ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
პირველად თბილისში – ღვინის საშობაო ბაზრობა - #4(53), 2017
რა გაგრძელება ექნება გასული წლის ბოლოს დაწყებულ ღონისძიებას

ქართული ღვინო რომ მეტმა ადამიანმა შეიყვაროს და მეღვინეობაც კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გახდეს, ამისთვის სხვადასხვა გზები არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია მასშტაბური ღვინის ფესტივალების თუ ბაზრობების გამართვა. საინტერესოა, რომ მსოფლიო დონის სპეციალისტების მიერ "ღვინის აკვნად" აღიარებულ საქართველოში აქამდე საშობაო ღვინის ბაზრობა არ გამართულა. გასულ წელს კი სტარტი ღვინის პოპულარიზაციის ამ ღონისძიებამაც აიღო. 2017 წლის 23 და 24 დეკემბერს, თბილისში, ღვინის #1 ქარხნის ძველ სარდაფებში, ორ სართულზე `ღვინის საახალწლო ბაზრობა“ პირველად გაიმართა. ღვინის კლუბის ორგანიზებულ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების წარმოებული ღვინის სრულიად განსხვავებული ნიმუშები.

კიდევ ერთი ღვინის დიდი ზეიმი თბილისში

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ამბობს, მსგავსი ტიპის ღვინის საშობაო ბაზრობები ევროპაში საკმაოდ პოპულარულია და ბევრგანაც იმართება. თბილისში კი ღვინის
საშობაო ბაზრობა პირველად ჩატარდა და როგორც ღვინის კლუბში ამბობენ, ამ ღონისძიებას ყოველწლიური სახე მიეცემა.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, ლიტერატორი:

`დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება და საკმაოდ პოპულარულიცაა სხვადასხვა სახის საშობაო ბაზრობები. მათ შორის, ტრადიციადაა ქცეული ღვინის საშობაო ბაზრობები და მოხარული ვარ, რომ
საქართველოს ღვინის კლუბი ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად წელს პირველად ჩაუდგა სათავეში ამ ღონისძიების ორგანიზების საქმეს. ვფიქრობთ ჩვენი მოლოდინი როგორც ღვინის კომპანიების სიმრავლის, ასევე ღვინის
მოყვარულთა სიმრავლითაც გამართლდა. ეს მაშინ, როდესაც ღვინის საშობაო ბაზრობა საქართველოში ჯერ კიდევ სიახლეა და ამ ღონისძიების შესახებ ბევრმა არ იცის.

– რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც თბილისის ღვინის პირველ ქარხანაში გამართულიყო ეს ბაზრობა? დედაქალაქში საფესტივალო სივრცეების სიმცირე ნამდვილად არ არის.

– ეს ქარხანა თავისი ისტორიით, შესანიშნავი სარდაფებით, ღვინის უძველესი სივრცეა და გვინდა, რომ ეს სივრცე თბილისელებში და კონკრეტულად ღვინის მოყვარულ ადამიანებში ძველებურად პოპულარული გახდეს. ამას გარდა, აქ გადაღებულია ოთარ იოსელიანის შესანიშნავი და პირადად ჩემი საყვარელი ფილმი `გიორგობისთვე“. ვფიქრობ, ქართველ ღვინის მოყვარულებს თუნდაც ეს ფილმი ბევრ რამეს ეუბნება და ასწავლის.

– როგორც ვიცით, ღვინის საშობაო ბაზრობა ტრადიციად ჩამოყალიბდება და ყოველწლიურად გაიმართება.

– დიახ, ეს გახლავთ ორდღიანი ბაზრობა, სადაც ღვინის შეძენასთან ერთად, სასმელის უფასოდ დაგემოვნება ყველა სტუმარს შეუძლია. ღონისძიება ყოველ წელს გაიმართება და ამაში ღვინის ეროვნული სააგენტოსგან დიდი მხარდაჭერა
გვაქვს. როგორც იცით, საქართველოს ღვინის კლუბი უკვე წლებია ატარებს საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ ღონისძიებას – ახალი ღვინის ფესტივალს. ასევე უკვე ორი წელია ვატარებთ შემოდგომობით ე.წ. საფესტივალო აქციას, სადაც ძირითადად ოჯახური მარნების ღვინოებია ხოლმე წარმოდგენილი. ეს საშობაო ბაზრობა კი იქნება კლუბის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ყოველწლიური ღონისძიება და ვფიქრობ ეს ქართულ ღვინოსა და ქართულ მეღვინეობას დადებითად უნდა წაადგეს“.

ღვინის საახალწლო ბაზრობაზე სულ 70-მდე ღვინის კომპანია და მცირე მეწარმე მონაწილეობდა. იყვნენ როგორც წამყვანი ქართული ღვინის დიდი კომპანიები, ისე საშუალო და მცირე მეღვინეობები და საოჯახო მარნები
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე იყო იმერეთში სულ რამდენიმე წლის წინ შექმნილი „სიმონ ჩხეიძის მარანი“. ეს მარანი აწარმოებს ობჩური ცოლიკოურის, ობჩური კრახუნას, ობჩური ალადასტურის, ობჩური ჩხავერისა და ოცხანური საფერეს დასახელების ღვინოებს. ეს ღვინოები დადუღებული და დავარგებულია ქვევრში, ტრადიციული ქართული მეთოდის დაცვით. მარნის მფლობელი, სიმონ ჩხეიძე ამბობს, რომ ღვინის საშობაო ბაზრობაზე მათი
იმერული ღვინით ბევრი სტუმარი დაინტერესდა.

სიმონ ჩხეიძე, „სიმონ ჩხეიძის მარნის~ მფლობელი:

„ღვინის საშობაო ბაზრობა საქართველოში პირველად გაიმართა და რაკი პირველი იყო, ნამდვილად არ ველოდი ბევრ სტუმარს, თუმცა, საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა და ჩემი ღვინითაც ბევრი დაინტერესდა. ღვინის გაყიდვები
სამწუხაროდ არ იყო იმ მასშტაბის, რასაც პირადად მე ვისურვებდი, მაგრამ მომავალი წინაა და ვფიქრობ, ბიზნესის კუთხითაც, შემდეგ წლებში ეს ღონისძიება ბევრად წარმატებული იქნება.

რაც შეეხება ჩვენს ღვინოს, ჩვენი საოჯახო მცირე მარნის ღვინოები წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ვაზი იწამლება მხოლოდ ბიოლოგიური პრეპარატებით და ნიადაგი მდიდრდება ბიოლოგიური სასუქით.
ღვინო დაწმენდილია ბუნებრივი ლექვით, ყველანაირი ფიზიკური ჩარევის გარეშე“.

თბილისის ღვინის პირველ ქარხანაში გამართულ ღვინის ბაზრობაზე ქვეყნის ყველა მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონი იყო წარმოდგენილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფესტივალის სტუმარს შეეძლო გაესინჯა არა მხოლოდ მსხვილი
კომპანიების პროდუქცია, არამედ ოჯახური მარნების მიერ წარმოებული ღვინოები. თბილისში გამართულ ღვინის საშობაო ბაზრობას სხვადასხვა კატეგორიის სტუმრები ჰყავდა. მათ შორის იყო სოფიო მორგოშია, რომელსაც
გავესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინ, სოფიო ევროპაში სწავლობდა და იმ პერიოდში, ღვინის იქაურ საშობაო ბაზრობას დაესწრო. ჩვენთან საუბრისას კი ევროპული ღონისძიება ჩვენებურ ბაზრობას შეადარა.

სოფიო მორგოშია, მაგისტრანტი:

„ერთი წლის განმავლობაში ავსტრიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ვენაში თავად დავესწარი სწორედ ამის მსგავს ღვინის საშობაო ბაზრობას. განსხვავება ისაა, რომ იქ ღვინოები ბევრად ძვირი ღირდა, თბილისის ღვინის საშობაო ბაზრობაზე კი ხარისხიანი თეთრი მშრალი ღვინის შეძენა 10 ლარადაც კი შეიძლება, რაც ნატურალური ღვინის ევროპულ ფასებთან შედარებით ძალიან დაბალია.

მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ საქართველოში ღვინის შესაძენი ფული ბევრს არა აქვს და ამ ბაზრობის სტუმრების უმეტესობა როგორც ვხედავ, უბრალოდ დასალევადაა მოსული და არა შესაძენად. წინასაშობაო ბაზრობის აზრი კი სწორედ საშობაო სუფრისთვის ღვინის შერჩევაში და შეძენაში მდგომარეობს“.

ღვინის სპეციალისტების აზრით, მსგავსი ბაზრობები მსხვილ კომპანიებს და მცირე მარნებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ შეხვდნენ თავიანთ მომხმარებელს და მოისმინონ მისი აზრი ახალი მოსავლის ღვინოების შესახებ. ხოლო ოჯახური მარნებისთვის, განსაკუთრებით კი – მათთვის, ვინც ღვინოს ყიდის, მსგავსი ღონისძიებები დიდი სტიმულია მცირე ბიზნესში დასამკვიდრებლად.

ღვინის ხარისხი 2006 წლიდან დღემდე

რას შეეხება წარმოდგენილი ღვინოების ხარისხს – ღვინის სპეციალისტების აზრით, 2010-1017 წლების მოსავლის ქართული ღვინოები ხარისხითაც და ენოლოგიური ღირსებებითაც ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ვთქვათ, 2005-2006 წლების მოსავლის ღვინოები. გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ცალკე თემაა. საუბარია ტენდენციაზე, რაც ზოგადად უკავშირდება ქართული ღვინის ხარისხის ზრდას 2006 წლის რუსული
ემბარგოს შემდეგ.

როგორც იცით, 2006 წელს რუსეთის ბაზრიდან გაძევებული ქართული კომპანიები იძულებული გახდნენ, მოეხდინათ საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება, დაენერგათ ხარისხის მართვისა თუ წარმოების საერთაშორისო
სტანდარტები, მოეწვიათ ენოლოგები ევროპიდან და დაეწყოთ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. შესაბამისად, უკვე 2007 წლიდან რუსული ბაზრისთვის განკუთვნილი იაფფასიანი, ფალსიფიცირებული ნახევრადტკბილი ღვინოების ნაცვლად გამოჩნდა ახალი სტილის, ჯანსაღი, ხარისხიანი ღვინოები. თუმცა, 2010 წლამდე ამ ღვინოების
უმეტესობას მეტწილად ერთმანეთის მსგავსი, სტანდარტული გემო ჰქონდა, თითქოს ყველა ერთმა მწარმოებელმა ერთი დანადგარით ჩამოასხაო. 2010 წლიდან კი ბაზარზე გამოჩნდა ინდივიდუალური ღირსებების მქონე ქართული
ღვინოები, რომელთა ხასიათშიც უკვე არა მანქანა-დანადგარების, არამედ მეღვინეების ხელწერა ჩანს.

ინდივიდუალური ღირსებებით განსაკუთრებით მცირე და საშუალო მარნების ღვინოები გამოირჩევა. თუმცა, იგივე ტენდენცია შესამჩნევია მსხვილი კომპანიების საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოებშიც. უკვე
რამდენიმე წელია, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის რუსეთის ღვინის ბაზარი გაიხსნა და ბევრმა ქართულმა ღვინის დიდმა კომპანიამ ტრადიციისამებრ კონვეიერული პრინციპით დაიწყო ასეულ ათასობით ბოთლი ღვინის რუსეთში გატანა, რაც ღვინის სპეციალისტების სოლიდური ნაწილის აზრით, ქართული ღვინისათვის ერთგვარი „წარსულში დაბრუნებაა“. თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით ღვინის ხარისხის მკვეთრი და მასობრივი ვარდნა ნამდვილად არ შეინიშნება.

ლექსო ციხელიშვილი, მევენახე-მეღვინე, „ციხელიშვილების მარნის“ მფლობელი:

„ამ ღვინის ბაზრობამაც გამოაჩინა, რომ ქართული ვაზის ჯიშების ინდივიდუალურ და ნამდვილ თვისებებს მეღვინე თუკი წიგნებში ამოკითხული სტანდარტული რეცეპტებით მიუდგება, ღვინოც ერთფეროვანი და სტანდარტული გამოუვა. ხოლო თუკი ამა თუ იმ ვაზის ჯიშის პოტენციალს
მეღვინე ისევე შეაფასებს, როგორც ადამიანის ღირსებებს ვაფასებთ ხოლმე, ღვინოშიც ამ ჯიშების ყველაზე საუკეთესო თვისებებს შეინარჩუნებს. მე ვფიქრობ ხარისხიანი და მართალი ღვინო მსოფლიოს ყველა ქვეყანაში
გაიყიდება და ვერანაირი ემბარგოს დაწესება ან აკრძალვის გაუქმება ხარისხიან ნატურალურ ღვინოს ვერა ფერს დააკლებს“.

ბაზრობაზე იყო მეღვინეთა რამდენიმე ოჯახი, რომლებიც წინა წლების ღვინის ღონისძიებებზე ოჯახური მარნის სტატუსით მონაწილეობდნენ, წელს კი მცირე
მარნის სტატუსით წარსდგნენ და ბოთლში ჩამოსხმული, ეტიკეტირებული ღვინოებიც გააცნეს ბაზრობის სტუმრებს. ეს მარნები, ფაქტობრივად, წლევანდელი წლის აღმოჩენაა.

ქართული ღვინის ტურიზმი დღეს

ბაზრობაზე უცხოელი სტუმრების სიმრავლე ადვილი შესამჩნევი იყო. საინტერესო და მისასალმებელია უცხოელების ასეთი დაინტერესება იმის მიუხედავად, რომ ქართულ ღვინის ბიზნესში ე.წ. ტურისტული სეგმენტი მაღალი ხარისხით ვერ დაიკვეხნის. რამდენიმე წლის წინ, ტურიზმის
გეოინფორმაციულმა ცენტრმა და ღვინის კლუბმა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში შეარჩია 50-მდე ობიექტი, რომელიც მომსახურების სტანდარტებს მეტნაკლებად აკმაყოფილებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო – მოწესრიგებული მარანი, ტურისტების მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, ღვინის ტურიზმში მონაწილეობის სურვილი და რაც მთავარია – ხარისხიანი ღვინო. ეს უკანასკნელი ყველაზე პრობლემატური მოთხოვნა აღმოჩნდა, განსაკუთრებით – დასავლეთ საქართველოში, სადაც ბევრ ოჯახში სტუმრებისთვის მისაღებად მეტნაკლებად მოწესრიგებული გარემო არსებობს, მაგრამ ღვინოს შაქრისა და წყლის დახმარებით აყენებენ. შაქარ-წყალზე დაყენებული ღვინოები ერთიანად უტეხავს სახელს არა მარტო ქართულ მეღვინეობას, არამედ ამ კონკრეტულ
ოჯახებსაც, რომლებიც სამწუხაროდ, ხშირად ვერც კი ხვდებიან საკუთარ რეპუტაციას და ცხადია, თავისივე თავს რა ზიანს აყენებენ.

მეღვინეობის აკვნად წოდებულ საქართველოში ღვინის ტურიზმი ფეხს ახლაღა იკიდებს. ეს პარადოქსი თვალში ტურისტებსაც მოხვდებათ, უფრო მეტად კი – მათ, ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ და არ იციან, რა დამანგრეველი
გავლენა იქონია საბჭოურმა რეპრესიულმა სისტემამ საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოსთვის მე-20 საუკუნე, ფაქტობრივად, ხომ დაკარგული საუკუნეა. საბჭოთა კოშმარი დასრულდა. კერძო ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ, ნელ-ნელა ქართული მეღვინეობაც უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას და პარალელურად ღვინის ტურიზმიც იწყებს ნაბიჯების გადადგმას.

„პირადად რამდენიმე აქ მყოფ არაერთ მეღვინეს ვიცნობ და ღვინის ტურიზმში მონაწილეობას ყველა დადებითად აფასებს. ცალკე საკითხია, ტუროპერატორებმა რამდენად იციან ღვინის ბაზრობის არსებობის შესახებ და რამდენად იყენებენ ასეთ მზა რესურსს ღვინის გურმანების საქართველოში ჩამოსაყვანად ღვინის ტურებზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მეტი აქტიურობაც არის შესაძლებელი. მეღვინეები კი, თავის მხრივ, ცდილობენ, ტურისტებს უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით დახვდნენ და ხარისხსაც
ყოველწლიურად ხვეწენ“, – გვითხრა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოლობარგიამ. 

თბილისში ორდღიანი ღვინის საშობაო ბაზრობა გახლდათ 2017 წელს საქართველოში განხორციელებული ღვინოსთან დაკავშირებული ბოლო ღვინის დიდი ღონისძიება. ქართულ მეღვინეობაში მიმდინარე ძვრებსა და ცვლილებებს
კი უფრო დეტალურად ახალი, 2018 წელი გვაჩვენებს.

ლევან სეფისკვერაძე