ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ამბები
№2(86), 2007
ცხინვალის რეგიონისთვის 6 მილიონი დაიხარჯება

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონის განვითარებისთვის 6 მილიონ ლარს გამოყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა განაცხადა, გამოყოფილი თანხა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში გზებისა და წყლის გაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციას, ასევე ბუნებრივი აირის გაყვანილობის მოწესრიგებას აპირებს. "ეს საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ იქ საცხოვრებლად ნორმალური პირობები შეიქმნას", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა სეპარატისტების კონტროლირებულ ტერიტორიაზეც განახორციელოს სამუშაოები, თუმცა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ქართული მხარის ინიციატივა არ გაიზიარა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა "იმედი-L"-ის აქციები იყიდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული სადაზღვევო კომპანია "იმედი-L"-ის აქციათა პაკეტების 34%-ის მფლობელი გახდა.
 
"იმედი-L"-ს ტექნიკურ დახმარებას Multi-Donor Fund გაუწევს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის შეიქმნა.

2006 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია "იმედი-L"-მა 8 374 562 ლარის ღირებულების პრემიები მოიზიდა. მისი წილი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე დაახლოებით 14%-ს შეადგენს.

2006 წელს "საქართველოს ბანკის" კონსოლიდირებულმა სუფთა მოგებამ 27,6 მლნ ლარი შეადგინა

2006 წლის შედეგებით "საქართველოს ბანკის" კონსოლიდირებულმა სუფთა მოგებამ 27,6 მლნ ლარი შეადგინა და 2005 წელთან შედარებით 102%-ით გაიზარდა.

2006 წლის ბოლოს ბანკის ჯამურმა აქტივებმა 1,2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2005 წელთან შედარებით 169%-ით მეტია. საქართველოს ეროვნული ბანკის მაჩვენებლებით, 2006 წლის ბოლოს "საქართველოს ბანკის" საბაზრო წილი საქართველოს საბანკო სისტემის ჯამურ აქტივებში 28%-ს შეადგენდა, ხოლო კრედიტების საერთო მოცულობაში - 27%-ს.

2007 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით ქართულ საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" აქციათა საშუალო ფასმა 50,376 ლარი შეადგინა და 2006 წლის დასაწყისიდან 504%-ით გაიზარდა. ბანკის მიერ უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდული თანხა გასულ წელთან შედარებით 374%-ით გაიზარდა და 2006 წლის ბოლოს 223,5 მლნ ლარი შეადგინა.

უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 711,6 მლნ დოლარი შეადგინა

2006 წლის ცხრა თვის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოს ეკონომიკაში 711,6 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა მთელი 2005 წლის მანძილზე ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 449,785 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის დეპარტამენტში განაცხადეს.
 
ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზე ყაზახეთია 142,505 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა თურქეთი – 88,674 მლნ დოლარი, მესამეზე - დიდი ბრიტანეთი - 77,978 მლნ დოლარი. მეოთხე და მეხუთე ადგილს იკავებენ ნორვეგია და აზერბაიჯანი - 54,69 მლნ დოლარი და 52,598 მლნ დოლარი. აშშ, რომელმაც 2006 წლის 9 თვის მანძილზე საქართველოს ეკონომიკაში 47,532 მლნ დოლარი ჩადო, მეექვსე ადგილზეა. სულ სიაში 39 ქვეყანა შედის.

თბილისის ბიუჯეტი 2007 წელს 430,6 მილიონი ლარია

თბილისის ბიუჯეტი 2007 წელს 1,6 მილიონი ლარით გაიზარდა და 430 მილიონ 600 ათას ლარს მიაღწია. თბილისის საკრებულოს პრესცენტრში აღნიშნეს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდა თბილისის საზღვრების გაფართოებას უკავშირდება. კერძოდ, დამატებითი საბიუჯეტო სახსრები მოხმარდება პოლიციის შენობის და სახანძრო სამსახურის რეაბილიტაციას სოფლებში ლილოსა და ტაბახმელაში, რომლებიც დიდგორის რაიონში შევიდნენ.

რუსეთმა საქართველოსგან დენი დაიტაცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ ენერგოკრიზისის დროს რუსულმა მხარემ თბილისის ნებართვის გარეშე ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ისარგებლა.

"რუსეთმა თხოვნით მოგვმართა ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ და ჩვენ თანხმობას ვაპირებდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი პასუხის მიუღებლად ენგურჰესიდან მოხდა ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"როცა ამის შესახებ გავიგე, ჩემი პირველი რეაქცია გაბრაზება იყო. მაგრამ როცა გავაცნობიერე, სინამდვილეში რა მოხდა, განწყობა შემეცვალა. თურმე საამაყო გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა და განმარტა: - "მრავალი წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად ვცდილობდით რაიმე რუსეთიდან მიგვეღო, ვთხოვდით, ვიძენდით... დადგა დრო, რომ რუსეთი იძულებული გახდა ჩვენი ელექტროენერგიით ესარგებლა. ბოლო წლების მანძილზე ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებდით ენერგეტიკაში და აი, შედეგი. აი რას ნიშნავს ეფექტური მართვა და ეკონომიკის განვითარება".

გადასახადებს ამერიკაშიც მალავენ

ამერიკელმა გადამხდელებმა 2006 წელს ბიუჯეტს 300 მილიარდი დოლარი დაუმალეს. ასეთ მონაცემებს აქვეყნებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენლები. ეს თანხა ქვეყნის წლიური ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის მთლიანად დასაფარად საკმარისი იქნებოდა. ამერიკის წლიური ბიუჯეტი ამჟამად 2,8 ტრილიონი დოლარია, ხოლო დეფიციტი 359 მილიარდ დოლარს შეადგენს. დამალული გადასახადებით დაკარგული თანხა აღემატება იმ თანხას, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა 2007-2008 წლებში ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად მოითხოვა, ქარიშხალ "კატრინას" მიერ მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის საბიუჯეტო დანახარჯებს კი ორჯერ აჭარბებს. ამასთან, კიდევ რჩება თანხა, რომლის გამოყენებაც სამი წლის განმავლობაში ფედერალური საგანმანათლებლო პროგრამებისთვის შეიძლება.                                 

უმრავლესობის წარმომადგენლები დემოკრატიული პარტიიდან ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას აპირებენ. ექსპერტების აზრით, ამერიკაში საგადასახადო სისტემა იმდენად ჩახლართულია, რომ შესამჩნევი წარმატების მოპოვება გართულდება. თუკი სკეპტიკოსთა პროგნოზები არ გამართლდა, ამერიკელი გადამხდელების ჯიბიდან მიღებული ფული განათლებას და ჯანდაცვას მოხმარდება.

იაპონური "სანიო ელექტრიკი" გამოძიებასთან ითანამშროლებს

იაპონურმა კორპორაცია Sanyo Electric-მა თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ გამოძიებასთან სრულყოფილად ითანამშრომლებს. ფირმის წარმომადგენლებმა წლების განმავლობაში შემოსავლების "შელამაზება" გაბედეს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იაპონური გაზეთები იტყობინებიან, რომ ამავე კომპანიამ 2003 წლის ფინანსური ანგარიში გააყალბა, რასაც ფირმის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. გაზეთების ცნობით, კორპორაციის ზარალი ბევრად მეტია, ვიდრე ამის თაობაზე კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა.

სადაზღვევო ბიზნესი აფრიკაშიც მომგებიანია

სამხრეთ აფრიკის უმსხვილესმა სადაზღვევო კომპანიამ Old Mutual-მა 2006 წელი 22%-იანი მოგებით დაამთავრა, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზს დაემთხვა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2007 წელს მოგების ზრდა სავალუტო კურსისა და ინვესტიციებზე გამოყოფილი დანახარჯების გამო შეფერხდება. სამხრეთაფრიკული სადაზღვევო კომპანიის კორექტირებულმა საოპერაციო მოგებამ 1,69 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1,39 მლრდ ფუნტს უდრიდა.

"მერილ ლინჩი" კიდევ უფრო მსხვილდება

ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Merrill Lynch-მა დანიური Russian Carbon Fund (RCF)-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. იმავე ბანკმა აგრეთვე გამოყო ფინანსები ფონდის დავალიანების დასაფარად. ეს საქმიანი გარიგება შეფასებულია 200 მილიონ ამერიკულ დოლარად. ამერიკული ბანკი აპირებს ქვოტებით ვაჭრობის ბაზარზე გავიდეს, რომელიც ანალიტიკოსთა მიერ 15 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. RCF ქვოტების გაყიდვის შედეგად 2 მილიარდი ევროს მიღებას გეგმავს.

იაპონურ-ამერიკული საფინანსო გარიგება

ცნობილი იაპონური საბროკერო კომპანია Nikko Cordial Corp და ამერიკული საფინანსო გიგანტი Citigroup Inc. მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ მალე დამთავრდება Citigroup-ის მიერ იაპონური საბროკერო კომპანიის "შთანთქმის" პროცესი და ის Citigroup-ის შვილობილი კომპანია გახდება. 2006 წლის დეკემბრის ბოლოს, იაპონიის სიდიდით მესამე საბროკერო კომპანია Nikko Cordial 2004-2005 წლების საფინანსო შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ამ უკანასკნელმა ჯარიმის სახით რეკორდული 500 მილიონი იენი (4,2 მილიონი დოლარი) გადაიხადა.

ახალი ჩიპი ფულს გაყალბებისგან დაიცავს

იაპონურმა კომპანია "ჰიტაჩი"-მ თებერვლის ბოლოს გამოაცხადა, რომ შეიმუშავა უმავთულო უწვრილესი ჩიპი. სიახლეს მრავალ ელექტრონულ მოწყობილობაში გამოიყენებენ, თუმცა ჩიპის მთავარი ამოცანაა იაპონური ბანკნოტების გაყალბებისგან დაცვა. ჩიპები გაყიდვაში მხოლოდ 2009 წელს გამოვა, მანამდე მას მხოლოდ ბანკნოტების მარკირებისთვის გამოიყენებენ.

სპეციალისტების აზრით, რადიოჩიპების გამოყენებას ორი უპირატესობა აქვს: ასეთი ბანკნოტების გაყალბება შეუძლებელი იქნება, ამ ჩიპში ინახება მონაცემთა 128 ბიტი, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ყველა მონაცემები კოდირებული იყოს ბანკნოტის ნომრის, მისი ნომინალისა და დამზადების თარიღის თაობაზე, რაც ცენტრალურ ბანკს ფულადი დინებების მართვას გაუადვილებს.

ამერიკის ეკონომიკას ყალბი დოლარის არ ეშინია

2006 წელს აშშ-ის ტერიტორიაზე შესაბამისმა სამსახურებმა გამოავლინეს და ბრუნვიდან ამოიღეს ყალბი 62 მილიონი დოლარი. ეს მაჩვენებელი 10%-ით მეტია 2005 წელთან, ხოლო 69%-ით 2003 წელთან შედარებით. ამერიკის მთავრობას მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ ოდენობის ყალბი დოლარები სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამერიკაში ბინის ქირის ფასით ნიუ-იორკი ლიდერობს

ამერიკაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რომელიც ბაზრის კვლევის კომპანია Marcus & Millichap-მა ჩაატარა, ყველაზე ძვირია ბინის დაქირავება ნიუ-იორკში, იუწყება სი-ენ-ენ-ი. საშუალოდ ეს თანხა თვეში 2553 დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა სან-ფრანცისკო, სადაც ოთახის ქირა 1685 დოლარია. მესამე ადგილზე ბოსტონია, მასაჩუსეტსის შტატში. იქ საშუალოდ ოთახის ქირა თვეში 1632 დოლარია.

ყველაზე იაფი საცხოვრებელი ფართის ქირაობა აღმოჩნდა ტაქსონში, არიზონას შტატში, ფასი 615 დოლარია. სიიაფის მიხედვით მეორე ადგილზეა კოლამბუსი, ოჰაიოს შტატში, 642 დოლარი. მესამე ადგილზე კი ინდიანაპოლისია, ინდიანას შტატში, საშუალოდ 643 დოლარის ფარგლებში.

საინტერესოა, რომ ეს ფასი სულ ოდნავ აღემეტება მოსკოვში ოროთახიანი ბინის დაქირავების ფასს.