ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
რა ქონება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრ ქალებს
#8(140), 2011
"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა წრეს (თანამდებობრივ რეესტრს), ვისაც ამ კანონის მიზნებისთვის გულისხმობს ტერმინი "თანამდებობის პირი" და ვინც ვალდებულია, რომ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსებიდან ერთი კვირის განმავლობაში შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელშიც აისახება წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები. დეკლარაციის ფორმები და მათი შევსების წესი ბევრჯერ შეიცვალა. 2010 წლიდან დეკლარაცია 12 ფურცლისგან შედგება, თუმცა მისი ბოლო ფურცელი საჯარო არაა; მანამდე (ანუ 2009 წლის ჩათვლით) არსებული დეკლარაციები ორჯერ უფრო მეტ ფურცელს მოიცავდა და გაცილებით ინფორმაციული იყო. ყველა დეკლარაცია, შევსებული როგორც 2009 წლის ჩათვლით, ისე 2010-11 წლებში, ბიუროს საიტზეა განთავსებული და მათი ნახვა და გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამჯერად თქვენს ყურადღებას პარლამენტის წევრ ქალბატონთა დეკლარაციებზე შევაჩერებთ.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს პარლამენტი 139 წევრისგან შედგება და აქედან 9 ქალია. ესენი არიან: ანიკაშვილი მაგდალინა, გოგორიშვილი ხათუნა, ვერულაშვილი მარიკა, თაქთაქიშვილი ჩიორა, კერვალიშვილი რუსუდან, ოჩიაური ხათუნა, ხერხეულიძე ეკატერინე, ჯაბუა გურანდა და ჯავახაძე ელენე.

ანიკაშვილი მაგდალინა

მაგდალინა ანიკაშვილი პარლამენტის წევრია 2008 წლის ივნისიდან, მანამდე ის ტელეკომპანია `იმედის~ გადაცემების წამყვანი იყო. იგი არჩეულია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან `გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები~; არის საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია `ქრისტიან-დემოკრატების~ მდივანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

მისი ბოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2011 წლის 10 მაისს არის შევსებული. ანიკაშვილი 1981 წლის 24 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. დეპუტატი მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე დავით გოგოლაშვილი 1975 წლის 3 მაისს, შვილი ალექსანდრე გოგოლაშვილი კი 2010 წლის 16 ნოემბერსარიან დაბადებული.

მაგდალინა ანიკაშვილის საკუთრებას წარმოადგენს 96 კვ.მ. ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე. მოგეხსენებათ, 2010 წლიდან დეკლარანტებს ქონების ღირებულების მითითება აღარ მოეთხოვებათ. სამაგიეროდ, 2009 წლის 5 მაისს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, რომ იმ პერიოდში ოჯახს უძრავი ქონება არ გააჩნდა, მაგრამ ჰქონდა მშენებარე ბინა, რომელსაც `აქსისი~ აშენებდა და დაახლოებით 100 ათასი დოლარი ღირდა. შარშანდელ დეკლარაციაში კი ანიკაშვილს ასევე აღნიშნული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული 6.0 კვ.მ. ფართის ავტოფარეხი საბურთალოს ქუჩაზე, რომელიც წლევანდელ დეკლარაციაში აღარ ჩანს.
 
მეუღლის, დავით გოგოლაშვილის საკუთრებაა მსუბუქი ავტომანქანა `ნისან-ტიიდა~.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსებისას მაგდალინა ანიკაშვილს ,,თიბისი ბანკში~ სახელფასო ანგარიშზე 800 ლარი და `კორ სტანდარტ ბანკში~ მიმდინარე ანგარიშზე 5000 ლარი, ხოლო დავით გოგოლაშვილს სახელფასო ანგარიშებზე ,,თიბისი ბანკში~ 300 ლარი და `ქართუ ბანკში~ 800 ლარი ჰქონიათ.

დეპუტატის მეუღლეს 2009 წელს თბილისში დაუფუძნებია შპს`მახარობელი 2009~, თუმცა ამ საწარმოს საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.

დავით გოგოლაშვილი ანსამბლ `თბილისის~ მომღერალია და აქ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა 9 600 ლარი შეადგინა. ამავე დროს მან, როგორც შპს `კამელინის~ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კონსულტანტმა, 3 600 ლარი მიიღო.

მაგდალინა ანიკაშვილის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის შემოსავალი კი საანგარიშო პერიოდში 55831 ლარი იყო, რაც წინა საანგარიშო პერიოდის შემოსავალს 8443 ლარით აღემატება.

გოგორიშვილი ხათუნა

ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის წევრია 2004 წლის აპრილიდან. მანამდე იგი ჯერ პარლამენტის აპარატის უფროსი და შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება `გაერთიანებული დემოკრატების~ საკადრო რესურსების სამსახურის უფროსად მუშაობდა. გოგორიშვილი არჩეულია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის~; არის წევრი ფრაქციისა `ერთიანინაციონალური მოძრაობა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
მისი ბოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2011 წლის 11 მაისსაა შევსებული. დეკლარანტი 1964 წლის 4 სექტემბერს თბილისში დაიბადა.

ხათუნა გოგორიშვილის საკუთრებაში არსებული 112 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარეობს და 2006 წლის დეკლარაციის მიხედვით, იმ დროისთვის მისი საბაზრო ღირებულება 100 000 ლარი იყო.
წლევანდელი დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მას `ბაზის ბანკში~ ანაბარზე 5 606.55 ევრო და საბარათე ანგარიშზე 1 169 ლარი ჰქონდა.

გოგორიშვილის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 77097 ლარი შეადგინა, რაც წინა საანგარიშო პერიოდში მიღებულზე 10 621 ლარით მეტია.

2005 წლის 14 სექტემბერს ხათუნა გოგორიშვილს 14/09/2005 - 14/09/2015 პერიოდზე გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულება 30 000 დოლარად ღირებულ საცხოვრებელ ბინაზე და ამ ხელშეკრულების საფუძველზე სადეკლარაციო პერიოდში გასავალი ჰქონდა 14 735 ლარი; ხოლო ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის 2006 წლის 5 მაისს 5 წლის ვადით (2011 წლის 5 მაისამდე) `ბაზის ბანკიდან~ აღებულ 15 000 დოლარის სესხზე გასავალი 7 123 ლარი ჰქონდა.

ვერულაშვილი მარიკა

მარიკა ვერულაშვილი პარლამენტის წევრია 2004 წლის აპრილიდან. იგი არჩეულია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის~; არის ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~-ს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

მისი ბოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შევსებულია 2011 წლის 14 მაისს. დეკლარანტი 1971 წლის 7 მაისს ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელშია დაბადებული. მას ორი შვილი ჰყავს, 1993 წლის 13 მარტს დაბადებული სალომე ცნობილაძე და 2010 წლის 10 ოქტომბერს დაბადებული გიორგი ჩხაიძე.

მარიკა ვერულაშვილის საკუთრებას წარმოადგენს თბილისში ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში 180 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა და იქვე 40 კვ.მ. ავტოფარეხი, აგრეთვე ყვარელში რუსთაველის ქუჩაზე 320 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელში 3000 კვ.მ. ვენახი. 2008 წლის დეკლარაციაში თბილისში ბინა 150 000 ლარად და ავტოფარეხი 7 000 ლარად, ყვარელში სახლი 60 000 ლარად და ახალსოფელში ვენახი 21 000 ლარადაა შეფასებული.

სალომე ცნობილაძის სახელზეა გაფორმებული 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისში, დიდი დიღმის მეურნეობაში, რომელიც 2008 წლის დეკლარაციაში 50 000 ლარადაა შეფასებული და მისთვის ბებიას, იზოლდა ცნობილაძეს უჩუქებია.
 
2011 წლის დეკლარაციის შევსების მომენტში მარიკა ვერულაშვილს ჰქონია ,,თიბისი ბანკში~ სახელფასო ანგარიშზე 9 300 ლარი და „ბაზის ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე 1500Gლარი, ხოლოEსალომე ცნობილაძეს ,,ლიბერთი ბანკში~ დეპოზიტზე 8 200 ევრო. გარდა ამისა, პარლამენტარს ნაღდი ფულის სახით 10 000 ლარი ჰქონდა.

ვერულაშვილის, როგორც საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა 50 717 ლარი შეადგინა, რაც წინა სადეკლარაციო პერიოდში მიღებულ შემოსავალს 3 041 ლარით აღემატება.

ამ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ვენახიდან მიღებულ შემოსავალზე. 2010 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, სადეკლარაციო პერიოდში დეკლარანტს ყურძნის რეალიზაციით 7 800 ლარი მიუღია. გარდა ამისა, 2008 წლის შემდეგ აღარსადაა ნახსენები პარლამენტარის კუთვნილი: 8 500 ლარად ღირებული `სასადილო~, 7 000 ლარად ღირებული როიალი, ასევე 7 000 ლარად ღირებული სამკაული, 4 სურათი, რომელთაგან ერთი 7 000 ლარი, ორი 5 000-5 000 ლარი და ერთიც 6 000 ლარი ღირდა.

თაქთაქიშვილი ჩიორა

ჩიორა თაქთაქიშვილი პარლამენტის წევრია 2008 წლის ივნისიდან, მანამდე მცირე ხნით თსუ-ში მოწვეული ლექტორი იყო. იგი არჩეულია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის~; არის ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~-ს წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შევსებულია 2011 წლის 20 მაისს. თაქთაქიშვილი დაიბადა ქუთაისში, 1981 წლის 28 თებერვალს. ცხოვრობს მეუღლესთან, ილია ნიკოლაიშვილთან ერთად, რომელიც ბათუმში 1975 წლის 19 აგვისტოსაა დაბადებული.

ილია ნიკოლაიშვილი 25-25%-ის მფლობელია თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე 86 კვ.მ-იანი ბინისა და ამავე მისამართზე 36 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა.
დეკლარაციის შევსების მომენტში ჩიორა თაქთაქიშვილს ,,თიბისი ბანკში~ სახელფასო ანგარიშზე 209 ლარი, საკრედიტო ანგარიშებზე 263 ლარი და 3 000 ლარი, ხოლო ილია ნიკოლაიშვილს `რესპუბლიკა~ ბანკში ანაბარზე 15 866 აშშ დოლარი, სახელფასო ანგარიშზე 33 ლარი და „ბაზის ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე 3 353 აშშ დოლარი ერიცხებოდათ.

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი იყო ჩიორა თაქთაქიშვილისა, როგორც საქართველოს პარლამენტი წევრისა, 53 476 ლარი, როგორც ტელეკომპანია `რუსთავი-2~-ის მთარგმნელისა 15 034 ლარი და ილია ნიკოლაიშვილისა, როგორც შპს `ორიენტის~ მთარგმნელისა 4 978 ლარი.

ჩიორა თაქთაქიშვილს 01/07/2008 - 30/07/2012 პერიოდზე რეგისტრაციის გარეშე, ზეპირი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული თამარ მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ქირავნობაზე და საანგარიშო პერიოდში მისმა შესაბამისმა გასავალმა შეადგინა 4 200 ლარი. ილია ნიკოლაიშვილს 01/03/2010 - 01/10/2012 პერიოდზე ასევე ზეპირი ხელშეკრულება, რეგისტრაციის გარეშე, აქვს გაფორმებული ნასყიდობა, კუთვნილი ავტომანქანა `მერსედეს ავანგარდის 1999~ განვადებით, 7 200 აშშ დოლარად გაყიდვაზე და შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში 2397 აშშ დოლარი შემოსავალი ჰქონდა.

სადეკლარაციო პერიოდში ილია ნიკოლაიშვილის გასავალმა 10-დღიან, 2-კაციან ტურისტულ საგზურზე 1 600 აშშ დოლარი შეადგინა.

კერვალიშვილი რუსუდან

რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტის წევრია 2008 წლის ივნისიდან, მანამდე ბიზნესში მოღვაწეობდა. სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, არჩეულია საარჩევნო ბლოკიდან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის~; არის ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
კერვალიშვილის წლევანდელი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შევსებულია 2011 წლის 11 მაისს. დეკლარანტი 1955 წლის 25 ივლისს ონში დაიბადა; ცხოვრობს დედასთან, ლამარა ჭიპაშვილთან ერთად, რომელიც თბილისში, 1929 წლის 10 მაისსაა დაბადებული.

რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაა 250 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა თბილისში ბოცვაძის ქუჩაზე, 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, 120 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 372 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ბათუმში მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში; ვიცე-სპიკერის დედას, ლამარა ჭიპაშვილს ეკუთვნის 1 000 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის არმაზის დასახლებაში, 80 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 2 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ონის რაიონის სოფელ სორში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ლამარა ჭიპაშვილს ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა "TOYOTA RAV4"; ხოლო რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაა: 2 ცალი მისაღები ოთახის გარნიტური, 2 ცალი სასადილო გარნიტური, 6 ცალი საძინებელი გარნიტური, 50 ცალი ფერწერული ტილო, 4 ცალი ლარნაკი, 2 ცალი ოქროს გულსაკიდი.
 
დეკლარაციის შევსების მომენტში დეკლარანტს რამდენიმე ბანკში სხვადასხვა სახის ანგარიში ჰქონდა გახსნილი, თუმცა თანხა არსად ერიცხებოდა. მას არ ჰქონდა არც ნაღდი ფულადი თანხა. სამაგიეროდ, ნაღდი ფულის სახით 500 000 აშშ დოლარი ჰქონდა ლამარა ჭიპაშვილს.

რუსუდან კერვალიშვილი არის შპს `ცენტრ პოინტი ჯგუფის~ დამფუძნებელ/პარტნიორი; იგი გახლავთ სხვადასხვა ფირმების: შპს `ცენტრ პოინტი ჰაუსი~, შპს`ცენტრ პოინტი პლეხანოვზე~, შპს `ცენტრ პოინტი დეველოპმენტი~, შპს `ცენტრ პოინტი ინვესტი~, შპს `ცენტრ პოინტის სასტუმროებისა და კურორტების მმართველი კომპანია~, შპს `ცენტრ პოინტი ბიჩი~, შპს `აპექსი~ პარტნიორი და სს `ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო~ აქციონერი, მაგრამ ამ საწარმოთა საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არანაირი შემოსავალი არ მიუღია.

ამავე პერიოდში მისმა, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 69 837 ლარი შეადგინა, რაც წინა სადეკლარაციო პერიოდთან შედარებით 4 001 ლარით მეტია.
 
რუსუდან კერვალიშვილს გაფორმებული აქვს 13 სესხის და ერთი ოვერდრაფტის ხელშეკრულება, რომელთაგან 9 თანხის მიღებაზეა და 5 თანხის გაცემაზე. კერძოდ:

30 000 აშშ დოლარი მიიღო ხელშეკრულებით, რომლის მოქმედების ვადაა 10/04/2008 - 10/04/2012,
90 000 აშშ დოლარი _ 12/08/2009 - 12/08/2011,
92 960 აშშ დოლარი _ 09/03/2007 - 10/03/2010,
53 950 აშშ დოლარი _ 06/02/2008 - 10/02/2010,
15 000 .აშშ დოლარი _ 01/06/2006 - 30/05/2011,
10 600 აშშ დოლარი _ 21/06/2010 - 27/06/2013,
16 674 აშშ დოლარი _ 19/03/2008 - 21/03/2011,
150 000 აშშ დოლარი _ 28/05/2010 - 28/05/2015,
4 000 ლარი _ 13/10/2010 - 13/10/2011.

ამ 9 ხელშეკრულების მიხედვით კერვალიშვილის გასავალი სადეკლარაციო პერიოდში 35 708 აშშ დოლარი და 12 ლარი იყო.

რუსუდან კერვალიშვილს შემოსავალი არ მიუღია 200 000 აშშ დოლარისა და 400000 აშშ დოლარის გაცემიდან ორი ზეპირი ხელშეკრულებით, რომელთაგან ერთის მოქმედების ვადა 01/06/2010 - 10/12/2010, ხოლო მეორისა 10/06/2010 - 10/12/2010 გახლდათ. მას შემოსავალი არ მიუღია არც მესამე პირის სასარგებლოდ დადებული მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის სამმხრივი ხელშეკრულებებიდან 200 000 აშშ დოლარისა და 400 000 აშშ დოლარის ორ სესხზე. ორივე სესხი წლეულს 29 აპრილს გაფორმდა და მათი ვადა არის გაფორმების დღიდან ვალდებულების შესრულებამდე.

სადეკლარაციო პერიოდში კერვალიშვილს 1 882 ევრო შემოსავალი მიუღია 5 800 ევრო რესტრუქტურიზებული სამომხმარებლო სესხიდან, რომლის მოქმედების ვადა 03/12/2009 - 26/11/2010 პერიოდი იყო.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მისი კუთვნილი 2 მსუბუქი ავტომანქანიდან არც ერთი აღარ ჰყავს, ვინაიდან 2009 წლის გამოშვება `AUDI A6~ გაუსხვისებია და აქედან 25 000 აშშ დოლარი შემოსავალი მიუღია, ხოლო 2008 წლის გამოშვება `NISSAN ALTIMA~ `საქართველოს ბანკთან~ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა და აქედან გასავალი ჰქონდა 24 800 აშშ დოლარი. ასევე სესხის უზრუნველყოფის საგანი გახლდათ კერვალიშვილის კუთვნილი ოქროს ჯვარი, საიდანაც გასავალმა 10 000ლარი შეადგინა.

რაკი დეკლარანტებს მოძრავი თუ უძრავი საკუთრების საბაზრო ღირებულების მითითება აღარ მოეთხოვებათ, ამიტომ უფრო ადრინდელ დეკლარაციებს გადავხედეთ. რუსუდან კერვალიშვილის 2008 წლის დეკლარაციის თანახმად, ბინა ბოცვაძის ქუჩაზე ღირდა 720 000 ლარი, სახლი და ნაკვეთი ბათუმში 700 000 ლარი, სახლი და ნაკვეთი არმაზში 7 200 000, მიწა ურეკში 155 000 ლარი, სახლი და მიწა სორში 30 000 ლარი, ავტომანქანა `TOYOTA~ 29 000 ლარი, 2 ცალი გულსაკიდი 47 000 ლარი, ოქროს ჯვარი 23 000 ლარი, 23 ფერწერული ტილო 2 000 000 ლარი და 27 ფერწერული ტილო 1 700 000 ლარი, 4 ლარნაკი 120 000 ლარი, სასადილო გარნიტურებიდან ერთი 35 000 ლარი და მეორე 65 000 ლარი, 6 საძინებელი 190 000 ლარი, მისაღები ოთახის 2 გარნიტური 55 000 ლარი. შარშანდელ დეკლარაციაში აღნიშნული იყო აგრეთვე, რომ კერვალიშვილის საკუთრებაშია აგრეთვე სს `ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს~ 2 000 ცალი აქცია; აქციის ნომინალური ღირებულება 5 ლარია.
 
ოჩიაური ხათუნა

ხათუნა ოჩიაური პარლამენტის წევრია 2008 წლის ივნისიდან, მანამდე იგი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. იგი არჩეულია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის~; არის ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წევრი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2011 წლის 5 მაისს არის შევსებული. ხათუნა ოჩიაური 1959 წლის 9 ივნისს თბილისში დაიბადა. ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. მეუღლე ირაკლი ზაუტაშვილი დაბადებულია თბილისში, 1957 წლის 15 ივლისს, შვილი გიორგი ზაუტაშვილი _ 1984 წლის 26 ნოემბერს, შვილი მარიამ ზაუტაშვილი _ 1994 წლის 27 აპრილს, რძალი თამარ ქინქლაძე _ 1985 წლის 1 იანვარს და შვილიშვილი _ ალექსანდრე ზაუტაშვილი 2010 წლის 3 ოქტომბერს.

ირაკლი ზაუტაშვილის საკუთრებაში ირიცხება: მცხეთა-მთიანეთში მუხათწყაროში 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 100 კვ.მ. აგარაკი, ხოლო თბილისში 120 კვ.მ ბინა იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე და 78 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ფანასკერტელის ქუჩაზე.

ცოლ-ქმარს თავ-თავისი მსუბუქი ავტომანქანა ჰყავს: ხათუნა ოჩიაურს 1994 წლის გამოშვება `პაჯერო~ და ირაკლი ზაუტაშვილს 2002 წლის გამოშვება `ფოლქსვაგენ ჯეტა~.

დეკლარაციის შევსების დროს ხათუნა ოჩიაურს ,,საქართველოს ბანკში~ სახელფასო ანგარიშზე 800 ლარი ერიცხებოდა.

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხათუნა ოჩიაურის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ მიღებული შემოსავალი იყო 54 397 ლარიდა ირაკლი ზაუტაშვილისა, როგორც შპს ,,კერა 2009~ ის არქიტექტორის _ 38 517 ლარი. წინა სადეკლარაციო პერიოდში კი ოჩიაურის შემოსავალი 48426 ლარი და ზაუტაშვილისა 8 975 ლარი იყო.

სადეკლარაციო პერიოდში მარიამ ზაუტაშვილის სწავლის გადასახადმა 1 500 ლარი შეადგინა. 
 
ხერხეულიძე ეკატერინე

ეკატერინე ხერხეულიძე პარლამენტის წევრია 2008 წლის ივნისიდან, მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. იგი არჩეულია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის~; არის ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შევსებულია 2011 წლის 2 მაისს.

დეკლარანტი დაიბადა თბილისში, 1972 წლის 13 ივნისს. ცხოვრობს ორ შვილთან ერთად, მათგან გიორგი მჭედლიშვილი 1997 წლის 20 აგვისტოს და ნიკოლოზ მჭედლიშვილი 1998 წლის 24 სექტემბერს დაიბადნენ.

ეკატერინე ხერხეულიძის საკუთრებაშია 110 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. 2009 და 2010 წლების დეკლარაციების მიხედვით მის საკუთრებაში ირიცხებოდა აგრეთვე 80 კვ.მ. ბინა თბილისში, წყნეთის ქუჩაზე.

ფურცელზე, სადაც აღინიშნება მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, ვკითხულობთ, რომ ხერხეულიძის საკუთრებაშია საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტელევიზორი, კომპიუტერი, მაცივარი) და ავეჯი (საძინებელი, მისაღების გარნიტური).
დეკლარაციის შევსების მომენტში ეკატერინე ხერხეულიძეს ,,თიბისი ბანკში~ 2 400 აშშ დოლარი კრედიტი ჰქონდა.

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხერხეულიძის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 54 597 ლარი შეადგინა, რაც წინა სადეკლარაციო პერიოდში მიღებულზე 6 251 ლარით მეტია.

ჯაბუა გურანდა

გურანდა ჯაბუა პარლამენტის წევრია 2010 წლის თებერვლიდან, მანამდე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა. იგი არჩეულია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის~; არის ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წევრი.

მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2011 წლის 29 მარტსაა შევსებული. გურანდა ჯაბუა 1981 წლის 3სექტემბერს ქ. ზუგდიდში დაიბადა. იგი მეუღლე გიორგი ფაიქიძესა და ორ შვილთან (მარიამ ფაიქიძე და ანასტასია ფაიქიძე) ერთად ცხოვრობს. გიორგი ფაიქიძე 1980 წლის 9 იანვარს, მარიამი 2008 წლის 7 სექტემბერს და ანასტასია 2010 წლის 16 აპრილს არიან დაბადებულები.

გურანდა ჯაბუას საკუთრებას წარმოადგენს 138 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე და 1 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონის სოფ. ოდიშში.

გიორგი ფაიქიძეს ეკუთვნის 120 კვ.მ ბინა ქუთაისში, ტოლსტოის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი და მეურნეობა ბაღდათის რაიონის სოფ. წითელხევში (ფართობი – 10 000 კვ.მ), აგრეთვე 1 205 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ლისის ტბა 14-ის მიმდებარედ.

დეკლარაციის იმ ფურცელზე, სადაც ის ნივთები უნდა ჩაიწეროს, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, აღნიშნულია პარლამენტარის პირადი სამკაული (სამეული, ყელსაბამი) და მსუბუქი ავტომანქანა `ოპელ ასტრა~.

დეკლარაციის შევსებისას გურანდა ჯაბუას ,,საქართველოს ბანკში~ ერთ საბავშვო ანაბარზე 1 200 ლარი, მეორეზე 3 607 ლარი, მიმდინარე ანაბარზე 500 ლარი და სახელფასო ანგარიშზე 320 ლარი ჰქონდა განთავსებული. ხოლო პარლამენტარის ნაღდი ფულადი თანხა იმ მომენტისთვის 5 500 ლარი, მისი მეუღლისა კი 10 000 აშშ დოლარი იყო.

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი გურანდა ჯაბუასი, როგორც საქართველოს პარლამენტი წევრისა 43 717 ლარი და როგორც თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა 6 600 ლარი გახლდათ.

ჯავახაძე ელენე

ელენე ჯავახაძე პარლამენტის წევრია 2010 წლის თებერვლიდან, მანამდე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. იგი არჩეულია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის~; არის ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წევრი.

ელენე ჯავახაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შევსებულია 2011 წლის 14 აპრილს. პარლამენტარი 1973 წლის 19 ივნისს ქუთაისში დაიბადა. ცხოვრობს მამასთან, ჯემალ ჯავახაძესთან ერთად, რომელიც 1939 წლის 28 თებერვალს, ასევე ქუთაისშია დაბადებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში ელენე ჯავახაძეს სახელფასო ანგარიშზე ,,თიბისი ბანკში~ 200 ლარი და ,,საქართველოს ბანკში~ 3 500 ლარი ერიცხებოდა. წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ელენე ჯავახაძის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 49 232 ლარი შეადგინა. 2009 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კი მან, როგორც პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, 44 263 ლარი მიიღო.

დალი ჩიკვაიძე