ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
როგორ დავინიშნოთ სახელმწიფო კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდია
#2(86), 2007
დასასრული. დასაწყისი იხ. "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები", # 1(85), 2007 წ.

ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში მიმოვიხილეთ სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. განვაგრძობთ იმ საკითხების განმარტებას, რომელთა განხილვაც წინა წერილში ვერ მოხერხდა.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი "სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ", რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან.

აღვნიშნავთ, რომ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან (რომელიც მას აძლევს სხვებისაგან განსხვავებულ, ყოველთვიური კომპენსაციით ან აკადემიური სტიპენდიით სარგებლობის უფლებას), დაითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

კანონის თანახმად, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ენიშნება პირს, რომელსაც შეუსრულდა 50 წელი და აქვს 20 წლის სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის სტაჟი; ამასთანავე, თუ იგი დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორ-მასწავლებლის ან დამხმარე თანამდებობაზე, ან სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და დამხმარე თანამდებობაზე (დანართი #1-ის შესაბამისად) და 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდა შესაბამისი თანამდებობიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ან პირადი სურვილით.

ზემოაღნიშნულ პირებს, პირადი სურვილით გათავისუფლების შემთხვევაში, უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 5 წლის მუშაობის სტაჟი დაწესებულებაში, რომლიდანაც ისინი გათავისუფლდნენ.

თუ დაცული იქნება კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნები, ამ პირებს სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განესაზღვრებათ საჯარო მოსამსახურის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორს; 60 პროცენტის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატს; 40 პროცენტის ოდენობით – სამეცნიერო ხარისხის არმქონე პირს.

აღნიშნული პირებისათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიერო-პედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისულებიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა.

ზოგიერთი კატეგორიის პირებისათვის ასაკის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში უკვე ვისაუბრეთ; რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მარჩენალის დაკარგვის გამო კომპენსაციის დანიშვნას, განვმარტავთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ:

- სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს;

- პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს;

- პარლამენტის წევრებს (ყოფილ წევრებს);

- სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;

- კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს.

შეზღუდული შესაძლებლობების გამო კომპენსაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან (შრომითი დასახიჩრება).

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში გასულ პირებსა და პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებისთვის, აგრეთვე კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის:

- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს სტატუსის დადგენის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1,5 პროცენტის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;

- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125 პროცენტს.

პარლამენტის წევრებისათვის კომპენსაციის დანიშვნისას კანონით გათვალისწინებულია შემდეგი გარემოებები:

- პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100 პროცენტის ოდენობით;

- პარლამენტის ყოფილ წევრებს, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის დადგენისას – პარლამენტარის კომპენსაციის 100 პროცენტის, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – პარლამენტარის კომპენსაციის 50 პროცენტის ოდენობით.

კანონის თანახმად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სარგებელს, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის.

ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრისათვის მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნისას სახელმწიფო პენსიის დანიშვნა დაუშვებელია.

თუ კომპენსაციის ოდენობა ნაკლებია მთელი ოჯახისათვის "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასანიშნი სარგებლის საერთო ოდენობაზე, ოჯახს უფლება აქვს მიიღოს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით ოჯახისათვის განსაზღვრული პენსია.

ზემოაღნიშნულ სხვა საკითხებთან ერთად, ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დანიშვნა, კანონიდან გამომდინარე, რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/6 ბრძანების საფუძველზე, რომლის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს:

- სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლესა და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს ან არაუგვიანეს 3 თვის სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაუდენიათ სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საომარი მდგომარეობის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მომსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;

- ფინანსური პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს;

- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ გარდაცვლილის შვილებს – 18 წლის ასაკის მიღწევამდე;

- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის), უზენაესი სასამრთლოს მოსამართლის, საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში პენსია ენიშნებათ მათ შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო შრომისუუნარო მეუღლესა და შვილებს - ასაკის მიუხედავად;

- პარლამენტის წევრის (პარლამენტის ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ მცირეწლოვან შვილებს – 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო შრომისუუნარო მეუღლესა და შვილებს – ასაკის მიუხედავად.

ზემოაღნიშნული ყველა პირისათვის მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში დასანიშნი პენსიის ოდენობის გაანგარიშებას წარდგენილი საბუთების საფუძველზე ახდენს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესაბამისი სამსახური.

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება "საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპენსაციას და სტიპენდიას შესაბამისი განაცხადების საფუძველზე ნიშნავს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.

კომპენსაციის ან სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე საკითხს ფონდი განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) ფონდს წარედგინა ამ საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.

კანონის თანახმად, კომპენსაციის, სტიპენდიის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, პიროვნების რეგისტრაციის ადგილის  მიხედვით.

მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა (მიმღების წერილობითი განცხადების საფუძველზე) – მომდევნო თვის ბოლომდე, აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა ფონდსა და კომპენსაციის გამცემ ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.

კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მასზე რიცხული კომპენსაციის, სტიპენდიის თანხების გაცემა ხდება მემკვიდრეებზე, თუ მის მისაღებად მიმართეს არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში. მიღებული თანხები მემკვიდრეებს შორის გადანაწილდება კანონით დადგენილი წესით.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა სამუშაოდან გათავისუფლებიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

სახელმწიფო კომპენსაციის ან აკადემიური სტიპენდიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:

- პირის მიერ კომპენსაციის, სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ე.ი. როდესაც ამ პირის მიერ არ ხდებოდა მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში;

- შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო და სხვ.) გამოუცხადებლობა.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში, პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და გაიცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის, სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან.

კანონის თანახმად, კომპენსაციის, სტიპენდიის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს შემდეგი გარემოებები:

- კომპენსაციის, სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალება;

- საჯარო საქმიანობის განხორციელება, გარდა ყოფილი პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებისა, რომლის დროსაც მას კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების კანონით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობამდე (შეადგენს მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის ერთ მესამედს) შევსების პრინციპით, ოღონდ არაუმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა (560 ლარისა);

- პირის მუდმივ საცხოვრებლად წასვლა სხვა ქვეყანაში;

- მარჩენალდაკარგული პირების 18 წლის ასაკის მიღწევა. 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომელთაც 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, უგრძელდებათ მისი მიღება 23 წლის ასაკამდე – საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში;

- სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

- კანონით გათვალისწინებული საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დაკარგვა;

- პირადი განცხადება;

- შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;

- სახელმწიფო პენსიის დანიშვნა;

- უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;

- საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.

აღსანიშნავია, რომ შეჩერებული კომპენსაციის, სტიპენდიის შეწყვეტა ხდება შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ.

აქვე განვმარტავთ, რომ შეჩერებული კომპენსაციის ან სტიპენდიის განახლება მოხდება მისი მიმღები პირის მიერ ფონდში კომპენსაციის, სტიპენდიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის, სტიპენდიის შეჩერების დღიდან.

შეწყვეტილი კომპენსაციის, სტიპენდიის აღდგენა (განახლება) მოხდება კომპენსაციის, სტიპენდიის განახლებისათვის საჭირო წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების ფონდში წარდგენის დღიდან, კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

თუ იმ პირს, რომელიც კომპენსაციას ან სტიპენდიას იღებდა, მისი შეწყვეტის შემდეგ წარმოეშობა კომპენსაციის ან სტიპენდიის დანიშვნის ახალი საფუძველი, შეუძლია მოითხოვოს ადრე დანიშნული კომპენსაციის ან სტიპენდიის აღდგენა ან დაინიშნოს ახალი - კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომპენსაციის, სტიპენდიის მიღება ხორციელდება პირის არჩევანის საფუძველზე.

გასათვალისწინებელია, რომ კანონით დადგენილი კომპენსაციის, სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება "საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით დანიშნულ ოდენობაზე.

ირინე ღლონტი

                                                                                                     დანართი #1

სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობის ჩამონათვალი

1. პროფესორი; 
2. დოცენტი;
3. კონსულტანტი;
4. მთავარი კონსულტანტი;
5. უმცროსი მასწავლებელი;
6. მასწავლებელი;
7. უფროსი მასწავლებელი;
8. ლაბორანტი;
9. უფროსი ლაბორანტი;
10. სტაჟიორი-მკვლევარი;
11. ასისტენტი;
12. უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი;
13. მეცნიერი თანამშრომელი;
14. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
15. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი;
16. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
17. მეცნიერი კონსულტანტი;
18. მთავარი მეცნიერი კონსულტანტი;
19. საპატიო დოქტორი;
20. სამეცნიერო განყოფილების (ლაბორატორიის, ცენტრის, სექტორის) გამგე/უფროსი;
21. სწავლული მდივანი;
22. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში;
23. ინსტიტუტის დირექტორი;
24. ინჟინერი;
25. უფროსი ინჟინერი;
26. წამყვანი ინჟინერი;
27. პროგრამისტი;
28. ინჟინერი პროგრამისტი;
29. უფროსი ინჟინერი პროგრამისტი;
30. ტექნიკოსი;
31. მთარგმნელი/თარჯიმანი (შესაბამისი პროფილის სასაწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
32. ელექტრიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
33. მეთევზე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
34. მყვინთავი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
35. ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
36. უფროსი ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
37. ვეტექიმი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
38. უფროსი ვეტექიმი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
39. ტექნოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
40. უფროსი ტექნოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
41. უფროსი ქიმიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
42. აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
43. უფროსი აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
44. მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
45. უფროსი მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში).