ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ქართული ღვინის ძირითადი ბაზარი კვლავ ჩინეთი და რუსეთია - #3(52), 2017
რატომ ვერ ხერხდება ევროპაში ქართული ღვინის მასობრივი გაყიდვა

ორიოდე წლის წინ, ქართული ღვინის ექსპორტზე გატანის კიდევ ერთი შანსის შესახებ გახდა ცნობილი. ლაპარაკია 2014 წლის ივნისში, ქალაქ ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. სწორად ამ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება
(Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA), რაც ევროკავშირთან როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხმობს.

წესით, მალე უნდა დაადგეს საშველი აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებასაც, რომლის შესახებ 2009 წლიდან დაიწყო ლაპარაკი და 2012-ში უკვე პრეზიდენტების დონეზეც გაგრძელდა. ბოლო დროს ამერიკელი სენატორები მოუწოდებენ თავის ხელისუფლებას, დააჩქარონ და გააფორმონ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს კიდევ დამატებით შანსს აჩენს ქართული პროდუქციის ექსპორტზე გასატანად, სადაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა – ქართული ღვინის ექსპორტია.

ცოტა ხნის წინ იყო საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ქართული ღვინის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი გახდებოდა და ქართული მეღვინეობა რუსული ბაზრიდან ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყობოდა თავისუფალი სამყაროს მოთხოვნებზე. თუმცა, რეალობა გვაჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტი დასავლეთში ნელა არ იზრდება და უფრო მეტად მატულობს რუსეთის მიმართულებით. საინტერესოა, რომ ქართული ღვინის გაყიდვებმა მოიმატა ჩინეთის ბაზარზე. თუმცა, როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, ჩინური ბაზარი მაინცდამაინც მაღალი ხარისხის ღვინოზე არ არის ორიენტირებული და ხარისხის კონკურენცია მწარმოებლებს ნაკლებად ადარდებთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გამოუყენებლობის ძირითად მიზეზს ღვინის საწარმოთა დაბალი ინტერესი წარმოადგენს. გამოკითხული კომპანიების 63% აცხადებს, რომ აღნიშნული სავაჭრო რეჟიმით დაინტერესებული არ არის. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზოგადად, გამოკითხულ კომპანიებში ძალიან მცირეა ექსპორტით დაკავებული საწარმოები. თუმცა, თუ ექსპორტიორ კომპანიებს ცალკე გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ მათი 70% არ იყენებს აღნიშნულ რეჟიმს და თითქმის ნახევარი (46%) – არც არის ამით დაინტერესებული.

ქართული ღვინო "საბჭოური ნოსტალგიების" მიღმა

ღვინის ექსპერტ ქეთი ჯურხაძის აზრით, ქართული ღვინო ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე იმიტომ იყიდება და ასეთი ტენდენციის მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთში ჯერ კიდევ არაა ამოწურული ქართული ღვინისადმი ე.წ. ნოსტალგია.

ქეთი ჯურხაძე, ღვინის ექსპერტი, სომელიე:

„სამწუხაროა, რომ დასავლეთში კარგად ჯერ არ იციან მაღალი ხარისხის, არომატული ბუკეტით სავსე ქართული ღვინოები. ამიტომაც, ევროპაში მოთხოვნები სხვაა და კონკურენციის გაწევა სხვა უფრო ცნობილ ქვეყნებთან გვიწევს, რაც ამ ერთი პატარა ქვეყნისთვის არც ისე ადვილია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მიმდინარე მოვლენები, ძალიან დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის და ქართული ღვინის პოპულარიზაციაში...

შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფალ სამყაროში სწორად მიტანილ ღვინოს პირველ რიგში დიდი ცნობადობა მოაქვს, თუმცა, აქაც სიფრთხილეა საჭირო და განსასაზღვრია თუ რამდენად სწორად მივაწვდით ინფორმაციას ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაზე, რადგან ამ ბოლო დროს ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემა. ქართულ ღვინის მარნებს ვურჩევდი, რომ იფიქრონ პირველ რიგში ხარისხზე და მერე რაოდენობაზე“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მეღვინე მალხაზ ჯაყელი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ბაზრები ქართული ღვინისთვის რთულია და ძნელია იქ ადგილის დამკვიდრება. თუმცა, თუ მომავალზე გვსურს ფიქრი, აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს.

მალხაზ ჯაყელი, მეღვინე, მარან „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

„თავისუფალი ვაჭრობისა და ვაჭრობის გამარტივების ხელშეკრულებები ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ იმპორტიორს უმარტივებს გზას, მაგრამ ევროპის ქვეყნები და ამერიკა შედარებით რთული ქვეყნებია. აქ დიდი კონკურენციაა და გასაგებია, რომ უფრო ძნელია ამ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. რაც შეეხება ჩინეთს, დღეს ჩინეთის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ყველაზე მზარდია. არა მარტო ჩინური ბაზარი, არამედ ჩინური ღვინის ინდუსტრიაც ყველაზე მზარდია მსოფლიოში. რუსეთზე კი ის შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ ქართველმა მეღვინეებმა მაინც გაიხედეს უკან, რუსეთისკენ და მე ეს ძალიან არ მომწონს.

– თქვენი დაკვირვებით რომელი ქართული ღვინოები იყიდება შტატებში, რა ღირს და რა ტიპის ღვინოზეა მოთხოვნა?

– ამერიკაში ყველანაირ ქართულ ღვინოს იყიდი, მაგრამ ფართოდ ნამდვილად არაა წარმოდგენილი. იმპორტიორები შეკვეთებს ზრდიან, მაგრამ ჯერჯერობით ზრდა უფრო რესტორნების ხარჯზე ხდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ღვინის მაღაზიებში გაყიდვების გაფართოებას და გაზრდას. ძალიან ნელა იზრდება ქართული ღვინის გაყიდვები ამერიკაში. ამიტომ მეტი ძალისხმევაა საჭირო და მეტი ფულია ჩასადები ამერიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. ევროპასთან ზოგადად უკეთესადაა ქართული ღვინის ექსპორტის მდგომარეობა. ის, რამაც ევროპაში წარმატება მოგვიტანა, ასევე გადმოვიტანოთ ამერიკაში – არ იქნებოდა ცუდი. ვგულისხმობ გამოფენებში მონაწილეობას, ნატურალური და ბუნებრივი და ტრადიციული ქვევრის მეღვინეების უფრო მეტად დაფინანსებას, რათა მათ ყველგან წარმოადგინონ ქართული ღვინო. სწორედ ამან გაუთქვა სახელი ევროპაში ქართულ ღვინოს და ამას მოჰყვა ცნობადობის ზრდაც.

სამწუხაროდ, დღეს თუ ძალიან არ მოინდომე, ადვილი არ არის ამერიკაში ქართული ღვინის ყიდვა. აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას პორტალები, ვებსაიტები, ფეისბუქ-გვერდები, რომლითაც ქართული ღვინო მუდმივად `გაპიარდება~ ინგლისურ ენაზე და დაწყებული დაინტერესებული იმპორტიორიდან დამთავრებული ღვინის მოყვარული ადამიანებით – ყველას ექნება წვდომა ინფორმაციაზე, სად შეიძლება ყიდვა და ა.შ. ასეთი ხელშეწყობა ძალიან გაზრდიდა ქართული ღვინის ცნობას და გაყიდვებს.

– რა პლუსები აქვს ქართული ღვინის თავისუფალ სამყაროში ექსპორტს და რა საფრთხეებს შეიცავს რუსული ან ჩინური ბაზარი?

– ჩემი აზრით, რუსეთის ბაზრის განხილვაც კი არ ღირს. ჩინეთის ბაზარი რა საფრთხეებს შეიცავს, ამ საკითხზე ვერ მექნება ზუსტი პასუხი. მთავარი საფრთხე ალბათ ის გახლავთ, რომ ამ ბაზარზე უფრო დაბალი ხარისხის და დაბალი ფასის ღვინოზე იქნება მოთხოვნა. თუმცა, ჩინეთი იმხელაა, ყველაფერი შეუძლია აითვისოს. რაც შეეხება, ევროპის ქვეყნებს, ამერიკას, იაპონიას, ავსტრალიას, აქ თუ გზა ერთხელ გაიკვალე, შემდეგ უკვე შეგიძლია კარგად დაგეგმო ყველაფერი და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც კი გამოგივიდეს. ამ ბაზრებზე თავის დამკვიდრება, დიდი ხნით დამკვიდრებას ნიშნავს და დღეს ქართული ღვინო ტრენდულია. მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, მაგრამ მოდაშია, ასე ვთქვათ – აღმავლობის გზაზეა და გონივრული ხელშეწყობით კიდევ მეტად განვითარდება ჩვენთან მევენახეობა-მეღვინეობა.

– ამერიკელი მომხმარებელი რამდენადაა ნატურალურ ღვინოზე ორიენტირებული და ამ სეგმენტს რამდენად აქვს შტატებში პერსპექტივები?

– ნატურალურ, ბუნებრივ ღვინოებზე მოთხოვნის ზრდა ამერიკაშიც ძლიერია, როგორც მთელ მსოფლიოში. მაგრამ, ჩემი აზრით, ცოტათი დროში ჩამორჩება ევროპას. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი იზაბელ ლეჟერონის გამოფენა წელს მესამედ იმართება ნიუ-იორკში და წელს პირველად უკვე ლოს-ანჟელესში ტარდება ნოემბერში. ამ გამოფენებს, როგორც წესი, დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, იწერება წერილები და ასეთ გამოფენებში მონაწილეობა ქართველი მეღვინეებისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

ვისურვებდი, რომ ახალმა ქართულმა მარნებმა რაც შეიძლება კარგი ღვინო დააყენონ, ისე დასავლეთის ბაზარზე გაუჭირდებათ გასვლა. მნიშვნელოვანია ქართველი დამწყები მეღვინეების გამოფენებზე წაყვანა, რათა გაეცნონ სხვების ღვინოებს და თავიანთი სხვა წარუდგინონ. ამ გამოფენებზე დადიან იმპორტიორები, ღვინის სომელიეები რესტორნებიდან, ღვინის თემაზე მწერლები, ჟურნალისტები თუ უბრალოდ ღვინის მოყვარულები. მოკლედ, მნიშვნელოვანი ადგილია მეღვინეებისა და ღვინის დამფასებლებისთვის და სწორედ იქ იქმნება ღვინის მარკეტინგიც“.

მცირე მარნებს თვალი კვლავ ევროპისკენ უჭირავთ

ქართული მცირე მარნების მფლობელთა უმეტესობა დასავლეთის ბაზარს კვლავაც იმედის თვალით უყურებს. ბევრ მათგანს უკვე ღვინის რეალიზაციის პრობლემაც მოხსნილი აქვს და მათთვის მთავარი ქართული ღვინის სხვა ღვინოებთან ხარისხობრივი კონკურენციაა. მცირე მარან „იბერიელის“ მფლობელი, ზურა თოფურიძე გურიაში ჩხავერს, კახეთში კი საფერავს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში აყენებს და რამდენიმე ქვეყანაში ყიდის. გამოცდილი მეღვინე ფიქრობს, რომ ღვინის რეალიზაციისთვის უმთავრესი თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი კონკურენციაა.

`თავისუფალი ვაჭრობა აპრიორი გაყიდვების მომატებას სულაც არ ნიშნავს. ეს ნიშნავს მათ თავისუფალ ბაზარზე თავისუფალ შესვლას. ჰოდა, ღვინო თუ ვერ არის კონკურენტუნარიანი, ვერც გაყიდი. ჩინეთის და რუსეთის ბაზრებზე კი ალბათ არის ქართული ღვინო კონკურეტუნარიანი და იყიდება კიდეც. ნატურალურ, ანუ ბუნებრივ ღვინოს რაც შეეხება, მე ვხედავ, რომ გაყიდვები მატულობს ევროპასა და ამერიკაში.

დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ რუსეთის და ჩინეთის ბაზარში. ეს ბაზრებიც ვითარდებიან და ხარისხიანი ღვინისკენ იწყებენ ყურებას. ეკონომიკისთვის ეს მშვენიერია. ერთი საფრთხე ის არის, რომ ამ ბაზრების დაკეტვის შემთხვევაში, ინდუსტრიული ღვინის მწარმოებლებს ფინანსური დეფოლტი გარანტირებული აქვთ. ღვინით მოვაჭრეებს მე არ დავკავშირებივარ, თვითონ დამიკავშირდნენ, კი არ ვტრაბახობ, უბრალოდ ასე მოხდა. ახლა ვყიდი ღვინოს ევროპაში, აშშ-ში, ავსტრალიაში და იაპონიაში“, – ამბობს ზურა თოფურიძე.

გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი გურჯაანთან ახლოს, სოფელ ბაკურციხეში მდებარეობს. 100 წელზე მეტი ხნის მარანი მამას, ზაზა გოდერძიშვილსა და მის შვილებს ელგუჯასა და ლევანს ეკუთვნით. გოდერძიშვილების ოჯახმა სულ რამდენიმე წელია, რაც ღვინის ბოთლში ჩამოსხმა დაიწყო და მათი ღვინოები, კახური ტრადიციული წესით, 6-თვიანი მაცერაცის მეთოდით დაყენებული რქაწითელიცა და წითელი მშრალი საფერავიც ღვინის მოყვარულებმა თბილისშიც და უკვე საზღვარგარეთაც გაიცნეს.

გოდერძიშვილებს მხოლოდ ქვევრში 35 ტონა ღვინის დაყენების პოტენციალი აქვთ, რაც მცირე მარნისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ასევე აქვთ თანამედროვე ტიპის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ავზები, რომელთა საერთო მოცულობა 2200 ლიტრია. ზაზა გოდერძიშვილი ამბობს, რომ კარგი ღვინო ყოველთვის უპრობლემოდ გაიყიდება და მათ ღვინის გასაღების პრობლემა არასოდეს ჰქონიათ. მით უმეტეს, რომ ძველ დროში მის დიდ პაპას იმდენი მოსავალი მოჰყავდა, რომ ამ ქვევრებს ბოლომდე ავსებდა. თურმე ისეთი წლებიც ყოფილა, როდესაც ღვინისთვის მარანი არ ჰყოფნიდა და ყურძენს მეზობლების ქვევრებში წურავდა.

ზაზა გოდერძიშვილი, გოდერძიშვილების მარნის მფლობელი, მეღვინე:

`პაპაჩემი მართლაც ძალიან ბევრ ღვინოს აყენებდა და უზარმაზარი რუმბებით თბილისში ყიდდა. შემდეგ ეს ბიზნესი განავითარა და იმდენი შეძლო, რომ მეფის რუსეთის დროს, პაპაჩემი ღვინოს ვლადიკავკაზშიც ჰყიდდა, რაც მაშინ ადვილი საქმე ნამდვილად არ იყო. მე და ჩემმა შვილებმა გადავწყვიტეთ წინაპრების კვალს გავყვეთ და ისეთი ღვინო ვაწარმოოთ, რომელიც საქართველოშიც მოეწონებათ და უცხოეთშიც. შეიძლება ახლა ევროპაში ჯერ ვერ გადის იმ რაოდენობის ღვინო რაც სასურველია რომ გადიოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ როდესაც ყველა გაიგებს ქართული ღვინის სიკეთეებს, კონკურენტუნარიანებიც გავხდებით და ფულსაც ვიშოვით“.

ევროპასთან და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაცია რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, ეს ევროკავშირთან ხელმოწერილმა მნიშვნელოვანმა ხელშეკრულებებმა დაადასტურეს და არავინ დავობს იმაზე, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ქართული ღვინის ბიზნესის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირებით სასურველი ხეირი საქართველოს ჯერ არ უნახავს და ქართული პროდუქტები – პირველ ყოვლისა კი ღვინო – ძირითადად ძველი, კარგად ნაცნობი და „გათელილი“ გზით კვლავ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადის, სადაც ხარისხზე დიდი მნიშვნელობა სასმელის სიიაფეს ენიჭება. ღვინის ექსპერტები და მარკეტინგის სპეციალისტები კი თანხმდებიან იმაზე, რომ ქართულ ღვინოს, ქვეყანაში წარმოებული ღვინის საერთო მცირე მოცულობის გამო, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე იაფფასიან სეგმენტში კონკურენციის შანსი ნაკლებად აქვს. ჩვენი ღვინის ადგილი საშუალო და ძვირ საფასო სეგმენტში უნდა ვეძიოთ.

ლევან სეფისკვერაძე