ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
თბილსრესი - ქართული ენერგეტიკის სახე და ხსნა
#2(2), 2004
გადაუჭრელი პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი მდინარე და ჰიდროელექტროსადგურია, ქვეყანამ ენერგოდეფიციტს ვერაფრით დააღწია თავი. გარდა იმისა, რომ ზამთარი ჩვენში დღემდე სიცივესა და სიბნელესთან ასოცირდება, რეგიონების დენით უწყვეტი მომარაგება ვერც წელიწადის სხვა დროს ხერხდება _ საქართველოს მოსახლეობას ზაფხულშიც კი ენერგოდეფიციტის პირობებში უწევს ცხოვრება. რა არის ამის მიზეზი? არსებობს თუ არა ენერგოდეფიციტისაგან თავის დაღწევის საშუალება და რაში მდგომარეობს ხსნა?

საქართველოს ელექტროგენერაციის ძირითადი ობიექტები _ ჰიდროელექტროსადგურები დასავლეთ საქართველოშია განლაგებული და, სპეციალისტების თქმით, მათი ფუნქცია პიკურ რეჟიმში მუშაობაა. თუმცა, ქრონიკული ენერგოდეფიციტის გამო, ამგვარი რეჟიმის დაცვა ფაქტობრივად ვერასოდეს ხერხდება. შედეგად, ჰიდროელექტროსადგურებს მუდმივად ბაზისურ რეჟიმში უწევთ მუშაობა, რაც თავის მხრივ სისტემის არასტაბილურობას განაპირობებს. არადა, ქართულ ენერგეტიკას ბაზისური სადგურიც აქვს. იგულისხმება გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სს "თბილსრესი", რომლის პოტენციალს ქვეყნის ხელისუფლება ჯეროვნად ვერ იყენებს.

დღეის მდგომარეობით სადგური ორ ნაწილადაა გაყოფილი: სრესის მე-9 და მე-10 ბლოკები პრივატიზებულია, ხოლო #1, #2... #8 ბლოკების, ანუ საკუთრივ სს "თბილსრესის" აქციათა სრული პაკეტის მფლობელად დღემდე სახელმწიფო რჩება.

რა არის "თბილსრესი"?

თბილსრესის რაიონული თბოელექტროსადგური _ სს "თბილსრესი" წარმოადგენს საქართველოს ელექტროსისტემის ერთადერთ ძირითად ბაზისურ სადგურს, რომელიც თავის დროზე 8 ენერგობლოკისაგან შედგებოდა. #1 ბლოკი ექსპლუატაციაში 1963 წელს გაეშვა, ხოლო რიგით მე-8 ბლოკი _ 1972 წელს.

თავიდან სადგურის დადგმული სიმძლავრე 1250 მეგავატი იყო და საშუალოდ წლის განმავლობაში 6-7 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა, თუმცა მაქსიმალური მაჩვენებელი 8,8 მლრდ კვტსთ-მდეც აღწევდა. 70-80-იან წლებში "თბილსრესზე" მოდიოდა მთელი ენერგოსისტემის წლიური გამომუშავების ნახევარი, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში _ გამომუშავების 70-75%.

1990 წელს მოხდა თბილსრესის ბლოკების გადამარკირება, რის შემდეგაც სადგურის დადგმულმა სიმძლავრემ 1100 მეგავატი შეადგინა. ამავე 1990 წელს ექსპლუატაციაში შევიდა "თბილსრესის" 300 მგვტ-იანი #9 ბლოკი, ხოლო 1994 წელს _ #10 ბლოკი. შედეგად "თბილსრესის" დადგმულმა სიმძლავრემ 1700 მეგავატს მიაღწია.

1999 წელს, სათანადო ინფრასტრუქტურით, ახალი ბლოკები (#9 და #10) სს "თელასთან" ერთად კომპანია "ეი-ი-ეს"-ს (AEშ) გადაეცა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს #1-3-252 2002 წლის 26 აპრილის ბრძანებულებით, #1 და #2 ენერგობლოკები (ახლის აშენების მიზნით) ჩამოწერეს, რის გამოც 2003 წელს სადგურის დადგმულმა სიმძლავრემ 840 მეგავატი შეადგინა. ამასთან დღემდე ვერ მოხერხდა 1994-96 წლებში იძულებით გაჩერებული მე-5 და მე-7 ენერგობლოკებზე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ფინანსების უკმარისობის გამო, ბოლო წლებში არც მე-3, მე-4 და მე-8 ენერგობლოკებზე ჩატარებულა
სრულფასოვანი კაპიტალური რემონტი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მე-3, მე-4 და მე-8 ენერგობლოკები მუშა მდგომარეობას ინარჩუნებენ.

რატომ უნდა იმუშაოს სრესმა?

ბოლო დროს ბაზისური სადგურის ფუნქციას, "თბილსრესის" ნაცვლად, რუსეთიდან იმპორტირებული დენი ასრულებს, თუმცა იმის გამო, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში "კავკასიონის" 500 კილოვოლტიანი ხაზი, კლიმატური პირობების გამო, რამდენიმე ათეულჯერ ითიშება, აღნიშნული სისტემა მდგრადობის მაღალი მაჩვენებლით ვერ გამოირჩევა. ენერგეტიკოსთა აზრით, აუცილებელია აღმოსავლეთ საქართველოში ბაზისური სადგურის (იგულისხმება სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი ბლოკების) ფუნქციონირება, რაც ენერგოსისტემის მდგრადობისა და იმედიანობის ამაღლების ერთადერთი საშუალებაა, რამეთუ მე-9 ბლოკი განადგურებულია, მე-10 კი 2001 წლიდან არ ამუშავებულა.

აღნიშნულ მოსაზრებას საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #29 განკარგულებით შექმნილი სს "თბილსრესში" არსებული სიტუაციის გარკვევისა და მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლო მექანიზმების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფიც იზიარებს. კერძოდ ამ ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია:

"2004-2005 წწ-ების შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის საქართველოს ენერგოსისტემის ფუნქციონირებისათვის საჭიროა სს "თბილსრესის" მე-3, მე-4 და მე-8 ენერგობლოკებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ტექნიკურად გამართულ მუშამდგომარეობაში მოყვანა, რისთვისაც არაუგვიანეს 15 ივნისისა უნდა გამოიყოს 4 მლნ ლარი, ხოლო შემდგომ ეტაპზე 1,5 მლნ ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში სადგურში დაგეგმილი პროგრამის განხორციელება საფრთხის წინაშე დადგება, რამდენადაც დაგვიანდება შეკვეთების განთავსება ძირითად ქარხანა-დამამზადებლებთან".

ასევე დასკვნის თანახმად, "თბილსრესის" ენერგობლოკების ბაზაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უნდა დამუშავდეს სადგურის რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროექტი, რათა მოხდეს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების მკვეთრი შემცირება. საამისოდ, თბოსადგურში ენერგიის წარმოებისთვის რეალურად არსებობს ინფრასტრუქტურა _ ტექნიკური წყალმომარაგების სისტემა, სათბობის მომარაგების სისტემა, სარკინიგზო თუ საავტომობილო გზები და, რაც მთავარია, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კვალიფიციური კადრები. თხევადი სათბობის (მაზუთის) მიღების, შენახვის და სხვა ინფრასტრუქტურა ძალზედ მიმზიდველს ხდის თბილსრესის ტერიტორიაზე ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგიის თვითღირებულებას.

"თბილსრესის" კრიზისიდან გამოყვანა წარმოადგენს ენერგეტიკის სტრატეგიის ძირითად საკითხს. ამ პროცესის გაჭიანურება კი გამოიწვევს ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის ტემპების შეფერხებას და სოციალური დაძაბულობის უფრო გამწვავებას", - ნათქვამია დასკვნაში, რომელსაც ხედს აწერენ ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელები, "ენერგოგენერაციის", მარეგულირებელი კომისიის, ენერგეტიკისა და
ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ადგილობრივი წარმოება თუ იმპორტი?

ამგვარი დამაიმედებელი დასკვნის მიუხედავად, ხელისუფლებას ჯერჯერობით საბოლოოდ ვერ გადაუწყვეტია რაზე დახარჯოს ფული: სადგურის ამუშავებაზე, თუ ელექტროენერგიის იმპორტზე. საქმე ის არის, რომ 2003 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობასა და გერმანულ საკრედიტო ბანკს KჭF-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი სს "თბილსრესის" ენერგობლოკების ასამუშავებლად 3,4 მლნ-ის, ხოლო რეაბილიტაციისათვის 2,6 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმით გათვალისწინებული თანხა შესაძლოა სულ სხვა მიმართულებით შეიძლება დაიხარჯოს.

ყოველ შემთხვევაში სადგურის დირექცია პრემიერ-მინისტრსა და მხარის გუბერნატორს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:

"ბოლო დღეებში ძლიერ მუსირებს აზრი ზემოთხსენებული თანხების ელექტროენერგიის იმპორტის მიზნით გამოყენების შესახებ, რაც სადგურის კოლექტივისათვის მიუღებელია. იმპორტი, შემდეგი მოსაზრებების გამო, სამომავლოდ მძიმე შედეგებს მოიტანს:

1. ეკონომიურობის თვალსაზრისით უფრო მომგებიანია თბილსრესის მუშაობა, ვიდრე ელექტროენერგიის იმპორტი. 2. მცირდება ენერგოსისტემის უსაფრთხოება და იმედიანობა. 3. ბლოკების რეაბილიტაციით, შეიქმნება წინაპირობა მომავალი შემოდგომა-ზამთრისათვის მზადყოფნის თვალსაზრისით.

იმპორტი არ პასუხობს ქვეყნის ინტერესებს და ემსახურება დღევანდელი დღის პრობლემების მოგვარებას.

ვფიქრობთ, მემორანდუმით განსაზღვრული სტრატეგიის შეცვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ენერგეტიკულ მდგრადობას, პერსპექტივას მოუსპობს საწარმოს."

წერილს ხელს აწერს სადგურის აღმასრულებელი დირექტორი თ. გზირიშვილი.

წამგებიანია თუ არა სრესი?

სემეკის გადაწყვეტილებით, თბილსრესისთვის დადგენილია ორსაფეხურიანი ტარიფი: 5,716 თეთრი-კვტ.სთ და სიმძლავრის გადასახადი ყოველთვიურად 496 ათასი ლარი.

სადგურის ადმინისტრაცის გათვლებით, ენეგობლოკების ტექნიკური მდგომარეობის, საწვავის ღირებულების, საბაჟო მომსახურების, დანაკარგების, პროფილაქტიკური სამუშაოების გათვალისწინებით, "თბილსრესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალური ღირებულება არ აღემატება 2,645 ცენტს.

რაც შეეხება იმპორტს, სადგურის ადმინისტრაციის გათვლებით, იმპორტზე გასაწევი ხარჯების, ტექნიკური დანაკარგების, მომსახურების ხარჯებისა და სადგურისათვის სიმძლავრის ღირებულების გადასახადის დამატებით (რამეთუ აღნიშნულ ხარჯებს სადგური ეწევა როგორც მუშაობის, ასევე იმპორტის შემთხვევაშიც), იმპორტირებული დენის ღირებულება 2,93 ცენტს აღწევს.

ამ გათვლებით გამოდის, რომ სადგურის მუშაობა, იმპორტთან შედარებით, უფრო მომგებიანია. თანაც, სადგურის მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში 75-80% უჭირავს ენერგომატარებლებს და მისი მოცულობა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი საგადასახადო სისტემით იქნება იგი დატვირთული. ასევე მნიშვნელობა აქვს ენერგობლოკების მარგი ქმედების კოეფიციენტის სიდიდეს. მის ასამაღლებლად კი, როგორც წესი, საჭიროა გარკვეული ხარჯების გაწევა, რაც, სამწუხაროდ, "თბილსრესის" ენერგობლოკებზე ბოლო წლების მანძილზე, მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, ფაქტობრივად არ ხდება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სადგურის რენტაბელური მუშაობა (ყოველ შემთხვევაში, იმპორტთან შედარებით) სავსებით შესაძლებელია.

თანაც, ასევე ანგარიშგასაწევია ისიც, რომ 500 კილოვოლტიანი ხაზის ყოველი გამორთვა (რაც იშვიათობა ნამდვილად არ არის) საქართველოს ენერგოსისტემის ორ ნაწილად გათიშვას იწვევს (ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მეცხრე ენერგობლოკი და ჰესები ვერ უზრუნველყოფენ სიხშირის შენარჩუნებას). "თბილსრესის" ენერგობლოკების მუშაობის შემთხვევაში კი ამგვარი ავარიული გათიშვების შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

"თბილსრესის" შესაძლო მომავალი _ სადგურის ბიზნეს-გეგმის ანოტაცია

"თბილსრესში" აცხადებენ, რომ მე-3, მე-4 და მე-8 ენერგობლოკებისაგან განსხვავებით, #5, 6, 7 ენერგობლოკებს სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებიათ და, აქედან გამომდინარე, ისინი ტექნიკურად გაუმართავია. #7 ენერგობლოკი მწყობრიდან 1994 წელს გამოვიდა, #5 ენერგობლოკი - 1995 წელს, #6 ენერგობლოკი კი 1996 წელს. 2002 წლის 1 იანვრიდან სადგურის დადგმული სიმძლავრე #3, 4, 8 ბლოკების სახით 414 მეგავატია. ბლოკებმა მუშა მდგომარეობა ჩატარებული კაპიტალური რემონტის წყალობით შეინარჩუნეს (მე-4 ბლოკი 1995 წელს გარემონტდა, #8 ენერგობლოკი _ 1999 წელს, ხოლო #3 ენერგობლოკი კი _ 2002 წელს).

სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკის გამოცოცხლების შემთხვევაში საქართველოს ენერგოსისტემა გამართული ბაზისური სადგურის გარეშე ვერ უზრუნველყოფს მთელი რიგი სამრეწველო ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგებას. ცნობისათვის, სს "აზოტს" სრული დატვირთვით მუშაობისას 50-60 მეგავატი სიმძლავრე ესაჭიროება; "მეტალურგიულ კომბინატს" - 90-100 მეგავატი; ნავთობ- და გაზსადენების გადამქაჩი და საკომპრესორო სადგურებისა და სხვა ობიექტების ჯამური მოხმარება, სავარაუდოდ, 250 მეგავატს გადააჭარბებს. ამ საკითხის გადაწყვეტა ბაზისური ელექტროსადგურის გარეშე შეუძლებელია.

არადა, სადგურის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს ენერგობლოკების გადაიარაღებისა და რეკონსტრუქციის გეგმა. კერძოდ, სპეციალისტები მოცემულ ეტაპზე ენერგობლოკების ტექნიკური გადაიარაღების ორ ვარიანტს განიხილავენ:

პირველ შემთხვევაში ტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებელი თანხა 85 მლნ 761 ათას დოლარს შეადგენს. მეორე ვარიანტის თანახმად კი _ 60 მლნ 493 ათას დოლარს.

გადაიარაღების ხანგრძლივობა ორივე შემთხვევაში 4 წელია. გამომდინარე აქედან თითოეული წლის ხარჯი, შესაბამისად, 21,4 მლნ და 15,1 მლნ დოლარი იქნება.

პირველი ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში, სადგურის დადგმული სიმძლავრე 704 მეგავატამდე გაიზრდება, მეორე შემთხვევაში კი 660 მეგავატამდე, რაც სრულიად საკმარისია ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად საქართველოს მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

"თბილსრესის" განვითარების შემდგომი, მეორე ეტაპი გულისხმობს ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვას, რადგანაც ქვეყნის მომავალი ეკონომიკის სტაბილური განვითარების გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო ეკონომიკის განვითარება ენერგეტიკის მუდმივ განვითარებასთანაა დაკავშირებული.

ელექტრონერგიის დეფიციტის დაფარვის ხელსაყრელ პირობას "თბილსრესის" დადგმულ სიმძლავრეთა ბაზაში არსებული #5 და #6 ენერგობლოკები ქმნის (ასევე ანგარიშგასაწევია #1 და #2 ენერგობლოკების გამოთავისუფლებულ ფუნდამენტებზე ახალი ბლოკების მშენებლობის პერსპექტივა).

"თბილსრესის" განვითარების მეორე ეტაპი შეიძლება განხილული იყოს სხვადასხვა ვარიანტებად. გეგმაში განხილულ ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს მეხუთე და მეექვსე ენერგობლოკების მოდერნიზაცია ორთქლის ტურბინებითა (სიმძლავრე 176 მგვტ) და ახალი, 176 მეგავატი სიმძლავრის ენერგობლოკის აშენებით. შესაძლებელია 100 მგვტ სიმძლავრის აირტურბინული დანადგარის დამონტაჟებაც. ამ უკანასკნელის აგების საშუალებას პირველი და მეორე ენერგობლოკების უკვე გამოთავისუფლებული ფუნდამენტები იძლევა.

განხილული ვარიანტის თანახმად, მე-5 და მე-6 ენერგობლოკების ჯამური დადგმული სიმძლავრე 352 მგვტ იქნება, ხოლო პირველი და მეორე ენერგობლოკების ბაზაზე აშენებული ახალი ენერგობლოკების სიმძლავრე - 276 მგვტი.

ამრიგად, "თბილსრესის" გაფართოების მეორე ეტაპის თანახმად, დამატებით 628 მლრდ კვტსთ ელენერგია მიიღება. აღნიშნული სქემის განხორციელება შესაძლებელია ორი წლის განმავლობაში (#5 და #6 ენერგობლოკები), ხოლო აირტურბინული კომპლექსისა _ 1,5 წელიწადში (საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 140 მლნ აშშ დოლარს).

"თბილსრესის" ორივე ეტაპის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ენერგოსისტემაში გაცემული ელენერგიიის რაოდენობა 6393 მლნ კვტსთ (საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრით 1332 მგვტ) იქნება, ხოლო მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობა _ 1921 მლნ კუბური მეტრი წლის განმავლობაში.

ბუნებრივი აირის ხარჯის შემცირების მიზნით (მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ საქართველოს ტრანზიტის ფასად გადაეცემა აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული მაღალი თბოუნარიანობის მქონე ბუნებრივი აირის ნაწილი, ნაწილი კი მიეყიდება შეღავათიან ფასად) ენერგეტიკოსები მიზანშეწონილად მიიჩნევენ დღის წესრიგში "თბილსრესის" ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხის დასმას.

თბოელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა რეალურ საფუძველს ქმნის
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ციკლის ასაშენებლად: სადგურის განკარგულებაშია მაზუთის შესანახი 260000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარები; ელენერგიისა და ტექნიკური წყალმომარაგების სისტემა; შემორჩენილია სარკინიგზო ქსელი, რომელიც საქართველოს რკინიგზის გარდაბნის სადგურს უკავშირდება.

თანაც, თბოელექტროსადგურის მუშაობის დროს გამომუშავებული ორთქლი
სრულად დააკმაყოფილებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკურ
ციკლს. ასე რომ, "თბილსრესის" ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟი გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონში.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაიზოგება საცეცხლე მაზუთის ტრანსპორტირებაზე გასაწევი ხარჯი.

ენერგეტიკოსთა გათვლებით, ნავთობის პირველადი გადამუშავების ქარხნის (წელიწადში დაახლოებით 1,5 მლნ ტონა ნავთობის მწარმოებლობით) აშენება ერთ წელიწადშია შესაძლებელი და იგი სავარაუდოდ 20-25 მლნ აშშ დოლარი დაჯდება. ნავთობის ნედლეულის 37%-იანი გამოსავლიანობის შემთხვევაში მიიღება 550 ათასი ტონა საცეცხლე მაზუთი, რაც წლის განმავლობაში მთლიანად უზრუნველყოფს ოთხი ენერგობლოკის მუშაობას და გამოიწვევს წარმოებული ელექტროენერგიის თვითღირებულების შემცირებას, რადგან ადგილზე წარმოებული ერთი ტონა საცეცხლე მაზუთის ფასი დაახლოებით 25 დოლარი იქნება.

"თბილსრესის" გადაიარაღების პირველი და მეორე ეტაპების საერთო ჯამური ღირებულება 220 მლნ ამერიკული დოლარია. გადაიარაღების შედეგად მიღებული სადგურის დადგმული სიმძლავრე კი 1332 მეგავატი იქნება, რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხს.

ჯიმშერ რეხვიაშვილი