ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
საქართველოს 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
#2(86), 2007
"ძირითადი მიმართულებები" ინფორმაციულად მწირი დოკუმენტია

შარშან, 22 დეკემბერს ჩვენი ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო დადგენილება #3993 "საქართველოს 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ". საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს სწორედ ამ დადგენილების პრინციპებითა და მიზნობრივი მაჩვენებლებით უნდა იხელმძღვანელოს.
 
სანამ უშუალოდ დოკუმენტის შინაარსის განხილვას შევუდგებოდეთ, გვინდა თქვენი ყურადღება ერთ გარემოებაზე შევაჩეროთ. საქმე ის გახლავთ, რომ მართალია, ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება ყოველწლიურად ხდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოკლეა და ტრაფარეტული და რიგითი მოქალაქის თვალით, ერთიმეორისაგან თითქმის არაფრით განსხვავდება.
 
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი განმარტავს, რომ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შედგენა ეროვნულ ბანკს "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით ევალება. მას ყოველი წლის დამთავრებამდე 3 თვით ადრე საქართველოს პარლამენტში პროექტის სახით წარადგენს, რომელსაც შემდეგ პარალამენტი განიხილავს და დადგენილების სახით იღებს. რაც შეეხება შინაარსს, ამ დოკუმენტში მართლაც საკმაოდ ბევრი გამეორება ხდება წლიდან წლამდე. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრაქტიკა და ეს მოდელი სახელმწიფოსთან და პარლამენტთან ურთიერთობისა მემკვიდრეობით არის მიღებული. ეს მოდელი უახლოეს მომავალში შესაცვლელია, ვინაიდან ამ დოკუმენტის ღირებულება ძალიან დაბალია; მასში არ არის არაფერი ისეთი განსაკუთრებული, რომლითაც უშუალოდ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კუთხით იხელმძღვანელებდა ფართო საზოგადოება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლადო პაპავას ინფორმაციით, თავიდანვე დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ფორმდება როგორც პარლამენტის დადგენილება. მისივე შეფასებით, ეს ძალიან მოკლე დოკუმენტია და გარდა პროფესიონალებისა, არავისთვის არ არის ინფორმაციული. ასეა მას მერე, რაც მიღებულია ორგანული კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ".

ეს კანონი პარლამენტმა 1995 წელს მიიღო. ლადო პაპავა, რომელიც იმ დროს ეკონომიკის მინისტრი იყო, იხსენებს, რომ როცა ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის საფუძველზე პირველად წარმოადგინა "ძირითადი მიმართულებები", ის იყო სქელტანიანი დოკუმენტი, დეტალური აღწერით. მაშინ პარლამენტმა მიიჩნია, რომ საკმარისი იყო მხოლოდ დადგენილების პროექტის მომზადება განმარტებით ბარათთან ერთად, მაგრამ პარლამენტმა არ განსაზღვრა დოკუმენტი ზუსტად როგორ გაფორმებულიყო. მოხდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და ეროვნულ ბანკს შორის, რის შემდეგაც დღემდე ეროვნული ბანკი წარმოადგენს მხოლოდ მოკლე ვარიანტებს, რაც ინფორმაციულად სრულყოფილი არ არის და უკმარისობის გრძნობას ტოვებს.

ამასთან ერთად, პაპავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური მუშაკებით. ეს ხალხი პერიოდულად ამზადებს უაღრესად დიდი და მდიდარი ინფორმაციის შემცველ ანალიტიკურ გამოცემებს, რომლებიც ამ სფეროში მომუშავე ნებისმიერი სპეციალისტისთვის პრაქტიკულად სახელმძღვანელო დოკუმენტებია. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ მომავალში ეროვნული ბანკი უფრო ვრცელ დოკუმეტს მოამზადებს, რომელსაც დაერქმევა "ფულად-საკრედიტო პოლიტიკა", ხოლო პარლამენტის დადგენილება კი იქნება ამჟამინდელზე კიდევ უფრო მოკლე, სადაც ეწერება მხოლოდ "დამტკიცდეს წარმოდგენილი დოკუმენტი".

ლადო პაპავას აზრით, "ფულად-საკრედიტო პოლიტიკა" უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისგან, საიდანაც პირველი ნაწილი აუცილებლად უნდა ეხებოდეს გასული წლის შედეგების ანალიზს ყველა იმ მიმართულების მიხედვით, რაც კანონით განსაზღვრულია და ეროვნული ბანკის ფუნქციებში შედის (ანუ როგორი იყო ინფლაცია და რა იყო ინფლაციის ამ დონის გამომწვევი მიზეზები, როგორი იყო ფულის მიწოდება, როგორი იყო საბანკო ზედამხედველობა და ა.შ.); თუკი მიზანშეწონილად ჩათვლიან გარკვეული ტენდენციის ჩვენებას, ამავე ნაწილში შეიძლება მოხდეს არა მარტო წინა წლის, არამედ წინა რამდენიმე წლის გარკვეული ანალიზიც.

მეორე ნაწილში უნდა იყოს, თუ როგორია ეროვნული ბანკის ხედვა წინა წლის (წლების) შედეგების გათვალისწინებით, როგორია ძირითადი მიმართულებები.
დოკუმენტის ბოლო ნაწილში კი იქნება კონკრეტულად ფორმულირებული, მუხლების მიხედვით გაწერილი, შესაბამისი წლის ძირითადი მიმართულებები; ანუ მესამე ნაწილში მოხვდება ყველაფერი ის, რასაც დღეს პარლამენტი ადგენს.

პაპავას მტკიცებით, ასეთი დოკუმენტის დონე გაცილებით მაღალი იქნება. ის გახდება კითხვადი და ადვილად გასაგები არა მხოლოდ პროფესიონალებისათვის. ეს დოკუმენტი თავისი ფორმითაც ისეთივე დატვირთული გახდება, როგორიც დღეს არის ბიუჯეტი. ბიუჯეტს კი ფორმითაც და შინაარსითაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.

დღეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა შინაარსობრივად დატვირთულია, მაგრამ ფორმით იმდენად `მსუბუქ~ დოკუმენტს ჰგავს, რომ ზოგიერთმა შეიძლება მეორეხარისხოვან დოკუმენტადაც კი მიიჩნიოს.

ეროვნულმა ბანკმა საშუალოვადიანი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

დავუბრუნდეთ იმ ფაქტს, რომ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების არსებული მოდელი პრაქტიკულად ძალიან დაბალი ღირებულებისაა. როგორც დავით ამაღლობელი განმარტავს, იდეაში, ამ დოკუმენტის მიზანი ის არის, რომ ეროვნული ბანკი აფიქსირებს, თუ რა იქნება მისი საპროგნოზო-სამიზნე მაჩვენებელი ინფლაციისა მომავალი წლისთვის და ამით, გარკვეულწილად, ვალდებულებას კისრულობს. ასეთი ჩანაფიქრი იყო თავის დროზე, როდესაც ეს მოდელი შეიმუშავეს. თუმცა, დღესაც კი ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ არა აქვს სრულყოფილი ფულად-საკრედიტო რეგულირების ინსტრუმენტები, რომ მაღალეფექტურად შესძლოს ინფლაციის დაგეგმილ მაჩვენებელზე გასვლა. ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს ინფლაციის დაგეგმარების მოდელი, სადაც ცენტრალური ბანკი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია ინფლაციის გარკვეულ ფარგლებში (და არა ერთ კონკრეტულ მაჩვენებელზე!) შენარჩუნებაზე. ასეთ ქვეყანაში ცენტრალური ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში (2-3 წლის, ან შეიძლება უფრო მეტიც) ინფლაცია იქნება, ვთქვათ, 2-დან 4% მდე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურად მუშაობს, რომ თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განსახორციელებლად სრულყოფილი ინსტრუმენტები შეიმუშაოს. მართალია, დღეს მას აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახელმწიფო ობლიგაციები, მაგრამ ჯერ იმ რაოდენობით არა, რომ ფინანსურ ბაზარზე საგრძნობი გავლენა მოახდინოს. ცხადია, ეს ინსტრუმენტები რომ ეფექტური იყოს, ამისათვის საჭიროა არსებობდეს განვითარებული ფინანსური ბაზარი; მაგრამ მეორე მხრივ, ფინანსური ბაზარი ვერ განვითარდება, თუ ეროვნულ ბანკს არ ექნება ეს ინსტრუმენტები. რასაკვირველია, ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბება არ ხდება ერთ და ორ წელიწადში, ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და თუ გადავხედავთ დღევანდელ ფინანსურ ბაზრებს (განსაკუთრებით, მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდების ბაზარს), აქ, ფაქტობრივად, ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღლდების გარდა, არც არსებობს სხვა ფასიანი ქაღალდები.

ამაღლობელი ყურადღებას ამახვილებს "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში არსებულ იმ ჩანაწერზე, სადაც ლაპარაკია ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანაზე. საერთოდ, უმრავლეს ქვეყნებში ცენტრალური ბანკების მთავარი ფუნქციაა ფასების სტაბილურობა, რაც კანონში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. ჩვენს შემთხვევაში კი ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია ფასების სტაბილურობა ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნების გზით. ფაქტობრივად, ეს ჩანაწერი ორაზროვანია და გულისხმობს, რომ ერთი მხრივ, ეროვნულ ბანკს მიზნად უნდა ჰქონდეს ფასების სტაბილურობა; მეორე მხრივ, მან უნდა უზრუნველყოს ლარის კურსის სტაბილურობა. ეს ორი მიზანი კი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან შეუთავსებელია.

საინტერესოა, რომ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მუშაობა დაიწყო საშუალოვადიანი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიაზე, სადაც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული, თუ ფულად-საკრედიტო სისტემის რა მოდელი გვექნება 4-5 წლის თავზე და რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ 4-5 წლის შემდეგ მივიდეთ იმ ახალ მოდელამდე, რომელიც გაცილებით უფრო გამჭვირვალე, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ინფლაციასთან ბრძოლის კუთხით და მთელი საზოგადოებისათვის გაცილებით უფრო გასაგები.

ამაღლობელის განმარტებით, ფულად-საკრედიტო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლით ეროვნული ბანკი უკვე კანონის დონეზე იღებს ვალდებულებას ინფლაციის გარკვეულ დონეზე შენარჩუნებაზე. თუმცა, ახლა პირველ ეტაპზე საკმარისი იქნებოდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც დაფიქსირდებოდა, რომ ეროვნული ბანკის უმთავრესი ამოცანა არის ფასების სტაბილურობა.

ლადო პაპავა აცხადებს, რომ საერთოდ ინფლაციაზე პასუხისმგებელი ორგანო პირველ რიგში ეროვნული ბანკია; მაგრამ ის, რაც საქართველოში ინფლაციასთან დაკავშირებით ხდება, სამწუხაროდ მხოლოდ ეროვნული ბანკის პრობლემა არ არის, რადგან ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს მთავრობის ხარჯებს. პაპავა აკონკრეტებს, რომ მას უპირველესად მხედველობაში აქვს მთავრობის ხარჯები არარეალურ სექტორში. არარეალური სექტორია, მაგალითად, გზების მშენებლობა.

მართალია ეკონომიკის განვითარებისათვის გზები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის შედეგს იძლევა რამდენიმე წლის შემდეგ და სანამ დადებით შედეგს მოიტანს, მანამდე ის არის ინფლაციური დატვირთვა ეკონომიკაზე. ცხადია, არარეალური სექტორია ისეთი გასართობი ღონისძიებებიც, როგორიცაა შადრევნები და იმგვარი ატრაქციონების შექმნა, რომლებზეც, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საფასური არ ამოიღება. რაც შეეხება პრივატიზაციის თანხებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მთავრობის მიერ გაწეულ ხარჯებს: თუ პრივატიზაციიდან მიღებული თანხები გაიღება ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ხარჯის სახით, რა თქმა უნდა, ეს ინფლაციას უწყობს ხელს.

პაპავა წინააღმდეგია იმისა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონით ინფლაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს დაეკისროს. საქმე ისაა, რომ მთავრობამ შეიძლება ფულის უკონტროლო ხარჯვა განაგრძოს, "განტევების ვაცი" კი ეროვნული ბანკი აღმოჩნდეს. დღესაც, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას სურს, რომ "განტევების ვაცად" ეროვნული ბანკი აქციოს და ინფლაციის შედარებით მაღალ დონეს ის ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას აბრალებს.

რატომ ჩაიწერა და რას ნიშნავს ინფლაცია 6%-ის ფარგლებში?

როგორც წესი, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის ყოველწლიური დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნულია ხოლმე წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი. შარშან ეს იყო 5-6 პროცენტის ფარგლებში. წელს პროექტში ჩაწერილი იყო, რომ ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედებოდა წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 6-7 პროცენტის ფარგლებში, თუმცა პარლამენტის დადგენილებაში ჩაიწერა "6%-ის ფარგლებში". რატომ აღარ ჩაიწერა "6-7%"? ამასთან დაკავშირებით, ლადო პაპავა შეგვახსენებს სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მიერ შარშან, სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილს საქართველოში ინფლაციის შესახებ, სადაც სავსებით სამართლიანად წერია, რომ განვითარებად ქვეყნებში (იმ ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა) ეკონომიკური ზრდისთვის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ინფლაციისა არის, როცა ინფლაცია არ აღემატება 6%-ს. სწორედ ამით აიხსნება, რომ ეროვნული ბანკის მიერ  პროექტით წარმოდგენილი 6-7%-ის ნაცვლად დარჩა 6%, უფრო ზუსტად კი, "6%-ის ფარგლებში". თუმცა რას ნიშნავს სიტყვა "ფარგლებში", მისი განმარტება არც ერთ კანონში არა გვაქვს ჩამოყალიბებული.

ასე რომ, ინფლაციის ეს დონე სავალუტო ფონდის მოთხოვნით არის მკაცრად განსაზღვრული. თუმცა, თუ მთავრობა გააგრძელებს იმ ხარჯვით პოლიტიკას, რომელიც მას გასულ წლებში ჰქონდა, რა თქმა უნდა, ინფლაცია მეტი იქნება, ვიდრე 6%. პაპავას არც იმის სჯერა, რომ 2006 წლის ინფლაციის დონე 8,8% იყო. როდესაც შარშან ზაფხულში გამოქვეყნდა, რომ ინფლაცია 14,5% იყო, შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე მოხსნეს და ამის მერე დაიწყო ინფლაციის ოფიციალურმა მაჩვენებელმა კლება. ასეთი სტატისტიკისა პაპავას არ სჯერა და მისი აზრით, საქართველოს საერთოდ აღარ გააჩნია რეალური სტატისტიკა. და მაინც, იგი იმედოვნებს, რომ მთავრობა 2007 წელს აღარ გააგრძელებს უაზრო ხარჯებს და სტატისტიკის დეპარტამენტიც რეალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ჯერჯერობით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იანვარში წლიური ინფლაცია 10,4% იყო.

ისევე როგორიც შარშანდელ, წლევანდელ "ძირითად მიმართულებებშიც" აღნიშნულია, რომ ფასებზე მიწოდების, ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას, შესაძლებელია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლიდან გადახრა. დავით ამაღლობელი შენიშნავს, რომ გასულ წელთან დაკავშირებით ეგზოგენური ფაქტორების განეიტრალება იმ ქვეყნებშიც კი გაუჭირდათ, სადაც განვითარებული ბაზარი და ძლიერი ეკონომიკაა. საქართველოს შემთხვევაში იყო ეგზოგენური ფაქტორების ძალიან ფართო სპექტრი: დაწყებული მოუსავლიონობით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე ფასების ზრდით და დამთავრებული საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის ფაქტორით. ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ასევე – სამომხმარებლო ფასებზეც. იმედია, წელს აღარ განმეორდება მსგავსი უარყოფითი ფაქტორები.

სარეზერვო ფული და ინფლაცია

დავით ამაღლობელი განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პროგრამა აგებულია ცალკეული ფულის მასის აგრეგატების დინამიკის დაგეგმვაზე და ერთ-ერთი ფულადი აგრეგატია სარეზერვო ფული. უხეშად რომ ვთქვათ, სარეზერვო ფული არის ეკონომიკაში არსებული ნაღდი ლარის მასა, ანუ ის ლარები, რაც ეროვნულმა ბანკმა წლების განმავლობაში მიმოქცევაში გაუშვა და დაგროვდა. ფულის მასა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ მისი ზრდის ტემპი დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ იზრდება ფულზე მოთხოვნა ეკონომიკაში. ფულზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა: რაც უფრო სწრაფად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს ფულის მასაც, რათა ფულზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მაგრამ მხედველობაში მიიღება ასევე ბევრი სხვა ფაქტორი, პირველ რიგში – ინფლაციის მაჩვენებელი. ყველა ამ ფაქტორის (მათ შორის, მთლიანი შიდა პროდუქტის 7,5%-იანი საპროგნოზო ზრდისა და ინფლაციის 6%-ის ფარგლებში საპროგნოზო მაჩვენებლის) გათვალისწინებით, წელს სარეზერვო ფულის მოცულობის 20%-ის ფარგლებში ზრდა არის დაგეგმილი.

2006 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებშიც მთლიანი შიდა პროდუქტის 7,5%-იანი საპროგნოზო ზრდა და ინფლაციის 5-6%-ის ფარგლებში საპროგნოზო მაჩვენებელი იდო, თუმცა სარეზერვო ფულის მოცულობის 25-27%-ის ფარგლებში ზრდა დაიგეგმა. რატომ? ამაღლობელის განმარტებით, შარშან, როცა ეროვნული ბანკი გეგმავდა, ინფლაციის მაჩვენებელი მისაღებ ფარგლებში იყო და ეროვნული ბანკის ამოცანას წარმოადგენდა 2006 წელს ინფლაცია ამ ფარგლებშივე შენარჩუნებინა. 2007 წლის დასაწყისში ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე არის პროგნოზი – 6%. ანუ, ეროვნული ბანკის ამოცანაა, ინფლაციის დონის არა შენარჩუნება, არამედ – შემცირება. რასაკვირველია, ინფლაციის დონე რომ დაიწიოს, ფულის მასის ზრდის ტემპიც უნდა შემცირდეს. შესაბამისად, 25-27% შეიცვალა 20%-ით.

ფინანსური სექტორის შუამავლობის როლი საქართველოში ძალიან დაბალია

მიმდინარე წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მონეტარიზაციის დონის ზრდა, ანუ ეკონომიკის მიერ მოხმარებული ფულის (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) მასის მოცულობის ზრდა. როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მეტია ფულის მასის მოცულობაზე. ჩვენთან კი – გაცილებით ნაკლებია და ამიტომაც არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეკონომიკის მონეტარიზაცია. მთავარი მიზეზი ამ ჩამორჩენისა ის გახლავთ, რომ დღეს საქართველოში ძალიან დაბალია ფინანსური სექტორის ფინანსური შუამავლობის როლი, ანუ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს საბანკო სექტორის მომსახურებით როგორც დაზოგვის, ისე – ანგარიშსწორების მიზნით.

უნდა გაიზიაროს თუ არა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდის რეკომენდაცია ლარის გამყარებასთან დაკავშირებით

1998 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, საქართველოს ეროვნული ვალუტა მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმშია და ეს რეჟიმი წელსაც გაგრძელდება. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ რაც შეეხება მცურავი კურსის რეჟიმებს, მსოფლიოში ძირითადად ორი მოდელია გავრცელებულია: თავისუფლად მცურავი და მართვადი მცურავი. ჩვენთან განცხადებული იყო მცურავი კურსის რეჟიმზე გადასვლა, მაგრამ დაკონკრეტებული არ ყოფილა; პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება შევაფასოთ, რომ ეს არის გარკვეულწილად მართვადი, თუმცა – მართვის შეზღუდული ელემენტებით, ვინაიდან ეროვნული ბანკი არ ეწინააღმდეგება (შეუძლია, მაგრამ არ ეწინააღმდეგება!) იმ საბაზრო ძალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ კურსის დინამიკის ჩამოყალიბებაზე. 2004 წლიდან მოყოლებული, ლარი დოლართან მიმართებაში სისტემატურად მყარდებოდა (ამ ტენდენციას ეროვნული ბანკი არ შეწინააღმდეგებია) და ეს გამყარება დღესაც გრძელდება. თუმცა, ეროვნული ბანკის ჩარევა იმაში მდგომარეობდა, რომ არ ყოფილიყო ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევები; მეორე მთავარ მიზეზს, რომლის გამოც ეროვნულ ბანკს ჩარევა უწევდა, წარმოადგენდა საკუთარი სავალუტო რეზერვების შევსება, რაც კატასტროფულად მცირე იყო და საერთაშორისო სტანდარტებით ჯერ კიდევ ცოტაა. ამ ეტაპზე არის საქონლისა და მომსახურების იმპორტის დაახლოებით 2-2,2 თვის ეკვივალენტი, ხოლო წლის ბოლოსთვის 2,5 თვის ეკვივალენტი უნდა შეადგინოს. ამხელა რეზერვი, რაც ეროვნულ ბანკს დღეს აქვს, არასდროს არ ჰქონია. საერთაშორისო რეზერვები 950 მილიონ ლარამდეა და მალე მილიარდს გადააჭარბებს. მაგრამ ამავე დროს, ეკონომიკაც საკმაოდ სწრაფად იზრდება, იზრდება იმპორტიც. ამდენად, იმისათვის, რომ სავალუტო რეზერვები უზრუნველყოფდეს იმ მთავარ ფუნქციას, რაც მას აკისრია (ეს არის ეგზოგენური შოკების განვითარების შემთხვევაში გარკვეული დაზღვევა), ჩვენ ამ რეზერვების ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

1998 წელს, როდესაც რუსეთში ფინანსური კრიზისი მოხდა, ჩვენი სავალუტო რეზერვების მოცულობა დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იყო, რომელიც დაახლოებით იმ თანხის ორი მესამედია, რაც ამ ეგზოგენური შოკის ნეიტრალიზებას მოხმარდა.

როგორც წესი, დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში მყარდება (რაც გამოწვეულია ეკონომიკური სუბიექტების ანგარიშსწორებით ბიუჯეტთან და მოსახლეობის საახალწლო ხარჯებით). ამის მერე დოლარი გარკვეული პერიოდით მყარდება, თუმცა, წლევანდელ იანვარ-თებერვალში ლარი კვლავაც ინარჩუნებს თავის პოზიციებს. რითაა ეს განპირობებული და როგორი იქნება ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი ზაფხულში, როცა ის ყველაზე მეტად მყარდება ხოლმე?

ლადო პაპავას ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას თბილისში არ დაუმალავს, რომ სავალუტო ფონდი მოითხოვს ლარის შემდგომ გამყარებას, როგორც ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს. საუბარია 1,70-დან 1,50-ზე ჩამოსვლაზე, რასაც ეროვნული ბანკი არ ეთანხმება. პაპავა მხარს უჭერს ეროვნული ბანკის პოზიციას და აცხადებს, რომ თუკი მართლაც მოხდება ლარის კურსის 20 თეთრით გამყარება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე. არც ერთი ინვესტორი აღარ შემოვა საქართველოში რეალური პროდუქციის საწარმოებად, რადგან ასეთი პროდუქციის ექსპორტი იქნება წამგებიანი და დღეს თუ ჩვენ დიდი საექსპორტო პოტენციალი არ გაგვაჩნია, ეს ნიშნავს, რომ არც ხვალ გვექნება (იმიტომ, რომ არავინ შემოვა. ამავე დროს, ეს იქნება იმპორტული პროდუქციის გაიაფების წყარო; მაგრამ იმპორტული პროდუქცია გაიაფდება იმპორტიორებისათვის და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რიგითი მომხმარებლისთვის გაიაფდეს (ანუ იმპორტიორს დაუჯდება უფრო იაფი, მაგრამ არ არსებობს არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ მან ბაზარზე გააიაფოს პროდუქცია). ამიტომ ეს იქნება დამანგრეველი ქვეყნის ეკონომიკისათვის და ძალიან ცუდი შედეგების მომტანი თვითონ ეროვნული ბანკისათვის.

აქედან გამომდინარე, ლადო პაპავა მორალურად (როგორც კოლეგა-ეკონომისტი) და პოლიტიკურად (როგორც პარლამენტის წევრი) მხარს უჭერს ეროვნულ ბანკს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიზიაროს სავალუტო ფონდის მცდარი რეკომენდაცია ლარის შემდგომ გამყარებასთან დაკავშირებით, როგორც იმ მექანიზმისა, რომ ხელი შეეწყოს ინფლაციის თავიდან არიდებას. ინფლაცია რომ ავიცილოთ, ამისთვის პირველ რიგში მთავრობამ არამწარმოებლურ ხარჯებს უნდა თავი დაანებოს.

კომერციულმა ბანკებმა 30 ივნისამდე უნდა მოასწრონ მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის 12 მილიონ ლარამდე შევსება

2007 წელს კვლავაც გაგრძელდება კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ზრდა. როგორც იცით, შემუშავებული იყო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2008 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა ყოფილიყო 12 მილიონი ლარი (იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის არის 5 მილიონი ევრო), მაგრამ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ გრაფიკში ცვლილება შეიტანა და კომერციულ ბანკებს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის 12 მილიონ ლარამდე შესავსებად საბოლოო ვადად 2007 წლის 30 ივნისი დაუდგინა.

ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი განპირობებულია მისი პოლიტიკით, რომ გაიზარდოს საბანკო სექტორის კონსოლიდაცია და მდგრადობა, ამაღლდეს ფინანსური შუამავლობა. რეალურად პატარა ბანკები არ ასრულებენ შუამავლობას დეპოზიტორებსა და მსესხებლებს შორის, ამიტომ მათზე ზეწოლა მოხდა, რათა შემდეგი 4 ვარიანტიდან ამოირჩიონ ერთ-ერთი გზა: 1) ლიცენზიის ჩაბარება და საქმიანობის შეწყვეტა; 2) ლიცენზიის ჩაბარება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა (რასაც რეალურად დღეს აკეთებენ); 3) შერწყმა რომელიმე მსხვილ ბანკთან; 4) უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორის მოძიება, რომელიც გაზრდის ბანკის კაპიტალს (რეალობას თუ შევხედავთ, ეს ვარიანტი ნაკლებ-სავარაუდოა).

შეცდომა პარლამენტის დადგენილებაში

ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

- "ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, უცხოური დახმარებების მოცულობის ზრდა, მსხვილი ობიექტების პრივატიზაცია და მასშტაბური საინვესტიციო პროექტები ქმნის უცხოური ვალუტის დიდი ნაკადების შემოდინების წინაპირობას, რომელთა მონეტარულ სტაბილურობაზე ზემოქმედების ნეიტრალიზებისათვის, ეროვნული ბანკის განკარგულებაში არსებული ინსტრუმენტების გამოყენების გარდა, აუცილებელია გაღრმავდეს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის კოორდინირებული, შეთანხმებული ღონისძიებების განხორციელება".

თვითონ ეროვნულ ბანკს კიდევ უფრო აქტიურად წარმართოს თავისი ფულად-საკრედიტო ოპერაციები, რაც, ამაღლობელის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ ეროვნულ ბანკს დიდი მოცულობით მოუწევს ფასიანი ქაღალდების (სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახელმწიფო ობლიგაციების) გაყიდვა და ფულის მასის შეკუმშვაზე ზემოქმედება; მოხდება ამჟამად არსებული საკრედიტო და სავალუტო აუქციონების ბაზრის თანდათანობით ჩანაცვლება ფულადი და ღია ბაზრის ოპერაციებით. კერძოდ, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონებით; საქმე ის გახლავთ, რომ საკრედიტო და სადეპოზიტო აუქციონები გარკვეულწილად იგივე ხასიათის, მაგრამ უფრო ძვირი და უფრო არათანამედროვე ინსტრუმენტებია, ვიდრე სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები. სწორედ სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონებია ეროვნული ბანკისთვის ფულადი ბაზრის ოპერაციები. ღია ბაზრის ოპერაციებს უწოდებენ იმ ოპერაციებს, რომლებიც ტარდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით. სადეპოზიტო და საკრედიტო აუქციონები კი არც ერთ ამ კატეგორიაში არ გადის. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ "2007 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" პარლამენტის დადგენილებაში, კერძოდ, მის მე-8 პუნქტში გაპარულია ტექნიკური შეცდომა და იმის ნაცვლად, რომ ეწეროს "სადეპოზიტო და საკრედიტო აუქციონების ბაზრის თანდათანობითი ჩანაცვლება ფულადი და ღია ბაზრის ოპერაციებით", წერია "...სავალუტო და საკრედიტო აუქციონების ბაზრის თანდათანობით ჩანაცვლება ფულადი და ღია ბაზრის ოპერაციებით".

მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია, რეპო ოპერაციების განხორციელება შეჩერებულია, ვინაიდან ფინანსთა სამინისტრომ გაურკვეველი ვადით შეწყვიტა სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებათა ემისია და გასული წლის 18 სექტემბრამდე ქვეყანაში არც არსებობდა არანაირი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ფასიანი ქაღალდების – სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება და მათი აუქციონების ჩატარება დაიწყო, რასაც დეკემბერში დაემატა სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონები.

ამდენად, ეს ორი ახალი ინსტრუმენტი ეროვნულ ბანკს საშუალებას აძლევს, რომ უახლოეს მომავალში აღადგინოს რეპო ოპერაციები. შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და სავარაუდოდ, მარტიდან კომერციულ ბანკებს შეეძლებათ ამ ახალი ფასიანი ქაღალდების გირაოს ქვეშ მიიღონ ერთდღიანი სესხები ეროვნული ბანკიდან. ადრე ისინი ამას სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით აკეთებდნენ.

საჭიროა თუ არა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა

ეროვნულმა ბანკმა 2006 წლის ზაფხულში დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე “საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების შესახებ”. შემდეგ ამ პროცესში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ჩაერთო. შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტი დასრულებულია. მასზე მუშაობაში ეროვნულ ბანკს დახმარებას უწევდნენ საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. პარლამენტი ამ კანონპროექტის განხილვას წლის პირველ ნახევარში შეუდგება.

2004 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით არის გათვალისწინებული "დეპოზიტების დაზღვევის შესახებ" კანონპროექტის შემუშავება. ეროვნულმა ბანკმა კანონპროექტი შეიმუშავა და დიდი იყო მოლოდინი, რომ პარლამენტი მას შარშან საგაზაფხულო სესიაზე თუ არა, წლის ბოლოსთვის მაინც მიიღებდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ვინაიდან მთავრობასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე აცხადებდა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უნდა შეიქმნას, მაგრამ არა დაუყოვნებლივ და არა სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობით, როგორც ამას ეროვნული ბანკის კანონპროექტი ითვალისწინებდა; მისი აზრით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უნდა ყოფილიყო ისეთივე კერძო, როგორიცაა ყველა სხვა სადაზღვევო ბიზნესი. მინისტრის მოადგილე იმასაც ირწმუნებოდა, რომ სააგენტოს შექმნა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც საბანკო სექტორი გამყარდება და სანამ სუსტი ბანკებიც არსებობენ, ძლიერ ბანკებს არანაირი სურვილი არ ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფონდში, რომელშიც სუსტი ბანკებიც დაიზღვევიან.

ეროვნულმა ბანკმა "დეპოზიტების დაზღვევის შესახებ" კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და 2006 წლის დეკემბრის დასაწყისში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა.

შესაბამის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ფინანსური მდგომარეობის გაუარესების კომპენსირება, საქართველოს საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლება და საბანკო სისტემაში მოსახლეობის დანაზოგების მოზიდვის სტიმულირება; რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც ჯერ არა აქვს მიღებული კანონი "დეპოზიტების დაზღვევის შესახებ" და რომ ევროდირექტივა მოითხოვს, წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემა.
როგორია მთავრობის პოზიცია ამ კანონპროექტისადმი?

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები გრძელდება. შეიძლება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის იდეა ძალიან კარგი იყოს, მაგრამ სანამ იდეის განხორციელება დაიწყება, მას სჭირდება სათანადო ეკონომიკური გაანგარიშება, რაც წარმოდგენილ კანონპროექტს არ ახლავს. როცა შეიქმნება გაანგარიშება, მხოლოდ მაშინ შეიძლება მსჯელობა მისი მიღების თაობაზე.

გაცილებით უფრო კატეგორიულია სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე. იგი წინააღმდეგია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნისა და აცხადებს, რომ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ასეთი სისტემის შექმნა საბანკო სისტემას კი არ აძლიერებს, პირიქით – ასუსტებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ დავით ამაღლობელის მტკიცებით კი ბენდუქიძემ, პრინციპში, მართალი ბრძანა, ოღონდ მის მიერ მოყვანილ დასკვნას აქვს მეორე ნაწილიც, რომელიც ამბობს, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობა შეიძლება უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს იმ ქვეყნებში, სადაც არსებობენ სუსტი ბანკები. მაგრამ თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას, დავინახავთ, რომ ამ ქვეყნების უმრავლესობაში არსებობს ასეთი სისტემა და უფრო მეტიც, არსებობს ევროკომისიის დირექტივა, რომლიც ყველა თავის წევრ სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ჰქონდეთ სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი, დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის მინიმუმ თითო სისტემა მაინც (სახელმწიფო შეიძლება ან უშუალოდ მონაწილეობდეს, ან გამოდიოდეს გარანტორის როლში).

საქართველოში მართლაც არის რამდენიმე სუსტი ბანკი და ამიტომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ერთბაშად შემოღება შეიძლება არ იყოს გამართლებული, მაგრამ თვითონ სისტემის შემოღებას სჭირდება არანაკლებ ერთი წელიწადი და იმ დროისთვის ჩვენი საბანკო სისტემაც უნდა მოვამზადოთ დეპოზიტების დაზღვევის სისტემისთვის. ამდენად, ეს პროცესი შარშან რომ დაგვეწყო, ამ სისტემის შემოღებას წელიწადნახევრის თავზე შევძლებდით. იმ დროისთვის ის სუსტი ბანკებიც აღარ იარსებებდნენ; თუ იარსებებდნენ, არის მეორე გამოსავალი, ეს არის რუსული მოდელი, სადაც ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით ხდება კომერციული ბანკების გაწევრიანება დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში და სუსტი ბანკები ამ სისტემის მიღმა რჩებიან.

რაც შეეხება ფონდის დაფინანსებას, კანონპროექტის წინა ვარიანტში საუბარი იყო იმაზე, რომ ფონდის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე საჭირო იყო გარკვეული წინასწარი შენატანის გაკეთება მთავრობის მხრიდან და შემდეგ უკვე კომერციული ბანკები საკუთარი შენატანებით უზრუნველყოფდნენ ამ ფონდის არსებობას. ახლა ეროვნულმა ბანკმა პარლამენტსა და მთავრობას ამ პროექტის კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, სადაც საუბარია არა უშუალოდ შენატანზე დეპოზიტების დაზღვევის ფონდში, არამედ – მთავრობის მხრიდან გარანტიაზე, რომ მთავრობამ 10 მილიონ ლარზე გასცეს გარანტია, რომელიც მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუ დადგება სადაზღვევო შემთხვევა.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, ანუ სადაც ბანკების მიმართ ნდობა მხოლოდ ახლა ყალიბდება, ასეთი დამზღვევი ინსტიტუტის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ შეცდომა იყო დაშვებული შარშან, როდესაც მთავრობამ მოახერხა და პარლამენტი აიძულა ეს სისტემა არ შეექმნა.

აი, ასეთი გახლავთ მიმდინარე წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ჩვენ შევეცადეთ ეს მიმართულებები იმაზე უფრო ვრცლად წარმოგვედგენა, ვიდრე ეს პარლამენტის შესაბამის დადგენილებაშია.

დასასრულ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი აპირებს "ძირითადი მიმართულებების" პარლამენტში წარდგენის არსებული ფორმატი შეცვალოს და ამით პარლამენტის და საზოგადოების მიმართ საკუთარი ანგარიშვალდებულების ხარისხი გაზარდოს.

დალი ჩიკვაიძე