ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ნარდობის ხელშეკრულება
#4(88), 2007
ნარდობის ხელშეკრულებას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლები 629-დან 656-ის ჩათვლით.

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ე.ი. აღნიშნულ შემთხვევაში გვაქვს ხელშეკრულებაში მონაწილე ორი მხარე - ერთის მხრივ შეკვეთის მიმცემი ე.წ. "შემკვეთი", ხოლო მეორეს მხრივ სამუშაოს შემსრულებელი ე.წ. "მენარდე".

ხშირ შემთხვევაში ნარდობა ითვალისწინებს რაიმე კონკრეტული ნაკეთობის დამზადებას, რომელსაც მენარდე ამზადებს თავისივე შეძენილი მასალით. ასეთ შემთხვევაში მენარდე შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. გვაროვნული ნივთის დამზადების შემთხვევაში გამოიყენება ნასყიდობის წესები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაწეული ხარჯების და სამუშაოს ანაზღაურების საკითხი. ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მისი ანაზღაურება საკმაოდ რთული საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხარჯთაღრიცხვაზე გადაჭარბებას. ასეთ შემთხვევაში მენარდეს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ასეთ დროს მენარდემ დაუყოვნებლივ საქმის კურსში უნდა ჩააყენოს შემკვეთი.

ანაზღაურება უსიტყვოდაც შეთანხმებულად ითვლება, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ტარიფის არსებობის შემთხვევაში შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, მისი არარსებობისას - ჩვეულებრივი ანაზღაურება.

მენარდემ პირადად უნდა შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებებიდან ან სამუშაოს ხასიათიდან.

ნარდობის ანუ მომსახურების ხელშეკრულებაში ერთი მხარე წარმოადგენს შემკვეთს, ანუ სამუშაოს მიმცემს, ხოლო მეორე მხარე წარმოადგენს მენარდეს, ანუ სამუშაოს შემსრულებელს. იგულისხმება, რომ შემკვეთმა უნდა მიიღოს (ჩაიბაროს) შესრულებული სამუშაო, წინააღმდეგ შემთხვევაში მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რაც შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მხრიდან მიუღებლობით დადგა. ზიანის ანაზღაურების ოდენობას შემდეგი ფაქტორები განსაზღვრავენ: ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, საზღაურის ოდენობა, მხარის სრული შესაძლებლობის გამოყენება მეორე მხარეს რომ ხელი არ შეეშალა. ამასთან ცნობილია ასევე, რომ შემკვეთმა უნდა შეუწყოს ხელი მენარდეს მიცემული სამუშაოს შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

შესრულებული სამუშაო უნდა ჩაბარდეს მენარდის მიერ და უნდა მოხდეს მიღება შემკვეთის მიერ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პროცესი აღნიშნავს შემდეგს:

1. მენარდემ სამუშაო შეასრულა;

2. სამუშაოს ხარისხი მოწონებულია;

3. შემსრულებელმა სამუშაო მიიღო;

4. მენარდემ საზღაური მიიღო.

საკითხები - რას ნიშნავს სამუშაოს შესრულება, როგორი ხარისხის უნდა იყოს ის, დახასიათებული ძირითადი მახასიათებლებით, როგორ უნდა მოხდეს სამუშაოს მიღება-ჩაბარება, ასევე თანხის – საზღაურის ოდენობა და გადახდის წესი - აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული წინასწარი ხელშეკრულებით, მოლაპარაკებით, შეთანხმებით. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გაუგებრობის, გაურკვევლობის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. აღნიშნული საკითხები მოგვარდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების გამოყენებით. ხელშეკრულება რომ შესრულდეს, აუცილებლად ორივე მხარე უნდა იყოს ამაში დაინტერესებული და უწყობდნენ ხელს ერთმანეთს. ამას გარკვეულწილად სამოქალაქო კოდექსიც არეგულირებს, როდესაც 633-ე მუხლით განსაზღვრავს, რომ შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც კი, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ ქმედებას. ასევე თუკი მენარდე არაკეთილსინდისიერად შეასრულებს სამუშაოს, ნაკლის გამო შემკვეთმა შესაძლოა უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე; თუკი ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ვალდებულებას, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია თქვას უარი ხელშეკრულებაზე, თუკი შედეგად გავიდა დამატებითი ვადა, ან თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ გაფრთხილება; ასევე ნაწილობრივ დარღვევის შემთხვევაშიც შეუძლია კრედიტორმა უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა.
 
დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, როდესაც შესრულება თარიღთანაა დაკავშირებული.

სხვა საკითხები, რაც კონკრეტულად ამ თავში არ არის განხილული და გამომდინარეობს მისგან, განიხილება სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 316-ე, 406-ე 407-ე და ა.შ. ვალდებულებითი სამართლის ყველა შესაბამისი მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მენარდეს აძლევს უფლებას თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს გირავნობის უფლება მის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე.

თუ ხელშეკრულებების საგანია ნაგებობა ან მისი ცალკეული ნაწილები, მაშინ მენარდეს შეუძლია ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვოს იპოთეკა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე.

თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ, ხოლო ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლო მაშინ არის, როდესაც იგი შეესაბამება წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება შეკვეთილისაგან განსხვავებული ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობის დამზადება.

როდესაც ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რასაც მენარდე თავისი სურვილის მიხედვით აგვარებს: ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. მენარდე ვალდებულია გასწიოს დამატებითი ხარჯები, როგორებიცაა: ტრანსპორტის, სამუშაოს, მასალების ხარჯები. თუკი ეს დამატებითი შესრულება მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს, მაშინ მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე. ასეთ დროს შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

დამატებითი ვადების დაწესებისა და ნაკეთობის ნაკლის გამო უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით.

სამუშაოს შესასრულებლად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ისევე როგორც შემკვეთის მასალები, ასევე მენარდის მასალები. ასეთ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო მასალის ხარისხთან, რამეთუ მასალის უხარისხობამ შესაძლოა გამოიწვიოს შესრულებული სამუშაოს უხარისხობა, რასაც შეიძლება არასასურველი პრაქტიკული და სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. შესაბამისად ასეთი შემთხვევების არსებობისას მხარეები აუცილებლად უნდა იქნენ გაფრთხილებულნი.

სამუშაოს დასრულებისას, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. შესაბამისად, შემკვეთი ვალდებულია მიღებისთანავე გადაიხადოს საზღაური.

როდესაც მენარდე ნაკეთობისათვის კისრულობს საგარანტიო ვადას, უნდა ახსოვდეს, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის ვადის საკითხი: შემკვეთმა მოთხოვნა შესრულებულის ნაკლის გამო შესაძლოა წარმოადგინოს ერთი წლის განმავლობაში, ხოლო თუ მოთხოვნა ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. თუკი ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.

განვიხილოთ მაგალითი:

დანართი # 001, ხელშეკრულებაზე #001/2007.

შემკვეთი: შპს "ზერო"; მენარდე: შპს "სისუფთავე".

შესასრულებელი სამუშაო: შემკვეთის კუთვნილი ტერიტორიის, რომლის ფართობია 1500 კვ.მ, მოვლა-დასუფთავება კვირის ხუთ დღეს შაბათ-კვირის გარდა.

ღირებულება: 1 კვ.მ-ის ფასი 12 აშშ დოლარის ეკვივალენტი დღგ-ის ჩათვლით, სულ 18000 აშშ დოლარი. ყოველთვიური გადასახდელია 1500 აშშ დოლარი.

ვადა: თორმეტი თვე.

სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 აპრილი 2007 წელი.

ნარდობის ხელშეკრულება #001/007

ქ. თბილისი                                               1 აპრილი, 2007 წელი

ერთის მხრივ შპს "სისუფთავე", მისი დირექტორის ა.კ. სახით, შემდგომში როგორც მენარდე, ხოლო მეორეს მხრივ შპს "ზერო", მისი დირექტორის გ.დ. სახით, ვმოქმედებთ რა ჩვენი საწარმოების წესდებებით მონიჭებული უფლებამოსილებებით, შევთანხმდით შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. მენარდე ვალდებულებას კისრულობს შეასრულოს შემკვეთის დავალებით დანართ #001-ში განსაზღვრული სამუშაო, აქვე მოცემული ყველა პირობის დაცვით.
 
1.2. განსაზღვრული სამუშაოების შესასრულებლად დაცული უნდა იქნას შემდეგი პირობები: შესრულება ყოველ დილას 08:00-09:00 საათებში. ტერიტორიაზე შესაბამის პირებს უნდა ეცვათ სათანადო უნიფორმები.

2. სახელშეკრულებო თანხა

2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 18 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს დღგ-ის ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაში.
 
2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენს 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტს დღგ-ის ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაში.

3. ანგარიშსწორების პირობები

3.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა უნდა მოხდეს ყოველი შესრულებული თვისა მომდევნო თვის დასაწყისში.

3.2. სახელშეკრულებო თანხის სრულად დაფარვა უნდა მოხდეს მეცამეტე თვის დასაწყისში.

3.3. თანხა უნდა გადაირიცხოს მენარდის საბანკო ანგარიშებზე.

4. მხარეთა პასუხისმგებლობები

4.1. შემკვეთს უფლება აქვს: შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი, გამოთქვას შენიშვნები სამუშაოთა მიმდინარეობების შესახებ.

4.2. შემკვეთი ვალდებულია: მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, შესაბამისი ანგარიშსწორება მოახდინოს დროულად.

4.3. მენარდე ვალდებულია: სათანადოდ შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, მკაცრად დაიცვას შესრულების ხარისხი, შემკვეთის ტერიტორიაზე ყოფნის დროს დაიცვას შემკვეთის მიერ შედგენილი სპეც-განაწესი.

4.4. მენარდეს უფლება აქვს მოითხოვოს შემკვეთისაგან ანგარიშსწორების ვადების და გადახდის პირობების დაცვა.

5. სამუშაოს მიღება-ჩაბარება

5.1. მენარდე ვალდებულია აცნობოს ყოველდღე შესრულებული სამუშაოების შესახებ შემკვეთის მიერ სპეციალურად გამოყოფილ პიროვნებას.

6. პასუხისმგებლობა

6.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2. შესასრულებელი სამუშაოების ვადების დარღვევისათვის მენარდე შემსრულებელს გადაუხდის პირგასამტეხლოს შეუსრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულების 0.1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;

6.3. შემკვეთის მიერ გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობისათვის შემკვეთს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1% გადახდა.

6.4. პირგასამტეხლოს გადახდა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.

7. დამატებითი პირობები

7.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერის დღიდან.

7.2. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუ ასეთი შეუსრულებლობა განპირობებული იქნება დაუძლეველი ძალის გარემოებებით.

7.3. მხარეები შეეცდებიან წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ საშუალებებს.

7.4. ხელშეკრულება გამზადებულია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, მათგან ერთი ინახება შემკვეთთან, მეორე კი – მენარდესთან.

8. მხარეთა იურიდიული რეკვიზიტები:

8.1. შემკვეთი                                   8.2. მენარდე
შპს "ზერო"                                      შპს "სისუფთავე"
——————————————————   - ------------------------------------
——————————————————   --------------------------------------
——————————————————   --------------------------------------

დირექტორი   ——————————     დირექტორი   ----------------------

ავთანდილ კობახიძე