ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
თბილისურ რესტორნებში ჭიქა ღვინის მოთხოვნა აღარ აკვირვებთ - #1(50), 2017
როგორ ავითარებს ტურიზმი ღვინის ბიზნესს 

როგორც ქართულმა რეალობამ გვაჩვენა, სარესტორნო ბიზნესში ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება ტურიზმთან და ტურისტების მოთხოვნილებებთან პირდაპირ ყოფილა დაკავშირებული. თუკი აქამდე ჭიქა ღვინის მირთმევა მხოლოდ თითო-ოროლა რესტორნაში შეიძლებოდა, დღეს, მსგავს სერვისს საქართველოში არაერთი რესტორანი გვთავაზობს. თუმცა, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, ამაშიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს შორის დიდი სხვაობაა.
 
ღვინის ფასი - პრობლემა? 

უკანასკნელი 6-7 წლის მანძილზე თბილისში სპეციალიზებული ღვინის ბარები გაჩნდა, რომელთა უმეტესობა მომხმარებელს ღვინის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, თუმცა, რასაც ამ ტიპის ობიექტებს ღვინის მოყვარულები უწუნებენ – ეს პირველ რიგში პროდუქციის მაღალი ფასია. საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ რა¬კიღა საქართველო ღვინის სამშობლოა და ჩვენთან ვაზის ჯიშთა დიდი არჩევანია, აქ ღვინო რატომღაც ძალიან იაფი უნდა ღირდეს. 

ზაზა ასათიანი, მცირე მარნის, „ღვინის ქურდების“ თანამფლობელი: 

„ხარისხიანი და ნატურალური ღვინო ინდუსტრიულ ღვინოზე ძვირი მთელ მსოფლიოში ღირს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ასეთი ტიპის ღვინო შედარებით ელიტური სასმელიცაა და მისი დამზადებაც ძვირი ჯდება. ამას გარდა, ღვინის ბიზნესი თავისუფალი ბაზრის ნაწილია და ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ჰქონდეთ მეღვინეებს იმის უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი პროდუქციის ღირებულება“. 

თბილისის სპეციალიზებული ღვინის ბარები ძირითადად ძველ თბილისშია თავმოყრილი და ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ ტურისტებს უკავშირდება. ჩვენს დედაქალაქში ჩამოსული მრავალი ტურისტი სწორედ ქართული ღვინის დაგემოვნებას ითხოვს და თუკი ადრე სტუმრების ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გიდებსა და ტურ-ოპერატორებს ახლობლებთან სირბილი უწევდათ 20-ლიტრიანი ღვინის ბოცის „მოსაპოვებლად“, დღეს ამ სერვისს ტურისტულად „ცხელ“ უბნებში უპრობლემოდ შეხვდებით. 

ერთ-ერთი პოპულარული თბილისური ღვინის ბარი „გ-ღვინო“, ტურისტულად გამორჩეულად საინტერესო ადგილზე – `შარდენზე~ მდებარეობს და მისი სტუმრებიც უმეტესად უცხოელები არიან. ეს ბარი მომხმარებლებს ძირითადად ქართულ ნატურალურ ღვინოს სთავაზობს და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძვირად ქართული ნატურალური ღვინო სწორედ ამ ადგილზე იყიდება: აქ ერთი ბოთლი ღვინის ფასი 30 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის. 

ბარში ხშირად აწყობენ შეხვედრას მეღვინეებთან, სადაც ღვინის ავტორები – მეღვინეები ღვინის მოყვარულებს ხვდებიან, მაგრამ სახელგავარდნილი სიძვირე აქ დიდ როლს თამაშობს და ამიტომ, ბარში ქართველ მომხმარებელს ძალზედ იშვიათად ნახავთ. „გ-ღვინო“-ში ასევე შესაძლებელია საინტერესო ყველის ასორტისა და ღვინოსთან შესახამებელი სხვა სასუსნავის შეძენა. აქ ერთი ჭიქა ღვინის ფასი დაახლოებით 10 ლარიდან იწყება. 

ასევე ნატურალურ ღვინოს ჰყიდიან ღვინის ბარი „ღვინო ანდერგრაუნდი“ და რესტორანი `აზარფეშა~. „ანდერგრაუნდში“ უფრო მეტად აქცენტი ე.წ. გლეხურ ღვინოზეა გაკეთებული და ღვინოსთან მისაყოლებელი კერძებიც ე.წ. გლეხური და ორგანულია. ფასის მხრივ ეს ბარი შედარებით იაფია, თუმცა, ქართველ მომხმარებლებს აქაც უცხოელები ჭარბობენ. უცხოელია ბარის დიასახლისიც. 

ამერიკელი გოგონა, პროფესიით მუსიკოსი ენეკ პეტერსონი უკვე 6 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და იმერეთში მას უკვე აქვს კუთვნილი ვენახი, რომელსაც ნატურალური და „ბიო“ მეთოდებით უვლის. ენეკი ასევე ღვინის ბარ „ღვინო ანდერგრაუნდის“ თანამშრომელიცაა და ძალიან კარგად ერკვევა ქართულ მევენახეობაშიც და მეღვინეობაშიც. 

ენეკ პეტერსონი, მეღვინე: 

„ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ უკვე ბევრმა უცხოელმა იცის ქართული ღვინის შესახებ და როდესაც ჩვენთან უცხოელები პირველად მოდიან, უკვე სმენიათ ან წაუკითხავთ რქაწითელზე, ციცქაზე, საფერავზე... ქართული ღვინის პოპულარობა პირველ რიგში ალბათ ნატურალური ღვინის ევროპაში და ამერიკაში გაყიდვამ განაპირობა. ხალხმა გაიგო საქართველოს – როგორც მეღვინეობის ქვეყნის არსებობა და დააფასა კიდეც. 

ჩვენ ბარში, ვფიქრობ, ღვინის ფასი ნორმალურია და არჩევანიც ძალიან კარგია. რაც შეეხება ჩვენ მიერ შეთავაზებულ ყველს, შაშხს, თხილს, ნიგოზს და ა.შ., ყველაფერი ნამდვილია, ორგანულია და გლეხურია. ამერიკაში ძალიან ფასობს ამ ტიპის პროდუქცია და ხალხი ფულსაც იხდის. ეს კულტურა საქართველოშიც მკვიდრდება“. 

ღვინის ბარებიდან, სახელმწიფო კანცელარიასთან მდებარე „აზარფეშა“ კერძების მრავალფეროვნებით და ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა. ამ ბარ-რესტორნის მფლობელი, ლუარსაბ ტოგონიძე ძველი და ისტორიული ნივთებისა და ფოტოების მოგროვებითაა გატაცებული და „აზარფეშაში“ მის მიერ მიერ საკოლექციოდ გამოფენილი უძველესი საღვინე ჭურჭელი, დოქები, აზარფეშები და ისტორიული ფოტოები ბარის ორიგინალურობას უზრუნველყოფს. 

„აზრაფეშაშიც“ ღვინის დიდი არჩევანია, თუმცა, ამ ბარში ბოთლის ღვინის გარდა, ე.წ, ჩამოსასხმელი ღვინის შეკვეთაც შეიძლება. აქ ჩამოსასხმელი ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 10 ლარია და ბარი ჩამოსასხმელი სახით როგორც წითელ, ასევე თეთრ ღვინოებს გვთავაზობს. 

რა ხდება თბილისის გარეთ 

ღვინის ასორტიმენტი ასევე გაიზარდა და ბოთლის ღვინოსთან ერთად, ჭიქით ღვინის შეთავაზების კულტურა დამკვიდრდა ჩვეულებრივ (არა ღვინის სპეციალიზებულ) თბილისურ რესტორნებშიც. თბილისურ რესტორნებში ჭიქა თეთრი მშრალი ორდინალური ღვინის საშუალო ფასი 3-5 ლარია, წითელი მშრალი ღვინო კი 5-7 ლარად იყიდება. წითელი ტკბილი ღვინო ძირითადად ბოთლირებული სახით იყიდება, თუმცა, იშვიათად ღვინის მოყვარულებს ჭიქა ტკბილი ლეჩხუმური „ტვიშისა“ (დაახლოებით 5 ლარად) და ნახევრად ტკბილი რაჭული „ხვანჭკარას“ (10 ლარად) დაგემოვნებაც შეუძლიათ. 

თბილისისგან განსხვავებული სიტუაციაა საქართველოს სხვა ქალაქებში. გარკვეული სასიკეთო ძვრები ღვინის მოხმარების კუთხით რეგიონებშიც შეინიშნება, მაგრამ ეს უფრო ხშირად კონკრეტული შემთხვევების ხა¬სიათს ატარებს და ტენდენციამდე ბევრი უკლია. 

ბათუმი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ტურისტული ცენტრია და ამ ქალაქში სარესტორნო ბიზნესის მასშტაბები ბოლო 10 წელზე მეტია განუხრელად იზრდება. თუმცა, თვითონ ბათუმელებიც ხშირად ხუმრობენ იმაზე, რომ ბათუმის ბევრ რესტორანში ჩამოსასხმელი ღვინის მოთხოვნას ჯობია ისევ რუსული ან უკრაინული არყები დალიონ, რადგან იმ ღვინომ „შეიძლება კაცი სამჯერ მოკლას“. 

რესტორანი „ბათუმარანი“ ბათუმის ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც სხვადასხვა ტიპისა და დასახელების ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელია. სასიხარულოა, რომ აქცენტი აჭარის ტრადიციულ ყურძნის ჯიშებზეა გაკეთებული და ყველასთვის კარგად ცნობილ კახურ რქაწითელთან და საფერავთან ერთად, „ბათუმარანში“ აჭარული ღვინოების – საწურისა და ჩხავერის გასინჯვაცაა შესაძლებელი. მაგრამ, შეთავაზებული ღვინის ხარისხი აღნიშნულ რესტორანშიც ხშირად კრიტიკულად დაბალია, რამაც ადვილი შესაძლებელია, რომ ღვინის მოყვარულებს ხასიათი წაუხდინოს. 

ქუთაისის რესტორნები მომხმარებლებს ძირითადად ცნობილი იმერული ყურძნის ჯიშისგან – ცოლიკოურისგან დაყენებულ ორდინალურ ჩამოსასხმელ ღვინოს სთავაზობენ (1.5 ლიტრიანი დოქის ფასი 5 ლარია) მაგრამ ღვინის ხარისხი აქაც ძირთადად დაბალია და მხოლოდ ერთეულ ადგილებზეა შესაძლებელი ხარისხიანი ბოთლის ღვინის მოთხოვნა. მაგალითად, რეტროს ტიპის რესტორან „პალატიში“ დაახლოებით 15 დასახელების ქართული ცნობილი კომპანიების ღვინოს გვთავაზობენ, ასევ აქვთ ჩამოსასხმელი საშუალო ხარისხის ღვინო. ჭიქით ღვინის მოთხოვნის შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი ან ორი დასახელების ღვინოს ხსნიან, რაც მომხმარებლების გულისწყრომას იწვევს. 

ქუთაისში ახლახანს გაიხსნა ღვინის ბარ-მაღაზია, „საწნახელი“, სადაც ძირითადად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოწეული ყურძნიდან დაწურული ღვინოები იყიდება, წარმოდგენილი ღვინის ხარისხი ძალიან განსხვავებულია. თუმცა, ქუთაისში ასეთი ტიპის ბარის გახსნა მაინც მნიშვნელოვან ცვლილებად უნდა შეფასდეს. მით უმეტეს, რომ `საწნახელში“ იმერული ღვინის გარდა ბოთლირებული სახით ე.წ. გლეხური ღვინოები წარმოდგენილია სამეგრელოდან, გურიიდან, ლეჩხუმიდან და რაჭიდან. 

როგორც ისტორიიდან ჩანს, საქართველოს გასაბჭოებამდე ქუთაისი სირაჯებისა და ღვინის დუქნების ქალაქი იყო. ლეგენდარული „ხვანჭკარაც“ (რომელსაც მაშინ ქუთაისელები „ყიფიანის ღვინოს“ ეძახდნენ) პირველად ქუთაისის ღვინის მაღაზიებში იყიდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცნო ეს ბრენდი დანარჩენმა საქართველომ და შემდეგ უკვე რუსეთის იმპერიამ.

ღვინის მოყვარულებისთვის „სამოთხედ“ ნამდვილად ვერ ჩაითვლება ქალაქები: რუსთავი და გორი. რუსთავში (რომელიც ტერიტორიულად ფაქტობრივად თბილისზეა მიბმული) პრაქტიკულად შეუძლებელია ჭიქა ღვინის რესტორანში შეკვეთა. გორში კი ყველაზე თანამედროვე ტიპის ადგილობრივ რესტორან „სპორტ-კაფეში“ ბოთლირებული სახით სულ რამდენიმე კახური ღვინის ნიმუშს შემოგთავაზებენ. ხოლო 1.5-ლიტრიანი გრაფინით შეთავაზებული მშრალად დაყენებული გორული მწვანე კი უკეთესის სურვილს აშკარად დაგიტოვებთ. 

თემურ სებისკვერაძე, ქალაქ გორის მკვიდრი: 

„გორში ხარისხიანი ღვინის რესტორანში დალევა როგორც იტყვიან „უმადური საქმეა“. ეს ასე იყო ე.წ. კომუნისტების დროს და ასეა ახლაც. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ რესტორნებს რაღაც პერიოდი კარგი ღვინო ჰქონიათ და მთელი ქალაქი სწორედ ამ ღვინის გამო მათთან დადიოდა, მაგრამ მერე როგორც ჩვენთან საერთოდ ხდება ხოლმე – ისინიც აფუჭებდნენ ხარისხს და ისევ ახლობლის მიერ ნაჩუქარი ნორმალური ღვინის იმედად ვართ ხოლმე. სამწუხაროდ არც თბილისშია ამ კუთხით სანიმუშო სიტუაცია“. 

სახარბიელო მდგომარეობა არც ღვინის კუთხედ სახელდებული კახეთის მთავარ ქალაქ თელავშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსასხმელი რქაწითელის (ლიტრი დაახლოებით 4 ლარი ღირს) ხარისხი თელავის რესტორნებში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც თბილისის ანალოგიური ტიპის დაწესებულებებში, ეს ზოგად სურათს მაინც ვერ აუმჯობესებს. ხშირია დაავადებული ღვინო, საფერავში (1 ლიტრი ჩამოსასხმელი საფერავი დაახლოებით 7 ლარი ღირს) ღვინის ოდენობის გასაბევრებლად ხშირად შერეულია სხვადასხვა ჰიბრიდული წითელი ყურძენი და ეს „ალქიმია“ გემოში აშკარად იგრძნობა. 

თელავის რესტორნებში ბოთლის ღვინოს ძირთადად 4-5 ღვინის ის კომპანიები გვთავაზობენ, რომლებიც კახეთში ყველაზე აქტიურად ოპერირებენ. ე.წ. ნატურალური „ბიო“ ღვინო კი შუაგულ კახეთში უფრო რთულად მოსაძიებელია, ვიდრე თელავიდან 170 კილომეტრით დაშორებულ თბილისში. 

ღვინის ჭურჭელი - სტალინიდან თამარ მეფემდე 

მიუხედავად დადებითი ძვრებისა, იგივე ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურა ჯერჯერობით ძალიან შორსაა სასურველისგან და ეს სხვა მიზეზებთან ერთად, რასაკვირველია სოციალურ პრობლემებსაც უკავშირდება. 

თბილისში, დღევანდელი კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) დაღმართზე 5 ღვინის მცირე მაღაზიაა განთავსებული. ყველა მათგანის ასორტიმენტში ძირითადად ცნობილი კომპანიების ღვინოა წარმოდგენილი და ამ ღვინის ფასი 10 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. ყველა ამ მაღაზიაში ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ ღვინის გასინჯვა და დაგემოვნება მისი შეძენის წინ, რაც ქართული ღვინის მარკეტინგში ერთგვარ სიახლედ უნდა ჩავთვალოთ. 

არცთუ დიდი ხნის წინ, ღვინის მაღაზიის გამყიდველისთვის ბოთლის ღვინის შეძენის წინ გასინჯვის თხოვნა წარმოუდგენელი იყო და ალბათ არავინ „გაბედავდა“ ბოთლირებული ღვინის მომხმარებლისათვის გახსნას და შეთავაზებას. თუმცა, ტურისტების მომრავლებამ და მათმა სურვილმა აქაც თავისი დადებითი კვალი დატოვა და ქართული ღვინის მაღაზიებიც მყიდველის მოთხოვნებზე მორგებულები გახდნენ. 

ამ მაღაზიებში როგორც უკვე ვთქვით მრავალი ტიპის ბოთლირებული და ჩამოსასხმელი ღვინის შეძენაა შესაძლებელი. განსხვავებულია ასევე ღვინის შეფუთვაც. ჩვეულებრივი ღვინის ბოთლების გვერდით, ვხედავთ თიხისგან დამზადებულ „დიდი ბელადის“ – იოსებ სტალინის გამოსახულებიან ბოთლის ფორმის თიხის მონუმენტებს, სადაც ჩასხმული ღვინის ხარისხზე მეტად უცხოელებს (ცხადია ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეებს) საკუთრივ სტალინის ფიგურა აინტერესებთ. სტალინს თამარ მეფის თიხის სკულპტურა ცვლის, თამარს დავით აღმაშენებელი და ასე, მრავალწახნაგოვნად და უცნაურად ვითარდება ქართული ღვინის ბიზნესი და ღვინის მაღაზიების მფლობელთა ფანტაზიაც უსაზღვროა. 

მეღვინეები ხშირად ამბობენ, რომ ქართული ღვინის ბიზნესის უმთავრესი პრობლემა ხარისხიანი ღვინის კუთხით დაბალი ცნობადობა და ბოთლის ღვინის კულტურის მრავალწლიანი გაქრობაა. ეს შეხედულება მთლიანობაში ალბათ სიმართლეც უნდა იყოს, მაგრამ, რეალობამ ისიც გვაჩვენა, რომ ჩვენი მეღვინეობის განვითარება ტურისტებზე და ტურიზმზეც ყოფილა დამოკიდებული. სწორედ ტურისტების დამსახურებაა ის მცირე დადებითი ძვრები, რაც ამ სფეროში შეინიშნება. ამ დროს კი, ტურიზმს საქართველოში ბევრი ადამიანი ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად „არასერიოზულ“ მიმართულებად აღიქვამდა. როგორც ჩანს, ჩვენში სიტყვა „სერიოზულობაც“ სხვადასხვანაირად ესმით... 

ლევან სეფისკვერაძე