ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ქართული სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტები
#4(88), 2007
ეროვნული ბანკი სამახსოვრო მონეტების მოჭრის გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობს

მონეტა - ლითონის ფულია, რომელიც დამზადებულია ოქროსაგან, ვერცხლისაგან, სპილენძისაგან ან სხვა შენადნობისაგან. მონეტებს, ძირითადად,  საგადამხდელო საშუალებად გამოყენების მიზნით ჭრიან, თუმცა ზოგიერთი მონეტა სხვა მიზნითაც შეიძლება გამოუშვან. ასეთებია ნუმიზმატიკური ფასეულობების მქონე საკოლექციო დანიშნულების სპეციალური მონეტები და საინვესტიციო მონეტები.

საქართველოში სამონეტო საქმე დასაბამს ძვ.წ. VI-V საუკუნეებიდან იღებს და არსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ჩვენს ქვეყანაში მოჭრილი მონეტები მაღალმხატვრული დონით გამოირჩეოდა, მაგრამ ჯერ რუსეთის იმპერიის და მერე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის გამო, 1834 წლიდან ქართულ მონეტებს აღარ ჭრიდნენ. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს ეროვნული ბანკის შექმნა და ეროვნული ვალუტის შემოღება მოჰყვა. მონეტების მოჭრა 1993 წლიდან დაიწყო, ხოლო საკოლექციო დანიშნულების მონეტებიდან პირველი იყო 500 ლარის ნომინალის ოქროს მემორიალური მონეტა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 1995 წელს გამოუშვა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავის აღსანიშნავად. ამის შემდეგ სამახსოვრო მონეტები მოიჭრა 2000 და 2006 წელს. 2006 წელს მოიჭრა აგრეთვე პირველი ქართული საინვესტიციო მონეტა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსის - გოჩა გორდეზიანის განმარტებით, საერთოდ, ცენტრალური ბანკის მიერ საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების მიზანია ქვეყნის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, ეს საქმიანობა კულტურულთან ერთად კომერციულ ხასიათსაც ატარებს და ამიტომ ყოველი საკოლექციო დანიშნულების მონეტის მოჭრისას ცენტრალურმა ბანკმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნა. მონეტის დიზაინი და თემა ზუსტად უნდა ასახავდეს ერთი მხრივ ქვეყნისა და მეორე მხრივ კოლექციონერების ინტერესებს; მაქსიმალურად მიმზიდველი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც სასაჩუქროდ, ისე საინვესტიციოდ; ამასთან, უნდა შეირჩეს ამ მონეტის მოჭრის ზომიერი ლიმიტი. თითქმის ყველა ქვეყნის ცენტრალურ ბანკში არსებობს მონეტების თემატიკის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც ასახავს ქვეყნისა და მსოფლიოსთვის საინტერესო თემებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სამახსოვრო მონეტების მოჭრას წინ უძღოდა მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკებისა და ზარაფხანების პოლიტიკისა და ემისიის პროგრამების გაცნობა. ამასთან დაკავშირებით გოჩა გორდეზიანი რამდენიმე ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. კერძოდ:

ავსტრია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მიმოქცევისათვის უშვებს 20 ცენტის სამახსოვრო მონეტას. საკოლექციო მონეტების მოჭრით დაკავებულია ბანკის დაქვემდებარებაში არსებული ზარაფხანა, რომელსაც თავის მხრივ აქვს ორი მსხვილი ნუმიზმატიკური კომპანია. ზარაფხანა ყოველწლიურად მრავალფეროვან პროდუქციას უშვებს. როგორც წესი, მონეტები ძვირფასი მეტალისგან იჭრება და მოიცავს თემების ფართო სპექტრს (კულტურას, ისტორიას, სპორტს და ა.შ). ვთქვათ, კულტურის პროგრამით მონეტები იჭრება მხატვრობის, ხუროთმოძღვრების, მუსიკისა და ლიტერატურის სფეროში ავსტრიის მიღწევებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების გამოსახულებით.

პოლონეთის ცენტრალური ბანკი ყოველწლიურად მიმოქცევაში უშვებს ოქროს, ვერცხლისა და ნორდიკული ოქროს შენადნობის (უბრალო ლითონის) მონეტებს კოლექციონერებისთვის შემდეგ თემებზე: პოლონეთის მეფეები, პოლონელი მოგზაურები და მკვლევარები, სასახლეები და ციხე-სიმაგრეები, მსოფლიოს ცხოველები, პოლონეთის კულტურული ძეგლები და სხვა შემთხვევებისადმი მიძღვნილი მონეტები.

ლატვიის ბანკი 1993 წლიდან აქტიურად არის ჩართული როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული პროგრამებით საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების საქმეში და დღემდე 50-ზე მეტი მონეტა აქვს გამოშვებული.

უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული საიუბილეო მონეტები ეძღვნება: უკრაინის თვითმფრინავებს, არქიტექტურულ მონუმენტებს, ცნობილ ოჯახებს, ფლორას და ფაუნას, ფოლკლორულ ინსტრუმენტებს, კაზაკთა პერიოდის გმირებს, უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებს, უკრაინის ცნობილ პიროვნებებს, უკრაინის პრინცებს, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაბრუნებას, რიტუალურ დღესასწაულებს, უკრაინის სულიერ ფასეულობებს, სპორტს, ქრისტეშობის 2000 წელს და ა.შ.

სომხეთის ცენტრალური ბანკი საიუბილეო და სამახსოვრო მონეტების მოჭრისას ძირითადად ხელმძღვანელობს სომხეთის ღირსშესანიშნავი თარიღებითა და მსოფლიო ნუმიზმატიკურ ბაზარზე არსებული დაინტერესებით. მონეტები, ძირითადად, ოქროსი და ვერცხლისაა და ეძღვნება სპორტის, მეფეების, გამოჩენილი პიროვნებების, ევროსაბჭოსა და სომხეთის შეიარაღებული ძალების თემებს. ამასთან, მონეტებს უშვებს ისეთ საერთაშორისო თემებზეც, როგორიცაა გადაშენების წინაშე მდგარი ფლორა და ფაუნა. მაგალითად, ინგლისის სამეფო ზარაფხანასთან ერთად მოჭრილი საიუბილეო მონეტა "სომხური თოლია" საკმაოდ პოპულარულია და დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 1994 წლიდან დღემდე გამოშვებული აქვს 60-ზე მეტი საკოლექციო დანიშულების მონეტა.

დანიის ცენტრალური ბანკი მიმოქცევაში უშვებს საიუბილეო მონეტებს, რომლებიც მთლიანად ეძღვნება სამეფო ოჯახში მიმდინარე ღირსშესანიშნავ თარიღებს. ბანკი უშვებს აგრეთვე თემატურ მონეტებს. მაგალითად, დანიის კოშკების გამოსახულებით და ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების მოტივების გამოყენებით.

ჩეხეთის ბანკი ვრცელი ეროვნული პროგრამებით უშვებს საიუბილეო მონეტებს ძვირფასი ლითონებისაგან.

რუსეთის ცენტრალური ბანკი უშვებს ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებულ სამახსოვრო მონეტებს ისტორიულ, გეოგრაფიულ და სპორტულ თემებზე. ბანკს აქვს აგრეთვე შემდეგი გრძელვადიანი პროგრამები: რუსეთის წითელი წიგნი, რუსეთის არქიტექტურული ძეგლები, რუსეთის ცნობილი პიროვნებები, რუსეთის დამსახურებული გენერლები და მარშლები, შევი-ნარჩუნოთ ჩვენი ბუნება, ზოდიაქოს ნიშნები და სხვა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს სამახსოვრო მონეტების მოჭრის გრძელვადიან პროგრამაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი აზრი.

რა სამახსოვრო მონეტებია გამოშვებული

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ უკვე გამოშვებულ სამახსოვრო მონეტებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი იყო 500 ლარის ნომინალის ოქროს მემორიალური მონეტა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 1995 წელს გამოუშვა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავის აღსანიშნავად. 31 მმ დიამეტრის მქონე 17-გრამიანი მონეტები დამზადებულია 920 (22K) სინჯის ოქროსგან და მოჭრილია საფრანგეთის ზარაფხანაში მხატვარ ნოდარ მალაზონიას დიზაინის მიხედვით. მონეტები ნუმიზმატიკური დანიშნულებისაა. სულ გამოშვებულია 2000 ცალი მონეტა და თითოეულ მათგანს წიბოზე აწერია საკუთარი ნომერი 0001/2000-დან 2000/2000-მდე. მონეტის რევერსზე მოცემულია ანტიფაშისტური კოალიციის სახელმწიფოთა მეთაურების (სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის, დე გოლის) ბარელიეფური გამოსახულებები.

2000 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტები გამოუშვა ორი საიუბილეო თარიღის – ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის აღსანიშნავად. თითოეული საიუბილეო თარიღისთვის მოიჭრა 10 ლარის ღირებულების სამი სახის მონეტა: ვერცხლი; სპილენძ-ნიკელი - ვერცხლისფერი; ბიმეტალური – შიდა რკალი ვერცხლისფერი, გარე ოქროსფერი.

ქრისტეშობის 2000 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დამზადებული სამივე სახის მონეტის დიზაინი იდენტურია და ერთმანეთისაგან მხოლოდ ზომითა და წონით განსხვავდება. მონეტის ავერსის შუაგულში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მასზე დატანილი ჯვრებითა და ქრისტეს კვართით, კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "ქრისტეშობიდან 2000 წელი".

საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღის აღსანიშნავად დამზადებული სამივე სახის მონეტის დიზაინიც იდენტურია და ავერსის შუაგულში გამოსახულია სვეტიცხოვლის ტაძრის არწივისა და ლომის ცნობილი ბარელიეფები (როგორც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოები); მოცემულ კომპოზიციას კრავს ფოთლოვანი ორნამენტი და 7 ვარსკვლავი; კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი". ამ სახის მონეტები ზომა-წონით წინა სამი სახის მონეტის იდენტურია. მონეტები დამზადდა ინგლისის სამეფო ზარაფხანაში მხატვრების: ემირ ბურჯანაძისა და თინათინ თევზაძის ერთობლივი დიზაინის მიხედვით. ექვსივე სახის მონეტა ნუმიზმატიკური დანიშნულებისაა და არ წარმოადგენს საქართველოში საგადამხდელო საშუალებას.

მონეტების გამოშვების თვალსაზრისით 2006 წელი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. 2006 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავი 1 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფიფას ერთობლივი პროექტია, რომლის ავერსის დიზაინის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკის დიზაინერი ვიქტორია ქუთათელაძე, ხოლო რევერსის დიზაინის - რობერტ კოტოვიჩი. ავერსის ცენტრში საქართველოს ტერიტორიის რუკის კონტურისა და მასზე გაშლილი ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულებებია დატანილი; ზედა ცენტრალურ ნაწილში ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 1 და ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წარწერა "ლარი", ხოლო ქვედა ნაწილში გამოშვების წელი და ასევე ორენოვანი წარწერა "საქართველო" არის დატანილი. მონეტის რევერსის დიზაინი ფიფამ შეიმუშავა; ცენტრში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თასის გამოსახულებაა, რომლის ორივე მხარეს ფეხბურთელების ფიგურებია; მონეტის ზედა მხარეს ინგლისურენოვანი წარწერაა "2006 FIFA WORLD CUP GERMANY", რომელიც აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წელსა და ქვეყანას. მონეტის წიბოზე ამოტვიფრულია ორენოვანი წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი". მონეტა საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით პოლონეთის ზარაფხანაში 2004 წელს მოჭრეს. ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადების განყოფილების უფროსის დევი გოგეშვილის ინფორმაციით, მონეტა 5000-იანი ლიმიტით არის გამოშვებული და ხარჯები მთლიანად ფიფამ გაიღო. საქართველოს ეროვნულ ბანკს ხარჯი არ გაუწევია. მას 200 ცალი მონეტა ფიფამ აჩუქა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამოს" გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად 2006 წლის 13 მაისს გამოუშვა 2 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ნეიზელბერის (უბრალო ლითონი) საიუბილეო მონეტები. 6 000 ვერცხლის მონეტა არის მოჭრილი, ნეიზელბერისა კი – 10 000 ცალი. ზომა-წონის მიხედვით ვერცხლის მონეტა მეტია ნეიზელბერისაზე, თუმცა დიზაინები იდენტურია. დიზაინის ავტორია ეროვნული ბანკის დიზაინერი ვიქტორია ქუთათელაძე. მონეტის ავერსზე ცენტრში თასების თასის გრაფიკული გამოსახულებაა, მის ზემოთ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წარწერაა "საქართველო". ქვემოთ მარცხენა მხარეს, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 2 და ორენოვანი წარწერა "ლარი" არის დატანილი, მარჯვნივ კი – გამარჯვების თარიღი "1981 წელი", ამასთან ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "2" და გამარჯვების თარიღის პირველი ციფრი "1" შედარებით დიდი ზომისაა და მატჩის ანგარიშს – ორით ერთს (2:1) აღნიშნავს. რევერსზე მარჯვნივ და მარცხნივ ორი ფეხბურთელის ფიგურაა მოძრაობაში; მათ შორის ბურთის გამოსახულებაა, ქვემოთ კი საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი რიცხვი "25" და ორენოვანი წარწერა "წელი". ზედა ნაწილს ფარავს ასევე ორენოვანი წარწერა: "დინამო თბილისი ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი".

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2006 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით 3 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ნეიზელბერის სამახსოვრო მონეტები გამოუშვა: ვერცხლის - 5000 ცალი და ნეიზელბერის - 3000 ცალი. დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. მონეტები ეროვნული ბანკის დაკვეთით პოლონეთის ზარაფხანაში მოჭრეს. მონეტის ავერსზე გამოსახულია რეგიონის გეოგრაფიული რუკა, სამი ქალაქი (ბაქო, თბილისი, ჯეიჰანი) და ნავთობსადენის მარშრუტი; ზედა ნაწილში ორენოვანი წარწერაა "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი" ხოლო ქვემოთ – "3 ლარი". დევი გოგეშვილის განმარტებით, აქ ციფრი "3" სიმბოლურია და სამ ქვეყანას გამოხატავს.

პირველი ქართული ოქროს საინვესტიციო მონეტა

გოჩა გორდეზიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკოლექციო დანიშნულების მონეტებისაგან განსხვავებით, რომელთა ღირებულების დადგენა ხდება მათი გამოშვების ტირაჟის სიმცირის, იშვიათობის, სილამაზისა და მოჭრის ტექნოლოგიის მიხედვით, ზოგიერთი სახელწიფო ახორციელებს ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული საინვესტიციო მონეტების ემისიის პროგრამას. ასეთი ტიპის მონეტები ქონების დაგროვების საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული და მათი ტირაჟი ყოველწლიურად მილიონობით განისაზღვრება.

საინვესტიციო მონეტებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს ავსტრიის, ამერიკის, კანადის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკისა და ბრიტანეთის საინვესტიციო მონეტები. საინვესტიციო მონეტებს უშვებენ სტანდარტული წონებით 1 უნცია (31,103 გრ), 1/2 უნცია (15,55 გრ), 1/4 უნცია (7,78 გრ) და 1/10 უნცია (3,11 გრ).

გორდეზიანის ინფორმაციით ავსტრიის ზარაფხანამ 1989 წელს პირველად გამოუშვა ოქროს საინვესტიციო მონეტა "ვენის ფილარმონია", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მონეტად ითვლება. ავსტრია წელიწადში 208 200 უნცია (6,48 ტონა) ოქროს მონეტას ყიდის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პოლონეთის ცენტრალური ბანკი 1976 წლიდან უშვებს 1, 1/2, 1/4, და 1/10 უნცია საინვესტიციო მონეტებს არწივის გამოსახულებით.

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა 1996 წელს სცადა საინვესტიციო მონეტების გამოშვება, მაგრამ არასაკმარისი ოქროს მარაგის გამო მათი გამოშვება ამჟამად შეჩერებულია.

რუსეთის ცენტრალური ბანკი 1996 წლიდან წარმატებით ვაჭრობს 10 რუბლის "ოქროს ჩერვონეცი" და ვერცხლის 3 რუბლის "სიასამური" საინვესტიციო მონეტებით.

მსოფლიო ბაზარზე 1967 წელს გამოვიდა და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ოქროს საინვესტიციო მონეტად ითვლება სამხრეთაფრიკული "კრუგერანტი", რომელიც გამოდის  1, 1/2, 1/4, და 1/10 უნცია მონეტების სახით.

ავსტრალიური ოქროს საინვესტიციო მონეტა მსოფლიო ბაზარზე გამოდის 1986 წლიდან. მისი რევერსი რეგულარულად იცვლება ავსტრალიაში მობინადრე სხვადასხვა ჯიშის კენგურუს მსგავსი გამოსახულებით. 1991-1992 წლებში ავსტრალიამ გამოუშვა 2, 1 უნციისა და 1 კგ-იანი მონეტები.

გაყიდვის თვალსაზრისით ოქროს სხვა საინვესტიციო მონეტებს დღეს ყველაზე დიდ კონკურენციას უწევს ამერიკული "არწივი", რომელსაც 1986 წლიდან უშვებენ და გამოირჩევა შემდეგი თავისებურებით: წონით 1 უნცია მონეტებზე გამოსახულია ერთი არწივი, ხოლო უფრო ნაკლები წონის მონეტებზე – ორი არწივი.

საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით 2006 წელს ავსტრიის ზარაფხანაში პირველი ქართული ოქროს საინვესტიციო მონეტა "ოქროს საწმისი" მოჭრეს. 999,9 სინჯის ოქროსაგან დამზადებული 6 სხვადასხვა ნომინალის მონეტების დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. ყველაზე დიდია 1000 ლარის ნომინალის მონეტა, რომლის დიამეტრია 60 მმ და წონა – 311 გრ (10 უნცია); 300 ლარის ნომინალის მონეტის დიამეტრია 50 მმ და წონა – 155,5 გრ (5 უნცია); 100 ლარის ნომინალის დიამეტრია 37 მმ და წონა – 31,1 გრ (1/2 უნცია). 25 ლარის ნომინალის მონეტის დიამეტრია 22 მმ და წონა - 7,7 გრ (1/4 უნცია); ყველაზე პატარაა 10 ლარის ნომინალის მონეტა, რომლის დიამეტრია 16 მმ და წონა - 3,1 გრ (1/10 უნცია).

დევი გოგეშვილის ინფორმაციით მონეტები გასული წლის სექტემბრიდან არის გაყიდვაში და მათზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს 2006 წლის ბოლომდე რამდენჯერმე მოუწია მონეტების მოჭრის შესახებ ხელშეკრულების ხელახლა გაფორმება ავსტრიის ზარაფხანასთან. თუმცა, გოგეშვილმა თავი შეიკავა იმის თქმისაგან, თუ საერთო ჯამში რამდენს შეადგენს რეალიზებული მონეტების წონა და ღირებულება. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკი ამ მონეტებს კომერციული თვალსაზრისით არ უშვებს. მათი ფასი წარმოების ხარჯებს ფარავს და განისაზღვრება ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით. ამ მონეტების შემოტანით ეროვნული ბანკი შესაძლებლობას აძლევს მათ, ვისაც სურს ინვესტიციები ოქროში დააბანდოს. თანაც ეს არის უნიკალური საშუალება იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი მუდმივად მატულობს. ბოლო ერთ თვეში ოქროს ღირებულება იმდენად გაიზარდა, რომ წლიურზე თუ გადავიყვანთ, მყიდველის მოგება თითქმის 99% გამოვა. ამხელა სარგებელს კი დეპოზიტზე არც ერთი ბანკი არ გასცემს.

ამდენად, არსებობს საფუძველი იმედისა, რომ მონეტებზე მოთხოვნა კვლავაც მაღალი იქნება და ეროვნული ბანკი გააგრძელებს მათ გამოშვებას. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საინვესტიციო პროგრამის არსებობას. ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს ნამდვილად აქვს სამუშაო. როგორც წესი, სხვა ქვეყნებში საინვესტიციო მონეტა დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებულია, რაც კიდევ უფრო ზრდის მასზე მოთხოვნას, ჩვენთან კი საინვესტიციო მონეტები დღგ-ით იბეგრება. დევი გოგეშვილი ირწმუნება, რომ ქართული საინვესტიციო მონეტის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება ჩვენს კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემდა იგივე მონეტა თავისი კლიენტებისთვის მოგების მინიმალური მარჟით შეეთავაზებინათ და იქიდან გამომდინარე, რომ მათ უფრო ფართო ქსელი აქვთ, მონეტების რეალიზაციაც ბევრად გაიზრდებოდა.

ქართული საინვესტიციო მონეტის შემადგენლობა უმაღლესი ხარისხის ოქროა. სად ნახულობს ეროვნული ბანკი ამ ძვირფას ლითონს საჭირო რაოდენობით? მონეტების პირველი პარტიის მოსაჭრელად ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ოქროს ის რამდენიმე ზოდი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩა. ამის შემდეგ კი ოქროს ლონდონის ბირჟაზე ყიდულობს. ასე რომ, ამ მონეტების გამოშვება არ არის იმაზე დამოკიდებული, საქართველოში ოქროს მოპოვება გაიზრდება თუ შემცირდება. ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში შემოვიდეს სიმდიდრე და ამას ხელს უწყობს. როგორც გოგეშვილი იხსენებს, საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ოქროს მონეტა, რომლის რევერსზე რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის - ნიკოლოზ მეორის პორტრეტი იყო დატანილი. ეს მონეტა ძალიან კარგი საჩუქარი იყო და მას მზითევშიც ატანდნენ. ახლა, როცა არგონავტების და ოქროს საწმისის შესანიშნავი თემატიკა ოქროში გვაქვს გაცოცხლებული, ბუნებრივია, ამ მონეტას საქართველოს მოქალაქე უფრო მეტი ხალისით იყიდის როგორც ვინმესთვის საჩუქრად, ასევე ქონების სახით შესანახად. იმიტომაც არის მონეტების სხვადასხვა ნომინალები წონის მიხედვით, რათა მათი ყიდვა ბევრმა შეძლოს.

ვიმეორებთ, საინვესტიციო მონეტა იმდენი შეიძლება მოიჭრას, რამდენსაც ბაზარი მოითხოვს. სამახსოვრო მონეტის გამოშვება კი გარკვეული ლიმიტით არის შეზღუდული და ნუმიზმატმა იცის, რომ ამ ლიმიტზე ზემოთ მონეტას არ მოჭრიან. სწორედ ამაშია სამახსოვრო მონეტების ეშხი, რომ მისი რაოდენობა მკაცრად არის შეზღუდული. გოგეშვილის განმარტებით, საზოგადოდ, ცდილობენ, რომ საინვესტიციო მონეტაზე არ გასწიონ დიდი ხარჯები, რადგან ის მიახლოვებული უნდა იყოს ოქროს ფასთან. რაკი ნუმიზმატებს ლიმიტით მოჭრილი მონეტები აინტერესებთ, შეიძლება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იგივე ავსტრიის ზარაფხანას შეუკვეთოს საინვესტიციო მონეტის გარკვეული რაოდენობის მოჭრა "პრუფ" ხარისხით (ანუ საინვესტიციო მონეტას სარკისებურად მოაპრიალებენ და მასზე დადგინდება ლიმიტი), რის შედეგადაც ის სამახსოვრო მონეტის დატვირთვას შეიძენს და უფრო ძვირიც ეღირება.

საერთოდ კი ეროვნულ ბანკში იმედოვნებენ, რომ "ოქროს საწმისის" მონეტით საქართველოს, როგორც ოქროს უძველესი მომპოვებელი ქვეყნის იმიჯს განამტკიცებენ. უძველესი ეპითეტი "ოქრომრავალი კოლხეთი" მიანიშნებს, რომ ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ოქროს და ამ ფაქტსაც პოპულარიზაცია გაეწევა. როგორც მითები "ოქროს საწმისსა" და "არგონავტებზე" შესულია მსოფლიო მითოლოგიის საგანძურში, ასევე ქართული მონეტა "ოქროს საწმისის" გამოსახულებით იქცევა მსოფლიო საინვესტიციო, ნუმიზმატური მონეტების კოლექციის კუთვნილებად.
       
სად შეიძლება ქართული მონეტების შეძენა

ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საინვესტიციო თუ სამახსოვრო მონეტების შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, როგორც რეზიდენტს, ისე არარეზიდენტს. ეროვნული ბანკი მონეტებს ყიდის საკუთარი ფულის მუზეუმის და ფილიალების მეშვეობით. მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკს აქვს ცენტრალური ფილიალი თბილისში და ხუთიც რეგიონალური ფილიალი (ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, გორსა და გურჯაანში).
 
ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის შესასვლელ დარბაზში სარეალიზაციო მონეტებია გამოფენილი და ნებისმიერ პირს შეუძლია სურვილისამებრ შეარჩიოს, რომელს შეიძენს. მუზეუმის ხელმძღვანელის მაგული თოდუას განმარტებით, აქ მყიდველს არანაირი დოკუმენტის წარმოდგენა არ სჭირდება და თუ თავად არ მოითხოვს, ქვითარსაც არ აძლევენ; გაყიდვაშია ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული თითქმის ყველა მონეტა და თუ ფიზიკურად არსებობს, რამდენიც უნდა, იმდენის შეძენა შეუძლია, მათ შორის, საინვესტიციო მონეტებისა. სხვათა შორის, მუზეუმმა 500-ლარიანი ოქროს მემორიალური მონეტა გააძვირა და ახლა 1300 ლარად ყიდის, ვინაიდან მასზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და ცოტაღაა დარჩენილი.

მყიდველთა შორის უცხოელებიც არიან, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები ჭარბობენ. მაგალითად თბილისის "დინამოს" გამარჯვების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მონეტას ძირითადად ახალგაზრდები ყიდულობენ. ვერცხლის მონეტასთან ერთად არის უბრალო ლითონის მონეტაც, რომელიც 5 ლარი ღირს და უფრო ხშირად ყიდულობენ. უცხოელებმა დიდი რაოდენობით წაიღეს "დინამოს" მონეტები და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი მონეტებიც.

თავიდან, როდესაც საინვესტიციო მონეტები მუზეუმში გასაყიდად შეიტანეს, დიდი რიგები დადგა და ძალიან ბევრი მონეტაც გაიყიდა. პატარა და საშუალო ზომის მონეტებზე ისეთი მოთხოვნა იყო, რომ ხელახლა მოჭრეს და დღესაც ყიდიან.

დალი ჩიკვაიძე