ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
მძიმე წარსულის და დიდი პერსპექტივის მქონე ქართული მეღვინეობა - #4(53), 2017
როგორ ვითარდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აგრარული მიმართულება

მევენახეობა-მეღვინეობას უძველესი დროიდან მისდევდნენ საქართველოში. გასაკვირია, რომ ამ პატარა ქვეყანაში საუკუნეთა მანძილზე არსებობდა ვაზის ჯიშებისა და ღვინის მრავალი სახეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მუსულმანური იმპერიების გარემოცვაში იყო და ზვრები ხშირად იჩეხებოდა დამპყრობელთა მიერ, მეღვინეობა მაინც არ ჩამკვდარა და არ ამოძირკვულა. ქართული მეღვინეობა განადგურებას გადაურჩა საბჭოთა პერიოდშიც – როდესაც ღვინის ფალსიფიკაციამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია...

მევენახეობა და ღვინის წარმოება გამორჩეულია დღევანდელი საქართველოს აგრარულ სექტორში – ენოინდუსტრიაში საქართველოს უდავოდ თვალსაჩინო მიღწევები აქვს.

ღვინის წარმოების უძველესი კერები აღმოჩენილია საქართველოსა და სომხეთში, ირანსა და ჩინეთში. ბიბლიის დასაწყისშივე მოხსენიებულია ღვინო, როდესაც წარღვნას გადარჩენილმა ნოემ ყურძენი დაწურა და მიღებული
სასმელით დათვრა. მესოპოტამია და ეგვიპტე იცნობდნენ ღვინის წარმოებას. ღვინო ბევრჯერ არის ნახსენები ახალ აღთქმაშიც. ქორწილში მყოფმა იესომ წყალი ჩინებულ ღვინოდ აქცია. ღვინო ნახსენებია ჰომეროსის ეპოსში. ომარ
ხაიამი, საადი და ჰაფეზი ღვინის დიდი მეხოტბე პოეტები იყვნენ.

ებრაულად ღვინო არის იაინ, ბერძნულად – ოინოს, სომხურად – გინი. ბევრ ინდოევროპულ ენაში სიტყვა „ღვინოს“ მსგავსი ჟღერადობა აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა წინე ეტიმოლოგიურად უკავშირდება სიტყვას
„ღვინო“. მეცნიერთა აზრით, ქართული სიტყვა „ღვინო“ ყველაზე ახლოს დგას ღვინის აღმნიშვნელ პროტოინდოევროპულ სიტყვასთან. არის ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ქართული მეღვინეობა დაიწყო სამცხე-ჯავახეთიდან,
რადგან სამცხეში ვაზის კულტურის განვითარებისთვის ხელშემწყობი ჰავაა.

ქართული ღვინო და მსოფლიო

2017 წლის 13 ნოემბერს გაზ. New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია: "რვა ათასი წლის დაძველებული ღვინო პრეისტორიული საქართველოდან“. სტატია იწყება სადღეგრძელოთი: „ვადღეგრძელოთ საქართველო, რომელიც ახლა შეიძლება მივიჩნიოთ ღვინის სამშობლოდ“. NYT-ის ამ სტატიის მიხედვით თბილისიდან 30 კმ-ის დაშორებით აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომელზეც ეტყობოდა ღვინის კვალი. ამაზე საუბრობს მოლეკულური
არქეოლოგი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან პატრიკ მაკგოვერნი. რადიოკარბონული დათარიღებით ღვინის კვალი 6000-5800 წლისაა (ძვ. წ.). ამ აღმოჩენას 14 ნოემბერს გამოეხმაურა ქართული ღვინის მხარდამჭერი
პორტალი Hvino News. ეს პორტალი მუდმივად აქვეყნებს ქართული ღვინის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკას. პატრიკ მაკგოვერნი წლების მანძილზე არქეოლოგიურ ძიებას ეწევა ევრაზიის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ირანში (ზაგროსი) მერი მატილდა ვოითის მიერ აღმოჩენილ იქნა 7400 წლის წინანდელი ღვინის მჟავას კვალი ექვს 9-ლიტრიან ქოცოებში. ირანშივე (გოდინტეპე) იქნა ნაპოვნი უფრო გვიანდელი დროის 30 და 60-ლიტრიანი ჭურები. სომხეთში 2011 წლის იანვარში აღმოაჩინეს 6000 წლის წინანდელი
მარანი. მეცნიერთა დასკვნის თანახმად, ვაზის სახეობა Vitis vinifera გავრცელებული იყო ძველი ეპოქის ირანსა და კავკასიაში.

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გასული წლის 8 ნოემბერს დაიხურა ოთხთვიანი გამოფენა „საქართველო – ღვინის აკვანი“. გამოფენას უძღვებოდნენ საქართველოს საელჩო საფრანგეთში და ღვინის ეროვნული სააგენტო. Hvino News-ის თანახმად, გასული, 2017 წლის 1 დეკემბერს ჰოლანდიის ქალაქ რეისვეიკში გაიმართა ყოველწლიური დეგუსტაცია Wine Weekend, სადაც 50 კომპანიაა წარმოდგენილი. ქართულ ღვინოს აქ ცალკე სტენდი აქვს დათმობილი. ექვსმა ქართულმა კომპანიამ („ბაგრატიონი 1882“, `გოცაძეების ოჯახის ღვინოები~, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, `კონჭო და კომპანია~, `ფაფრის ველი~) 12 დასახელების ღვინო წარმოადგინა. ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე ქართული კომპანიები პირველად იღებენ მონაწილეობას. გავიხსენოთ ისიც, რომ ფინანსური ინფორმაციის პროვაიდერმა, კერძო სამაუწყებლო კომპანია Bloomberg-მა 2015 წლის დეკემბერში ქართული კომპანია „ხოხბის ცრემლების“ (სიღნაღის
რ-ნი, სოფ. ტიბაანი) ღვინო „რქაწითელი“ იმ 50 საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც $50-ზე ნაკლები ღირს. სწორად ჩატარებული PR‑კამპანიის შედეგია ის, რომ შარშან, სექტემბერში, ჩინეთში გაიხსნა ქართული ღვინის მუზეუმი. ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს ისიც, რომ სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა 2018 წლის 17-21 ივნისს საქართველოში ჩატარდება. გასული წლის 6 დეკემბერს ტოკიოსა და ოსაკაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი პერსპექტიული და და მზარდი ბაზარია. 2017 წლის 11 თვის მონაცემების თანახმად, იაპონიაში ექსპორტირებულია 155 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ასეთი ცნობადობა და აღიარება მსოფლიოში ქართული ღვინის ბაზრის გაფართოებას შეუწყობს ხელს. მსოფლიო ღვინის ბაზარზე კონკურენცია სულ უფრო გამძაფრდა. ძალზე ბევრი აზიური, ლათინოამერიკული და ევროპული
ქვეყანა მისდევს ღვინის წარმოებას. მეღვინეობას ავითარებენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც ადრე არ იყვნენ ამ დარგით ცნობილნი. ეს ქვეყნებია: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ჩილე, მექსიკა, აშშ... გლობალურმა დათბობამ ღვინის წარმოება შესაძლებელი გახადა კანადასა და ბრიტანეთში. კანადასა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში გავრცელებულია სიცივის ამტანი ვაზის ჯიში ვიდალ-ბლანი. ღვინის წარმოების ისეთ ტრადიციულ ევროპულ ცენტრებს, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია,
უნგრეთი, ავსტრია, მზარდ კონკურენტულ გარემოში უწევთ საკუთარი პროდუქციის გასაღება. ბევრმა ქვეყანამ მიჰყო ხელი მევენახეობა-მეღვინეობას და ავითარებს ამ დარგს.

ღვინის ეკონომიკას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. მსოფლიოში იზრდება მოთხოვნილება ალკოჰოლის შემცველ სასმელებზე. ამიტომაც ფართოვდება ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება. იქმნება ბევრი
ფალსიფიკატი და ხშირია ღვინის სახელწოდებათა მითვისება სხვა ქვეყნების მიერ, რასაც ქართველი მეღვინეები მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით ებრძვიან. თვით საფრანგეთს და იტალიას, ასევე ესპანეთს უჭირთ მზარდ
კონკურენტულ გარემოში საკუთარი ღვინოების გასაღება. ეს კი ასეა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის ფრანგული სამარკო ღვინოები მაინც პირველ ადგილზეა. ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია ისე გამძაფრებულია, რომ ფალსიფიცირებულ ან მდარე ღვინოს მყისვე შეამჩნევენ და დაიწუნებენ. რეგულარულად ხდება პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება. არსე ბობს სპეციალიზებული სამეცნიერო ჟურნალები, სადაც ვაზის ჯიშებზე, ღვინის ტესტირების, შენახვის, ტრანსპორტირების ახალ მეთოდებზე ქვეყნდება სტატიები. 

მსოფლიოში ფრანგულ პარფიუმერიაზე არანაკლებ ცნობილია ფრანგული ღვინო. ფრანგული ღვინის ეკონომიკის ყოველწლიური შემოსავალი 18 მლრდ ევროა. ვაზის ფრანგული ჯიშები – სირა (შირაზი), შარდონე, კაბერნე სოვინიონი, მერლო, ფოლ ბლანში, რუსანი, პინო ნუარი, პინო მენიე შეუძლებელია გაგონილი არ ჰქონდეს იმასაც კი, ვინც შორს დგას მევენახეობა-მეღვინეობისაგან. შარდონე, სოვინიონ ბლანი, მერლო და სხვა ფრანგული ჯიშები კახეთშიც გავრცელდა. პარიზშია მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის სათავო ოფისი. ქალაქ მონპელიეში მდებარეობს ნაციონალური უმაღლესი აგრონომიული სკოლა (დაარსდა 1842 წ.). აშშ-ის ქალაქ დეივისში კი მდებარეობს ღვინის შემსწავლელი ცენტრი კალიფორნიის უნივერსიტეტთან.
მსოფლიოში ცნობილი ღვინის კრიტიკოსები არიან ჯერემი ოლივერი, ლუკა მარონი, ბობ კემპბელი, კიმ მარკუსი, ბრიუს სანდერსონი და სხვ. სწორედ ამერიკული სპეციალიზებული ჟურნალის ჭინე შპეცტატორ (გამოდის წელიწადში 15-ჯერ) ყოველწლიური რეიტინგი – მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ტოპ-ასეული (ქვეყნდება 1988 წლიდან) არის ორიენტირი ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის მთელ მსოფლიოში. ეს რეიტინგი მეღვინეებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსისტებისათვის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების S&P-ისა და Moody’s-ის შეფასებები. Wine Spectator-ის ყოველწლიურ რეიტინგში შარშან უმეტესად
კალიფორნიული ღვინოები იკავებდნენ ზედა ადგილებს. ესაა Napa Valley-ში დამზადებული ღვინოები. 2014 წელს სამი დასახელების პორტუგალიური ღვინო მოხვდა ამ ტოპასეულის პირველ ათეულში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ
ამ რეიტინგს არ ეთანხმებიან ცნობილი მეღვინეები და ღვინის კრიტიკოსები, მაგრამ Wine Spectator-ის რეიტინგი მაინც ყველაზე ავტორიტეტულად და კომპეტენტურად მიიჩნევა. ჟურნალ Wine Enthusiast-ს თავისი საკუთარი ტოპასეული აქვს შედგენილი. ცნობილია ასევე ღვინის ექსპერტის, რობერტ პარკერის ორ თვეში ერთხელ გამომავალი ბიულეტენი The Wine Advocate. ღვინოების ექსპერტიზებს რეგულარულად აქვეყნებენ გერმანულენოვანი ჟურნალი Falstaff, ინგლისური ჟურნალი Decanter... ამ მეტად პრესტიჟულ
რეიტინგებში ქართული ღვინოები ჯერ არასოდეს მოხვედრილა.

მცირე სტატისტიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად ქართული ღვინის ექსპორტი ფართოვდება. ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება რუსეთში, პოლონეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. ჩინელების დიდი ყურადღება ქართული
მეღვინეობისადმი წარმოშობს მოლოდინს, რომ საქართველოს ღვინო დაიკავებს დომინანტურ ადგილს ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე. ჩინეთში 50 ქართული ღვინის სახლია გახსნილი. ჩინეთში აპირებენ ქართული ვაზის ჯიშების
გაშენებას. გასული წლის აპრილში ჩინური დელეგაცია ეწვია კახეთს, დაათვალიერა მარნები და ზვრები, გაეცნო ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. ეს ამბავი გასახარიც არის და იმავდროულად საწუხარიც გახლავთ, რადგან დიდი
ალბათობით, ჩინელები სრულად აითვისებენ ბოთლის და ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს და ეს უკვე იქნება ჩინური მეღვინეობა. ჩინეთის პროვინციებში საკმაოდაა ზვრების გასაშენებლად ვარგისი ადგილები. სადაც
ჩინელები მივიდნენ და შეისწავლეს რომელიმე დარგი, მალე ყველაფერი სრულად აითვისეს და საკუთარ ქვეყანაში წარმოება დაიწყეს. არა მხოლოდ საშუალოტექნოლოგიურ დარგებში, არამედ მაღალტექნოლოგიურ დარგებშიც ჩინეთის წინსვლა გასაოცარია.

2017 წლის მარტში ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვები პროდუქტების გამოფენაზე (ტარდება 1955 წლიდან) ქართველ მეღვინეთა 27 კომპანია მონაწილეობდა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 45%-ით. მსოფლიოს 30 ქვეყანას საქართველომ დროის ამ მონაკვეთში მიაწოდა 11,5 მლნ ბოთლი ღვინო. 2017 წლის იანვარ-მარტში მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14.199.018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 8.987.745 ბოთლი, ჩინეთი – 1.794.200 ბოთლი, უკრაინა – 1.305.508 ბოთლი, პოლონეთი – 561.294 ბოთლი, ყაზახეთი – 473.315 ბოთლი.

ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის მონაცემები 2017 წლის 11 თვის მანძილზე ასეთია: 2017 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 70,2 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ამ პერიოდში ექსპორტირებულია $154,8 მლნ ღირებულების
ღვინო, რაც 49%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 38% (6.736.081 ბოთლი), რუსეთი – 76% (43.903.947 ბოთლი), უკრაინა – 48% (7.660.334 ბოთლი), პოლონეთი – 12% (2.388.352 ბოთლი), ლატვია – 29%
(1.467.464 ბოთლი), ბელორუსი – 59% (1.682.008 ბოთლი), აშშ – 51% (445.020 ბოთლი).

გარდა ამისა, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16.337.174 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 82%-ით მეტია 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. მთლიანად ექსპორტირებულია $35,3 მლნ-ის ღირებულების ბრენდი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა აღწევს
75%-ს. მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტით მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში შეადგენს $257,7 მლნ‑ს. 2016 წელთან შედარებით, 2017-ში ზრდამ 47% შეადგინა.

ამავე პერიოდში მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 251 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ შეადგინა 170%. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი შეადგენს $767,7 ათასს. ზრდამ შარშანდელთან
შედარებით 142%-ს მიაღწია. როგორც ამ სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ვხედავთ, ქართული ღვინის ეკონომიკის წინსვლა აშკარაა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე ქართულ ღვინოს ჰყავს ანგარიშგასაწევი
კონკურენტი – მოლდოვური ღვინოები.

2011 წელს სახელმწიფომ შეიმუშავა საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმა მეღვინეობისთვის. ამ გეგმის შემდგენელნი არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო
სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის მწარმოებელი კომპანიები. ამ გეგმაში საუბარია ქართული ღვინის ექსპორტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მძიმე წარსული

ქართული ღვინის პერსპექტივაზე ლაპარაკისას უნდა გავიხსენოთ საბჭოთა საქართველოს პერიოდი. ედუარდ შევარდნაძის ცკ-ის მდივნობის დროინდელმა ღვინის დიდმა ფალსიფიკაციამ ქართულ ღვინო ძალიან აზარალა. მაშინ,
კახეთის ღვინის ქარხნებში ტონობით შაქარი შეჰქონდათ და ასე ზრდიდნენ წარმოების მოცულობას. ამის მიუხედავად, ასეთი ქართული ღვინო მაინც იყიდებოდა საბჭოთა რუსეთის ბაზრებზე, რადგან მომხმარებელს მეტად მცირე
არჩევანი ჰქონდა.

საბჭოთა პერიოდში, კუბის ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით 80-იან წლებში თბილისის მაღაზიებში შემოიტანეს კუბური რომი და სხვა კუბური ალკოჰოლური სასმელები. საბჭოთა მოქალაქეს თითქმის არასოდეს ჰქონდა ნანახი ფრანგული, უნგრული, იტალიური ღვინოები. ქარხნის ღვინით სტუმრის გამასპინძლება საქართველოში სათაკილო იყო, რადგან სასმელი არაფრად ვარგოდა და მისი ხარისხი სულ უფრო ეცემოდა. `ღვინის ქვეყანაში~ საქორწილოდ ან საქელეხოდ ღვინის საყიდლად თბილისიდან კახეთში ჩადიოდნენ და ეძებდნენ ოჯახებში დაყენებულ ღვინოებს. არაფრად ვარგოდა მაშინდელი ორდინარული ბოთლის ღვინოები: „ჰერეთი“, „გარეჯი“ და სხვ., მაგრამ ეს ღვინოები მაინც გამოდიოდა 80-იან წლებში. საბჭოთა დროს აწარმოებდნენ ქართული `შამპანურსაც~, რომელზეც კარგს ვერაფერს იტყოდი. არ ვარგოდა არც მაშინდელი ბოთლის ლუდი, რომელიც მუდამ დეფიციტური სასმელი იყო. ელიტური, იშვიათი ღვინო უსახელოური (ძირითადად ხარობს ლეჩხუმში, სოფ. ოყურეშის შემოგარენში) კრემლის ნომენკლატურისთვის იყო განკუთვნილი და მაღაზიებში არასოდეს იყიდებოდა. ისტორიიდან ცნობილია, რომ ლავრენტი ბერიას დროიდან უსახელოურის დამზადებას მეთვალყურეობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრემიუმ
კლასის ღვინო უსახელოური დღესაც ნაკლებად ცნობილია და საკმაოდ ძვირი ღირს (150-170 ლარი).

ისიც გვახსოვს, რომ შევარდნაძის მდივნობის დროს ღვინის ტექნოლოგის დიპლომის აღება მეტად პრესტიჟული იყო და დიპლომები დიდი ფული ღირდა. აღსანიშნავია, რომ ფალსიფიკატორი მეღვინეების გარდა, საქართველოში უმაღლესი დონის სპეციალისტებიც იყვნენ. ქართველ
მეცნიერ-ენოლოგთა და პრაქტიკოს მეღვინეთა მთელი თაობები აღიზარდნენ ანდრო ლეკიაშვილის (1972), ლევან ფრუიძის (1974), თეიმურაზ ღლონტის (1976) ნაშრომებზე, რომელნიც ვაზისა და ღვინის საკითხებს აშუქებენ.

80-იანი წლების შუა პერიოდიდან მიხეილ გორბაჩოვის დროს დაწყებულმა კამპანიამ `борьба против пьянства и алкоголизма~ ავნო ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას. კახეთში გაჩეხეს ათასობით ჰექტარზე გაშენებული ვენახები. სუფთა ჭაჭის გამომხდელებსა და შინნახადი არაყის
დამამზადებლებს მილიცია ავლენდა და აპატიმრებდა...

საყურადღებოა, რომ ღვინის ფალსიფიკაციისა და დარგის დაქვეითების პერიოდი საფრანგეთმაც გაიარა XX საუკუნის დამდეგს. XIX საუკუნეში საქართველოს არ ჰქონია განვითარებული ღვინის წარმოება. ილია ჭავჭავაძე
წერდა ქართული ღვინის დაყენებისა და შენახვის, მისი რუსეთის იმპერიაში გატანის პრობლემებზე, `ჭყაპურტა~ (მდარე) ღვინის უპერსპექტივობაზე. ქართველ თავადებს შორის ალექსანდრე ჭავჭავაძე ის გამონაკლისი იყო, ვინც
წინანდლის მამულში ღვინის მოწინავე მეთოდებით დამზადებას ცდილობდა. აქვე აღსანიშნავია დავით სარაჯიშვილის მოღვაწეობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. მან შექმნა ქართული ღვინის ბრენდი (ადრე ეწოდებოდა ქართული
კონიაკი) და ის ცნობილი იყო რუსეთის იმპერიაში. კონიაკის ქარხანას (ავჭალა) დიდად ავნო 90-იანმა წლების ქაოსმა. სადღეისოდ ამ დარგში ვითარება ბევრად უკეთესია.

ქართული მეღვინეობა დღეს

თანამედროვე ქართული მეღვინეობა ფაქტობრივად ამ საუკუნეში დაიწყო. 1990-იანი წლების ბოლოს ხარისხიანი ღვინის დამზადებას ცდილობდნენ „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „GWS“. კერძო კომპანიების მიერ
განხორციელდა კახეთის ღვინის ქარხნების სრული რეინვენტარიზაცია.
ღვინის ხარისხის ამაღლებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო რამდენიმე წლის წინანდელმა (27 მარტი, 2006 წ.) რუსულმა სანქციებმა. Роспотребнадзор-ის ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოს (1996-2013) განცხადებით, ქართული ღვინო ვერ აკმაყოფილებდა სანიტარიულ ნორმებს. ონიშჩენკომ მთლიანად აკრძალა ქართული და მოლდოვური ღვინოების შეტანა რუსეთში. 2007 წლის ოქტომბერში მოლდოვურ ღვინოებზე ონიშჩენკომ ემბარგო მოხსნა. ქართული ღვინის წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს აშკარა პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ რუსეთში შეტანილი ქართული ღვინის უმეტესობა არც იყო მაღალი ხარისხისა. მას შემდეგ, რაც ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი დაიკეტა, სადაც ფალსიფიცირებული ღვინის შემტანები დიდ ფულს შოულობდნენ, ღვინის წარმოება იძულებული
გახდა ცივილიზებული ბაზრის შესაბამისი ხარისხის ღვინო ჩამოესხა. შედეგად, ბევრი ისეთი კომპანია გაკოტრდა კიდეც, ვინც მხოლოდ რუსულ ბაზარზე იყო ორიენტირებული. დანარჩენებს კი ხარისხის გაუმჯობესების გარდა სხვა გზა არ დარჩენოდათ.

ახლა ქართული ღვინის ინდუსტრიაში სახეზეა ინკლუზიური ზრდა, როდესაც მოგებას იღებენ მხოლოდ ღვინის წარმოებაში მონაწილე პირები. თბილისში მცხოვრები ქართველი მოქალაქის მსყიდველუნარიანობა არაა ისეთი, რომ მან ყოველთვის შეძლოს ბოთლის ღვინოების შეძენა. სოფლად მცხოვრებნი კი უმეტესად შინ დამზადებულ ღვინოს მოიხმარენ. საქართველოს შიდა ბაზარზე უფრო ჩამოსასხმელი, ორდინარული იაფი ღვინოები იყიდება და არა ბოთლის ღვინოები. მეზობელი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები ხშირად შედიან დედაქალაქის მარნებში ჩამოსასხმელი ღვინის შესაძენად. უთუოდ აღსანიშნავია, რომ თბილისის მარნებში ჩამოსასხმელი ღვინო ძირითადად, ყველა წესის დაცვით სპეციალურ უჟანგავ საცავებში ინახება და ხარისხიც კარგია. ქართული ღვინის მარნები და საჭაშნიკეები ტურისტებთან ერთად ღვინის მოყვარულებსაც იზიდავს. გამოცოცხლდა მექვევრეობა, რომელიც გვიანდელ საბჭოთა საქართველოში მივიწყებას ეძლეოდა. ქვევრის ღვინის დაყენების წესებით არაერთხელ დაინტერესებულან აქ ჩამოსული ფრანგი, იტალიელი და ამერიკელი მეღვინეები. დიდი პოტენციალი აქვს ბიოღვინოსა და ბიომევენახეობას (სადაც არ გამოიყენება ქიმიკატები). ერთ-ერთი ცნობილი ბიომეღვინეა იაგო
ბიტარიშვილი (მცხეთის რ-ნი, სოფ. ჩარდახი). მის მიერ დამზადებული ღვინო იყიდება ევროპის ქვეყნებში.

ენოტურიზმი (მარნების მონახულება) გავრცელებულია აშშ-ში (კალიფორნიაში), საფრანგეთის სამხრეთ პროვინციებში, სადაც უძველესი უნიკალური ენოთეკებია შემონახული. ენოტურიზმი საქართველოშიც პოპულარული ხდება. გაიხსნა საოჯახო და საგვარეულო მარნები.
კონკურენცია ქართველ მეღვინეთა შორის თანდათან მძაფრდება. ქართული ღვინოების ხარისხი სულ უფრო უმჯობესდება. გვიანდელი საბჭოთა საქართველოს მოქალაქე, როდესაც ქართულ ღვინოს სახელი ჰქონდა გატეხილი,
ვერც წარმოიდგენდა იმას, რომ ქვეყანა შეძლებდა ასეთი მაღალი ხარისხის ბოთლის ღვინოების წარმოებას და ქვევრის ღვინის წარმოების აღორძინებას. ის ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში შესაძლებელი იქნებოდა მაღალი ხარისხის ლუდის დამზადება. ეს ყველაფერი დღეს ჩვეულებრივ ამბად იქცა.

ახალ 2018 წელს სულითა და გულით ვუსურვოთ ქართულ ღვინოებს, რომ ისინი მუდმივად მოხვედრილიყვნენ მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ტოპ-ასეულში!

გოჩა გვასალია