ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ვის ეკუთვნის საოჯახო დახმარება
#4(88), 2007
2007 წლის 30 იანვარს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია: ზოგს ეგონა, ამ წესით ახალი სახის დახმარების დანიშვნა მოხდებოდა, სხვები ფიქრობდნენ, საოჯახო დახმარების დანიშვნა დაკავშირებული იყო საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის დადგენილებით - "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" გათვალისწინებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებასთან. ამიტომ მიიჩნიეს, რომ თუ ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ არ მიენიჭებოდა შესაბამისი სარეიტინგო ქულა, მარტოხელა შრომისუუნარო პირის ოჯახი იქნებოდა, უსინათლოსი თუ 18 წლამდე ასაკის ინვალიდი ბავშვის ოჯახი, მათ წაერთმეოდათ წლების წინ დანიშნული სოციალური (იგივე-საოჯახო) დახმარების მიღების უფლება.

მოსალოდნელი გაუგებრობათა თავიდან აცილების მიზნით, უპირველესად, განვმარტავთ, რომ საოჯახო დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც ყოველთვიურად გაიცემა უმწეო მდგომარეობაში მყოფ (მათ შორის დევნილთა ოჯახების) კატეგორიებზე, შემდეგი ოდენობით:

- მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიან ოჯახებზე 22 ლარი; ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ ან მეტსულიან ოჯახებზე – 35 ლარი;

- დედ-მამით ობოლ ბავშვზე, მეურვის შრო-მისუნარიანობის მიუხედავად, ერთ ბავშვზე – 22 ლარი;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფების უსინათლოებზე, ერთ პირზე – 22 ლარი;

- 18 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 22 ლარი;

- მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარი.

საოჯახო დახმარების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ საოჯახო დახმარების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელთაც ეს დახმარება დანიშნული ჰქონდათ 2007 წლის 1 იანვრამდე და არა აქვთ შეწყვეტილი; ასევე, იმ ოჯახებს, რომელთაც ეს დახმარება დაენიშნათ 2007 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ შეჩერებული (და არა შეწყვეტილი) აქვთ სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე რომ, ზემოთაღნიშნული დახმარების ახლად დანიშვნისათვის არ არსებობს კანონიერი საფუძველი.

წესი, რომელზედაც ჩვენი სტატიის დასაწყისში გვქონდა საუბარი, შემუშავებულია "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მისი მიზანია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. უფრო კონკრეტულად, იგი ადგენს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების გაცემის, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის, გადაანგარიშების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს და არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

საოჯახო დახმარების ადმინისტრირებაზე კომპეტენტური ორგანოებია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ დანიშნული საოჯახო დახმარების შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას. საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო.

საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ: საოჯახო დახმარების მიმღებ ბენეფიციართა (ოჯახის, რომელიც იღებს დახმარებას) აღრიცხვას; საოჯახო დახმარების მიმღებ ბენეფიციართა სიების ელექტრონულ დამუშავებასა და პერსონიფიცირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას; საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარების სისტემატურ შემოწმებასა და გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით ბენეფიციართა საქმეებში შესაბამისი შესწორებების ასახვას (დახმარების შეჩერება, აღდგენა, გადაანგარიშება, შეწყვეტა).

საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან:

- სისტემატურად შეამოწმონ საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარები, საოჯახო დახმარების მიღების საფუძვლების შემოწმების მიზნით. შემოწმების შედეგად ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი (პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ) ადგენს აქტს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია განხორციელდეს საოჯახო დახმარების შეჩერება, აღდგენა, გადაანგარიშება, შეწყვიტა. უფლებამოსილმა პირმა აქტზე სასურველია ხელი მოაწერინოს ბენეფიციართან დაკავშირებულ პირს (მეზობელი, ნათესავი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი და სხვა);

- არსებული, გამოვლინებული ფაქტების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვტილება დანიშნული დახმარების შეჩერების, აღდგენის, შეწყვეტის ან გადაანგარიშების შესახებ;

- ოჯახის მიერ საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეწყვიტონ დახმარება;

- შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვონ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საოჯახო დახმარების გადაანგარიშების, შეჩერების, აღდგენის ან შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად.

საოჯახო დახმარების მიმღებ ბენეფიციართა უფლებების დასაცავად საჭიროა დახმარების მიმღები თითოეული ოჯახი კარგად ერკვეოდეს, რას ითვალისწინებს მათ სასარგებლოდ ის ნორმატიული აქტი, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.
 
თითოეულ ოჯახს, რომელიც იღებს საოჯახო დახმარებას, უფლება აქვს:

- მიიღოს დახმარება კანონით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;

- მოითხოვოს საოჯახო დახმარების ბინაზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ბინაზე მიტანის სხვა საკითხებს წყვეტს საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო);

- საოჯახო დახმარებასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარი ვალდებულია:

- აცნობოს საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს საოჯახო დახმარების მიღების საფუძვლებში მომხდარი ცვლილებების შესახებ, ამ ცვლილების დადგომიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში;

- დროულად წარმოადგინოს საოჯახო დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტები;

- შეასრულოს საოჯახო დახმარების ადმი-ნისტრირების კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

თუ საოჯახო დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, დახმარების გაცემა უნდა განხორციელდეს მისი ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია განცხადებით მიმართოს წინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს შესაბამის განყოფილებას, რომელიც შეაჩერებს საოჯახო დახმარებას და ბენეფიციარს ხელზე მისცემს პირად საქმეს ყველა დოკუმენტთან ერთად. აღნიშნულის შემდეგ საოჯახო დახმარების გაცემა გაგრძელდება შეჩერების თვიდან ბენეფიციარის ახალი საცხოვრებელ ადგილზე ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს მიერ საოჯახო დახმარების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ საოჯახო დახმარების აღდგენამდე, ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს დანიშნული საოჯახო დახმარების სისწორე.

საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ბენეფიციარის თხოვნით საოჯახო დახმარების გაცემა შეიძლება განხორციელდეს ბინაზე.

თუ დახმარების მიმღები გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა მის მემკვიდრეებზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ზოგიერთ შემთხვევაში საოჯახო დახმარებაზე ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს მიერ ხდება საოჯახო დახმარების შეჩერება. საოჯახო დახმარების შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს შემდეგი გარემოებები: მაგალითად, როდესაც ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით სხვა პირზე და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ვერ მოხერხდა ბენეფიციარის იდენტიფიცირება საცხოვრებელ ადგილას; ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, არსებული ან გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, საოჯახო დახმარების მიმღების უფლებრივი საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას ან ბენეფიციარის მხრიდან დამატებითი დოკუმენტების წარდგენას; კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რითაც ბენეფიციარს სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ბენეფიციარის მიმართ გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და იგი გაგზავნილია იძულებით მკურნალობაზე; დახმარების მიმღები (იგივე ბენეფიციარი) სამ თვეზე მეტი ვადით გასულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ბენეფიციარი მოთავსებულია ინსტიტუციურ დაწესებულებაში (წინასწარი დაკავების იზოლატორი, მოხუცებულთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლი და სხვა) და იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.

აღსანიშნავია, რომ საოჯახო დახმარების შეჩერების ზემოაღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, ბენეფიციარს დახმარების შეჩერების პერიოდში მიუღებელი დახმარება აუნზაღაურდება სრულად ან გადაანგარიშებული ოდენობით თუ შეჩერების პერიოდში ოჯახში მომხდარი ცვლილება (მაგ. შემცირდა ოჯახში დახმარების მიმღებთა რიცხვი), გამორიცხავს საოჯახო დახმარების დანიშნული ოდენობით გაცემას.

საოჯახო დახმარების შეჩერების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ 6 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ საოჯახო დახმარებაზე ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო დახმარების აღდგენის ან შეწყვეტის შესახებ.

თუ დახმარების მიმღებ ოჯახში მომხდარი ცვლილებები არ წარმოადგენს საოჯახო დახმარების შეწყვეტის საფუძველს, მაგრამ გამორიცხავს საოჯახო დახმარების არსებული ოდენობით გაცემას, ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს დანიშნული საოჯახო დახმარების ოდენობის შესაბამისი გადაანგარიშება, რაც გულისხმობს საოჯახო დახმარების დანიშნული ოდენობის შემცირებას, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების დანიშვნა გათვალისწინებული აღარ არის.

საოჯახო დახმარება გაანგარიშებული ოდენობით გაიცემა გადაანგარიშების საფუძვლების დადგენისა და გადაწყვეტილების მიღების თვიდან, ხოლო თუ დახმარება უკვე გაცემულია – მომდევნო თვიდან.

საოჯახო დახმარების გადაანგარიშების გადაწყვეტილება უნდა ინახებოდეს ბენეფიციარის პირად საქმეში.

საოჯახო დახმარების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

- საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარის განცხადება;

- საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარის გარდაცვალება;

- თუ საოჯახო დახმარების მიმღებ პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაენიშნა 55 ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია;

- საოჯახო დახმარების მიმღები ბენეფიციარის მიერ მოქმედი კანონმდებლობით რეგლამენტირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;

- საარსებო შემწეობის დანიშვნა;

- საოჯახო დახმარების შეჩერების თვიდან ზედიზედ 6 თვის გასვლა;

- საოჯახო დახმარების დანიშვნის საფუძვლის აღმოფხვრა.

საოჯახო დახმარების ადმინისტრირების ორგანოს მიერ მისი შეწყვეტა ხდება ზემოაღნიშნული პირობების დადგენის თვიდან, ხოლო თუ დახმარება უკვე გაცემულია - მომდევნო თვიდან.

აღსანიშნავია, რომ როგორც "უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის" გარდამავალ და დასკვნით ნაწილშია მითითებული, სააგენტო უფლებამოსილია არ გასცეს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საოჯახო დახმარება, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან "უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების" სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებით ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 ნოემბრის #547 განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოში არ არის გადაცემული საოჯახო დახმარების ბენეფიციართა პირადი საქმეები, ან წარმოდგენილი პირადი საქმეები შედგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

საოჯახო დახმარების გაცემა განხორციელდება მას შემდეგ, რაც სააგენტოში წარდგენილი იქნება საოჯახო დახმარების გაცემისათვის თითოეული კატეგორიის, ბენეფიციარისათვის საჭირო შემდეგი დოკუმენტაცია:

მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი, ან არამომუშავე პენსიონერთა ორ ან მეტსულიანი ოჯახებისათვის:

- განკარგულება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (შესაბამის შემთხვევაში – მოწმობების) ასლი; დევნილობის მოწმობის ასლი (თუ ბენეფიციარი დევნილია); ცნობა (ცნობები) საპენსიო განყოფილებიდან საპენსიო ნომრის და კოდის მითითებით.

დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის:

 – განკარგულება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ; მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის დოკუმენტის ასლი; შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან მოწმობა მშობლის (მშობლების) გარდაცვალების, პატიმრობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის ან იძულებითი ხასიათის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; ბენეფიციარის მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ბენეფიციარის დაბადების მოწმობის (16 წლამდე პირებისათვის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის (16-დან 18 წლამდე პირებისათვის) ასლი.
 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოებისათვის:

- განკარგულება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველი ჯგუფის უსინათლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დევნილობის მოწმობის ასლი (თუ ბენეფიციარი დევნილია).
 
18 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის:

- განკარგულება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ; ბენეფიციარის დაბადების მოწმობის (16 წლამდე პირებისათვის), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის (16-დან 18 წლამდე პირებისათვის) ასლი; მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი:

- განკარგულება სოციალური დახმარების შესახებ; მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობების (16 წლამდე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის (16-დან 18 წლამდე) ასლები; დევნილის მოწმობის ასლი (თუ ბენეფიციარი დევნილია).

დახმარების მიმღებთა საყურადღებოდ განვმარტავთ, რომ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო ვალდებულია მისთვის გადაცემულ პირად საქმეებში ან თანდართულ დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამოსწორების საშუალება მისცეს ბენეფიციარს ან დოკუმენტის გამცემ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს.

ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია 2007 წლის 1 თებერვლიდან საოჯახო დახმარება შეუწყვიტოს იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც პირად საქმეში არსებული დოკუმენტების შესაბამისად შეჩერებული აქვთ საოჯახო დახმარების გაცემა და შეჩერების დღიდან გასულია ზედიზედ 6 თვეზე მეტი.

ირინე ღლონტი