ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საქართველოს სავაჭრო ბრუნვის ანატომია
#2(86), 2007
საქართველოს სავაჭრო ბალანსი მკვეთრად უარყოფითია. იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტის მოცულობას და რაც მთავარია, იმპორტი გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ექსპორტი. ექსპერტთა აზრით, ექსპორტის ხელშესაწყობად საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ზომები უნდა გაატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა რთული ფინანსურ-ეკონომიკური და სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

რუსეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მოსკოვის მიერ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად. იმ პირობებში, როდესაც რუსეთში ქართული ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, არ შემცირებულა იმპორტი ამ ქვეყნიდან. რუსეთის მიერ მოწოდებული ბუნებრივი აირის გაძვირების შედეგად რუსეთმა შეიძლება არათუ კვლავ შეინარჩუნოს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი, არამედ პოზიცია უფრო მეტადაც გაიმყაროს, ოღონდ "ცალმხრივ" რეჟიმში - საქართველოდან რუსეთში აღარაფერი იქნება ექსპორტირებული, სეპარატისტების ხელში მოქცეული რეგიონებიდან გატანილ პროდუქციას თუ არ ჩავთვლით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2006 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ რუსეთთან 576 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი იყო მხოლოდ 72 მილიონ 400 ათასი დოლარი, იმპორტმა კი 504 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო რუსეთის სანქციებმა მკვეთრად გააუარესა. თუმცა, ცხადია, მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, რადგან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს კიდევ მრავალ ქვეყანასთან აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2006 წლის 11 თვის განმავლობაში ექსპორტის მოცულობამ 862 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 10,3%-ით აღემატება. იმპორტის მოცულობა კი 3 მილიარდ 268 მილიონ 500 ათასი დოლარია, რაც 2005 წლის 11 თვის მონაცემებზე 47,5%-ით მეტია. ქვეყნის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 405 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა. ეს კი 2005 წლის იანვარ-ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელს 67,7%-ით აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2007 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 397 მილიონ 600 ათას დოლარს შეადგენს. ეს 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 53,4%-ით მეტია. თუმცა ექსპორტი მხოლოდ 2,1%-ით გაიზარდა და სულ 69 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც იმპორტი 71,7%-ით გაიზარდა და 328 მილიონ 300 ათას დოლარს მიაღწია. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 259 მილიონი დოლარია.

2007 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად ისევ რუსეთი რჩება. მასთან სავაჭრო ბრუნვა 68 მილიონ 700 ათასი დოლარია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%-ით მეტია. ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზარი ფაქტობრივად დაკეტილია, მაგრამ რუსული საქონლის შემოტანაც ფერხდება პირდაპირი სატრანსპორტო კავშირის არარსებობის გამო. რუსული ემბარგოს გამო, რუსეთში ექსპორტი 9 მილიონ 900 ათასი დოლარითაა შემცირებული. შეწყვეტილია ღვინის, მინერალური წყლების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი.

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა რეალურად განპირობებულია გაზზე ფასის გაორმაგებით. მისი მოხმარება კი იანვარში მეტად დიდია. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2007 წლის იანვარში სწორედ ბუნებრივი აირია, რომლის წილიც სავაჭრო ბრუნვაში 13,8%-ს შეადგენს. ამ პროდუქტზე ფასების სხვაობით გამოწვეული ცვლილება 21 მილიონ 800 ათას დოლარს შეადგენს.

როგორც ჩანს, სწორედ გაზის გაზრდილი მოხმარებისა და ფასის გაორმაგების გამო იქცა რუსეთი 2007 წელს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად. 2006 წლის მონაცემებით საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2007 წლის მონაცემებით რუსეთის პირველობისა, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნის წილი 3,2%-ით შემცირდა - 20,5%-დან 17,3%-მდე.

2007 წლის იანვარში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68,0%-ს შეადგენს. ეს ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, გერმანია, აშშ, ყაზახეთი, ჩინეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები. როგორც ვხედავთ, ამ ათი ქვეყნიდან ხუთი დსთ-ის წევრია.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა დსთ-ს ქვეყნებთან 2007 წლის იანვარში 164 მილიონ 700 ათას დოლარი შეადგინა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან 232 მილიონ 900 ათასი დოლარი. დსთ-ს ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,4%, მათ შორის ექსპორტის 37,8% და იმპორტის 42,2%.

2007 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 195 მილიონ 800 ათასი დოლარია. აქედან ექსპორტი 21 მილიონ 600 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი - 84 მილიონ 200 ათასი დოლარი. ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26,6%, მათ შორის ექსპორტის 31,2% და იმპორტის 25,6%.

რუსეთი რჩება იმ ქვეყნად, რომელზეც საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულის უმეტესი ნაწილი მოდის. 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში 365 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც უცხოეთიდან მთლიანად გადმორიცხული თანხების (546 მლნ აშშ დოლარი) 66,8%-ს შეადგენს.

სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებს მკვეთრად ჩამორჩება. 2006 წელს აშშ-დან საქართველოში გადმოირიცხა 59 მილიონ 500 ათასი დოლარი (გადმორიცხული თანხების 10,9%), საბერძნეთიდან 16 მლნ აშშ დოლარი (3%), თურქეთიდან 14 მლნ (2,6%), ესპანეთიდან 11 მლნ (2%) და უკრაინიდან ასევე 11 მლნ აშშ დოლარი (2%).

ქართული ექსპორტის პრობლემები

რუსეთის ეკონომიკურ სანქციებს საქართველომ გაუძლო და ამას საქართველოში რაიმე კატაკლიზმები არ მოჰყოლია, მაგრამ არც იმის თქმა იქნება სწორი, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვამ საქართველოს ეკონომიკას მტკივნეული დარტყმა არ მიაყენა და საქართველოსთვის სასურველი არ არის რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანის შესაძლებლობის აღდგენა. ამის იმედი რუსეთის ელჩის დაბრუნების შემდეგ გაჩნდა, თუმცა ჯერჯერობით რაიმე დამაჯერებელი პროგნოზის გაკეთება რთულია. 2006 წელს რუსეთის მიერ შემოღებული ემბარგოს შედეგად საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. საქართველოს ძირითადმა საექსპორტო პროდუქციამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარი დაკარგა. ბუნებრივია, ეს მოვლენა ქვეყნის ეკონომიკურ სექტორზე უარყოფითად აისახა და პროგნოზირებული მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, რა თქმა უნდა, არა საქართველოს სასარგებლოდ.

საქართველოში ნებისმიერმა მსხვილმა კომპანიამ წარმატებული ბიზნესი რომ აწარმოოს, ამისათვის მხოლოდ შიდა ბაზარზე ორიენტირება ვერ წაადგება, რადგანაც ამით ის უპირველეს ყოვლისა განვითარების რესურსსა და დიაპაზონს შეიზღუდავს. საქართველოს ეკონომიკის ხსნა საექსპორტო რესურსების განვითარებაში მდგომარეობს, რის შედეგადაც საქართველოში მოქმედ კომპანიებს ახალი ბაზრები, პერსპექტივები და შესაბამისად, ახალი ფინანსური ნაკადები გაეხსნება. თუმცა ამ კუთხით საქართველოსთვის 2006 წელი დიდი დარტყმების მომტანი აღმოჩნდა: დაიკარგა რუსეთის ფედერაციის ბაზარი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2005 წელს საქართველოდან რუსეთში 158 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა. 2006 წლის დასაწყისში, ყველა პარამეტრის მიხედვით, 2005 წლის რეკორდული მაჩვენებელი უნდა მოხსნილიყო, თუმცა მოხდა პირიქით - რუსეთის ფედერაციის სტრუქტურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, საქართველომ დაახლოებით 120 მილიონი დოლარის ზარალი ნახა. ეს თანხა მშპ-ის (2005 წელს მისი მოცულობა 6,4 მილიარდი დოლარი იყო) დაახლოებით 2%-ის ფარგლებში მერყეობს, ანუ ამ თანხის ზარალი საქართველოს ეკონომიკამ უკვე ნახა. 2006 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში რუსეთში 43 მილიონი დოლარის პროდუქცია გადაიტვირთა, ხოლო II კვარტალში 4,5-ჯერ ნაკლები – 10 მილიონი დოლარის მოცულობის. მესამე კვარტალში საექსპორტო ნაკადის მოცულობა უკვე ერთნიშნა ციფრით გამოისახა და წლის ბოლოსათვის უმნიშვნელო ზღვრამდე დავიდა.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ შემოღებული ემბარგოს შედეგად მეტად საშიში ტენდენციები გამოიკვეთა: შემცირდა ექსპორტიდან მიღებული თანხები, საექსპერტო პროდუქციის ნუსხაც უარესობისაკენ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2005 წელს ქვეყნიდან საექსპორტოდ 165 მილიონი დოლარის ღვინო და სხვა ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები გავიდა, თუმცა უფრო მეტი შემოსავალი ჯართის ექსპორტმა – 168 მილიონი დოლარი მოიტანა. 2005 წელს საზღვარგარეთ გატანილი სასმელების მოცულობა 2004 წლისას 63%-ით აღემატებოდა, ხილის და თხილის – 3,5-ჯერ იყო გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდისათვის ჯართის ექსპორტის მატება მხოლოდ 20% იყო. 2006 წლის აქტივობას კომპანიები ამ მონაცემების გათვალისწინებით გეგმავდნენ და მათთვის რუსული ემბარგო დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ეტაპობრივად დამძიმებულმა საექსპორტო შეზღუდვებმა ტენდენცია შეცვალა: მარტო სასმელების ექსპორტი 2006 წლის II კვარტალში პირველთან შედარებით 82%-ით შემცირდა, ხილისა და თხილის კი განახევრდა და წლის ბოლომდე ამავე სქემით გაგრძელდა.

ზემოთნახსენები ცვლილებები ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე აისახა. თუ 2005 წელს ქართული ექსპორტი (866 მლნ. დოლარი) იმპორტის 34%-ს შეადგენდა, 2006 წლის I კვარტალში 32%-მდე დაეცა, მეორეში – 27%-მდე, მესამეში კი 25%-იან ზღვარს ჩამოსცდა. ანუ იმპორტის მოცულობა კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა და ეს მოხდა სწორედ ადგილობრივი წარმოების ხარჯზე. გარდა ამისა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ექსპორტს არც ეროვნული ვალუტის გამყარება უწყობს ხელს. 2006 წლის 5 იანვარს დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 1,798-ს შეადგენდა, 2006 წლის 31 დეკემბრისათვის კი ეს მაჩვენებელი 1,7135 პუნქტამდე დავიდა.

როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთის ბაზრის დაკარგვამ შეიძლება დადებითი შედეგიც მოიტანოს - ბაზრების დივერსიფიცირება მოხდება და საქართველოში კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვებას ისწავლიან. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტისგან ჯერჯერობით ძალზედ შორს ვართ.

რუსული ბაზრის ალტერნატივა - შავი ზღვის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება

რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, საქართველოს ისედაც მწირი ექსპორტის დივერსიფიკაცია ძალზედ აქტუალური ამოცანა გახდა. მით უმეტეს, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების არანაირი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ამ მიმართულებით მთავრობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე დიდ იმედებს ამყარებს.

შავი ზღვის აუზის ქვეყნებს საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში მეტად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. შავი ზღვა ევროკავშირთან დამაკავშირებელ კარიბჭედ მოიაზრება. წელს ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყნები ხდებიან. შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის მეშვეობით ევროკავშირთან პირდაპირი საზღვარი ექნება. გარდა ამისა, თუკი საქართველოს სამხრეთელი მეზობელი - თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანდა, საქართველოს ევროკავშირთან უკვე სახმელეთო საზღვარიც ექნება. თუმცა, ექსპერტები მიუთითებენ, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შეიძლება კიდევ დიდხანს გაჭიანურდეს.

შავი ზღვის ქვეყნებიდან საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებს წარმოადგენენ თურქეთი და უკრაინა, რომლებიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან. უფრო ზუსტად, რუსეთის შემდეგ, მეორე და მესამე ადგილზე არიან. 2006 წლის მონაცემებით კი თურქეთი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. ქართველი ექსპერტების შეფასებით, თურქეთი და უკრაინა პრაქტიკულად დახურული რუსული ბაზრის ალტერნატივას წარმოადგენენ.  2007 წლის იანვარში სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 47 მილიონ 903 ათასი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12%-ს შეადგენდა. უკრაინასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ იანვარში 32 მილიონ 197 ათას 600 ლარი შეადგინა, რაც მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 8,1%-ს შეადგენს.

ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოე-ბისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან მიმდინარე სატრანსპორტო პროექტები. უკრაინასთან უკვე ერთი წელია, რაც პირდაპირი საბორნე მიმოსვლა არსებობს, საბორნე ხაზი საქართველოს ბულგარეთთანაც აკავშირებს. ამ საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუმინეთის მთავრობასთანაც. საბორნე მიმოსვლის გააქტიურება ხელს შეუწყობს საქართველოზე ტრანზიტული ტვირთების რაოდენობის გაზრდასაც, რადგანაც ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ ტვირთების ნაწილი საქართველოს პორტებიდან ამ მიმართულებით გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს აღმოსავლეთში პანევროპული მაგისტრალების გაგრძელების თაობაზე. ამგვარი მაგისტრალების მშენებლობა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე - ბულგარეთსა და რუმინეთში თითქმის მთავრდება. მაგისტრალები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით გაგრძელდება და ევროპას აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიასთან მოკლე გზით დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პროექტების განხორციელება საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და ქვეყანას ახალი ბაზრების მოძიების საშუალებას მისცემს.

ინფლაციის საფრთხე კვლავ დიდია

2007 წლის იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ ორნიშნა ციფრით დაფიქსირდა და 10,4% შეადგინა. ეს რომ პირველად ხდებოდეს, შეიძლება ყურადღებაც არ მიგვექცია, იმ იმედით, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციური მაჩვენებელი "ნორმის ფარგლებში" დაბრუნდებოდა, მაგრამ მაღალი ინფლაცია საქართველოს გასულ წელსაც სერიოზულად აწუხებდა. 2006 წლის ივლისში ინფლაციის მაჩვენებელი 14,5% იყო, მომდევნო თვეებში შემცირდა - აგვისტოში ინფლაცია 13,5% იყო, ხოლო სექტემბერში 11,4%. წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ ერთნიშნა ციფრამდე შემცირდა, მაგრამ ინფლაციურმა "ნახტომმა" ახალი წლის დადგომისთანავე აჩვენა, რომ ინფლაციის განმაპირობებელი ფაქტორები არ გამქრალა.

ექსპერტები ინფლაციის გამომწვევ ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ - ესაა ერთი მხრივ, ენერგორესურსებზე ფასების მატების, მეორე მხრივ კი მიმოქცევაში ჭარბი ფულის გაშვების შედეგი. 2007 წელს ორივე ეს ფაქტორი მოქმედებას აგრძელებს. ბუნებრივ აირზე ფასების გაორმაგების შედეგი ჯერ კიდევ არ ასახულა სამომხმარებლო ტარიფში. ტარიფის გაზრდა კი ფასების ზრდის ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.

ბოლო წლებში რამდენჯერმე გაზრდილი ბიუჯეტი საბიუჯეტო ხარჯების შესაბამის ზრდასაც ნიშნავს. საბიუჯეტო ხარჯების დიდი მოცულობა კი მიმოქცევაში ფულის მნიშვნელოვანი რაოდენობის გაშვებას განაპირობებს. ექსპერტები საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით ხშირად იხსენებენ გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომლის წინაც ბაზარზე დიდი მოცულობის ე.წ. პოლიტიკურად მოტივირებული ფული გამოვიდა. წელსაც სახელმწიფო ხარჯების მოცულობა დიდია და ამ მხრივ ზეწოლა ინფლაციურ ველზე კვლავაც გარანტირებულია.

ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უცნაურად უხამდება სტაბილურ და მკვეთრად გამყარებულ ლარს. ეს კი თავის მხრივ, მკვეთრად ამცირებს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს. იანვრის მაჩვენებლებმა არა მარტო გაზრდილი ინფლაცია დააფიქსირეს, არამედ ექსპორტის მრავალგზისი ჩამორჩენა იმპორტზე. იანვარში ექსპორტის მოცულობა 2%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც იმპორტის ზრდა 72%-ს შეადგენს. იანვრის განმავლობაში მთელი საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა 398 მილიონ დოლარს შეადგენდა, აქედან იმპორტი იყო 329 მილიონი დოლარი, ხოლო ექსპორტი კი მხოლოდ 69 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შექნილ ვითარებაში ინფლაციის შესაკავებლად რესურსები შეზღუდულია. ხელისუფლებას არც ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება შეუძლია და არც საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა. რჩება სპეციალური ზომების მიღება ექსპორტის წახალისებისათვის. ასეთ რჩევებს კი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც აძლევენ. თუმცა, ჯერჯერობით ესეც მხოლოდ მოწოდებად რჩება და რაიმე კონკრეტული ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. მაღალი ინფლაცია ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, ისევე როგორც აუარესებს მოსახლეობისათვის ცხოვრების პირობებს.

მალხაზ მაცაბერიძე