ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ამერიკამ დეფოლტის უფსკრულს "გადაუფრინა"!
#8(140), 2011
ამერიკაში მიაღწიეს კომპრომისს, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს დეფოლტი თავიდან აიცილოს. კონგრესში შემავალი ორივე პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ, რის თაობაზედაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა. საუბარია შემდეგი 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯების (ფედერალური ბიუჯეტის) 1 ტრილიონი დოლარით შემცირებაზე. გაიმართება მოლაპარაკებები ხარჯების დამატებით 1,5 ტრილიონი დოლარით შეკვეცაზე. იმავდროულად, შეთანხმებულია გასატარებელი ღონისძიებების პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ვალის ლიმიტის (ზედა ჭერის) 2,1 ტრილიონი დოლარით გაზრდას გულისხმობს. ეს ამერიკის მთავრობას საშუალებას მისცემს აღებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს. შიდა პროგრამების ხარჯები დაყვანილია ისეთ დაბალ დონეზე, რომელიც დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის შემდეგ არ ყოფილა. ობამას აზრით, შემცირების მიუხედავად, ეს დონე საკმარისია საიმისოდ, რომ მთავრობამ შეძლოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, გააგრძელოს მნიშვნელოვანი დარგების _ განათლებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება. ამჟამად, ამერიკის სახელმწიფო ვალის ლიმიტი 14,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

ხელშეუხებელია საპენსიო სისტემა და მდიდართა გადასახადები

ეს გეგმა გულისხმობს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, მაგრამ არ ეხება საპენსიო სისტემას და ჯანდაცვას. ამავე გეგმის ფარგლებში არ გაიზრდება მდიდართა გადასახადებიც. ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა: `მადლობა მსურს გადავუხადო ამერიკელ ხალხს. ეს თქვენი ხმებია, თქვენი წერილები, ელექტრონული გზავნილები, სატელეფონო ზარები, რომელმაც ვაშინგტონს აქტიური ქმედებებისაკენ უბიძგა. ამერიკელი ხალხის ხმა ძალიან დიდი გავლენის მქონეა~. ობამამ კვლავ გაიმეორა, რომ რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდა ეთხოვოთ უმდიდრეს ადამიანებსა და უმსხვილეს კორპორაციებს, საგადასახადო რეფორმის გზით დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. მისივე აზრით, სანავთობე კომპანიებს შეუძლიათ უარი თქვან საგადასახადო შეღავათებით სარგებლობაზე, როგორც ამას სხვა მრავალი ფირმა აკეთებს. თანაპარტიელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი მზადაა გაატაროს ზომები ისეთი პროგრამების მზარდი ხარჯების შესამცირებლად, როგორიც ჯანდაცვის სისტემაში `მედიკეირია~.პრეზიდენტი ობამა იძლევა გარანტიას, რომ ამერიკას დეფოლტი უახლოესი 8-12 თვის განმავლობაში არ ემუქრება. საბიუჯეტო საკითხების განხილვა კი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მან აღიარა, რომ ეს არ არის ის ვარიანტი, რომელიც მას სინამდვილეში მოეწონებოდა, მაგრამ მაინც სერიოზული პროგრესია. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის მეთაურმა, ჯონ ბონერმა გაიმეორა, რომ მიღწეული კომპრომისი არ არის `უდიდესი შეთანხმება~, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ვარიანტებისგან, რომლებიც მოლაპარაკების დაწყებისას განიხილებოდა. ამერიკის სახელმწიფო ვალის (ზედა ჭერის) აწევის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტრეიდერებმა შვებით ამოისუნთქეს. მსოფლიო სავაჭრო მოედნებმა უმალვე მოახდინეს რეაგირება: ტოკიოს ინდექსმა ნიკეი 1%-ზე მეტით მოიმატა, ინდექსი Hანგ შენგ 1,6%-ით გაიზარდა. აგრეთვე გაიზარდა დოლარის კურსი იენისა და შვეიცარიული ფრანკის კურსთან მიმართებაში. თეთრ სახლსა და რესპუბლიკელებს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლებელია, პენტაგონის ბიუჯეტის 350 მილიარდი დოლარით შემცირებასაც გულისხმობდეს.
პენტაგონის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები თავდაცვის სამინისტროს მისიის ანალიზის შემდეგ განხორციელდება. იგი აირეკლავს პრეზიდენტის ვალდებულებას უზრუნველყოს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება.

პირველი ნაბიჯი უდეფიციტო ბიუჯეტისკენ

ამერიკის სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ზომები საშუალებას იძლევა ამერიკამ დეფოლტი თავიდან აიცილოს, მაგრამ არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი უდეციფიტო ფედერალური ბიუჯეტის შექმნის მიმართულებით. ამერიკელი ლიდერის თქმით, ამერიკის ხელისუფლების ქმედებანი არის `გადამწყვეტი პირველი ნაბიჯი ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად~. პრეზიდენტი იმის გარანტიასაც იძლევა, რომ ხარჯები ნაჩქარევად არ შემცირდება, რადგანაც ამერიკის ეკონომიკა კრიზისის შემდეგ, ჯერ კიდევ სუსტია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიღწეული კომპრომისი მმართველი დემოკრატიული და ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიისგან მოითხოვს ერთად იმუშავონ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების უფრო მასშტაბურ გეგმაზე, რაც მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ქვეყნის ეკონომიკა უზრუნველყონ `სიჯანსაღით ხანგრძლივივადით~. მანვე ყველა გააფრთხილა, რომ მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების შემცირებით ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდაცია შეუძლებელი იქნება. 2010 წელს, ფედერალური ბიუჯეტის შემოსავალს ხარჯებმა 1,3 ტრილიონი დოლარით გადააჭარბა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ რესპუბლიკელთა თავგამოდებული წინააღმდეგობის მიუხედავად, დეფიციტის შემცირებას მოსახლეობის შეძლებული ნაწილისა და უმსხვილესი კორპორაციებისათვის საგადასახადო ტვირთის `დამძიმების~ გზით მიაღწევენ.
`ამერიკის ფედერალური ხელისუფლების წინაშე მდგარი ამოცანები საგადასახადო კოდექსის რეფორმირებას მოითხოვს. დეფიციტის შესამცირებლად საკუთარი წვლილი შეძლებულმა ამერიკელებმა და უმსხვილესმა კორპორაციებმაც უნდა შეიტანონ. მთავრობამ უნდა გააუქმოს ის შეღავათები, რომლებიც გაზისა და ნავთობის კომპანიების მიმართ ვრცელდება. კანონმდებლობა უნდა გათავისუფლდეს იმ მომენტებისგან, რომელიც მილიარდერებს საშუალებას აძლევს გადაიხადონ უფრო ნაკლები, ვიდრე მასწავლებლებმა და მედდებმა~, - დარწმუნებულია ობამა.

ობამას `დაზარალებული~ საპრეზიდენტო პერსპექტივები

კონგრესში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებულმა შეუთანხმებლობამ საბიუჯეტო საკითხში, ბარაკ ობამას ავტორიტეტს სერიოზული დარტყმა მიაყენა. დოკუმენტის მიღებას სენატში ხანგრძლივი დებატები უძღოდა. PEW Research Centre ინსტიტუტის მიერ, მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გათანაბრდა ამჟამინდელი პრეზიდენტის მეორედ არჩევის მსურველთა რიცხვი იმათთან შედარებით, ვისაც ამ პოსტზე რესპუბლიკელი პრეზიდენტის ხილვა სურს. მაისში ეს შეფარდება 48% 37%-ის წინააღმდეგ იყო. ამ მომენტისათვის, ამომრჩეველთა მხოლოდ 41% აპირებს მეორედ ასარჩევად ხმა ბარაკ ობამას მისცეს, მაშინ, როცა რესპუბლიკელ კანდიდატს მხარს 40% უჭერს. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოპულარობა კიდევ უფრო შემცირდა დამოუკიდებელ ამომრჩეველთა შორის. მოქმედ პრეზიდენტს 42% უჭერდა მხარს, ხოლო რესპუბლიკელ კანდიდატს 35%. ელექტორატის ამ ნაწილში შეფარდება პრეზიდენტ ობამას საწინააღმდეგოდ შეიცვალა 31% 39%-ის წინააღმდეგ. უკმაყოფილო ამომრჩეველი ქვეყნისა და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას მოქმედ პრეზიდენტს აბრალებს. ექსპერტთა აზრით, ამერიკის მიერ `უნაკლო მსესხებლის~ სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში, ამ ფაქტს მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე ქაოსის პროვოცირება შეუძლია, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის ახალ ტალღას წარმოქმნის. ამერიკის კონგრესში შეიქმნება სპეციალური კომიტეტი, რომელმაც მიმდინარე წლის შემოდგომის ბოლომდე უნდა წარადგინოს საკუთარი რეკომენდაციები ბიუჯეტის შესამცირებლად. ამ კომისიაში ორივე პარტიის წარმომადგენლები შევლენ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თვლის, რომ `ამ შეთანხმებასდიდი მომავალი აქვს. სახელმწიფო ვალის ზედა ჭერის გაზრდის საკითხში დებატები 2013 წლამდე გადაიდო. ამ საკითხის გადაწყვეტა კი ამერიკის ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს~.

დეფოლტის თავიდან აცილება პოპულარობის ფასად

დეფოლტის პრობლემის გადასაწყვეტად, კონგრესში მიღებულ კანონს პოლიტოლოგებმა `რესპუბლიკური პარტიის შთამბეჭდავი გამარჯვება~ უწოდეს. ამ კანონს მხარი 269 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 161 დეპუტატი იყო. კანონის მხარდამჭერთა შორის 174 კონგრესმენი რესპუბლიკელია, ხოლო დემოკრატებს შორის ხმები გაიყო: 95 მომხრე 95 კონგრესმენის წინააღმდეგ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბარაკ ობამამ რესპუბლიკელთა ზეწოლის გამო საჯაროდ უარი თქვა საკუთარი წინასაარჩევნო დანაპირებების შესრულებაზე. პირველი რაუნდის მიხედვით, სახელმწიფო და სამხედრო ხარჯები 917 მილიარდი დოლარით უნდა შემცირდეს. ამ კანონის მიღებით უკმაყოფილონი დემოკრატები დარჩნენ. კონგრესმენმა მაიკ დოილმა განაცხადა, რომ `მოლაპარაკებებს ისინი ტერორისტებთან აწარმოებდნენ.
ფინანსური ექსტრემისტების ჯგუფმა მათ ფულის ხარჯვა აუკრძალა~! დემოკრატების უკმაყოფილებას ახსნა მოეძებნება: თავდაპირველად ისინი მოითხოვდნენ, რომ დეფიციტის შემცირებისათვის მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის გზით მიეღწიათ. რესპუბლიკელებმა იმდენი `მოახერხეს~, რომ ეს პუნქტი გასატარებელი ზომების სავალდებულო სიაში არ შევიდა. უფრო მეტიც: საბიუჯეტო ხარჯების შემცირება შეეხებათ იმ სოციალურ პროგრამებს, რომელთა განხორციელებას ბარაკ ობამა ამომრჩევლებს 2008 წელს დაჰპირდა. შესაძლებელია გადაიხედოს ფერმერებისათვის გამოსაყოფი სუბსიდიების, სასწავლო დაწესე-ბულებებისათვის ფინანსური დახმარების პაკეტის მოცულობა, სახელმწიფო მოხელეებისათვის დამატებითი საპენსიო თანხების გამოყოფა, სამედიცინო დახმარების გაწევის პროგრამების შეკვეცა. რაც ახალგაზრდობას, შავკანიან მოსახლეობას, პენსიონერებს ობამას ხელმეორედ არჩევაზე უარს ათქმევინებს, ვინც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება უზრუნველყო.

`მიღწევა~, რომელიც ზოგისთვის კატასტროფაა!

ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლ კრუგმანი თვლის, რომ `ამერიკის სახელმწიფო ვალის ზედა ჭერის გაზრდის თაობაზე მიღებული კომპრომისული შეთანხმება კატასტროფაა არა მარტო ბარაკ ობამასთვის, არამედ მისივე პარტიისათვისაც. იგი დამანგრეველ გავლენას იქონიებს ისედაც გაუარესებულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ეკონომიკისათვის, რაც დეფიციტის უძველეს პრობლემას კიდევ უფრო გააუარესებს. ყველაზე მეტად კი ის არის მნიშვნელოვანი, რომ მარტივი გამოძალვა ეფექტურია და რაიმე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ეყრდნობა. ამერიკის ეკონომიკის ღრმა დაცემა 2013 წლამდე გაგრძელდება. ყველაზე უარესი, რისი გაკეთებაც ასეთ ვითარებაში შეიძლება, სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა, რაც კიდევ უფრო დიდი დეპრესიის პროვოცირებას გამოიწვევს. ნუ მოუსმენთ მას, ვინც `ნდობის ფერიისკენ~ იშვერს თითს და ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის სტაბილიზაციისათვის გატარებული მკაცრი ზომებით `დაშოშმინებული~ მომხმარებელი მეტ ფულს დახარჯავს. ასე არ ხდება, რაც ისტორიული მონაცემებითაც დასტურდება. ისინი, ვინც ხარჯების შემცირებას ითხოვენ, ემსგავსებიან შუა საუკუნეების ექიმბაშებს, რომლებიც სნეულის ორგანიზმიდან სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ, მაგრამ მის ავადმყოფობას აუარესებდნენ. რესპუბლიკელები კიდევ უფრო გათამამდებიან, რადგანაც ხედავენ, რომ ობამას პოზიციების დათმობა შეუძლია. იგი რესპუბლიკელებს დანებდა გასულ წელს, როცა პრეზიდენტ ბუშის დროინდელი საგადასახადო შეღავათების ვადების გახანგრძლივებას დათანხმდა. დანებდა 2011 წლის გაზაფხულზე, როცა სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობის შეწყვეტის თაობაზე იმუქრებოდნენ და მათ წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა ახლაც, სავალო ჭერის საკითხში პირდაპირი გზით გამოძალვას წინაღმდეგობა რომ არ გაუწია. ამერიკის პრეზიდენტს ლეგალური მანევრისთვის საკმარისი თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. შეეძლო სავალო ჭერისთვის გვერდის ავლა იმისთვის, რომ რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთი გამოეყენებინა.
ბუნებრივია, ეს დემოკრატებისათვის პოლიტიკური კატასტროფაა, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ, რესპუბლიკელებს ჯანდაცვის პროგრამა `მედიკეირის~ გაუქმებაზე უარი უთხრეს. ობამა მათ ამ საკითხშიდაც დანებდა. დანაკარგები ამით არ დასრულდება: ვიწრო `უღელტეხილებზე~ რესპუბლიკელები კვლავ მუქარას გამოიყენებენ და ივარაუდებენ, რომ პრეზიდენტი კრიზისის შიშით პოზიციას კვლავაც დათმობს. ხანგრძლივი ვადის პერიოდში, დემოკრატები არ იქნებიან მარტონი დაზარალებულთა შორის. ის, რაც დაუსჯელად ჩაიდინეს რესპუბლიკელებმა, ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი სახელმწიფო მართვის მთლიან სისტემას, _ დაასკვნა პოლ კრუგმანმა.

დეფოლტების "ისტორიული აღლუმი"

აქვე გთავაზობთ დეფოლტების ისტორიას, რომელსაც ადგილი სხვადასხვა ქვეყნებში ჰქონდა. სახელმწიფოების მხრიდან ვალების (მათ შორის უცხოელი კრედიტორებისათვის) დაუბრუნებლობის ისტორია ხანგრძლივია და ფესვები შორეულ საუკუნეებში აქვს გადგმული. სახელმწიფო დეფოლტები სხვადასხვა მიზეზებით ხდებოდა: იყო მხოლოდ ეკონომიკური მიზეზი, როცა მსესხებელი მართლაც გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ამას ემატებოდა პოლიტიკური მოტივიც, როცა ძლიერი სუსტს ვალს არ უბრუნებდა. ხდებოდა ისედაც, რომ ახალი მთავრობა არ აღიარებდა წინა ხელმძღვანელობის მიერ აღებულ ვალებს და პილატესავით ხელებს იბანდა! ამ საკითხით დაინტერესდნენ ამერიკელი კარმენ რაინჰარტი, მერილენდის უნივერსიტეტის ეკონომისტი და კენეტ როგოფი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი. ისინი აღნიშნავენ, რომ რვა საუკუნის განმავლობაში, 1300-დან 1799-წლის ჩათვლით, დასავლეთ ევროპის ქვეყნები: საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი ვალების გასტუმრებაზე უარს რეგულარულად აცხადებდნენ. სახელმწიფო დეფოლტის კლასიკური მაგალითია ისტორია, რომელიც ინგლისის მეფეს ედუარდ მესამეს უკავშირდება. მან 1327 წელს იტალიელ ბანკირებს თავისი წინამორბედის მიერ დატოვებული ვალების გადახდაზე უარი განუცხადა. ვალების გადაუხდელობა სამეფო კარის წარმომადგენელთათვის ყოველთვის უმტკივნეულოდ არ სრულდებოდა. საფრანგეთის მეფე, იოანე მეორე (კეთილი) ასწლიანი ომის დროს, 1356 წელს ტყვედ ინგლისელებმა ჩაიგდეს. იგი გამოსასყიდის შესაგროვებლად გაათავისუფლეს. იგი იძულებული შეიქმნა ბრიტანელებთან დაბრუნებულიყო, რადგანაც გამოსასყიდი თანხის ნაწილის შეგროვება ვერ შეძლო. საფრანგეთის მეფე, იოანე მეორე ბრიტანელთა ტყვეობაში გარდაიცვალა. ესპანეთის იმპერატორმა, კარლოს მეხუთემ გერმანელ ბანკირებს – ფუგერებს ვალი ვერ გადაუხადა. სწორედ ამიტომ ვენესუელა დროებით `ექსპლუატაციაში~ გადასცა. მისმა ვაჟმა, ფილიპე მეორემ, თავისი მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ვალების გადახდა სამჯერ შეაჩერა. მოკლედ, `ბნელი შუასაუკუნეების~ პერიოდში, სამეფო კარის წარმომადგენელთა მხრიდან ვალების გადახდა უფრო მეტად გამონაკლისი იყო, ვიდრე მყარი წესი და კანონი.

ახალ დროში, საკრედიტო-ფულადი ურთიერთობანი სახელმწიფო დონეზე გაფორმებული ნორმატიული აქტებით `დამძიმდა~. სწორედ ამიტომ მთავრობათა `საგადასახადო დისციპლინა~ შესამჩნევად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ეს ეპოქაც სახელმწიფო ვალების გადაუხდელობის შემთხვევებით `საკმაოდ მდიდარია~. 1650-იან წლებში, ოლივერ კრომველს ირლანდიის დასაპყრობად წარმოებული სამხედრო კამპანიისათვის ფული დაჭირდა, რომელიც ლონდონელი მდიდრებისგან და ევროპელი პროტესტანტებისგან შეაგროვა. კრედიტორებისთვის, აგრეთვე საკუთარი არმიის ოფიცრებისა და ჯარისკაცებისათვის ვალის გასტუმრებას კრომველი იმ მიწებით აპირებდა, რომელიც ირლანდიელ კათოლიკეებს ჩამოართვა.

დაპყრობილი მიწები, ბუნებრივია, ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომაც კრომველს უცხოელთა ვალების გასტუმრება უბრალოდ `დაავიწყდა~. უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში, დეფოლტების მხრივ ლიდერი საფრანგეთია. ამ სახელმწიფოში მსგავსი უბედურება რვაჯერ დაფიქსირდა, მათ შორის ოთხჯერ მეთვრამეტე საუკუნეში – 1701, 1715, 1770 და 1788 წლებში. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიომ ხუთი მასშტაბური და გაჭიანურებული `დეფოლტური ეპიდემია~ გადაიტანა.

პირველი ნაპოლეონის მიერ წარმოებული ომების პერიოდს დაემთხვა, მეორე 1820-1840 წლებში დაფიქსირდა, მესამე 1870 წლიდან დაიწყო და 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დეფოლტების მეოთხე გლობალურმატალღამ ამერიკას დიდი დეპრესიის დროს გადაუარა, რომელიც 1950-იან წლებამდე გაგრძელდა. ბოლო ეპიდემია კი 1980-1990-იან წლებში დაფიქსირდა.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში გაკოტრებულ ევროპული ქვეყნების სიაში შედიან ავსტრია-უნგრეთი, რომელმაც დეფოლტი ხუთჯერ გამოაცხადა, ესპანეთი, რომლის `ანგარიშზეც~ ამავე პერიოდში 8 დეფოლტი მოდის, გასათვალისწინებელია წინა საუკუნეებში, ამავე ქვეყანაში დაფიქსირებული კიდევ 6 დეფოლტი. საბერძნეთი თავისი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში (1829 წლიდან) `სატირალ~ მდგომარეობაში 5-ჯერ აღმოჩნდა (აცხადებდა დეფოლტს, ან ვალების რესტრუქტურიზაციას ახორციელებდა), რაც დამოუკიდებლობის პერიოდის ნახევარს გულისხმობს. მეცხრამეტე საუკუნეში გაკოტრებულ სახელმწიფოთა გეოგრაფია ლათინოამერიკული ქვეყნების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდა: `წყალწაღებულთა~ რიცხვს კოლუმბია, დომინიკის რესპუბლიკა, გვატემალა, მექსიკა დაემატნენ, რომლებმაც დეფოლტი ოთხჯერ (თითოეულმა!) გამოაცხადა. მათ `გადაუსწრო~ ვენესუელამ და გაკოტრებული როგორც სახელმწიფო 6-ჯერ აღმოჩნდა. 1875 წელს ოტომანის იმპერია გაკოტრდა. მეცხრამეტე საუკუნის კიდევ ერთი, გახმაურებული დეფოლტი ეგვიპტეში, 1875 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც სუეცის არხის ზონა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ფაქტობრივად ანექსირებული აღმოჩნდა. მეოცე საუკუნეში დეფოლტს ძირითადად არაევროპული ქვეყნები აცხადებდნენ, მაგრამ გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი ამ `გაუგებრობაში~ ორჯერ (თითოეული) მაინც აღმოჩნდნენ.
 
1918 წლის იანვარში, საბჭოთა რუსეთმა მეფისა და დროებითი მთავრობის პასუხისმგებლობით აღებული ვალების დაფარვაზე უარი განაცხადა. მეოცე საუკუნის ბოლოს, როცა ამ ვალებმა `დევალვაციის პიკს~ მიაღწიეს, რუსეთმა თანხმობა მათ ნაწილობრივ დაფარვაზე განაცხადა. ასეთი `ხვედრი~ ერგო საბჭოთა ვალსაც: `ცივი ომის~ პერიოდში, საბჭოთა მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის დროს შეძენილი ამერიკული იარაღის საფასურის დაფარვა შეწყვიტა. ეს პროცესი მხოლოდ რუსეთის თანამედროვე ხელისუფლებამ განაახლა. ამერიკული ვალების მომსახურებაზე უარი 1930 წელს ბრიტანეთმა განაცხადა. მას ამ დროისათვის 14,5 მილიარდი დოლარის ვალი `დაუგროვდა~. ბრიტანეთის მაშინდელი მთავრობა საკუთარ ქმედებებს შემდეგნაირად ხსნიდა: ამერიკის ზოგიერთი შტატის მთავრობები ბრიტანეთთან დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს ვეღარ ასრულებდნენ. ამერიკული ვალი ბრიტანეთის მიმართ მნიშვნელოვნად აჭარბებდა იმ ვალს, რომელიც ბრიტანეთს 1930 წლისთვის ამერიკისთვის უნდა გადაეხადა. ბრიტანეთის მაგალითი `გადამდები სენი~ საფრანგეთისთვის და იტალიისათვისაც აღმოჩნდა: მათ უარი განაცხადეს ამერიკისგან პირველი მსოფლიო ომის პერიოდში აღებული ვალების გასტუმრებაზე. ჯერ კიდევ 1919 წლიდან, ვერსალის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გერმანიის თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა რეპარაციის ვალისდაფარვა. საერთაშორისო სამართალში ეს გახლავთ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოზე თავდასხმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რომელსაც მშვიდობიანი ხელშეკრულება, ან სხვა საერთაშორისო აქტი გულისხმობს. ჰიტლერის მთავრობამ ამ ვალების დაფარვაზე უარი განაცხადა. გერმანიის ადენაუერის ომისშემდგომმა მთავრობამ 1953 წელს აღიარა ეს ვალი და თანხმობა განაცხადა, რომ მას გერმანიის გაერთიანების შემდეგ დაფარავდა. 1990 წელს, გაერთიანების შემდეგ, გერმანიამ ამ ვალის 20 წლით რესტრუქტურიზაცია განახორციელა. გასულ საუკუნეში გადახდისუუნარონი 5-ჯერ (თითოეული) აღმოჩნდნენ თურქეთი, ბრაზილია, პერუ, ხოლო 6-ჯერ _ კოსტა-რიკა და გვატემალა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით მსოფლიო რუქაზე ნიგერია 1960 წლიდან დაფიქსირდა. მიუხედავად ხანმოკლე სახელმწიფოებრივი ისტორიისა, ამ ქვეყანამ გაკოტრება უკვე 5-ჯერ `მოახერხა~. მეოცე საუკუნის 1990-იან წლებს `დეფოლტების ფოიერვერკი~ შეიძლება ვუწოდოთ. ეროვნული ვალუტის ვალდებულებების მიხედვით დეფოლტი 12 ქვეყანამ გამოაცხადა. `დეფოლტების აღლუმის~ მონაწილენი იყვნენ ანგოლა (1992-1997 წლები), არგენტინა და ბრაზილია (1986-1990 წლები), ვენესუელა (1995-1998 წლები), ხორვატია (1993-1996 წლები), შრი-ლანკა (1996 წელი). 1998 წელს მათ არც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები – რუსეთი და უკრაინა `ჩამორჩნენ~. ვალების უფსკრულში გადავარდნილი სახელმწიფოები, ვალების მომსახურებაზე უარის ნაცვლად ეროვნული ვალუტის დევალვაციას მიმართავდნენ. ეს ფაქტიურად ანალოგიურია და იმეორებს შიდა ვალის ნაწილობრივ დეფოლტს. მსგავსი `გამოსავალი~ იპოვეს არგენტინამ 1991 წელს, მექსიკამ 1994 წელს, ინდონეზიამ და სამხრეთ კორეამ 1997 წელს. სარეიტინგო სააგენტოს შტანდარდ & Pოორ’ს-ის მიერ გაკეთებული შეფასებების მიხედვით, 1997 წელს სავალო ვალდებულებების მიხედვით, (იგულისხმება საბანკო და ობლიგაციები) დეფოლტის მდგომარეობაში მსოფლიოს 37 ქვეყანა აღმოჩნდა. 1998 წლის ნოემბრისათვის, ეს მაჩვენებელი 31-მდე შემცირდა. დეფოლტი რომ სახუმარო საქმე არ არის, 2001 წელს, არგენტინაში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. ამ კრიზისულ პერიოდში, ქვეყანაში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, დარბევები და მაროდიორობა ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა. 2003 წლის სექტემბერში, არგენტინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალების გამო, დეფოლტის თაობაზე გამოაცხადა. ამ ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2,9 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალის გადახდა გადაედო. მოტივად კი ის მოიყვანა, რომ ცენტრალური ბანკის რეზერვებს რეალური საფრთხე დაემუქრებოდა.

არგენტინის უარი დაეფარა დავალიანება იყო ყველაზე დიდი დეფოლტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ისტორიაში. 2008 წლის დეკემბერში, ეკვადორის პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ გლობალური ობლიგაციების პროცენტების (30,6 მილიონი დოლარი) გადახდაზე უარს აცხადებდა. მანამდე (1980-1990 წლებში) ეკვადორმა შეუძლებლად მიიჩნია საკუთარი ფინანსური ვალდებულებებისშესრულება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც დეფოლტი საგარეო ვალთან დაკავშირებით ჰქონდეს გამოცხადებული. მათ შორის არიან: ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სკანდინავიური ქვეყნები, ბელგია, ჰონკონგი, მალაიზია, სინგაპური და ტაივანი. მიუხედავად ამისა, ამერიკა 1979 წელს გადახდისუუნარო მაინც აღმოჩნდა. იმ პერიოდში, პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ნასესხობის ზღვარის გაზრდის საკითხში, დიდი ხნის განმავლობაში საერთო ენის მონახვა პარლამენტთან ვერ მოახერხა. პრობლემის გადაწყვეტა მოხერხდა, მაგრამ გადახდების სამი კვირით შეფერხებამ (122 მილიონი დოლარი) ის გამოიწვია, რომ საპროცენტო განაკვეთები და მასთან ერთად ვალის მომსახურების ღირებულება გაიზარდა. ის მინი-დეფოლტი ამერიკას მილიარდობით დოლარი დაუჯდა.

ამერიკული და უნიკალური – სახელმწიფო ვალის ჭერი

სახელმწიფო ვალის ჭერი – უნიკალური განსაზღვრებაა, რომელიც მხოლოდ ამერიკაში არსებობს. ამერიკის კონგრესმა სახელმწიფო ვალის მაქსიმალური დონე პირველად 1917 წელს განსაზღვრა და იგი `სულ რაღაც~ 11,5 მილიარდ დოლარს გაუტოლა. მანამდე, კონგრესს სავალო ვალდებულებების ყოველი განთავსება უნდა დაემტკიცებინა. 1962 წლის მარტიდან ამერიკული სახელმწიფო ვალის ჭერი 74-ჯერ გაიზარდა, მათ შორის 10-ჯერ 2001 წლის შემდგომი პერიოდიდან. უკანასკნელ ათწლეულებში, ამერიკამ ფულის საბეჭდი მანქანა აქტიურად რამდენჯერმე აამოქმედა: ერაყსა და ავღანეთში წარმოებული ძვირადღირებული ომების დასაფინანსებლად, რომელსაც მოჰყვა `ახალგაზრდა დემოკრატიის~ დახმარების პროგრამები და 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი. ჯერ კიდევ 30-ზე მეტი წლის წინ ამერიკის სახელმწიფო ვალის მოცულობა 908 მილიარდ დოლარად შეფასდა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ეს ვალი სწრაფი ტემპებით გაიზარდა. უკვე 1982 წელს 1 ტრილიონი დოლარი, ხოლო 1996 წელს _ 5 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ამერიკის სახელმწიფო ვალი 10 ტრილიონი დოლარის `საზღვრებს~ 2008 წელს მიაღწია, როცა რეცესიის გამო მკვეთრად შემცირდა აკრეფილი გადასახადების მოცულობა, ხოლო მთავრობამ ბევრი ფული დახარჯა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლისას. მიმდინარე წლისათვის, ამერიკის სახელმწიფო ვალის ჭერი 14,3 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მიღებული შეთანხმების საფუძველზე 2,4 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.

დეფოლტი და მისი სახეობები

ბოლოს, განვიხილოთ რა არის დეფოლტი და მისი სახეობები. დეფოლტი ინგლისურიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობას ნიშნავს. ეს ხდება მსესხებლის მხრიდან კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამ დროს ვალისგადამხდელს უნარი არ გააჩნია დროულად დაფაროს სავალო ვალდებულებები ან შეასრულოს სასესხო შეთანხმების სხვა პირობები. ამ ტერმინით აღნიშნავენ სავალო ვალდებულებების ნებისმიერი სახეობის შესრულებაზე უარის თქმას და `გაკოტრების~ სინონიმია. როგორც წესი მას უფრო ვიწროდ იყენებენ და ცენტრალური, ან მუნიციპალური მთავრობების მხრიდან საკუთარი ვალების დაფარვაზე უარს გულისხმობენ. დეფოლტი ცხადდება როგორც სახელმწიფოს მხრიდან (`სუვერენული დეფოლტი~), ასევე კომპანიებისა და კერძო პირების მიერ, რომლებსაც არ შეუძლიათ შეასრულონ აღებული ვალდებულებები მთლიანად, ან ნაწილობრივ.

დეფოლტი ორი სახეობისაა: უბრალოდ დეფოლტი (გაკოტრება) და ტექნიკური დეფოლტი.

დეფოლტის პირველი სახეობა ნიშნავს მსესხებლის გაკოტრებას, ანუ მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი ეს კომპანიაა, ინიშნება გარე მმართველი, რომელიც შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს _ იგულისხმება კომპანიის მთლიანად, ან ნაწილობრივ გაყიდვა. თუ დეფოლტს ფიზიკური პირი აცხადებს, ეს სიტუაცია ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება, რომლის უფლებები როგორც წესი კანონით არის დაცული. თუ დეფოლტს სახელმწიფო აცხადებს, ამ ვალებისა და სხვა სადაო საკითხების მოგვარება საერთაშორისო დონეზე ხდება.

მეორე სახეობაა – ტექნიკური დეფოლტი. ეს არის სიტუაცია, როცა მსესხებელმა კრედიტორის წინაშე საკუთარი დავალიანების კონტრაქტის პირობები დაარღვია, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულება შეუძლია. შეთანხმების დარღვევა შეიძლება გულისხმობდეს პროცენტების, ვალდებულებების ძირითადი, ან ერთი ნაწილის დაფარვაზე, დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნაზე უარის თქმას, სადაც მაგალითად წლიური ანგარიშია ასახული. ამ და შეთანხმების სხვა პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი მსესხებელს ტექნიკურ დეფოლტს უცხადებს. მათ შორის სადაო საკითხების მოგვარება დამოკიდებულია ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზებზე და კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ კორპორატიულ კანონმდებლობაზე. საკმაოდ ხშირად, ასეთი სიტუაცია მსესხებლის გაკოტრებით არ მთავრდება.

კორპორატიულ დეფოლტებს ადგილი ხშირად აქვს. მსოფლიო ბიზნესის გრანდები ოდესღაც ტექნიკური დეფოლტის მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ. ექსპერტების აზრით, ტექნიკური დეფოლტი ამერიკისა და განვითარებული ბაზრების მთლიან პერიმეტრზე ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. შემცირდება ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური აქტივების ღირებულება. იგივე ინსტიტუტები აღმოჩნდებიან გადახდისუუნარონი, რასაც გადახდების ვადების დარღვევა და კლიენტების მიერ ბანკებთან დიდი რიგები მოჰყვება. დეფოლტის მდგომარეობა ნებისმიერი ქვეყნისათვის სწორედ ამიტომაც არის უფსკრული და ხუმრობა ნამდვილად არ გახლავთ!

ვეფხია სამსონიძე