ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
შიდა ქართლში ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენებამ იმატა - #3(52), 2017
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში გათვითცნობიერებულ ფერმერთა ჩართულობა შედეგებს უკვე იძლევა. ამის კარგი მაგალითი მიმდინარე წლის სექტემბერში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ორგანიზებული „ვაშლის მინდვრის დღე“ იყო. სტუმრებს კომპანია „აგრო-კომის“ მიერ 10 ჰექტარზე გაშენებულ ხეხილის ბაღში საშუალება ჰქონდათ ინტენსიური ტიპის ბაღის სიკეთეებთან ერთად, იმ აგროტექნიკურ ღონისძიებებსა (მცენარეთა დაცვა, სასუქების გამოყენება, წვეთოვანი მორწყვა) და საშუალებებს გაცნობოდნენ, რომლებმაც საკმაოდ მოკლე დროში უნაყოფო, ხრიოკი ნიადაგის სრულად გაკეთილშობილება შეძლეს.

კომპანია „აგრო-კომის“ დამფუძნებლებმა ირაკლი მერკვილიშვილმა და მამუკა მერებაშვილმა აგროსექტორში თანამშრომლობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყეს. ერთობლივი ბიზნესით დაკავებულებს უცხოელ დონორებთან პირველი კონტაქტი 2007 წელს ჰქონდათ. საზოგადოება „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობა“ შიდა ქართლში განსახორციელებელი პროექტისთვის აგრონომებს ეძებდა, რომლებიც მეხილეობის მიმართულებით დარგის განვითარებას ხელს შეუწყობდნენ. მათ უშუალო მონაწილეობა უნდა მიეღოთ თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვაში, რისთვისაც უნდა გაშენებულიყო შიდა ქართლში პირველი ინტენსიური ტიპის ვაშლის (სუსტ საძირეზე) ბაღი.

ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში 2 ჰექტარზე გაშენდა ბაღი, სადაც პროექტის ფარგლებში მხოლოდ უცხოეთიდან შემოტანილი საძირეები დაირგო. წარმოების პროცესის პარალელურად ქართველი სპეციალისტების გერმანიასა და ჰოლანდიაში გადამზადება ხდებოდა.

წარმატებული სტარტის შემდეგ, დღის წესრიგში საკონსულტაციო სამსახურის შექმნა დადგა. მთავარი მიზანი ჯერ რეგიონში ფერმერული მეურნეობების შექმნის წახალისება, შემდეგ კი მათი მოდერნიზება იყო. ყველაფერს ერთად, სწორი მატერიალური დანახარჯებით უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტი უნდა მოეტანა. იდეამ გაამართლა, მაგრამ ჰქონდა მინუსებიც – კონსულტაციაში ფულის გადახდის სურვილი ბევრს არ ჰქონდა.

მხოლოდ საკონსულტაციო პროფილით რომ არ შემოფარგლულიყვნენ, 2011 წლიდან ახალი რებრენდინგითა და მიზნებით გორში დაფუძნებული კომპანია „აგრო-კომის“ სახელით ფერმერთა მომსახურებისა და ტრეინინგების ცენტრი ამუშავდა. მეხილეობის დარგში კონსულტაციების გაცემა, ფერმერთა გადამზადება, მათთვის პროდუქციის შეთავაზება, ასევე სერვისის მიწოდება და ამ სერვისის განხორციელება – ესაა მომსახურების ჩამონათვალი, რასაც დღეისთვის „აგრო-კომში“ ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოსული ფერმერები იღებენ.

„დავიწყეთ 4 ადამიანით და ექვსი წლის შემდეგ 56 ვართ. ეს ძალიან კარგი შედეგია. ერთი თვის წინ განვაახლეთ პარტნიორთა ლოგოები და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში მათი რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 25 გახდა. დავნერგეთ მეხილეობაში წარმოების ახალი კულტურა, შემოვიყვანეთ საქართველოში ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ადრე არ ოპერირებდნენ. ამან ფერმერული მეურნეობებისთვის ყველა მიმართულებით ძალიან მარტივი გახადა წარმოების პროცესი. ჩვენთან ყოველთვის იყო მოთხოვნა ხარისხიან სარგავ მასალაზე, სასუქებზე, წვეთოვანი რწყვის სისტემებზე, ტექნიკაზე, პესტიციდებზე და დავიწყეთ ამ ყველაფრის მოძიება, შექმნა“, – ამბობს „აგრო-კომის“ დირექტორი ირაკლი მერკვილიშვილი.

2015 წლამდე კომპანია მხოლოდ საცდელ მეურნეობებში საპილოტე პროექტების რეალიზაციით კმაყოფილდებოდა. გადაწყდა საკუთარი მიწის ნაკვეთის შეძენა და მასზე ისეთი ხეხილის ბაღის მოწყობა, რომლის დაინტერესებული ფერმერებისთვის ჩვენებით, იმის პრეცედენტი შეიქმნება, რას შეიძლება მიაღწიონ კომპანიის მიერ გაწეული რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარებით.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში პირველ ეტაპზე შეირჩა 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საწყისი სირთულეების (ნიადაგის ნორმაზე მაღალი მჟავიანობა, ელექტროენერგიის, წყლის უქონლობა) გადალახვის შემდეგ, საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში აქ ვაშლის ბაღი გაშენდა.

„ნიადაგის ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მომზადება მიმდინარეობდა. შარშან მარტიდან დავიწყეთ ეს პროცესი და მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. ძალიან დაგვეხმარა სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში ფერმერს 1 ჰა-ზე 10000 ლარის სუბსიდირება ეძლევა ნერგების შესაძენად. ამავე პროექტით შეიძლება წვეთოვანი მორწყვის სისტემის შეძენაც.

იტალიური კომპანია „გრუბერ ჯენეტი“ წელიწადში აწარმოებს 2,5 მილიონ ვაშლის ნერგს. მათზე ჩვენი არჩევანი სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ იგი მხოლოდ ვაშლის ნერგის წარმოებით პროფილდება. პირველი ნერგი 15 მაისს შემოვიდა. 1 ივნისიდან დავიწყეთ 12 ათასი ნერგის ღია გრუნტში გადარგვა. დარგვის პროცესი 22 ივნისს დამთავრდა.

ყველა ხარჯის გათვალისწინებით 1 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენების სტანდარტული ფასი 40-50 ათას ლარის ფარგლებში მერყეობს. ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებით შარშან ივნისში დარგული ბაღის 98-მა პროცენტმა გაიხარა და წელს უკვე სრულ 7 ჰექტარზე (დარჩენილ 3 ჰა-ზე ვაშლისა და მსხლის ბაღი 2017 წლის გაზაფხულზე გაშენდა – ავტორი) 50 ტონა მოსავალი მივიღეთ. ეს კი, იმის გათვალისწინებით, რომ 4 წელიწადში ჰექტარზე მაქსიმალური ნორმა 70-80 ტონა უნდა მივიღოთ, შესანიშნავი შედეგია“, – აცხადებს ირაკლი მერკვილიშვილი.

კომპანიის მენეჯმენტმა შიდა ბაზრის მარკეტინგული პოტენციალის შესწავლის შემდეგ არჩევანი მთლიანად უცხოურ ჯიშებზე შეაჩერა: „რედ დელიშესი“, „სკარლეტი“, „გოლდენ რაინდერსი“, „გოლდენ პარსი და როსა“, „გალა შნიტცერი“ და სხვა.

მერაბ ბარათაშვილი (სასოფლო-სამეურნეო დარგის ექსპერტი):

„ახალი ჯიშებისა და ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია არსებულ დივერსიფიცირებულ შიდა თუ გარე ბაზარზე არათუ წარმატების მიღწევა, არამედ თუნდაც სულ მცირე ნიშის დაკავება. ბაზარზე კონკურენტი შემოდის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მინიმალური ფიზიკური შრომით წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტით.

„აგრო-კომის“ მაგალითი ერთ-ერთია ქართულ სინამდვილეში, სადაც ახალი უხვმოსავლიანი ნაგალა ვაშლის ჯიშების გამოყენებით, თანამედროვე მენეჯმენტით, ახალი ტექნოლოგიებით, მცენარეთა დაცვის და მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებებით მიღწეული იქნა პროდუქციის მაღალი ხარისხი და შესაბამისი წარმატებაც“.

საქართველოში ვაშლის წლიური შიდა წარმოება 110-150 ათას ტონას შეადგენს. ამავე პერიოდში ადგილობრივი ბაზარი 75 ათას ტონას მოიხმარს. უკვე ეს მიუთითებს ხარისხიანი ვაშლის დეფიციტზე და ალბათ, მეტწილად ამიტომაცაა ჩვენი მარკეტები გაჯერებული უცხოეთიდან შემოტანილი შესაბამისი პროდუქციით. „აგრო-კომში“ სწორედ ამით ხსნიან არჩევანის იტალიაში გამოყვანილ ინოვაციურ ჯიშებზე შეჩერებას. აქ დარწმუნებული არიან, რომ კონკურენციას ადგილობრივთან ერთად შემოტანილ პროდუქციასაც გაუწევენ.

ირაკლი მერკვილიშვილი ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტთან ვაშლის გაუმართლებლად მაღალ სარეალიზაციო ფასსაც აკავშირებს:

„ფასიდან გამომდინარე ვაშლი მთლად ხელმისაწვდომი პროდუქტი აღარაა. დღევანდელი სიტუაციით ჩემგან რეალიზატორის მიერ წასაღები ფასი 1,5-2,5 ლარია. როცა 1 კილო ვაშლის წარმოება 30 თეთრი მიჯდება, ჩემთვის მისი სარეალიზაციო ფასი 70-80 თეთრის ფარგლებშიც რომ იყოს, მაინც მშვენიერი მოგება იქნება. თუმცა, ბაზარზე ხარისხიანი ვაშლის დეფიციტი სფეროს დისტრიბუტორებს ფასის მატებისკენ უბიძგებს“.

მეხილეობა ძალიან ბევრ რისკ-ფაქტორთანაა დაკავშირებული. წარმოების რიგ ეტაპებზე ამ პროცესების დაზღვევა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი. „აგრო-კომმა“ ქვეყანაში ერთ-ერთმა პირველმა შეასრულა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი. ცნობილია, რომ გერმანიაშიც კი, ავსტრიიდან და იტალიიდან ყიდულობენ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს. კომპანიამ მიღებული შეკვეთის შემდეგ იტალიაში შეიძინა ეს ბადეები და პირველად 5,5 ჰა ფართობზე სოფელ კვარხეთში დაამონტაჟა ისინი. სპეციალურად განსწავლულმა სამუშაო ჯგუფმა წელს უკვე სოფელ ქვემო არცევში 8 ჰექტარზე შეასრულა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი.

„ცუდია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი „გლეხური“ მეურნეობაა და მათი ფერმერულად გარდაქმნისთვის ადამიანებს ცოდნისა და მოწინავე ინტენსიური ტექნოლოგიების შესაძენად თანხის გაღება უჭირთ. ამ პრობლემას ორი მხარე აქვს – მენტალური და მატერიალური. რაც მალე მივა ჩვენთან მცხოვრები მეწარმე იმ აზრამდე, რომ საკარმიდამო ნაკვეთებზე ხეხილის წარმოებას, გაწეული ხარჯისა და მიღებული პროდუქციის ხარისხის მხრივ კოოპერატივებად გაერთიანებული წარმოება აჯობებს, მით მალე დაეტყობა დარგს უკეთესობა“, – ამბობს ირაკლი მერკვილიშვილი.

„აგრო-კომში“ მიაჩნიათ, რომ კერძო ინვესტირების გარდა, მათ წარმატებულ მუშაობაში დიდი როლი სახელმწიფო პროექტების დაწყებამ და მათში კომპანიის მონაწილეობამ ითამაშა. აქ მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული ხეხილის ბაღები ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან 1200 ჰექტარი შიდა ქართლზე მოდის. თუ გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ე.წ. საბჭოთა მეურნეობების მიერ შიდა ქართლის მასშტაბით „ათვისებულ“ 9000-11000 ჰექტარს შევადარებთ, „აყვავებისგან“ ჯერ კიდევ შორს ვართ. თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ფერმერთა „გამოფხიზლებას“ ამ მაჩვენებლის მატება შეუძლია:

„ბევრს შესაძლოა რთული ეგონოს, მაგრამ სათანადო განსწავლულობის პირობებში, საკმაოდ მარტივია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტებიდან თანხის მიღება. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ფერმერისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ 90 გრადუსით შეცვალა. თუ ვიაქტიურებთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და იმპორტული ხილის ხვედრითი წილი ჩვენს ბაზარზე თანდათან შემცირდება“.

„აგრო-კომი“ საქართველოში აღნიშნული სპეციფიკით მომუშავე კომპანიებიდან მარტო არაა. შესაბამისად, ბაზრის განვითარებამ კონკურენციის ფერხულში ყოფნა აუცილებელი გახადა. ამ მიზნით საჭირო გახდა წვეთოვანი მორწყვის სისტემების შემოტანა და მათი წარმოებაში დანერგვა. ცნობილია, რომ წვეთოვანი მორწყვა მოსავალს მინიმუმ ასამმაგებს, რაც ადგილობრივი მომხმარებლისთვის ამ პროდუქტსაც მიმზიდველს ხდის.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის ასეთი კომპლექსური კომპანიების რიცხვი საქართველოში მატულობს. ეს კომპანიებს შორის კონკურენციას ზრდის და მომხმარებელს სასურველი ხარისხიანი უცხოური პროდუქტის შესაძენად მეტი არჩევანის საშუალებას აძლევს. ამუშავებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსების მოპოვება კი, ფერმერს საკუთარ წარმოებაში ინტენსიური ტექნოლოგიების დასანერგად ამ პროდუქტის შესაძენ დამატებით წყაროს უჩენს.

ფრიდონ კერვალიშვილი