ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური ტრანსფორმაციები
#4(88), 2007
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 15 წელზე მეტია გასული და განვლილი პერიოდის მიღწევები და შეცდომები უკვე იქცა განხილვებისა და ანალიზის თემად. თუმცა, აღნიშნული უფრო ფართო კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ და გავითვალისწინოთ როგორც მთელი პოსტსაბჭოური სივრცის ტრანსფორმაციის ზოგადი სურათი, ისე რეგიონში ჩვენი მეზობლების გამოცდილებაც.

სამმაგი ტრანსფორმაცია და ეკონომიკური განვითარების ოთხი მოდელი

2 აპრილს მოსკოვში გაიმართა პრეზენტაცია ლეონიდ გრიგორიევის და მარსელ სალიხოვის წიგნისა - "სუამი - თხუთმეტი წლის შემდეგ. ძვრები აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ეკონომიკაში, 1991-2006". ლეონიდ გრიგორიევი არის ფონდის "ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის" პრეზიდენტი, ხოლო მარსელ სალიხოვი აღნიშნული ფონდის უფროსი ექსპერტი. მართალია, წიგნში ყურადღების ცენტრში მოქცეულია სუამში შემავალი ოთხი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა), მაგრამ ავტორები უფრო ფართოდ უდგებიან საკითხს და პოსტსაბჭოთა სივრცის 15-წლიანი ტრანსფორმაციების ზოგად სურათს განიხილავენ. წიგნის ავტორთა დასკვნით, მთელმა პოსტსაბჭოთა სივრცემ გაიარა სამმაგი ტრანსფორმაცია, რომელიც მოიცავდა იდეოლოგიურ, ეკონომიკურ ცვლილებებს და აგრეთვე ქვეყნის კონფიგურაციის შეცვლასაც. "სამმაგი გადასვლის" პრობლემა გულისხმობდა:

• გადასვლას საბჭოთა სახელმწიფოდან დემოკრატიაზე;

• გეგმიური მეურნეობიდან  გადასვლას ბაზარსა და კერძო საკუთრებაზე;

• დიდი ქვეყნის შემადგენლობაში რესპუბლიკის სტატუსიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ მდგომარეობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაქმნის პროცესში ეკონომიკის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია კანონის ბატონობაზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე.

ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ გარდამავალი ეკონომიკით გაიარა მძიმე კრიზისი, მათი უმეტესობა გავიდა ზრდის ტრაექტორიაზე, თუმცა ყველამ როდი გადაწყვიტა მთლიანი შიდა პროდუქტის ადრინდელი დონის აღდგენის პრობლემა.

გარდა ზემოთაღნიშნულისა, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის არსებითი ფაქტორი აღმოჩნდა მიგრაციული ნაკადების უაღრესად მნიშვნელოვანი მოცულობა, რომელსაც ავტორები ადარებენ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარ გადაადგილებებს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოიყოფა სახელმწიფოთა ეკონომიკური ზრდის ოთხი ძირითადი მოდელი:

- მიგრაციული მოდელი (ე.ი. სამუშაო ძალის ექსპორტი) დამახასიათებელია მოლდოვასთვის, საქართველოსთვის, ტაჯიკეთისთვის და შუა აზიის რიგი სხვა რესპუბლიკებისათვის;

- სამრეწველო მოდელი დამახასიათებელია ბელორუსიისათვის, რუსეთისა და უკრაინის რიგი რეგიონებისათვის, აგრეთვე დნესტრისპირეთისათვის;

- სანედლეულო მოდელი დამახასიათებელია რუსეთის ნაწილისათვის, თურქმენეთისთვის, ყაზახეთისთვის, აგრეთვე აზერბაიჯანისათვის ნავთობის ხარჯზე;

- სერვისული მოდელი, რომელიც ხასიათდება ეკონომიკის რესტრუქტურიზებით, დამახასიათებელია ბალტიისპირეთისთვის.

წიგნის ავტორთა აზრით, უკრაინაში ვლინდება ეკონომიკის და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია "პოლიტიკური კრიტერიუმების" მიხედვით: არსებითი განსხვავება რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში დამოკიდებულია პოლიტიკური ლიდერების გავლენის ხარისხზე ამა თუ იმ რეგიონში (ვიქტორ იანუკოვიჩის, ვიქტორ იუშჩენკოს და იულია ტიმოშენკოს). შესაბამისად, უკრაინაში განვითარების ერთიანი სტრატეგია უახლოეს წლებში ვერ გამოვლინდა, თუმცა უკრაინის განვითარების პერსპექტივები, რომელსაც "შავიზღვისპირეთის ესპანეთს" უწოდებენ, საკმაოდ პოზიტიურია.

იმ ქვეყნებისათვის, რომელთა ეკონომიკის განვითარებისათვის დამახასიათებელია მიგრაციული მოდელი (საქართველო, მოლდოვა), შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილები არა მარტო მათი ოჯახების ძირითადი შემოსავლის წყაროა, არამედ არსებითი წვლილიც შეაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში. მაგალითად, მოლდოვაში ოფიციალური მონაცემებით ის შეადგენს დაახლოებით 25%-ს. ამასთან შრომითი მიგრაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში მტკივნეული პროცესია და ოჯახის გათიშვას, ტრადიციული ცხოვრების წესის რღვევას უკავშირდება.

საქართველო - ეკონომიკური ზრდის წყაროების ძიება

საქართველოს ეკონომიკის განვითარება მიმდინარეობდა გარდამავალი პერიოდის უმკაცრესი კრიზისის, პოლიტიკური არასტაბილურობის, მთელი რიგი ლოკალური სატრანსპორტო არტერიების რღვევის და დამატებითი ადმინისტრაციულ-ეკონომიკური ბარიერების შექმნის პირობებში.

1990-იანი წლების დასაწყისში სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემცირება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. ზემოაღნიშნული წიგნის ავტორთა აზრით, ამის მიზეზი გახდა "არაადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკა" (რაშიც რუსეთთან ცალმხრივად სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გულისხმობენ, თუმცა რის გამო გაწყდა ეს ურთიერთობები, ცალკე სალაპარაკო თემაა), შიდა შეიარაღებული კონფლიქტები და ღია ეკონომიკის პირობებში საწარმოო აქტივების დაბალკონკურენტუნარიანობა. ბაზრისა და საკუთრების ინსტიტუტები ჩამოყალიბდა პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაც კი უჩვეულო მასშტაბის პოლიტიკური ბრძოლისა და გაურკვეველი მომავლის პირობებში. ამან შეამცირა საინვესტიციო ჰორიზონტები, განაპირობა ორიენტაცია მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელზე და გააძნელა ტრანზიციული კრიზისიდან გამოსვლა.

ეკონომიკური კრიზისის მთავარი მსხვერპლი აღმოჩნდა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, რომელთაც ვერ შეძლეს კონკურირება ღია ბაზრებისა და სამეურნეო დამოუკიდებლობის პირობებში. დღეისათვის, მიუხედავად ეკონომიკური აღმავლობისა, ორივე სექტორში წარმოების მოცულობა შეადგენს მხოლოდ 1990 წლის დონის მესამედს. უკანასკნელ წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, საქართველო ვერ გავიდა სტაბილური განვითარების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა, საქართველოსთვის უმუშევრობა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. უკანასკნელ წლებში უმუშევრობის ოფიციალური დონე დაახლოებით 13%-ს შეადგენს, ამასთან დასაქმებულთა 50%-ზე მეტი მოდიოდა სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულებზე, თუმცა წარმოების დონე იქ ძალზედ დაბალია. რიგი ექსპერტების აზრით, უმუშევრობის ფორმალური მაჩვენებლები არ ასახავს საქმის ნამდვილ ვითარებას. ბოლო პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმების შემცირებამ, ასევე საგადასახადო რეგულირების გამკაცრებამ, რამაც გაართულა დასაქმება არაფორმალურ სექტორში, კიდევ უფრო გაზარდა უმუშევართა რაოდენობა.

უკანასკნელ წლებში შიდა ინვესტიციების დაახლოებით 75% უცხოელმა ინვესტორებმა დააფინანსეს, აქედან 60% წავიდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოური ინვესტიციების 90% უკავშირდება ერთადერთ დიდ - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს. ავტორთა პროგნოზით, 2007 წელს მილსადენების ძირითადი მშენებლობა დამთავრდება, რაც გამოიწვევს უცხოური ინვესტიციების შემცირებას და ნეგატიურ გავლენას მოახდენს საინვესტიციო დინამიკაზე.

ახალი გრანტები და მილსადენები - ესაა "შესაძლებლობათა ფანჯარა" ორი-სამი წლით. შემდგომში დამატებითი ინვესტიციების მოძიება საჭირო იქნება ჩვეულებრივ მრეწველობაში და საერთო პირობებში. მაღალი რისკები რეგიონში, ინვესტიციების შემოსვლის შესაძლებლობების სიმცირე ზღუდავს სამომავლო ზრდას.

ამგვარ სკეპტიკურ დასკვნებს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით არ იზიარებენ საქართველოს ხელისუფლებაში. თავის პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო 2007 წელს ღარიბი ქვეყნის კატეგორიიდან საშუალო შემოსავლიანი სახელმწიფოს კატეგორიაში გადაინაცვლებს. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რის გამოც საერთაშორისო ინსტიტუტებმა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნად დაასახელეს. ევრაზიაში კი იგი კორუფციასთან მებრძოლი #1 ქვეყანაა. რუსეთის ემბარგოს მიუხედავად, 2006 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10%-ს, ხოლო 2007 წლის პირველ კვარტალში კი 12-13%-ის ფარგლებში იყო.

"ბიზნეს-კლიმატის თვალსაზრისით 2006 წელს საქართველომ 135-ე ადგილიდან 35-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ვიმედოვნებთ, რომ წელს ამ რეიტინგს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. წელსვე საქართველოში 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ველოდებით, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებაა", - განაცხადა სააკაშვილმა.

აზერბაიჯანი - განვითარება ნავთობის ხარჯზე

აზერბაიჯანი დსთ-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც გაიარა ძნელი გზა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და მიგრანტებისაგან მიღებული შემოსავლებიდან ახალ ეკონომიკურ სიტუაციამდე, რომელიც ნავთობს ეყრდნობა. ამასთან არ შეიძლება ეს მივიჩნიოთ განვითარების მოდელის მთლიან შეცვლად - მრავალი აზერბაიჯანელი საზღვარგარეთაა დასაქმებული და ეს ამცირებს უმუშევრობას ქვეყნის შიგნით, ხოლო ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზარდი მოსახლეობის ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად.

აზერბაიჯანი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისაგან რამდენიმე საკვანძო ფაქტორით არის გამორჩეული. ქვეყანამ განიცადა შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამან ტრანზიციულ კრიზისთან ერთად გამოიწვია მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრი შემცირება - დაახლოებით 60%-ით, როგორც საქართველოსა და მოლდოვაში. მაგრამ ქვეყანას პრაქტიკულად არ ჰქონდა სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან, საზღვარი მთელი პოსტსაბჭოთა წლების მანძილზე ღია იყო საქონლის, სამუშაო ძალის და ფინანსური რესურსების მოძრაობისათვის. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან მარაგს ფლობს. ამასთან აღნიშნულ ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასები სწრაფად იზრდება. ბაქომ ისარგებლა ორივე ამ ხელსაყრელი ფაქტორით ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპების მისაღწევად. არსებითად, ქვეყნის დღევანდელი კეთილდღეობა ემყარება ენერგო-მატარებლების ექსპორტს და მას უკავშირდება შემდგომი განვითარების იმედებიც.

აზერბაიჯანის და ყაზახეთის ეკონომიკური განვითარების გზები ერთმანეთს ჰგავს. ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები გააჩნიათ და ამასთან არა აქვთ დაგროვილი საკმარისი შინაგანი საინვესტიციო რესურსები. ორივე ქვეყანამ გათვლა გააკეთა რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებსა და უცხოური ინვესტიციების ფართო მოზიდვაზე.

ყაზახეთის მსგავსად, სანავთობო შემოსავლებს აზერბაიჯანი გაჰყავთ განვითარების ახალ შესაძლებლობებზე. ამგვარ განვითარებას ბიძგი მისცა უცხოურმა ინვესტიციებმა სანავთობო სექტორში. ახლა მნიშვნელოვანი შემოსავლების გამოყენება საშინაო პოლიტიკის სერიოზული პრობლემა იქნება. ქვეყნის განვითარების რეალურ პრობლემებად რჩება სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა, ეკონომიკის არასანავთობო დარგების არასაკმარისი განვითარება.

ახალ "სანავთობო" მოდელზე გადასვლისას ენერგეტიკული სექტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს გარდაქმნის პროცესში. მან უკვე შესაძლებელი გახადა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა და გადაჭრა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პრობლემა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. დღეისათვის ნავთობისა და გაზის კომპლექსის უმთავრესი ამოცანა ხდება უზრუნველყოს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარება, ხოლო დამატებითი შემოსავლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის გაყვანა მდგრადი განვითარების გზაზე გრძელვადიან პერიოდში.

სომხეთი - განვითარება კომუნიკაციური პრობლემების პირობებში

აზერბაიჯანის სანავთობო ბუმისაგან საქართველომ გარკვეული სარგებელი ნახა ნავთობისა და გაზის ტრანზიტისათვის განხორციელებელი ინვესტიციების შედეგად. რაც შეეხება ჩვენს მეორე რეგიონულ მეზობელს - სომხეთს, მისთვის მართალია გამორიცხულია ეკონომიკის სტიმულირება ენერგომატარებლების ხარჯზე, მაგრამ აქამდე მისი ეკონომიკის განვითარებისათვის დაახლოებით იგივე როლს ასრულებდა უცხოეთიდან შრომით მიგრანტთა თუ დიასპორის წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ფინანსური ინექციები.

სომხეთს შეუძლია დაეყრდნოს რუსეთის - თავის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერასაც. სომხეთის ეკონომიკისათვის მთავარი პრობლემა მაინც კომუნიკაციების შეზღუდულობაა, რასაც აზერბაიჯანთან კონფლიქტი და თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვა განაპირობებს.

აზერბაიჯანი კატეგორიული წინააღმდეგია სომხეთის რაიმე რეგიონულ პროექტებში მონაწილეობისა. "ჩვენ არასოდეს დავუშვებთ სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში. სომხეთი უკვე დგას ეკონომიკური და სატრანსპორტო ჩიხის წინაშე. ქვეყნის დამპყრობლურმა და აგრესიულმა პოლიტიკამ მეზობელი ქვეყნების მიმართ მის იზოლაციას შეუწყო ხელი", - განაცხადა აპრილში ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

დასავლეთი დიდი ხანია მოუწოდებს თურქეთს გახსნას საზღვარი სომხეთთან.  გამოკვლევათა თანახმად, ჩაკეტილი საზღვრის პირობებში, 2005 წელს სომხეთსა და თურქეთს შორის საქონელბრუნვამ 37 მილიონ დოლარს მიაღწია. აქედან 34 მილიონ დოლარს შეადგენს იმპორტი თურქეთიდან, ხოლო ექსპორტმა სომხეთიდან თურქეთში 3 მილიონი დოლარი შეადგინა. საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის სხვა ქვეყნების გავლით, კერძოდ კი საქართველოს გავლით ხორციელდება. ექსპერტი კარინე ტოროსიანი აღნიშნავს, რომ საზღვრის გახსნის შემთხვევაში თურქეთიდან იმპორტი სომხეთში 50%-ით გაიზრდება, ხოლო ექსპორტი 88%-ით. ზრდას ხელს შეუწყობს სატრანსპორტო გადაზიდვების მანძილის შემცირებაც. გადაზიდვის მანძილის 10%-ით შემცირება ხელს უწყობს საქონელბრუნვის 15%-ით ზრდას. საზღვრის გახსნა სომხეთს შესაძლებლობას მისცემს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, ასევე შეამციროს სატრანსპორტო ხარჯები იმპორტისათვის.

თუმცა, ერევანში გაკეთებული გათვლები ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს. თურქეთი და, მითუმეტეს, აზერბაიჯანი საზღვრის გახსნას არ აპირებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერდნენ საკმაოდ ძვირადღირებული ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას.

ასეთ პირობებში სომხეთისათვის მნიშვნელოვანი ხდება კომუნიკაციის გაადვილება რუსეთთან, რაც კიდევ უფრო გაძნელდა მოსკოვის პოლიტიკის გამო, რომელმაც საქართველოსთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი შეწყვიტა. მოსკოვი საბოლოოდ მაინც იძულებული იქნება საქართველოსთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირის აღდგენას სომხეთის გამო. საქართველოს "სატრანსპორტო ბლოკადის" გაგრძელების პირობებში მოსკოვი მზადაა აამოქმედოს კავკაზი-ფოთის საბორნე გადასასვლელი, რომლითაც სწორედ სომხეთისათვის განკუთვნილი ტვირთების გადაზიდვა განხორციელდება.

საბორნე გადასასვლელში "კავკაზი-ფოთი-კავკაზი" ამოქმედდება ორი ბორანი, რომლებიც რეისებს განახორციელებენ კვირაში ორჯერ. ბორანზე ეტევა 50 ვაგონი, მაგრამ მასზე ასევე შეიძლება დაიტვირთოს 340 კონტეინერი ან 86 ავტომობილი. 150 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის ბორნის დატვირთვას სულ 1 საათი სჭირდება, მაშინ როდესაც სხვა სახის ბორნების დასატვირთად 8-დან 12 საათამდეა საჭირო. 2007 წელს აღნიშნული მარშრუტით იგეგმება 120 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა რუსეთიდან სომხეთში და 12 ათასი ტონა ტვირთის გადატანა სომხეთიდან რუსეთში.

დღეისათვის რუსეთიდან სომხეთში ტვირთები უკრაინის პორტ ილიჩევსკის გავლით ხორციელდება. "კავკაზ-ფოთის" საბორნე რეისის ამოქმედების შემდეგ ტვირთის გადაზიდვას რუსეთის ფედერაციაში 19 საათით ნაკლები დასჭირდება. "ფოთი-კავკაზის" სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვის განხორციელების ხელშეკრულება 2005 წელს გაფორმდა. საბორნე გადაზიდვებით სარგებლობა, საქართველოსა და რუსეთის გარდა, აზერბაიჯანს, სომხეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ.

დავით მალხაზიშვილი