალეობა გადამხდელების დახმარება და პრობლემების მოგვარების კუთხით კონსულტაციის გაწევა იქნება. საგადასახადო ოფიცრები უბნების მიხედვით გადანაწილდებიან. ისინი ყოველდღიურად ფეხით ან საჯარო ტრანსპორტით შემოივლიან უბანს, შეხვდებიან გადამხდელებს და საჭირო დახმარებას გაუწევენ. კონსულტირების პარალელურად, უბნის საგადასახადო ოფიცრები მეწარმეებს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებს გააცნობენ.

`გადამხდელებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ხშირად უჩნდებათ შეკითხვები. ამიერიდან კი პასუხების მიღება და სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადაჭრა ობიექტიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი. უბნის საგადასახადო ოფიცრის დახმარებით, რომელიც უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი, გადამხდელებს ადგილზევე შეეძლებათ რამდენიმე მომსახურების მიღება, რაც აქამდე მხოლოდ სერვის-ცენტრებში იყო შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ უბნის საგადასახადო ოფიცრები თავად მივლენ გადამხდელებთან, თითოეულ მეწარმეს მათი ტელეფონის ნომერი ექნება~, _ აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მისივე ინფორმაციით, უბნის საგადასახადო ოფიცრის ფუნქციაში მოქალაქეთა დაჯარიმება არ შედის. ის ორიენტირებული იქნება მხოლოდ მეწარმეთა კონსულტირებაზე, მათ დახმარებაზე და გაფრთხილებით შემოიფარგლება.
`გადამხდელს ნებისმიერი საკითხის განხილვა საგადასახადო ოფიცერთან შეეძლება, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი ამას საგადასახადო შემოწმება არ მოყვება~, - ამტკიცებენ შემოსავლების სამსახურში.

თავდაპირველად, ეს პროექტი მხოლოდ თბილისს მოიცავს, შემდეგ კი უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი რეგიონებშიც ამოქმედდება. საწყის ეტაპზე პროგრამაში 80 ადამიანი ჩაერთვება. გადამხდელებთან სწორი ფორმით ურთიერთობისათვის უბნის საგადასახადო ოფიცრები შესაბამის ტრეინინგებს გადიან.

თბილისში დასუფთავების კომბინირებული ტარიფი ამოქმედდა

თბილისელები დასუფთავების გადასახადს ახალი სისტემით გადაიხდიან, რომლის მიხედვით ყოველ დახარჯულ 1 კილოვატ ელექტროენერგიაზე დასუფთავების გადასახადი 5 თეთრით განისაზღვრება. როგორც მმართველი პარტიის წევრები განმარტავენ, გადახდის ახალი სისტემით, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ბევრად უფრო ნაკლებს გადაიხდიან, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობით იხდიდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადასახადის ნახევარს მერია დაფარავს, გადასახადს აღარ გადაიხდიან ის ოჯახები, რომელთაც ბინები დაკეტილი აქვთ და კონკრეტულ მისამართზე რეალურად არ ცხოვრობენ.

2010 წელს საქართველოში რუსული ინვესტიციების მოცულობა 5-ჯერ გაიზარდა

2010 წელს, საქართველოში რუსული ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ International Crisis Group-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია აღნიშნული.

საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა (ICG) 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების შესახებ საკუთარი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში რუსული ინვესტიციების ზრდაა.

ICG-ის მოხსენების მიხედვით, 2010 წლისთვის საქართველოში რუსული ინვესტიციები წინა წლებთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა, თუმცა ჯერაც ვერ მიაღწია ომამდელ დონეს.

`2010 წელს, პირდაპირმა რუსულმა ინვესტიციამ საქართველოს ეკონომიკაში 51 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2009 წელს რუსული ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს კი _ 89 მლნ დოლარს. ომისა და საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის გამო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2009 წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. ამ ფონზე, რუსულმა კომპანიებმა საქართველოში საკუთარი ინვესტიციები გაზარდეს _ განსაკუთრებით ენერგეტიკულ, საფინანსო, სამთო-მომპოვებელ, კვების მრეწველობისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში.

სულ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 51 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9%-ს შეადგენს~, _ ნათქვამია მოხსენებაში.

`საქართველოს რკინიგზის~, ელექტროსისტემის, გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციებს საერთაშორისო ბირჟებზე განათავსებენ

საქართველოს მთავრობა `საქართველოს რკინიგზის~, ელექტროსისტემის, გაზისა და ნავთობის კორპორაციის და სხვა სახელმწიფო კომპანიების აქციათა პაკეტს საერთაშორისო ბირჟებზე განათავსებს. მანამდე კი მთავრობა პრივატიზებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, მათი სურვილია რიგი სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის რკინიგზის, ელექტროსისტემის, გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციათა პაკეტის 15, 20, 25 პროცენტების საერთაშორისო, კერძოდ კი ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე განთავსება.

`ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში დიდი რაოდენობის კაპიტალი მოვიზიდოთ, მოხდეს ინვესტიციების შემოტანა. ეს ასევე სტიმულია კერძო კომპანიებისათვის, რათა ანალოგიურად მოიქცნენ, რაც დასაქმებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს მიმართ ნდობა შემცირებული არაა. პირიქით, ნდობა გაზრდილია და საქართველოს ფასიანი ქაღალდებზე მოთხოვნა არის. ჩვენი ქვეყნის ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი მისაღებია და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებს~, _ განაცხადა გილაურმა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პრივატიზებასთან დაკავშირებულ პროცედურებს შეეხება, როგორც გილაური აცხადებს, აქამდე მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია სახელმწიფო კომპანიების სააქციო პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსების შესაძლებლობას არ იძლევა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მილიონ ლარამდე ინვესტირება იგეგმება

2012 წლისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტის `ინვესტიცია და დასაქმება~ პრეზენტაცია გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა 2009-2010 წლებში განხორციელებულ, 2011 წელს მიმდინარე და 2012 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წელს სამინისტროს მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ მომავალ წელს 60 ათასს უნდა გადააჭარბოს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია. აღნიშნულ სფეროებში 2009 წლის განმავლობაში ჯამში 812 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 23 ათას 900 ადამიანი დასაქმდა; 2010წელს ინვესტიციის რიცხვი 912 მლნ ლარამდე გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობამ კი 31 ათას 100 ადამიანი შეადგინა; 2011 წლის ბოლოსთვის სამინისტროს 44 ათას 400 დასაქმებული ეყოლება, ხოლო განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 1 386 მლნ ლარს მიაღწევს.
2012 წლისთვის იგეგმება 1 838 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და 62 500 ადამიანის დასაქმება.

განხორციელებული სამუშაოს ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აშენდა 80 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3000 კმ საავტომობილო გზას; აშენდა 33 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 178 ხიდს; შენდება 4 და რებილიტაცია უტარდება 1 გვირაბს; ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პროექტით გათვალისწინებულია 25 კმ ახალი რკინიგზის მშენებლობა და არსებული 160 კმ-ის რეაბილიტაცია.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მიმდინარეობს გვირაბისა და ახალქალაქის ურიკების შემცვლელი სადგურის მშენებლობა. წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში. იმავდროულად, დაიწყო წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია საქართველოს 6 დიდ ქალაქში; მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობის 410 პროექტის განხორციელებაა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობაა.

კახეთში შარშანდელზე მეტ ყურძნის მოსავალს ელოდებიან

`რთველი 2011~-ის ფარგლებში კახეთში დაახლოებით 120 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, 2011 წელს კახეთში 25%-ით მეტი მოსავლის აღება იგეგმება, ვიდრე გასული წლის რთველის დროს. რაც შეესება კომპენსაციას, კვეზერელით თქმით, თანხის გაცემის სქემა გასული წლების მსგავსი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს რთველის სუბსიდირებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო. მევენახეებს სუბსიდიის მიღება ყურძნის ჩაბარებიდან სამი თვის განმავლობაში შეეძლოთ.

2010 წელს ღვინის ქარხნებმა ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძენი 40 თეთრად ჩაიბარეს და სუბსიდიის სახით დამატებით 25 თეთრი გაიცემოდა. რქაწითელში 30 თეთრს ღვინის ქარხანა იხდიდა, 15 თეთრი სუბსიდიიდან გაიცემოდა. გასულ წელს, რამდენიმე დღის განმავლობაში, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 45 იდან 80 თეთრამდეც გაიზარდა.

ჩაქვში სანერგე მეურნეობა მოეწყობა

ჩაქვში (ჩაქვი-ბათუმის გზაზე, ქობულეთის რაიონი) ციტრუსის სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა მოეწყობა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა 10 ჰექტარზე იქნება განთავსებული, სადაც მაროკოული, იაპონური და ესპანური საადრეო ჯიშის ციტრუსის ნერგების გამოყვანა მოხდება.

კვეზერელის თქმით, პროექტს `საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია~ განახორციელებს და სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგები ხელმისაწვდომი იქნება ყველა ფერმერისთვის.

`ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დასაქმებადი სფერო იქნება~

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დასაქმებადი სფერო იქნება.

`ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის და ინფრასტრუქტურის განვითარების და საექსპორტო შემოსავლების ზრდის მიმართულებით, ტურიზმი მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტურიზმის ინდუსტრიაში მსოფლიოში დაახლოებით 235 მლნ ადამიანია დასაქმებული, რაც დასაქმების 8%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო უცხოელი ტურისტების ზრდის ტემპით გამორჩეული ქვეყანაა, ტურისტული ნაკადის ასეთი მკვეთრი ზრდა ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროს სწრაფ განვითარებას იწვევს, რაც ახალი სამუშაო ადგილების შემნას უწყობს ხელს~, - განაცხადა სიდამონიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმის სექტორში 60 982 ადამიანია დასაქმებული.

`ახალი სამუშაო ადგილების ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული სააგენტო `კარიერის კვირეულის~ გამართვას, სასწავლო ცენტრის შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად საკონსულტაციო მომსახურების დანერგვას გეგმავს~, - აღნიშნა სიდამონიძემ.