ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ნახევრადტკბილი ლეჩხუმური "ტვიშის" აწმყო და მომავალი - #1(54), 2018
რა განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს გაყიდვების ლიდერ ღვინოს

ქართული ღვინის პერსპექტივებზე ხშირად ვწერთ და ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ცალკეულ ღვინოებს რა პოტენციალი აქვს ბიზნესის თვალსაზრისით. მარტივად რომ ვთქვათ, რომელი ღვინოა უკეთესად გაყიდვადი და შესაბამისად, მწარმოებლისთვის მეტი სარგებლის მომტანი. ცხადია, ისეთი ტრადიციული და აღიარებული ღვინო, როგორიც თეთრი მშრალი რქაწითელია, საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით იწარმოება და შესაბამისად მეტი იყიდება. თუმცა, არსებობს აგრეთვე სხვა ტიპის ღვინოები, რომელთა რეალიზაციაც საკმაოდ მაღალია. მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ ნახევრადტკბილი ღვინოები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ გაყიდვადია და დღეის მდგომარეობით ექსპორტზე გატანილი ღვინოების რაოდენობის მხრივ ლიდერთა შორისაა.

ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოს საქართველოში მინიმუმ 200-წლიანი ისტორია აქვს. ლაპარაკია ბოთლში ამგვარი სახის ღვინის წარმოებაზე. ისევე როგორც ტკბილი ღვინის შემთხვევაში, ნახევრადტკბილი ღვინის მასობრივად წარმოებაც მეფის რუსეთის ბატონობის პერიოდს უკავშირდება.

ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო საქართველოში

როგორც ვთქვით, ორ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოში ნახევრადტკბილი ღვინის ბოთლში ჩამოსხმა დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში დასახელებული ტიპის ღვინოებმა სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძირითადად მშრალი ღვინის მოხმარების ტრადიციაა, ნახევრადტკბილი ღვინო სადღესასწაულო სუფრებზე და ე.წ. მსუბუქ ვახშმებზე კვლავ პოპულარულია. ასეთი ტიპის ღვინოებს სადესერტო ღვინოებადაც ასახელებენ ხოლმე და შესაბამისად, სუფრის დასრულების დროს, დესერტად და დესერტთან ერთად გამორჩეულად პოპულარულია. ლეჩხუმური „ტვიში“ კი ნახევრადტკბილ ქართულ ღვინოებს შორის დღეს გაყიდვებით ერთ-ერთი მოწინავეა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.

ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით გაყიდვებში ლიდერობს „ქინძმარაული“ – 7 752 470 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 478 937, „წინანდალი“ – 1 959 406, „ახაშენი“ – 861 185, „ხვანჭკარა“ – 451 034, „ტვიში“ – 172 358, „ნაფარეული“ – 121 986 და ა.შ. როგორც ვხედავთ, `ტვიში~ საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება. ეს კი განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როდესაც ამ ღვინის მასობრივად წარმოება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს.

იმერელი მეღვინე, არჩილ გუნიავა მიიჩნევს, რომ დასავლეთ საქართველოში „ტვიშს“ და ზოგადად ნახევრადტკბილ ღვინოს, ნატურალური ღვინის მწარმოებელი მეღვინეების დაინტერესებაც კი შეუძლია.

არჩილ გუნიავა, მეღვინე:

„ჩემი აზრით „ტვიშს“ გამორჩეულს ხდის ტკბილი და ნახევრადტკბილი ღვინოების სიმცირე ქართულ მეღვინეობაში. ასევე მისი წარმოშობა – ლეჩხუმის რეგიონის სოფელ ტვიშის სპეციფიკური მიკროზონა. შარშან მაისში „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ერთ-ერთი ლეჩხუმელი მეღვინის მიერ გამოტანილმა ნატურალურმა „ტვიშმა“ ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ოღონდ კითხვაზე – მაისის შემდეგ ტემპერატურის მატებისას ეს ღვინო დარჩებოდა ნახევრადტკბილად თუ არა გოგირდის გარეშე, – მეღვინისგან პასუხი ვერ მივიღე. რაც შეეხება ღვინის დიდი ქარხნების „ტვიშს“ – ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს გასინჯული. გასაყიდად ქსელებში, მაღაზიების თაროებზე სწორედ ეს ღვინოები მაქვს შენიშნული. რაკი ქარხნულია (ხელოვნურად შეჩერებული დუღილი, გოგირდის მაღალი შემცველობა, ფილტრაცია, ალბათ დიდი რაოდენობა მთელ პროდუქციაში და ა.შ) ფასიც შესაბამისი აქვს – დაბალი.

ჩემი აზრით, თუ ნატურალური ღვინის მწარმოებელი მეღვინეები მოკიდებენ ამ საქმეს ხელს და შეძლებენ ზედმეტი ჩარევების გარეშე ბუნებრივად ნატურალური ნახევრადტკბილი „ტვიშის“ დაყენებას და ჩამოსხმას, მგონია, რომ შეძლებენ კიდეც მაღალ ფასში გაყიდვას. ამის მაგალითად თუნდაც რაჭული ალექსანდროულის ნახევრადტკბილი ღვინოები გამოდგება. დასავლეთ საქართველოში, ჩემი აზრით, ნატურალური ნახევრადტკბილი ღვინის დაყენების პოტენციალი ჯიშ კრახუნას უნდა ჰქონდეს, მისი მაღალი შაქრის დაგროვების უნარის გამო. თუ მას რთველს დავუგვიანებთ ოქტომბრის ბოლომდე, თავისუფლად შეუძლია 28-30%-მდე შაქრის დაგროვება. ოღონდ ესაა, რომ კრახუნა სიმწიფეში მისი თხელკანიანობის გამო მიდრეკილია ლპობისაკენ, ამიტომ, მისი გადამწიფება ცოტა სარისკო საქმეა, შეიძლება მოსავალი დაგეღუპოს. ამას ემატება იგივე პრობლემა – ზაფხულში წამოდუღება. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ვფიქრობ, მოსავლის მხრივ რომელიმე კარგ წელიწადს გავრისკო და თუნდაც მცირე რაოდენობით დავაყენო კრახუნასგან ნატურალური ნახევრადტკბილი ღვინო“.

"ტვიშის" გზა – მიკროზონიდან ჭიქამდე

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიში“, რომელიც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან ტკბილის არასრული დადუღებით მზადდება, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული თეთრი ნახევრადტკბილი ღვინოა. მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“ მდებარეობს ლეჩხუმში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ზღვის დონიდან 435 მეტრ სიმაღლეზე. სპეციფიკური ზონა აერთიანებს რაჭის ქედის უკიდურეს დასავლეთ დაბოლოებისა და ხვამლის მთის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს. იგი მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას.

ღვინო „ტვიში“ ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფრამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატითა და სასიამოვნო სიტკბოთი.

„ტვიშის“ სპეციფიკური ზონის ფართობი დაახლოებით 15 კმ2-ს შეადგენს. განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე შექმნილი მიკროკლიმატი, ნიადაგების სიჭრელე, ცოლიკოურის ჯიშური არომატი, სასიამოვნო სიტკბო და დამზადების წესი, ღვინო „ტვიშის“ განსაკუთრებულ თვისებებს განსაზღვრავს.

როდესაც ნახევრადტკბილ ღვინოს განვიხილავთ, პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ ღვინის სხვადასხვა სახეობები. დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებულია ღვინის ძირითადად ექვსი კატეგორია: მშრალი, ნახევრადმშრალი, ტკბილი, ნახევრადტკბილი, ცქრიალა და შემაგრებული ღვინოები. თუმცა, ეს კლასიფიკაციაც არაა მთლად ზუსტი – ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით, ტკბილი ღვინოები ტკბილად და ნახევრადტკბილად არ იყოფა და ერთ კატეგორიაში, „ტკბილ ღვინოებში“ მოიაზრება. იგივე ხდება მშრალ და ნახევრად მშრალ ღვინოსთან დაკავშირებითაც. არსებობს ბუნებრივად ტკბილი ღვინოები და ღვინოები, რომელთა ტკბილად დაყენება ტექნიკური ჩარევების შედეგია. მაგალითად, საქართველოში ბუნებრივად ტკბილი ღვინოებია: „ხვანჭკარა“, „უსახელოური“ და „ტვიში“. სამივე ამ ღვინის ფესვები დასავლეთ საქართველოშია და ფასის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ქართულ ღვინოებად მიიჩნევა.

ღვინის ექსპერტის, სომელიე ქეთი ჯურხაძის აზრით, „ტვიში“ არსებულ რეალობაზე მეტს იმსახურებს. მისი აზრით, დადგება დრო, როდესაც ეს ღვინო უფრო მეტად დაფასდება.

ქეთი ჯურხაძე, ღვინის ექსპერტი:

„ტვიში“, გარდა იმისა, რომ ადგილწარმოშობის ღვინოა, თავისთავად უნიკალურია, ნაზი, ჰარმონიული და გაზაფხულს რომ გაგახსენებს დაახლოებით ასეთია. თუმცა, ჩემი დამოკიდებულება მისდამი განსხვავებულია. მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დავაგემოვნებდი, მეგობრების წრეში, გაზაფხულზე, ისიც მხოლოდ ერთ პატარა ბოკალს. მე პირადად უფრო ქვევრის ღვინოები მიყვარს, ისინი თითქოს გაფიქრებს მის წარსულზეც და მის მომავალზეც, მე ისე მიმაჩნია, რომ ღვინო ცოტათი მაინც უნდა იყოს საიდუმლოებით მოცული.

„ტვიში“ რომ ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი ღვინოა, ეს მიზეზი ვფიქრობ საბჭოთა პერიოდიდან გადმოგვყვა, თორემ „ტვიში“ გაცილებით მეტს იმსახურებს. დამოკიდებულებაც ისეთივე დარჩა მის მიმართ, როგორც ადრე, რადგან დღესაც ყველაზე მოთხოვნადი, რუსეთის და პოსტსაბჭოთა ბაზრებზეა. იმედს ვიტოვებ, რომ დადგება დრო და მას უფრო მეტად დააფასებენ, როგორც, ზოგადად, ქართულ ღვინოს.

ცხადია, მე სხვა ნახევრადტკბილი ღვინოებიც გამისინჯავს. დანარჩენი რა თქმა უნდა, სუფრის ღვინოებია და არა ადგილწარმოშობის, მაგრამ ყველას თავისი ადგილი უჭირავს ბაზარზე და თავის მომხმარებელიც ჰყავს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბაზრის მოთხოვნებს, ალბათ „ტვიში“ მაინც ერთადერთი დარჩება ასეთი ნაზი, არომატული და ხალისიანი, გაზაფხულის მსგავსი“.

"ნახევრადტკბილი ღვინის სეგმენტი ღვინის ბუნებრიობასთან გვაშორებს"

ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო უპირველეს ყოვლისა დაღვინების პროცესით არის გამორჩეული. თუკი მშრალი ღვინის შემთხვევაში ღვინო ბოლომდე ამთავრებს დუღილს და ღვინო-მასალა ალკოჰოლურ პროცესებს სრულად გადის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ბოლომდე არ გადის დადუღების პროცესს და ღვინოში დარჩენილი შაქრის მაღალი შემცველობა ღვინის ტკბილ გემოს უზრუნველყოფს.

ამგვარი ტიპის ღვინისთვის გემო სწორედ ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია, რადგან სიტკბო ხშირად ღვინის ბევრ საიდუმლოებას ფარავს (პირველ რიგში არომატს) და სასმელის „სავიზიტო ბარათად“ წინა პლანზე გემო და გემოვნური თვისებები გადმოდის.

საკუთრივ „ტვიში“ ლეჩხუმში, ხვამლის ფერდობზე შეფენილი ზვრების თეთრი ღვინოა, რომლის მსგავსი, სომელიეების დასკვნით, მთელ მსოფლიოში არ გვხვდება. ხვამლის ფერდობის კირქვიანი ნიადაგი ღამით 5-6 საათით გვიან ცივდება და ტვიშის ზვრებს ზომიერ სითბოსა და ტენიანობას აწვდის, რის საფუძველზეც უნიკალური ღვინო დგება.

„ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეღვინე ავთანდილ კობახიძე მიიჩნევს, რომ „ტვიში“ მართალია უნიკალური ღვინოა, თუმცა, ნახევრადტკბილი ღვინის სეგმენტი ძალიან გვაშორებს ღვინის ბუნებრიობასთან, ქართული ღვინის ხასიათი აქ არ იკითხება.

ავთანდილ კობახიძე, მეღვინე:

„ტვიში“ ნამდვილად გამორჩეული და საინტერესოა, რადგანაც მიკროზონა, საიდანაც ეს ღვინო მიიღება, მოგეხსენებათ ზღვის დონიდან 800 მეტრამდეა და მოიცავს ორ სოფელს – ტვიშსა და ალპანას. გეოგრაფიული მდებარეობა, მიკროკლიმატი, ნიადაგი, ვაზი ცოლიკოური თავისი ჯი- შური არომატებით, განსაზღვრავს ამ ღვინის უნიკალურობას. ასევე მის ღირსებაზე ვფიქრობ ძალიან დიდ გავლენას ახდენს გამაოგნებელი ხვამლის მთა. მე პირადად მიმაჩნია, რომ კანონმდებლობით გაწერილი ჩარჩოები არამარტო „ტვიშს“, არამედ ნებისმიერ ადგილწარმოშობის ღვინოს უზღუდავს მისი მთავარი ღირსებების ასე ვთქვათ ბუნებრიობის გამომჟღავნების უნარს.

– თქვენი აზრით, რატომ არის ქართულ ბაზარზე „ტვიში“ ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი ღვინო?

– ყველაზე იაფფასიანს ვერ ვუწოდებ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იმ საფასო სეგმენტს მოიცავს, როგორსაც ბაზარი მოითხოვს.

– რამდენადაც ცნობილია, „ტვიში“ ერთადერთი თეთრი ნახევრადტკბილი ქართული ღვინოა. გესახებათ ამ სეგმენტში სხვა ღვინის პერსპექტივები?

– ჩემი აზრით, ეს სეგმენტი ძალიან გვაშორებს ღვინის ბუნებრიობასთან. ქართული ღვინის ხასიათი აქ არ იკითხება.

– ცოლიკოურის მოსავალი რომ გქონდეთ, თქვენ დააყენებდით „ტვიშს“?

– „ტვიშს“ არა, მაგრამ ამ ზონის ცოლიკოურისაგან დავაყენებდი ძალიან საინტერესო ქართულ ღვინოს. მართალია, კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ ვუწოდებდი „ტვიშს“, მაგრამ კარგ კონცეფციურ ბრენდს შევქმნიდი, მაგალითად, „ალპანას“ სახელწოდებით. 

მიუხედავად ლეჩხუმური „ტვიშის“ დღევანდელი არცთუ საამაყო მდგომარეობისა (როგორც უკვე ვთქვით, ეს ღვინო ერთ-ერთ ყველაზე იაფფასიან და შედარებით დაბალხარისხიან სეგმენტში გადის), „ტვიშის“ დამწუნებელი ღვინის სპეციალისტები და მეღვინეებიც კი თანხმდებიან, რომ თეთრ ნახევრადტკბილ ღვინოებს მთლიანად ქართული ღვინისათვის ბევრი დადებითის მოტანა შეუძლია. როგორც ცნობილია, ღვინო მხოლოდ ღირებულებით და ცნობადობით არ ფასდება. მისი ერთ-ერთი მთავარი დადებითი მახასიათებელი უნიკალურობაცაა. ამ მხრივ კი „ტვიში“ ნამდვილად გამორჩეული და საინტერესოა!

ლევან სეფისკვერაძე