ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
მეოცე საუკუნის დინოზავრი – დევიდ როკფელერი - #1(50), 2017
101 წლის ასაკში, ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ამერიკელი მილიარდელი, როკფელერთა კლანის პატრიარქი დევიდ როკფელერი. დაბადებიდან 102-ე წლისთავის აღნიშვნამდე მას ორთვენახევარი დააკლდა. იგი საკუთარი ბაბუის, როკფელერთა დინასტიის დამაარსებლის – ჯონ დევისონ როფელერის (1839-1937) მიერ წამოწყებული საქმის გამგრძელებელი გახლდათ, თუმცა, ეს მარტო მის მიერ დატოვებული კაპიტალის გამრავლებაში არ გამოიხატებოდა. დევიდი ორდინარული კაპიტალისტი სულაც არ გახლდათ. ბაბუამისი – პირველი მილიარდელია, რომელმაც ძირითადი ქონება სანავთობე კომპანია Standart Oil-ის დაარსების და ამოქმედების შემდეგ დააგროვა. მან ასევე დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი, ხოლო მისი ოჯახი დღემდე პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანად ითვლება.
 
ახლახან გარდაცვლილი ამერიკელი ბიზნესმენი დევიდ როკფელერ-უფროსი იყო ფილანტროპი, ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ბანკის – Chase Manhattan-ის ექს-მეთაური, ასევე ამერიკის პირველი მილიარდერის უკანასკნელი შვილიშვილი. კონსპიროლოგები მას ე.წ. `საიდუმლო მსოფლიო მთავრობის~ ერთ-ერთ გავლენიან წევრად მოიხსენიებდნენ. იგი უპირველესად `კრეატიული~ ფიგურა გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლეში ლეგენდებითა და საიდუმლოებებით იყო გარემოცული. გარკვეულ წრეებში მას `სამყაროს დირექტორს~ უწოდებდნენ. დევიდ როკფელერს გლობალიზაციის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად, ნეოკონსერვატიზმის მიმდევრად თვლიან. ამ თემაზე საქმეში ჩახედული ადამიანები ამტკიცებენ, რომ იგი რამდენიმე ელიტური, მათ შორის საიდუმლო საზოგადოების დამფუძნებელია, რომელთა შორის უმთავრესად ბილდერბერგის კლუბი ითვლება. მემარჯვენეებმა მას `კლუბი მსოფლიო მთავრობა~ უწოდეს, ხოლო მემარცხენეები ამტკიცებენ, რომ ეს `მხოლოდ~ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების საკრებულოა, რომელიც არავის ემორჩილება. 

უკიდურესად წინააღმდეგობრივია დევიდ როკფელერის ფიგურა: ერთნი მას კაცთმოძულეს უწოდებენ, რადგანაც მსოფლიო მასშტაბით შობადობის შეზღუდვისკენ და კონტროლისკენ ღიად მოუწოდებდა. იგი თვლიდა, რომ ატმოსფეროს დაბინძურების მთავარი მიზეზი მსოფლიოში მზარდი მოსახლეობაა. სხვები კი მისით, როგორც ყველაზე ხელგაშლილი ქველმოქმედით აღტაცებულნი არიან: დევიდ როკფელერმა დაახლოებით ერთი მილიარდი ამერიკული დოლარი ქველმოქმედების მიზნით, სხვადასხვა დაწესებულებას შესწირა, მათ შორის 100 მილიონი დოლარი – ჰარვარდის უნივერსიტეტს, რომელშიც თვითონ სწავ¬ლობდა. 1981 წელს, `ასოშეიტედ პრესისთვის~ მიცემულ ინტერვიუში დევიდის მეგობარმა და Chase Manhattan Bank-ის ყოფილმა თავმჯდომარემ ჯონ მაკლოიმ განაცხადა: `ჩემი მოსაზრებით, იგი ისტორიაში როგორც დიდი ბანკირი არ შევა, მაგრამ გახდება ჭეშმარიტი პიროვნება როგორც ჩვენი საზოგადოების პატივსაცემი და თავდადებული წევრი~. 

მისი გავლენა ყოველთვის იგრძნობოდა ვაშინგტონში და ნიუ-იორკის მთავრობაში, მხატვრულ მუზეუმებსა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. ხელს უწყობდა ინოვაციურ მოღვაწეობას სახელმწიფო სკოლებში, ბინებით უზრუნველყოფდა ღარიბ ადამიანებს და საშუალო კლასის წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო სექტორის მობილიზაციის მიმართულებით, 1970-იანი წლების შუაგულში ნიუ-იორკში დაწყებული ფინანსური კრიზისის სალიკვიდაციოდ. 

დევიდ როკფელერმა შესამჩნევი (ზოგიერთი თვლის, რომ გადამწყვეტი) წვლილი შეიტანა ბოლო 50 წლის გან-მავლობაში ამერიკისა და დანარჩენი სამყაროს განვითარების იდეური, პოლიტიკური, ეკონომიკური ტენდეციების ფორმირებასა და განვითარებაში. ეს წვლილი იმაზე მეტად არსებითია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ამერიკელი პრეზიდენტების უმეტესობის დამსახურება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ როკფელერმა სტარტი მისცა გლობალიზაციის პროექტს და სიცოცხლის ბოლომდე მის განვითარებას უწყობდა ხელს. როკფელერები აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დაარსების დღიდანვე ამ კერძო კორპორაციის სააქციო კაპიტალის მნიშვნელოვან წილს ფლობდნენ. ორი მსოფლიო ომის შედეგად (რომელთა წამოწყებასაც არაოფიციალურად სწორედ როკფელერთა ოჯახს მიაწერენ), როკფელერთა ოჯახმა საკუთარი პოზიციები ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მნიშვნელოვნად გაამყარა და როტშილდების ასევე გავლენიანი კლანი მეორე ადგილზე `გადასწია~. დევიდის ბიზნეს-საქმიანობის აქტიური ფაზის არსებობის პერიოდში, უკვე შექმნილი იყო `გლობალური ელიტის~ ძალიან გავლენიანი ინსტიტუტები, რომლებიც ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელებას ახერხებდნენ. ამერიკაში უპირველესად, ასეთ ორგანიზაციად საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო მოიაზრება, რო¬მელიც 1921 წელს შეიქმნა. 

დევიდ როკფელერი 1915 წლის 12 ივნისს, ნიუ-იორკში დაიბადა. დევიდი ძმებთან ერთად ყოველთვის ფუფუნებაში ცხოვრობდა: სეირნობისას, თუ ბავშვები დაიღლებოდნენ მათ ყოველთვის უკან ლიმუზინი დაჰყვებოდათ. მსოფლიოში ცნობილი ბანკირის ბიოგრაფია ნიუ-იორკს მჭიდროდ უკავშირდება, რომელიც მისი ბავშვობის ქალაქად გადაიქცა. ადრეულ წლებში, როკფელერთა იმპერიის მემკვიდრე იმ დროს ერთადერთ `ცათამბჯენში~ – 9-სართულიან სახლში ცხოვრობდა. დადიოდა ლინკოლნის სკოლაში, რომელსაც ლეგენდად ქცეული ბაბუამისი – ჯონ როკფელერი აფინანსებდა. ნორჩი დევიდის აღზრდა შეიძლება სანიმუშო მაგალითად იმ მშობლებისთვის გამოდგეს, ვისაც სურს, რომ მისი შვილი ბანკირი გამოვიდეს. როკფელერთა ოჯახში ფინანსური წახალისებების მთელი სისტემა იყო დაწესებული, რომელიც ბაზრის მოქმედ დაწერილ და დაუწერელ კანონებს ზუსტად იმეორებდა. ყველაფერი ფულად ერთეულებში ფასდებოდა – დაწყებული ბუზების განადგურებით (ერთის ცალი – 2 ცენტი) და მუსიკაში მეცადინეობით დამთავრებული (5 ცენტი – ერთი საათი). ოჯახში რომელიმე ბავშვი ტკბილეულზე უარს თუ იტყოდა, 2 ცენტს მიიღებდა, ხოლო ყოველ შემდეგ დღეს ჯილდო 5-ჯერ იზრდებოდა. საუზმეზე დაგვიანებულს `საჯარიმო სანქცია~ 1 ცენტის ოდენობით ელოდა. უმდიდრესი კლანის ყოველ მემკვიდრეს საბუღალტრო წიგნი ჰქონდა, სადაც დებეტს და კრედიტს ერთამენთთან დაწვრილებით ადარებდა. 

მოგვიანებით, საკუთარ მემუარებში, დევიდ როკფელერი იმის თაობაზეც წერდა, თუ როგორ იბრძოდა მამამისი შვილების ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ყოველ მათგანს 2,5 ათასი დოლარი შესთავაზა, თუკი 21 წლამდე, ალკოჰოლის მიღებისგან და სიგარეტის მოწევისგან თავს შეიკავებდნენ; პლუს ერთი ამდენივე – თუკი ისინი დალევაზე და სიგარეტის მოწევაზე უარს 25 წლამდე იტყოდნენ და პირობას შეასრულებდნენ. ფულს ზურგი მხოლოდ დევიდის უფროსმა დამ – ებიმ შეაქცია, რომელიც გამომწვევად დადიოდა მშობლების წინაშე და სიგარეტს აბოლებდა. სკოლის დასრულების შემდეგ, დევიდ როკფელერმა სწავლის გაგრძელება ჰარვარდში მოისურვა, ჰუმანიტარული ფაკულტეტი აირჩია, რომელიც 1936 წელს დაამთავრა. მომავალმა ბანკირმა საყოველთაოდ ცნობილი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გააცნობიერა, რომ ეკონომიკური განათლების მიღება აუცილებლად სჭირდებოდა. დევიდმა ერთი წელი ასევე სახელგანთქმულ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში გაატარა. აქ მან ბრწყინვალე საბაზრო განათლება მიიღო, მაგრამ ახალგაზრდა როკფელერი მიღწეულით მაინც არ დაკმაყოფილდა: ეკონომიკაში საკუთარი ცოდნის სრულყოფა ჩიკაგოს უნივერსიტეტში გააგრძელა და 1940 წელს ეკონომიკის დოქტორის წოდება მოიპოვა. 

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ დევიდ როკფელერი არ ცდილობდა თავიდანვე დაეკავებინა უმაღლესი საფეხური იერარქიულ კიბეზე. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, მან ნიუ-იორკის მერის, ფიორელო ლა გუარდიას მდივნის თანამდებობა დაიკავა, რომელმაც სახელი მაფიოზურ კლანების, ასევე კორუფციის, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა. სახელმწიფო სამსახურში ახალგაზრდა ფინანსისტმა დიდხანს არ დაჰყო, რადგანაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1942 წლიდან, იმ დროს უკვე ცნობილი გვარის წარმომადგენელმა სამხედრო სამსახური რიგითი ჯარისკაცის რანგში დაიწყო, 1945 წლისთვის უკვე კაპიტნის წოდება დაიმსახურა. ომის წლებში, მომავალი ფინანსური გენიოსი სამხრეთ აფრიკაში და საფრანგეთში მსახურობდა. მუშაობდა სამხედრო დაზვერვაში. 

როკფელერები აკონტროლებდნენ უოლ-სტრიტის მთავარ ბანკს – Chase Manhattan Bank-ს, სადაც დევიდი 1946 წლიდან საქმიანობდა. ოჯახურ ბიზნესში აქტიურად კვლავ დაბალი საფეხურიდან ჩაერთო: თავდაპირველად, საქმიანობა Chase National Bank-ის ერთ-ერთი განყოფილების მმართველის თანაშემწედ დაიწყო. როკფელერების მფლობელობაში არსებულ ამ საფინანსო ინსტიტუტში, დევიდს ნებისმიერი მაღალი თანამდებობა დაკავება თავიდანვე შეეძლო, თუმცა, მისი აზრით, წარმატების მოსაპოვებლად დაწვრილებით უნდა შეესწავლა რთული მექანიზმის ყოველი `რგოლი~. 1949 წელს, დევიდ როკფელერი უკვე ვიცე-დირექტორი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, Chase National Bank-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა და საერთაშორისო საქმეებს გაუძღვა. 

მაღალი თანამდებობის მიუხედავად, იგი მოკრძალებული იყო ყველაფერში: გადაადგილდებოდა მეტროთი, საბუთები პორტფელით დაჰქონდა, სამსახურამდე კი პრესას ეცნობოდა! 1961 წლის იანვარში, ბანკში პრეზიდენტის პოსტი დაიკავა და 1981 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა. 66 წლის ასაკში დაკავებული თანამდებობა დატოვა, რადგან ბანკის წესდებით გათვალისწინებული ასაკობრივი ზღვარი ამ პოსტზე საქმიანობის უფლებას უკრძალავდა. 

Chase Manhattan ცნობილია როგორც `როკფელერების ბანკი~, იმის მიუხედავად, რომ ეს ოჯახი არასოდეს ფლობდა მისი აქციების 5%-ზე მეტს. დევიდ როკფელერი არ ყოფილა ამ ბანკის ჩვეულებრივი მმართველი. `რევოლუციური~ შეიძლება ვუწოდოთ მის საქმიანობას იმ პერიოდში: პანამაში ადგილობრივი ბანკის ხელმძღვანელობა იმაზე დაიყოლია, რომ გირაოს სახით მსხვილი რქოსანი პირუტყვი მიეღოთ... 

1970-იან წლებში მან Chase Manhattan `დევიდის ბანკად~ გადააქცია, მისი საქმიანობა საერთაშორისო დონემდე გააფართოვა. ამერიკელი მილიარდერი გამუდმებით მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ყველაზე გავლენიან ადამიანებს ხვდებოდა. მის მიერ, პირადად შექმნილ კატალოგში 150 000 პიროვნების გვარია დაფიქსირებული. შეხვედრებს დევიდ როკფელერი მათთან სახელმწიფო მოღვაწისა და ბანკირის რანგში ატარებდა. საკუთარ თავზე ერთხელ დასძინა კიდეც `ცოტა ვინმე თუ შეხვედრია იმდენ ადამიანს, რამდენსაც მე შევხვდი~. 2002 წელს, 87 წლის ასაკში, ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა, რომელსაც Memoirs (მემუარები) უწოდა. შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მემუარების დაწერა, მისთვის დამახასიათებელი თავშეკავებული მანერით უპასუხა: `ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ცხოვრება განვვლე. რატომაც არ უნდა დამეწერა ამის თაობაზე?~. 

როკფელერთა კლანი ყოველთვის თამაშობდა გადამწყვეტ როლს ამერიკულ პოლიტიკასა და ბიზნესში. დევიდის ძმა – ნელსონი 1974-1977 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, რომელიც რიჩარდ ნიქსონის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტად არჩეულმა ჯერალდ ფორდმა დანიშნა. არაოფიციალურად ითვლება, რომ როკფელერები მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ოჯახია. მათ კონკურენციას მხოლოდ როტშილდები უწევენ. კონსპიროლოგები, ანუ `შეთქმულების თეორიის~ ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს ორი ოჯახი `მსოფლიოს ჩრდილოვან მთავრობად~ შეიძლება მივიჩნიოთ. აშშ-ში გამართულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში როკფელერები თითქოს ჰილარი კლინტონს, ხოლო როტშილდები – დონალდ ტრამპს უჭერდნენ მხარს. 

საქმიანი გამოცემა `ფორბსის~ მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, დევიდ როკფელერი მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ მილიარდერი აღმოჩნდა. 101 წლის ასაკში იგი 3,3 მილიარდი დოლარის მფლობელი იყო და 581-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის. ფიზიკურად აქტიური იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. პრესის ინფორმაციით, მას გულის გადანერგვის შვიდი ოპერაცია გაუკეთეს. იგი ბილდერბერგის კლუბის საქმიანობისას (რომელიც არაოფიციალურ, ყოველწლიურ კონფერენციას ატარებს), დევიდ როკფელერი პირველივე შეხვედრიდან სიცოცხლის ბოლომდე მუდმივი მონაწილე, ამავე კლუბის მმართველთა კომიტეტის წევრი იყო. ეს არის უმაღლესი ინსტანცია, რომელიც `ბილდერბერგერთა~ მორიგი შეხვედრის მონაწილეების სიას განსაზღვრავს. არაოფიციალურ, ყოველწლიურ კონფერენციაში 130-მდე სტუმარი მონაწილეობს, რომელთა უმეტესი ნაწილი პოლიტიკის, ბიზნესის, საბანკო საქმის დარგში გავლენიანი ფიგურები არიან. მათ შორის ასევე წამყვანი დასავლეთის საინფორმაციო საშუალებების მეთაურებიც მოიაზრებიან. ამ კონფერენციაზე საშვს მხოლოდ პირადი მოწვევის შემდეგ იღებენ. 

1954 წელს, 39 წლის ასაკში, დევიდ როკფელერი CFR-ის (როკფელერთა საქველმოქმედო ფონდი) პრეზიდენტი, 1970-1985 წლებში ამავე საფინანსო ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს მეთაური, ხოლო შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მისი საპატიო პრეზიდენტი იყო. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგანაც დღემდე ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს, არასამთავრობო ორგანიზაციად ითვლება. საერთო ჯამში, ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციები თავისი სტრუქტურისა და საქმიანობის მიხედვით მთლად ადვილად `გასაშიფრი~ არ გახლავთ. მათ მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები ბოლომდე არ არის გამჭვირვალე, ოფიციალურ საქველმოქმედო საქმიანობასთან ერთად. სერიოზული ექსპერტები მსგავს ფონდებს ამერიკის `შინაურ ოფშორებს~ უწოდებენ. `საქველმოქმედო~ საქმიანობით როკფელერთა ყველა, სამივე თაობა იყო დაკავებული. მათი პრიორიტეტი ამერიკაში უმაღლესი (განსაკუთრებით ეკონომიკური) განათლების მხარდაჭერა იყო. 

როკფელერთა საყრდენი წერტილი უმაღლესი განათლების სისტემაში ჩიკაგოს უნივერსიტეტი და ჰარვარდის ბიზნესის სკოლა გახდა. პრიორიტეტული ასევე იყო ზოგიერთი პროექტი მედიცინისა და გენეტიკის დარგში. 1901 წელს, ჯერ კიდევ ჯონ როკფელერ-უფროსმა სამედიცინო კვლევების ინსტიტუტი დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით როკფელერის სახელობის უნივერსიტეტად გარდაიქმნა. როკფელერების სპონსორობით მიმდინარე გენეტიკური კვლევები დახურული ხასიათისაა. ამ კლანმა სხვა, მრავალი `კლასიკური~ კაპიტალისტებისგან განსხვავებით, პოლიტიკოსებში, ინტელექტუალებში, საინფორმაციო საშუალებებში კაპიტალის დაბანდება არ ისურვა. დევიდ როკფელერის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად 1973 წელს სამხრივი კომისიის შექმნაა. ეს არის კერძო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპისა და აზიის (იაპონია და კორეა) წარმომადგენლებისგან შედგება. ამ ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება. კომისია საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოსა და ბილდერბერგის კლუბის საქმიანობას ავსებს. კომისიის შექმნის მომენტიდან დევიდ როკფელერი მისი პრეზიდენტი იყო. მის აქტივში ასევე შეიძლება შევიტანოთ 1968 წელს რომის კლუბის შექმნაც. 

ამერიკის სახელისუფლო სტრუქტურებში დევიდ როკფელერს არასოდეს ეკავა რაიმე თანამდებობა, მაგრამ მისი ხალხი იქ ყოველთვის იყო. უფრო მეტიც, ამერიკის პრეზიდენტები იცვლებოდნენ, მაგრამ ეს ადამიანები თავიანთ ადგილებზე მაინც რჩებოდნენ. პირველ რიგში ჰენრი კისინჯერზე და ზბიგნევ ბჟეზინსკიზე უნდა ითქვას. პირველს შეიძლება ვუწოდოთ დევიდ როკფელერის უცვლელი წარმომადგენელი არა მარტო საჯარო, არამედ კულისებს მიღმა დიპლომატიის დარგში. მეორე გახლავთ იდეოლოგი, რომელმაც უნაკლოდ ჩამოაყალიბა მილიარდერის ძირითადი მითითებები. 1971-1977 წლებში მასვე პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტი ეკავა. ზედმეტია იმის თქმა, რომ დევიდი ყველა თავის წამოწყების განხორციელებისას საკუთარი კლანის სიძლიერეს ეყრდნობოდა. მისი ოთხი ძმიდან ყველაზე გავლენიანი ნელსონ ოლდრიჩ როკფელერი იყო, რომელსაც ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის პოსტი 1959-1973 წლებში ეკავა, ხოლო 1974-1977 წლებში პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. გლობალიზაციის პროექტის განხორციელება მისი ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები მან მეოცე საუკუნის 70-იან წლებში გადადგა. მისი მონაწილეობის გარეშე არ დაწყებულა ბრეტონ-ვუდის სავალუტო-საფინანსო სისტემის დაშლა. იგი არის 1976 წელს, იამაიკის კონფერენციის ჩატარების კულისებში დარჩენილი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება ოქროსა და დოლარის სტანდარტი ქაღალდის დოლარის სტანდარტით ჩაენაცვლებინათ. ამის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დოლარის მწვანე კუპიურები ამერიკაში უსასრულოდ დაებეჭდათ, ხოლო ყოველი დოლარის საემისიო შემოსავალი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით `ჰაერიდან~ მიეღოთ. იმ მომენტისთვის რჩებოდა ისეთი `წვრილმანი~, როგორიც არის დოლარის კუპიურებზე მყარი, მზარდი მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით, რაც ეკონომიკურმა და ფინანსურმა გლობალიზაციამ უნდა უზრუნველყოს. 

დევიდ როკფელერს პირველი ნაბიჯის გადადგმაში ამ მიმართულებით ამერიკის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი დაეხმარა, რომელმაც 1973 წელს არაბეთსა და ისრაელს შორის ომის პროვოცირება მოახდინა. შემდეგში ნავთობზე ფასები ოთხმაგად გაიზარდა, რასაც `ენერგეტიკული კრიზისი~ უწოდეს. ჰენრი კისინჯერმა წარმატებით მოახერხა მოლაპარაკებების ჩატარება საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების პირველ პირებთან, რომლებიც ნავთობის ექსპორტს ახორციელებდნენ. ისინი დაარწმუნა, რომ ნავთობი მხოლოდ დოლარებზე გაეყიდათ. ქაღალდის დოლარის სტანდარტი იმ მომენტიდან ნავთობდოლარი გახდა. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) 1960 წლის 10-14 სექტემბერს, ბაღდადში გამართულ კონფერენციაზე ხუთი განვითარებადი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის – ირანის, ერაყის, ქუვეიტის, საუდის არაბეთის და ვენესუელის ინიციატივით შეიქმნა. ეს არის საერთაშორისო, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების კონტროლის მიზნით ჩამოაყალიბეს. იგი ხშირად კარტელის სახით განიხილება. ამ მომენტისთვის ამ ორგანიზაციის წევრი 13 ქვეყანაა – ალჟირი, ანგოლა, ვენესუელა, გაბონი, ირანი, ერაყი, ქუვეიტი, ყატარი, ლიბია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნიგერია, საუდის არაბეთი და ეკვადორი. მისი შტაბ-ბინა ვენაშია განთავსებული, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოდან მოჰამედ ბარკინდო ხელმძღვანელობს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მიერ ამერიკული მხარის სასარგებლოდ წარმოებული წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, ნავთობის გაყიდვისგან მიღებული დოლარების ერთი ნაწილი ამერიკულ ბანკებში ჩაირიცხა. სარგებელი ნახა ასევე ბანკმა Chase Manhattan-მა. ეს ფული შემდგომში კრედიტების სახით მესამე სამყაროს ქვეყნებმა მიიღეს. 

დევიდ როკფელერის კონტროლქვეშ მოქცეულ ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში გამოზრდილი ეკონომიკური ლიბერალებისა და მონეტარისტების გუნდმა ფინანსური, ეკონომიკური გლობალიზაციის იდეოლოგიის ფორმირება დაიწყო. 1980-იანი წლების შუაგულისთვის, ეს იდეოლოგია `ვაშინგტონის კონსენსუნსის~ სახით გაფორმდა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მისი გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. ამ იდეოლოგიის არსი იმ პოსტულატებში იკითხება, რომელიც სახელმწიფოს როლის მინიმიზაციას, ბარიერების ლიკვიდაციას გულისხმობს არა მარტო საქონლის, არამედ ფინანსების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის. ეს პოსტულატები ასევე სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციას, საფინანსო ბაზრების საყოველთაო განვითარებას, სავალუტო კურსების თავისუფალ ცვლილებებს, ანტიმონოპოლური კანონმდებლობის მთლიან გაუქმებას მოიაზრებს. 

უკანასკნელი 20 წელი მისთვის მხოლოდ უსიამოვნებების მომტანი იყო. 2000 წელს, მისი უსაყვარლესი ბანკის ფინანსური მდგომარეობა იმდენად არამდგრადი გახდა, რომ იძულებული შეიქმნა უოლ-სტრიტის სხვა ბანკს – J.P. Murgan-ს შეერთებოდა, რის შემდეგაც ახალი სახელწოდება JPMorgan Chase გამოჩნდა. დევიდს აქტივები სანავთობო ბიზნესშიც ჰქონდა, მაგრამ თანდათან გამოსვლა გადაწყვიტა ამ კაპიტალიდან, რადგანაც თვლიდა, რომ ამ დარგის მზე მალე `ჩაესვენებოდა~... რაიმე ახალზე და პერსპექტიულზე ფსონის გაკეთება ვეღარ მოასწრო. მისთვის ყველაზე ძლიერი დარტყმა ცხოვრებაში ის იყო, როდესაც 2016 წლის ნოემბერში შეიტყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მან განაცხადა, რომ ბოლოს მოუღებს ფინანსურ და ეკონომიკურ გლობალიზაციას, დაიწყებს ამერიკის ეკონომიკურ აღდგენას, რაც წითელ ხაზს გადაუსვამს დევიდ როკფელერის მიერ წლების წინ წამოწყებულ საქმეს, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა. ამ მომენტისთვის რთულია იმის მტკიცება, რამდენად შეძლებს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი საკუთარი გუნდის დეკლარაციების აღსრულებას, თუმცა სიმბოლურია ის, რომ თეთრ სახლში ტრამპის მოსვლა და დევიდ როკფელერის გარდაცვალება დროში თითქმის ერთმანეთს დაემთხვა – 20 იანვარი და 20 მარტი. 2017 წელი შესაძლოა იყოს გარდამტეხი მომენტი, საწყისი წერტილი ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოს განვითარების ისტორიაში. უფრო ის არის სავარაუდო, რომ მისი ადრინდელი სახით ფინანსური და ეკონომიკური გლობალიზაცია ვეღარ გაგრძელდება. მთავარი სცენიდან ჩამოდიან არა მარტო ადამიანები, არამედ გლობალიზაციის ეპოქის ინსტიტუტები. პირველ რიგში საუბარია უოლ-სტრიტის ბანკებზე, რომლებიც ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მთავარი აქციონერები არიან. შესაძლოა, ისინი გადარჩნენ, ძველი სახელწოდებაც შეინარჩუნონ, როგორიცაა –JPMorgan Chase, Bank of America, Bank of New York Mellon, Citigroup, Goldman Sachs, Morgan Stanley, State Street, Wells Fargo, მაგრამ მათი საქმიანობის მეთოდები აუცილებლად შეიცვლება, ალბათ, ახალი მეპატრონეებიც გამოუჩნდებიან. ლაპარაკია ახალი კლანის ასპარეზზე გამოყვანის თაობაზე, რომელსაც პირობითად `სილიკონის ველი~ ეწოდება. ისინი არიან ე.წ. `ჰაი ტექის~ წარმომადგენლები, რომლებსაც ყურადღება საინფორმაციო-კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით ციფრული სამყაროს შექმნაზე აქვთ გადატანილი. ამ ციფრული სამყაროს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ციფრული ფული, ციფრული ბანკები. 

დღეისთვის, უოლ-სტრიტის ბანკები მზად არ აღმოჩნდნენ იმ გადამწყვეტი ცვლილებებისთვის, რომლებსაც `ციფრული რევოლუცია~ კარნახობთ. `სილიკონის ველის~ ახალგაზრდა წარმომადგენლები აგრესიულ ტონში აღნიშნავენ, რომ ტრადიციული ბანკები `მეოცე საუკუნის დინოზავრები~ არიან და `მზისქვეშეთში~ მათი ადგილის დაკავება სურთ. მათი აზრით, წარსულს ჩაბარდა ფინანსური და ეკონომიკური გლობალიზაცია. თუკი ამ მოვლენებს `მსოფლიო დრამას~ ვუწოდებთ, მისი შემდეგი აქტი `მსოფლიო ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის~ აშენება იქნება. `სილიკონის ველის~ წარმომადგენლებისთვის დევიდ როკფელერი – `მეოცე საუკუნის დინოზავრია~, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა და იმქვეყნად უხმაუროდ გაემგზავრა. ფინანსური კაპიტალიზმის, ფინანსური გლობალიზაციის `დინოზავრები~ სიხარბით გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათზე უფრო ხარბები და აგრესიულნი `ციფრული სამყაროს ტურები~ არიან... 

ბიზნესმენის პირადი ქონება და შეხედულებები 

დევიდ როკფელერის ქონება 3,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მსოფლიოს სხვა მილიარდერთა ქონებასთან შედარებით `მცირეა~ (`ფორბსის~ რეიტინგში – 581-ე ადგილი), მაგრამ ამ კლანის აწგარდაცვლილი მეთაურის გავლენა წლების განმავლობაში იდუმალების დონის მიხედვით, მხოლოდ ე.წ. მასონთა ორდენის ტოლფასია. ბაბუამ და მამამ დევიდის შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე უზარმაზარი გავლენა იქონია: იგი სწორედ ამის გამო გახდა გლობალიზაციისა და ნეოკონსერვატიზმის იდეოლოგი, რაც `შემოკლებულ~ ვარიანტში შობადობის დონის შეზღუდვას, მასზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს. ეს იდეა მან პირველად გაეროს 2008 წლის კონფერენციაზე გააჟღერა, როცა ამ ორგანიზაციას მოუწოდა `მოეძებნა დამაკმაყოფილებელი საშუალებები დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის სტაბილიზაციისთვის~. 

დევიდ როკფელერი დარწმუნებული იყო იმაში, რომ `ჭარბ~ შობადობას დედამიწაზე ეკოლოგიის გაუარესება და რესურსების მოცულობის შემცირება შეუძლია. ეს საკითხი კი ისედაც მწვავედ განიხილება ყველა სამთავრობო დონეზე. დევიდ როკფელერი ასევე ითვლება გასაიდუმლოებული, ძალზე გავლენიანი ბილდერბერგის კლუბის დამფუძნებლად, რომელსაც ლამის მსოფლიოს მართვას მიაწერენ. ამ კლუბში საქმიანობა მან 1954 წელს დაიწყო, როცა პირველი, ჰოლანდიური შეკრება გაიმართა. ათწლეულების განმავლობაში დევიდ როკფელერი სხდომების მუდმივი მონაწილე და ე.წ. `მმართველთა კომიტეტის~ წევრი იყო. მომავალ სხდომებზე მოწვეულთა სიას სწორედ ეს კომიტეტი ადგენდა, რომელშიც მხოლოდ რჩეულნი, მსოფლიო ელიტა შეჰყავდათ.
 
არსებობს მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ამ ელიტური თავყრილობის მნიშვნელობა გადაჭარბებული და დემონიზირებულია, მაგრამ ექსპერტთა ერთი ნაწილი იმაშიც არის დარწმუნებული, რომ სწორედ ბილდერბერგის კლუბი განსაზღვრავს იმ ეროვნულ ლიდერებს, რომლებიც შემდგომში, შესაბამის ქვეყნებში არჩევნებში იმარჯვებენ. ამის სანიმუშოდ შეიძლება არკანზასის შტატის გუბერნატორი, ბილ ქლინთონი დავასახელოთ, რომელიც ამ კლუბის სხდომაზე 1991 წელს მიიწვიეს, ხოლო სულ მალე იგი ამერიკის პრეზიდენტი გახდა. ასეთივე უზარმაზარ გავლენას მიაწერენ სამმხრივ კომისიასაც, რომელიც დევიდ როკფელერმა 1973 წლის ზაფხულში შექმნა. მანვე, ჰარვარდის უნივერსიტეტს (სადაც თავის დროზე სწავლობდა), 2008 წელს 100 მილიონი დოლარი ქველმოქმედების სახით გადასცა. მისი მოცულობა ამ სახელგანთქმული სასწავლო დაწესებულების არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი აღმოჩნდა. 

დევიდ როკფელერი - ციტატები 

დევიდ როკფელერს მიაწერენ ფრაზას, რომელიც მან თითქოს ბადენ-ბადენში, ბილდერბერგის კლუბის სხდომაზე, 1991 წელს წარმოთქვა: `მადლიერნი ვართ The Washington Post, The New York Times, ჟურნალის Time, სხვა სახელგანთქმულ გამოცემებისა და მათ მეთაურების, რომლებიც თითქმის 40 წლის განმავლობაში ესწრებოდნენ ჩვენს შეხვედრებს, მათ კონფიდენციალობას იცავდნენ. სამყაროს მოწყობის საკუთარ გეგმას ვერ შევიმუშავებდით, ამ წლების განმავლობაში იგი რომ გამჟღავნებულიყო. ჩვენ დროში სამყარო ცდუნებებს უფრო მეტად ვერ უძლებს. მზად არის ნაბიჯები მსოფლიო მთავრობის შექმნის მიმართულებით გადადგას. ინტელექტუალური ელიტის და მსოფლიო ბანკირთა ზენაციონალური სუვერენიტეტი უფრო უპირატესია ეროვნულ თვითგამორკვევასთან შედარებით, რომელიც წინა ასწლეულების განმავლობაში დამკვიდრდა~. 

დევიდ როკფელერმა 2002 წელს მსოფლიოს საკუთარი ავტობიოგრაფია `ბანკირი მეოცე საუკუნეში. მემუარები~ აჩუქა, რომელშიც ზოგიერთი საკუთარი წარმატების საიდუმლოებას ფარდა ახადა. ამ წიგნის 405-ე გვერდზე დევიდ როკფელერის კიდევ ერთი `ხმაურიანი~ ციტატაა განთავსებული: `უკვე 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პოლიტიკური სპექტრის ყველა დაბოლოების ექსტრემისტები ენთუზიაზმით მოიშველიებენ ზოგიერთ ცნობილ მოვლენას იმისთვის, რომ როკფელერთა ოჯახს ბრალი დასდონ ყოვლისმომცველი საფრთხის გავლენაში, რომელსაც მათივე თქმით ჩვენ ამერიკულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტიტუტებს თავს ვახვევთ. მაგალითისთვის კასტროსთან დაკავშირებული ჩემი წარუმატებელი გამოცდილება მოჰყავთ. ზოგიერთმა ირწმუნა კიდეც, რომ ჩვენ პოლიტიკური საიდუმლო ჯგუფის ნაწილი ვართ, რომელიც შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მე და ჩემს ოჯახს ახასიათებენ როგორც `ინტერნაციონალისტებს~, რომლებიც შეთქმულებას მსოფლიოს მასშტაბით სხვა ჯგუფებთან ერთად უფრო ინტეგრირებული გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის – ერთიანი მსოფლიოს ასაშენებლად აწყობენ. მათი ბრალდება ამაში თუ მდგომარეობს, დამნაშავედ ვაღიარებ საკუთარ თავს და ამით ვამაყობ~. 

"მეოცე საუკუნის დინოზავრის" პირადი ცხოვრება და აღსასრული... 

მსოფლიო მასშტაბით შობადობის შეზღუდვისა და გაკონტროლების მომხრე ასეთივე შეზღუდვას საკუთარ ოჯახზე არ ავრცელებდა: დევიდ როკფელერს და მის მეუღლეს მარგარეტ `პეგი~ მაკგრაფს ექვსი მემკვიდრე შეეძინათ. მარგარეტის მამა თავისი დროის გავლენიანი ფინანსისტი და უოლ-სტრიტზე მოქმედი ერთ-ერთი იურიდიული ფირმის პარტნიორი იყო. ეს წყვილი 1940 წელს დაქორწინდა და ახალგაზრდებმა მყარი ოჯახი შექმნეს. მათი პირველი ვაჟი დევიდ როკფელერ-უმცროსი 1941 წლის ივლისში, ხოლო, მეორე ვაჟი – რიჩარდი 1949 წელს დაიბადა. ამ ოჯახში კიდევ ოთხი ქალიშვილი – ებბი, ნევა, პეგგი, ეილინი დაიბადნენ. მილიარდერის პირადი ცხოვრება ბედნიერად წარიმართა: დევიდმა საკუთარ მეუღლესთან 56 წელი გაატარა. დევიდ როკფელერი 1996 წელს დაქვრივდა, ხოლო შემდგომში იგი აღარ დაქორწინებულა. 

ბიზნესმენისთვის, ბანკირისთვის, ფილანტროპისთვის უზარმაზარი დარტყმა ვაჟის, რიჩარდის ტრაგიკულად დაღუპვა აღმოჩნდა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში, 65 წლის ასაკში დაიღუპა. დოქტორი რიჩარდ როკფელერი ნიუ-იორკში, 13 ივნისს მამის დაბადებიდან 99-ე წლისთავზე უნდა ყოფილიყო. იგი გამოცდილი პილოტი გახლდათ: ერთადგილიანი თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო, მაგრამ აფრენისთანავე ხეებს დაეჯახა და მიწაზე დაენარცხა. მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ეს ტრაგედია შემთხვევითი არ ყოფილა: მის უკან ჯეიკობ როტშილდის (ძლიერი კონკურენტი კლანის) კვალი დაინახეს. მათივე მოსაზრებით, რთულია შემთხვევითობად ჩაითვალოს როკფელერთა კლანის მემკვიდრის დაღუპვა, ვის ხელშიც სამართავად ეს იმპერია უნდა გადასულიყო. ამბობენ, რომ რიჩარდ როკფელერის დაღუპვამ მსოფლიოს ორ უმთავრეს კლანს შორის შერიგების ალბათობას წითელი ხაზი გადაუსვა. როტშილდებს კონსპიროლოგები `პლანეტის იდუმალ მეთოჯინეებად~ მოიხსენიებენ. `შეთქმულების თეორიის~ მოყვარულთა თქმით, ეს ორი კლანი მართავს მსოფლიოს, სწორედ ისინი მოიაზრებიან ყველა ომისა და კონფლიქტის გაჩაღების ინიციატორებად. როკფელერებსა და როტშილდებს ასევე `მიაწერენ~ გლობალურ ფინანსურ კრიზისს და რომის პაპის წასვლასაც. 

მსოფლიოს ცნობილ ფინანსურ მაგნატს საოცარი ჰობი-ახირება, ხოჭოების კოლექციების შეგროვება ჰქონდა ჩვეულებად. მილიარდერი ამაყობდა, რომ მექსიკის მთებში იშვიათ ხოჭოს მიაგნეს, რომელსაც მის საპატივცემულოდ Diplotaxis rockfelleri უწოდეს. 

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი 2017 წლის 20 მარტს დილით, 101 წლის ასაკში, ნიუ-იორკის შტატში, საკუთარ მამულში, პოკანტინო ჰილსში, ძილში გარდაიცვალა. მილიარდერის დაკრძალვის დეტალები არ გახმაურებულა... 

ვეფხია სამსონიძე 

დევიდ როკფელერი - აფორიზმები

ბიზნესში წარმატების მოსაპოვებლად საჭიროა სწავლა, დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომა. თუ თქვენ ეს არ შეგაშინებთ, სადღეისოდ შესაძლებლობები უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე;
 
თქვენი კეთილდღეობა თქვენივე საკუთარ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული; 

მეგობრობა, დაფუძნებული ბიზნესზე უკეთესია, ვიდრე ბიზნესი მეგობრობაზე დამყარებული; 

გამოიმუშავეთ რეპუტაცია და იგი თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.