ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#8(140), 2011

ლიბიამ ნავთობის მოპოვება განაახლა

 ლიბიამ ნავთობის მოპოვება განაახლა. ამის შესახებ, უცხოური მედიის ცნობით, გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მახმუდ ჯიბრილმა განაცხადა.

ლიბიას აფრიკაში ყველაზე მსხვილი ნავთობის მარაგები გააჩნია. ომამდე ის დღე-ღამეში 1,6 მლნ ბარელს მოიპოვებდა, მოპოვებული ნავთობის 85%-ს კი ევროპაში ყიდდა. მიმდინარე წლის ივლისში ლიბიაში მომხდარი არეულობების გამო ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღე-ღამეში 100 000 ბარელამდე შემცირდა.

გერმანული ბანკი საბერძნეთს ვალებს ჩამოაწერს

გერმანიის სიდიდით მეორე ბანკი _ `კომერცბანკი~ საბერძნეთს 700 მილიონი ევროს ღირებულების (თითქმის ერთი მილიარდი დოლარი) სავალო ვალდებულებებს ჩამოაწერს. მთლიანობაში ამ ბანკის მფლობელობაში მყოფი საბერძნეთის მთავრობის ფასიანი ქაღალდები სამი მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია. ამგვარად, ჩამოწერას დაექვემდებარება ამ პაკეტის მეოთხედ ნაწილზე ნაკლები. ევროზონის უმსხვილესი ბანკებიდან საბერძნეთის გადარჩენაში გატარებული ღონისძიებების გამო, ყველაზე მეტად დაზარალებულად სწორედ `კომერცბანკი~ სახელდება.

დიდი ანაბრების გასახსნელად საკომისიოები შემოიღეს

ნიუ-იორკის ბანკი ამერიკის უძველესი ბანკია. მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ბანკის იმ კლიენტებისთვის, რომლებიც 50 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის დეპოზიტების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებენ, საკომისიო დააწესონ. ეს ბანკი დამატებით საკომისიოს იმ კლიენტებისგან მიიღებს, რომლებმაც საკუთარი საბანკო დეპოზიტები ბოლო პერიოდის განმავლობაში სერიოზულად გაზარდეს. შეშინებული ინვესტორები ბანკში საკუთარი აქტივების `გადამალვას~ ცდილობენ. ამერიკასა და ევროპაში კრიზისის განვითარების ფონზე, ისინი ყველაზე უხიფათო აქტივების ინვესტირებაზედაც კი უარს აცხადებენ. ამერიკულმა საქმიანმა გამოცემებმა იმ ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის სპეციალიზაცია საფინანსო ინსტიტუტებისა და კორპორაციების კაპიტალის მართვა წარმოადგენს, უპრეცედენტო უწოდეს.

აშკარად გამოჩნდა ის, რომ ფინანსისტები საანაბრე ანგარიშებზე ფულს რისკისგან თავის არიდების მიზნით განათავსებენ. ამ საფინანსო ინსტიტუტმა საკომისიო იმიტომაც დააწესა, რომ კაპიტალის ახალი ნაკადის ინვესტირებას შესაძლებლად არ თვლის. ასეთ მეანაბრეებს მსგავსი დეპოზიტების გახსნისას, ფულის ბანკიდან გამოტანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამ ბანკის გადაწყვეტილება გამოწვეულია დეპოზიტების `მოულოდნელი და მნიშვნელოვანი~ ზრდით. იგი არ შეეხებათ ჩვეულებრივ მეანაბრეებს, რომლებსაც დეპოზიტების მეშვეობით დამატებითი კაპიტალის მიღება დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო არ შეუძლიათ. ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით, საპროცენტო განაკვეთი `გაყინა~. ნაღდი ფულის ანგარიშები ამერიკაში არსებული ბანკების ყველაზე მზარდი აქტივები გახდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ბანკებში დეპოზიტებზე მეანაბრეების მიერ ნაღდი ფულის სახით შეტანილი თანხა 83%-ით, 2 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამავე ბანკის დეპოზიტებზე, მიმდინარე წლის მარტში მეანაბრეებმა 160 მილიარდ დოლარზე მეტი განათავსეს. ამასთან ერთად, ბანკები იძულებულნი არიან ანაბრების დაზღვევის ადგილობრივ ფონდებში დეპოზიტების დაცვის მიზნით, ყოველწლიური გადასახადი შეიტანონ.

მილიარდობით დოლარის ღირებულების სარჩელი

ამერიკული სადაზღვევო კომპანია AIG-მა ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Bank of America-ს წინააღმდეგ, მილიარდობით დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა. კომპანიაში თვლიან, რომ ბანკმა სადაზღვევო კომპანია იპოთეკური ობლიგაციების შესყიდვის პროცესში პოტენციური რისკების თაობაზე არ გააფრთხილა. ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, Bank of America-ს და მასში შემავალ Countrywide-ს და Merrill Lynch-ს ბრალი ედებათ იმაში, რომ ფასიან ქაღალდებში არსებული იპოთეკური ინსტრუმენტების ხარისხი ზედმეტად იყო გაზრდილი და ინვესტორებს ბანკმა ის ასე მიჰყიდა. ამერიკული სადაზღვევო კომპანია ამერიკული ბანკისაგან ჯარიმის სახით 10 მილიარდ დოლარამდე მიღებას ცდილობს. სულ იპოთეკურ ობლიგაციებში განხორციელებული ინვესტიციებზე სადაზღვევო კომპანიამ 27 მილიარდი დოლარი დაკარგა. ეს სარჩელი, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, იქნება ყველაზე დიდი მოცულობის მიხედვით, რომელიც იპოთეკურ კრიზისს უკავშირდება და ერთი ორგანიზაციის (არ არის ჯგუფური სარჩელი) მიერ არის სასამართლოში შეტანილი. სადაზღვევო კომპანია AIG აქტიურად მონაწილეობდა იმ ბაზარზე განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებში, რომელიც 2008 წლის კრიზისის დროს ყველაზე სუსტი წერტილი აღმოჩნდა. ეს ორგანიზაცია წამყვანი ამერიკული ბანკების უმსხვილესი მევალე აღმოჩნდა. ამერიკის მთავრობამ ქვეყნის საბანკო სისტემის დანგრევისგან დასაცავად, ამ კომპანიის ნაწილობრივი ნაციონალიზაცია განახორციელა.

8 მილიარდი დოლარი საკრედიტო რეიტინგის შემცირებისთვის

მიმდინარე წლის ივლისში, უცნობმა ინვესტორმა 850 მილიონი დოლარის ღირებულების ფსონი იმაზე გააკეთა, რომ ამერიკა მაქსიმალურ საკრედიტო რეიტინგს დაკარგავდა. ამ ფსონის პირობები ათი ერთთან შეფარდებას გულისხმობდა, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ფინანსისტს 8 მილიარდ დოლარზე მეტის მიღების შანსი ჰქონდა. ფინანსურ ბაზარზე ვარაუდობენ, რომ ამ საქმიანი გარიგების ავტორი ცნობილი მილიარდერი და ფინანსისტი ჯორჯ სოროსია, რომელმაც 1992 წელს ბრიტანული ფუნტის კურსის დაცემა `მოახერხა~. მაშინ ინკოგნიტო ფინანსისტმა ფუნტის კურსის შემცირებაზე `ითამაშა~ და ერთი დღის განმავლობაში მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.

სხვადასხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ სოროსს ამერიკის რეიტინგის წინააღმდეგ გამართულ `თამაშში~ მონაწილეობა არ მიუღია. არ გამორიცხავენ, რომ ადამიანი, რომელმაც ასეთი დიდი ფსონის დადება გაბედა, ინსაიდერულ ინფორმაციას ფლობდა, რომლის მიხედვითაც სარეიტინგო სააგენტო S&P ამერიკის საკრედიტო რეიტინგის დონეს `AAA~-დან `AA+~-მდე შემცირებას გეგმავდა. მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ამერიკის საკრედიტო რეიტინგი დაკვირვების დაწყებიდან პირველად შემცირდა. უცნობია, ასეთი გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკას რა შედეგებს მოუტანს, რადგანაც ამერიკის სახაზინო ობლიგაციები მსოფლიოში ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებად ითვლება. სარეიტინგო სააგენტო შ&P-ის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბაზრებიდან ინვესტორების გაქცევა გამოიწვია, რომლებიც საკუთარი აქტივების უსაფრთხო საფინანსო სივრცეში გადატანას ცდილობენ. ამ ფაქტმა თავის მხრივ მსოფლიოს საფონდო ბაზრების კრიზისი გამოიწვია.

ბანკი J.P. Morgan "თანამშრომლობისთვის" დაჯარიმდა

ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი J.P. Morgan Chase&Co თანახმაა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ირანთან, კუბასთან, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გამო (რომლებზეც სანქციები ვრცელდება), ჯარიმის სახით 88,3 მილიონი დოლარი გადაუხადოს. ამერიკულმა რეგულიატორმა Office of Foreign Assets Control (OFAC) დაადგინა, რომ 2005 წლის დეკემბრიდან 2011 წლის მარტის პერიოდში ამ ბანკმა დაარღვია ამერიკის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქცია, რომელიც კუბაზე, ირანში, სუდანსა და ლიბერიაში საფინანსო ოპერაციების განხორციელებას კრძალავს. კერძოდ, ბანკმა ხელი შეუწყო კუბის სამ მოქალაქეს იმაში, რომ მათ 178,5 მილიონი დოლარი გადაერიცხათ. საფინანსო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს დარღვევა მიზანმიმართული არ ყოფილა. რეგულატორი OFAC-ის ხელმძღვანელობა კი დასძენს, რომ ამერიკული ბანკი ხელისუფლებასთან საკუთარი ნებით თანამშრომლობს.
 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კუბასთან, ირანთან, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის ბანკი დაჯარიმდა. 2010 წელს ამერიკის ხელისუფლებამ 298 მილიონი დოლარით ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვანი ბანკი Barclays კუბის, ირანის, ლიბიის, სუდანისა და ბირმის საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის დააჯარიმა. ერთი წლით ადრე, კიდევ ერთ ბრიტანულ ბანკ Lloyds TSB-ს ლიბიის, სუდანის, ირანის საფინანსო ორგანიზაციებთან საქმიანი გარიგებების განხორციელების გამო 350 მილიონი დოლარის ჯარიმის სახით გადახდა მოუწია. ამ მხრივ კი ყველაზე მეტად შვეიცარიული ბანკი Credit Suisse დაზარალდა, რომელსაც ირანთან `თანამშრომლობა~ 536 მილიონი დოლარი დაუჯდა.

Nasdaq-ის ყოფილი დირექტორი ინსაიდერული ვაჭრობისთვის გაასამართლეს

ამერიკული ბირჟის Nasdaq საბაზრო ინფორმაციის განყოფილების ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დონალდ ჯონსონს, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიის საოლქო სასამართლომ 3,5 წელი თავისუფლების აღკვეთა ინსაიდერული ვაჭრობისათვის მიუსაჯა. ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში, დაკითხვების დროს ჯონსონმა აღიარა, რომ 2006-2009 წლების პერიოდში, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებით აქციებით ვაჭრობდა. ამ გზით მან შემოსავლის სახით 640 ათასი დოლარი მიიღო. მიმდინარე წლის 12 აგვისტოს გამართულ საბოლოო სხდომაზე მანვე კიდევ ერთი ეპიზოდი დაადასტურა, რის შედეგადაც მის მიერ არაკანონიერი გზით მიღებულმა შემოსავალმა 750 ათას დოლარს მიაღწია. დადგინდა, რომ მხოლოდ ერთი სავაჭრო სესიის დროს, 2007 წელს ჯონსონმა 175 ათასი დოლარი მიიღო. მაშინ მან მიიღო ინფორმაცია, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ United Therapeutics ახალი წამლის გამოსაშვებად ლიცენზია მიიღო და ამ კომპანიის აქციათა პაკეტი შეიძინა. ამ ინფორმაციის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ კი ეს აქციები გაზრდილი ფასით გაყიდა.

ჯონსონისათვის ინსაიდერული ინფორმაცია ხელმისაწვდომი მისივე თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე იყო. აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ყოფნის დროს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებისას კომპანიებთან კონსულტაციებს მართავდა, რასაც ბაზარზე მათ პოზიციებზე გავლენის მოხდენა შეეძლო. პირადი გამდიდრების მიზნით ამ ინფორმაციის გამოყენება ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, მას აკრძალული ჰქონდა.

ჯონსონის წლიური ხელფასი ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე ყოფნის დროს 141 ათას დოლარს შეადგენდა. სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო განაჩენს პროკურორებიც დაეთანხმნენ. ბრალდებულის ადვოკატები კი ცდილობდნენ სასჯელის ზომა 1,5 წლამდე შეემცირებინათ. თვით ჯონსონმა დანაშაულის აღიარების გარდა, ოფიციალურ წერილში საკუთარი ქმედებებისათვის სასამართლოს ბოდიში მოუხადა.