ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
#8(140), 2011

სექტემბერში გაზრდილი პენსიების გაცემა დაიწყება

15 სექტემბრიდან გაზრდილი პენსიების გაცემა დაიწყება, _ ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, თბილისის მასშტაბით პენსია 10 ლარით გაიზრდება, რეგიონებში _ 20 ლარით და 100 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, შენარჩუნდება ყველა სოციალური შეღავათი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს რეფორმა 670 000-ზე მეტ პენსიონერს და 24 000 მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირს შეეხება.

`გაზაფხულის შემდეგ 25 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა ბიუჯეტში, ამას კიდევ დაემატება 13 მილიონი და სექტემბრიდან უკვე გაზრდილ პენსიებს მიიღებენ საქართველოს მასშტაბით~, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ანდრია ურუშაძის თქმით კი, ყველა ბანკი მზად არის, რომ პენსიების გაცემა დაიწყოს 15 სექტემბრიდან. როგორც მან განაცხადა, ყველა პენსიონერს, ვინც ბანკში მისვლას ვერ შეძლებს, პენსიას სახლში მიუტანენ.

სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტს არ გაასხვისებს

სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების IPO-სთან დაკავშირებით მთავრობა მორიგ განმარტებას აკეთებს. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, საერთაშორისო ბირჟებზე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების მაქსიმუმ 49 პროცენტის განთავსება იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარია სახელმწიფო კომპანიების აქციათა 20-25-30 პროცენტის საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებაზე. თუმცა 51 პროცენტი და მეტი ისევ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.

`ამ კომპანიების მენეჯმენტი ისევ სახელმწიფოს დარჩება და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ისევ სახელმწიფო იქნება. ჩვენი მიზანია, რომ ამ ტრანზაქციით ქვეყანაში შემოვიდეს ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია. საუბარია იმაზე რომ ქვეყანაში დამატებით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. საუბარია ასევე დამატებით ეკონომიკურ ზრდაზე და ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ტრანზაქცია, რაც ყველა განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყანამ განვლო და მათი არაერთი სტრატეგიული ობიექტების აქტივები საერთაშორისო ბირჟებზე განთავსდა~, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისათვის საერთაშორისო ბირჟებზე რთული ვითარებაა და მთავრობა IPO-ს ხელსაყრელ ვადაში განახორციელებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტების აზრით, 2011 წელს მსოფლიოში საუკეთესო ტრანზაქციად საქართველოს ევროობლიგაციების ლონდონის ბირჟაზე განთავსება მიიჩნევა.

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობა ჯერ არ გაძვირდება

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი~ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს და ახალი წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა 1 ლარამდე იზრდება.

`გავრცელებული ინფორმაცია სამარშრუტო ტაქსების გაძვირებასთან დაკავშირებით, რომ მგზავრობის საფასური ახალი წლიდან 1 ლარი გახდება არის სრულიად უსაფუძვლვლო მიუხედავად იმისა, რომ სამარშრუტო ტაქსებზე ფასების განსაზღვრა კომპანიის პრეროგატივაა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს~, _ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი~ აცხადებს, რომ მგზავრობის ღირებულება ახალი წლიდან 80 თეთრს არ აღემატება.

`ასევე ღირებულება უცვლელი დარჩება იმ მარშრუტებზე, რომლებზეც მგზავრობის საფასური 40, 50 და 60 თეთრია~, _ ნათქვამია კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაიყიდა თუ არა "თბილისის წყალი"

`საქართველოს ბანკი~ `თბილისის წყლის~ შესყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, _ ამის შესახებ `საქართველოს ბანკის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ბალავაძემ განაცხადა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის~ სადისტრიბუციო ნაწილი `საქართველოს ბანკმა~ იყიდა და ეს პროცესი ფარულად განხორციელდა. მისი განმარტებით, დისტრიბუციის დაპატრონება ნიშნავს, რომ წყალი მთლიანად `საქართველოს ბანკის~ საკუთრებაა. აბაშიძე ინტერესდება, აპირებს თუ არა ბანკის ხელმძღვანელობა, აღიაროს კომპანიის შესყიდვა და შეიცვლება თუ არა წყლის ტარიფი.

ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობა გაიზარდა

2011 წლის აგვისტოში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 42,4%-ით გაიზარდა და 4 587 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობით, მათ შორის 98,1% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 1,9% _ არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი).

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.048 დონეზე დაფიქსირდა.

2011 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 8.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 21.6%-ით შემცირდა.

"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" გაკოტრების პროცესშია

სახელმწიფო კომპანიების წინაშე არსებული დავალიანების გამო ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუცია~ გაკოტრების პროცესშია, _ იუწყება რადიო `ჰერეთი~.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორის ირინა მილორავას ინფორმაციით, კომპანიას ესკოს მიმართ 3 142 მლნ ლარის, ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემის მიმართ დაახლოებით 3 მლნ ლარის დავალიანება აქვს.

21 სექტემბერს დაგეგმილია კრედიტორთა სხდომა, სადაც გაირკვევა, დათანხმდება თუ არა `კახეთის ენერგოდისტრიბუცია~ ვალის რესტრუქტურიზაციას. რესტრუქტურიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია გაიყიდება.